ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე
ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

Sunday, January 29, 2017

ეულ მოგზაურს

ქარი ქრის ძლიერ, ჭექაქუხილი
თავს დაატყდება ეულ მოგზაურს.
ქარბუქი, წვიმა კოკისპირული
ბოგინობს ძლიერ და ძლიერად ქუხს!

არსით სინათლე ბნელ უკუნეთში
არ ჩანს, არ ბჟუტვენ ლამპიონები,
მხოლოდ სიბნელე, მხოლოდ სიშავე
და დანგრეული ძველი ქოხები.

ყოფილა ოდეს ალტერნატივა,
სიცოცხლის ხიბლი ამ ძველს ქოხებში,
მაგრამ უეცრად ბნელი ღრუბლები
ჩამოწოლილან შმაგის ფიქრებში.

აღარც ფიქრები, აღარც ოცნება
აღარ აქვს ამ ჩვენს შმაგქმნილ მოგზაურს.
ქარბუქი წვიმა კოკისპირული
ბოგინობს ძლიერ და ძლიერად ქუხს!

Saturday, January 28, 2017

პოეტი

„ქუჩას მიჰყვება მზისფერი ქალი,
ქალი,რომელმაც შექმნა პოეტი.“
                                    - ჯ. კორძაია.

სამი რამე ქმნის ჭეშმარიტ პოეტს:
პატრიოტიზმი - სამშობლოს ტრფობა,
ჩვენი სამყაროს აღქმა, შეცნობა
და სიყვარულზე დამორჩილება.

მე თუ ლექსებს ვწერ და ვარ პოეტი,
მე თუ მძივებს ვკრავ ნაზი რითმების,
ეს არც ბრალია პატრიოტიზმის
და არც ბერძნული ფილოსოფიის.

მაშ რამ შემაცნო მე პოეზია,
ჩემს თავს მე ამას შევეკითხები
და თუ მკითხავენ, ვინ მქმნა პოეტად,
მეც ვუპასუხებ,რომ შენ შემქმენი.

გიორგი ჩაჩხიანი

Sunday, January 22, 2017

ანა დვალს!

მახსოვს დაგპირდი ლექსს დაგიწერდი,
მაგრამ პირობა ვერ შევასრულე.
ალბათ, ამ მომენტს ვუცდიდი უწინ,
უკვე ლოდინიც კი დავასრულე.

გილოცავ, ანა, ამ დღესასწაულს,
მსურს, სიხარული არ მოგკლებოდეს,
ჯანმრთელობას და წინსვლას გისურვებ,
ყველა ოცნება აგსრულებოდეს.

ჩვიდმეტის გახდი, მრავალს დაესწარ,
ერთად აღვნიშნოთ ჩვენ ას ჩვიდმეტი,
გამხდარიყავი დიდი მხატვარი,
გეხატოს მუდამ მეტი და მეტი.

Saturday, January 21, 2017

ჩემო მერცხალო

ისევ მოვიდა გაზაფხული
ასე უეცრად და ასე მალე,
არ დააყოვნე შემოღამებას
და წამიერადვე გამეცალე.

ის,რომ გივლიდი ამდენი ხანი,
შენზე ვზრუნავდი და გაპურებდი,
არად ჩააგდე, უმალ განმშორდი,
მე კი სულელი ყველგან გეძებდი.

ხის თითოეულ ტოტს, ყოველ კენწეროს
შევსცქეროდი რომ შენ დამენახე,
მაგრამ გაფრინდი, ჩემგან გაფრინდი,
ისე შორს, რომ ვერსად ვეღარ გნახე.

ზეცას შევყურებ, იქნებ კვლავ ვნახო
ვარსკვლავებს შორის როგორ დაფრინავ.
კვლავ გავიგონებ ნეტავ შენს ჟღურტულს,
ნეტავ ოდესმე ისევ გიხილავ?

ან მე ვცდებოდი და სხვას უმღერდი,
ან მომატყუე შენ გარეწრულად,
მე ყურადღება მოვადუნე და
შენც გამიფრინდი, დავრჩი ეულად.

დილით ბაღში რომ მესმა ჭიკჭიკი,
ნუთუ ისა ხარ, შენ დაჟღურტულებ?
ბედნიერი ხარ, მიტომ ჭიკჭიკებ?
მაშინ, ძვირფასო, გათავისუფლებ!

მიდი, გაფრინდი, შორს, შორს გაფრინდი,
ზეცას შემოკარ ათჯერ ირაო,
მე ხომ ვიცი, რომ არ დამივიწყებ,
ამას ვიკმარებ, რომ გავიხარო. 

გიორგი ჩაჩხიანი

Thursday, January 19, 2017

ცისფერ თვალებს

რა ფერი გაქვს, გოგო, შენ ეგ თვალები,
ზეცასაც კი შურს მათი სილაჟვარდე,
მიგიგავენ ოკეანეს უძიროს
და არ მიკვირს მათ გამო შემიყვარდე.

თვით კამკამა წყალიც მღვრიე იქნება,
მათ წინაშე იაც კი დაიმორცხვებს.
შენი მზერა არის მეტად სათუთი,
ოჰ, ეგ მზერა რა საოცრად გამშვენებს.

მათ შევსცქერი, მიყვარდება ცხოვრება,
სილამაზე ამ სამყაროს ხვედრია.
შენ კი გშვენის ეგ ცისფერი თვალები,
მაგრამ ჩემთვის ეგ მშვენება მტერია.  

მეშინია შიგნით არ ჩავიკარგო,
მე ხომ ცურვა სათანადოდ არ ვიცი,
სად წამიღებს ოკეანის დინება,
ეს არც მე და მგონი არც შენ არ იცი.

არ მწადია ლტოლვა მეტად გიჟური,
წარსულს დარჩეს ეს ბავშვური წადილი,
ნუ მიყურებ, ოჰ, გთხოვ, ნუ შემომხედავ,
ნურც ღიმილით, ნურცა გულგატეხილი.

სიხარულიც ხომ გიბრწყინებს მაგ თვალებს,
სევდა კიდევ უფრო მეტად გამშვენებს,
ამიტომ, გთხოვ, ნუ მიყურებ საერთოდ,
ნურც მომაპყრობ მაგ შენს ცისფერ თვალებს.

მათ წინაშე მე უძლური გავხდები,
მე კი არ მსურს მქონდეს რამის ფეტიში,
დამინდე და მომარიდე ეგ მზერა
სხვისთვის სათნო, ჩემთვის კიდევ საშიში.

 გიორგი ჩაჩხიანი










Tuesday, January 17, 2017

სიტყვა ჯემალ გორდულაძის საიუბილეო საღამოზე

 მოგესალმებით, დღეს ჩვენ აქ შეგვკრიბა ურთიერთსიყვარულმა, ურთიერთპატივისცემამ,  ნდობამ, მეგობრობამ, კაცთმოყვარეობამ, ყოველივე იმან, რასაც ყოველდღიურად ვხვდებით ჯემალ გორდულაძესთან ურთიერთობაში და რაც მისი ცხოვრების მთავარი მამოძრავებელი ძალა და დედა აზრია. ალბათ, სწორედ ამიტომაა, რომ დღეს საკმაოდ ბევრნი ვართ ისეთები, რომელთაც გულწრფელად გვწადია ამ არაჩვეულებრივ პიროვნებას იუბილე, 75 წელი მივულოცოთ. ბაბუაჩემი რომ მათლაც გამორჩეული ადამიანია დასტურდება იმითაც,რომ ის ასაკთან ერთად პიროვნულად და ინტელექტით კიდევ უფრო იზრდება, მაგრამ ფენოტიპური თვალსაზრისით სულ უფრო ახალგაზრდავდება. მასში ჩვეული სილაღე, სიყვარული ყოველი საყვარელი ადამიანის დანახვისთანავე უფრო და უფრო იზრდება. მიუხედავად იმისა,რომ ჩემი ბავშვობიდან ბევრი არაფერი მახსოვს, ის კი კარგად მახსოვს, როცა მას პატარა ხონის ბაზარში დავყვებოდი ხოლმე, მაშინ ჯერ კიდევ თბილისში ცხოვრობდა, ერთის მხრივ მიხაროდა ბაბუსთან ხელჩაჭიდებული სიარული და მასთან გამართული საინტერესო საუბრები, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენი ბაზარში სიარული საშინლად მეჯავრებოდა, რადგან სახლში დაბრუნებას 3 საათი მაინც ვუნდებოდით. ყოველ გამვლელთან გაჩერდებოდა, თბილად მოიკითხავდა, გულში ჩაიკრავდა და მეგობრულ ბაასს გაუბამდა ხოლმე. ყველაზე მეტად ის მაკვირვებდა, რომ არ ბეზრდებოდა, ახლა ვხვდები რატომაც, ეს ხომ ჯემალ გორდულაძის პიროვნების განუყოფელი ნაწილია, მას ალბათ ყველაზე მეტად უყვარს ადამიანები და შორეულ ნაცნობსაც ისეთი გახარებული შეეგეგება, ახლო მეგობრებიც რომ ვერ ახერხებენ ამას. სწორედ ესაა ადამიანობა, კაცთმოყვარეობა, სხვა არაერთ კარგ რამესთან და თვისებასთან ერთად, სწორედ ამას ვთვლი იმ მთავარ მონაპოვრად და საგანძურად, რაც ბაბუამ მე მასწავლა. ჩვენს წარსულზე რომ დავიწყო საუბარი, ალბათ, კიდევ რამდენიმე საათი არ გავჩერდები, უფრო ზუსტად ვერ გავჩერდები, შეიძლება მოზღვავებულ გრძნობებსაც ვერ გავუმკლავდე, ამიტომ მეტს აღარაფერს ვიტყვი, უბრალოდ ჩემს ერთ ლექსს წაგიკითხავთ:

ბევრი ვიფიქრე რა დამეწერა,
რომ სიხარულით აღვსილიყავი
და მომაგონდა ჩვენი წარსული,
მაშინ პატარა ბიჭი ვიყავი.

მახსოვს, ჩემთვის რომ ბევრჯერ უკითხავთ,
რომ გაიზრდები ვინ უნდა იყო
და ვპასუხობდი მეც სიამაყით,
მინდა,რომ ბაბუსნაირი ვიყო.

მრავალი წელი ჩემთვის ყოფილხარ
გეზი, გზამკვლევი ჩემი ცხოვრების,
ერთგვარი დოგმა კაი კაცობის,
ვაჟკაცობის და კაცთმოყვარების.

შენ შემაცანი ენა ბრწყინვალე,
ქართული ენაც შენ შემაყვარე,
სიტყვის ძალაზეც ბევრი მასწავლე
და ხელოვნების მადლს მაზიარე.

თუ სიყვარულიც ჩემი მამულის
შენსავით ძლიერ იფეთქებს გულში,
მაშინ ვიქნები ღირსეული და
არ გაიცვლება სინდისი ფულში.

მადლობას გიხდი ამაგისათვის,
რომ მოგვანიჭე ეს სიხარული,
შენ გამო იყო ჩვენი ბავშვობა,
ასეთი ლაღი და მხიარული.

გულით გილოცავ ამ დღესასწაულს
და სიამაყით გულანთებული,
მეც მადლიერი შევსცქერი უფალს,
რომ მაქვს უფლება, გიწოდო ბაბუ.
  
 მიყვარხარ ბაბუ, ვიცი რაც არ უნდა ვთქვა, რაც არ უნდა დავწერო ეს ყველაფერი მაინც ვერ გამოხატავს იმას, რასაც შენ მიმართ განვიცდი, რადგან ამ გრძნობის წინაშე სიტყვებიც კი უძლურნი არიან, გილოცავ, მინდა,რომ კიდევ დიდხანს და ბედნიერად იყო და შენი კეთილდღეობით გაგვახარო ჩვენ შენი ოჯახი, შენი მეგობრები და შენი ძვირფასი ხონელები.


გიორგი ჩაჩხიანი

Tuesday, January 10, 2017

უცნობ მუზას

ორი დღეა, რაც მუზას დავეძებ,
ვისაც მივუძღვნი ჩემს პოეზიას,
ნაზი რითმების თაიგულს ვუძღვნი
და მას ვუმღერებ უცხო არიას.

როგორც ჰაერი სჭირდება მოკვდავს,
ისე უმუზოდ ვერ გაძლებს ლექსი,
და საჭიროა პოეზიისთვის
მუზას და რითმას ჰქონოდეს სექსი.

ვერ დავუშვებ,რომ ღრმა ძილს მიეცნენ,
ხმა დაიდაბლონ ჩემმა ლექსებმა
და პოეზიის გადასარჩენად
მზად ვარ დამშანთონ ავმა სულებმა.

თუ დაუკარგავს ჩემს ლექსს სინაზე,
სისპეტაკე და ზნეკეთილობა,
ავი სულების ბრალია მაშინ,
მათ შემამეცნეს პირმოთნეობა.

სწორედ ამიტომ დავეძებ მუზას,
რათა ვიპოვნო გზა მართებული
და აღარ იყოს ჩემი ლექსები
არეული და გაურკვეველი.

დღეს ვწერ იმაზე, მუზა რომ არ მყავს
და შთაგონების წყაროს დავეძებ,
ხვალ კი ვაპირებ სიტყვით დაგატკბო
და იმედი მაქვს, რომ გაგახარებ.

ამ წამს არ გიცნობ, ვინ ხარ და რა ხარ,
მაგრამ როგორც კი მუზად მექცევი,
მაშინ გაგიცნობ, გულში ჩაგიკრავ
და მჯერა არსად არ გამექცევი.

გიორგი ჩაჩხიანი

Monday, January 9, 2017

მუზების ძიებაში

გუშინ რატომღაც ვიფიქრე ბევრი,
მივხვდი,რომ მუზა არსად არა ჩანს
და რომ უმუზოდ არ შემიძლია,
დავემსგავსები მე უძლურ ტიტანს.

პარნასის მთიდან გამოდევნილი
ვერც პოეზიის არხში დავცურავ,
აღარც აფრები აღარ იშლება
და ამის გამო ძლიერად ვშფოთავ.

როგორც რითმა და ტკბილად სიმღერა,
მუზაც ისევე სჭირდება ლექსებს,
სხვა გზა არ არის, სხვა ხსნა არ არის
და ამიტომაც დავეძებ მუზებს.

გიორგი ჩაჩხიანი

Sunday, January 8, 2017

მე დღეს მთვრალი ვარ

მე დღეს მთვრალი ვარ, როცა ამას ვწერ,
ხვალ კი ვინ იცის როგორ ვიქნები,
დღეს სიხარული მაბედნიერებს
და მწამს, რომ არასდროს დავმწუხრდები.

ვინ იცის, ხვალ რა დღე გათენდება
და როგორი მზე ამონათდება,
დღეს კი ის ვიცი, რომ მე კარგად ვარ
და ხვალ ნეტავ რა მემახსოვრება.

დღეს ჩემი დღეა და მაქვს ზეიმი,
დღესასწაული ნათელი, კარგი,
მიყვარხართ ყველა, ყველას პატივს გცემთ
და აგიჟღერეთ ხმამაღლა ჩანგი.

ჩემო კარგო და ძვირფასო ხალხო,
როგორ მიყვარხართ ვერ წარმოიდგენთ,
დღეს ხომ მთვრალი ვარ, როცა ამას ვწერ
და იმედი მაქვს ქვებს არ დამიშენთ. 

გიორგი ჩაჩხიანი

Friday, January 6, 2017

შთაგონება

  შთაგონება... დღეს რატომღაც სწორედ ამაზე მომინდა წერა. რა არის შთაგონება? გადავწყვიტე მისი ზუსტი განმარტება მეპოვნა, თუმცაღა საკმაოდ ხანგრძლივი ძიების შემდეგაც ვერაფერი ვერ აღმოვაჩინე, ერთადერთი ამ სიტყვის ახსნას მხოლოდ ქრისტიანობის ლექსიკონში მივაკვლიე, სადაც შთაგონება აღნიშნავს ღმრთაებრივ საწყისს ბიბლიისა, რომელიც მოკვდავ ავტორებს სული წმიდამ შთააგონა, რის გამოც ის ღმრთის ჭეშმარიტ სიტყვადაა აღიარებული. ვერც სიბრძნის ენციკლოპედიამ დამაკმაყოფილა, ერთადერთი ამ ფენომენზე გაბრიელ გარსია მარკესი საუბრობს და ამბობს,რომ: „შთაგონება მხოლოდ მუშაობის დროს მოდის“, რაც მაპატიეთ, ბატონო გაბრიელ, თუმცაღა ზედმეტად დიდი სისულელე და უტოპიაა, მაგრამ ეს ფრაზა საკმაოდ კარგი რამაა დასაწყებად. დღეს შევეცდები საპირისპირო დაგიმტკიცოთ და სწორედ ასე მივალთ ჭეშმარიტებამდე - თუ რა არის რეალურად შთაგონება.
  შთაგონება უსაზღვროა, ის არცერთ ჩარჩოში არ ჯდება. მას შესაძლოა ჰქონდეს ნივთიერი სახე, შესაძლოა კი არა. ის მოულოდნელად გვეწვევა და ზოგჯერ მთელი სიმძლავრითაც დაგვატყდება თავს, რომ რაღაცის შექმნას გვაიძულებს, იქნება ეს ლექსი, მოთხრობა, ნახატი, სიმღერა, მელოდია თუ სხვა. შთაგონება ეს ხელოვნებაა, იმ განსხვავებით,რომ შთაგონებას სძალუძს არსებობა ხელოვნების გარეშე, თავად ხელოვნება კი შთაგონების გარეშე ვერ იარსებებს. შთაგონება ესაა თავად იდეა... იდეა, რომელიც აუცილებლად პჰოვებს ასახვას რაღაც განუზომლად დიდში, იქნება ეს ხელოვნება, ბიზნესი თუ სხვა რამ და აუცილებლად დატოვებს თავის კვალს, რიგ შემთხვევაში ავტორებსაც კი მიანიჭებს უკვდავებას, მაგრამ ის მოვლენები, ან ის ადამიანები, ვინც ხელოვანი შთააგონა დავიწყებას მიეცემიან, მათ შესახებ ან ძალიან ცოტა, ან თითქმის არაფერი ვიცით(რამდენიმე შემთხვევას თუ არ გავითვალისწინებთ), მე ნამდვილად ვერ შევძლებ ვისაუბრო შთაგონების ძალაზე ბიზნესსა თუ სხვა სფეროში, მე ვისაუბრებ იმ კონტექსტში,რომელიც ყველაზე ახლოსაა ჩემთან, ესაა შთაგონება პოეზიაში, შთაგონება მწერლობაში. ადამიანმა რაღაც რომ დაწეროს, დახატოს, ამისთვის აუცილებლად სჭირდება შთაგონება, პოეზიაში მას მუზა ეწოდება, პროზაში ზოგჯერ იდეაც, მაგრამ იდეები საიდანღაც მოდიან. მქონია შემთხვევებიც,როდესაც დამიწყია რაღაცის წერა, არც ის ვიცოდი რაზე ვწერდი, რატომ ვწერდი, რა მინდოდა მეთქვა და როგორ უნდა გამეგრძელებინა, უბრალოდ ვწერდი და შემდეგ თავად გამოიკვეთა თემა, სიუჟეტი, გონების პაწაწინა ნაწილში დაიბადა იდეა, რომელიც იმპულსურად ჯერ მთელ გონებაში გავრცელდა,შემდეგ მთელ სხეულს მოედო, გულამდე მიაღწია,გულისცემა გააძლიერა, თვალები ცრემლებით ამივსო და ძარღვები დამიბერა, აი ესაა ის პროცესი, რაზეც მარკესი საუბრობდა, ასეთია შთაგონება მუშაობის პროცესში, მაგრამ ის ამბობს სიტყვას - მხოლოდ, რაშიც ძალიან ცდება. არა, ნამდვილი შთაგონება სულ სხვა რამეა...
   რა არის შთაგონება პირადად ჩემთვის? ძნელი სათქმელია, მივდივარ ქუჩაში და ვხედავ როგორ იკრავს გულში მშობელი საკუთარ შვილს, როგორ იცვლება შუქნიშანზე ფერები და წითლის ნაცვლად მწვანე ისახება(შუქნიშანი), როგორ აბამს თავის ქსელებს ობობა ოთახის კუთხეში, როგორ იღვენთება წვეთები დაორთქლილ მინაზე სააბაზანოში, უყურებ ძველ სურათს(იღბლიანი ვარდობისთვე), სიბნელეში ოთახებში ხელების ცეცებით მიიკვლევ გზას, რათა რამეს არ დაეჯახო(ლაბირინთი), კითხულობ 1920-იანი წლების ინფლაციაზე გერმანიაში(ნეტავი არის კი რეალობა),უეცრად ამოიკითხავ ერთ ფრაზას წიგნიდან(ფრთები), მოისმენ ქუჩაში ან ტელევიზორიდან, ნახავ რაიმე კადრს, ერთ უბრალო ეპიზოდს ადამიანების ცხოვრებიდან და მასზე მოგინდება დაწერა, იბადება იდეა და ეს არა ფიქრის, არამედ შთაგონების წყალობით ხდება.იდეის დაბადებაც ორგვარია: პირველი ფიქრითა და წარმოსახვით(რითიც ჩემი უამრავი მოთხრობა დამიწერია), მეორე კი შთაგონებით, რაიმეს დანახვით, ამოკითხვით ან მოსმენით(ამაზე აგებული მოთხრობები ზემოთ მიწერია). თუმცაღა  ფიქრისგან განსხვავებით, შთაგონებით გამოწვეული და დაბადებული იდეა არ გასვენებს, გულს გიღრღნის, არ გაძლევს თვალის მოხუჭვისა და დაძინების საშუალებას და მანამ გაფიქრებს მასზე, სანამ რამეს არ გააკეთებ, სანამ მას არ გააცოცხლებ, არ გაათავისუფლებ, ფრთებს არ შეასხამ და მაღლა ზეცაში მასთან ერთად არ იფრენ. შთაგონებისგან გამოწვეული იდეა უძლიერესი რამაა, რომელიც გონებაში კიდევ უფრო მძაფრდება და იქაც აღარ იტევა, გულამდეც მიაღწევს და მერე უკვე მართლაც ცუდადაა საქმე, ზოგჯერ პირიქით, ზოგჯერ არა, პრონციპში ესეც ადამიანზე და მის ბედისწერაზეა დამოკიდებული.
   როდესაც რაიმე მოვლენას ხედავ, თუნდაც წამიერად, მაგალითად, როგორ ეხუტება ერთმანეთს ორი ხანში შესული პიროვნობა, ეს სურათი, ეს ეპიზოდი შენს გონებაში სამუდამოდ იბეჭდება, მაგრამ არც მეხსიერებას სძალუძს ყველაფრის შენახვა და დროც აუცილებლად გააუფერულებს, გაცრეცს და შემდეგ სამუდამოდ წაშლის ამ საოცარ მომენტებს, ამიტომაც ვწერ, რადგან არასდროს დამავიწყდეს ისინი, სხვამაც იხილოს და დატკბეს იმით, რაც მე მაბედნიერებს, მაწუხებს, მადარდებს და მაფიქრებს. გავა დრო და მწერალს საკუთარი შემოქმედებით გაიხსენებენ, დააფასებენ, იმსჯელებენ მის ნაწარმოებებზე, იტყვიან,რომ თბილად და კარგად წერს, მაგრამ ვერასდროს გაიგებენ თუ რა იდგა ამა თუ იმ თხზულების მიღმა, რომ ეს არა მწერლის ფანტაზია, არამედ ჩვეულებრივი ეპიზოდია ადამიანების ცხოვრებიდან, ისეთი,რომელსაც არავინ არ აქცევს ყურადღებას და არავინ არ აფასებს, სანამ მისკენ ხმამაღლა არ მიუთითებენ და სააშკარაოზე არ გამოუტანენ. შთაგონება ყველაფერშია, მას ისეთ უბრალოებასა და სიმარტივეში იპოვნით, რომ ეს გაგაგკვირვებთ კიდეც. შესაძლოა, ერთმა უბრალო ეპიზოდმა, რომელსაც მთელი ცხოვრება ყურადღებას არ აქცევდით და არაფრად აგდებდით, ჩვეულებრივ ამბად გესახებოდათ, უეცრად მთელი თქვენი ცხოვრება შეცვალოს და თავდაყირა დააყენოს, მთლიანად შეცვალოს თქვენი ფიქრის კალაპოტი და შეგცვალოთ თქვენც. ასეთი მოულოდნელი რამაა შთაგონება, სხვა თვალით ხედვა, თვალით, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში დახუჭული გქონდათ, ერთი შეხედვით ის ამით სიყვარულსაც კი ემსგავსება, როდესაც საკმაოდ დიდი ხნის ნაცნობს მოულოდნელად სხვა თვალით შეხედავთ, ან მისი რომელიმე ფრაზა, ქცევა გამოიწვევს თქვენს აღტაცებაში მოყვანას, უეცრად ის არნახული სილამაზის პატრონად წამოგიდგებათ(მიუხედავად იმისა,რომ ხშირ შემთხვევაში ეს ასე არაა) და მასთან დაკავშირებული რომელიმე კონკრეტული დეტალი იქცევა თქვენთვის შთაგონების წყაროდ, შემდეგ კი უკვე თავად ეს ადამიანიც გახდება თქვენი შთაგონება, გული აგიძგერდებათ და სისხლი სახეზე მოგაწვებათ, ასე იბადება სიყვარული, რომელიც სხვა არაფერია თუ არა შთაგონება სხვა ადამიანის მიმართ.
   მივედით თემის იმ ქვესაკითხამდე,რომელიც, ალბათ, ყველაზე უკეთ დამეხმარება მარკესის სიტყვების ჭეშმარიტების უარყოფაში. ესაა შთაგონება რომელიმე ადამიანით, მისი თვალებით, ბაგეებით, თითებით, ღიმილითა თუ მკერდით. ყველაზე უკეთ ეს ყველაფერი გამოსახვას პოეზიაში ჰპოვებს და ამავე კუთხით განვიხილავ, რაღა შორს წავიდე და საკუთარივე ლექსებს მოვიყვან მაგალითად. ვინც ჩემს შემოქმედებას აქტიურად ეცნობა, უთუოდ მოაგონდება ჩემი ლექსები, რომლებშიც უცნობი გოგონას ღიმილს ვეტრფოდი და მისი მომხიბვლელობით შთაგონებული ვწერდი:
„ნაზი ღიმილით მონუსხული ვარ,
 ოცნებებშიც კი ეგ მევლინება.“

„ჩემთვის გამხდარა ეგ ღიმილი დღესასწაული,
ახლა კი ცეცხლი გულს მედება, მეტად დამწველი.“

„სამარადჟამოდ მექეცი მუზად,
დაგჭირდა მხოლოდ ღიმილით ცქერა.“

„რადგან რომ არა შენი ღიმილი,
არც იქნებოდა მელნის ამბორი.“
 
ასეთივე შთაგონებაზე საუბრობს ლადო ასათიანიც, როდესაც ანიკო ვაჩნაძის თვალებზე წერს:

„რა დამავიწყებს შენს ლამაზ თვალებს,
რამ დამავიწყოს ეს ალუბლები!“
 
 პოეტები სატრფიალო ლექსებს უდიდესი განცდებითა და გრძნობებით წერენ, ჯერ მარტო შანდორ პეტეფი რომ მოვიგონოთ, „მიყვარხარ ძლიერ...ძლიერ...“ ხომ მსოფლიო მაშტაბით ერთ-ერთ საუკეთესო სასიყვარულო ლექსადაა აღიარებული. შეუძლებელია პოეტს უბრალოდ მოუნდეს ლექსის დაწერა მანდილოსანზე და მას ეს ისევე კარგად და საოცრად გამოუვიდეს, როგორც ეს შანდორმა გააკეთა. არა, ის იყო ზეშთაგონებული საყვარელი ქალის გარეგნობით, სულიერებით, მისი არსებობით. რომ არა ანიკოს თვალები ვერც ლადო დაწერდა საკუთარ ლექსს და ვერც მე იმ ღიმილის არარსებობის შემთხვევაში, როდესაც რაღაც ძალიან გეუცხოება, მოგეწონება, დაგატკბობს სურვილი გიჩნდება,რომ მასზე დაწერო, შეამკო და აპოგეასაც კი აზიარო. ასე იქმნება პოეზია, ასე შეიქმნა ისეთი გენიალური ლექსები, როგორებიცაა: „შენ გაზაფხული გიყვარს“; „როგორ მიყვარხარ!“; „ვარდი ხარ?!“ და სხვ. ასე რომ, ბ-გაბრიელ, იმის თქმა, რომ შთაგონება მხოლოდ მუშაობის პროცესში მოდის ყოვლად უსაფუძვლო და დაუშვებელია. შთაგონების შემდეგ იწყება მუშაობის პროცესი, აი ესაა ჭეშმარიტება.
  მგონი მარკესს საკმაოდ დამაჯერებელი პასუხი გავეცი, ახლა კი თემა განვაგრძოთ, შთაგონება ხომ  ლამაზი ბუნების, პეიზაჟის დანახვისგან გამოწვეული მოზღვავებული განცდები, ემოციები და ფიქრები არაა. დაინახავ ლამაზ გარემოს, ზამთარში გადათეთრებულ მდელოებს, შემოდგომით ცეცხლმოკიდებულ ტყეებს, შვლის ნუკრს, კაცი იტყვის ასეთი სილამაზე ლექსს როგორ არ დაგაწერინებს, მუზა აუცილებლად მოვაო, ასეთი არაჩვეულებრივი ხედები მართლაც შთაგაგონებს, ლექსსაც დაგაწერინებს, ნახატსაც დაგახატინებს და გონებაში ახალი მელოდიის იდეასაც ჩაგისახავს, მაგრამ შთაგონება ხომ მხოლოდ ეს არაა, ეს მისი არსის ერთ-ერთი, ყველაზე ამაღელვებელი და საოცარი,მაგრამ მაინც ერთ-ერთი განმარტებაა,ის არა მხოლოდ ხელოვნებასა თუ სხვადასხვა სფეროში, არამედ სოციალურ ურთიერთობებშიც ვლინდება. არსებობს ადამიანების შთაგონება, გონებაზე მოქმედება, თვითშეფასების ამაღლება ან დადაბლება. შთაგონებით მწვერვალების დაპყრობაცაა შესაძლებელი და უფსკრულებში გადაჩეხვაც. რა არის ენთუზიაზმი? ენთუზიაზმი – ეს არის, ერთ-ერთი აუცილებელი განწყობა საქმეში წარმატების მისაღწვად. სიტყვა ენთუზიაზმი მოდის ბერძნული სიტყვიდან და ნიშნავს “შთაგონებას”, „აღფრთოვანებას“.ესაა აუცილებელი და საჭირო იმისთვის,რომ ადამიანმა საკუთარი შესაძლებლობების ირწმუნოს, შესაძლებელია „არ შემიძლიადან“ გადავიდეს „შემიძლიაში“, ბოლომდე მიიყვანოს დაწყებული საქმე და წარუმატებელი პიროვნება გახდეს წარმატებული. ხშირად საყვარელი ადამიანები გვეუბნებიან, შენ ამას შეძლებ, შენ ძალიან მაგარი ხარ, ვამაყობ შენით, მე შენი მჯერა, მიდი და დაუმტკიცე ყველას ვინ ხარ შენ - ისინი შთაგვაგონებენ რომ ჩვენ საკმარისად კარგები ვართ, ეს ყველაფერი კი გვმატებს თავდაჯერებულებას, გვავსებს მოტივაციით, გვიმაღლებს თვითშეფასებას და ჩვენ მართლაც მზად ვართ მწვერვალების დასაპყრობად. საპირისპირო რამ ხდება მაშინ,როდესაც შთაგვაგონებენ,რომ უვარგისები, უნიჭონი ვართ და რაღაცას ტყუილად შევეჭიდეთ, რადგან ამას ვერასდროს შევძლებთ, ეს უაზრო, ფუჭი სიტყვები სულაც არაა, ზოგჯერ სწორედ ასეთი ფრაზები განსაზღვრავენ ადამიანების აწმყოსა და მომავალს, წარსულში გაგონილი სიტყვები გვხევენ უკან და არ გვაძლევენ პროგრესის საშუალებას,მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა რას გეტყვის და რას შთაგაგონებს სხვა, მთავარია შენ რას შთააგონებ საკუთარ თავს. მე დღეს სწორედ ასე მოვიქეცი, საკუთარი თავი შთავაგონე,რომ საკმარისად კარგი მწერალი ვარ იმისთვის, რომ სიტყვაზე, რომლის განმარტებაც ფაქტობრივად არ არსებობს დამეწერა 1300 სიტყვიანი ესსე, ოთხი თაბახის ფურცელი. და მე ეს შევძელი, რამდენად კარგად გავართვი თავი მოცემულ დავალებას თავად განსაჯეთ, მაგრამ იმედი მაქვს საკმარისად კარგად დავწერე იმისთვის,რომ დამერწმუნებინეთ, ზოგჯერ დიდი მწერლებიც კი ცდებიან და მათ რიგი საკითხების მიმართ არასწორი აღქმა და შეხედულებები აქვთ. ჭეშმარიტება თავად უნდა ვეძიოთ და მე მჯერა,რომ თქვენ ამას ნამდვილად შეძლებთ!

 გიორგი ჩაჩხიანი








Thursday, January 5, 2017

თედო და სამი ოქროს მონეტა

  თედო ათი წლის კახელი ბიჭი იყო, თუმცაღა ცხოვრებისეული გამოცდილებითა და სიბრძნით უფროსებსაც არ უდებდა ტოლს. შრომასა და გარჯას ბავშვობიდან მიჩვეულიყო, თითქმის ყველაფერი გაეგებოდა სოფლის მეურნეობაში, საკუთარ ყანასაც თავადვე ბარავდა,ხნავდა, თესდა და მკიდა. ხოლო რაც შეეხება მის სიბრძნეს, ამ ფენომენსაც საკმაოდ კარგად მოეყარა თავი ამ პატარა ბიჭში. ის მამის გვერდით საპატიო ადგილს იკავებდა სუფრაზე, ხოლო სუფრა და ქეიფი რომ კახეთში არ ეშლებათ ეს ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, ისიც იცით,რომ როგორც კი კაცი რამდენიმე ჭიქას დალევს გონების ყველაზე დახშული ნაწილიც კი უნათდება და მაშინვე მჭერმეტყველებას იწყებს  ხოლმე. ნასვამი კაცი ყველაზე ბრძენია, ამიტომაც თედოც ყველაფერს გულისყურით უსმენდა, ითვისებდა, სწავლობდა და სიბრძნესაც აგროვებდა.
  ერთხელაც სუფრაზე თემა ჩამოვარდა, ერთმა მეტად პატივსაცემმა პიროვნებამ, სოფლის საუკეთესო მეღვინემ თქვა: „რასაც დასთეს, იმას მოიმკიო“. თედოს ეს ნათქვამი განსაკუთრებულად დაამახსოვრდა. ბიჭს ფიქრი ძალიან უყვარდა, სულ ამაზე ფიქრობდა, ღამით ხელს თავქვეშ ამოიდებდა და ფიქრებში ჩაძირული გაბადრული სახით იძინებდა ხოლმე, მერე სიზმრებშიც კი ფიქრობდა.  
  გავიდა რამდენიმე დღე და სუფრა ისევ გაიშალა. კახელ კაცს ქეიფისთვის ხომ მიზეზი არ სჭირდება, ვადიდოთ ღმერთი და პური გავტეხოთო თქვეს და ოჯახის დიასახლისებიც მაშინვე დატრიალდნენ. თედო ამჯერად უფროსებს აღარ უსმენდა, ერთი აზრი აკვიატებოდა და მასზე ფიქრობდა. მოულოდნელად კი რაღაც მოესმა და მზერაც მოსაუბრეს, ბატონ გურამს მიაპყრო.
-წელს 2 ტონამდე ხორბალი მოვიმკე.
-მე კი მხოლოდ 3 ათასი კილო - დანანებით თქვა თედოს პაპამ.
-შენ, ზახარიჩ, ქერი დათესე იმოდენა, აბა ხორბალს როგორ მოიმკიდი, ხო იცი, რასაც დასთეს, იმას მოიმკი, სამაგიეროდ ქერი ხო აიღე კარგად?
-კი, წელს კაი ბარაქიანი მოსავალია.
  რამდენიმე საათიანი ქეიფის შემდეგ თედო გურამთან მივიდა. კაცი კარგად შეზარხოშებულიყო, პერანგიც გაეღეღა და ერთი სიტყვით სრულ ნეტარებას მისცემოდა.
-რასაც დათესავ მართლა იმას მოიმკი? - ცნობისმოყვარეობით ჰკითხა ბიჭმა.
-ხო აბა, ქერი რომ დათესა პაპაშენმა აბა ხორბალს რაფერ აიღებდა, მარა ეგ ეგრეა ყოველთვის, სიკეთეზეც, რაც მეტ სიკეთეს იზამ და გააკეთებ, უკანაც სიკეთე დაგიბრუნდება.
-მადლობა. - უთხრა გახარებულმა თედომ და სასწრაფოდ სახლში შევარდა. ჩუმად პაპის ოთახში შეიპარა, სკამზე ავიდა და კარადის თავზე დამალული ძველი ქისა ჩამოიღო. გახსნა და შიგნით ბედნიერმა ჩაიხედა. ქისაში სამი ოქროს მონეტა იდო. სანამ სხვები ქეიფობდნენ თედომ დრო იხელთა, ყანისკენ გაიქცა, ხელში ნიჩაბი აიღო და კუთხეში მიწის თხრა დაიწყო. მონეტები მიწაში ღრმად ჩაფლა, ნიადაგი მიაყარა და წყალიც დაუსხა. ბიჭი მას ყოველდღე რწყავდა, უვლიდა. მოვიდა შემოდგომა, შემდეგ ზამთარი, გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ისევ ზამთარი... მაგრამ მოსავლის ნიშანწყალიც არ ეტყობოდა იქაურობას. გავიდა წლები, თედო ისევ იქ ზის, ელოდება, ელოდება ათიათასობით მონეტას, იმას,რაც დათესა, ზის და ელოდება, მაგრამ ამაოდ...უშედეგოდ...რადგან რასაც დასთეს, ყოველთვის იმას ვერ მოიმკი.

Tuesday, January 3, 2017

ჩემი კალამი

რაღაც მოსვლია საყვარელ კალამს,
გათავებულა შიგნით მელანი.
არ იწერება აღარც ლექსები,
აღარც მოთხრობა, აღარც რომანი.

ძნელია, როცა საყვარელ საქმეს,
ხელობას ხედავ მავთულხლართებში,
გონება გერჩის და ნებას არ გრთავს
გადაიკარგო უცხო განცდებში.

წერაც კი მინდა, მაგრამ ასე სჯობს,
ყველაფრის მოვა თავისი ჟამი,
მეც მაშინ დავწერ, მაშინ ვიმღერებ,
როცა მომიხმობს ჩემი კალამი.