ხიდზე ვიდექი მარტო,
წყალს შევსცქეროდი შმაგურ.
კანკალმა ამიტანა
სამყაროს მიმცა გიჟურს.
ყურში ჩამესმა წუილი,
თითქოს ვიღაცა მიხმობს.
ეს არც ღმერთია, არც ეშმა,
ჩემში ვიღაც სხვა მეფობს.
ის მიხმობს და ის მეძახის,
რა უნდა ვინ გაიგებს,
რად არ მაცდის მშვიდად სიკვდილს,
და რის გამო მაწამებს.
არ აქვს ზომა და არც ფორმა,
არც სახე გააჩნია,
მისი ხმაა საკვირველი,
თითქოს მეტად ბოხია.
ის მიხმობს და ის მეძახის,
თითქოს წყლიდან მიყურებს,
მიხვედრია ჩემს საწუხარს
და მასზედა ქადაგებს:
-ეული რად ხარ, ძამიკო,
ეული მხოლოდ მე ვარ.
-იქნებ მითხრა, შენ ვინა ხარ?
-მე თავად სიკვდილი ვარ.
-მე ახლა მინდა რომ მოვკვდე.
-რად გინდა, რისთვის სცოდავ?
რა დროს სიკვდილის დრო არის,
მოეშვი, რეებს ბოდავ?
შენ ოჯახი გყავს ქვეყნად,
დედა, რომ ჩაეხუტო,
მამა, რომ მოუსმინო,
და-ძმა, რომ დაეხმარო.
ცოლი გყავს სანუგეშოდ
და სიყვარულით იწვი.
თუ შვილიც არ გაზარდე,
მაშინ რიღასთვის იღწვი?
მეტყვი, რთულია სიცოცხლე,
პრობლემას პრობლემა მოსდევს,
მთელი სამყარო გაწვება
და გაჭირვებაც თან გდევს.
მაშინ მე რა ვთქვა დღედაღამ
ხორბლებს თავთავებს ვუყრი.
მე არც ცოლი მყავს, არც შვილი,
არც დილა მაქვს, არც მწუხრი.
მე სიცოცხლეც კი არ მაქვს,
ვერავინ მიტანს ქვეყნად,
გულიც არავის შესტკივა
ჩემზედ,რომ ვიქეც ობლად.
გგონია ჩემთან კარგია?
სიკვდილს სიცოცხლე რად სჯობს?
ყველაფრით, რაც გაბადია
სიცოცხლე სიკვდილს მეტობს.
გაქცევით თავს ვერ უშველი,
მხოლოდ ლაჩარი გარბის
და თუ მომავალს განახებ
ვიცი,რომ იწყებ ტირილს.
კუბოს დასტირებს შვილმკვდარი
დედა ძაძებშემოსილი,
სახეს დაიხოკს მეუღლე
სულს გაუმსჭვალავს ტკივილი.
კუთხეში შვილი იჯდება,
იტირებს გულამოსკვნილი,
იძახებს: -მამა, დაბრუნდი,
მაგრამ რას შველის ჩივილი.
ნუთუ ეს გინდა, ძამიკო,
ესაა თავისუფლება?
ვერ გაექცევი ცხოვრებას,
ლახვარი გულში დაგრჩება.
შენ დაგაძაგებს ყოველი
და შენს კისერზე იქნება,
შენი ოჯახის, ცოლ-შვილის
ყოველი უბედურება.
რად გინდა ასე სიკვდილი,
როცა ცხოვრება წინა გაქვს,
რა იცი ბედი რას გჩუქნის,
იქნება, რა განუზრახავს.
ამდენი ხანი ვარსებობ,
და რაც ვისწავლე ეს არის,
დარდს სიხარული მოყვება,
ხდება ეს ასე ყოველთვის.
და თუ იმედი არ კვდება,
ცხოვრებაც აღარ გბეზრდება
და სიყვარულის წყალობით
ყოველი გამოსწორდება.
ახლა, მითხარი, ძამიკო,
გსურს გახდე ცრემლის მიზეზი?
არ შეცდე და არ ჩაასო
დედის გულს ბასრი ისარი.
არ დააობლო პატარა,
არ აატირო კუთხეში,
აკოცე და მოეფერე,
გაზარდე თბილად უბეში.
ესა თქვა და დაასრულა,
უმალ მიჩუმდა სიკვდილი.
მე ისევ ხიდზე ვიდექი,
დავიწყე ჩუმად ტირილი.
შევკარი მუშტი ძლიერად,
დავხუჭე ჩემი თვალები,
ბოლოჯერ ვნახე წყლის ღელვა
და განვიქარე დარდები.
გიორგი ჩაჩხიანი
No comments:
Post a Comment