ხშირად მედავებიან
მეგობრები ბედის არსებობის როგორ გჯერა, ყველა ადამიანი საკუთარ ბედს თვითონ ქმნის
და აქ განგება რა შუაშიაო, მაგრამ, მოდით, დავსვათ კითხვა რა არის ბედი? ზოგს ის
ასე წარმოუდგენია: ღმერთმა დაწერა ადამიანების ცხოვრება, ისინი მიწას მოავლინა და
ახლა აქ ეს პიესა თამაშდება, რომ თუ ბედისწერის არსებობას დაიჯერებ მოგიწევს
აღიარება, რომ შენ უბრალო მარიონეტი ხარ და შენ მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი
წინასწარ გათვლილი და დაწერილი იყო. ეს მტკნარი სიცრუა და როდი ნიშნავს იმას, რომ
თუ მე ბედის არსებობის მჯერა ამ ბოდვას ვეთანხმები, პრობლემა იმაშია, რომ თავად
მათ არ ესმით ბედის, ვინც მის არარსებობას თავგამოდებით ამტკიცებს. მაინც, რა არის
ბედი?
ყველა ადამიანი საკუთარ
ცხოვრებასა და ისტორიას თავად წერს, მაგრამ ზოგჯერ რიგი ფაქტორები და გარემოებები
ამის გაკეთებაში ხელს გვიშლიან, სწორედ ესაა ბედი. მოდი იმ ადამიანის მაგალითი
განვიხილოთ 9/11-ის დროს თვითმფრინავში რომ უნდა მჯდარიყო, მაგრამ რაღაც სასწაულის
წყალობით არ კი არა, ვერ ჩაჯდა. თადარიგი დაიჭირა და აეროპორტში ადრე მისულმა
აღმოაჩინა, რომ ბილეთი თან არ ჰქონდა, სახლში დარჩენია მაშინ, როდესაც არასდროს
არსად არაფერი არ რჩებოდა. ეს ხომ განზრახ არ გაუკეთებია, მეტიც მან ყველაფერი
გააკეთა იმისთვის, რომ თვითმფრინავზე რაც შეიძლება ადრე ასულიყო და კუთვნილი
ადგილიც დაეკავა, მაგრამ რაღაც სასწაულის წყალობით ბილეთი შინ დარჩა. სასწრაფოდ
სახლში დაბრუნდა, ბილეთი აიღო, იჩქარა, ტაქსიც სწრაფად გააჩერა, მაგრამ
თვითმფრინავს მაინც ვერ მიუსწრო, ვესტიბიულში დაჯდა და თავი ხელებში ჩარგო, როგორ
მომივიდა, მე ხომ არასდროს არაფერი არ დამრჩენიაო, საკუთარ თავს ადანაშაულებდა.
მოგვიანებით გაიგო, რომ ბორტზე ყველა დაიღუპა მის გარდა, რას იტყოდა ეს ადამიანი?
გადავრჩიო. სხვები რას იტყოდნენ? გადარჩა, ბედიც, იღბალიც ამას ჰქონიაო.
ბედ-იღბალი ეს ერთი სიტყვაა და მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. რამ დაატოვებინა ბილეთი სახლში თუ არა ბედმა,
ზოგი მეტყვის ადამიანია და უბრალოდ დარჩაო, რატომ მას და არა ვიღაც სხვას? ეს ერთი
მაგალითია, ერთი ადამიანის ისტორია იმ 7 მილიარდი კაციდან, დედამიწაზე რომ
ცხოვრობს. სათითაოდ ყველას ვერ განვიხილავ, მაგრამ აბა წარმოიდგინეთ, რამდენი
ასეთი მაგალითი არსებობს, ყველა როგორ შეიძლება ერთბაშად გამოტვინებულიყო? ეს
იდუმალებაა და იდუმალება კი თავად ბედში იმალება. გჯეროდეს რაღაცის და არ იცოდე
რისი სწორედ ესაა სიცოცხლის საიდუმლოება ძარღვებში სისხლს რომ გიჩქეფს და გულს
ფანცქალს აწყებინებს. ცვაიგიც ხომ ამავეს ამბობდა: „ეს არ ვიცი და არც მინდა
ვიცოდე, რადგან მწამს, ნამდვილ სიცოცხლეს ის განიცდის, ვინც თავისი ბედის
იდუმალებით ცხოვრობს.“
მოდით, დავსვათ კითხვა ვის
სწამს ბედის და ვინ აღიარებს მას? კეისარი, ალექსანდრე, ნაპოლეონი იმ ადამიანებს
განეკუთვნებოდნენ, ვინც საკუთარ დანიშნულებად და ბედისწერად მწვერვალების
დაპყრობას მიიჩნევს. ბედი ერთგვარად უფლის მადლსაც კი ემსგავსება, თუ ჭეშმარიტი
ქრისტიანის ცხოვრებით ცხოვრობ, გწამს და ამისთვის სათანაოდ ირჯები კიდეც უფრო დიდი
შანსია ღვთის მადლი შენზე გადმოვიდეს და უფალი უფრო დაგეხმაროს ვიდრე იმას, ვინც
წყალწაღებულ და არაქრისტიანულ ცხოვრებას ეწევა, ათ მცნებას კი ფეხქვეშ თელავს.
ბედიც ასევეა, თუ ირჯები, დაუღალავად შრომობ და იღწვი მიზნის მისაღწევად ბედიც
უთუოდ დაგიდგება მხარში და ცხოვრებაში გაჩნდება ის რიგი ფაქტორები და გარემოებები,
რომლებიც მომენტალურად მწვერვალზე გადაგისვრიან. სწორედ ამიტომაა, რომ როგორც
ბალზაკი ამბობს: „ბედი არასოდეს არ უღიმის არც სულელებს და არც უნიჭოებს.“ უნდა
გაისარჯო იმისთვის, რომ ბედი შენთან მოვიდეს, უნდა დაანხო, რომ მისი გწამს,
გჭირდება და მზად ხარ მწვერვალების დასაპყრობად. „ბედი ძლიერისა და მამაცისკენ
ილტვის. წლების მანძილზე ყურმოჭრილ მონად უხდებოდა ცალკეულ პიროვნებებს: კეისარს,
ალექსანდრეს, ნაპოლეონს; უყვარს სტიქიური სულის ადამიანები, რომლებიც თვით მას-
შეუცნობელ სტიქიას ჰგვანან. მაგრამ ზოგჯერ, საუკუნეში ერთხელ ან ორჯერ, ახირებული
ვნებათაღელვით ატაცებული სულ უბრალო პატარა მოკვდავს მიეახლება. ზოგჯერ - და ეს
კაცობრიობის ისტორიის უსაკვირველესი წუთებია - ბედის ძაფი ერთადერთი მთრთოლვარე
წამით არარაობის ხელში აღმოჩნდება გამომწყვდეული. ეს ადამიანები ყოველთვის
თრთოლვას განიცდიან შიშისაგან, და არა ბედნიერებას. თრთიან სწორედ იმ დიდი
პასუხისმგებლობის გამო, რომელმაც მათ მსოფლიოს საგმირო ასპარეზისაკენ უნდა
გაუკაფოს გზა, და აკანკალებულნი თითქმის ყოველთვის ხელიდან უშვებენ კარზე მომდგარ
ბედნიერებას. იშვიათია, რომ რომელიმემ მთელი ძალღონით აიტაცოს შესაძლებლობა და
მასთან ერთად თავისი თავიც ზეაიმაღლოს. რადგანაც მხოლოდ ერთი წამით თუ ჩაუვარდება
ხოლმე ხელში უბრალო მოკვდავს დიადი საქმე. და ვინც ამ ერთ წამს ვერ შეიფერებს,
მისთვის იგი სამუდამოდ დაიკარგება.“ - შტეფან ცვაიგი. ამიტომ ჩივიან, რომ ბედი
მათგან მიდის, საქმე კი იმაშია, რომ თავად არ აქვთ უნარი ბედით სარგებლობისა,
გამოიყენონ ეს შესანიშნავი შესაძლებლობა, ირწმუნონ მისი და დაიპყრონ მწვერვალები.
სერვანტესი ამბობდა:“ ვისაც არ აქვს უნარი ბედით სარგებლობისა, როცა ის მოდის,
ნურც მაშინ ჩივის, როცა ის მიდის.“ ვერაფერს ვიტყვით, ცამდე მართალი იყო ეს კაცი.
მგონი ზემოთ დავრწმუნდით,
რომ მხოლოდ ბედი ვერაფერს გვიშველის თუ მას ძლიერი გონება არ დაუხვედრე, ადამიანის
ამ ორი უზენაესი ძალის გაერთიანება კი წინაპირობაა სიდიადის, გრანდიოზული აპოგეის
მიღწევისა. კაცი ჭედს თავის ბედს საკუთარი გარჯითა და შრომით, მაგრამ შემდეგ უკვე
ამ გამოჯედილ ბედთან ერთად ცხოვრობს და სწორედ მისი უშუალო დახმარებით შეძლებს
ცხოვრების შემოტრიალებასა და უკეთესობისკენ შეცვლას. ბედი თავის მხრივ გონებასაც
კი აღემატება და თუ ბედი არ გაგაჩნია, შესაძლოა ძლიერი გონება მის გარეშე ვერაფერს
გახდეს. იმაში, რომ ბედისწერა გონსაც ჯაბნის გვარწმუნებს ფრანგი მწერალი ფრანსუა
დე ლაროშფუკო, რომელიც ამბობს: „ ბედისწერა იმ ნაკლსაც კი
გამოგვასწორებინებს,რომელსაც ვერ გამოასწორებდა თვითონ გონებაც.“
ალბათ, ხშირად გვინახავს
გამდიდრებული სულელები და გაგვჩენია კითხვა, ამათმა ფული როგორ იშოვესო, ეს მათი
გონების დამსახურება ვერ იქნებოდა. საქმე გამართლებასა და იღბალშია, იღბალი კი
უშუალოდ ბედთანაა დაკავშირებული, შემდეგ კი შეძლეს და ბედის ძაფი, რომელზედაც
ცვაიგი საუბრობდა ხელში შეინარჩუნეს. გონების გამოწრთვნა და მისი გაძლიერება,
გაუმჯობესება შესაძლებელია და ეს არასდროს არ არის გვიან, ხომ გაგიგიათ, სწავლა
სიბერემდეაო, მაგრამ მცირეოდენი გამართლების გარეშე კი მეეჭვება ვინმე გამდიდრდეს
რაც არ უნდა ბრწყინვალე გონების პატრონი იყოს, ის ასეთ დროს თავად იზიდავს
გამართლებას, იღბალს, ბედს და შემდეგ ხდება წარმატებული, რისი მაგალითებიც
ისტორიაში საკმაოდ ბევრია.
ბედი საკმაოდ აქტუალური
თემაა სიყვარულშიც. ამას მოკლედ განვიხილავ, ქორწილის დღეს პატარძალი ამბობს
ხოლმე, მაშინვე მივხვდი ჩემი ბედი რომ იყოო. ისინი, ვინც ბედის არარსებობას
ამტკიცებენ, უთუოდ იტყვიან დამთხვევები არ არსებობსო, რადგან დამთხვევებიც ბედის
ნაწილს შეადგენენ, მაშინ აბა როგორ ახსნიან იმას, რომ ამდენი ალტერნატივიდან
მომავალი ცოლ-ქმარი ერთ კურსზე, ერთ აუდიტორიაში გვერდიგვერდ მოხვდნენ, კაცმა
მომავალი მეუღლე და თავისი შვილების დედა მაღაზიის რიგში გაიცნო, ამხელა ქალაქში,
ზუსტად მის წინ იდგა ის ქალი და უეცრად შემობრუნებული სწორედ თავის მომავალ ქმარს
დაეჯახა. ეს უბრალო ჰიპოთეზებია და ვიცი, რომ მყარ არგუმენტებსაც არ შეიცავს,
მაგრამ სიყვარულისა და ბედის კავშირის ახსნა და დასაბუთება ჩემი მიზანი ნამდვილად
არ არის, ამიტომ თუ გნებავთ დაიჯერეთ, ან საერთოდ ამოიღეთ ეს ბოლო აბზაცი, რადგან
ასეთი თეორიული უბრალო ვარაუდების მიმართ თავადაც სკეპტიკურად ვარ განწყობილი.
ალბათ, ზოგი ამისი წამკითხავი შემედავება და თავს გააქნევს, ეს რანაირი მწერალია
საკუთარ ნაშრომში, რომლის მიზანიც სხვების დარწმუნებაა საკუთარ თავს აკრიტიკებს და
ამბობს, რაღაც საკმარისად კარგად ვერ დავწერეო, მაგრამ, დაე, გამაკრიტიკონ, ეს
სიმართლეა და ვინაიდან ამ ესეს მთავარი თემა სიყვარული და ბედი არ არის ამას ისევე
დავტოვებ,როგორც არის, ჰიპოთეზის დონეზე.
თითქმის ყველა წარმატებულ
ადამიანს სჯერა ბედის, რადგან მათ ის სწყალობს, კვლავაც ლაროშფუკოს მოვიშველიებ და
ვიტყვი, რომ: „ბედს ბრმად თვლიან მხოლოდ ისინი, ვისაც ის არ სწყალობს.“ თუ წარმატებული
პიროვნება გამოვა და იტყვის, რა ბედი, რა გამართლება ყველაფერს ჩემი შრომით
მივაღწიე და მხოლოდ პირადად მე მეკუთვნის მთელი პატივიო, მაშინ ის პატივმოყვარე
გამოვა და ბედიც უთუოდ მიატოვებს, რადგან ასეთ დროს, როგორც კონსტანტინე
გამსახურდია იტყოდა: „ ყოველივეს,რასაც ბედი გვაძლევს, იგივეს წაიღებს ბოლოს“.
ხშირადაა, რომ დიდი ადამიანები საუბრობენ განგებაზე, ბედისწერაზე და საკუთარი
მონაპოვარის გამო ღმერთს მადლობას უხდიან. როგორც არაერთხელ აღვნიშნე ბედი
სურვილის, გონების, გარჯისა და ჟინის გარეშე არაფერია და მათ გარეშე ის არც მოვა,
მაგრამ ოდესღაც კი აუცილებლად მოვა და როცა ეს მოხდება, მას წინ ვეღაფერი
დაუდგება. „ბედისწერა და ჟინი - აი რა მართავს სამყაროს.“ - ფრანსუა დეს ეს
სიტყვებიც ამავეს ამტკიცებს.
დიახ, მეგობრებო, მე მწამს
ბედისწერის არსებობის, მჯერა, რომ უმიზეზოდ არაფერი ხდება და ყველაფერს ჩვენს
ცხოვრებაში აქვს თავისი მიზეზი, თუნდაც
ქუჩაში ნებისმიერ უცხო ადამიანთან შეხვედრას, რამის დანახვას, გრძნობის გაჩენას,
მოსმენილ ნებისმიერ ფრაზასა თუ სიტყვას, თითოეული ეს დეტალი განსაზღვრავს ჩვენს
ცხოვრებას, ჩვენს გზასა და სურვილს, ჟინს თუ რამდენად გვინდა ბედი ჩვენთან მოვიდეს
თუ არა. ბედი ერთგვარი სასწაულია, რადგან მას სწორედ რომ სასწაულების მოხდენა
შეუძლია, როგორიცაა რაღაც ზებუნებრივი ძალით ცოცხლად გადარჩენა და თვითმფრინავზე
უნებურად დაგვიანება მაშინ, როდესაც ყველაფერი განსაზღვრული გქონდა წინასწარ, რომ
ბორტზე უნდა ასულიყავი და ამ ისტორიას წერდი, ამ ცხოვრებას იქმნიდი შენი პირადი
სურვილით, მაგრამ რაღაც სასწაულის წყალობით ასე არ მოხდა, ამ სასწაულს ჰქვია ბედი,
და იმისთვის, რომ სასწაული მოხდეს უნდა ირწმუნო მისი, დაიჯერო სასწაულის
არსებობის. მე მჯერა ბედის სასწაულისა ისევე, როგორც იმ სასწაულისა, ქრისტე რომ
მკვდრეთით აღდგა და ზეცაში ამაღლდა, რომ წყალი ღვინოდ იქცა, რომ მუნჯი ალაპარაკდა...
ბედი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოვა თქვენთან თუ მას ირწმუნებთ, წინააღმდეგ
შემთხვევაში კი ნუ დაიწყებთ იმის თქმას, რომ ის არ არსებობს მხოლოდ იმის გამო, რომ
მისი სასწაული თავად არ შეგიგრძვნიათ. ბედის არსებობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ
თავისუფალი აზრი არ არსებობს, მეტიც, სწორედ თავისუფალი აზრია ის გასაღები,
რომელიც ბედამდე მისასვლელ კარებებს აღებს. მგონი ამომწურავად ვისაუბრე და გავეცი
პასუხი ყოველ კითხვას, რაც ოდესმე ჩემთვის დაუსვამთ ამ საკითხის მიმართ, უბრალოდ
მე მაინც ვერაფერს დავაჯერებ იმას, ვინც საკუთარი აზრის, თუნდაც მცდარი აზრის,
მართებულობასა და სისწორეში ჯიუტადაა დარწმუნებული და მას არაფრის დიდებით არ
შეიცვლის, მაგრამ მწერლის ვალია ჭეშმარიტებისა და სიმართლის აღწერა, მას აქვს
უნარი და ძალა ცადოს და დაანახოს სხვას რეალობა, რეალური სამყარო, სადაც რაც არ
უნდა წარმოუდგენელი და დაუჯერებელი იყოს, არსებობს ისეთი სასწაული, რომელსაც ბედი
ჰქვია.
გიორგი ჩაჩხიანი
No comments:
Post a Comment