ცალკეულ კულტურებსა და
ერებში არსებული ტრადიციების მიხედვით ადამიანის გარდაცვალების შემდეგ არ იღვრება
არცერთი წვეთი ცრემლი, შავი სამოსის მაგიერ იცვამენ თეთრს და იწყებენ სიცილს. განა
ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი არ არიან აღვსილნი დანაკლისის უზადო განცდით? არა,
საქმე იმაშია, რომ ისინი ბედნიერები არიან იმით, რომ ეს ადამიანი არსებობდა, მათ
ჰქონდათ ამ ადამიანთან ურთიერთობის, მისი გაცნობის,შეყვარებისა და მასთან
მეგობრობის საშუალება. ისინი არიან მადლიერები და გამოხატავენ თავიანთ
მადლიერებასა და სიხარულს, იხსენებ განვლილ გზას და უაღრესად დიდი დანაკლისის
მიუხედავად არიან კმაყოფილნი იმით, რომ ჰქონდათ შესაძლებლობა თავიანთ საყვარელ
ადამაიანთან ერთად გაეარათ ცხოვრების გზა, ცხოვრების გარკვეული ეტაპი.
იმ დიდი დანაკლისისა და
სიცარიელის მიუხედავად, რაც ქ-ნი ნანული ლიპარტელიანის ნაადრევმა გარდაცვალებამ
დაგვიტოვა, შევეცდები ყოველგვარი სევდა განვარიდო ჩემს მოგონებებს და დღეს
ვისაუბრებ მხოლოდ მასზე, რაც ერთი შეხედვით სრულიად ალოგიკური და მეტ-ნაკლებად
სახუმაროა, ვინაიდან მე ვარ ბედნიერი და მიხარია, რომ მქონდა პატივი ახლოს გამეცნო
ეს ყველასათვის საყვარელი და პატივსაცემი ადამიანი, რომელიც არა მხოლოდ მე, არამედ
ყველას, თითოეულ მოსწავლესა თუ მასწავლებელს გამუდმებით ედგა მხარში, მუდამ
გააფთრებული ძუ ლომივით იცავდა ჭეშმარიტებას, იბრძოდა სამართლიანობისთვის ისე, რომ
ხშირად შედეგზე არც კი ფიქრობდა. ისე ჩაერეოდა თუნდაც ახალგაზრდების ქუჩის დავაში
და გამოექომაგებოდა და დაიცავდა მას, ვისაც ჩაგრავდნენ, თუნდაც სრულიად უცხო
ყოფილიყო, რომ სულაც არ იფიქრებდა იმაზე, თუ რა შეიძლებოდა დამართნოდა, რომ
მართლაც თავზეხელაღებული ნაძირლებითაა სავსე ჩვენი ქვეყანა. უბრალოდ ეს იყო მისი
ბუნების, მისი ადამიანობის ნაწილი, ქ-ნ ნანულის თავის მოვალეობად მიაჩნდა
ყოველგვარ უსამართლობას შეწინააღმდეგებოდა და შებრძოლებოდა. ის იყო ყველას ბებია,
ყველას კეთილმოსურვე. არასდროს დამავიწყდება ის სითბო, რომელსაც ჩემ მიმართ
იჩენდა. მის მიერ მოცემული რჩევები სამარადჟამოდ გამყვება და გამიძღვება ცხოვრების
გზაზე. დღეს მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდს გავიხსენებ იმ უამრავი მოგონებიდან, რომელიც
მასთან მაკავშირებს.
ერთ ჩემს მეგობარს ერთი
გოგო უყვარდა, ისიც ჩვენი თანაკლასელი იყო. ვინაიდან, ამჟამად არცერთი აღარ
სწავლობს ჩვენთან, გავკადნიერდები და მათ ამბავს მოვყვები. ბიჭი სიყვარულს
შეეპყრო, ჩვეული ხალისი და სილაღე დაეკარგა, მთელი დღე უგუნებოდ იყო, სკამები
შეეტყუპებინა და უკან მათზე გადაწოლილიყო. მაშინ სწორედ რომ ქ-ნი ნანულის
გაკვეთილი გვქონდა. გამოცდილი პედაგოგი რა თქმა უნდა კარგა ხნის წინ მიმხვდარიყო
ყველაფერს. მივიდა ბიჭთან და ეუბნება: - „ბებია, დავიტანჯე შენი საცოდაობით,
მართლა კარტოფილისჭამია ხომ არა ხარ, მიდი და უთხარი“-ო, თანაც წამოდგომა და
გასწორება სთხოვა. ბიჭმა კი მხოლოდ უპასუხა: „გთხოვთ, ვიწვები რა“-ო. ქ-ნმა ნანულიმ
არაფერი უთხრა, უხმოდ გაშორდა და გოგოსთან მოვიდა. გვარით მიმართა:
- გაიგონე, ბიჭმა რა თქვა, ვიწვებიო... - მეც იქ ვიყავი, თავიდან ვერ
მივხვდით რას გულისხმობდა, ცოტა ხანი შეიცადა და დაუმატა, - ვიწვებიო, სიყვარულით
ვიწვებიო, - თქვა და მაშინვე გაგვშორდა.
ასეთი კომიკური, ცოტათი
უხერხულიც, მაგრამ დასამახსოვრებელი და გონივრული სიტუაციები ხშირი იყო. კიდევ ერთ
ამბავს გავიხსენებ, რომლის მონაწილეც უშუალოდ მე გახლავართ. ერთ დღეს, მგონი
სამშაბათი იყო, ზუსტად არ მახსოვს, ცოტანი ვიყავით და გაკვეთილი არ ჩაატარა,
თავისუფალი დრო მქონდა და ერთი ლექსი დავწერე - „გოეთეს “ახალგაზრდა ვერტერის
ვნებანის” წაკითხვის შემდეგ“, რომელიც სწორედ ამ რომანის სიუჟეტს მიუყვებოდა და
თემატურად ანალოგიური იყო, მოზღვავებული სიყვარულისაგან ჩადენილი თვითმკვლელობა.
ლექსი ქ-ონ ნანულის წავუკითხე, ფრიად მოეწონა, შემდეგ კი ცოტა გოეთესა და მის
შემოქმედებაზეც ვისაუბრეთ. იმავე დღეს რაღაც კონკურსი გვქონდა განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროში. ფართო ნაცნობობა ჰქონდა და კონკურსის დასრულების შემდეგ
რესურსცენტრის წარმომადგენლებს ესაუბრებოდა. ამ დროს გამოვიარე, დამინახა და
დამიძახა. მეც მათთან მივედი. ჩემზე ელაპარაკებოდა, ზუსტი სიტყვები აღარ მახსოვს,
მაგრამ დაახლოებით ასეთ რამეს ეუბნებოდა: -„თქვენ არ იცით ეს რა ნიჭიერი ბიჭია,
წერს, უკვე გაზეთებშიც იბეჭდება მისი ნაშრომები, დღეს კი გოეთე მითარგმნა“-ო,
ჩემთვის ჩამეღიმა, უბრალოდ ლექსი დავწერე, გოეთეს მთარგმნელი ნამდვილად არ ვიყავი,
მაგრამ რესურსცენტრის წარმომადგენლებმაც დიდი ამბით ჩამომართვეს ხელი. როცა
გავშორდით მითხრა: „კარგია, გიცნობდნენ მაინც, რაღაც პროექტს აკეთებენ თურმე და
მერე ამათთან ითანამშრომლე, მომავლისთვის გამოგადგება“-ო.
ქ-ნმა ნანულიმ ჩვენი
მრავალწლიანი ნაცნობობის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ მისაყვედურა, ეს 2016 წლის
ნოემბერში მოხდა, როდესაც „ლიტერატურულ საქართველოში“ პირველად დამბეჭდეს.
მახსოვს, გაზეთი მხოლოდ დამრიგებელს მივუტანე, როცა ეს გაიგო, ეწყინა და მითხრა: -
„მე რატომ არ მაჩვენე?“-ო, მაშინ არ ვიცოდი რა მეთქვა, როდესაც, ალბათ, ჩემი
ყველაზე დიდი გულშემატკივარი სწორედ ის იყო, მახსოვს მთელი კვირა ჩანთით როგორ
დაატარებდა ამ გაზეთს, იმის შემდეგ ჩემი ყოველი სტატია თუ მოთხრობა მიმქონდა,
კითხულობდა, მოსწონდა, ზოგჯერ, მაგალითად „ბაბუზე“ ატირდა კიდეც და მითხრა: „რა
გინდოდა, რას მერჩოდი“-ო.ზუსტად ხვდებოდა იმ სათქმელს, რისი თქმაც მსურდა. ერთ-ერთ
მოთხრობაზე ღიმილით მკითხა კიდეც, „-ნიკი შენ ხარ?“-ო, დავფიქრდი და ვუპასუხე:
„ვიყავი“-მეთქი. სწორედ ესაა, სიტყვებით ერთი შეხედვით უაზრო და კონტექსტიდან
ამოვარდნილი ეპიზოდი, მაგრამ სწორედ რომ მისი მეტყველი მზერა და ღიმილი ამბობდა
ყველაფერს. ამის შემდეგ მხოლოდ ერთი რამ მითხრა, რაც უამრავ ფილოსოფიურ
მოძღვრებასაც კი აღემატებოდა. ეს იყო რიტორიკული შეკითხვა : „რატომ არ ბრძოლობ?“
სწორედ ასეთ კითხვებში იმალებოდა რჩევები, შეხედულებები, ზუსტად იცოდა რა და როგორ
უნდა ეთქვა, მოკლედ, ზედმეტი და ყოველგვარი ჩაძიებების გარეშე. იტყოდა ლაკონურად,
პირდაპირ და, როგორც იტყვიან, ზუსტად მიზანში მოარტყამდა. რთული იყო მისთვის
თვალებში გეყურებინა და თუნდაც წამიერად მაინც არ აგერიდებინა მზერა, მაგრამ ერთი
შეხედვით მისი ამ სიმკაცრის მიღმა იმალებოდა უდიდესი სამყარო, კეთილშობილი,
მოსიყვარულე, თბილი და თავისი ოჯახის, მეგობრებისა და სამშობლოს ერთგული, უაღრესად
პატიოსანი და პატრიოტი ქალბატონი.
გასახსენებელი კიდევ
ბევრია, რადგან ის იყო ადამიანი, რომელიც ყველას ეხმარებოდა და ყველას დახმარება
სურდა, რის გამოც ხშირად იქმნებოდა კომიკური სიტუაციები. კიდევ ერთი ეპიზოდი რომ
გავიხსენოთ, ჩვენი სკოლის ერთ-ერთ მოსწავლეს სხვა სკოლის მოსწავლე ორი ძმიდან
ერთ-ერთი მოეწონა,ქ-ნმა ნანულიმ ეს გაიგო, წავიდა, მეორე ბიჭს თავისი ძმის ნომერი
გამოართვა და გოგონას მოუტანა, მაშინ ამაზე ბევრი ვიცინეთ. თავს მეტით აღარ
შეგაწყენთ, რადგან ასეთი ისტორიების გახსენება დაუსრულებლადაა შესაძლებელი.
ერთადერთი, რის გამოც გული არ მწყდება არის ის, რომ ნანული ლიპარტელიანი არ იყო
ადამიანი, რომელსაც უარსებია, არამედ ის არის ადამიანი, რომელსაც უცხოვრია.
ცხოვრება ხომ ისაა, რაც გახსოვს, დანარჩენი კი უბრალოდ არსებობაა, მე დარწმუნებული
ვარ, რომ ქ-ნი ნანული თითოეულ ჩვენგანს სამარადჟამოდ ეხსომება და ჩვენ მას
არასდროს დავივიწყებთ, უბრალოდ, რომც მოგვინდეს, ვერ შევძლებთ მისნაირი სამაგალითო
და ღირსეული ადამიანის დავიწყებას. მისი ცხოვრების წესი და გზა ნამდვილად არის
მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა, როგორ უნდა დაიცვას სუსტი და
ჩაგრული, იბრძოლოს ჭეშმარიტებისთვის და ყოველი ცისმარე დღე დაიხარჯოს სამშობლოს
უკეთესი მომავლის შენებისა და უკეთესი თაობების აღზრდისათვის. მე ვარ ბედნიერი,
რომ ვიცნობდი ასეთ ადამიანს, რომლის სანთელიც უდროოდ ჩაქრა, მაგრამ ამ სანთლის
გიზგიზისგან გამოწვეული სინათლე და სითბო არასდროს დაიკარგება და არასდროს მიეცემა
დავიწყებას.
გიორგი ჩაჩხიანი
No comments:
Post a Comment