ამდენი წელია დავდივარ... დავდივარ და არ ვიცი სად, რატომ, რისთვის,
უბრალოდ მჯერა,რომ თუ გავჩერდები თუნდაც წამიერად, ეს იქნება სამუდამო გაჩერება.
მე კი მწამს, რომ თუ არასდროს შევწყვეტ მოძრაობას, მაშინ სადღაც ვიპოვნი რაღაცას,
რაც სიკვდილსაც კი შეაჩერებს, ვიპოვნი იმ ელემენტს,რომელიც ჯერ აღმოჩენილიც კი
არაა, რომელიც გასაოცარ სიმაგრეს შემატებს იმ უხილავ კედელს, მე რომ თან დავატარებ
და მაშინ, სწორედ მაშინ ვერც სიკვდილის მოქნეული ცელი დაანგრევს მას, ვერ ჩამოშლის
ჩემს წარსულს, რეპუტაციას, სახელსა და ცხოვრების ნამოღვაწარს. ვერც ოკეანის
მოვარდნილი წყალი გადარეცხავს ქვიშიან სანაპიროზე დატოვებულ ნაკვალევს და თუ ასე
მოხდება, მაშინ ის ნაკვალევი მანამ დარჩება დედამიწაზე, სანამ პლანეტა ბრუნვას არ
შეწყვეტს.
მთელი ცხოვრება ძიებაში
გავატარე, მაგრამ მე არც სადმე დამარხულ განძს ვეძებდი და არც სიმდიდრის
დაგროვებაზე ვფიქრობდი, თურმე კი სწორედ რომ ყველაზე ძვირფას სანაგძურზე
ვნადირობდი. მე ბედნიერებას ვეძებდი. ბედნიერებისკენ მიმავალ გზაზე აღმოვაჩინე
საკუთარი თავი, თითქოს ახლიდან დავიბადე და ის გავაკეთე, რაც ყველაზე რთული
გასაკეთებელია ამ ცხოვრებაში, რასაც ბევრი უფრთხის კიდეც, მე ფიქრი დავიწყე... და
აღმოვაჩინე, რომ ბედნიერებისკენ მიმავალ გზაზე ხეტიალი თავად უდიდესი ბედნიერებაა
და ხშირად ფინიშიც კი არაა ისეთი ამაღელვებელი,როგორიც უშუალოდ მარათონია. ძიების,
კვლევის პროცესი საოცარი რამაა, სწორედ ამ დროს აღივსები უდიდესი ენთუზიაზმით,
თავდაჯერებულობით, იძენ მოტივაციას და შეიცნობ საკუთარ მეს, მიზნის მიღწევის
შემდეგ კი ეს ყველაფერი უბრალოდ ქრება, მიაღწევ მიზანს და მორჩა, იმის იქით რა
უნდა გააკეთო? თითქოს რაც აზრიანი იყო, უკვე აზრს მოკლებულია და უბრალოდ ჩერდები.
მე კი ამას ვერ დავუშვებ, ვერ გავჩერდები და თუ ოდესმე მივაღწევ იმას, რაც თავიდან
დავისახე და უდიდეს გამარჯვებად მიმაჩნდა, უბრალოდ ჩვეულებრივ მოვლენად ჩავთვლი,
გარდაუვალ და აუცილებლად მოსახდენ ცხოვრების ერთ უბრალო ეპიზოდად.
გაჩერება დაუშვებელია, სულის
მოსათქმელად ოდნავი შენელებაც კი დამღუპველია, რადგან გვერდით მაშინვე ჩაგირბენს
ის, ვინც გამარჯვებისთვის ყველაფერს აკეთებს, მომავალი კეთილდღეობისთვის უკან
არაფრის დიდებით არ იხევს,უზრუნველ, საოცნებო მომავალს საფრთხეს არ უქმნის თუნდაც
მცირედი კომფორტის გამოც, აწმყოს გაუსაძლის ყოფაში წამიერი ნეტარება რომ ჰპოვოს და
სიმშვიდეს მიეცეს. აი ასეთები იმარჯვებენ ამ ცხოვრებაში და მეც ვიღწვოდი
იმისათვის, რომ ასეთი ვყოფილიყავი. მაგრამ ცხოვრება რალია, ერთი დიდი, გაულეველი
რბოლაა, სადაც არც იმისგან ხარ დაზღვეული დიდი სიჩქარით მიმავალ მანქანას ბორბალი
რომ მოსძვრეს ან უეცრად გადმოსვლისას ფეხი გადაგიბრუნდეს, მაშინ რბოლას წააგებ,
მაგრამ განა გამარჯვება ყოველთვის მთავარია?! დამარცხებით უფრო მეტს ისწავლი, მეტ
გამოცდილებას შეიძენ, სტიმულს გაიჩენ და უკეთესი გახდები, დამარცხება გამარჯვებაზე
უფრო დიდი მოტივატორია. ის, ვინც გამუდმებით იმარჯვებს ამას ეჩვევა, სიფრთხილეს არ
იჩენს, ეშვება, ტემს აგდებს და სწორედ ეს დაღუპავს კიდეც. მთავარი ის კი არაა
ბრძოლას ვინ მოიგებს, მთავარია ომში ვინ გაიმარჯვებს. განა ის მრბოლელი დამარცხებულია,
რომელსაც უნებურად შუა რბოლისას საბურავი მოსძვრა? არა, დამარცხებული მაშინ
იქნებოდა რბოლაზე საერთოდ რომ არ გამოსულიყო. ჩემს ბავშვობაში ხშირად მსმენია, რომ
წაგება და მოგება ძმები არიან, ასე მათ შესაგულიანებლად ამბობდნენ, ვინც
გამუდმებით წაგებულები გამოდიოდნენ. ისიც ხშირად გამიგონია რომ ამბობენ, ყველა
ერთი ხართ და არავინ არავიზე მეტი არ არისო, რა სისულელეა! ყოველთვის არსებობდნენ,
არსებობენ და იარსებებენ გამარჯვებულები და დამარცხებულები, ძლიერები და სუსტები, არწივები
და თუთიყუშები, ლომები და ვირთხები, პიროვნებები და არარაობანი, ერთი მხარე
ყოველთვის აჯობებს მეორეს და მასზე ყველაფრით მეტი იქნება, მაგრამ კითხვა იმაშია,
დარბიხარ საკმარისად სწრაფად რომ პირველი მხარის მორბენლებს ფეხი აუდგა და მათ
ტემპს არ ჩამორჩე?
როგორც აღვნიშნე დამარცხება
გამარჯვებასაც კი სჯობს, ის უდიდესი მოტივატორია, რომ შენ უკეთესი გახდე, საკუთარი
თავის წინა ვერსია გააუმჯობესო, დამარცხებით შენს თავში იპოვი იმ ჭანჭიკს, რომელიც
ან მოშვებულა ან დაჟანგულა და ძველის ახლით ჩანაცვლებას მოითხოვს. ეს შენ
გადატვირთვას გიკეთებს და საკუთარი თავის უფრო მაღალგანვითარებულ, გაუმჯობესებულ
ვერსიას მოგცემს. რიგ შემთხვევებში დამარცხებაც კი უდიდესი გამარჯვებაა. მრბოლელი,
რომელსაც რბოლისას საბურავი მოსძვრა გამარჯვებულია, ის მაშინ დამარცხდებოდა თუ
რბოლაში არ მიიღებდა მონაწილეობას, შანსებს არ გამოიყენებდა და მას ხელიდან
გაუშვებდა. ცხოვრება შანსებს გთავაზობს, შანსებს, რომელბიც აუცილებლად უნდა
გამოიყენო, წინააღმდეგ შემთხვევაში მართლაც რომ სულელი იქნები. შეუძლებელია
ცხოვრების მიერ ბოძებულ საჩუქარში ბომბი იდოს, ასაფეთქებელს მრავლად იპოვნი
ადამიანების მიერ მორთმეულ საჩუქრებში, მაგრამ ცხოვრების მიერ ბოძებულ ძღვენში
ვერსადროს, ან იმ ყუთში რაღაც გრანდიოზული სიურპრიზი გელოდება, ან უბრალოდ სრული
სიცარიელე. თუ ყუთი ცარიელია არაფერიც არ შეიცვლება და ყველაფერი ძველებურად
დარჩება, მაგრამ შესაძლოა იქ ისეთ რამეს გადააწყდე, რომ მან მთელი შენი ცხოვრება
რადიკალურად შეცვალოს უკეთესობისკენ. ეს კი არ მოხდებოდა თუ შანსებს არ
გამოიყენებდი და ყუთს არ გახსნიდი. ალბათ, მეტყვით, ბაფთიან საჩუქარს ვერც კარის
ზღურბლთან ვხედავთ და ვერც ვერსად, თორემ მას აუცილებლად გავხსნიდითო, მაგრამ
ხშირად ასეთი საჩუქარი უხილავია, მაგრამ ის ჩვენ წინ დევს. დამიჯერეთ, მესამე
თვალი ნამდვილად არ სჭირდება მის დანახვას, რითაც მის აღმოჩენას შეძლებთ მას გონების
თვალი ჰქვია. თავადვე უნდა იპოვნოთ ასეთი საჩუქრები. ისიც ხშირია, როდესაც მათ
იპოვნიან, მაგრამ მაინც ვერ ხსნიან, უკან იხევენ, შანსებს ხელიდან უშვებენ და რა
არის ამის მიზეზი? მორიდება, სიმორცხვე, გაუბედაობა, მოკრძალება, შიში, ზოგჯერ
მორალიც კი, მაგრამ თუ გინდა რამეს მიაღწიო რისკები აუცილებლად უნდა გასწიო და
ყუთი უნდა გახსნა. ასეთი შანსები იშვიათად გვეძლევა, ჩვენ კი ისინი არაფრის
დიდებით არ უნდა გავუშვათ ხელიდან, უნდა ვაჯობოთ საკუთარ თავს, საკუთარ გარემოცვას
და თუ ეს საჩუქარი გავლენას მოახდენს მომავალზე და ეს ასეც უნდა იყოს, ჩვენ უნდა
მივიღოთ ის მომავალი, რომელსაც თავად შევქმნით. რადიკალური ცვლილებები არ იქნება,
მაგრამ ზოგჯერ ამ ყველაფერს შეიძლება შეეწირონ ცალკეული ურთიერთობები, ადამიანები,
მეგობრები... კითხვა იმაშია, რამდენად გიღირთ ეს, უკეთესი მომავლის არსებობა,
საკუთარი თავისა და ახლობლების კეთილდღეობა, მაგრამ თუ შანსებს არ გამოიყენებთ მას
ვერასდროს ვერ მიიღებთ და სამუდამოდ ერთ ადგილზე დარჩებით, მოძრაობას შეწყვეტთ და
დედამიწა კი არ იტრიალებს თქვენ გარშემო, არამედ თქვენ იბრუნებთ მასთან ერთად. დიდი
ხანია დავდივარ და სწორედ ასეთ გაუჩერებელ მოძრაობაში, ბედნიერების პოვნისკენ
მიმავალ გზაზე ვისწავლე ეს ყოველივე და მზად ვარ საკუთარი გამოცდილება და წლების
განმავლობაში დაგროვილი შეხედულებანი უსასყიდლოდ გაგიზიაროთ. ეს იქნება სანაპიროზე
დატოვებული ჩემი სახელის პირველი ასო, პირველი ინიციალი.
იცით, ბედნიერების ძიებაში
ყველაზე სასაცილო რა არის? ის,რომ ბედნიერებას მთელი ცხოვრება დაეძებ, შემდეგ კი
თუ საკმარისად სწრაფად ირბინე მას იპოვნი კიდეც, მაგრამ ამ გაულეველი მარათონით
ისე იქნები გადაღლილი, რომ მისით დატკბობის საშუალება აღარ გექნება, უკვე ძალიან
მოხუცი იქნები საამოსოდ, ამიტომ ბედნიერება სწორედ რომ რბოლის პროცესში უნდა
იპოვნო და ყოველ გავლილ ას თუ ორას მეტრში მას აუცილებლად აღმოაჩენთ. ის წამებშია,
ბედნიერება წამიერი განცდაა, რომელიც მაშინ გეუფლებათ, როდესაც ღრმა ეიფორიას, აღტკინებასა
თუ აღტაცებას განიცდით და იმდენად ხართ შეპყრობილნი მისი ძებნით, რომ ვერ გრძნობთ
თუ როგორ ახლოსაა სინამდვილეში ის თქვენთან, დაუკითხავად როგორ გეუფლებათ,
გახარებთ, თქვენს გულებს აძგერებს, გაღიმებთ და ჟრუანტელს მოგგვრით ხოლმე. ექიმები
ასეთ დროს ხშირად ამბობენ, რომ ამ დროს ორგანიზმში ადრენალინი გამოიყოფა, რომ
სისხლში ტესტოსტერონის შემცველობა იზრდება, ამ ჰორმონს მეორენაირად სწორედ ხომ
„გამარჯვების ჰორმონს“ ეძახიან,ტრიუმფის გრძნობა ჰქმნის კმაყოფილების განცდას, ამიტომაცაა,
რომ პუბლიკა,რომელიც ყველგან და ყოველთვის უკმაყოფილოა, როგორც წესი, რაღაც
ფიზიოლოგიურ სიამოვნებას განიცდის „ჰეპიენდებზე“, ბავშვებივით ვიღიმით, გული
გვიჩუყდება და წამიერად გვიპყრობს განცდა, რომელსაც ბედნიერება ჰქვია. მაშასადამე,
ბედნიერება ყველაფერშია, უბრალოდ მისი დანახვა და აღმოჩენა უნდა შეგვეძლოს, რასაც
მხოლოდ მაშინ მოვახერხებთ თუ საამისოდ
საკმარის გამოცდილებასა და ცოდნას შევიძენთ, მათ კი ბედნიერების ძიებისას თუ
დავაგროვებთ. ეს წარმოუდგენელი, ამაღელვებელი, ბრწყინვალე თავგადასავალია,
საუკუნის, სამრადისო მოგზაურობა, რომელიც არასდროს დაგავიწყდება. ესაა საკუთარი
თავის შეცნობის საუკეთესო ხერხი, ავსტრალიურ წყაროებსაც რომ გადავხედოთ,
ბედნიერების ძიება ემსგავსება ავსტრალიურ „Walkabout-ს“, მისწრაფებას ფართო,
გახსნილი გზებისკენ, რომელთა სივრცეები ჰორიზონტსაც კი ფარავს. შენ არ შეგიძლია მას
შეეხო, სწორედ ამიტომ შენ ის უნდა იპოვნო, რადგანაც იცი,რომ ის არსებობს და სადღაც
იქ არის, შენს გამოჩენას ელოდება... მას კი მხოლოდ გაუჩერებელი მოძრაობით თუ
მიაღწევ. თუნდაც დიდი გაჭირვების ფასად, ადამიანის ვალია ბოლომდე იბრძოლოს,
არავითარ შემთხვევაში არ დაყაროს ფარ-ხმალი, არ დანებდეს და უკან არ დაიხიოს,
სწორედ ასე მოვიპოვებთ სიმშვიდეს და ვიპოვნით არა წამიერ, არამედ სამარადჟამო
ბედნიერებას. ამდენი წელია დავდივარ... დავდივარ და არ ვიცი სად, რატომ, რისთვის,
უბრალოდ მჯერა,რომ სადღაც, თუნდაც ასი მეტრის, თუნდაც ათასი კილომეტრის, ასი
მილიონი კილომეტრის იქით იქნება წითელი ბაფთით დამშვენებული შეფუთული ყუთი -
ცხოვრების საჩუქარი, რომელიც მე მელის და რომელიც მხოლოდ ჩემთვისაა განკუთვნილი.
გიორგი ჩაჩხიანი
No comments:
Post a Comment