ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე
ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

Tuesday, December 20, 2016

აზრების კორიანტელი

  დავიწყე წერა და არ ვიცი რაზე ვწერ... უბრალოდ რაღაც უნდა დავწერო, არც თემაა ჩემთვის ცნობილი და არც სხვა რამ, მგონი იმ გზაჯვარედინთან მივსულვარ,სადაც ბუკოვსკი იდგა. ყველაზე დიდი უბედურება ისაა,რომ ეს ვერც გამიგია, ნუთუ ასეთ ცოტა დროში ამხელა გზის გავლა შევძელი, თითქოს ყოველ წამში მრავალი კილომეტრი გამევლოს, არც დღისით და არც ღამით შემესვენოს, აი ასე...აი ასე უაზროდ აღმოვჩნდი იმ ავადსახსენებელ გზაჯვარედინზეც. გამიმართლა,რომ პირველი არ ვარ და თავად არ მომიწევს ამ რთული თავსატეხისთვის თავის გართმევა, ამოხსნისა და გამოსავლის ძიება, ამიტომ ბებერი ჩინასკის ნაცად ხერხს მივმართავ და საშველად წერას მოვუხმობ, ეს კი ნამდვილად შემიძლია, აი ამიტომაც ვწერ.
  ერთ ჩემს მოთხრობაში საკუთარ თავს  ფიქრის შეწყვეტისკენ მოვუწოდე და ვთქვი: „გასაჭირის ჟამს ფიქრი ადამიანის მხსნელი და საუკეთესო მეგობარია, მაგრამ რიგ შემთხვევებში ის ჩვენი მტერიცაა და ადამიანი დაღუვამდეც კი მიჰყავს“, რადგანაც ასევე ჩემი სიტყვებია: „ თუ ადამიანს ცვლილებების მოხდენა და უკეთესი ცხოვრება უნდა, მისთვის საუკეთესო მრჩეველი საკუთარ თავში მოთავსებული ხმა იქნება“, მეც საკუთარი გონების ხმას მივენდე და ფიქრი შევწყვიტე, მაგრამ რამის შეწყვეტა, გაჩერება, უკან დახევა, არიდება გამოსავალი არ არის, ფიქრებს უბრალოდ ფიქრის შეწყვეტით ვერ უშველი და ვერ განდევნი, ყველაფერი ძალზედ მარტივია, შენ მხოლოდ ის გევალება,რომ სხვანაირად დაიწყო ფიქრი. აი,ასე,ჩემო მეგობრებო, რადგანაც შემიძლია სხვადასხვა კუთხით ვიცქირო, წარმოსახვის საოცარი მექანიზმიც ავამუშავო და წარმოვიდგინო მრავალი ალტერნატივა, რომლებიც თავისთავად სხვა და უამრავ შედეგთა ალტერნატივებს გვაძლევენ, ფიქრებიც შევცვალე. კალაპოტი, რომელიც ჩემგან იწყებოდა ჩემკენ მოვმართე, ახლა თავად აღმოვჩნდი დინების ბოლოში, ეს კი გაცილებით კარგი და ამაღელვებელია, ვიდრე სათავეში ყოფნა. მიხვდით თუ რა რას ვგულისხმობ არ ვიცი, თუმცაღა ამ შემთხვევაში ეგოიზმსაც გამოვიჩენ და ვიტყვი,რომ არც დიდად მანაღვლებს ვინმე გაიგებს თუ არა ჩემს აზრების კორიანტელს, ამას ჩემთვის ვწერ.
  მეოცე საუკუნეში მოღვაწე ამერიკელმა ფსიქოლოგმა აბრაჰამ მასლოუმ შეადგინა ყველა ადამინისთვის დამახასიათებელი და ყველაზე მორგებული იერარქიული პირამიდა, რომელიც ხუთი საფეხურისგან შედგება.მეოთხე ადგილს თვითშეფასება იკავს, უმაღლესს კი თვითრეალიზაცია. სხვა დანარჩენი, სტაბილურობა, საკვები, მეგობრობა თუ სიყვარული მათ ქვეშევრდომებად შეიძლება ჩავთვალოთ. ალბათ მიხვდებით, საითკენაც მიმყავს საუბარი, თვითშეფასება, დიახ, აი სწორედ ის! მაღალი, მაგრამ არა გადამეტებული თვითშეფასებაა ყველაფრის გასაღები, თუ ამას თვითრეალიზაციაც ემატება და ღირსეული და სასურველი ადგილის დამკვიდრება საზოგადოებაში, მაშინ ხომ მთლად აპოგეაში ამოვყოფთ თავს, მაგრამ აქაც სიფრთხილე უნდა, რადგან ამ მდგომარეობასა დათავში ავარდნასშორის ძალიან მცირე მანძილია, საბედნიეროდ ეს მე არ მემუქრება.  მგონი თემასაც მივაკვლიე, ამიტომ მიყვარს წერა დაიწყებ და აზრზეც არ ხარ რაზე წერ, შემდეგ კი ისე,რომ გონებაში მონახაზიც არ გაქვს გაკეთებული ეკრანზე ასოები და სიტყვები თავისით ჩნდება და თითებიც ისე სწრაფად, გაუაზრებლად და დახელოვნებულად მოძრაობენ კლავიატურაზე, როგორც გამოცდილი მოციგურავეები ყინულის მოედანზე. ვწერ ამ თემაზე და ისიც არ ვიცი მიხვდით თუ არა რაზე ვწერ, თუმცაღა თავიდან ამაზე საერთოდ არ ვაპირებდი დაწერას, სიმართლე რომ ვთქვა არც არაფერზე ვაპირებდი ღაღადს. წიგნის წაკითხვის სურვილი გაქვს, აიღებ, წაიკითხავ 1-2 გვერდს და არ მოგწონს, ან მოგწონს,მაგრამ ვერ კითხულობ, შემდეგ საყვარელ და ყოველთვის ხელგაშლილ მასპინძელს - თვით რეიმონდ დუგლასს მიაკითხავ ილინოისში, მაგრამ აღარც მისი მასპინძლობა მოგწონს, ღმერთო, რა ჯანდაბა ხდება ამ სამყაროში, გაიხედავ და თავზეხელაღებული სამართლიანობის დამცველი რუსეთის უცოდველ ელჩს კლავს, იქით ვიღაც გიჟი საახალწლო ბაზრობას სატვირთოთი გადაუვლის, ვიღაც მაგარი ბიჭის თამაშს მოინდომებს და ხალხს პისტოლეტმომარჯვებული მოსაკლავად დასდევს, ხდება ის, რაც არ უნდა მომხდარიყო და ბოლოს, ვეღარც რეი ახერხებს სათანადო მასპინძლობის გაწევას. აქედან, ალბათ, ნამდვილი მიზეზი თუ რატომაც ვწერ მეოთხეა, რომელიც ყველაფრის თავი და თავია, მაგრამ არა მგონია ეს გამოიცნოთ, ალბათ, ახლა ზოგიერთი თქვენგანი იღიმის, მიგიხვდი და გამოვიცანიო, მაგრამ დამიჯერე, ჩემი ძვირფასო მკითხველო, ცდები და თანაც როგორ მწარედ, არც იმდენად სულელი ვარ რაიმე ფორმით ეს ყველაფერი ამ აზრიან ბოდვაში ჩავშალო. აზრიანი ბოდვა-მეთქი და მართალიც ვარ, რადგან ის,რასაც ვწერ ჩემთვის ზედმეტად აზრიანიცაა, ხოლო თქვენთვის ალბათ, უაზრო, უბრალო ბოდვას წარმოადგენს. მოკლედ, თუ აქამდე არ მოგწყინდათ და კითხვა არ შეწყვიტეთ, მაშინ განვაგრძოთ. დღეს არც მე ვიქნები მაინცდამაინც ხელგაშლილი და ვერც ფსიქოლოგიურ-ფილოსოფიურ დიალოგებს შემოგთავაზებთ, ვერც ახალ მეგობრებს შეგძენთ და ვერც უცხო სამყაროებში გამოგზაურებთ. დღეს პირდაპირ, ყოველგვარი შემალვისა და შელამაზების გარეშე გაგესაუბრებით, რადგან თავად ცხოვრებაც ასეთია, ფაქტები ფაქტებად უნდა მივიღოთ და არა მოსაზრებებად. თუმცაღა მოსაზრება თავისთავად ფაქტზე მნიშვნელოვანია და არა ფაქტები, არამედ მოსაზრებები განაპირობებენ თითოეული ჩვენგანის მომავალსა და ბედნიერ თუ უბედურ ყოფას. თვითშეფასებაზე ვაპირებდი საუბრის გაგრძელებას, მაგრამ არც მინდა ჩემ თავზე საუბრით დაგღალოთ და არც რამე გაფიქრებინოთ, ამიტომ ამაზე სხვა დროს ვისაუბრებ, შეიძლება ეს ძალიან მალეც კი მოხდეს, დამოკიდებულია მოვლენებსა და მათ განვითარებაზე. ყველა ადამიანი თავის ცხოვრებას წერს, მაგრამ ზოგჯერ რიგი გარემოებები და ფაქტორები ამაში ხელს გვიშლიან, სწორედ ესაა ბედი. ბედისწერას ვერსად გავექცევით, ზოგჯერ, არა, უფრო ზუსტად, ყოველთვის ყველაფერს სხვას ვაბრალებთ, შეიძლება ეს მართლაც ასე იყოს, შეიძლება კი ეს უბრალოდ განგებაა, ჩვენი ბედია და ამას ვერსად გავექცევით. მაგალითისთვის რაღა შორს წავიდე და ჩემივე მოთხრობასბედისწერასმოვიყვან, თუმცაღა პერიფრაზის დაწერას ნამდვილად არ ვაპირებ, თუ სურვილი გექნებათ თავადვე წაიკითხეთ და დასკვნაც გამოიტანეთ იყო ეს ნამდვილად განგება და მოსახდენი მოხდა თუ უბრალოდ ვიღაცამ დაუშვა შეცდომა, მაგრამ აქვე ჩნდება კითხვა რატომ ახლა? რატომ არა მრავალწლიანი პრაქტიკის განმავლობაში და რატომ მაინცდამაინც იმ საბედისწერო დღეს, ერთადერთხელ და უკანასკნელად?
  როგორი აბდაუბდა და არეულიცაა ეს ჩანაწერები ისეთივე არეულია ჩემი აზრებიც. ამიტომაც ვერ მოვიფიქრე რაზე უნდა დამეწერა და მგონი ამის გამო ყველაფერზეც ვწერ. ძალიან მინდა კიდევ ერთ რამეზე დავწერო, მაგრამ ალბათ ჯობს ჯერ მოვიცადო, მოსაზრებები გვერდზე გადავდო და ფაქტებს დაველოდო. მიუხედავად იმისა,რომ ამაზე აუცილებლად დავწერ, არ ვიცი ორი ალტერნატივიდან რომელს ავირჩევ, რომელს ამერჩევინებს ბედისწერა. შედგება დუელი,რომელსაც ასე ძალიან ველი(ესეც მაღალი თვითშეფასების ბრალია), თუ ყველაფერი ისე მოხდება, როგორც ხდება ხოლმე, მაგრამ სანამ რომელიმეზე დავიწყებდე  წერას, მანამდე ნიადაგი უნდა შემემზადებინა, არ ვიცი ეს რამდენად კარგად მოვახერხე, გამომივიდა თუ პირიქით უფრო დაგაბნიეთ, მაგრამ მიუხედავად იმისა,რომ ეს არ იყო მთავარი მიზეზი აზრების კორიანტელისა მაინც მიშველა. ჩარლზ, მართლაც მართალი იყავი, შე ბებერო ნაბიჭვარო!  

No comments:

Post a Comment