გაზაფხული იდგა. წვიმას ახლახან გადაეღო, ქუჩას
კვლავაც ასდიოდა გაზაფხულის საამური სურნელება, რომელიც ადამიანს თითქოს თავის
ბავშვობაში აბრუნებდა და ძველ მოგონებებს ამოუტივტივებდა გონებაში, გაახსენებდა
სიჭაბუკის გარდასულ ჟამს, ჟინითა და ხალისით, ულევი ენერგიით აღსავსე დროებას.
წვიმის სურნელი ადამიანის გონებაში თავიდან აცოცხლებდა ქალაქს, რომელიც რამდენიმე
ათეული წლის წინათ არსებობდა, ეს იყო წარსულის თბილისი, მაგრამ თავად ქალაქი კი
არა, ადამიანი დაბერებულიყო, მის თმას შერეოდა ჭაღარა და სახეს კი დასტყობოდა
მცირედი ნაოჭები, რომლებიც თავისთავად მალავდნენ და ინახავდნენ ისტორიას,
ადამიანის ცხოვრებას, მის თითოეულ ღიმილს, გაცინებას, მწუხარებასა და ღრმა, ენით
აუწერელ ტკივილს. სწორედ რომ ნაოჭები არიან გზამკვლევნი და მემატიანენი ადამიანის
სახის, ცხოვრებისა და ისტორიის, მისი წარსულისა.
დილას გადაცილებული იყო. შაბათი დღე გახლდათ
და წვიმის გადაღების შემდეგ ქალაქის ქუჩებში ხალხი სასეირნოდ გამოსულიყო. ზოგს სად
ეჩქარებოდა, ზოგს კი სად, ზოგიც უბრალოდ დროის გასაყვანად დაეხეტებოდა თბილისის
ქუჩებში. ადამიანები მიდიოდნენ და მოდიოდნენ, იმ ქვაფენილს კი, რომელსაც რამდენიმე
წამის წინ ერთის ფეხი ედგა, ახლა მეორე ადგამდა ფეხს და ეს გრძელდებოდა უსასრულოდ,
გაუთავებლად. ლაბადაში გახვეული ასაკოვანი მამაკაცი რუსთაველის გამზირს
მიუყვებოდა, ჩქარი ნაბიჯებით მიდიოდა. თმასა და წვერში ჭაღარა შერეოდა, მაგრამ
ისეთივე სანდომიანი გამომეტყველება ჰქონდა, როგორც უწინ, ახალგაზრდობაში. მისი
სახის თითოეული ნაკვთი თითქოს უდიდესი მგრძნობელობით გამოირჩევაო, ყოველი
მოხაზულობა წარმოადგენდა პატარა წინადადებას, პატარა აბზაცს და მთლიანი სახე კი
ქმნიდა შესანიშნავ ისტორიას, კლასიკური ხანის რომანს, მაგრამ ყველაზე მეტყველი
მისი თვალები იყო. მუქი ყავისფერი, საოცრად ცოცხალი თვალები ჰქონდა. მისი მზერა კი
ასხივებდა სითბოს, სიბრძნეს და ამავედროს ერთდროულად სიამაყესა და თავმდაბლობას.
კაცს ყველა ცნობდა. ნაზი და მალული ღიმილით ჩაუვლიდნენ გვერდით, ერთმანეთს რაღაცას
გადაუჩურჩულებდნენ, მზერით მასზე მიანიშნებდნენ. კაცი კი რიგითი გამვლელების
ღიმილს ასეთივე თბილი, მორიდებული ღიმილითა და ოდნავ თავდახრით პასუხობდა და გზას
აგრძელებდა.
გამზირზე მდებარე პარფიუმერიის მაღაზიაში შევიდა.
მყიდველს შესვლისთანავე კონსულტანტებმა მზერა მიაპყრეს, სახე ღიმილით მოეცვათ.
-გამარჯობა, ნოე
კალანდაძე ბრძანდებით, ხომ?- ჰკითხა ახალგაზრდა, შავგვრემანმა გამყიდველმა,
რომელსაც როგორც გულმკერდზე დაბნეული ჟეტონი იტყობინებოდა ნინო ერქვა.
-დიახ, მე ვარ, - ღიმილით
მიუგო კაცმა.
-თქვენი ყველა წიგნი
წაკითხული მაქვს, საოცარი მწერალი ხართ.
-გმადლობთ, ძალიან სასიამოვნოა ამის მოსმენა.
-რით დაგეხმაროთ?
-სარვამარტოდ მინდა ჩემს მეუღლეს სუნამო ვუყიდო.
-ძალიან კარგი, როგორი არომატით უყვარს, მძაფრი თუ ნაზი სურნელით?
-უფრო ნაზი.
-აი წამობრძანდით, გაჩვენებთ, - კონსულტანტი ნოეს მაღაზიის ბოლოსკენ
წაუძღვა. ამ დროს კარები კიდევ ერთხელ გაიღო. მაღაზიაში შავ მანტოში გამოწყობილი
ქალბატონი შემოვიდა. მოლარეს მიესალმა და სასურველი სექციისკენ წავიდა. ეტყობოდა
ზუსტად იცოდა, რაც უნდა ეყიდა. იმ სექციას მიუახლოვდა, სადაც ნოე და ნინო სუნამოს
არჩევდნენ. შეიცადა, რადგან გზას უღობავდნენ.
-ძალიან კარგია, აი ამას ავიღებ, - თქვა ნოემ და კონსულტანტს გაუღიმა,
შემობრუნდა და შედგა. ისინი ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ. ქალს სუნთქვა შეეკრა,
არ ეგონა ეს შეხვედრა ასე თუ ააღელვებდა, მაგრამ ასე მოხდა. დაიბნა, შესაფერის
სიტყვებს ეძებდა, მაგრამ ვერ პოულობდა, რეტდაცემულივით იდგა. თვალები დაბლა დახარა
და კაცს მზერა აარიდა. წამით ასე იდგნენ მანამ, სანამ ნოემ დუმილი არ დაარღვია:
-ელენე, დიდი დრო გავიდა, როგორ ხარ?
-კარგად...შენ? - ჰკითხა ხანმოკლე პაუზის შემდეგ.
-გმადლობ, კარგად. აბა, შენკენ რა ხდება? - ქალმა მზერა იატაკზე
გადაიტანა.
-ისეთი არაფერი, ყველაფერი ძველებურადაა, - ნოემ თავი დაუქნია.
-უკვე შეარჩიე?
-კი, - ელენემ თაროდან სუნამო ჩამოიღო. -ხვალ ანას დაბადების დღეა,
დიდი ხანია ეს სუნამო უნდა, ასე რომ...
ნელი ნაბიჯებით სალაროსკენ
დაიძრნენ. ერთმანეთს არ უყურებდნენ, ორივენი ღრმა ფიქრებში ჩაძირულნი პერიფერიებისკენ
აპარებდნენ მზერას და ქვემოთ დახრილ თვალებს ხან მარცხნივ გააცეცებდნენ, ხან კი
მარჯვნივ, ეს იყო ერთგვარი გრძნობის გახსნება, რომელსაც კვალად საკუთარ თავთან
საუბარი გასდევდა. ნოემ სალაროსთან ქალს ადგილი დაუთმო.
-გმადლობ, - უთხრა და მოლარეს სუნამო მიაწოდა.
-ელენე, წინააღმდეგი ხომ არ იქნები მე რომ გადავიხადო? - ქალმა
სწრაფი, გამჭოლი, გაბრაზებული და გაოცებული მზერა ესროლა, თითქოს ვინმეს მისთვის
შეურაცხყოფა მიეყენებინოს.
-რა თქმა უნდა ვიქნები, შენ რატომ უნდა გადაიხადო.
-უბრალოდ, გთხოვ, ძველი მეგობრობის ხათრით, გულით მინდა ამის გაკეთება,-
საფულე გახსნა და რამდენიმე ასლარიანი ამოიღო.
-ნოე, ძალიან გთხოვ, მაპატიე, მაგრამ შენ ვერ გადაგახდევინებ.
-ამას ანასთვის ვყიდულობ, - თქვა და მოლარეს თანხა მიაწოდა, ამ ფრაზით
მან გამარჯვება მოიპოვა. ელენემ აღსაშფოთებლად პირი გააღო, მაგრამ შემდეგ მოკუმა,
დაცხრა და კაცს მადლობა ჩუმად გადაუხადა.
-სასაჩუქრედ შეგიფუთოთ?- ჰკითხა მოლარემ.
-დიახ, თუ შეიძლება.
ორივე სუნამო ლამაზად
შეფუთეს. ნოემ ელენეს თავისი ჩუმად მიაწოდა და კონსულტანტებს მადლობა გადაუხადა.
კარები გამოაღო და ქალი გაატარა.
-მადლობა.
-ცოტა ხნით გცალია? - ჰკითხა გასვლისთანავე. ისინი შუა ქუჩაში იდგნენ,
უამრავი უცხო ადამიანით გარშემორტყმულნი. ასეთ დროს როცა არავინ გიცნობს შეგიძლია
საკუთარ ნაჭუჭში ჩაიმალო, მაგრამ ნოესთვის ეს შეუძლებელი იყო. მას უამრავი
გამვლელი შესცქეროდა, უღიმოდა, ესალმებოდა, თუმცაღა ახლა მისთვის ყოველივეს აზრი
დაეკარგა და თაყვანისმცემლები სრულებითაც არ აინტერესებდა. ამ წამს მთელი მისი
სამყაროს ღერძი ერთი ცენტრისკენ ტრიალებდა და ეს ცენტრი იყო ქალი, რომელიც მის წინ
იდგა და პასუხის გაცემაზე ორჭოფობდა. მწერალს გული აუძგერდა, ეს იყო უსასრულო და
გაუსაძლისი ლოდინის განცდა, რომელიც დიდი ხანია უკვე მას ასე მძაფრად აღარ შეეგრძნო,
იქნებ უკვე 40 წელიც გასულიყო მას შემდეგ, რაც ასე ძლიერ აღელვებულიყო, თანაც
სრულიად უმიზეზოდ.
-არ ვიცი...- ელენე მზერას კვლავაც არიდებდა. ორი ზრდასრული პიროვნება
ერთმანეთის წინაშე იდგა, მათ საკუთარი ცხოვრება და კარიერა ჰქონდათ, ოჯახი და
შვილები ჰყავდათ, საუკუნის ნახევარი უკვე ეცხოვრათ, მაგრამ მაინც, თითქოს ახლა
ერთმანეთის წინაშე არა ზრდასრული ადამიანები, არამედ პატარა ბავშვები იდგნენ, ასე
მძაფრად აქამდე არცერთს არ შეეგრძნო სიყმაწვილე, არ მონატრებოდა სიჭაბუკის
ჟამი,რომელიც მწარესა და ტკბილს ერთმანეთში ურევდა ხოლმე, რომელმაც გამოწვრთნა
ისინი და განსაზღვრა მათი სამომავლო ცხოვრების ბედი.
-უბრალოდ ყავა დავლიოთ, სულ ცოტა ხნით, დიდი ხანია ერთმანეთი არ
გვინახავს, - ნოეს შეაცქერდა. მისი სახე სხვანაირი იყო, შეცვლილი. არ იყო ისეთი
გადატკიცინებული, ისეთი ახალგაზრდული, ჟინითა და სიცოცხლით აღსავსე, როგორც უწინ,
მაგრამ მისი თვალები კი ისეთივე მზერით უმზერდნენ ქალს, როგორც მაშინ, როდესაც 17
წლის იყო. ეს იყო მზერა, რომელიც ასხივებდა მზრუნველობას, თანაგრძნობასა და
სიყვარულს. ეს მზერა ახლა მხოლოდ ელენეს ეკუთვნოდა, არც ნოეს ცოლს, არც
ასიათასობით მკითხველს, არც მის შვილებს, ამ მზერის ბატონ-მპყრობელი მხოლოდ ელენე
იყო. არ იცოდა რა ეთქვა, მის გონებაში საშინელი ბრძოლა გაჩაღებულიყო, სურდა სწორად
მოქცეულიყო, მაგრამ უკვე აღარ იცოდა თუ რა იყო სწორი და რა არა. არ უნდოდა შეცდომა
დაეშვა, თავი დაედანაშაულებინა და შემდგომში ამის გამო დატანჯულიყო, რადგან
ნოესთან შეხვედრა, მასთან საუბარი მხოლოდ ამას უქადდა, ამას მოუტანდა. ამდენი წელი
ფიქრობდა ამ შეხვედრაზე, იცოდა, რომ ეს გარდაუვალი იყო, რადგან რაც არ უნდა იყოს, თბილისი
მაინც პატარა ქალაქია, სამეგობრო წრეც ხომ ერთი ჰქონდათ, მაგრამ სიმართლე ის იყო,
რომ ამ შეხვედრის ეშინოდა. სწორედ ამიტომ, თუ გაიგებდა, რომ მეგობრების დაბადების
დღეებზე ნოეც იქნებოდა, ხან რას მოიმიზეზებდა, ხან რას და ის იქ არასდროს მიდიოდა.
ერთხელ, როცა გაიგო, რომ ნოეს ახალი წიგნის პრეზენტაცია იმართებოდა მწერალთა
სახლში წასვლა გადაწყვიტა. დიდი ეიფორიის განცდით მიდიოდა მაჩაბლის ქუჩაზე,
საკუთარ თავს ვერ უჯერებდა,რომ ამას აკეთებდა, მაგრამ თითქოს ფეხები არ
ემორჩილებოდნენ, ისინი წინ და წინ უბიძგებდნენ სხეულს და ქალი იქითკენ მიჰყავდათ,
სადაც მას არაფერი ელოდა, გარდა იმედგაცრუებისა და ტანჯვისა. მივიდა კიდეც,
უამრავი ხალხი შეკრებილიყო. დაგვიანებით მივიდა და ბოლო რიგში ჰპოვა ადგილი ისე,რომ
ნოეს არ დაენახა. და აი იხილა კიდეც, საყოველთაოდ აღიარებული მწერალი, შესაშური
მეუღლე, ყველასთვის პატივსაცემი და საყვარელი, საპატიო მოქალაქე და ნობელის
პრემიის ნომინანტი - ნოე კალანდაძე. ოცნებებითა და მომავლის იმედებით აღსავსე
ყმაწვილი დიდებულ და ჭეშმარიტ კაცად ქცეულიყო. ნოეს თვალს ვერ აშორებდა, გული
საგულეს ვეღარ ეტეოდა, კაცს თვალის გაფართოებული გუგებით შესცქეროდა, მისი ყოველი
სიტყვა, ყოველი ფრაზა უჩვეულო განცდას ჰბადებდა სასოწარკვეთილი ქალის გულში. მთელი
გზა ფიქრობდა თუ რას ეტყოდა,მაგრამ ახლაც კი არ იყო დარწმუნებული გაბედავდა თუ არა
რამის თქმას, ან რა უნდა ეთქვა? ბოლოს კი ის მოხდა, რისიც თავიდანვე ეშინოდა,სანამ
ავტოგრაფების დარიგებას დაიწყებდა, ნოემ განაცხადა:
- და ბოლოს, არ შემიძლია უაღრესად დიდი მადლობა არ გადავუხადო ჩემს
უძვირფასეს მეუღლეს, ჩემი სიცოცხლის არსს, რომელიც ყოველთვის გვერდში მიდგას, ის
არის ჩემი მრჩეველი, საუკეთესო მეგობარი, მესაიდუმლე და ადამაინი, რომელსაც
ყოველთვის შემიძლია ვენდო და შეიძლება იყოს დრო, როცა არ მჯეროდეს საკუთარი თავის,
მაგრამ მე მისი ყოველთვის მჯერა. ის მაძლევდა უდიდეს სტიმულს მაშინ,როდესაც მე ეს
ყველაზე მეტად მჭირდებოდა, არ მაძლევდა დანებების საშუალებას და მისი ასეთი უზადო
რწმენა მაიძულებდა ყოველთვის მიმეყვანა საქმე ბოლომდე. ასე მოხდა ამ წიგნის
წერისასაც, რომ არა ის მე ვერ დავწერდი ამ რომანს, რადგან საკმაოდ ხშირია, როდესაც
მწერალი მივა ნაწარმოების შუამდე და შემდეგ უბრალოდ აღარ ძალუძს მისი გაგრძელება,
დასრულება. სწამს,რომ რაღაც გრანდიოზულად დიდს შეეჭიდა და ეს ყველაფერი მის
ძალებსა და შესაძლებლობებს აღემატება. თანაც გენანება აქამდე დაწერილი, მაგრამ
ყოყმანობ, გაგრძელებას აჭიანურებ და ნაწარმოების სახეც შენს გონებაში ნელ-ნელა
ფერმკრთალდება, ბაცდება, იცრიცება და ბოლოს საერთოდ წაიშლება კიდეც. ასეთ დროს
გვერდით საჭიროა ვიღაც, ვინც შთაგაგონებს, რომ საკმარისად კარგი ხარ და შენ ამას
შეძლებ,საქმეს ბოლომდე მიიყვან. ის ჩემ გვერდით იყო ყოველთვის, როცა მჭირდებოდა
თანაგრძნობა, გამხნევება, დახმარება, გამოფხიზლება, სიყვარული და შეგონება. ძალიან
მიყვარხარ და გმადლობ, რომ ამ ცხოვრებისეული გზის გავლა ჩემთან ერთად აირჩიე, ამის
გამო უბედნიერესი და უიღბლიანესი კაცი ვარ, - ელენემ ნათლად დაინახა მზერა,
რომლითაც ნოე უმზერდა თავის ცოლს, რომელიც პირველ რიგში იჯდა და ქმარს ჰაეროვან
კოცნას უგზავნიდა. აქამდე ელენეს თავი ასე ზედმეტად არასდროს ეგრძნო. „რა გეგონა,
შე სულელო, შენი დანახვა მეცხრე ცაზე აიყვანდა და შენკენ მაშინვე ხელებგამოშვერილი
გამოიქცეოდა, რომ თავის ცოლს დაივიწყებდა და შენ მოგეხვეოდა? ღმერთო, რა სულელი
ხარ!“ - საკუთარ თავს ჰკიცხავდა, ასე დაუფიქრებლად მოქცევასა და სისულელის ჩადენას
ვერ ჰპატიობდა, მაგრამ მას ხომ ბევრი არც უნდოდა, უბრალოდ ნოეს ხილვა სწადდა,
მისთვის თვალებში რომ ჩაეხედა, მისი შეხება უნდოდა, წამიერი, უბრალო შეხება, მისი
კანის შეგრძნება, მისი სუნთქვის მოსმენა და იმ ჩურჩულის გაგონება, რომელსაც ეს
სუნთქვა მას სახეზე მიულამუნებდა.
როგორც კი ხალხი წამოდგა და
მწერალთან მისალოცად დაიძრნენ ელენე მაშინვე, სასწრაფოდ გამოვიდა დარბაზიდან,
კიბეებს აღელვებული ჩაუყვა. „რა გავაკეთე, ეს რა გავაკეთე, როგორ მივქარე, რა
სულელი ვიყავი.“- კვლავაც უმეორებდა საკუთარ თავს და სწრაფი ნაბიჯებით სახლისკენ
მიიწევდა. კიდევ კარგი ნოემ ვერ დაინახა, ყოველ შემთხვევაში იმედოვნებდა, რომ ეს
ასე იყო, მაშინ რაღას ეტყოდა საკუთარ თავს, საკუთარ სინდისს, როგორ ჩახედავდა
თვალებში თავის ქმარს და მის მკლავებში
შვებას ჰპოვებდა.
-სად იყავი? - სახლში დაბრუნებულს ქმარმა ჰკითხა. დაიბნა, არ იცოდა რა
ეთქვა, რა ნამუსით შეძლებდა გამოტყდომოდა? მაგრამ განა რა იყო აქ სამარცხვინო, მას
ხომ არაფერი არ ჩაუდენია, ნოეს ახლოსაც არ გაჰკარებია.
-აჰ, სალომემ მთხოვა ჩემთან გამოდიო, მაპატიე, ვეღარ გაგაფრთხილე, -
პირველად იცრუა, პირველად მოატყუა ასე უსისრცხვილოდ თავისი ქმარი და გულში თითქოს
მახვილი ჩაასვესო,მკერდში საშინელმა ტკივილმა დაუარა.
-ხომ კარგადაა?
-კი, უბრალოდ რაღაცაში დახმარება უნდოდა, დაღლილი ვარ, წამოვწვები.
ჩემგან რამე ხომ არ გინდა?
-არა, დაისვენე, თუ რამე დაგჭირდება, დამიძახე, - ოთახიდან უსიტყვოდ
გავიდა. საძინებელში შევიდა. კარები მიხურა, ზურგით მიეყრდნო და თავი ვეღარ
შეიკავა, მთელი სხეულით აცახცახდა. ხელები საშინლად უკანკალებდა. მხრებზე
შემოიჭდო, საკუთარ თავს ჩაეხუტა და თვალები ძლიერად დახუჭა, ამას უნდა ეშველა და
ტკივილი,რომელსაც ქალი გრძნობდა წესით უნდა გამქრალიყო. ეს საკმაოდ დიდი ხნის წინ
მომხდარიყო, მრავალი წელი გასულიყო მის შემდეგ, მაგრამ ახლა, როდესაც მის წინ
იდგა, ყველაფერი წამიერად ამოუტივტივდა გონებაში, თითქოს ეს გუშინ ყოფილიყო. და თუ
ნოეს უბრალო ხილვამ მიაყენა ასეთი ტკივილი, მაშინ რას უზამდა მასთან უშუალო
საუბარი, კონტაქტი, ურთიერთობა?
ნოე ამ ყველაფერს
იმსახურებდა. ის ღირსი იყო თუნდაც რამდენიმე წუთი გაეტარებინა ქალთან, რომლის
გამოც გახდა ასეთი დიდებული პიროვნება, დიდებული მწერალი. ელენემ თავი დაუქნია.
-კარგი, - უთხრა და სევდიანად, თითქმის შეუმჩნევლად გაიღიმა.
-აქვე ახლოს ერთი კარგი ადგილი ვიცი, - თქვა ნოემ და ქალს გაუძღვა.
ქუჩის კუთხეში კაფე იყო.
შიგნით შევიდნენ. ორი კაპუჩინო და ელენესთვის ვაშლის ნამცხვარი აიღო. კუთხის
მაგიდასთან დასხდნენ, სხვებისგან მოშორებითაც იდგა და უფრო მყუდრო გარემოს ქმნიდა.
ქალი ყავას უაზროდ ურევდა და ამისგან გამოწვეულ მორევს შეჰყურებდა, ეტყობოდა
ფიქრებში წასულიყო. ნოე მას გამომცდელად, დაკვირვებით შესცქეროდა ისევე, როგორც იმ
დღეს სიყვარულში რომ გამოუტყდა. შემდეგ ქალის ნაკვთებს დააკვირდა. ელენე კიდევ
უფრო გალამაზებულიც კი ეჩვენა, დროს მისთვის სილამაზის წართმევაც კი ვერ გაებედა.
საერთოდ ელენეზე ვერ იტყოდი არნახული სილამაზის პატრონიაო, უბრალოდ საოცრად თბილი
და მოსიყვარულე სახე ჰქონდა, მაგრამ ნოესთვის ის სიჭაბუკის ჟამს ყველაზე ლამაზი
გოგო იყო მთელ პლანეტაზე.
-სულ არ შეცვლილხარ, ისევ ისეთი ლამაზი და მომხიბვლელი ხარ, - ელენეს
გაეღიმა და მზერა კაცს მიაპყრო. მისი თვალები ბრწყინავდნენ.
-გმადლობ.
-მომიყევი შენზე, ლევანი კი მიყვება ხოლმე შიგადაშიგ.
-მართლა, რას გეუბნება?
-ბევრს არაფერს, უბრალოდ მითხრა,რომ გათხოვდი, შემდეგ შვილი შეგეძინა,
მერე მეორე შვილი, რომ საკმაოდ კარგი სამსახური გაქვს ერთ-ერთ კომპანიაში.
-ჰო, ვცდილობდი. ორი ბიჭი მყავს, უკვე პრინციპში დიდები არიან. შენს შვილებს
ასე თუ ისე ტელევიზორიდან ვიცნობ.
-ჰო, სიუჟეტები... შენი ქმარი, როგორია?
-ეს რატომ გაინტერესებს?
-უბრალოდ, არ შეიძლება?
-ძალიან კარგი პიროვნებაა, მოსიყვარულე მამა და შესანიშნავი მეუღლე.
-ძალიან მიხარია, შენ გამო მართლა ძალიან მიხარია. მითხარი, ბედნიერი
ხარ?
-კი, ბედნიერი ვარ, - ელენემ თავი დაუქნია.
-ყველაფერი მიიღე,რაზეც ოცნებობდი?- კითხვამ ჩააფიქრა.
-ეს... ოცნებებში ქმნი სამყაროს,რომელიც იდეალურია, ამ სამყაროში კი
იდეალური არაფერია, - ნოემ გაუღიმა, სწორედ ეს უყვარდა ამ ქალში, კითხვას
ყოველთვის სცემდა პასუხს და გამოსავალს უთუოდ იპოვნიდა ხოლმე. - შენ? შენ მიიღე
ყველაფერი, რაზეც ოცნებობდი?
-კი, უფრო მეტიც, ვიდრე წარმომედგინა. უფრო მეტი შევძელი, ვიდრე
მეგონა, რომ შევძლებდი და ეს შენ გამო მოხდა. ყოველთვის მინდოდა ამისთვის მადლობა
გადამეხადა.
-მე არაფერ შუაში ვარ.
-არა, ხარ, - კაცმა ჰორიზონტს გახედა, - დასაკარგი არცერთს არაფერი
გვაქვს, ამიტომ მოდი გულახდილები ვიყოთ. მე ასეთი შენ გამო ვარ, რასაც მივაღწიე,
ყველაფერს შენ გამო მივაღწიე, რათა დამემტკიცებინა, რომ საუკეთესო ვიყავი, რომ
მართლაც ვიყავი შენი ღირსი და საშინელი შეცდომა დაუშვი, როდესაც ხელი მკარი, -
სიმწრით ჩაეღიმა, წამიერად შეყოვნდა და ელენეს შეაცქერდა, ამ უკანასკნელს კი თავი
ჩაექინდრა, ნოესთვის თვალის გასწორებას ვერ ბედავდა. კაცმა განაგრძო: - ამ
გაუსრულებელი გამოწვევებით კი ვიქეცი განსხვავებულ, ბევრად უკეთეს პიროვნებად, რის
მერეც უკვე ჩემი პოპულარულობაც გაიზარდა, ჩემს მომავალ მეუღლეს შევხვდი და ჩემი
ცხოვრებაც რადიკალურად შეიცვალა. ჩემი პირველი წიგნი წაკითხული გაქვს?-ელენემ თავი
დაუქნია. - შენ გეძღვნება. შენ განმაცდევინე ასეთი ამაღალვებელი, ჯადოსნური
მდგომარეობა, შენ შემაცანი სიყვარული. ისტორია „ჩემი გრძნობისა“ არის ის ისტორია,
რომელიც მსურდა რომ ჩვენ გადაგვხდენოდა.
-მას ხომ ბედნიერი დასასრული არ აქვს?
-ჩვენს ისტორიასაც არ ჰქონდა ბედნიერი დასასრული, მას საწყისიც კი არ
ჰქონია, მაგრამ ახლა აი აქ ვართ, ბედნიერები. უბრალოდ იმის თქმა მინდა, შენ რომ
არა, იმ წიგნს ვერასდროს დავწერდი, ვერც სახელოვანი მწერალი გავხდებოდი და არც
ასეთი დიდი ჟინი და მოტივაცია მექნებოდა უკეთესი მომავლისთვის საბრძოლველად.
-უნდა გებრძოლა...- ერთგვარი საყვედურივით თქვა ელენემ. ნოეს გაეცინა.
-ვიცოდი,რომ ოდესმე ამას მეტყოდი. ვიბრძოდი კიდეც, განა არ ვიბრძოდი.
ის წერილები სხვა არაფერი იყო, თუ არა მცდელობა იმისა,რომ დამემტკიცებინა თუ
რაოდენ მიყვარდი, მაგრამ არცერთხელ არ გაგიცია პასუხი, არც ცუდი, არც კარგი, რა
უნდა მექნა?
-ადექი და უბრალოდ დამივიწყე.
-ასე არაა, მე შენ არასდროს დამვიწყებიხარ, შეგიძლია ნებისმიერ რამეში
დამადანაშაულო, მაგრამ არა იმაში,რომ მე შენ დაგივიწყე ან ოდესმე დაგივიწყებ,
რადგან უბრალოდ არ შემიძლია შენი დავიწყება, შენ ხომ ჩემი პირველი სიყვარული ხარ.
ორივე დუმდა. უხერხულმა სიჩუმემ დაისადგურა.
ნოე თავის ხელებს დასცქეროდა, ელენე კი ჭიქაში დარჩენილ ყავას. თითოეული სიტყვის
თქმა თითქოს მათ გულებზე დაწოლილ ლოდს შლიდა და ნელ-ნელა პატარა-პატარა
კენჭებისგან ათავისუფლებდა, მაგრამ ამავედროს რჩებოდა სიცარიელეც, რომელსაც არ
იცოდნენ თუ როგორ გამკლავებოდნენ. სწორედ რომ ამ სიცარიელის დარჩენის შიში
ზაფრავდათ.
-იცი, ერთადერთი ხარ, ვინც იცის,რომ ლექსებსაც ვწერდი, - დუმილი
კვლავაც ნოემ დაარღვია. ელენემ გაიღიმა.
-რატომ დაანებე? არადა კარგად გამოგდიოდა.
-არ ვიცი, უბრალოდ აღარ ვიცოდი, რაზე მეწერა. მითხარი, ის რვეული
კიდევ შენახული გაქვს? - მცირეოდენი პაუზის შემდეგ ელენემ თავი იმ ბავშვივით
დაუქნია, რომელიც თითქოს ეს-ესაა დანაშაულში გამოიჭირეს და ამხილესო.-წერილებიც?
-წერილებიც, - უეცრად ქალს გაეცინა.
-რა მოხდა?
-იცი, რა გამახსენდა? თავი რომ ჰემინგუეისა და დოსტოევსკის შეადარე, -
ნოეს გონება ღრმა წარსულში დაბრუნდა. მოაგონდა ის დღე, ის დიალოგი და მასაც
გაეცინა.
-ჰო, მახსოვს, სხვათაშორის რემარკი გამოგრჩა.
-მართალი ხარ, რემარკიც იყო.
ნოეს სხვა გზა აღარ ჰქონდა.
ახალგაზრდა ჭაბუკმა არ იცოდა რა ხერხს მიემართა საყვარელი ქალის გულის მოსაგებად.
უკვე ყველაფერი ეცადა, მაგრამ ელენეს გული თავისკენ მაინც ვერ შემოეტრიალებინა,
ამიტომ ერთხელაც გაბრაზებულმა და გულნატკენმა პირდაპირ ჰკითხა:
-არ გიყვარვარ? - ნოეს გაეცინა,
- ჰემინგუეი ხომ გიყვარს, დოსტოევსკი, რემარკი, მე რატომ არ გიყვარვარ, ისინი რა
ჩემზე უკეთესები არიან? სახედანაოჭებული ბებრები, - პირში გამოსცრა.
-ისინი დიდი მწერლები
არიან.
-მეც ვარ.
-დიდი მწერალი? არა, არ
ხარ.
-გავხდები, შენთვის
ყველაფერი გავხდები. აი ნახავ, დიდებული მწერალი გავხდები და ლექსებს დაგიწერ,
ისეთებს ჯერ რომ არავის დაუწერია. მოთხრობებს, რომანებს, პიესებს მოგიძღვნი,
ყველაფერს შენთვის დავწერ, აი ნახავ, გპირდები, რომ სახელოვანი მწერალი ვიქნები და
შენც უკვდავგყოფ, როგორც გალაკტიონმა მერი, სელინჯერმა უნა და კიდევ სხვა და კიდევ
სხვა, - არ დაიჯერა, მაშინ ელენეს ეს მხოლოდ ზედმეტად თავდაჯერებული ბიჭის
სიტყვები ეგონა, მაგრამ აი ახლა 40 წლის შემდეგ მის წინაშე იჯდა ადამიანი, რომელიც
თავისუფლად შეგეძლო შეგედარებინა თუნდ ჰემინგუეისა და თუნდ დოსტოევსკის, მან
პირობა აღასრულა და მართლაც დიდებული მწერალი გახდა. ნოე კალანდაძე, ბიჭი, რომელიც
სასოწარკვეთილი თავის სატრფოს ერთი შეხედვით ირეალურ და წარმოუდგენელ დაპირებებს
აძლევდა.
-მაინც რატომ
შეგიყვარდი?
-შეხედე შენს თავს და
მიხვდები.
-კარგი რა, ლამაზი არ
ვარ.
-იმ რვეულში ჩაიხედე,
სწორედ იქაა შენი ჭეშმარიტი ხატება, რეალური სარკე და ანარეკლი შენი სახებისა.
-ამიტომ შეგიყვარდი,
ჩემი გარეგნობის გამო?
-არ ვიცი, ეს ის
კითხვაა, რომელზეც პასუხი არ მაქვს.
-და როდის შეგიყვარდი?
ერთმანეთს ხომ მანამდე დიდი ხანი ვიცნობდით, თავიდანვე გიყვარდი?
-არა, ერთხელაც,
უბრალოდ დაგინახე და რაღაც ვიგრძენი, რაც სრულებით აღემატებოდა ყველაფერს რაც იქამდე
მეგრძნო, რამაც შემიპყრო, ჩემში შემოაღწია და სული გამიშიშვლა. მაგრამ იცი როდის
შემიყვარდი? როდესაც მითხარი,რომ სხვა გოგოებს არ ჰგავდი, რომ მე ვერ გაგიგებდი.
ეს დიალოგიც გაახსენდათ. 40 წლის წინათ
მომხდარი ასე ღრმად, თუმცაღა წარუშლელად იყო დალექილი მათ გონებაში. ერთად მოუწიათ
წამოსვლა. ელენემ უთხრა, რომ რთული პერიოდი ჰქონდა და ნათელის დანახვა უჭირდა.
ნოემ მისი შეგულიანება სცადა, რაზეც გოგონამ მიუგო:
-ვერ გამიგებ, მე არ
ვგავარ სხვა გოგოებს, მათ კოსმეტიკა, ყვავილები, სამკაულები და ამისთანა
სისულელეები იზიდავთ. მე კი... მე მხოლოდ წიგნები მაინტერესებს, წიგნები მჭირდება.
-გაგიმართლა.
-რა?
-მე მწერალი ვარ,
შენთვის წიგნებს დავწერ. აი შემდეგ კი უკვე კარგად გავუგებთ ერთმანეთს, - მაშინ
ორივეს გაეცინა, იმ მომენტში ვერც ნოე წარმოიდგენდა ეს გოგო ასე ძლიერ თუ
შეუყვარდებოდა და ვერც ელენე ნოე მართლა თუ დაწერდა მასზე წიგნებს. ამ გოგოს
თავისი დამახასიათებელი სევდა, იდუმალება, მელანქოლია ჰქონდა, განსაკუთრებულ
ემოციურ ფონს ჰქმნიდა, მწერალს კი მეტი რა სჭირდებოდა სულიერი საზრდოსთვის,
შეუძლებელიც კი იყო ნოეს ის არ შეჰყვარებოდა. შემდეგ წერილებს სწერდა, მაგრამ
ისინი უპასუხოდ რჩებოდნენ. ელენეს უფრო და უფრო იშვიათად ხედავდა. ბოლოს კი მას
საერთოდ ვეღარ ნახულობდა. არ დავიწყებოდა, მართალი იყო, ვერც ვერასდროს
დაივიწყებდა, ეს ქალი მისთვის ყოველთვის განსაკუთრებული და გამორჩეული იქნებოდა,
ყოველთვის ჩაუღვრიდა გულში სითბოს და ნოეს სულსაც გაათბობდა ელენეს თითოეული
ღიმილი, მისი ყოველი მზერა, ყოველი გამოხედვა.
-ახლა რას იტყვი, გამიგე? - ჰკითხა ქალმა.
-ვერა, - ნოემ თავი გააქნია. - ვეცადე, მაგრამ მაინც ვერ გაგიგე.
ამოუცნობი და იდუმალებით მოსილი ხარ, მინდა,რომ ეს ასევე დარჩეს.
-არ გაინტერესებს
სიყვარულზე რატომ არ დაგთანხმდი?
-არა. მთელი ცხოვრება
ამ კითხვაზე პასუხებს ვეძებდი, საკუთარ თავში ნაკლს დავეძებდი და როცა აღმოვაჩენდი,
ამ ნაკლის გამოსწორებას ვცდილობდი. ამ ძიებას ახლაც ვაგრძელებ. ვიცი,რომ იდეალური
ვერასდროს ვიქნები, მაგრამ ვცდილობ, რომ იდეალურთან ოდნავ მიახლოებული მაინც ვიყო,
შენთვის, - ელენემ თავი დაუქნია.
-მიხარია შენ გამო,
მართლა ყველაფერ კარგს იმსახურებ.
-შენც, შენც ასევე, -
ქალმა ჩანთას მოჰკიდა ხელი, იქ ყოფნა და ნოეს ცქერა აღარ შეეძლო. ამ ყველაფერს
ვეღარ გაუძლებდა. მთელი სახე უხურდა, სისხლი მოსწოლოდა, თავს ძლივს იკავებდა იქვე
ცრემლებად რომ არ დაღვრილიყო. ნოე ჟესტს მიუხვდა, წამოდგა. კაფედან უსიტყვოდ გამოვიდნენ.
-მე იქით მივდივარ, -
საპირისპირო ქუჩაზე მიუთითა ელენემ.
-კარგი, ნახვამდის.
-ნახვამდის, - ნოეს
ზურგი აქცია და გზას გაუდგა. ფიქრები ნიაღვარივით დაატყდნენ თავს. უნდოდა ნოესთვის
ეთქვა,რომ ისიც იქ იყო, წიგნის პრეზენტაციაზე და რომ ძალიან ამაყობდა მისით.
-ნოე... - კაცი არ
მიბრუნებულა, ისევ მას უმზერდა და მზერით აცილებდა.
-რა იყო?
-მე... გამიხარდა შენი
ნახვა, - მეტის თქმა ვერ გაბედა, თითქოს ენა უხილავ მარწუხებში გაება და დამუნჯდა.
-მეც, მეც ძალიან
გამიხარდა, - კაცმა გაუღიმა, ქალმაც ღიმილითვე უპასუხა. ხელი მკერდამდე ასწია და
ნაზად დაუქნია. ნოეც იმავე ჟესტით დაემშვიდობა. შემდეგ კი ერთმანეთს
დაშორდნენ.
სახლში დაბრუნებულმა ელენემ მაშინვე წიგნის
კარადასთან მიაშურა. მარტო იყო. მესამე თაროდან წიგნები გადმოალაგა და უკან,
საგულდაგულოდ გადამალული ძველი რვეული გამოიღო. რვეულს ფურცლები გაჰყვითლებოდა,
მაგრამ მელანი მაინც იკითხებოდა. ეს ნოეს ლექსები იყო. ქალისადმი მიძღვნილი მისი
უსაზღვრო სიყვარულით გაჯერებული თხუთმეტი ლექსი. ელენე დივანზე დაჯდა. რვეულიდან
შიგნით ჩადებული წერილები გადმოყარა და ლექსები კიდევ ერთხელ გადაიკითხა. ცრემლები
წამწამებზე უკვე დაჰკიდებოდნენ და სინათლის ფონზე საოცრად ბრწყინავდნენ. შემდეგ კი
ნოეს წერილი აიღო. ხელი უკანკალებდა. ფურცელი ორივე ხელით ძლიერად ჩაბღუჯა.
„ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო, მაგრამ
ვფიქრობ შენ ეს შეძელი, მეტიც, შენ ეს გააკეთე! შენ ჩემი პირველი მერცხალი ხარ,
მაგრამ ამიტომ არ ხარ განსაკუთრებული... განსაკუთრებული იმიტომ ხარ,რომ შენ,
სწორედ შენ მარტომ, უბრალოდ შენი გამოჩენით შეძელი და შუა ზამთარში გაზაფხული
მოიყვანე. ახლა ჩემს სამყაროში ყველაფერი ყვავის, ხეებს ახალგამოსული კვირტები
ამშვენებს, თოვლი უმაღლეს მრწვერვალებზეც კი ლღვება, ეს საოცარია, ამაზე ლამაზი
რამ რაც კი ამ სამყაროში არსებობს მხოლოდ შენი საუცხოო მზერა და ღიმილია, სხვა
დანარჩენი კი ამ სილამაზესთან ახლოსაც ვერ მივა, იცი რატომ მიყვარხარ? იმიტომ,რომ
შენ ხარ ამ ყველაფრის შემოქმედი, შენ მაქციე ასეთად და არ ვიცი ამ ყველაფრისთვის
მადლობა როგორ გადაგიხადო. არ აქვს მნიშვნელობა რას მეტყვი, ან მეტყვი თუ არა
საერთოდ რამეს, მინდა იცოდე, რომ ამისთვის შენი მუდამ მადლიერი ვიქნები და ამის
გამო ყოველთვის მეყვარები. შენი ნოე.“
როცა კითხვას მორჩა სახეზე ცრემლები ღაპაღუპით
ჩამოსდიოდნენ. მკერდი სწრაფად აუდ-ჩაუდიოდა. ფურცელი მაგიდაზე დადო და ცრემლები
მოიწმინდა. რვეულს დახედა, წერილები შიგნით დააბრუნა, დახურა და რვეული გულში
ძლიერად ჩაიკრა.
No comments:
Post a Comment