ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე
ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

Tuesday, January 17, 2017

სიტყვა ჯემალ გორდულაძის საიუბილეო საღამოზე

 მოგესალმებით, დღეს ჩვენ აქ შეგვკრიბა ურთიერთსიყვარულმა, ურთიერთპატივისცემამ,  ნდობამ, მეგობრობამ, კაცთმოყვარეობამ, ყოველივე იმან, რასაც ყოველდღიურად ვხვდებით ჯემალ გორდულაძესთან ურთიერთობაში და რაც მისი ცხოვრების მთავარი მამოძრავებელი ძალა და დედა აზრია. ალბათ, სწორედ ამიტომაა, რომ დღეს საკმაოდ ბევრნი ვართ ისეთები, რომელთაც გულწრფელად გვწადია ამ არაჩვეულებრივ პიროვნებას იუბილე, 75 წელი მივულოცოთ. ბაბუაჩემი რომ მათლაც გამორჩეული ადამიანია დასტურდება იმითაც,რომ ის ასაკთან ერთად პიროვნულად და ინტელექტით კიდევ უფრო იზრდება, მაგრამ ფენოტიპური თვალსაზრისით სულ უფრო ახალგაზრდავდება. მასში ჩვეული სილაღე, სიყვარული ყოველი საყვარელი ადამიანის დანახვისთანავე უფრო და უფრო იზრდება. მიუხედავად იმისა,რომ ჩემი ბავშვობიდან ბევრი არაფერი მახსოვს, ის კი კარგად მახსოვს, როცა მას პატარა ხონის ბაზარში დავყვებოდი ხოლმე, მაშინ ჯერ კიდევ თბილისში ცხოვრობდა, ერთის მხრივ მიხაროდა ბაბუსთან ხელჩაჭიდებული სიარული და მასთან გამართული საინტერესო საუბრები, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენი ბაზარში სიარული საშინლად მეჯავრებოდა, რადგან სახლში დაბრუნებას 3 საათი მაინც ვუნდებოდით. ყოველ გამვლელთან გაჩერდებოდა, თბილად მოიკითხავდა, გულში ჩაიკრავდა და მეგობრულ ბაასს გაუბამდა ხოლმე. ყველაზე მეტად ის მაკვირვებდა, რომ არ ბეზრდებოდა, ახლა ვხვდები რატომაც, ეს ხომ ჯემალ გორდულაძის პიროვნების განუყოფელი ნაწილია, მას ალბათ ყველაზე მეტად უყვარს ადამიანები და შორეულ ნაცნობსაც ისეთი გახარებული შეეგეგება, ახლო მეგობრებიც რომ ვერ ახერხებენ ამას. სწორედ ესაა ადამიანობა, კაცთმოყვარეობა, სხვა არაერთ კარგ რამესთან და თვისებასთან ერთად, სწორედ ამას ვთვლი იმ მთავარ მონაპოვრად და საგანძურად, რაც ბაბუამ მე მასწავლა. ჩვენს წარსულზე რომ დავიწყო საუბარი, ალბათ, კიდევ რამდენიმე საათი არ გავჩერდები, უფრო ზუსტად ვერ გავჩერდები, შეიძლება მოზღვავებულ გრძნობებსაც ვერ გავუმკლავდე, ამიტომ მეტს აღარაფერს ვიტყვი, უბრალოდ ჩემს ერთ ლექსს წაგიკითხავთ:

ბევრი ვიფიქრე რა დამეწერა,
რომ სიხარულით აღვსილიყავი
და მომაგონდა ჩვენი წარსული,
მაშინ პატარა ბიჭი ვიყავი.

მახსოვს, ჩემთვის რომ ბევრჯერ უკითხავთ,
რომ გაიზრდები ვინ უნდა იყო
და ვპასუხობდი მეც სიამაყით,
მინდა,რომ ბაბუსნაირი ვიყო.

მრავალი წელი ჩემთვის ყოფილხარ
გეზი, გზამკვლევი ჩემი ცხოვრების,
ერთგვარი დოგმა კაი კაცობის,
ვაჟკაცობის და კაცთმოყვარების.

შენ შემაცანი ენა ბრწყინვალე,
ქართული ენაც შენ შემაყვარე,
სიტყვის ძალაზეც ბევრი მასწავლე
და ხელოვნების მადლს მაზიარე.

თუ სიყვარულიც ჩემი მამულის
შენსავით ძლიერ იფეთქებს გულში,
მაშინ ვიქნები ღირსეული და
არ გაიცვლება სინდისი ფულში.

მადლობას გიხდი ამაგისათვის,
რომ მოგვანიჭე ეს სიხარული,
შენ გამო იყო ჩვენი ბავშვობა,
ასეთი ლაღი და მხიარული.

გულით გილოცავ ამ დღესასწაულს
და სიამაყით გულანთებული,
მეც მადლიერი შევსცქერი უფალს,
რომ მაქვს უფლება, გიწოდო ბაბუ.
  
 მიყვარხარ ბაბუ, ვიცი რაც არ უნდა ვთქვა, რაც არ უნდა დავწერო ეს ყველაფერი მაინც ვერ გამოხატავს იმას, რასაც შენ მიმართ განვიცდი, რადგან ამ გრძნობის წინაშე სიტყვებიც კი უძლურნი არიან, გილოცავ, მინდა,რომ კიდევ დიდხანს და ბედნიერად იყო და შენი კეთილდღეობით გაგვახარო ჩვენ შენი ოჯახი, შენი მეგობრები და შენი ძვირფასი ხონელები.


გიორგი ჩაჩხიანი

No comments:

Post a Comment