ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე
ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

Wednesday, September 2, 2015

ვირთხა და ინდაურები-ჭიჭიკოს ამბავი



  კავკასიაში მდებარე ულამაზეს ქვეყანას,სადაც ზაფხულში შეგიძლია ზღვაში იცურაო და ამავე დროს თოვლიან გზებზეც ითხილამურო საქართველო ჰქვია. ეს ქვეყანა გამორჩეულია ბუნებით,ხალხითა და ულამაზესი სოფლებით. ხალხი აქ მხიარული და კეთილია,განსაკუთრებით ეს ყველაფერი იმერლებს ახასიათებთ. ისეთი ხალხია, არაფრის ჭამა რომ არ გინდოდეს მთელ ქათამს რომ გაჭმევენ,თანაც ძალით კი არა, შენი ნებით,უხასიათოდ რომ იყო მთელი დღე გაცინებენ,გაჭირვებაში რომ იყო გაგამდიდრებენ,შეიძლება არა ფულითა და მზითვებით,ეს მათაც არ აქვთ,უბრალოდ გაგამდიდრებენ იმით,რაც ცხოვრებაშია მთავარი, სიყვარულით,სიხარულით, ბედნიერებით, გაჩუქებენ უმშვენიერეს და გულწრფელ ღიმილს,მოგიწყობენ და მოგანიჭებენ კეთილდღეობასა და შეგაყვარებენ ცხოვრებას,სიცოცხლეს.
  საქართველოს ყველა კუთხის ხალხი განსხვავებულია,მთლიანობაში კი იქმნება ერი,ეროვნება ქართველი და ამიტომაცაა ეს ქვეყანა ასეთი გამორჩეული,საქართველოს კუთხეებიდან კი მე იმერეთს გამოვარჩევ,ალბათ იმიტომ,რომ ამ კუთხის უფრო მეტ წარმომადგენელს ვიცნობ და ყველა ერთნაირია,ყველა ერთნაირად მაგარი და თავად როგორც ამბობენ ჯიგარი ხალხია. იმერეთში უამრავი ქალაქი თუ სოფელია,მათ შორისაა სოფელი ივანდიდი,სადაც 650 კომლამდე ცხოვრობს. მჭიდროდ დასახლებული ლამაზი სოფელია,მაგრამ სოფელზე გასაოცარი და განსაკუთრებული მისი ხალხია, იქ საკმაოდ მეგობრული და მშრომელი ხალხი ცხოვრობს,ისეთი ერთმანეთის გატანა და გვერდში დგომა რომ არ ეშლებათ. ერთ-ერთი გამორჩეული ოჯახი ბენდელიანების ოჯახია. აი ასე,გაიმერლებული სვანები, ეს რაღაც ახალი და ძალზედ მაგარი უნდა იყოს,ეს ასეცაა.
  ჯერ კიდევ მეოცე საუკუნე იყო,როდესაც ეს ამბავი მოხდა.მოზრდილ ეზოში ბენდელიანებს ხის სახლი ედგათ,მათ გვერდით კი რუსი კაცი იურა ცხოვრობდა. ზაფხულობით რუსი სამხედროები ჩამოდიოდნენ ხოლმე,იურაც კი მათ აპურებდა და დროს ატარებინებდა.
 ოჯახის უფროსს ჯემალ ბენდელიანს მეუღლე და ორი ვაჟი ჰყავდა. ალეკო უფროსი ვაჟი გახლდათ,მისი ძმა გიო კი უმცროსი. ქალბატონი ზაირაც ნამდვილი დიასახლისი იყო.მეუღლესა და შვილებს სადილს უმზადებდა,სახლს დასუფთავებულს ახვედრებდა,ეზოსაც უვლიდა და განსაკუთრებით თავისი პატარა ინდაურები უყვარდა. ზაფხული იდგა,როდესაც მეუღლეს უთხრა მე და გიო ორი-სამი დღით უნდა წავიდეთ და სახლს შენ გიტოვებ,ინდაურებს მიმიხედეო. ჯემალი ბენდელიანი,მეტსახელად ჭიჭიკო სახლში უფროს ვაჟთან ერთად მარტო დარჩა. კაცი სახლს ალაგებდა და უვლიდა იმ პატარა ინდაურებს,რომლებსაც თმა სამ ღერად ამოსჩროდათ და გაფართოებული თვალებით დააბიჯებდნენ ბენდელიანების ეზოში,როგორც იტყვიან კაცი მათ ცივ ნიავს არ აკარებდა. ქალბატონი ზაირას ჩამოსვლამდე ერთი დღე დარჩენილიყო. ჯემალიმ სახლი დაასუფთავა,ფეხის კუნთები დასჭიმოდა,მათზე ხელს იკიდებდა და თავისთვის გაიძახოდა: ბიჭო,ეს რა ყოფილა ქალის საქმეო-მერე ინდაურებს დახედა,თავზე თეთრი ზეწარი გადააფარა და ოთახში შეიყვანა,შემდეგ კი თავის საქმეს დაუბრუნდა. რამოდენიმე ხანში ოთახში შევიდა,ინდაურები თავიანთ სახლში უნდა დაებინავებინა. ყუთი ხელში აიღო ,უეცრად ზეწარი აიშალა და იქიდან რაღაც გადმოხტა,ჭიჭიკოს ყუთი ხელიდან გაუვარდა,შეჰყვირა,მერე ინდაურებს დააკვირდა, არც ერთი არ ინძრეოდა,ზეწარი გადახადა და გაოგნდა,თურმე ვირთხას ყველასთვის გამოეჭამა ყელი. კაცი გაგიჟდა,ფეხებს და ხელებს იქნევდა. მთელი დღეები უვლიდა ინდაურებს და ახლა უცებ აი ასეთი რამ დაემართა. თავზე იტაცა ხელები,შეჰყვირა ახლა რა ვქნაო,ვირთხას ძებნა დაუწყო,მაგრამ ვერ პოულობდა. ამასობაში პატარა ალეკომ როცა გაიგო რა ხდებოდა გარეთ გავიდა და მეზობლებს სათითაოდ ჩამოუყვა. ყველას უამბო მამამისისა და ინდაურების ამბავი. ის იყო ჭიჭიკო ოთახიდან გამოვიდა,რომ ჭიშკართან მთელი მეზობელი ქალების ამალა დახვდა.
-აი ჯემალ,ახლა რა გეშველება ზაირა რომ ჩამოვა.
-ახია,შენზე.
-ინდაურები შეგიჭამეს,ბიჭო?-ქალები იცინოდნენ და თანაც კაცს ამხნევებდნენ. ჭიჭიკო იურას ეზოს მივარდა და მთელ ხმაზე დაიწყო ყვირილი:
- Юра, Юра! - იურამ თავი გამოყო- Иди сюда, Юра, Иди сюда!-თანაც ხელით ანიშნებდა მოდიო.
- Что случилось?-იკითხა მეზობელმა.
- Крыса,Юра,Крыса. Индюшек загрызли, найдём ету сволочь!
 იურა მაშინვე გამოვარდა და ორივენი ოთახში შევიდნენ. კუთხეებშიც კი დაეძებდნენ ვირთხას,ბოლოს იურამ მას საწოლში, ლეიბსა და საბანს შორის მოჰკრა თვალი,ჭიჭიკოს მუჯლუგუნი წაჰკრა და ჩასჩურჩულა: 
- А вот. Там есть крыса.  -ჭიჭიკომაც დაინახა უზარმაზარი თაგვი. ხელები აიკაპიწა,ფეხები ერთმანეთს დააშორა,წინ წაიწია,საწოლს ნელ-ნელა ჩუმად ეპარებოდა,თან ხელებს ამოძრავებდა,შესაბამის კუთხეს არჩევდა და უცებ:
-ჰოპლა-დაიძახა და ვირთხას დაახტა.ლეიბი და საბანი ხელებით მოკუჭა და საწოლზე დაიწყო ფართხალი.
- Хватит Джемал, она умерла!-ჭიჭიკო შეყოვნდა და საწოლს დახედა:
-არა,უ მაგის-თქვა და უფრო მაგრად დაიწყო ფართხალი. როგორც იქნა წამოდგა,ვირთხა ძირს გადმოაგდო და საბოლოოდ დარწმუნდა რომ მკვდარი იყო. მერე იფიქრა თუ როგორ უნდა აეხსნა ეს ყველაფერი მეუღლისთვის,მანამდე ვირთხაზე გადართულს ზაირას ჩამოსვლა სულ დავიწყებოდა. ბოლოს ვირთხა ინდაურებს დააგდო და ზეწარი გადააფარა.
  გათენდა მეორე დღე,დილით ბენდელიანების სახლთან ტაქსი გაჩერდა,იქიდან ქალბატონი ზაირა და გიო გადმოვიდნენ.მათკენ პატარა ალეკო გაექანა.
-აბა როგორ ხართ?-შვილს ჰკითხა ზაირამ.
-ჩვენ კარგად,მაგრამ ინდაურები...
-რა სჭირთ ინდაურებს?!-იკითხა ზაირამ და ოთახისკენ დაიძრა,გადახადა თუ არა მათ ზეწარი შეჰყვირა.
-რა არის აგი,ჭიჭიკო?-ქალს სული შეეხუთა,გარეთ გავარდა და ეზოში „გადაყირავდა“.
-ვირთხაა ქალო,ვერა ხედავ?
-რა უნდა აქ ვირთხას?
-რა ვიცი აბა რა უნდა-ჭიჭიკომ ვირთხა გადმოაგდო,მასზე შეხდა და მანამდე იხტუნა სანამ საბოლოოდ არ მიჭეჭყ-მოჭეჭყა.
-აღარ შემიძლია,ფეხები მაქვს დაჭიმული იმდენი ვხეხე და ვალაგე. ა,ნახე თუ გინდა-კაცმა წვივებზე წაივლო ხელი.
-ვირთხა და ჯანდაბა მაგას-თქვა ქალბატონმა ზაირამ.
  იმის შემდეგ ინდაურები ბენდელიანების ოჯახში აღარ ჰყოლიათ. ეს ამბავი სხვა უამრავ სახალისო ისტორიასთან ერთად 16 აგვისტოს სწორედ მათ ოჯახში მოვისმინე,სიცილითა და დიდი მხიარულებით ყვებოდნენ,მაგრამ მაშინ ჭიჭიკოსთვის რომ გეთქვა ამ ამბავზე ბევრს იცინებო, ალბათ, რაიმეს ჩაგარტყამდა თავში. ჰო მართლა, ამ ამბავს ერთი გაგრძელებაც აქვს,ჭიჭიკო მემანქანეა,სწორედ აქ შეარქვეს ეს სახელი. ერთ-ერთ მგზავრს,მოხუც ქალბატონს უყვებოდა ამ ამბავს,თუმცაღა ისე კარგად,სახალისოდ და ემოციურად ყვება,რომ სიტყვა უგრძელდება ხოლმე,ქალს კი ჩასვლა ეჩქარებოდა,ამიტომ  უცებ ჭიჭიკოს ჰკითხა:
-ერთი ის მითხარი შვილიკო,ბოლოს მოკალით ის ვირთხა?
-კი-მიუგო ჭიჭიკომ.
-თქვენ გაიხარეთ,შვილო. აბა ახლა აქ ჩავდივარ და ბარემ გამიჩერე-მთელი მატარებელი ახარხარდა,ზუსტად ისევე,როგორც მე და ჩემი ოჯახი ვხარხარებდით ამ ამბის მოსმენისას.



No comments:

Post a Comment