ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე
ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

Sunday, February 26, 2017

იმ ღამით

(წ.ს.-ს)

იმ ღამით, როცა სიზმრად გიხილე
მე უჩვეულოდ ძლიერ მიყვარდი.
გული მიძგერდა, სული შფოთავდა
და მონატრების მორევს ჩავვარდი.

მონომანიად იქეცი იმ წამს,
ისე მინდოდა გვერდით მყოლოდი,
რომ შენთან ყოფნის თითოეულ წამზე
მთელი ცხოვრების წუთებს გავცვლიდი.

იმ ღამით მივხვდი რომ უშენობა
არ შემიძლია, წუხილი მიპყრობს,
დავთმობდი შენთვის განვლილ ცხოვრებას
და მომავალის ხასხასა მინდორს.


გიორგი ჩაჩხიანი

ბოდიში

ბოდიშს გიხდი რომ გამოგიყენე
და ეგოიზმიც გამოვავლინე.
ასეთი არ ვარ, ნამდვილად არ ვარ,
მაგრამ არ ვნანობ რაც ჩავიდინე...

გარდაუვალი ყოფილა თურმე
ის ყველაფერი, რაც გავაკეთე,
და საკუთარი თავის შეცნობის
ფასიც რომ შენით გადავიხადე.

ნეტავ იცოდე როგორ განვიცდი
და ბოდიშს გიხდი ამ ყველაფრისთვის,
ვწუხვარ და ხელში მიპყრია ამ წამს
კალამი ცოდვის გამოსყიდისთვის.

მაგრამ ნუ მთხოვ რომ ვნანობდე რამეს
და სინანული თვალთ ცრემლებს მდენდეს,
ვერ დავუშვებ, რომ თვითგვემას ვგრძნობდე
და მომავალში დაღი დამაჩნდეს.

არ ველი თითქოს გამიგო რამე,
მაგრამ მინდა რომ მაინც იცოდე,
როგორ ვწუხვარ და განვიცდი შენთვის,
ნეტავ ამ წუხილს შენც ჩემებრ გრძნობდე,

რათა იცოდე, თუ რა ღრმაა იგი
და რა სიმძაფრით მიფეთქავს გული.
ბოდიში, წამით რომ შეგიცოდე
და სარკე მოგეც მე რეალური.

რადგან რომ არა საჭიროება,
ვფიცავ, რომ ამას არ ჩავიდენდი
და შეკითხვასაც საბედისწეროს
არაფრის გამო არ დაგისვამდი.

იკმარე მხოლოდ ეს ერთი ლექსი,
მე მეტჯერ ბოდიშს აღარ მოგიხდი
და თუ ვერ მიტან და გულით მძაგავ,
ამ დანაშაულს გამოვისყიდი.

გპირდები, რადგან მე მჯერა ამის
და რისიც მჯერა, ყველაფერს ვაღწევ
და თუნდ მიზნებსა და თუნდ ოცნებებს,
მე რეალობად უთუოდ ვაქცევ!

გიორგი ჩაჩხიანი

Sunday, February 19, 2017

ყველა ჩემს "მომღერალ" მეგობარს

ასე ჩუმად რად მღერ,ძმაო,
დასჭექე და შემოსძახე,
შენზე უკეთ მომღერალი
ამ ქვეყნად მე ვერსად ვნახე.

შენ კი მღერი ნაზად, მორცხვად,
მელანქოლიური ბგერით,
აღავსებ გულს ემოციით
და მეც მატკბობ შენი ჟღერით.

შენ გისმენ და თითქოს სხვაგან
დავფრინავ და დავფარფატებ,
ბულბულის ხმის პატრონი ხარ,
ამიტომაც დაგაფასებ.

მაგრამ მხოლოდ მე რად მატკბობ,
იმღერე და ინავარდე,
გააგონე ხმა მსოფლიოს,
შეცდომაში არ შეხვიდე.

მავანი ხომ მრავლად არის,
თუ გეტყვიან ცუდად მღერი,
არ ირწმუნო მათი სიტყვა
და არ გაახარო მტერი.

დაიჯერე ჩემი სიტყვის,
რადგან მე ხომ მართალს ვამბობ,
ბულბულის ხმა დაგნათლია
და ამ ჯილდოს ლექსით ვამკობ.

გიორგი ჩაჩხიანი

Saturday, February 18, 2017

ბუხარში ცეცხლი გაჩაღებულა

ბუხარში ცეცხლი გაჩაღებულა,
ცეკვავენ შიგნით ცეცხლის ენები.
მხურვალე გიზგიზს ვერას ვუხერებ
და მის შემყურე მეწვის თვალები.

ფიჩხების მტვრევა საზარლად ისმის,
ყოველ წამს თითოს ედება ალი.
ცეცხლი მიხმობს და ცეცხლი მეძახის,
მეც შევსცქერი და მეღლება თვალი.

უკვე ცრემლიც მდის სინანულისა,
ხელში ავიღე მე ეს საკეცე
და ნაკვერჩხალიც ხომ გავაღვივე,
ეს ყოველივე მე გავაკეთე!

ახლა კი იმ ცეცხლს ვერ ვუძლებ, მდაგავს
მე რომ დავანთე ენთუზიაზმით,
გასაჩაღებლად რაღა არ ვქენი,
ახლა კი ვიწვი ამ სიმხურვალით.

ტემპერატურა პიკს აღწევს გულში,
თითქოს კანიც კი შემოვიხიო,
ოღონდაც შვება ვიპოვნო სულში,
აღმოვაჩინო ნეტარი სიო.

დიდი კოცონის გასაჩაღებლად
ჩემი ლექსებიც კი მივეცი ცეცხლს
და დავწვი ყოველი გასათბობად,
რაღა უშველის აწ იმ წერილებს.

ალბათ, ამიტომ გიზგიზებს ცეცხლი
ასე მხურვალედ და ასე ძლიერ.
ახლა კი ვნანობ, ნეტავ შემეძლოს
და მე ვიწვოდე ლექსის მაგიერ.

გიორგი ჩაჩხიანი

Friday, February 17, 2017

Walkabout

  ამდენი წელია დავდივარ... დავდივარ და არ ვიცი სად, რატომ, რისთვის, უბრალოდ მჯერა,რომ თუ გავჩერდები თუნდაც წამიერად, ეს იქნება სამუდამო გაჩერება. მე კი მწამს, რომ თუ არასდროს შევწყვეტ მოძრაობას, მაშინ სადღაც ვიპოვნი რაღაცას, რაც სიკვდილსაც კი შეაჩერებს, ვიპოვნი იმ ელემენტს,რომელიც ჯერ აღმოჩენილიც კი არაა, რომელიც გასაოცარ სიმაგრეს შემატებს იმ უხილავ კედელს, მე რომ თან დავატარებ და მაშინ, სწორედ მაშინ ვერც სიკვდილის მოქნეული ცელი დაანგრევს მას, ვერ ჩამოშლის ჩემს წარსულს, რეპუტაციას, სახელსა და ცხოვრების ნამოღვაწარს. ვერც ოკეანის მოვარდნილი წყალი გადარეცხავს ქვიშიან სანაპიროზე დატოვებულ ნაკვალევს და თუ ასე მოხდება, მაშინ ის ნაკვალევი მანამ დარჩება დედამიწაზე, სანამ პლანეტა ბრუნვას არ შეწყვეტს.
   მთელი ცხოვრება ძიებაში გავატარე, მაგრამ მე არც სადმე დამარხულ განძს ვეძებდი და არც სიმდიდრის დაგროვებაზე ვფიქრობდი, თურმე კი სწორედ რომ ყველაზე ძვირფას სანაგძურზე ვნადირობდი. მე ბედნიერებას ვეძებდი. ბედნიერებისკენ მიმავალ გზაზე აღმოვაჩინე საკუთარი თავი, თითქოს ახლიდან დავიბადე და ის გავაკეთე, რაც ყველაზე რთული გასაკეთებელია ამ ცხოვრებაში, რასაც ბევრი უფრთხის კიდეც, მე ფიქრი დავიწყე... და აღმოვაჩინე, რომ ბედნიერებისკენ მიმავალ გზაზე ხეტიალი თავად უდიდესი ბედნიერებაა და ხშირად ფინიშიც კი არაა ისეთი ამაღელვებელი,როგორიც უშუალოდ მარათონია. ძიების, კვლევის პროცესი საოცარი რამაა, სწორედ ამ დროს აღივსები უდიდესი ენთუზიაზმით, თავდაჯერებულობით, იძენ მოტივაციას და შეიცნობ საკუთარ მეს, მიზნის მიღწევის შემდეგ კი ეს ყველაფერი უბრალოდ ქრება, მიაღწევ მიზანს და მორჩა, იმის იქით რა უნდა გააკეთო? თითქოს რაც აზრიანი იყო, უკვე აზრს მოკლებულია და უბრალოდ ჩერდები. მე კი ამას ვერ დავუშვებ, ვერ გავჩერდები და თუ ოდესმე მივაღწევ იმას, რაც თავიდან დავისახე და უდიდეს გამარჯვებად მიმაჩნდა, უბრალოდ ჩვეულებრივ მოვლენად ჩავთვლი, გარდაუვალ და აუცილებლად მოსახდენ ცხოვრების ერთ უბრალო ეპიზოდად.
  გაჩერება დაუშვებელია, სულის მოსათქმელად ოდნავი შენელებაც კი დამღუპველია, რადგან გვერდით მაშინვე ჩაგირბენს ის, ვინც გამარჯვებისთვის ყველაფერს აკეთებს, მომავალი კეთილდღეობისთვის უკან არაფრის დიდებით არ იხევს,უზრუნველ, საოცნებო მომავალს საფრთხეს არ უქმნის თუნდაც მცირედი კომფორტის გამოც, აწმყოს გაუსაძლის ყოფაში წამიერი ნეტარება რომ ჰპოვოს და სიმშვიდეს მიეცეს. აი ასეთები იმარჯვებენ ამ ცხოვრებაში და მეც ვიღწვოდი იმისათვის, რომ ასეთი ვყოფილიყავი. მაგრამ ცხოვრება რალია, ერთი დიდი, გაულეველი რბოლაა, სადაც არც იმისგან ხარ დაზღვეული დიდი სიჩქარით მიმავალ მანქანას ბორბალი რომ მოსძვრეს ან უეცრად გადმოსვლისას ფეხი გადაგიბრუნდეს, მაშინ რბოლას წააგებ, მაგრამ განა გამარჯვება ყოველთვის მთავარია?! დამარცხებით უფრო მეტს ისწავლი, მეტ გამოცდილებას შეიძენ, სტიმულს გაიჩენ და უკეთესი გახდები, დამარცხება გამარჯვებაზე უფრო დიდი მოტივატორია. ის, ვინც გამუდმებით იმარჯვებს ამას ეჩვევა, სიფრთხილეს არ იჩენს, ეშვება, ტემს აგდებს და სწორედ ეს დაღუპავს კიდეც. მთავარი ის კი არაა ბრძოლას ვინ მოიგებს, მთავარია ომში ვინ გაიმარჯვებს. განა ის მრბოლელი დამარცხებულია, რომელსაც უნებურად შუა რბოლისას საბურავი მოსძვრა? არა, დამარცხებული მაშინ იქნებოდა რბოლაზე საერთოდ რომ არ გამოსულიყო. ჩემს ბავშვობაში ხშირად მსმენია, რომ წაგება და მოგება ძმები არიან, ასე მათ შესაგულიანებლად ამბობდნენ, ვინც გამუდმებით წაგებულები გამოდიოდნენ. ისიც ხშირად გამიგონია რომ ამბობენ, ყველა ერთი ხართ და არავინ არავიზე მეტი არ არისო, რა სისულელეა! ყოველთვის არსებობდნენ, არსებობენ და იარსებებენ გამარჯვებულები და დამარცხებულები, ძლიერები და სუსტები, არწივები და თუთიყუშები, ლომები და ვირთხები, პიროვნებები და არარაობანი, ერთი მხარე ყოველთვის აჯობებს მეორეს და მასზე ყველაფრით მეტი იქნება, მაგრამ კითხვა იმაშია, დარბიხარ საკმარისად სწრაფად რომ პირველი მხარის მორბენლებს ფეხი აუდგა და მათ ტემპს არ ჩამორჩე?
   როგორც აღვნიშნე დამარცხება გამარჯვებასაც კი სჯობს, ის უდიდესი მოტივატორია, რომ შენ უკეთესი გახდე, საკუთარი თავის წინა ვერსია გააუმჯობესო, დამარცხებით შენს თავში იპოვი იმ ჭანჭიკს, რომელიც ან მოშვებულა ან დაჟანგულა და ძველის ახლით ჩანაცვლებას მოითხოვს. ეს შენ გადატვირთვას გიკეთებს და საკუთარი თავის უფრო მაღალგანვითარებულ, გაუმჯობესებულ ვერსიას მოგცემს. რიგ შემთხვევებში დამარცხებაც კი უდიდესი გამარჯვებაა. მრბოლელი, რომელსაც რბოლისას საბურავი მოსძვრა გამარჯვებულია, ის მაშინ დამარცხდებოდა თუ რბოლაში არ მიიღებდა მონაწილეობას, შანსებს არ გამოიყენებდა და მას ხელიდან გაუშვებდა. ცხოვრება შანსებს გთავაზობს, შანსებს, რომელბიც აუცილებლად უნდა გამოიყენო, წინააღმდეგ შემთხვევაში მართლაც რომ სულელი იქნები. შეუძლებელია ცხოვრების მიერ ბოძებულ საჩუქარში ბომბი იდოს, ასაფეთქებელს მრავლად იპოვნი ადამიანების მიერ მორთმეულ საჩუქრებში, მაგრამ ცხოვრების მიერ ბოძებულ ძღვენში ვერსადროს, ან იმ ყუთში რაღაც გრანდიოზული სიურპრიზი გელოდება, ან უბრალოდ სრული სიცარიელე. თუ ყუთი ცარიელია არაფერიც არ შეიცვლება და ყველაფერი ძველებურად დარჩება, მაგრამ შესაძლოა იქ ისეთ რამეს გადააწყდე, რომ მან მთელი შენი ცხოვრება რადიკალურად შეცვალოს უკეთესობისკენ. ეს კი არ მოხდებოდა თუ შანსებს არ გამოიყენებდი და ყუთს არ გახსნიდი. ალბათ, მეტყვით, ბაფთიან საჩუქარს ვერც კარის ზღურბლთან ვხედავთ და ვერც ვერსად, თორემ მას აუცილებლად გავხსნიდითო, მაგრამ ხშირად ასეთი საჩუქარი უხილავია, მაგრამ ის ჩვენ წინ დევს. დამიჯერეთ, მესამე თვალი ნამდვილად არ სჭირდება მის დანახვას, რითაც მის აღმოჩენას შეძლებთ მას გონების თვალი ჰქვია. თავადვე უნდა იპოვნოთ ასეთი საჩუქრები. ისიც ხშირია, როდესაც მათ იპოვნიან, მაგრამ მაინც ვერ ხსნიან, უკან იხევენ, შანსებს ხელიდან უშვებენ და რა არის ამის მიზეზი? მორიდება, სიმორცხვე, გაუბედაობა, მოკრძალება, შიში, ზოგჯერ მორალიც კი, მაგრამ თუ გინდა რამეს მიაღწიო რისკები აუცილებლად უნდა გასწიო და ყუთი უნდა გახსნა. ასეთი შანსები იშვიათად გვეძლევა, ჩვენ კი ისინი არაფრის დიდებით არ უნდა გავუშვათ ხელიდან, უნდა ვაჯობოთ საკუთარ თავს, საკუთარ გარემოცვას და თუ ეს საჩუქარი გავლენას მოახდენს მომავალზე და ეს ასეც უნდა იყოს, ჩვენ უნდა მივიღოთ ის მომავალი, რომელსაც თავად შევქმნით. რადიკალური ცვლილებები არ იქნება, მაგრამ ზოგჯერ ამ ყველაფერს შეიძლება შეეწირონ ცალკეული ურთიერთობები, ადამიანები, მეგობრები... კითხვა იმაშია, რამდენად გიღირთ ეს, უკეთესი მომავლის არსებობა, საკუთარი თავისა და ახლობლების კეთილდღეობა, მაგრამ თუ შანსებს არ გამოიყენებთ მას ვერასდროს ვერ მიიღებთ და სამუდამოდ ერთ ადგილზე დარჩებით, მოძრაობას შეწყვეტთ და დედამიწა კი არ იტრიალებს თქვენ გარშემო, არამედ თქვენ იბრუნებთ მასთან ერთად. დიდი ხანია დავდივარ და სწორედ ასეთ გაუჩერებელ მოძრაობაში, ბედნიერების პოვნისკენ მიმავალ გზაზე ვისწავლე ეს ყოველივე და მზად ვარ საკუთარი გამოცდილება და წლების განმავლობაში დაგროვილი შეხედულებანი უსასყიდლოდ გაგიზიაროთ. ეს იქნება სანაპიროზე დატოვებული ჩემი სახელის პირველი ასო, პირველი ინიციალი.
    იცით, ბედნიერების ძიებაში ყველაზე სასაცილო რა არის? ის,რომ ბედნიერებას მთელი ცხოვრება დაეძებ, შემდეგ კი თუ საკმარისად სწრაფად ირბინე მას იპოვნი კიდეც, მაგრამ ამ გაულეველი მარათონით ისე იქნები გადაღლილი, რომ მისით დატკბობის საშუალება აღარ გექნება, უკვე ძალიან მოხუცი იქნები საამოსოდ, ამიტომ ბედნიერება სწორედ რომ რბოლის პროცესში უნდა იპოვნო და ყოველ გავლილ ას თუ ორას მეტრში მას აუცილებლად აღმოაჩენთ. ის წამებშია, ბედნიერება წამიერი განცდაა, რომელიც მაშინ გეუფლებათ, როდესაც ღრმა ეიფორიას, აღტკინებასა თუ აღტაცებას განიცდით და იმდენად ხართ შეპყრობილნი მისი ძებნით, რომ ვერ გრძნობთ თუ როგორ ახლოსაა სინამდვილეში ის თქვენთან, დაუკითხავად როგორ გეუფლებათ, გახარებთ, თქვენს გულებს აძგერებს, გაღიმებთ და ჟრუანტელს მოგგვრით ხოლმე. ექიმები ასეთ დროს ხშირად ამბობენ, რომ ამ დროს ორგანიზმში ადრენალინი გამოიყოფა, რომ სისხლში ტესტოსტერონის შემცველობა იზრდება, ამ ჰორმონს მეორენაირად სწორედ ხომ „გამარჯვების ჰორმონს“ ეძახიან,ტრიუმფის გრძნობა ჰქმნის კმაყოფილების განცდას, ამიტომაცაა, რომ პუბლიკა,რომელიც ყველგან და ყოველთვის უკმაყოფილოა, როგორც წესი, რაღაც ფიზიოლოგიურ სიამოვნებას განიცდის „ჰეპიენდებზე“, ბავშვებივით ვიღიმით, გული გვიჩუყდება და წამიერად გვიპყრობს განცდა, რომელსაც ბედნიერება ჰქვია. მაშასადამე, ბედნიერება ყველაფერშია, უბრალოდ მისი დანახვა და აღმოჩენა უნდა შეგვეძლოს, რასაც მხოლოდ მაშინ მოვახერხებთ თუ  საამისოდ საკმარის გამოცდილებასა და ცოდნას შევიძენთ, მათ კი ბედნიერების ძიებისას თუ დავაგროვებთ. ეს წარმოუდგენელი, ამაღელვებელი, ბრწყინვალე თავგადასავალია, საუკუნის, სამრადისო მოგზაურობა, რომელიც არასდროს დაგავიწყდება. ესაა საკუთარი თავის შეცნობის საუკეთესო ხერხი, ავსტრალიურ წყაროებსაც რომ გადავხედოთ, ბედნიერების ძიება ემსგავსება ავსტრალიურ „Walkabout-ს“, მისწრაფებას ფართო, გახსნილი გზებისკენ, რომელთა სივრცეები ჰორიზონტსაც კი ფარავს. შენ არ შეგიძლია მას შეეხო, სწორედ ამიტომ შენ ის უნდა იპოვნო, რადგანაც იცი,რომ ის არსებობს და სადღაც იქ არის, შენს გამოჩენას ელოდება... მას კი მხოლოდ გაუჩერებელი მოძრაობით თუ მიაღწევ. თუნდაც დიდი გაჭირვების ფასად, ადამიანის ვალია ბოლომდე იბრძოლოს, არავითარ შემთხვევაში არ დაყაროს ფარ-ხმალი, არ დანებდეს და უკან არ დაიხიოს, სწორედ ასე მოვიპოვებთ სიმშვიდეს და ვიპოვნით არა წამიერ, არამედ სამარადჟამო ბედნიერებას. ამდენი წელია დავდივარ... დავდივარ და არ ვიცი სად, რატომ, რისთვის, უბრალოდ მჯერა,რომ სადღაც, თუნდაც ასი მეტრის, თუნდაც ათასი კილომეტრის, ასი მილიონი კილომეტრის იქით იქნება წითელი ბაფთით დამშვენებული შეფუთული ყუთი - ცხოვრების საჩუქარი, რომელიც მე მელის და რომელიც მხოლოდ ჩემთვისაა განკუთვნილი.

გიორგი ჩაჩხიანი 

Wednesday, February 15, 2017

საკუთარი თავის ძიებაში

ყოველი კაცი თავისი არსით
ამ ბუნებაში გამოვლინდება.
კაცის გუნება ვერას დამალავს
და ყველაფერი გამომჟღავნდება.

შევსცქერი ტყეებს, მწვერვალებს, ჭალებს,
კლდეზე ჯიხვს მხტომარს, არწივის ფრენას,
ბუმბერაზ მუხას, თოვლის ფანტელებს,
ყურს ვუგდებ ჭიკჭიკს და მგლების ღრენას.

მე რომელი ვარ, რითი ვსულდგმულობ,
შემიპყრო კითხვამ და ჩამაფიქრა.
მე ვგავარ ზეცაში მფრინავ არწივს
და მიწიერი სულიც გამიქრა.

მე ენძელა ვარ, გრძნობით აღვსილი
თოვლის ქვეშ ახლად დაბადებული,
თუმცა უბიწო, დაუჭმუჭნავი,
ზეცის წვეთებით ცვარდანამული.

მგლისებრი ღრენა გარდამსახვია
ბულბულის ხმატკბილ ჭიკჭიკად, სტვენად,
დავატკბობ ჟღერით მთელ არემარეს
და ჰარმონიას მოვავლენ ქვეყნად.

მე ის მუხა ვარ, მთის წვერზე რომ დგას,
მიწაში ფესვნი ძლიერ გაუდგამს,
ვერას დააკლებს ქარების ქროლვა
და მიიკარებს მხოლოდ ციურ ნამს.

მაგრამ არწივის მზერით დავყურებ
მე იმ ენძელას, იმ მუხას, ბულბულს,
რად ვგავარ თოვლის ქათქათა ფიფქებს?!
მსურს ვგავდე ელვას, ზეციურ ქუხილს.

ახლა კი მესმის მე სინამდვილე
და შეცდომებიც გასაგებია.
განმშორებია ის სინატიფე
და ღამეც უმალ გამთენებია.

ენძელავ, რარიგ შემიყვარდები
და მონატრების განცდა შემიპყრობს,
მაგრამ თოვლის ქვეშ გამოძინებას
ვარჩევ ცას ფრენას, მწვერვალი მიხმობს.

ფრთების დაქნევით მივაღწევ მწვერვალს
და მის კალთებზე ვირბენ ჯიხვივით.
ასე ვიპოვნი თავისუფლებას
და ავისრულებ ნებას ყიჟინით.

შევეკითხები, ვინც რომ ჩემს გულში
ეს საოცარი ვარდები დარგო,
რა განეზრახა და რა უნდოდა
და ამ ვარდებმა ნეტავ რა მარგო?!

გაფურჩქნულან და აყვავებულან
ის ვარდებიც და ლურჯი იებიც,
ნიავი კიდევ სინაზით ათრობთ,
მისით დამთვრალან ეს თოლიებიც.

შემამეცნებენ ისინი ნაპირს
და მეც უმალვე მას ვეხეთქები.
მე ოკეანის აზვირთულ ტალღად
ქცეული უკვე სწრაფად ვმშვიდდები.

ეს ნაზი სიო მაფხიზლებს სწორედ
და ღიმილს მომფენს ტანჯულ სახეზე.
ვინ ვარ, სად ვარ და რას ვეძებ ნეტავ,
ლოცვას აღვავლენ უფლის სახელზე.

და ყველაფერი ნათელი გახდა,
ჭეშმარიტება გაჟღერდა ცხადად,
მზემ გამანათა სინათლის სხივით
დანაბარების გადმოსაცემად.

გიორგი ჩაჩხიანი

Saturday, February 11, 2017

სიყვარულის ბალადა


(პოემა)

იქ, სადაც არც თოვლი იცის და არც უხვი ნალექი,
სადაც ბგერის ჰარმონიით გაჟღენთილა ჰაერი
მოჩუხჩუხებს მდინარე და არემარეს აცოცხლებს,
აქ მიწაა დალოცვილი, ერი კი მადლიერი.

სადაც უცხო სიამენი აკრძალული ხილია
და მის გამო რაღატომღაც ყველა ბედნიერია,
იქ რწმენაც კი ურყევია, სულიც გალაღებული,
აქ მიწაა დალოცვილი, ხალხი თავისუფალი.

სადაც მიწა ზეცას ერწყმის, ისმის სტვენა ბულბულის.
ადგილს ნახავ, თვალწინ გიდგას მიწიერი სამოთხე,
მდინარის პირს აღმართულან, ზეცისკენ ისწრაფვიან
გინდ მანგოსა და გინდ კივის, თუნდაც ავოკადოს ხე.

ჩიტის სტვენას ბანად ერთვის ხმოვანება ჭაბუკის,
მდინარის პირს მიუყვება ფეხაკრებით, სიჩუმით,
უცებ შედგა, ჩაიმუხლა და პეშვით შესვა წყალი,
სახეც იმ წყლით განიბანა დიდი კრძალვით და რიდით.

რომ ჰგონია მარტო არის ამ ზეციურ მიწაზე,
უცებ ესმა ნაბიჯის ხმა, ძლიერ შეკრთა ჭაბუკი,
დაინახა უცაბედად უცხო ქალი კოკითურთ
და ბულბულმაც კვლავ დაიწყო საამური ჭიკჭიკი.

ქალს ემოსა აბრეშუმის სარაფანა ფერადი,
რომლის მხრებზეც ჩამოშლოდა შავი კულულ-დალალი.
წყალს ავსებდა მორიდებით, თუმცა დიდი სინაზით,
ეტყობოდა მის სახებას იყო მეტად ალალი.

თვალს ვერ სწყვეტდა ქალს ჭაბუკი, სწვეოდა გაოცება,
მოხიბლული, დაზაფრული ერთობ იყო ყმაწვილი.
სილამაზეს და სინაზეს ჰქონდათ ერთად ზეიმი,
მათ წინაშე თავდახრილი იყო ყველა ყვავილი.

უცებ ქალმაც გამოხედა, წამით შეკრთა, შეშინდა,
უკან წადგა ნაბიჯი და დინებამაც დაჯაბნა.
გამოსტაცა კოკა უცბად და თავისთან წაიღო,
გადაეშვა მდინარეში, არც ჭაბუკი დაიბნა.

გაცურა და ხელთ ჩაიგდო სანატრელი ჭურჭელი,
კოკა პატრონს გაუწოდა ერთობ დიდი სიმორცხვით.
ქალმაც თითქოს გამოსცადა, შეხედა დაკვირვებით,
შემდეგ კოკა გამოართვა, შეეგება ღიმილით.

ამ ღიმილში იგრძნობოდა კეკლუცობაც, სინაზეც,
მაგრამ თვალს ვერ უსწორებდნენ, რცხვენოდათ ერთმანეთის
და გაისმა ქალის სიტყვა მეტად ნაზი ბგერებით,
- გმადლობ, - უთხრა და შეჩერდა მოლოდინში პასუხის.

არ იცოდა თუ რა ეთქვა, რა პასუხი გაეცა,
იცოდა ქალი დააფრთხო, ამას ძლიერ ნანობდა.
ქალს შეხედა, კვლავ დამუნჯდა, განა რა უნდა ეთქვა,
ვერ შეჰბედა ვერაფრის თქმა და უსიტყვოდ გაშორდა.

ტყეს შევარდა, შორს გაიქცა, გაშმაგებით მირბოდა
და უხურდა მთელი სახე, გულიც აძგერებოდა.
-ეს რა ვქენი, - თავს იგვემდა - ღმერთო, რა ჩავიდინე.
სწვავდა ალი მხურვალების, მაგრამ რად, ვერ ხვდებოდა.

ღამით ქალი დაესიზმრა, მოსვენება ვერ ჰპოვა,
თვალებს ხუჭავს, ესახება, გაახელს და კვლავ ხედავს,
აჩრდილად სდევს ის ღიმილი, საოცნებო, სპეტაკი,
კვლავაც უნდა მისი ნახვა, მაგრამ ვერაფერს ბედავს.

-ეს რა მყავი, რა დამმართე - ეუბნება ხატებას,
ისიც უფრო გაუღიმებს, მთლად შმაგს აქცევს ყმაწვილკაცს.
მასზე ფიქრობს, მას უმღერის და ოცნებას ეძლევა,
ის სწვევია, რაც ამქვეყნად გააგიჟებს ყოველ კაცს.

დრო გავიდა, მაგრამ ფიქრებს ვერა უყო ჭაბუკმა,
კიდევ უფრო შეუყვარდა უცხო ქალის ზმანება.
მისმა მზერამ წამიერმა ყველაფერი არია
და ახლა ის სხვებისავით მორევში იძირება.

ვერ გაუძლო მონატრებას, თვით სიმორცხვეც დაჩრდილა.
გზას გაუდგა მდინარისკენ, იქნებ კვლავაც იხილოს
მისი სატრფო, ის ქალღმერთი, მონად რომ ჰყო ჭაბუკი.
ეს აქვს მხოლოდ დარდად ყმაწვილს,ამ ტრფობის ალს გაუძლოს.

შებინდდა და ფეხს არ იცვლის, იცდის,იცდის, კვლავაც იცდის,
იცდის დღეც და იცდის ღამეც, მაგრამ ტყუილად, ფუჭად იცდის,
არსად არ ჩანს მისი სატრფო, მისი კოხტა თვალისჩინი,
სულ მარტოა სამოთხეში და ტანჯვასაც დიდს განიცდის.

რა აზრი აქვს ნეტარებას, თუ არა გყავს გვერდით სატრფო?
ვისაც უნდა ეტრფიალო, ვინაც უნდა შეიყვარო.
მის გარეშე ამ სამოთხეს აღარა აქვს თვისი ხიბლი
და ძნელია სიყვარულის გარეშე რომ გაიხარო.

დაედაგა ყმაწვილს გული, სულმა კიდევ ლმობა იწყო,
რა უშველის? მხოლოდ სატრფოს ხილვა იხსნის, გადაარჩენს.
მისი სათნო ღიმილი და მისი სანუკვარი მზერა
ყმაწვილს წამლად მოედება, ის იხსნის და ის მოარჩენს.

რამდენიმე დღე გავიდა, მაგრამ დრო ხომ იმედს ვერ კლავს,
და გამოჩნდა კოკით ხელში, თავმომწონე და კეკლუცი,
მაგრამ ამ დროს უნაზესი, ანგელოზის მსგავსი, დარი
დინჯად მოდის, ფრთხილ ნაბიჯს დგამს, გულმაც იწყო ფაცი-ფუცი.

ხე შენიშნა დაზაფრულმა, დაიმალა მის ზურგს უკან
თან ქალს უჭვრეტს, გული უძგერს, სული კიდევ ეხუთება.
გაილია არემარე, ეს სიმწვანეც სადღაც გაქრა,
მდინარემაც დაიდუმა, მხოლოდ ქალი ესახება.

ესმის მისი სუნთქვის რიტმა,მისი გულის ნაზი ცემა,
ის უყვარს და ის სწადია,რომ მის გულში ჰპოვოს ბინა.
შორიდან სჭვრეტს სილამაზეს,  უფრო მეტად უყვარდება
და ამ გრძნობამ უცხო ქალი ყმაწვილს გააღმერთებინა.

ოჰ, როგორი ლამაზია, იმ დროს კოკით წყალს რომ იღებს,
მისი ტანის მოძრაობა, მისი რხევა, სინატიფე…
ნეტარებას წვეულ ჭაბუკს დრო რომ გადის განგებაა,
ის კი ტრანსში ჩავარდნილა და ამუნჯებს სილამაზე.

მაგრამ ჰოი სიყვარულო, რა ძალა გაქვს ამისთანა,
რომ აღავსებ შენს მოყვარეს უდიდესი თავის რწმენით,
გავიწყდება ყოველივე, ვინ იყავი და რას იქმნდი,
ახლა სხვა ხარ, უკეთესი და აღვსილი სითამამით.

გაბედა და გამოვიდა ხის ჩრდილიდან, სიბნელიდან,
როცა სატრფოს დაენახა, თვით იერიც შეეცვალა.
გაუბრწყინდა ის თვალები, მუდამ ლანდი რომ დაჰკრავდა,
მკაცრ სახეზე კი ოდნავად ღიმილიცა შეეპარა.

ქალი შედგა, გაიმართა, მზერა სტყორცნა უნდოდ ჭაბუკს
და შესცქერდნენ ერთურთს დინჯად,ამავედროს ინტერესით.
-ან ახლა ან აღარასდროს,-ჩასჩურჩულა ყმაწვილს გონმა,
დაუარა ჟრუანტელმა და თქვა მეტად დამორცხვებით,

-გამარჯობა, - გაუღიმა, ქალმაც ასე უპასუხა,
-გაგიმარჯოს, - მიუგო და კიდევ უფრო გაუღიმა.
-ბოდიშს გიხდი, არ მინდოდა, იმ დღეს ძლიერ შეგაშინე.
და უეცრად არემარე აღავსო ბულბულის ჰანგმა.

-არა უშავს, - უთხრა ქალმა და ორივემ ტოტს შეხედა,
სადაც ნაზად ირხევოდა და გალობდა იადონი.
-მე სალმა ვარ, შენ რა გქვია?  -ჰკითხა ქალმა ინეტერსით.
-ასილერი-უპასუხა და გაირღვა თითქოს ბრონი.

-მძიმე არის, იქნებ შევძლო და მცირედით დაგეხმარო?
-კარგი,-უთხრა და გადასცა კოკა წყლით დამძიმებული,
გზას გაუდგნენ, ისაუბრეს და ბევრჯერაც გაიცინეს,
კვლავ აღივსო ნეტარებით, გალაღდა სული ტყვედქმნილი.

თავისუფლად ყოფნა მიწის და ამ ქვეყნის ღირსებაა,
მაგრამ მხოლოდ სიყვარულს სძალუძს შეცვალოს კანონები.
ამ დროს, როცა მორჩილება სულში აღწევს და გულს გიძგერს
გავიწყდება ყოველივე და მაშინვე ტყვედ იქმნები.

ეს ტყვეობაც ძლიერ გხიბლავს და არ ცდილობ შებრძოლებას,
საყვარელი ქალის ნება კანონია უპირობო
და მისადმი მორჩილება ნეტარებად გესახება,
მზად ხარ დათმო ყველაფერი და სიყვარულს დაემონო.

მაგრამ ზოგჯერ ბედი გიხმობს და არ გტოვებს ტყვეობაში,
მაშინ მხოლოდ გულში გრჩება მოგონება მწვალებლური.
თუმცა ბედმა გაუღიმა ასილერს და გაანათა
მისი გზები, ბილიკები, მოუვლინა საჩუქარი.

ჩანს ქალსაც რომ მოეწონა, ფრთხილი, ზრდილი, ვაჟკაცური,
ინტელექტით, სიბრძნით სავსე და ცხოვრების გამოწრთვნილი
და მის შემდეგ რაც არსებობს, ყველაფერი ფერფლად იქცა,
დარჩა მხოლოდ სიყვარული და ღიმილი მომნუსხველი.

იმ დღის შემდეგ კიდევ ბევრჯერ შეხვდნენ ერთურთს ბულბულები,
დინების ხმას ყურს უგდებდნენ და ერთმანეთს შესცქეროდნენ.
სიყვარული გაიზარდა, გაძლიერდა და გაღვივდა,
ამ ტრფიალში იწვოდნენ და ამ რწფელ გრძნობას მორჩილებდნენ.

სიყვარული ბრწყინვალეა, მაგრამ მასაც კი აქვს ნაკლი,
თავდაჯერებულს რომ გაგხდის, ეს ხომ არის აქსიომა,
თითქოს სამყაროს ბატონობ, წინ ვერავინ დაგიდგება,
რასაც გინდა მას მიაღწევ, ეგებ ეს არის შეცდომა?!

მას სიფრთხილე არ სჩვევია, არ ცნობს ხიფათის შეგრძნებას,
საყვარელი ქალის გამო არაფერს არ უშინდები
და მწველ ცეცხლშიც შევარდები, უყოყმანოდ თავს გაწირავ,
თუკი საფრთხე დაემუქრა სატრფოს არას ეფრთხილები.

თუ შეშინდა თვალისჩინი, მის თვალს ცრემლი გაეკარა,
გავიწყდება ყველაფერი, დედა აზრი ხდება იგი.
ოღონდ რამით ანუგეშო და კომფორტი მოუვლინო,
მხოლოდ ეს გაქვს გუნებაში, ვერ დაჩრდილავს ამას შიში.

რადგან შიში სიყვარულის დროს არ იცი თუ რა არის,
სიყვარული შიშს რომ არ სცნობს სწორედ ესაა სასჯელი
და თუ ქალი შემოგხედავს სიკვდილიც კი უმანკოა,
მედგრად ხვდები ბედისწერას, მოსახდენს მშვიდად მოელი.

ვაჟკაცობაც მაშინ გღუპავს და ჩუმ-ჩუმად საფლავს გითხრის,
მაგრამ სიყვარულს თუ ჰმონებ, უნდა გასცე საფასური.
თუმცა რითი გადაიხდი, ღმერთის გარდა არვინ იცის,
ამიტომაც დროულადვე უნდა გამოაცხო პური.

სილამაზე ხშირად გვაბნევს, კარგად ნიღბავს ბოროტებას
და მდინარის ნაცვლად გხვდება აზვირთული ოკეანე.
იმ დღეს პირველად არ ჟღერდა ბულბულის ხმა საამური,
უჩვეულო ქარი ქროდა, არ მოჰქონდა მას სიამე.

შებინდდა და ტყეს შევიდნენ, გზას გაუდგნენ შინისაკენ,
უბრწყინავდათ მათ თვალები, ერთურთს ისე შესცქეროდნენ,
უღიმოდნენ ჩუმად, მალვით და ფიქრობდნენ თავიანთთვის,
ბედნიერნი გამხდარიყვნენ და ამისთვის ღმერთს მადლობდნენ.

ტყეში თითქოს ლიანები თვით ზეციდან ჩამოეშვნენ
და ბილიკებს ამშვენებდნენ, როგორც ტაძარს ჩუქურთმები.
მიჰყვებოდნენ მშვენიერ გზას, ეძლეოდნენ აღმაფრენას
და რწფელი განცდებით ძგერდნენ გალაღებული გულები.

მაგრამ უცებ არემარე შეძრა სალმას დაკივლებამ,
სიხარულის ნაპერწკლები მის თვალებში შიშით ჩაქრნენ,
აუთრთოლდა ბაგეები, გული სხვაგვრად აუძგერდა
და მომავლის იმედები უსასრულოდ გაიფანტნენ.

თუმცა თუკი სიყვარული ჭეშმარიტად ღვივის გულში,
კაცი ყოველთვის დაიცავს საყვარელ ქალს განსაცდელში.
ასილერმაც დაინახა, რამაც ქალი შეაშინა,
არ დაფიქრდა, ვერც მოასწრო ჩავარდნა საგონებელში.

მისთვის სალმას კეთილდღეობა გამხდარიყო მთავარი,
ამ დროს მართლაც შენი თავი ხდება მეორე ხარისხოვანი.
დროულადვე იმოქმედა,საფრთხეს თვალებში ჩახედა
და სიყვარულის წყალობით შიშმაც ვერა გაუბედა.

სწორედ მაშინ იგრძნო ჩხვლეტა, მაგრამ მაინც ივაჟკაცა,
მოიშორა სიბოროტე და გველი ორად გაწყვიტა.
-არა უშავს, არ შეშინდე, - თქვა და მიწას დაენარცხა,
ასეთი იყო განგება, ასე ბედმა გადაწყვიტა.

შხამი გულისკენ დაიძრა, მაგრამ რა უნდა დააკლოს,
სიყვარულის საბუდებელს ვერ წაბილწავს ვერაფერი.
და სინდისიც სუფთა არის, ნამუსიც გათეთრებული,
ასილერი თუმცა კვდება, მაგრამ არის ბედნიერი.

მან დაიცვა თვისი სატრფო და პირობა აღასრულა,
თვალს ცრემლი სდის სიხარულის, მწუხარების, სინანულის,
ბოლოჯერ სურს გამოუტყდეს, უთხრას - მე ძლიერ მიყვარხარ,
მაგრამ ვეღარ ლაპარაკობს, ახლა იპყრობს განცდა შიშის.

-ასილიერ, ასილიერ, - ხელს ჩაბღუჯავს უცხო ქალი,
ნაზად კოცნის, თან დასტირის მწუხარების ცხარე ცრემლით.
-მეც მიყვარხარ, ასილიერ, არ წახვიდე, ჩემთან დარჩი,
ჩემო კარგო, ასილიერ, - გოდებს იგი ღრმა წუხილით.

მაგრამ მოკვდა ბედნიერი საყვარელი ქალის მკლავში,
ვერც სიბერემ დააჩოქა, ვერც შეიცნო სიძულვილი.
მოკვდა რწფელი გრძნობით სავსე, სიყვარულით გაჟღენთილი
და სწორედ ამის გამო იყო ვერ იგრძნო ვერც ტკივილი.

თვალზე ბინდი ჩამოუწვა და გაქვავდა დანახული,
სალმას სახე სანუკვარი აღებეჭდა სამუდამოდ.
ქალი გულზე გადაემხო, დაუსველა ის ცრემლებით,
სანუგეშოდ დარჩენია,რომ არ მომკვდარა ამაოდ.

და თუ მოკვდა ასილერი, არ მომკვდარა სიყვარული,
იგი უფრო გაძლიერდა, კიდევ უფრო აგიზგიზდა.
ასეთია სიყვარული საფრთხილო და საშიშარი,
მაგრამ ისე აგვამაღლებს, როგორც ასილერ ამაღლდა.

სიყვარული უკეთესს გვხდის, გაგვანათებს, გაგვაბრწყინებს,
სულის ყოველ კუთხე-კუნჭულს ბედნიერებით აღავსებს.
და თუ არის ტრაგიკულიც, მაინც მოგგვრის ნეტარებას,
ეს გრძნობაა ზეენარი, გულს სიტურფით რომ აძგერებს. 

გიორგი ჩაჩხიანი

Thursday, February 9, 2017

ღამით წერა

დაღამდა და მზე ჩავიდა,
მაგრამ მთვარე ამობრწყინდა.
სწორედ ღამით, მთვარის შუქზე
ფიქრი მიხმობს, წერა მინდა.

რას დავეძებ სიბნელეში?
ღამე სხვაა, ფიქრის დროა.
ამ დროს დავწერ ისტორიას
დაედების ტოლად ტროა.

დღისით კიდეც გავისარჯე,
გონებაც გადაიღალა
და ფიქრები ცუდზე, ავზე
უცნაურად გამეცალა.

თავს ვგრძნობ ისე, თითქოს ვიყო
ტკბილ შარბათში ჩაძირული.
სწორედ ამ დროს ვამბობ მართალს,
რასაც მეტყვის ჩემი გული.

ღამეს სძაგენ, დღეს აქებენ,
მაგრამ რა არს სინამდვილე?
ნუთუ ღამე მტყუანი არის,
ამაშია სიმარტივე?

დღისით ყველა სცენაზე დგას,
სპექტაკლს აწყობს, ნიღაბს ირგებს.
ღამით კიდევ ტკბილ საწოლში
ნაღდად შენ ხარ, ვერვინ გაგცემს.

მზე ჩავა და დედამიწას
გაანათებს მთვარის შუქი,
დრო დადგება სიმართლის და
ფარისეველს დაჰკრავს მუქი.

სწორედ ამ დროს ვიწყებ წერას,
სიმართლე რომ გავაჟღერო.
შევქმნა რეალობის სარკე,
ამიტომაც მინდა ვწერო.

გიორგი ჩაჩხიანი