ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე
ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

Friday, September 11, 2015

ჭოლებში გამართული გიჟური ქეიფი

   ქართველ კაცს ოდითგანვე ბრძოლა და ქეიფი ძვალ-რბილში ჰქონდა გამჯდარი,დღესდღეისობით მხოლოდ ქეიფიღა შემორჩა. ძირძველ,ნამდვილ ქართულ სუფრას მხოლოდ სოფლებში თუ იპოვნი,ისიც აქა-იქღა თუ შემორჩენილა ეს ყველაფერი. როგორც ამბობენ პურის გატეხვა გლეხთან ერთად ერთი სიამოვნებაა,თუმცა ყველა ადამიანი ვინც სოფელში ცხოვრობს გლეხი არაა. მათ სოფლელებს უწოდებენ და არც ესაა მართალი. სოფელში ორი ტიპის ხალხი ცხოვრობს გლეხები და სოფლელები. სოფლელია კაცი, რომელიც მხარ-თეძოზე წამოგორებულა,მშრომელ ადამიანს უყურებს და თავი მასზე მაღლა მდგომი ჰგონია. ჩვენ ოდითგანვე გლეხები ვიყავით,გლეხობა ეს პატიოსნებაა,ეს ადამიანობაა,ეს ქართველობაა. ჩემთვის ადამიანს, რომელზეც იტყვიან გლეხიაო უფრო მეტი ფასი აქვს,ვიდრე ვინმე მდიდარ განებივრებულ პიროვნებას,რომელსაც არაფერი აკლია,ნუ, თუ ეს ყველაფერი თავისი შრომით მოიპოვა, მაშინ სხვა საქმეა,მაგრამ ალბათ მიმიხვდით რისი თქმაც მინდა. მეც გლეხი ვარ და ყველა ის ადამიანია გლეხი,რომელიც ამ სამყაროში,ამ უკიდეგანო მიწაში რაღაცას ჩიჩქნის,რათა თავისი სახელობის ერთი ხე მაინც დატოვოს. მხოლოდ გლეხთან შეგიძლია გაიგო თუ რა არის ქართველობა,თუ როგორი იყვნენ წინაპრები,რომლებსაც გვინდა რომ დავემსგავსოთ,მაგრამ ამ ყველაფრისგან მაინც გავრბივართ,დავცინით ჭეშმარიტ ქართველებს,მათ,ვისაც ადამიანურობა თითოეულ ჩვენგანზე მეტი აქვთ და თავი დიდი ვინმეები გვგონია. როგორც ვთქვი ნამდვილი ქეიფის გემოს მხოლოდ გლეხების სუფრაზე,სოფელში თუ გაიგებ. ნუ, რა თქმა უნდა მცირე გამონაკლისები ყველგანაა,აქაც ასეა,თანაც თუ ღვინო გრადუსიანია ო,აი მაშინ ხდება რაც ხდება. უბრალოდ ერთი განსხვავებით, გლეხი ჩხუბს არ დაგიწყებს,შენ მისი ძმა,მისი თანამემამულე ხარ.აი თანამედროვე ქართველი კი მაშინვე ჩხუბზე გადმოვა,რომელსაც მამაპაპურ საქციელს დაარქმევს.ესეც გლეხების კიდევ ერთი პლიუსი.  საქართველოში ძალიან ცოტა გლეხია,თუმცა ბევრადაა ნახევარ-გლეხები, ეს კი კარგია,ძალიან კარგია. ქეიფზე,რომელზეც მოგიყვებით ნახევარ-გლეხები იმყოფებოდნენ.ეს ქეიფი კი სოფელ ჭოლებში გაიმართა.
  ჭოლები ქართული ძირძველი სოფელია იმერეთში,გარს ტყეები აკრავს. ერთი სიტყვით მაგარი ადგილია,კაცები ხშირად სანადიროდ დადიან, ქალები ეზოს უვლიან,რგავენ,თესენ,მკიან,მოსავალს იღებენ და ა.შ. ერთი სიტყვით ჩვეულებრივი სოფელია,მაგრამ იმ დღეს, როცა ის ქეიფი გაიმართა,ო, მაშინ მართლაც ყველაზე გამორჩეული სოფელი იყო.
   რამოდენიმე თვის წინ ერთ მოხუც კაცს თავში აზრი მოუვიდა ჭოლელობა დავაარსოთ და ავღნიშნოთო,მოკლედ სოფელში ჭოლების დღე დააფუძნეს. დღესასწაულს ივლისის პირველ კვირაში აღნიშნავდნენ. იკრიბებოდნენ თანასოფლელები,შეართებდნენ მაგიდებს,გამოიტანდნენ სკამებსა და სასმელ-საჭმელებს და მიდიოდა პურისჭამა.ყველა არ ქეიფობდა. ზოგი ამ ვითომდა დღესასწაულს სისულელედ მიიჩნევდა და ქეიფში მონაწილეობას არ იღებდა. ასე იყო თუ ისე იმ ქეიფში მხოლოდ ოც კაცს მოეყარა თავი,ცხელოდა,ხალხს მოსავალი გაფუჭებოდა და ქეიფის გუნებაზე არ იყვნენ,სამაგიეროდ მაცხოვრებლებმა ნათესავები და ახლობლები დაპატიჟეს,ბევრი არ ჩავიდა,მხოლოდ რამოდენიმე,მათ შორის იყო ქალბატონი მზია ორბელიძეც,რომელიც ერთ-ერთი მოსახლის ნათესავი გახლდათ და ბავშვობის მთელი ზაფხული სწორედ ამ სოფელში გაეტარებინა,ამიტომ ძალზედ გაეხარდა და სიამოვნებით დასთანხმდა მიპატიჟებას. სოფელში ყველაზე გრძელი ეზო  მიხეილ კიპილაძეს ჰქონდა. დილიდანვე დაიწყეს მაგიდებისა და სკამების,საჭმელებისა და სასმელების მოტანა მის ეზოში. გაიშალა სუფრა,დაიკლა გოჭი,ბატი,ქათამი,ინდაური,კურდღელი,დაცხვა ხაჭაპური,ლობიანი,სხვადასხვა სახის ღვეზელი,ხაბიზგინა,გაკეთდა სალათები,ქაბაბები,შეიწვა მწვადები, დაიჭრა ბლომად კიტრი-პომიდორი და რაც მთავარია დოქები ყელამდე აივსო ჯემალას საუკეთესო ღვინით. მაგიდას მიადგეს სკამები და დაიწყო ქეიფი.თავიდან ტრადიციული ქეიფი იყო,თავისი სადღეგრძელოებით, ანეგდოტებითა და სიმღერებით. უკრავდნენ გიტარას,დოლს,ფანდურს,ცეკვავდნენ შალახოს, რაჭულს, აჭარულს, იღიმოდნენ, იცინოდნენ და ხარხარებდნენ.
  ქეიფის დაწყების შემდეგ ექვსი საათი გასულიყო.მზე ისევ ანათებდა. მზიამ იფიქრა ბავშვობას გავიხსენებო და ტყეში გასეირნება გადაწყვიტა,ისე საკმაოდ დაბურული ტყე კი იყო. გვერდით მჯდომ მაგულის უთხრა ტყეში ცოტას გავისეირნებო და სუფრიდან ჩუმად გაიპარა. ტყეში შევიდა, ირგვლივ ჩიტების საამური ჟღურტული ისმოდა, მზიამ მალინის ბუჩქებს მოჰკრა თვალი,მათთან მივიდა და მთელ რიგად ამოსული მალინა დაინახა,ბუჩქებს ნელ-ნელა დაუყვა და მალინის ჭამა დაიწყო.
   დავუბრუნდეთ ქეიფს,სადაც ზურაბიჩის მოყოლილ ანეგდოტზე ყველა ხარხარებს. ნახევარი სუფრა შესანსლულია, ჯემალას მარანიც დაცარიელებული გახლავთ. კაი ბლომად ღვინო დაილია და უკვე ჩვენი მოქეიფენიც კარგად შეზარხოშებულან. ფეხზე წამოდგა ოლეგი სამოცაძე.
-მეგობრებო-თქვა მან გაწელილად-ჩემო ტკბილებო და საოცრებო,მე მინდა ჩვენი ქალების სადღეგრძელო ვთქვა. რო არა ისინი, დღეს აქ არ ვიქნებოდით და ისეთიც არ იქნებოდა ჩვენი სოფელი როგორიც არის,ხო ვარ მართალი?
-ასს პროცენტიანი ხარ-გაისმა სოსოს ხმა.
-შენ გეიხარე ჩემო ძმაო,ჩვენს მარგალიტებს,ჩვენს ვარსკვლავებს,ქალებს გაუმარჯოთ, ჩემო საყვარელო ხალხო.
-გაუმარჯოს,გაუმარჯოს!
-კიდევ, ერთი რაღაც მინდა აქვე ვთქვა. ქალები მარტო ცოლები ხო არ არიან,აგერ არიან ჩვენი შვილები,შვილიშვილები. მაგრამ ჩვენ გვესწრება ჩემი უძვირფასესი მამიდაშვილიშვილი მზია ორბელიძე,თუ გახსოვთ პატარა გოგო რო დარბოდა ბალღობაში აქეთ-იქით რო ვერ ისვენებდა.ა ეგაა,შენ გაგიმარჯოს ჩემო მზია-ოლეგიმ სუფრას გადახედა, მაგრამ მზია ვერ იპოვა,მას თვალით სხვებიც ეძებდნენ.
-კი მარა სადაა მზია?დღეს ხო ჩამოვიდა კაცო.-გაკვირვებით იკითხა სამოცაძემ.
-ტყეში უნდა გავისეირნოო და წავიდა-თქვა მაგულიმ.
-ტყეშიო?დიდიხანია?-მაგულიმ საათს დახედა.
-ორ საათზე ცოტა მეტია.
-დიდუ,ჩემი სიკვდილი-თავზე იტაცა ხელები ოლეგის მეუღლემ-იმ ტყეში მეც მიჭირს ხოლმე გზის გაგნება,ალბათ დაიკარგა ბოვშვი.
თქვა თუ არა დაიკარგაო და წამოხტა მთელი სუფრა.
-სანამ დაღამდება უნდა ვიპოვოთ!-იყვირა ვიღაცამ.
-ძაღლები გამოუშვით!
-არიქა,დროზე,დროზე,უშველეთ მზიკოს-ყვირიან ქალები-შეშინებულია ალბათ.
-იქნებ ტელეფონზე დაგვერეკა-თქვა ახალგაზრდა გიორგიმ.
-ჰა? ტელეფონი,კაი აზრია ხო იცი.-ყველა თავის ადგილს დაუბრუნდა და სუფრას მიუსხდნენ. ოლეგიმ ტელეფონი ამოიღო და მზიას ნომერი აკრიბა.ზარის ხმა გაისმა,ყველა ხმისკენ მიტრიალდა. მზიას თეფშთან მისი „ნოკია“ რეკავდა.
-აქაა ტელეფონი-თქვა ვიღაცამ და მთელი სუფრა ისევ წამოიშალა. დაიწყეს თავიან სახლებში წასვლა ძაღლების მოსაყვანად,თანაც  ბარბაცით მიიკვლევენ გზას. ქალები ატირებულ ოლეგის ცოლს ამშვიდებენ,რომელიც მოთქვამს -ჩემი საწყალი ბაღანა,მოგიკვდი ბებიაო.
  სანამ სხვები თავიანთ სახლებში წავიდნენ, ამასობაში დრო იხელთა ასაკოვანმა მიხეილ კიპილაძემ და სახლში შევარდა,იქიდან კი გიჟივით გადარეული თავზე წამოგდებული სამხედრო ქუდითა და თოფით ხელში გამოვარდა. მისი მეუღლე ქალბატონი ლეილა ოლეგის ცოლს მოეშვა და ქმარს მივარდა:
-რად გინდა თოფი,მიხეილ?
-იქნება და დათვი ვნახო,ბარემ ვესვრი რა, არ გინდა დათვის ბოტები?
-რა დათვის ბოტები,ნასვამი ხარ,დატოვე თოფი ვინმეს არ მოარტყა!
-დათვს უნდა ვესროლო, დათვს! დათვებო,მიფრთხილდით,მოვდივარ!-მთელ ხმაზე იღრიალა კაცმა,ლეილა თოფს მივარდა და მისი გამოგლეჯა ცადა,მაგრამ მიხეილს ის მაგრად ჩაებღუჯა. წავიდა კაი ჭიდავი.
-მომეცი თოფი!
-რა თოფი მოგცე ქალო,დღეს დათვი უნდა მოვკლა,დათვი!-ქალი თოფს უფრო მაგრად დაეძგერა და უცებ:
-ბრახ! - გაისმა გასროლის ხმა,გაფართოვებულ თვალებიანმა,შეშინებულმა ცოლ-ქმარმა თოფს შეხედეს,კიდევ კარგი ის ცისკენ აღმართულიყო,გახედეს ჰორიზონტს და ციდან ვარდნილი შაშვი დაინახეს.ფრინველი წამებში მიწაზე უგონოდ დაეცა.
-აე,არწივი მოვკალი,არწივი!-ყვირილი დაიწყო მიხეილმა,თან გამარჯვების ნიშნად ხელები ცაში აღმართა.
-შაშვია მაგი.-თქვა ლეილამ.
-რა მნიშვნელობა აქვს რა არის,ხო მოვკალი,არა?
-მიხეილ,არ ავღნიშნოთ შენი ნასროლი?-თქვა იქვე მდგარმა ოთარიმ.
-აბა რა უნდა ვქნათ,მიდი დაასხი.-დაასხეს,მიხეილმა თოფი იქვე მიაყუდა და თქვა:
-არწივის მოკვლისა იყოს,არწივის-მიაჭახუნეს ჭიქები და შესვეს სადღეგრძელო,ამასობაში ლეილამ დრო იხელთა და თოფი სახლში შეაცუნცულა. მიხეილის ეზოსთან ძაღლები შეაგროვეს,მათით გართულ კაცს თოფი სულ გადაავიწყდა.
-ჰე წავედით?
-ძახლებმა კვალი ხო უნდა აიღონ,ასუნინეთ რამე.
-რა ვასუნინოთ?
-აქ მზიას ტელეფონია.
-მერე ტელეფონი ვასუნინოთ შოთიკია?-გაიცინა იქვე მდგარმა ნუგზარიმ.
-კაი წავედით,ვიპოვით რამენაირად.
-ოთარი,ღვინო არ წამოვიღოთ? მაინც რა იცი რა ხდება. გზაში შევსვამთ.- კაცს ჰკითხა გოჩამ.ოთარის თვალები აუციმციმდა.
-ჩემ გულში იჯექი ახლა ძმაო.-აიღო დოქი და 9 კაცი გაუდგა გზას ტყისაკენ,ქალები და ბავშვები კი მიხეილ კიპილაძის ეზოში დარჩნენ. ყეფა-ყეფით შევიდნენ ტყეში,აქა-იქ რომელიღაც კაციც დაიყმუებდა და ძაღლებს ბანს აძლევდა. კაცების ყიჟინაზე ჩიტები აფრთხიალდნენ და დაკავებული ტოტებიდან აფრინდნენ.
 მირბიან ტყეში და ყვირიან: - მზია,მზია! ამასობაში ზურაბიჩმა წამოიძახა ერთი კარგი სიმღერა არ შემოვცხოთ,ხმას უფრო გაიგონებსო და დაიწყეს სიმღერაც. ნუგზარი წინ გავარდა და ცეკვას შეუდგა,ბანად ძაღლები ყეფენ. იქვე მდგარმა ჯემალამ ერთ-ერთ ძაღლს წიხლი ჩაარტყა ნუ ყეფ,ხელს გვიშლიო. გავიდა ხანი და მორჩნენ სიმღერას, მზიას მოძებნა განაგრძეს. ოთარის სირბილისას გავსებული დოქიდან ღვინო ეღვრებოდა,იფიქრა და წამოიძახა:
-უცებ აბა,მზიას პოვნისა იყოს!
-მაგას ენაცვალოს ოლეგი ბაბუა-თქვა ოლეგიმ. გოჩა უყურებს ოთარის და ეკითხება:
-კი წამოიძახე ეს სადღეგრძელოსავით რაცხა,მარა ჭიქები არ წამოიღე?
-ჭიქები? აუ-ოთარიმ თავისუფალი ხელი თავზე იტაცა- ჭიქები დამავიწყდა.
-მომეცი აქა-გოჩამ დოქი გამოგლიჯა და იქიდან დალია რამოდენიმე ყლუპი,მასთან სხვებიც მივიდნენ,პირდაპირ დოქიდან შესვეს ღვინო და ასე ჩაიცალა დოქის ¾-იც. მირბიან ისევ, მიადგნენ მალინის ბუჩქებს.
-ჩვენი მალინა აღარაა,ბიჭებო!-წამოიძახა ახალგაზრდა გიორგიმ.
-მალინაო?
-მზია იქნება,მზია-იყვირა ოლეგიმ და ბუჩქებისკენ გაექანა,გაყვა მთელი სუფრაც. ბუჩქებს წევენ და დაეძებენ მზია ორბელიძეს.  ირბინეს რამოდენიმე მეტრი, კიდევ კარგი სმას შეჩვეულნი არიან და ნასვამებს არ უჭირთ ბუჩქებს შორის ბოდიალი. ჰორიზონტზე დიდი ხე გამოჩნდა და მის წინ არ იპოვეს ეს ჩვენი მზია? მიყრდნობილა ამ ხეზე და კი ძინავს მძინარე მზეთუნახავივით. გაექანა ოლეგი და უჯიკა ხელი.
-მზია,ცოცხალი ხარ გოგო?- ქალმა თვალები მოიფშვნიტა.
-რა მოხდა,რა ამბავია?
-რაღა რა ამბავია,არ შეგვარგე ეს სმა-ჭამა.უხ მაგის-ოლეგიმ შეიკურთხა და ხელი ჩაიქნია.
-ცოცხალია?-იკითხა უკან მდგომმა ოთარიმ.
-ცოცხალია,ცოცხალი-დაიძახა ნუგზარმა.
-აეეე,ცოცხალია!- დაიძახა ოთარიმ და მთელი დარჩენილი ღვინო ყელში გადაუშვა. მოდიან უკან და მოყავთ მზიაც, შემოცხეს სიმღერა. დადგნენ და ცეკვავენ,ხარობენ. უცებ ჯემალამ თვალი ხეზე ჩამოკიდებულ სინდიოფალას მოჰკრა და იყვირა:
-კვერნაა,კვერნა!-კვერნაო? გაიგო თუ არა მიხეილ კიპილაძემ მივარდა ოთარის, გამოგლიჯა დოქი არიქა იქნებ მოვკლა, სახლში ფიტულს დავიდებო და ისროლა მთელი ძალით ეს ცარიელი ღვინის დოქი. ამასობაში ჯემალა ხეს მიახლოებულიყო და არ დაუნახავს მიხეილის ეს ქმედება,გაისმა ბრახუნი და მოხვდა ეს დოქი პირდაპირ ჯემალას თავს.
-ვაი დედა!-იყვირა კაცმა და მუხლებზე დაეცა. მიხეილმა ხელები პირზე აიფარა და მეღვინის თავიდან წამოსულ სისხლს შეაცქერდა.
-არიქა კვდება კაცი!-იყვირა გოჩამ და მეგობართან მიირბინა.
-ჩემი ცოლი ექიმია-წამოიძახა გიორგიმ-დროზე მივუყვანოთ.ზურაბიჩი ჯემალას მივარდა და ზურგზე აიკიდა. დაეშვნენ ტყეში,ზოგი  ჯემალას ხელს ახმარებს, ძირს რომ არ ჩამოვარდეს. ძირს კი ხის ტოტი ამოჩრილიყო, ამ დავიდარებაში წამოკრა ფეხი ზურაბიჩმა და წაიბორძიკა.
-ა,რას შვები,კიდე მე მკლავთ კაცო?-იყვირა ჯემალამ.
-გადმოაგდე,გადმოაგდე,დავიჭერ-დაიძახა ნუგზარიმ. დაიხარა ზურაბიჩი და ბურთივით კი მოისროლა 64 წლის კაცი. გაშალა ხელები ნუგზარიმ და ზედ დაეცა ეს ჩვენი ჯემალა.
-ვაი დედა,დედიკო,დედიკო- მოთქვამს დაზიანებული ჯემალა-ეს რა დღეში ვარ,დედი?!
 მივარდნენ კაცები,აიტატეს ჯემალა,წამოაყენეს ოლეგი და ზურაბიჩი და განაგრძეს გზა. ბოლოს გამოჩნდა სოფელიც. გაირბინეს ქუჩა და მივარდნენ კიპილაძეს სახლს. ქალები ისევ ოლეგის ცოლს აწყნარებდნენ. შეაღეს ჭიშკარი და შიგნით შევარდნენ.
-გვიშველეთ ქალებო!- ყვირილი დაიწყო გოჩამ.
-დედა მზიკო!-იკივლა ოლეგის ცოლმა და გამოექანა კაცებისკენ.
-რა მზიკო ქალო,ჯემალაა ცუდ დღეში- დაიძახა ოლეგიმ.
-ჯემალა? რა სჭირს ჩემს ქმარს?-წამოხტა ჯემალას ცოლი.
-კვერნა იყო- ქოშინით თქვა ნუგზარიმ.
-კვერნამ უკბინა?
-არა.
-აბა რა მოხდა?
-დოქი მოხვდა თავში.
-რაიო?
-დროზე დააწვინეთ-დაიძახა გიორგის ცოლმა,ახლავე მოვალ.
-კი მარა სა დავაწვინოთ? - იკითხა ზურაბიჩმა.
-ძირს ხო არ დავაწვენთ,არა?-თქვა მიხეილმა და ბოლოს ეს ჩვენი ჯემალა მაგიდაზე,ზედ საჭმელებზე დააგდეს.
-არიქა,გაწიეთ საცივი, შიგ ედება თავი!-იყვირა ვიღაცამ.
-აბა თავი გადაუვარდება ისე,მაგას კიდე ეგ უნდა?
-ა, ხაჭაპურები აიღეთ-ვიღაცამ ზურაბიჩს ხაჭაპურები მიაწოდა და შეუდეს ჯემალას თავქვეშ კაი ბალიშივით. დატრიალდნენ ქალები,მოიტანეს ბამბები,ბინტები, მოზიდეს წყალი,სპირტი,წყალბადის ზეჟანგი და შეუდგა გიორგის ცოლი ჭრილობის დამუშავებას. შეახვიეს ბინტებში ჭოლების მეღვინე,შეიყვანეს სახლში და ტახტზე წამოაგორეს. როცა გარეთ გავიდნენ ოთარიმ ჭიქა აიღო და თქვა:
-მზია დაბრუნებას და ჯემალას გადარჩენას!-მიუსხდნენ სუფრას.
-აბა ბოლომდე შევსვათ! გიორგის ცოლს გაუმარჯოს,ჩვენს გადამრჩენელს,ოქროა მაგი,ოქრო!
-გაუმარჯოს!-დაიჭექეს მოქეიფეებმა და განახლდა პურისჭამა. ღამის 2 საათზე დაიშალნენ. ძლივსძლივობით გავიდნენ მიხეილ კიპილაძის სახლ-კარიდან. ერთადერთი ჯემალას ეძინა მშვიდად მიხეილის ტახტზე,აბა იმას ვინ გააღვიძებდა, ისედაც მიხეილის ბრალი იყო მეღვინის თავის ტრამვაც. ის კი არა მეორე დღეს ასე უთხრა:
-გუშინ ამ ტახტზე ისე გეძინა,ეტყობა ძაან მოგეწონა და შენი იყოს გჩუქნიო.-ჯემალამაც გაიცინა და უპასუხა:-უფრო დიდი დოქი არა გაქვს? ის შენი საწოლიც მაგრად მომწონსო.


No comments:

Post a Comment