რა ხანია კვლავაც ვდუმვარ,
თითქოს აღარ მაქვს სათქმელი,
და რაც მქონდა ყოველივეს
უკვე მოვფინე ნათელი.
გავაჟღერე მე გულის თქმა
და გონების ნააზრევი,
მომავალის ჩემებური
ხედვები და იმედები.
დავიცალე, აღარ ვიცი,
რა დავწერო, რას ვუმღერო,
პოეზიას რისთვის ვუხმო
და სიმები რად ვაჟღერო.
მაგრამ ახლა დრო არ არის
ნარცისტული ეგოიზმის,
ვერ დავუშვებ, რომ გავჩერდე,
სინდისის ხმაც ხომ ჩამესმის.
რადაც ვწერდი, მან შემძინა
უნაკლო გამოცდილება,
მანვე მომცა არნახული
პოეტური შეგონება.
მან მაქცია ხელოვანად,
საითკენაც ვისწრაფვოდი.
ახლა კიდევ უარს ვერ ვიტყვი,
დამაწვება გულზე ლოდი.
ამიტომაც ვწერ ახლა ლექსს
და ფაქიზადაც ვამოწმებ
ამ ჩანგურის ჟღერადობას,
ამ სიმების ხმატკბილობას.
ფიქრით მე ხომ მუდამ ვფიქრობ,
მწამს, სანამ აზრიც იქნება
შემეძლება ლექსის წერა
და სიმების აჟღერება.
გიორგი ჩაჩხიანი
No comments:
Post a Comment