თედო ათი წლის კახელი ბიჭი
იყო, თუმცაღა ცხოვრებისეული გამოცდილებითა და სიბრძნით უფროსებსაც არ უდებდა ტოლს.
შრომასა და გარჯას ბავშვობიდან მიჩვეულიყო, თითქმის ყველაფერი გაეგებოდა სოფლის
მეურნეობაში, საკუთარ ყანასაც თავადვე ბარავდა,ხნავდა, თესდა და მკიდა. ხოლო რაც
შეეხება მის სიბრძნეს, ამ ფენომენსაც საკმაოდ კარგად მოეყარა თავი ამ პატარა
ბიჭში. ის მამის გვერდით საპატიო ადგილს იკავებდა სუფრაზე, ხოლო სუფრა და ქეიფი
რომ კახეთში არ ეშლებათ ეს ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, ისიც იცით,რომ როგორც კი
კაცი რამდენიმე ჭიქას დალევს გონების ყველაზე დახშული ნაწილიც კი უნათდება და
მაშინვე მჭერმეტყველებას იწყებს ხოლმე.
ნასვამი კაცი ყველაზე ბრძენია, ამიტომაც თედოც ყველაფერს გულისყურით უსმენდა,
ითვისებდა, სწავლობდა და სიბრძნესაც აგროვებდა.
ერთხელაც სუფრაზე თემა
ჩამოვარდა, ერთმა მეტად პატივსაცემმა პიროვნებამ, სოფლის საუკეთესო მეღვინემ თქვა:
„რასაც დასთეს, იმას მოიმკიო“. თედოს ეს ნათქვამი განსაკუთრებულად დაამახსოვრდა.
ბიჭს ფიქრი ძალიან უყვარდა, სულ ამაზე ფიქრობდა, ღამით ხელს თავქვეშ ამოიდებდა და
ფიქრებში ჩაძირული გაბადრული სახით იძინებდა ხოლმე, მერე სიზმრებშიც კი ფიქრობდა.
გავიდა რამდენიმე დღე და
სუფრა ისევ გაიშალა. კახელ კაცს ქეიფისთვის ხომ მიზეზი არ სჭირდება, ვადიდოთ
ღმერთი და პური გავტეხოთო თქვეს და ოჯახის დიასახლისებიც მაშინვე დატრიალდნენ.
თედო ამჯერად უფროსებს აღარ უსმენდა, ერთი აზრი აკვიატებოდა და მასზე ფიქრობდა.
მოულოდნელად კი რაღაც მოესმა და მზერაც მოსაუბრეს, ბატონ გურამს მიაპყრო.
-წელს 2 ტონამდე ხორბალი მოვიმკე.
-მე კი მხოლოდ 3 ათასი კილო - დანანებით თქვა თედოს პაპამ.
-შენ, ზახარიჩ, ქერი დათესე იმოდენა, აბა ხორბალს როგორ მოიმკიდი, ხო
იცი, რასაც დასთეს, იმას მოიმკი, სამაგიეროდ ქერი ხო აიღე კარგად?
-კი, წელს კაი ბარაქიანი მოსავალია.
რამდენიმე საათიანი ქეიფის
შემდეგ თედო გურამთან მივიდა. კაცი კარგად შეზარხოშებულიყო, პერანგიც გაეღეღა და
ერთი სიტყვით სრულ ნეტარებას მისცემოდა.
-რასაც დათესავ მართლა იმას მოიმკი? - ცნობისმოყვარეობით ჰკითხა
ბიჭმა.
-ხო აბა, ქერი რომ დათესა პაპაშენმა აბა ხორბალს რაფერ აიღებდა, მარა
ეგ ეგრეა ყოველთვის, სიკეთეზეც, რაც მეტ სიკეთეს იზამ და გააკეთებ, უკანაც სიკეთე
დაგიბრუნდება.
-მადლობა. - უთხრა გახარებულმა თედომ და სასწრაფოდ სახლში შევარდა. ჩუმად
პაპის ოთახში შეიპარა, სკამზე ავიდა და კარადის თავზე დამალული ძველი ქისა
ჩამოიღო. გახსნა და შიგნით ბედნიერმა ჩაიხედა. ქისაში სამი ოქროს მონეტა იდო.
სანამ სხვები ქეიფობდნენ თედომ დრო იხელთა, ყანისკენ გაიქცა, ხელში ნიჩაბი აიღო და
კუთხეში მიწის თხრა დაიწყო. მონეტები მიწაში ღრმად ჩაფლა, ნიადაგი მიაყარა და
წყალიც დაუსხა. ბიჭი მას ყოველდღე რწყავდა, უვლიდა. მოვიდა შემოდგომა, შემდეგ
ზამთარი, გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ისევ ზამთარი... მაგრამ მოსავლის
ნიშანწყალიც არ ეტყობოდა იქაურობას. გავიდა წლები, თედო ისევ იქ ზის, ელოდება,
ელოდება ათიათასობით მონეტას, იმას,რაც დათესა, ზის და ელოდება, მაგრამ
ამაოდ...უშედეგოდ...რადგან რასაც დასთეს, ყოველთვის იმას ვერ მოიმკი.
No comments:
Post a Comment