ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე
ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

Saturday, December 3, 2016

ფიქრის ნაპირზე

  ნიკი პატარა ბიჭი იყო, 11-12 წლისა თუ იქნებოდა. სანაპიროზე მარტო იჯდა, ხელები მუხლებისთვის შემოეჭდო, ნიკაპი ზედ ჩამოედო და ზღვის ტალღებს, რომელიბიც ქვიშიან ნაპირს ეხეთქებოდნენ და ნელ-ნელა ქვიშის თითოეული მარცვალიც თავისთან მიჰქონდათ, თვალმოუშერებლივ შესცქეროდა. ყურებში ტალღების დგაფუნი საამოდ ჩაესმოდა, მოულოდნელად სახეზე ღიმილი გამოესახა და მუხლებიც კიდევ უფრო მჭიდროდ მიიკრა მკერდზე.
  აღმოსავლეთიდან თოლიები აფრინდნენ. ცაში ირაო შემოკრეს და ნიკს თავზე გადაუფრინეს. რთული იყო ჭაბუკის ყურადღების მიპყრობა, მაგრამ თეთრმა თოლიებმა ეს მაინც შეძლეს. დასევდიანებულმა გააყოლა მათ თვალი, მანამ უყურებდა, სანამ საბოლოოდ არ მიეფარნენ თვალსაწიერს. უეცრად ფეხის ხმა მოესმა, შეკრთა და აღმოსავლეთისკენ გაიხედა. ბიჭს ასაკოვანი მამაკაცი უახლოვდებოდა. გრძელი, მოუვლელი წვერი ჰქონდა; ისეთი გამხდარი იყო,რომ ტანსაცმელი თითქოს კი არ ეცვა, არამედ სხეულზე ეკიდა; ძველი, გაცრეცილი ქუდი ეხურა; ხელში კი ნაცრისფერი ტომარა ეჭირა, ალბათ თავიდან ისიც თეთრი უნდა ყოფილიყო. ნიკს მოუახლოვდა თუ არა შედგა. ბიჭს მისი არ შეშინებია, მიუხედავად იმისა,რომ უცნობი ნამდვილ მაწანწალას ჰგავდა. კაცმა აქეთ-იქით მიმოიხედა, შემდეგ კი მზერა კვლავ პატარა ბიჭზე გადაიტანა.
-შეიძლება შენთან ჩამოვჯდე? - მისი ხმა გარეგნობისგან განსხვავებით არცთუ ისე საშინლად ჟღერდა. ნიკმა თავი დაუქნია. მამაკაციც გვერდით მიუჯდა. გახეული ფეხსაცმელებით ქვიშა გაქექა და მზერა ისევ ნიკს მიაპყრო, ბიჭი ზღვას კვლავაც უაზროდ შესცქეროდა.
-რა გქვია? - ჰკითხა უცნობმა.
-ნიკი, - ისე მიუგო მოსაუბრისთვის არც კი შეუხედავს.
-როგორც ვატყობ აქ მარტო ხარ, ნიკ, ხომ ასეა?- თავი დაუქნია. - ოჯახი ხომ გყავს? - ისევ თავი დაუქნია. - მერე აქ მარტო რას აკეთებ? -უცნობს მზერა სწორედ ახლა მიაპყრო, მის თვალებს დააკვირდა. კაცის თვალები იმ ზღვაზე უფრო ლურჯი იყო,რომელსაც რამდენიმე წამის წინ შესცქეროდა. ასეთი თვალები არასდროს ენახა, მათში საკუთარი სულის დანახვა შეგეძლო,ისინი სამყაროს აღქმის საშუალებას გაძლევდნენ, ამ თვალების ხილვის შემდეგ მამაკაცის გარეგნობა სულ მთლად გადაავიწყდა.
-უბრალოდ განმარტოვება მჭირდებოდა.- უთხრა და თავი ისევ მუხლებს ჩამოაყრდნო.
-რისთვის?
-ფიქრისთვის- მიუგო ხანმოკლე პაუზის შემდეგ. მოხუცმა გაიღიმა.
-ასეც ვფიქრობდი. მომიყვები შენს ფიქრებზე?
-არ ვიცი.
-მიდი, გული ვინმეს უნდა გადაუშალო ხოლმე, მაგრამ ხშირად ამას ვერც ახლობლებთან აკეთებ და ვერც მეგობრებთან იმიტომ,რომ ისინი კარგად გიცნობენ, მე კი მხოლოდ შენი სახელი ვიცი, რაღა თქმა უნდა, ეგეც თუ არ მომატყუე, ვის რა უნდა ვუთხრა? - შეაგულიანა მოხუცმა.  ნიკი ჩაფიქრდა და კაცს შეხედა, არც ისეთი მოხუცი იყო, ალბათ, 65 წლამდე იქნებოდა.ბიჭი ისევ დუმდა. - მგონი მივხვდი, - ეშმაკურად გაიღიმა კაცმა. ნიკი მას ცნობისმოყვარეობით შეაცქერდა. - სიყვარული, არა?
-ჰო, - მიუგო დასევდიანებულმა.
-იცის?
-არ ვიცი.
-როდის აპირებ ამის გამხელას?
-არ ვიცი.
-ძალიან გიყვარს?
-არ ვიცი.
-პირველია,არა?
-კი, პირველია.
-რატომ არ ეუბნები?
-ვეტყვი, უბრალოდ ჯერ შესაფერისი მომენტი ვერ შევარჩიე.
-იქნებ იმიტომ ვერ ეუბნები,რომ გეშინია?
-რისი?
-უარის, იმისი, რომ ისიც იმავეს არ გრძნობს შენ მიმართ.
-არ ვიცი, შეიძლება.
-იცი, პირველი სიყვარული მე რომ მეწვია შენზე უფრო დიდი ვიქნებოდი, სულ ცოტათი, მეგონა მის შემდეგ ვერავის ვერ შევიყვარებდი, სულელური გეგმებიც დავალაგე, - მოხუცმა ჩაიღიმა, - ყველაზე განსაკუთრებული მეგონა, ვფიქრობდი,რომ ის იყო ამ სამყაროში ყველაზე არაჩვეულებრივი და იდეალური გოგონა.
-იდეალური ადამიანები არ არსებობენ.
-მართალია, მაგრამ როცა ადამიანი ჭეშმარიტად გიყვარს, მისი თითოეული ნაკლოვანებაც კი გიყვარდება, სწორედ ეს აქცევს მას შენთვის იდეალურად. - ნიკმა თავი დაუქნია. - მოკლედ, ძალიან მიყვარდა, მასზე ფიქრს ვერ ვწყვეტდი.
-შემდეგ რა მოხდა?
-სიყვარული ავუხსენი.
-მერე?
-დამთანხმდა.
-ეს ხომ კარგია.
-ჰო, შეიძლება კარგიც იყოს, ერთად სულ რამდენიმე თვე ვიყავით.რაც უფრო კარგად იცნობ ადამიანს, მით უფრო უკეთ ხედავ მის მანკიერებებსა და ნაკლებად მიიჩნევ  საუკეთესოდ.
-ეგ როგორ?
-პირველი ეფექტი, საუცხოო რამაა, უდიდესი გამოცდილება, როდესაც ისეთ რამეს განიცდი, რაც არასდროს განგიცდია. მთელი გრძნობები ერთიანად დაგატყდება თავს, უაზროდ გცხელა, გცივა, გული გიძგერდება,სუნთქვა გიხშირდება, თითქოს სამყარო პატარავდება, თავზე გიჭერს და სადაცაა მთლიანად ჩაგყლაპავსო. ამ დროს ადამიანი, რომელმაც ეს საოცარი ცვლილებები გამოიწვია ყველაზე მეტად გიყვარდება, მასში მხოლოდ კარგს ხედავ, ის შენთვის სათნო ქალღმერთად იქცევა, მართლაც საუკეთესოა და მისნაირი სხვა არ დაიარება დედამიწაზე. შორიდან ეტრფი და შენთვის მართლაც იდეალურია, მანკიერებები და ნაკლოვანებები სწორედ მაშინ იჩენენ თავს, როდესაც ამ ადამიანს კარგად გაიცნობ. დრო გადის და სიყვარულიც აღარაა ისეთი მძაფრი, აღარც ის გესახება ისეთ არაჩვეულებრივად, როგორადაც დასაწყისში გესახებოდა, თუ ნამდვილი და ჭეშმარიტი გრძნობა გაკავშირებთ ამას აუცილებლად გაუძლებთ და სამუდამოდ ერთად იქნებით, მაგრამ თუ არა, მაშინ ის არც ყოფილა შენი ბედი, ეს ასეც უნდა მომხდარიყო, რადგან დამიჯერე,ნიკ, ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი და თავიდან რაც არ უნდა ცუდად ჟღერდეს, მომავალში აუცილებლად საუკეთესო შედეგს მიიღებ. ის გოგონა მეც ერთადერთი და განუმეორებელი მეგონა, ვფიქრობდი,რომ მისნაირს ვერასდროს შევხვდებოდი და მართალიც ვიყავი იმიტომ,რომ გავიდა დრო და მასზე უკეთესს შევხვდი, ჩემი მეუღლე, აი ვინ იყო ნამდვილად არაჩვეულებრივი და განსაკუთრებული. თითქოს არ მიყვარდა ისეთი სიყვარულით,როგორც უწინ, რადგან ის მაინც პირველი სიყვარული იყო, პირველი ეფექტი. მან მაზიარა ახალ სამყაროს და რაღაც გასაოცარი შემაცნო, ამიტომ შემდეგი სიყვარული, რაც არ უნდა რწფელი და ჭეშმარიტი იყოს, ვერასდროს იქნება დასაწყისში პირველისავით საუცხოო, მაგრამ მისგან განსხვავებით ბოლოში კი ნამდვილად ტკბილი იქნება.
-ანუ თავი უნდა გავანებო?
-არა, არა,- კაცმა თავი გააქნია, - მე ეს არ მითქვამს, უნდა ცადო, და თუ ცდას აპირებ ბოლომდე უნდა ცადო, შენი რა მიდის, არც ახლაა ის გოგონა შენთან და თუ მერეც არ იქნება რა მოხდა, რას კარგავ, არაფერს, მაგრამ შენ თავთან უნდა იყო მართალი, რომ შემდეგ მომავალში საკუთარი თავი არ დაადანაშაულო რატომ არაფერი არ გააკეთეო, მაგრამ თუ არაფერი არ გამოვა, ე.ი. არც უნდა გამოსულიყო და ამის გამო დარდს ნამდვილად არ უნდა მისცე თავი, რადგან შეუცვლელი არავინაა, ნიკ, შეუცლელი მხოლოდ შენი ოჯახია, შენი მოსიყვარულე და მზრუნველი მშობლები, სხვა დანარჩენი კი მომსვლელი და წარმავალია.  - შეფიქრიანებულმა ბიჭმა თავი დაუქნია. - შეიძლება ერთი რჩევა მოგცე,ნიკ?
-რა თქმა უნდა.
-ფიქრი შეწყვიტე.
-რა, რატომ?
-გასაჭირის ჟამს ფიქრი ადამიანის მხსნელი და საუკეთესო მეგობარია,მაგრამ რიგ შემთხვევებში ის ჩვენი მტერიცაა და ადამიანი დაღუპვამდეც კი მიჰყავს.
-ალბათ, მართალია.
-მართალია, ნიკ, განა თავად არ მეთანხმები? ინსტიქტებს უნდა მიენდო და უნდა გარისკო, რისკს კი 50%-იანი წარმატებაც ახლავს და 50%-იანი მარცხიც, სხვა გზა არ გაქვს და სანამ რისკზე არ წახვალ, მანამდე ფიქრი შენი საუკეთესო მეგობარი ვერ იქნება, ის დაგღუპავს. - ბიჭმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
-მგონი შანსები მეტი მაქვს.
-მართლა? - მოხუცს გაეცინა, - ეს ხომ ძალიან კარგია.
  ბიჭმა ხელი ჯიბეში ჩაიყო და იქიდან გადაკეცილი ქაღალდი ამოაძვრინა. ხელში ჩაბღუჯა და მიაშტერდა, უცნობიც ცნობისმოყვარეობით შეაცქერდა ფურცელს.
-ეგ რა არის?
-ლექსი.
-ლექსი, შენ დაწერე? - ჰკითხა ღიმილით.
-ჰო.
-ე.ი. ყველაფერთან ერთად ლექსებსაც წერ, უკვე ყველაფერი გასაგებია. პოეზია კარგია,თუმცაღა ლექსი სხვა არაფერია, თუ არა ფიქრებისგან და განცდებისგან აჟღერებული ჩანგური, რაოდენ ამაღელვებელიცაა მისი შექმნის პროცესი და რაოდენ მშვენიერიცაა მკითხველის სახეზე გამოსახული ღიმილი თუ თვალს მომდგარი ცრემლი,იმდენადვე მომაკვდინებელი და დამღუპველი შეიძლება აღმოჩნდეს ერთი უბრალო ლექსი თავად ავტორისათვის.
-ვიცი.
  ნიკმა მზერა მოშორებით ნაპირზე გამორიყულ შუშის ბოთლს მიაპყრო, ადგა და მისკენ დაიძრა. ქვიშიანი ბოთლი ხელში აიღო, ერთხანს კიდევ დასცქეროდა, შემდეგ ფურცელი შიგნით მოათავსა და საცობი მჭიდროდ მოარგო. ბოთლი,რომელიც მზის სხივებს ირეკლავდა და ცისარტყელას ფერებში განათებულიყო ხელში შეათამაშა, მაღლა აწია, უღრუბლო ზეცას შუშის განჭვრეტით შეხედა, გაიღიმა და ბოთლი ზღვაში მთელი ძალით მოისროლა. ტალღებმა ის მაშინვე ზედაპირზე ამოატივტივეს, მიქცევა დაწყებულიყო, შუშის ბოთლი მალე უკიდეგანო ზღვის წიაღში ჩაიმალა და მის განუყოფელ ნაწილად იქცა. თუ სად წაიღებდა დინება მას უცნობი იყო ისევე,როგორც ის, თუ სად და რამდენად შორს წაიყვანდა ბედი თავად პატარა ჭაბუკს. ნიკმა უკან მოიხედა, კაცი გზას გასდგომოდა, სადაც იყო თვალს მიეფარებოდა.
-ვინ ხარ? - დაუძახა ბიჭმა.
-თავადაც კარგად იცი, ვინც ვარ.
-გმადლობ.
-მადლობა საკუთარ თავს გადაუხადე, ბიჭუნი. წარმატებები, ნიკ! - დაუძახა და ხელი დაუქნია, შემდეგ კი უსასრულობას შეერწყა.
     ნიკმა თვალები გაახილა, ზღვას საბოლოოდ მოავლო მზერა. წამოდგა, შარვალი დაიფერთხა და შინისკენ გზას გაუყვა. მიმავალს სახეზე ღიმილი გამოსახვოდა, ის ბედნიერი იყო, ბოლოს და ბოლოს ძალიან, ძალიან ბედნიერი იყო.



გიორგი ჩაჩხიანი






No comments:

Post a Comment