„სწავლის ძირი მწარე არის,
კენწეროში გატკბილდების“-ო, - ეს გურამიშვილს მრავალი წლის წინათ უთქვამს. არის კი
სიტკბოების აპოგეა სკოლის უკანასკნელი დღე და ბოლო ზარი? ალბათ, არის, რადგან
ყველას, 47-ეს ასზე მეტ კურსდამთავრებულს თუნდაც ერთი წამით მაინც გვაერთიანებდა
საერთო განცდა, გულწრფელი, ჩვეულ თვალთმაქცობასა და პირფერობას მოკლებული,ემოცია. ეს
იყო სიხარული, ზოგისთვის მეტად, ზოგისთვის ნაკლებად, მაგრამ მაინც, იმის
გაცნობიერება, რომ ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი პერიოდის - ბავშვობის - სიმბოლო
სკოლა დამთავრდა და ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში იშლება ახალი გვერდი, ახალი
ფურცელი, ამიერიდან თავად ვხდებით მემატიანენი საკუთარი ისტორიისა და იწყება ის
ცხოვრება, რომლისთვისაც სკოლამ მოგვამზადა. ბევრი ამბობს, რომ სკოლა უბრალოდ დროის
კარგვაა და ცხოვრებისთვის საჭირო
უნარ-ჩვევებს აქ ვერ ისწავლი, ჩემთვის ასე არ იყო და თუ ცხოვრების რამე მაინც
გამეგება, ამაში დიდი წვლილი ჩემს უძვირფასეს პედაგოგებს მიუძღვით, რადგან 47-ე არ
იყო და არ არის სკოლა,რომელშიც მხოლოდ ქიმიურ გარდაქმნებსა და მათემატიკურ
განტოლებებს სწავლობ. რჩევები, რომლებსაც მასწავლებლებისგან ხშირად ვიღებდი,
ნამდვილად შეუფასებელი საგანძურია. მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო მათ, რადგან
ამ წლების განმავლობაში არ იშურებდნენ გარჯას, შრომას და ყოველი მათგანი გულით
ცდილობდა უკეთეს პიროვნებებად ვექციეთ. ყოველთვის დიდი სიამაყით ვამბობდი, რომ
მართლაც საუკეთესო მასწავლებლები მყავდა და არ მჭირდებოდა სისტემატიურად
რეპედიტორებთან სიარული, რათა ესა თუ ის საგანი კარგად და საფუძვლიანად
შემესწავლა. მოსწავლეზე ორიენტირებული მასწავლებლები, - სწორედ ასე დავახასიათებდი
იმ პროფესიონალების გუნდს, რომელიც 47-ეში ასწავლის. ზოგმა შეიძლება ჩაიცინოს
კიდეც, არ ვიცი, უბრალოდ თუ იყავი მონდომებული და სწავლას მოწყურებული, ამას
ნამდვილად იგრძნობდი და შეამჩნევდი, სხვისა კი რა მოგახსენოთ. თორმეტი წლის
განმავლობაში არ მახსენდება არცერთი წამი, როდესაც რომელიმე მათგანი გვერდში არ
დამდგომოდა და არ დამხმარებოდა. სკოლის პერიოდში ძალიან ბევრი ვერ აცნობიერებს ამ
ყველაფერს, მაგრამ გავა დრო და შენ მკითხველო, რომელსაც ახლა სახეზე ირონიული
ღიმილი გაქვს მოფენილი, მიხვდები ჩემი სიტყვების მნიშვნელობასა და არსს.
სანამ უშუალოდ სკოლის ფენომენზე ვისაუბრებ, მანამდე მინდა ორიოდე სიტყვა იმ
კონკრეტულ სკოლაზე მოგახსენოთ, რომელსაც უდიდესი ადგილი უკავია ჩემს გულში და
რომელსაც ყოველთვის დიდი სიყვარულითა და დანანებით მოვიგონებ.
ეს არის სკოლა, რომელიც 1846 წელს
დაარსდა, თავისი ისტორიით ერთ-ერთი უძველესი საქართველოში. იმ პერიოდისთვის
თბილისში არსებობდა მხოლოდ ვაჟთა პირველი კლასიკური გიმნაზია და 1846 წელს
დაარსებული წმ. ნინოს ქალთა სასწავლებელი, რომელიც 1921 წელს თბილისის მე-8 შრომის
სკოლად გადაკეთდა, 1943 წელს - თბილისის 1-ლ ქალთა სკოლად, ხოლო 1954 წლიდან მის
სახელში დამკვიდრდა რიცხვი 47, რომელიც მას შემდეგ უცვლელი დარჩა. წლების
განმავლობაში იცვლებოდა დასახელების ცალკეული დეტალები, მაგრამ არაბული ციფრებით
ჩაწერილი ეს რიცხვი კი არა და თითოეულ კურსდამთავრებულს ჰქონდა პატივი ჰრქმეოდა
47-ელი. ფაქტია, რომ ეს სკოლა დღესდღეისობითაც ერთ-ერთ საუკეთესოდ და მოთხოვნად
სკოლად ითვლება, რასაც მოწმობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ
ყოველწლიურად გამოქვეყნებული სია პირველკლასელთა მიღების მხრივ ყველაზე მოთხოვნადი
სკოლების შესახებ და წლებია, 47-ე საუკეთესო სამეულს არ ტოვებს. განათლებისა და
მეცნიერების ყოველი მინისტრი ერთხელ მაინც გვწვევია(ორ მათგანთან -თამარ სანიკიძესა და მიხეილ ჩხენკელთან შეხვედრის პატივი თავადაც მქონდა) და დაუფარავი აღტაცება და
შთაბეჭდილებები გამოუთქვამს, სტატისტიკა
ყველაფერს ამბობს, მაგრამ ამ ყველაფრის მიღმაც იმალება ის ისტორია, რომლის
შესახებაც ბევრმა არ იცის. 47-ეს საკმაოდ ბევრი ცნობილი და წარმატებული
კურსდამთავრებული ჰყავს, მაგრამ რადგანაც ხვალ 26 მაისი და ამასთანავე ჩვენი
ქვეყნის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავიცაა, 47-ეს
დანიშნულებას ისტორიული კუთხით განვიხილავ. ახალი საქართველოს ისტორია დაიწყო
ზუსტად 100 წლის წინ და ეს ისტორია ნადვილად ვერ გაგრძელდებოდა რომ არა ჩვენი
ქვეყნის ღირსეული მამულიშვილები - ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა. ქართული
სულით აღვსილი ეს ჭაბუკები ჰაერიდან ნამდვილად არ მოსულან. ისინი იმ სულიერი
საზრდოთი საზრდოობდნენ, რომლის მიღების პატივიც მეც მქონდა. სწორედ 47-ეს
კედლებში, ერთ საკლასო ოთახში გაიცნეს ერთმანეთი ზემოხსენებულმა ეროვნულმა
გმირებმა, ამ სკოლის კედლებში დაიბადა თავისუფლებისთვის ბრძოლის იდეა, რასაც
შემდეგ „გორგასლიანის“ შექმნა მოჰყვა. 47-ე საჯარო სკოლა ყოველთვის იყო, არის და
იქნება ქართული ფასეულობების, პატრიოტიზმის, თავისუფლებისა და ეროვნული
პრინციპების მატარებელი და შემდგომში ყოველი 47-ელი იქნება აღვსილი ამ
ჭეშმარიტებითა და ღირებულებებით.
დიახ, მე ამაყი ვარ, რომ მაქვს პატივი ვიყო 47-ელი და ორმაგად ბედნიერი, თუკი
მქონდა საშუალება და შესაძლებლობა, თუნდაც სხვადასხვა ოლიმპიადაზე, პროექტსა თუ
კონკურსში გამეტანა და დამეცვა სკოლის სახელი, მისი ღირსება და პრესტიჟი. დრო
მოვიდა ჩირაღდანი, რომელსაც რამდენიმე უკანასკნელი წლის განმავლობაში ვატარებდით,
მომავალ თაობებს გადავულოცოთ და ისინი გახდნენ ამ უდიდესი კულტურისა და ისტორიის, 47-ე
საჯარო სკოლის სახელისა და ღირსების მცველები. წარმატებებს ვუსურვებ მათ ამ მეტად
ურთულეს და საპასუხისმგებლო საქმეში!
ახლა კი, თუკი ჯერ კიდევ არ მოგწყენიათ და კითხვას აგრძელებთ, ზოგადად
სკოლის ფენომენზე მოგახსენებთ. დღეს, როდესაც წარწერებიან პერანგს ვათვალიერებდი,
ერთ-ერთ წარწერას წავაწყდი, ვიღაცამ დამაწერა: „ჩაჩხო, გვეშველა!“-ო, - წავიკითხე
და გამეცინა. მე არ ვთვლი, რომ მეშველა, ანდაც რაიმე მქონდა საშველი. მეტიც, ჩემს
ერთ ნაწილს გულიც კი დასწყდა სკოლასა და იმ გარემოზე, რომელშიც 12 წელი გავატარე. ჩემთვის
სკოლა არასდროს არ ყოფილა მოსაწყენი და ერთფეროვანი, პირიქით, არაერთი გასვლითი
ღონისძიება და ის აქტიური სასკოლო ცხოვრება, რომელსაც 47-ე მოტივირებულ
მოსწავლეებს სთავაზობს სკოლის პერიოდს ჩემთვის კიდევ უფრო ხალისიანსა და
საინტერესოს ხდიდა. მომეცა უამრავი ადამიანის გაცნობის შესაძლებლობა, ზოგი მათგანი
შემდგომში ჩემი ახლო მეგობარიც გახდა. ამ ყველაფერმა კი გამზარდა, უკეთესი „მე“ და
საკუთარი თავი აღმომაჩენინა. უბრალოდ არ მესმის როგორ შეიძლება არ მოგწონდეს ეს
ყოველივე. შეიძლება გავიდეს დრო და დაგავიწყდეს ფიზიკის ფორმულები, ანდა რომელიმე
რომანტიკოსის დაზეპირებული ლექსი, მაგრამ ის გულწრფელი ემოცია, აღტაცება და
გამოცდილება, რომელიც სკოლის პერიოდში განვიცადე და დავაგროვე, არასდროს
დამავიწყდება და მუდამ ჩემთან, ჩემი სულის განუყოფელი ნაწილი იქნება. დიახ, მე არათუ მომწონდა, არამედ მიყვარდა ჩვენი
ბავშვობის ის „ჯოჯოხეთი“, რომელსაც ერქვა სკოლა და ერქვა 47-ე.
დღეს ბოლო ზარი გვქონდა. სკოლა დავამთავრეთ.
ბავშვობის ფურცელი გადაიფურცლა.
გიორგი ჩაჩხიანი.
25.05.18. პარასკევი.
წარმატებულ გზაზე გატაროს უფალმა.დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის.
ReplyDeleteგმადლობთ!
Deleteმასწავლებლისთვის ყველაზე დიდი ჯილდო მოსწავლის მადლიანი სიტყვაა!ღნერთმა დაგლოცოს ამ წერილისთვის! მჯერა ბევრს გულზე მალამოდ დაედება და ..... მეც მათთან ერთად. ხშირად მოგძებნი -გიორგი სად ხარ - და იქ შენსავით ჭკვიანთვალება ბიჭი დამხვდება! წარმატებები!
ReplyDeleteგმადლობთ, ბედნიერი ვარ, რომ თქვენნაირი მასწავლებელი მყავდა!
Delete