ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე
ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

Saturday, February 11, 2017

სიყვარულის ბალადა


(პოემა)

იქ, სადაც არც თოვლი იცის და არც უხვი ნალექი,
სადაც ბგერის ჰარმონიით გაჟღენთილა ჰაერი
მოჩუხჩუხებს მდინარე და არემარეს აცოცხლებს,
აქ მიწაა დალოცვილი, ერი კი მადლიერი.

სადაც უცხო სიამენი აკრძალული ხილია
და მის გამო რაღატომღაც ყველა ბედნიერია,
იქ რწმენაც კი ურყევია, სულიც გალაღებული,
აქ მიწაა დალოცვილი, ხალხი თავისუფალი.

სადაც მიწა ზეცას ერწყმის, ისმის სტვენა ბულბულის.
ადგილს ნახავ, თვალწინ გიდგას მიწიერი სამოთხე,
მდინარის პირს აღმართულან, ზეცისკენ ისწრაფვიან
გინდ მანგოსა და გინდ კივის, თუნდაც ავოკადოს ხე.

ჩიტის სტვენას ბანად ერთვის ხმოვანება ჭაბუკის,
მდინარის პირს მიუყვება ფეხაკრებით, სიჩუმით,
უცებ შედგა, ჩაიმუხლა და პეშვით შესვა წყალი,
სახეც იმ წყლით განიბანა დიდი კრძალვით და რიდით.

რომ ჰგონია მარტო არის ამ ზეციურ მიწაზე,
უცებ ესმა ნაბიჯის ხმა, ძლიერ შეკრთა ჭაბუკი,
დაინახა უცაბედად უცხო ქალი კოკითურთ
და ბულბულმაც კვლავ დაიწყო საამური ჭიკჭიკი.

ქალს ემოსა აბრეშუმის სარაფანა ფერადი,
რომლის მხრებზეც ჩამოშლოდა შავი კულულ-დალალი.
წყალს ავსებდა მორიდებით, თუმცა დიდი სინაზით,
ეტყობოდა მის სახებას იყო მეტად ალალი.

თვალს ვერ სწყვეტდა ქალს ჭაბუკი, სწვეოდა გაოცება,
მოხიბლული, დაზაფრული ერთობ იყო ყმაწვილი.
სილამაზეს და სინაზეს ჰქონდათ ერთად ზეიმი,
მათ წინაშე თავდახრილი იყო ყველა ყვავილი.

უცებ ქალმაც გამოხედა, წამით შეკრთა, შეშინდა,
უკან წადგა ნაბიჯი და დინებამაც დაჯაბნა.
გამოსტაცა კოკა უცბად და თავისთან წაიღო,
გადაეშვა მდინარეში, არც ჭაბუკი დაიბნა.

გაცურა და ხელთ ჩაიგდო სანატრელი ჭურჭელი,
კოკა პატრონს გაუწოდა ერთობ დიდი სიმორცხვით.
ქალმაც თითქოს გამოსცადა, შეხედა დაკვირვებით,
შემდეგ კოკა გამოართვა, შეეგება ღიმილით.

ამ ღიმილში იგრძნობოდა კეკლუცობაც, სინაზეც,
მაგრამ თვალს ვერ უსწორებდნენ, რცხვენოდათ ერთმანეთის
და გაისმა ქალის სიტყვა მეტად ნაზი ბგერებით,
- გმადლობ, - უთხრა და შეჩერდა მოლოდინში პასუხის.

არ იცოდა თუ რა ეთქვა, რა პასუხი გაეცა,
იცოდა ქალი დააფრთხო, ამას ძლიერ ნანობდა.
ქალს შეხედა, კვლავ დამუნჯდა, განა რა უნდა ეთქვა,
ვერ შეჰბედა ვერაფრის თქმა და უსიტყვოდ გაშორდა.

ტყეს შევარდა, შორს გაიქცა, გაშმაგებით მირბოდა
და უხურდა მთელი სახე, გულიც აძგერებოდა.
-ეს რა ვქენი, - თავს იგვემდა - ღმერთო, რა ჩავიდინე.
სწვავდა ალი მხურვალების, მაგრამ რად, ვერ ხვდებოდა.

ღამით ქალი დაესიზმრა, მოსვენება ვერ ჰპოვა,
თვალებს ხუჭავს, ესახება, გაახელს და კვლავ ხედავს,
აჩრდილად სდევს ის ღიმილი, საოცნებო, სპეტაკი,
კვლავაც უნდა მისი ნახვა, მაგრამ ვერაფერს ბედავს.

-ეს რა მყავი, რა დამმართე - ეუბნება ხატებას,
ისიც უფრო გაუღიმებს, მთლად შმაგს აქცევს ყმაწვილკაცს.
მასზე ფიქრობს, მას უმღერის და ოცნებას ეძლევა,
ის სწვევია, რაც ამქვეყნად გააგიჟებს ყოველ კაცს.

დრო გავიდა, მაგრამ ფიქრებს ვერა უყო ჭაბუკმა,
კიდევ უფრო შეუყვარდა უცხო ქალის ზმანება.
მისმა მზერამ წამიერმა ყველაფერი არია
და ახლა ის სხვებისავით მორევში იძირება.

ვერ გაუძლო მონატრებას, თვით სიმორცხვეც დაჩრდილა.
გზას გაუდგა მდინარისკენ, იქნებ კვლავაც იხილოს
მისი სატრფო, ის ქალღმერთი, მონად რომ ჰყო ჭაბუკი.
ეს აქვს მხოლოდ დარდად ყმაწვილს,ამ ტრფობის ალს გაუძლოს.

შებინდდა და ფეხს არ იცვლის, იცდის,იცდის, კვლავაც იცდის,
იცდის დღეც და იცდის ღამეც, მაგრამ ტყუილად, ფუჭად იცდის,
არსად არ ჩანს მისი სატრფო, მისი კოხტა თვალისჩინი,
სულ მარტოა სამოთხეში და ტანჯვასაც დიდს განიცდის.

რა აზრი აქვს ნეტარებას, თუ არა გყავს გვერდით სატრფო?
ვისაც უნდა ეტრფიალო, ვინაც უნდა შეიყვარო.
მის გარეშე ამ სამოთხეს აღარა აქვს თვისი ხიბლი
და ძნელია სიყვარულის გარეშე რომ გაიხარო.

დაედაგა ყმაწვილს გული, სულმა კიდევ ლმობა იწყო,
რა უშველის? მხოლოდ სატრფოს ხილვა იხსნის, გადაარჩენს.
მისი სათნო ღიმილი და მისი სანუკვარი მზერა
ყმაწვილს წამლად მოედება, ის იხსნის და ის მოარჩენს.

რამდენიმე დღე გავიდა, მაგრამ დრო ხომ იმედს ვერ კლავს,
და გამოჩნდა კოკით ხელში, თავმომწონე და კეკლუცი,
მაგრამ ამ დროს უნაზესი, ანგელოზის მსგავსი, დარი
დინჯად მოდის, ფრთხილ ნაბიჯს დგამს, გულმაც იწყო ფაცი-ფუცი.

ხე შენიშნა დაზაფრულმა, დაიმალა მის ზურგს უკან
თან ქალს უჭვრეტს, გული უძგერს, სული კიდევ ეხუთება.
გაილია არემარე, ეს სიმწვანეც სადღაც გაქრა,
მდინარემაც დაიდუმა, მხოლოდ ქალი ესახება.

ესმის მისი სუნთქვის რიტმა,მისი გულის ნაზი ცემა,
ის უყვარს და ის სწადია,რომ მის გულში ჰპოვოს ბინა.
შორიდან სჭვრეტს სილამაზეს,  უფრო მეტად უყვარდება
და ამ გრძნობამ უცხო ქალი ყმაწვილს გააღმერთებინა.

ოჰ, როგორი ლამაზია, იმ დროს კოკით წყალს რომ იღებს,
მისი ტანის მოძრაობა, მისი რხევა, სინატიფე…
ნეტარებას წვეულ ჭაბუკს დრო რომ გადის განგებაა,
ის კი ტრანსში ჩავარდნილა და ამუნჯებს სილამაზე.

მაგრამ ჰოი სიყვარულო, რა ძალა გაქვს ამისთანა,
რომ აღავსებ შენს მოყვარეს უდიდესი თავის რწმენით,
გავიწყდება ყოველივე, ვინ იყავი და რას იქმნდი,
ახლა სხვა ხარ, უკეთესი და აღვსილი სითამამით.

გაბედა და გამოვიდა ხის ჩრდილიდან, სიბნელიდან,
როცა სატრფოს დაენახა, თვით იერიც შეეცვალა.
გაუბრწყინდა ის თვალები, მუდამ ლანდი რომ დაჰკრავდა,
მკაცრ სახეზე კი ოდნავად ღიმილიცა შეეპარა.

ქალი შედგა, გაიმართა, მზერა სტყორცნა უნდოდ ჭაბუკს
და შესცქერდნენ ერთურთს დინჯად,ამავედროს ინტერესით.
-ან ახლა ან აღარასდროს,-ჩასჩურჩულა ყმაწვილს გონმა,
დაუარა ჟრუანტელმა და თქვა მეტად დამორცხვებით,

-გამარჯობა, - გაუღიმა, ქალმაც ასე უპასუხა,
-გაგიმარჯოს, - მიუგო და კიდევ უფრო გაუღიმა.
-ბოდიშს გიხდი, არ მინდოდა, იმ დღეს ძლიერ შეგაშინე.
და უეცრად არემარე აღავსო ბულბულის ჰანგმა.

-არა უშავს, - უთხრა ქალმა და ორივემ ტოტს შეხედა,
სადაც ნაზად ირხევოდა და გალობდა იადონი.
-მე სალმა ვარ, შენ რა გქვია?  -ჰკითხა ქალმა ინეტერსით.
-ასილერი-უპასუხა და გაირღვა თითქოს ბრონი.

-მძიმე არის, იქნებ შევძლო და მცირედით დაგეხმარო?
-კარგი,-უთხრა და გადასცა კოკა წყლით დამძიმებული,
გზას გაუდგნენ, ისაუბრეს და ბევრჯერაც გაიცინეს,
კვლავ აღივსო ნეტარებით, გალაღდა სული ტყვედქმნილი.

თავისუფლად ყოფნა მიწის და ამ ქვეყნის ღირსებაა,
მაგრამ მხოლოდ სიყვარულს სძალუძს შეცვალოს კანონები.
ამ დროს, როცა მორჩილება სულში აღწევს და გულს გიძგერს
გავიწყდება ყოველივე და მაშინვე ტყვედ იქმნები.

ეს ტყვეობაც ძლიერ გხიბლავს და არ ცდილობ შებრძოლებას,
საყვარელი ქალის ნება კანონია უპირობო
და მისადმი მორჩილება ნეტარებად გესახება,
მზად ხარ დათმო ყველაფერი და სიყვარულს დაემონო.

მაგრამ ზოგჯერ ბედი გიხმობს და არ გტოვებს ტყვეობაში,
მაშინ მხოლოდ გულში გრჩება მოგონება მწვალებლური.
თუმცა ბედმა გაუღიმა ასილერს და გაანათა
მისი გზები, ბილიკები, მოუვლინა საჩუქარი.

ჩანს ქალსაც რომ მოეწონა, ფრთხილი, ზრდილი, ვაჟკაცური,
ინტელექტით, სიბრძნით სავსე და ცხოვრების გამოწრთვნილი
და მის შემდეგ რაც არსებობს, ყველაფერი ფერფლად იქცა,
დარჩა მხოლოდ სიყვარული და ღიმილი მომნუსხველი.

იმ დღის შემდეგ კიდევ ბევრჯერ შეხვდნენ ერთურთს ბულბულები,
დინების ხმას ყურს უგდებდნენ და ერთმანეთს შესცქეროდნენ.
სიყვარული გაიზარდა, გაძლიერდა და გაღვივდა,
ამ ტრფიალში იწვოდნენ და ამ რწფელ გრძნობას მორჩილებდნენ.

სიყვარული ბრწყინვალეა, მაგრამ მასაც კი აქვს ნაკლი,
თავდაჯერებულს რომ გაგხდის, ეს ხომ არის აქსიომა,
თითქოს სამყაროს ბატონობ, წინ ვერავინ დაგიდგება,
რასაც გინდა მას მიაღწევ, ეგებ ეს არის შეცდომა?!

მას სიფრთხილე არ სჩვევია, არ ცნობს ხიფათის შეგრძნებას,
საყვარელი ქალის გამო არაფერს არ უშინდები
და მწველ ცეცხლშიც შევარდები, უყოყმანოდ თავს გაწირავ,
თუკი საფრთხე დაემუქრა სატრფოს არას ეფრთხილები.

თუ შეშინდა თვალისჩინი, მის თვალს ცრემლი გაეკარა,
გავიწყდება ყველაფერი, დედა აზრი ხდება იგი.
ოღონდ რამით ანუგეშო და კომფორტი მოუვლინო,
მხოლოდ ეს გაქვს გუნებაში, ვერ დაჩრდილავს ამას შიში.

რადგან შიში სიყვარულის დროს არ იცი თუ რა არის,
სიყვარული შიშს რომ არ სცნობს სწორედ ესაა სასჯელი
და თუ ქალი შემოგხედავს სიკვდილიც კი უმანკოა,
მედგრად ხვდები ბედისწერას, მოსახდენს მშვიდად მოელი.

ვაჟკაცობაც მაშინ გღუპავს და ჩუმ-ჩუმად საფლავს გითხრის,
მაგრამ სიყვარულს თუ ჰმონებ, უნდა გასცე საფასური.
თუმცა რითი გადაიხდი, ღმერთის გარდა არვინ იცის,
ამიტომაც დროულადვე უნდა გამოაცხო პური.

სილამაზე ხშირად გვაბნევს, კარგად ნიღბავს ბოროტებას
და მდინარის ნაცვლად გხვდება აზვირთული ოკეანე.
იმ დღეს პირველად არ ჟღერდა ბულბულის ხმა საამური,
უჩვეულო ქარი ქროდა, არ მოჰქონდა მას სიამე.

შებინდდა და ტყეს შევიდნენ, გზას გაუდგნენ შინისაკენ,
უბრწყინავდათ მათ თვალები, ერთურთს ისე შესცქეროდნენ,
უღიმოდნენ ჩუმად, მალვით და ფიქრობდნენ თავიანთთვის,
ბედნიერნი გამხდარიყვნენ და ამისთვის ღმერთს მადლობდნენ.

ტყეში თითქოს ლიანები თვით ზეციდან ჩამოეშვნენ
და ბილიკებს ამშვენებდნენ, როგორც ტაძარს ჩუქურთმები.
მიჰყვებოდნენ მშვენიერ გზას, ეძლეოდნენ აღმაფრენას
და რწფელი განცდებით ძგერდნენ გალაღებული გულები.

მაგრამ უცებ არემარე შეძრა სალმას დაკივლებამ,
სიხარულის ნაპერწკლები მის თვალებში შიშით ჩაქრნენ,
აუთრთოლდა ბაგეები, გული სხვაგვრად აუძგერდა
და მომავლის იმედები უსასრულოდ გაიფანტნენ.

თუმცა თუკი სიყვარული ჭეშმარიტად ღვივის გულში,
კაცი ყოველთვის დაიცავს საყვარელ ქალს განსაცდელში.
ასილერმაც დაინახა, რამაც ქალი შეაშინა,
არ დაფიქრდა, ვერც მოასწრო ჩავარდნა საგონებელში.

მისთვის სალმას კეთილდღეობა გამხდარიყო მთავარი,
ამ დროს მართლაც შენი თავი ხდება მეორე ხარისხოვანი.
დროულადვე იმოქმედა,საფრთხეს თვალებში ჩახედა
და სიყვარულის წყალობით შიშმაც ვერა გაუბედა.

სწორედ მაშინ იგრძნო ჩხვლეტა, მაგრამ მაინც ივაჟკაცა,
მოიშორა სიბოროტე და გველი ორად გაწყვიტა.
-არა უშავს, არ შეშინდე, - თქვა და მიწას დაენარცხა,
ასეთი იყო განგება, ასე ბედმა გადაწყვიტა.

შხამი გულისკენ დაიძრა, მაგრამ რა უნდა დააკლოს,
სიყვარულის საბუდებელს ვერ წაბილწავს ვერაფერი.
და სინდისიც სუფთა არის, ნამუსიც გათეთრებული,
ასილერი თუმცა კვდება, მაგრამ არის ბედნიერი.

მან დაიცვა თვისი სატრფო და პირობა აღასრულა,
თვალს ცრემლი სდის სიხარულის, მწუხარების, სინანულის,
ბოლოჯერ სურს გამოუტყდეს, უთხრას - მე ძლიერ მიყვარხარ,
მაგრამ ვეღარ ლაპარაკობს, ახლა იპყრობს განცდა შიშის.

-ასილიერ, ასილიერ, - ხელს ჩაბღუჯავს უცხო ქალი,
ნაზად კოცნის, თან დასტირის მწუხარების ცხარე ცრემლით.
-მეც მიყვარხარ, ასილიერ, არ წახვიდე, ჩემთან დარჩი,
ჩემო კარგო, ასილიერ, - გოდებს იგი ღრმა წუხილით.

მაგრამ მოკვდა ბედნიერი საყვარელი ქალის მკლავში,
ვერც სიბერემ დააჩოქა, ვერც შეიცნო სიძულვილი.
მოკვდა რწფელი გრძნობით სავსე, სიყვარულით გაჟღენთილი
და სწორედ ამის გამო იყო ვერ იგრძნო ვერც ტკივილი.

თვალზე ბინდი ჩამოუწვა და გაქვავდა დანახული,
სალმას სახე სანუკვარი აღებეჭდა სამუდამოდ.
ქალი გულზე გადაემხო, დაუსველა ის ცრემლებით,
სანუგეშოდ დარჩენია,რომ არ მომკვდარა ამაოდ.

და თუ მოკვდა ასილერი, არ მომკვდარა სიყვარული,
იგი უფრო გაძლიერდა, კიდევ უფრო აგიზგიზდა.
ასეთია სიყვარული საფრთხილო და საშიშარი,
მაგრამ ისე აგვამაღლებს, როგორც ასილერ ამაღლდა.

სიყვარული უკეთესს გვხდის, გაგვანათებს, გაგვაბრწყინებს,
სულის ყოველ კუთხე-კუნჭულს ბედნიერებით აღავსებს.
და თუ არის ტრაგიკულიც, მაინც მოგგვრის ნეტარებას,
ეს გრძნობაა ზეენარი, გულს სიტურფით რომ აძგერებს. 

გიორგი ჩაჩხიანი

No comments:

Post a Comment