დღეს სევდიანმა დავხედე ჩანგურს,
ასე ეულად იდო კუთხეში,
დროა დავუკრა უკანასკნელად,
დიდი სინაზით ავიღე ხელში.
და ავაჟღერე მოურიდებლად
ჩემი სამყაროს თხუთმეტი სიმი,
ხატება შენი გამომესახა,
თითქოს მალულად, ჩუმად მიღიმი.
შენ გაზაფხული გიყვარს და გშვენის
ზამთრის სიცივე გეუცხოება,
შენ ზღვის წყალს ეტრფი, მე კი მთა მიხმობს,
მწვერვალნი, კლდენი მეჯადოება.
იცი, არასდროს არ მყვარებია
მე თებერვალის ნაკლული დღენი,
ჩემთვის ყოფილა მეტად უაზრო
და მძულდა,როგორც ბოროტი სენი.
მე რომ წინ წავდგა ერთი ნაბიჯი,
უკან გადმოდგა შენც თვითნებურად,
ერთი ხნისანი ვიქნებით მაშინ,
ეს გამჩენია ახლა ოცნებად.
და თებერვლის მზის ნაზი სხივები
ჩვენ ირგვლივ ფერხულს წაიცეკვებენ,
ჩვენს თავს იქმნება შარავანდედი,
ოქროს გვირგვინით დაგვამშვენებენ.
და რომ ჩავხედავთ ერთურთს თვალებში
სხვა დანარჩენი გაიცრიცება,
დარჩება მზერა ტრფობით აღსავსე
და გული ძლიერად აძგერდება.
გადაეჭდობა ჩვენი თითები,
გულში ჩაგიკრავ მხურვალედ, ძლიერ,
თვალს გაგვიბრწყინებს რწფელი განცდები,
აზრსაც შეიძენს თქმული ჩემ მიერ.
ასე მთავრდება ჩემი ზღაპარი,
ეს იყო ჟღერა თხუთმეტი სიმის,
მე ვიყავ ჩემი სამყაროს მეფე,
ახლა კი ჯერი დადგა დედოფლის.
ვშიშობ,რომ არ მსურს ზღაპრის მორჩენა
და კვლავაც ძალმიძს მრავალჯერ მღერა,
უკვე აღარ არს ეს ჩემი ნება,
შორიდან მესმის ჩანგურის ჟღერა.
ნუთუ, იქნება ეს სანატრელი
მდგომარეობა ღამის სიზმარი,
და აღმოჩნდება უბრალო კოცნა
სიზმრის ფერიის დანატოვარი.
გიორგი ჩაჩხიანი
No comments:
Post a Comment