ბუხარში ცეცხლი გაჩაღებულა,
ცეკვავენ შიგნით ცეცხლის ენები.
მხურვალე გიზგიზს ვერას ვუხერებ
და მის შემყურე მეწვის თვალები.
ფიჩხების მტვრევა საზარლად ისმის,
ყოველ წამს თითოს ედება ალი.
ცეცხლი მიხმობს და ცეცხლი მეძახის,
მეც შევსცქერი და მეღლება თვალი.
უკვე ცრემლიც მდის სინანულისა,
ხელში ავიღე მე ეს საკეცე
და ნაკვერჩხალიც ხომ გავაღვივე,
ეს ყოველივე მე გავაკეთე!
ახლა კი იმ ცეცხლს ვერ ვუძლებ, მდაგავს
მე რომ დავანთე ენთუზიაზმით,
გასაჩაღებლად რაღა არ ვქენი,
ახლა კი ვიწვი ამ სიმხურვალით.
ტემპერატურა პიკს აღწევს გულში,
თითქოს კანიც კი შემოვიხიო,
ოღონდაც შვება ვიპოვნო სულში,
აღმოვაჩინო ნეტარი სიო.
დიდი კოცონის გასაჩაღებლად
ჩემი ლექსებიც კი მივეცი ცეცხლს
და დავწვი ყოველი გასათბობად,
რაღა უშველის აწ იმ წერილებს.
ალბათ, ამიტომ გიზგიზებს ცეცხლი
ასე მხურვალედ და ასე ძლიერ.
ახლა კი ვნანობ, ნეტავ შემეძლოს
და მე ვიწვოდე ლექსის მაგიერ.
გიორგი ჩაჩხიანი
No comments:
Post a Comment