ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე
ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

Sunday, September 27, 2015

ცარიელ ავტობუსს დამცხრალი ქორი(კურიოზი)



  ცხოვრებაში მრავალი მომენტის მომსწრენი ვხდებით. ზოგიერთი მათგანი სამუდამოდ აღიბეჭდება ჩვენს გონებაში,ძირითადად ეს ის სიტუაციებია,რომლებშიდაც შეგვშინებია, გვიცინია, გაგვიხარია,მაგრამ გონება ყველაფერს ვერ იმახსოვრებს,გავა წლები და მაინც დაგავიწყდება ის,რისი დამახსოვრებაც ასე გინდოდა. ამიტომ გადავწყვიტე  მოგითხროთ ის პატარა ამბავი,რომელიც 26 სექტემბერს შეგვემთხვა.
  მე და ჩემი კლასი ექსკურსიაზე გახლდით.დეტალებს არ ჩავუღრმავდები,უბრალოდ დღის დასრულება შუამთაში, „პატარა ტყეში“ გადავწყვიტეთ. ცოტა არ იყოს და ძველი ავტობუსი გვყავდა, მძღოლი მთელი გზა ამბობდა მოშიებული ვარო,თუმცა ჩვენ ისე გავაწყვეთ სუფრა,შევწვით მწვადები და მაგიდას მივუსხედით,რომ ის არ გამოჩენილა,კაცს ავტობუსი დაექოქა და რაღაცას ამოწმებდა. მშობლები იმასაც კი ამბობდნენ ნეტავ გამართული თუა,შუა გზაში არ დაგვტოვოსო. როდესაც მძღოლი სუფრასთან მოვიდა ბავშვები უკვე აქა-იქ მიმოფანტულიყვნენ. მე კი კარგად მიცნობთ ცანცარი და აქეთ-იქით სირბილი არ მიყვარს,ჰოდა სუფრასთან დავრჩი და სადღეგრძელოებსაც ვამბობდი. ამასობაში მეორე ავტობუსი მოვიდა,რამოდენიმე წუთში კი ჩვენმა მძღოლმა თავის მეგობარს,ავტობუსის პატრონს დაუძახა და არც მეტი არც ნაკლები ეს კაცი „ქორი“ აღმოჩნდა. ალბათ მკითხავთ საიდან უნდა ვიცოდეთ „ქორს“ ვის ეძახიანო, რამოდენიმე თვის წინ ინტერნეტი სწორედ ამ კაცმა(სპარტაკ იობაშვილმა) თავისი ფრაზებით  დაიპყრო,როდესაც აბგონზე გავიდა და დაიძახა :“არიქა დაროგა, აეე,ჩოუარე ქორივით? ა,დედა მოუვა“ დაჯდა ეს კაცი ჩვენთან ერთად,მწვადი გადაიღო და თქვა:
- იმ ამბის მერე სუ მეძახიან,რიგში დგება ხალხი-იცინის-ერთხელ მეუბნებიან კიდევ თქვიო და რამე ქორება შვილო მეთქი. ის ნანუკა მეკითხება რა შეიცვალაო, რადა მაცივარი ამევსო პროდუქტით-თქო ასე ვუთხარი.
   მერე რაღაც სადღეგრძელო ვთქვი,მგონი მანდილოსნებზე ზუსტად აღარ მახსოვს და „ქორი“ რომ თავს მიქნებდა ეგ დავინახე,შემდეგ კი ისე წავიდა ვერავინ შევამჩნიეთ. ახლა ბატონმა კახამაც(რომელიც ერთ-ერთი ჩემი კლასელის მშობელი გახლავთ) წარმოთქვა სიტყვა და ის იყო უნდა შეგვესვა,რომ მშობლებმა,რომლებიც გზისკენ პირით ისხდნენ უეცრად იყვირეს:
-ავტობუსი,ავტობუსი დაგორდა! - ყველამ შეშინებულებმა გავიხედეთ, ჩვენი ავტობუსის წინ კიდევ ერთი ავტობუსი იდგა, არადა შიგნით მხოლოდ ერთი გოგო ავიდა,ხოლო მძღოლი კი გვერდით გვიზის და არხეინად შეექცევა პურ-მარილს, ეს კი მაშინ ხდება,როდესაც ჩვენი თითქმის ცარიელი ავტობუსი თავისით დაიძრა,თანაც დაღმართია. ბატონმა კახამ შეშინებულმა და გაოცებულმა მძღოლს შენჯღრევა და რტყმა დაუწყო:
-ავტობუსი წავიდა ბიჭო,ქენი რამე!-უყვირის კაცს,ჩვენ კი შოკირებულებს ჯერ კარგად ვერ გაგვიაზრებია რა ხდება.მძღოლი იცინის და ამბობს:
-დამშვიდდით,ქორმა წაიყვანა,წეღან ხო წავიდა.
-ქორი და ჯანდაბა მაგას!-თქვა ვიღაცამ.
-ქორი ეძახე და კი გაგვიხეთქა გული.
-მართლა ქორი ყოფილა მაგი-აღნიშნა ქალბატონმა ლიამ.
 ავტობუსიც გაჩერდა,ამასობაში ჩემს კლასელს წყალი მოეტანა,იკითხა ვის დავუსხაო.
-აგერ,მე დამისხი ბიძია, გამისკდა გული,გავთეთრდი,აღარ ვვარგივარ კაცი-თქვა ბატონმა კახამ-არა მე ვიფიქრე ის გოგო რომ ავიდა იმან ხომ არ წაიყვანა,ბავშვს რამე არ მოუვიდეს-მეთქი.
-ხო აბა ვინ იფიქრებდა, მძღოლი აქ ზის და თავისით წავიდა ავტობუსი.
-არა ავტობუსის ტარება რომ ვიცოდე შევახტებოდი და რამეს მაინც ვიზამდი,მაგრამ ავტობუსს ნაღდად ვერ გავატარებ.
-ისე მაგან რომ აიშვას ვერც დაეწევა კაცი-აღნიშნა მძღოლმა,შემდეგ კი სიცილით დაამატა- რა იყო კახა,ისე მირტყი მთელი მხარი ჩამენგრა.- მერე კი ყველამ გავიცინეთ, ხოლო  მოსაყოლად კიდევ ერთი კურიოზი დაგვემატა,თუ როგორ წაიყვანა „ქორმა“ ჩვენი ცარიელი ავტობუსი...











No comments:

Post a Comment