თუ ჩემს მოთხრობას „ვირთხა და ინდაურები-ჭიჭიკოს ამბავი“ გავეცნობით
და გავიხსენებთ უთუოდ მოგვაგონდება თავად ყველასათვის საყვარელი,ხუმარა ჭიჭიკო.
აბავი,რომელსაც ახლა გიყვებით სწორედ ბ-ჯემალიმ მომიყვა 16 აგვისტოს. ბოლოს კი
დაამატა,რომ მისი მონათხრობი რეალურ ისტორიაზე იყო დაფუძნებული,შევეცდები
ლიტერატურული ენა მოვიშველიო და სწორედ ასე გადმოგცეთ ეს ნამდვილად სახალისო
ამბავი.მე შევეცდები, დანარჩენი თავად შეაფასეთ. მთავარ გმირს პირობითად ლევანს
დავარქმევ,მისი სახელი ჭიჭიკოს ჩემთვის არ გაუმხელია.
საქართველოში ადამიანის
მთავარი მონაპოვარი და სულის სიმტკიცე ოჯახია,პრინციპში ყველგან ასეა,მაგრამ აქ
განსაკუთრებით.ჩვენთან ოჯახი ყველაზე ფასეულია ადამიანის ცხოვრებაში. როგორც
იტყვიან ოჯახი ეს ძალაა,ოჯახი ეს სიმტკიცეა. როდესაც ქართველი კაცი თავის
შვილს დააოჯახებს,არ აქვს მნიშვნელობა ეს ქალიშვილი იქნება თუ ვაჟიშვილი, ის
ამბობს,რომ შვილის მეუღლის სახით კიდევ ერთი შვილი შეიძინა.რადგან ამაზე დავიწყე
საუბარი ერთ ამბავს აქვე მოვაყოლებ. პიკაპსა და ღორს ნამდვილად არ ეხება,მითუმეტეს
არაფერ კავშირშია ჩვენს უძვირფასეს ჭიჭიკოსთან,მაგრამ როგორც იტყვიან
კარგი,გემრიელი ქართული ამბავია,რომელზეც ბევრს გაუცინია.მოკლედ, ერთხელ სტუმრად
დაპატიჟებული ქართულ სუფრაზე გეახლებით,პატარა მაგიდა იყო.ოჯახის უფროსმა შვილების
სადღეგრძელო დაიწყო,მას ქალ-ვაჟი ჰყავდა,ორივე დაოჯახებული. მაგიდასთან როგორც თავისი
შვილები,აგრეთვე რძალი ეგულებოდა, სიძეს კი სამსახურის გამო ჩამოსვლა ვერ
მოეხერხებინა. კაცმა შესავალი წარმოთქვა და ბოლოს დაამატა:
-მე ძალიან მიხარია,რომ აქ ჩემს საყვარელ და ძვირფას შვილებს
ვხედავ,მართალია ერთი მაკლია,მაგრამ დანარჩენები რომ გვერდით მყავს ეს მახარებს და
მაბედნიერებს.
მაგიდას ასევე სახლის
დიასახლისიც ეჯდა,როდესაც მეუღლის სიტყვები გაიგონა წამოხტა და
გაკვირვებული,შეცბუნებული ხმით ჰკითხა:
-ვინ შვილი გაკლია,რამეს ხომ არ მიმალავ?!
-სიძეზე ვთქვი,ძვირფასო,რას უნდა გიმალავდე?-მიუგო კაცმა ღიმილით.
-უჰ,მეც არა ვთქვი,ვინმე სხვა შვილი ჰყავს-თქვა(თქვა-იგივე მეთქი
იმერულ დიალექტზე), ვაი დედა,ჩემი სიკვდილი-ყველა ავხარხარდით.
ამ პატარა ამბით იმის თქმა და
ახსნა მინდა,თუ რაოდენი სიყვარული და პატივისცემა გააჩნიათ ქართველებს შეძენილი
ოჯახის წევრების მიმართ.ისინი მათ თავიანთ შვილებად მიიჩნევენ და აღიქვამენ,თქვენ კი
ჩემო ძვირფასო მკითხველო, თავად მოგეხსენებათ თუ როგორი ძვირფასი საგანძურია
ქართველი მშობლისთვის საკუთარი შვილი,გინდ ცუდი იყოს და გინდ კარგი. ახლა კი
შესავლიდან ძირითად ნაწილზე გადავიდეთ და ჭიჭიკოს მონათხრობიც მოვყვეთ.
ქალაქ ქუთაისში
ცხოვრობდა ერთი ქუთათური კაცი სახელად
ლევანი(პირობითად). მას თავისი მეუღლის ოჯახი სოფელში(სამწუხაროდ აღარ მახსოვს
რომელი სოფელი იყო) ეგულებოდა. ზამთარი იყო,შობა ახლოვდებოდა. ლევანს სიმამრმა
დაურეკა და უთხრა: -სოფელში ჩამოდი,ადრე გოჭი რომ ვიყიდე,გავზარდე,გავასუქე და
ახლა შენ უნდა გაჩუქოო. სოფელში ვიზიტი შობამდე იყო დაგეგმილი,მაგრამ ლევანიმ
ჩასვლა ვერ მოახერხა,საშობაოდ კი უკვე სოფელში იყო და ამ ბრწყინვალე დღესასწაულს
სწორედ მეუღლის ოჯახთან ერთად შეხვდა. სიმამრმა ღორი არ დაკლა, ასე უთხრა ცოდოა აქ
დასაკვლელად,გაგატან და როგორც გინდა ისე მოიხმარეო. ლევანს პიკაპი ჰყავდა,უკან
გრძელი,მოშიშვლებული საბარგულით. შეაგდეს ეს ჩვენი ღორი პიკაპის საბარგულზე, თავად
ლევანი თავის ცოლ-შვილთან ერთად წინ მოთავსდა და მიდიან ქუთაისში.
გზად,ზესტაფონთან ერთი
პატარა,მელოტი კაცი გამოჩნდა,ლევანს მანქანის გაჩერება სთხოვა,ხათრიანმა
ქუთათურმაც მემამულეს მანქანა გაუჩერა.
-გამარჯობა-დაუძახა მან მგზავრს.
-გაგიმარჯოს,კაი კაცი ჩანხარ,ქუთაისში მივდივარ და ქალაქის
შესასვლელამდე გამოგყვები,რა.
-ადგილი რომ არ მაქვს,წინ ჩემი ცოლ-შვილი მიზის-ლევანი
ჩაფიქრდა-ა,მოიცა, უკან ღორი მყავს და თუ გინდა იქ დაჯექი.
-აგაშენა ღმერთმა,მთავარია ქალაქში ჩავიდე,ღორს კი არა ბატებს
ჩავუჯდები თუ გინდა- ჩაჯდა მელოტი კაცი ღორთან და განაგრძეს გზა.
რამოდენიმე ხანში გზად ორი
საშუალო ასაკის კაცი შეხვდათ. ლევანს მათმაც სთხოვეს წაყვანა,კაცმა უთხრა:
-წინ ადგილი არ მაქვს,უკან ღორი და კაცი მიზის და თუ გინდათ იქ
მოთავსდით.- ამათმაც რა პრობლემააო და ჩასხდნენ ღორთან და პატარა კაცთან. მელოტმა
ღორისკენ ჩაიწია და ქე ზიან ახლა კაი ძმაკაცებივით. ეს კაცები ღორს უყურებენ და
საუბრობენ:
-აფსუს ბიჭო,რა ღორი მიყავს ამ კაცს.
-აბა,ცოდოა ამის გაფუჭება ამ შობა დღეს,უჰ,უჰ,ყელს მალამოდ
მოედებოდა,აფსუს ბიჭო,რა ღორია,რა ღორი.
პატარა კაცმა,რომელიც
ღორთანაა მიცუცქული უცებ თქვა:
-არ თქვათ მაგი, გამაწამა ამ ღორმა,ვინც ეს ღორი იყიდოს იმას-და
დაიწყო გინება,ამ ღორსაც აგინებს და იმასაც,ვინც ვერ იყიდა ანდა ყიდვა
უნდოდა,მოკლედ ყველასა და ყველაფერს აგინებს.
-ალბათ ძვირად ყიდი და მაგის ბრალია რომ ვერ გაყიდე-მიუგო ერთ-ერთმა.
-სამას ლარად ვყიდი,დიდი ღორია.
-ძვირია,250 გვაქვს,მოგცემთ და მოგვყიდე ეგ ღორი-პატარა კაცი
ჩაფიქრდა.
-თანახმა ვარ-თქვა ბოლოს,კაცებს ფული გამოართვა და ღორი გადაულოცა.
ამასობაში ლევანი ქუთაისში შევიდა. პატარა კაცმა მანქანის გაჩერება სთხოვა,ლევანს
მადლობა გადაუხადა და თავის გზას გაუდგა.
გავიდა ცოტა ხანი, ლევანი
თავის პიკაპს ქუთაისში მიაქროლებს. მგზავრებმა მანქანა
გააჩერებინეს,გადმოვიდნენ და ლევანს ეუბნებიან:
- ერთი თუ ჩემი ძმა ხარ,აგერ უკან ღორი ვიყიდეთ და სახლამდე
მიგვაყვანინე რა.-ლევანი გაგიჟდა,აღშფოთდა.
-რაის ღორი იყიდეთ?-ხელების ქნევით მიუგო მგზავრებს.
-აგერ უკან,პატარა კაცმა მოგვყიდა,კაი მსუქანი ღორია.
-ჩემი ღორია მაგი,ვერა ხართ თქვენ პატარა-ლევანიმ გაზს დააჭირა და ეს
ორი კაცი ქუჩაში დატოვა. უყურებენ ერთმანეთს და ბოლოს ერთი ამბობს:
-კიდევ კარგი მაინც იაფად ვიყიდეთ ეგ ღორი,აბა 300 ლარის ტყუილად
გადაყრა იქნებოდა?
-აბა,სიმონ. აი, ჭკუა რომ გექნება კაცს-კაცმა საჩვენებელი თითი თავზე მიირტყა
და ჰორიზონს გახედა,საიდანაც ლევანის პიკაპი თავის ღორიანად გამქრალიყო.
გიორგი ჩაჩხიანი
No comments:
Post a Comment