სიყვარული მართავს ადამიანს, ადამიანი კი სამყაროს. იქ, სადაც დიდი სიყვარულია, უამრავი სხვა რამაა საჭირო, სასწორის პინები რომ გათანაბრდეს. სიყვარული ავსებს სიცარიელის განცდას და როდესაც იპოვი ადამიანს, რომელსაც გულწრფელად შეიყვარებ, საკუთარ თავს დაკარგავ. ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ სიყვარული ყოველთვის აღმაფრთოვანებელი არ არის და მას უამრავი ადამიანისთვისაც გაუთხრია საფლავი, პირდაპირი და ირიბი გაგებით. მაშ, ორგვარი სიყვარული არსებობს: სიყვარული, რომელიც გვაძლიერებს და სიყვარული, რომელიც გვაზიანებს. ამავედროს, სრულიად შესაძლებელია, რომ ერთი მეორეს არ გამორიცხავდეს.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ერთი
ადამიანის დიდი სიყვარული ავსებს სიცარიელეს.ეს ის სიცარიელეა, რომლის შევსება
მუსიკოსისთვის მრავალრიცხოვან ფანებს შეუძლიათ, პოლიტიკოსისთვის ათასობით
ამომრჩეველს, მსახიობისთვის აღფრთოვანებულ პუბლიკას, ადამიანისთვის კი ზოგჯერ ერთ პიროვნებას. ეს ძალიან მაგარია, არა? მაგრამ აქვე ისმის კითხვა, არის კი?! თუ
ადამიანი შეივსებს საკუთარ სიცარიელეს, სავარაუდოა, რომ ის აღარ გააგრძელებს
გამალებულ შრომასა და ღწვას იმისათვის, რომ ამ ჭუჭრუტანების ამოგმანვა დაიწყოს. ის
ისეთივე ვნებითა და გატაცებით ვეღარ დაუკრავს, ვეღარც როლს შეასრულებს და ვერც
სიტყვით გამოვა შესაფერისად, რადგან ასეთ დროს, ამ კონკრეტულ მომენტებში ეს
ადამიანები იკარგებიან საკუთარ სამყაროში, ისინი თავს გრძნობენ სახლში და კომფორტულად,
შესაბამისად, ბოლომდე იბრძვიან ამ კომფორტული მდგომარეობის მისაღწევად, ხოლო, როცა
ადამიანს არ სჭირდება სახლისა და კომფორტის ძიება, რადგან მას უკვე აქვს ეს
ყოველივე ერთი საყვარელი ადამიანის სახით, ის უბრალოდ აღარ მიიღწვის ასე მხურვალე
გატაცებით სხვა, უფრო საჯარო და საზოგადო კომფორტის მოსაპოვებლად.
როცა გიყვარს, გგონია, რომ
მთელი სამყარო შენია; როცა არა, აკეთებ ყველაფერს, რომ ასე იფიქრო და მთელი
სამყარო შენი იყოს. აკეთებ იმაზე მეტს, ვიდრე მოსალოდნელი და წარმოსადგენია, ხდები
ჩაუცხრობელი ვნებით აღსასვსე პიროვნება და სწორედ ეს ვნება და ქარიზმა გეხმარება
წარმატების მიღწევაში. ასე პოულობ და იმკვიდრებ საკუთარ თავს. უამრავ ადამიანს რომ
ჰკითხო, რატომ მოევლინე ამ სამყაროს და რა იყო შენი მისია და დანიშნულებაო, ხშირ
შემთხვევაში, პასუხად მიიღებ, მე ხომ შვილი აღვუზარდე ამ ქვეყანასო. საიდან იბადება ასეთი პასუხი და ადამიანის
დანიშნულების ამგვარი ფორმულირება? სიყვარულისგან! გვიყვარდება ადამიანი და რაღაც
პერიოდის შემდეგ მასთან ერთად ცხოვრებას ვიწყებთ. შვილებს ვაჩენთ, ზოგს უკეთესის
აღზრდა გამოუვა, ზოგს კი არა. როდესაც მთლიანად ერთ კონკრეტულ ადამიანზე ხარ
გადართული და ფოკუსირებული, რთულია რაიმეს მიაღწიო. ადამიანი ასეთ დროს წყვეტს
საკუთარი კომფორტის ძიებას, რადგან ფიქრობს, რომ ის უკვე იპოვა.
სიყვარული გვაბრმავებს.ანრი
ბეილის, რომელსაც შესაძლოა უმეტესობა თქვენგანი სტენდალის სახელით იცნობდეს,ეს
ციტატა ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესია. სტენდალი „სიყვარულის ტრაქტატში“ წერს: „სიყვარული გიჟს აჭკვიანებს და ჭკვიანს
აგიჟებს.“ გიჟი, რომელიც უგზო-უკვლოდ დაბოდიალობდა და ხან რომელ კედელს
მიასკდებოდა თავის მისარახუნებლად, ხან კი რომელს, იწყებს ფიქრს; მისი ქაოტური
აზრები ერთ კალაპოტში ლაგდება და რაღაც მნიშვნელობას იძენს. ეს მნიშვნელობა მთელი
თავისი არსით ერთი კონკრეტული ადამიანია, სიყვარულის ობიექტი. იგივე ხდება ჭკვიანი
კაცის შემთხვევაშიც. ისიც მთელი თავისი გულითა და გონებით გადმოერთვება თავის
სატრფოზე და ერთ დროს ბრწყინვალე, გონივრული იდეებით შეპყრობილი, გიჟივით
ჩაიციკლება ერთ ადამიანსა და ერთ კონკრეტულ გრძნობაზე, რომელსაც სიყვარული ჰქვია.
განა ცოტაა ისეთი ადამიანი,
რომელიც რაღაც ძალიან დიდი პერიოდის გასვლის შემდეგ, გადახედავს საკუთარ ცხოვრებას
და შენ, მის მეორე ნახევარს საყვედურებით ბრალს გდებს. გეუბნება, რომ მას ძალიან
დიდი მომავალი ჰქონდა და ყველაფერზე თქვა უარი, ყველაფერი მიატოვა და შენ
გამოგყვა, ახლა კი მისი ასეთი უბედურება მხოლოდ და მხოლოდ შენი ბრალია, შენ ხომ
მას ოცნების კოშკებს უგებდი, ეუბნებოდი, რომ ის მთელი ცხოვრება უზრუნველყოფილი და
ბედნიერი გეყოლებოდა და მასაც, პატარა ბავშვივით ყურებამდე შეყვარებულს, ყველაფრის
სჯეროდა, რასაც ეტყოდი, თუმცა რაღა გასაკვირია, სიყვარული ხომ საღად განსჯის უნარს
გვაკვარგვინებს; ის მართლაც გვაიძულებს, უარი ვთქვათ პირად წარმატებასა და
კარიერულ წინსვლაზე, რადგან ხშირ შემთხვევაში საამისოდ შემოთავაზებული
წინადადებები დამატებით პარტნიორს არ ითვალისწინებს. მოდი, განვიხილოთ კონკრეტული
მაგალითი: ახალგაზრდა ხარ, საკმაოდ პერსპექტიული და წარმატებული. რომელიმე დიდი
უნივერსიტეტი, ან დიდი კომპანია საზღვარგარეთ სწავლასა, ან საკმაოდ სერიოზულ
სამსახურს გთავაზობს, თუმცა შენ არ შეგიძლია შენი შეყვარებულის წაყვანა, რადგან
უცხო მხარეში გადახვეწილს, არც ფული გაქვს და ერთ მოციცქნულ ოთახში გიწევს
ცხოვრება, გავა წლები და ძალიან დიდ კაპიტალს დააგროვებ, მაგრამ იქამდე ძალიან
დიდი დროა. რას გადაწყვეტდა საღად მოაზროვნე ადამიანი? რა თქმა უნდა, წავიდოდა და
საკუთარი კარიერის გზაზე უდიდეს ნაბიჯსაც გადადგამდა, მაგრამ უზომოდ შეყვარებული
ახალგაზრდა განა მოიქცეოდა ასე?! რამდენია იმის მაგალითი, რომ ადამიანებს ვერ
დაუტოვებიათ თავიანთი შეყვარებულები. განშორების შიში, უნდობლობა... ის რომ
წასულიყო რამდენიმე წლით, რა გარანტია ექნებოდა, რომ დაბრუნებულს აწ უკვე თავისი
ყოფილი შეყვარებული დაოჯახებული არ დახვდებოდა? განა, მოუთმენდა და დაელოდებოდა? შეიძლება,
გადაწყვეტილების მიღებამდე შემოთავაზებული წინადადება გამხდარიყო განსჯის საგანი
და, ალბათ, შეყვარებულიც ეტყოდა - რამდენი წლით... რამდენი წლით უნდა წახვიდე; აქ
მარტო უნდა მიმატოვო, ჩვენ ხომ ასე გვიყვარს ერთმანეთი და ნახე, როგორი ბედნიერები
ვართო. ისიც მოუსმენდა, დაუჯერებდა, შეეცოდებოდა,“მარტო“ ვერ დატოვებდა და მასთან
დარჩებოდა. სიყვარული ძალიან ბევრს გვათმობინებს და ხშირად ასეთი დათმობები ძალიან
დიდ დანაკარგებთანაც ასოცირდება. სწორედ ამიტომ სიყვარული შეიძლება ძალიან საშიშიც
კი იყოს.
სიყვარული, რომელიც ზემოთ
განვიხილე, ორმხრივი გრძნობა გახლდათ, მაგრამ ამავედროს არსებობს ცალმხრივი
სიყვარულიც. განა ისიც იშვიათია, ახალგაზრდა გოგო-ბიჭები ვენებს რომ ისერავენ, ან
რაიმე სხვა მეთოდებით თავს იკლავენ, რადგან მათი გრძნობა საპასუხო არ არის. რაზე
ფიქრობენ ისინი? იმაზე, რომ უმწეონი, უსუსურები, მიზერულები და საცოდავები არიან,
რომ ისინი არავის უნდა, მათთვის საყვარელ და უძვირფასეს ადამიანს უბრალოდ არ
ანაღვლებს და არ აინტერესებს, მათივე აზრით, ეს ყველაფერი ასე იქნება მთელი
სიცოცხლის განმავლობაში და მუდამ ასე დაიტანჯებიან, ამიტომ არ სურთ ეს, უბრალოდ არ
უნდათ, რომ იმაზე მეტად დაიტანჯონ, ვიდრე აქამდე დაიტანჯნენ, ამიტომ ყველაფრის
დასრულება ერთადერთ ლოგიკურ გამოსავლად ეჩვენებათ. ცალმხრივი და უპასუხო
სიყვარულის დროს, უიმედოდ შეყვარებულთა 90% ფიქრობს, რომ პრობლემა მათშია და ისინი
არ არიან საკმარისად კარგები. როგორც კი ასე ფიქრს იწყებს ადამიანი, მისთვის
მაშინვე ყველაფერი მთავრდება. უიმედობა, დეპრესია, სასოწარკვეთა ერთიანად ატყდება
თავს, თვითშეფასებაც საგრძნობლად უქვეითდება და აღარაფრის, აღარაფრის გაკეთება
აღარ ძალუძს.
მაგრამ სიყვარული ხომ
სიყვარულია, ყველაზე აღმაფრთოვანებელი და მაგარი გრძნობა ქვეყანაზე. პირველი რამ,
რასაც ახალდაბადებული ბავშვი განიცდის დედის აწყლიანებული, გაბრწყინებული თვალების
დანახვისას, მისი ხმის მოსმენისას, მასთან ჩახუტებისას. სიყვარული ადამიანს
შეუძლებელს აძლებინებს და მართალია, რიგ შემთხვევებში ის დემოტივატორიცაა, მაგრამ,
საზოგადო გაგებით, სიყვარული ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოტივატორია ადამიანისთვის. ამ
შემთხვევაშიც განვიხილოთ კონკრეტული მაგალითი: ავიღოთ ერთი საშუალო დონის
სტუდენტი, რომელსაც უყვარს თავისი კურსელი და თავის გამოჩენა და იმის დამტკიცება
სურს, რომ ის საკმაოდ პერსპექტიული, ნიჭიერი და ჭკვიანია. რას აკეთებს ამის
დასამტკიცებლად? ცდილობს, უკეთესი გახდეს, ხალხს და, პირველ რიგში, საყვარელ
ადამიანს თავი დაამახსოვროს. ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკეთ წარმოჩნდეს.
ამასთანავე იწყებს საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვას, თუ ყოველდღე ერთი ძველი, გახეული
მაისურით დადიოდა, ახლა ახალ-ახალი, საკმაოდ სოლიდური პერანგები აცვია და აღარც
დაულაგებელი, აბურდული და გაბურძგნული თმით ცხადდება უნივერსიტეტში. საბოლოოდ, რას
იძლევა მისი ასეთი მოწადინება? ის ხდება ძალიან წარმატებული სტუდენტი. მისი ქულები
მაღლა იწევს, საზოგადოებაც მეტად კეთილგანწყობილია მის მიმართ, სხვა საპირისპირო
სქესის სტუდენტები იწყებენ იმაზე ჩურჩულს, რომ თურმე არც მთლად წყალწაღებული და
ჩანჩურა ყოფილა და შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ სიმპატიური და სასურველი
„სასიძოცაა.“ ამ ადამიანისთვის ყველაფერი იცვლება, ის სიყვარულით ცხოვრობს,
სიყვარულს ასხივებს და ეს შესამჩნევიცაა. სიყვარული მას უკეთესს ხდის. არ არის
გამორიცხული, რომ სატრფოს მაინც არ მოეწონოს, მაგრამ ეს სულაც არ ვრცელდება
ასობით სხვა სტუდენტზე, რომლებიც უკვე ჩუმჩუმად მისკენ თვალს აპარებენ.
სიყვარული ადამიანს უკეთესს
ხდის. ზოგ შემთხვევაში ის მას სწორ გზაზეც აყენებს და თუ ადამიანი ძლიერია და
წამიერად მაინც გაიაზრებს, რომ სატრფოს გულის მოგების მცდელობაში რაღაც ძალიან „მაგარიც“
იპოვა, მიმოიხედავს და დაინახავს, რომ ცვლილებები მართლაც მომხდარა და საზოგადოება
მას უკვე სხვანაირად უყურებს, ის მიხვდება, რომ ეს კარგია და მას ეს მოსწონს,
შემდეგ კი უფრო დიდი შემართებით გააგრძელებს იმავეს კეთებას, ახლა სხვა მიზანს დაისახავს,
დაუმტკიცოს სატრფოს, რომ მან ბევრი დაკარგა და მასზე უკეთესს ვერსად იპოვის.
ადამიანი იცვლება, ის წარმატებას აღწევს. ამჯერად, არა სატრფოს, არამედ საკუთარ
თავს უმტკიცებს, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა და ამასობაში იმასაც ხედავს, რომ უკვე
თავად გამხდარა უამრავი ადამიანის ტრფობის ობიექტი. ამ შემთხვევაში, სიყვარული,
თუნდაც ცალმხრივი იყოს ის, ძალიან ძლიერი მოტივატორია და მას შეუძლია სრულიად
თავიდან გადატვირთოს ადამიანი და მთლიანად შეცვალოს მისი ცხოვრება უკეთესობისკენ,
თუმცაღა ეს მხოლოდ იმ 5%-ის შემთხვევაში ხდება, რომელიც უარყოფის შემდეგ, თავს არ
იკლავს და დანარჩენი 5%-ის მსგავსად ძველი ცხოვრების კალაპოტს არ უბრუნდება.
ძალიან ბევრი მეკითხება
ხოლმე, თუ რას ვფიქრობ სიყვარულზე და როგორ წარმომიდგენია იდეალური სიყვარული. ეს
არის თემა, ალბათ, რომელზე საუბარიც კარგად გამომდის და თითქმის ყველა იმ
მნიშვნელოვან ნაშრომს ვიცნობ, რომელიც ოდესმე ამ თემაზე დაწერილა, დაწყებული
პლატონიდან (Συμπόσιον), მარიო ვარგას ლიოსათ(Travesuras de la niña mala)
დამთავრებული. სიყვარულის ჩემეული გაგება ძალიან ბევრისთვის, ალბათ, გაუგებარიცაა.
არ ვთვლი, რომ ეს უმეტესად შეჩვევაა, მაგრამ ვერც იმას უარვყოფთ, რომ ეს ასე არაა.
შეიძლება, გაიცნო და მოგეწონოს ადამიანი და იფიქრო, რომ მასთან შეიძლება რამე
გამოვიდეს, ანუ დაინახო მასში პერსპექტივა. პერსპექტივა არის ის, რასაც უდიდეს
მნიშვნელობას ვანიჭებ და ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანისთვის ეს ასე უნდა იყოს,
რადგან როდესაც დაბერდები, აღარც ლტოლვა იარსებებს და არც აღარაფრის თავი აღარ
გექნება. სიბერე საყვარელ ადამიანთან შემდეგნაირად წარმომიდგენია: მზის ჩასვლის
ცქერა უზარმაზარი ვერანდიდან, ორი სავარძელი და ხელჩაჭიდებული ასაკოვანი წყვილი,
რომელსაც ახლა უამრავი დრო აქვს სასაუბროდ. ჰო, შეიძლება ვარ კიდეც ცოტა
რომანტიკოსი, თუმცა თავს უფრო პრაგმატულ ადამიანად ვთვლი, მაგრამ რისი
განხორციელებაც სრულიად შესაძლებელია და რაც ილუგიკური არაა, ის სულაც არ
ეწინააღმდეგება პრაგმატიზმს. თუ ადამიანს არ ექნება შესაბამისი განათლება და
ერუდიცია, მარტივად რომ ვთქვათ, ინტელექტი, ალბათ, გართულდება მისი გაგება.
განსხვავებები აუცილებელიცაა და ამაზე „ქალი და მამაკაცი - ინი და იანი“-ში
საკმაოდ დაწვრილებით ვისაუბრე და თავიდან აღარ განვიხილავ, თუმცა თუ ორი ადამიანი
რადიკალურად განსხვავებულ სიხშირეზე ირხევა, ერთმანეთის გაგება, ალბათ, მათთვისაც
წარმოუდგენელი იქნება. ეს ჰგავს მოვალეობის მოხდას და არა იმას, რითაც მართლა
მიიღებ სიამოვნებასა და საკუთარ ცხოვრებას უფრო მეტად საინტერესოს გახდი.
პარტნიორისგან უნდა შეგეძლოს რაღაცების სწავლა. სიყვარული ჩემთვის ესაა რაღაცის
გაცემა და სანაცვლოდ რაღაცის მიღება. თუ ორმა ადამიანმა უნდა შეავსოს ერთმანეთი,
ლოგიკურიცაა, რომ მეორე ნახევრისგან ის მიიღო, რაც თავად გაკლია, სწორედ ასე
მიიღწევა ერთი მთლიანობა. სიყვარული არ არის იქ, სადაც მხოლოდ ერთი აკეთებს
ყველაფერს და მეორე კი სრულიად არაფერს, ეს ეხება ქალსაც და მამაკაცსაც, მაგრამ
ვეთანხმები იმას, რომ არ შეიძლება ორივეს ერთნაირად უყვარდეს, ერთს ყოველთვის უფრო
მეტად უყვარს, ვიდრე მეორეს. ზემოთ განვიხილე, რომ სიყვარული დათმობებზე წასვლას
გვაიძულებს, მაგრამ ის ამავედროს უფრო გაბედულებს, მამაცებსა და ძალაუფლების
მქონენს გვხდის. პრობლემას ვერ ვხედავ იქ, როცა შენი მეორე ნახევარიც პრაქტიკოსი
იქნება და სიყვარულს, თუნდაც შენს სიყვარულს, არც მისცემს თავის დაბრმავების საშუალებას,
თუ ადამიანი გიყვარს და მისთვის კარგი გინდა, ვფიქრობ, რომ არ უნდა გახდე მისთვის
დაბრკოლება და თუნდაც კარიერულ გზაზე ხელი შეუშალო. სიყვარულთან დაკავშირებული
ჩემი მორიგი საყვარელი ფრაზა მარკესს ეკუთვნის, რომელიც ამბობს: „თუ გიყვარს, უნდა
გაუშვა, თუ შენია, დაბრუნდება.“ მე მჯერა იმის, რასაც long-distance relationship
(LDR) ჰქვია. თუ გიყვარს და მართლა გულით გიყვარს, იცი, რომ ის სადღაც, თუნდაც
ათასობით კილომეტრით შორს, მაგრამ მაინც, სადღაც იქაა, არ ვფიქრობ, რომ მისი
დავიწყება და სხვა ვინმეს შეყვარება შესაძლებელია. ეს არის ძალიან კარგი გამოცდა
საკუთარი თავის, პარტნიორისა და თავად თქვენი სიყვარულისაც. თანაც, ცოტათი აქაც
ვიქნები რომანტიკოსი და ვიტყვი, რომ ხანგრძლივი „დაშორების“ (უნახაობის) შემდეგ
საყვარელი ადამიანის ხილვა და გულში ჩაკვრა, მასთან ჩახუტება და მისი კოცნა ბევრად
უფრო აღმაფრთოვანებელი და აღმაფრენია, ვიდრე მასთან ყოველდღიური შეხვედრები. გარკვეულწილად,
თანაცხოვრებაც ხომ ანგრევს სიყვარულს.
თითოეულ ადამიანზე
საახლობლო, სამეგობრო და სანაცნობო წრეს უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლია.
წარმოიდგინეთ, რა ხდება სიყვარულის შემთხვევაში. მეორე ნახევარს შეუძლია მთლიანად
თავდაყირა დააყენოს ჩვენი ცხოვრება. ხშირად მსმენია, რომ უთქვამთ, ქალი ან
აგაშენებს, ან დაგაქცევსო და ეს ნამდვილად ასეა, თუმცაღა არა მხოლოდ ქალის
შემთხვევაში, იგივე შეიძლება ითქვას მამაკაცზეც. ჩვენ ვსწავლობთ საკუთარი
პარტნიორებისგან, ქვეცნობიერად ვითვისებთ მის თვისებებს, ჩვევებს, მანერას, სტილსა
და მას ვემსგავსებით ისევე, როგორც ის გვემსგავსება ჩვენ, ეს ყველაფერი კი
გაუცნობიერებლად ხდება. თუ იპოვი სწორ პარტნიორს, რომლისგანაც ბევრის სწავლას
შეძლებ, რომელთან ურთიერთობისასაც გაიზრდები და ყოველი შეხვედრის შემდეგ რაღაც
დაგრჩება, შენ იქნები ძალიან ბედნიერი, იღბლიანი და წარმატებული, ყოველი ძლიერი
კაცის უკან ხომ ძლიერი ქალი დგას. ჩვენს მეორე ნახევრებს სრულიად შეუძლიათ ჩვენი
ცხოვრების შეცვლა და ჩვენი სწორ და მართებულ კალაპოტებში ჩაყენება.
როცა გიყვარს, აკეთებ
ყველაფერს იმისთვის, რომ ის წარმატებული იყოს. ეხმარები ყველნაირი გზით, როგორც
შესაძლებელია. ჩემთვის ცხოვრების უკანასკნელი და, ალბათ, ყველაზე მშვენიერი აკორდი
მწვერვალზე ასვლაა. თუ ძლიერი ხარ, ამას მარტოც შეძლებ, თუ არასწორი ადამიანი
გყავს გვერდით ამას საერთოდ ვერ შეძლებ, მაგრამ თუ ეს ადამიანი სწორად გყავს
შერჩეული, თქვენ ამას ერთად შეძლებთ. ბედნიერია ის, ვინც იპოვის იმას, ვინც
მწვერვალზე ასვლაში დაეხმარება, ხოლო მასზე ასული კი თავის პარტნიორს ხელს
გამოუწვდის და უკანაკნელი ნაბიჯების გადადგმაში წაეშველება. ამ შემთხვევაში ორივე
შეძლებს ყველაზე მაღალ წერტილზე აცოცებას.როცა იცი, რომ შეგიძლია ამ ადამიანს
დაეყრდნო, იცი, წამით თვალი რომ მოჭუტო, ცხოვრება თავზე არ ჩამოგენგრევა. სიყვარულს
მე არ ვხედავ ყოველდღიურ შეხვედრებსა და ტელეფონით საათობრივ საუბრებში, ჩემთვის
ეს უფრო თანამშრომლობა და კოლაბორაციაა. თქვენ ორივე, ერთად, გვერდიგვერდ მუშაობით
აღწევთ სასურველს, იღებთ სასურველს და თავად მუშაობის პროცესიც განიჭებთ უდიდეს
სიამოვნებასა და ბედნიერებას, რადგან თქვენ ამ საქმეს იმ ადამიანთან ერთად
აკეთებთ, რომელიც ძალიან გიყვართ. ის ადამიანი, რომელიც აწმყოთი ცხოვრობს და
მარტივად რომ ვთქვა, ჰედონისტია, ჰედონიზმი ხომ სიყვარულს არ გამორიცხავს, პირიქით
ის ეძებს სიამოვნებისა და კომფორტის წყაროს და რა უნდა იყოს ეს წყარო, თუ არა სიყვარული,
ვერასდროს შეძლებს მწვერვალზე ასვლას. სიყვარული და საყვარელი ადამიანი გთხოვს
დროს, რომელიც შემდეგ უკვე გაკლდება იმ ნაბიჯების გასათვლელად და გადასადგმელად,
რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია წარმატების მისაღწევად, ამიტომ როგორია იდეალური
სიყვარული? ამაზე ცოტა ორიგინალურად ვუპასუხებდი და ვიტყოდი, სიყვარული გრაფიკში -
აი, როგორია იდეალური სიყვარული; როდესაც შენ იღებ ცხოვრებისეულ გამოცდილებას, შენ
სწავლობ ამ ადამიანისგან და ამავედროს აგრძელებ იმ საქმიანობასა და იმ გზას,
რომელსაც ამ პიროვნების გამოჩენამდე მიუყვებოდი. ხშირადაა, რომ შეყვარებული
ადამიანები დაბნეულები არიან და საზოგადოება გაიცინებს ხოლმე, ოჰ, რა მოხდა,
შეყვარებულია, ეპატიება. ჩემთვის ასეთი რამ ყოვლად გაუმართლებელი და მიუღებელია.
სიყვარული არ უნდა იყოს რაიმეს გასამართლებელი მიზეზი, რადგან სიყვარულს თავად არ
უნდა სჭირდებოდეს გამართლება. როდესაც სიყვარული არ გიშლის ხელს მიზნის მიღწევასა
და წარმატებაში, არამედ გეხმარება კიდეც ამაში, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ის
იდეალური სიყვარულია. არასწორია ის, როდესაც პარტნიორი შენგან მთლიან დროსა და
ყურადღებას ითხოვს, ასეთ შემთხვევაში უბრალოდ დრო აღარ გრჩება სხვა რამისთვის, რაც
შეიძლება ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყოს შენი სამომავლო ცხოვრებისათვის, რადგან
ეს ცხოვრება ხომ თავისთავად მოიაზრებს ოჯახს - მეუღლეს, შვილებს, სამსახურს,
კეთილდღეობასა და წარმატებას.
თუმცა ბოლოს მაინც უნდა
ითქვას ის,რომ უსიყვარულოდ არაფერს არ აქვს აზრი და ძალიან ბევრ რამეს, თითქმის
ყველაფერს ამ ცხოვრებაში სწორედ საყვარელი ადამიანებისთვის და მათ გამო ვაკეთებთ.
მათთვის ვშრომობთ და მათი კეთილდღეობისთვის ვიღწვით, რადგან მათი ბედნიერება
ჩვენივე ბედნიერებაცაა.
გიორგი ჩაჩხიანი
No comments:
Post a Comment