ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე
ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

Wednesday, February 15, 2017

საკუთარი თავის ძიებაში

ყოველი კაცი თავისი არსით
ამ ბუნებაში გამოვლინდება.
კაცის გუნება ვერას დამალავს
და ყველაფერი გამომჟღავნდება.

შევსცქერი ტყეებს, მწვერვალებს, ჭალებს,
კლდეზე ჯიხვს მხტომარს, არწივის ფრენას,
ბუმბერაზ მუხას, თოვლის ფანტელებს,
ყურს ვუგდებ ჭიკჭიკს და მგლების ღრენას.

მე რომელი ვარ, რითი ვსულდგმულობ,
შემიპყრო კითხვამ და ჩამაფიქრა.
მე ვგავარ ზეცაში მფრინავ არწივს
და მიწიერი სულიც გამიქრა.

მე ენძელა ვარ, გრძნობით აღვსილი
თოვლის ქვეშ ახლად დაბადებული,
თუმცა უბიწო, დაუჭმუჭნავი,
ზეცის წვეთებით ცვარდანამული.

მგლისებრი ღრენა გარდამსახვია
ბულბულის ხმატკბილ ჭიკჭიკად, სტვენად,
დავატკბობ ჟღერით მთელ არემარეს
და ჰარმონიას მოვავლენ ქვეყნად.

მე ის მუხა ვარ, მთის წვერზე რომ დგას,
მიწაში ფესვნი ძლიერ გაუდგამს,
ვერას დააკლებს ქარების ქროლვა
და მიიკარებს მხოლოდ ციურ ნამს.

მაგრამ არწივის მზერით დავყურებ
მე იმ ენძელას, იმ მუხას, ბულბულს,
რად ვგავარ თოვლის ქათქათა ფიფქებს?!
მსურს ვგავდე ელვას, ზეციურ ქუხილს.

ახლა კი მესმის მე სინამდვილე
და შეცდომებიც გასაგებია.
განმშორებია ის სინატიფე
და ღამეც უმალ გამთენებია.

ენძელავ, რარიგ შემიყვარდები
და მონატრების განცდა შემიპყრობს,
მაგრამ თოვლის ქვეშ გამოძინებას
ვარჩევ ცას ფრენას, მწვერვალი მიხმობს.

ფრთების დაქნევით მივაღწევ მწვერვალს
და მის კალთებზე ვირბენ ჯიხვივით.
ასე ვიპოვნი თავისუფლებას
და ავისრულებ ნებას ყიჟინით.

შევეკითხები, ვინც რომ ჩემს გულში
ეს საოცარი ვარდები დარგო,
რა განეზრახა და რა უნდოდა
და ამ ვარდებმა ნეტავ რა მარგო?!

გაფურჩქნულან და აყვავებულან
ის ვარდებიც და ლურჯი იებიც,
ნიავი კიდევ სინაზით ათრობთ,
მისით დამთვრალან ეს თოლიებიც.

შემამეცნებენ ისინი ნაპირს
და მეც უმალვე მას ვეხეთქები.
მე ოკეანის აზვირთულ ტალღად
ქცეული უკვე სწრაფად ვმშვიდდები.

ეს ნაზი სიო მაფხიზლებს სწორედ
და ღიმილს მომფენს ტანჯულ სახეზე.
ვინ ვარ, სად ვარ და რას ვეძებ ნეტავ,
ლოცვას აღვავლენ უფლის სახელზე.

და ყველაფერი ნათელი გახდა,
ჭეშმარიტება გაჟღერდა ცხადად,
მზემ გამანათა სინათლის სხივით
დანაბარების გადმოსაცემად.

გიორგი ჩაჩხიანი

No comments:

Post a Comment