ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე
ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

Thursday, December 22, 2016

მეთხუთმეტე სიმი

დღეს სევდიანმა დავხედე ჩანგურს,
ასე ეულად იდო კუთხეში,
დროა დავუკრა უკანასკნელად,
დიდი სინაზით ავიღე ხელში.

და ავაჟღერე მოურიდებლად
ჩემი სამყაროს თხუთმეტი სიმი,
ხატება შენი გამომესახა,
თითქოს მალულად, ჩუმად მიღიმი.

შენ გაზაფხული გიყვარს და გშვენის
ზამთრის სიცივე გეუცხოება,
შენ ზღვის წყალს ეტრფი, მე კი მთა მიხმობს,
მწვერვალნი, კლდენი მეჯადოება.

იცი, არასდროს არ მყვარებია
მე თებერვალის ნაკლული დღენი,
ჩემთვის ყოფილა მეტად უაზრო
და მძულდა,როგორც ბოროტი სენი.

მე რომ წინ წავდგა ერთი ნაბიჯი,
უკან გადმოდგა შენც თვითნებურად,
ერთი ხნისანი ვიქნებით მაშინ,
ეს გამჩენია ახლა ოცნებად.

და თებერვლის მზის ნაზი სხივები
ჩვენ ირგვლივ ფერხულს წაიცეკვებენ,
ჩვენს თავს იქმნება შარავანდედი,
ოქროს გვირგვინით დაგვამშვენებენ.

და რომ ჩავხედავთ ერთურთს თვალებში
სხვა დანარჩენი გაიცრიცება,
დარჩება მზერა ტრფობით აღსავსე
და გული ძლიერად აძგერდება.

გადაეჭდობა ჩვენი თითები,
გულში ჩაგიკრავ მხურვალედ, ძლიერ,
თვალს გაგვიბრწყინებს რწფელი განცდები,
აზრსაც შეიძენს თქმული ჩემ მიერ.

ასე მთავრდება ჩემი ზღაპარი,
ეს იყო ჟღერა თხუთმეტი სიმის,
მე ვიყავ ჩემი სამყაროს მეფე,
ახლა კი ჯერი დადგა დედოფლის.

ვშიშობ,რომ არ მსურს ზღაპრის მორჩენა
და კვლავაც ძალმიძს მრავალჯერ მღერა,
უკვე აღარ არს ეს ჩემი ნება,
შორიდან მესმის ჩანგურის ჟღერა.

ნუთუ, იქნება ეს სანატრელი
მდგომარეობა ღამის სიზმარი,
და აღმოჩნდება უბრალო კოცნა
სიზმრის ფერიის დანატოვარი. 

გიორგი ჩაჩხიანი

Tuesday, December 20, 2016

აზრების კორიანტელი

  დავიწყე წერა და არ ვიცი რაზე ვწერ... უბრალოდ რაღაც უნდა დავწერო, არც თემაა ჩემთვის ცნობილი და არც სხვა რამ, მგონი იმ გზაჯვარედინთან მივსულვარ,სადაც ბუკოვსკი იდგა. ყველაზე დიდი უბედურება ისაა,რომ ეს ვერც გამიგია, ნუთუ ასეთ ცოტა დროში ამხელა გზის გავლა შევძელი, თითქოს ყოველ წამში მრავალი კილომეტრი გამევლოს, არც დღისით და არც ღამით შემესვენოს, აი ასე...აი ასე უაზროდ აღმოვჩნდი იმ ავადსახსენებელ გზაჯვარედინზეც. გამიმართლა,რომ პირველი არ ვარ და თავად არ მომიწევს ამ რთული თავსატეხისთვის თავის გართმევა, ამოხსნისა და გამოსავლის ძიება, ამიტომ ბებერი ჩინასკის ნაცად ხერხს მივმართავ და საშველად წერას მოვუხმობ, ეს კი ნამდვილად შემიძლია, აი ამიტომაც ვწერ.
  ერთ ჩემს მოთხრობაში საკუთარ თავს  ფიქრის შეწყვეტისკენ მოვუწოდე და ვთქვი: „გასაჭირის ჟამს ფიქრი ადამიანის მხსნელი და საუკეთესო მეგობარია, მაგრამ რიგ შემთხვევებში ის ჩვენი მტერიცაა და ადამიანი დაღუვამდეც კი მიჰყავს“, რადგანაც ასევე ჩემი სიტყვებია: „ თუ ადამიანს ცვლილებების მოხდენა და უკეთესი ცხოვრება უნდა, მისთვის საუკეთესო მრჩეველი საკუთარ თავში მოთავსებული ხმა იქნება“, მეც საკუთარი გონების ხმას მივენდე და ფიქრი შევწყვიტე, მაგრამ რამის შეწყვეტა, გაჩერება, უკან დახევა, არიდება გამოსავალი არ არის, ფიქრებს უბრალოდ ფიქრის შეწყვეტით ვერ უშველი და ვერ განდევნი, ყველაფერი ძალზედ მარტივია, შენ მხოლოდ ის გევალება,რომ სხვანაირად დაიწყო ფიქრი. აი,ასე,ჩემო მეგობრებო, რადგანაც შემიძლია სხვადასხვა კუთხით ვიცქირო, წარმოსახვის საოცარი მექანიზმიც ავამუშავო და წარმოვიდგინო მრავალი ალტერნატივა, რომლებიც თავისთავად სხვა და უამრავ შედეგთა ალტერნატივებს გვაძლევენ, ფიქრებიც შევცვალე. კალაპოტი, რომელიც ჩემგან იწყებოდა ჩემკენ მოვმართე, ახლა თავად აღმოვჩნდი დინების ბოლოში, ეს კი გაცილებით კარგი და ამაღელვებელია, ვიდრე სათავეში ყოფნა. მიხვდით თუ რა რას ვგულისხმობ არ ვიცი, თუმცაღა ამ შემთხვევაში ეგოიზმსაც გამოვიჩენ და ვიტყვი,რომ არც დიდად მანაღვლებს ვინმე გაიგებს თუ არა ჩემს აზრების კორიანტელს, ამას ჩემთვის ვწერ.
  მეოცე საუკუნეში მოღვაწე ამერიკელმა ფსიქოლოგმა აბრაჰამ მასლოუმ შეადგინა ყველა ადამინისთვის დამახასიათებელი და ყველაზე მორგებული იერარქიული პირამიდა, რომელიც ხუთი საფეხურისგან შედგება.მეოთხე ადგილს თვითშეფასება იკავს, უმაღლესს კი თვითრეალიზაცია. სხვა დანარჩენი, სტაბილურობა, საკვები, მეგობრობა თუ სიყვარული მათ ქვეშევრდომებად შეიძლება ჩავთვალოთ. ალბათ მიხვდებით, საითკენაც მიმყავს საუბარი, თვითშეფასება, დიახ, აი სწორედ ის! მაღალი, მაგრამ არა გადამეტებული თვითშეფასებაა ყველაფრის გასაღები, თუ ამას თვითრეალიზაციაც ემატება და ღირსეული და სასურველი ადგილის დამკვიდრება საზოგადოებაში, მაშინ ხომ მთლად აპოგეაში ამოვყოფთ თავს, მაგრამ აქაც სიფრთხილე უნდა, რადგან ამ მდგომარეობასა დათავში ავარდნასშორის ძალიან მცირე მანძილია, საბედნიეროდ ეს მე არ მემუქრება.  მგონი თემასაც მივაკვლიე, ამიტომ მიყვარს წერა დაიწყებ და აზრზეც არ ხარ რაზე წერ, შემდეგ კი ისე,რომ გონებაში მონახაზიც არ გაქვს გაკეთებული ეკრანზე ასოები და სიტყვები თავისით ჩნდება და თითებიც ისე სწრაფად, გაუაზრებლად და დახელოვნებულად მოძრაობენ კლავიატურაზე, როგორც გამოცდილი მოციგურავეები ყინულის მოედანზე. ვწერ ამ თემაზე და ისიც არ ვიცი მიხვდით თუ არა რაზე ვწერ, თუმცაღა თავიდან ამაზე საერთოდ არ ვაპირებდი დაწერას, სიმართლე რომ ვთქვა არც არაფერზე ვაპირებდი ღაღადს. წიგნის წაკითხვის სურვილი გაქვს, აიღებ, წაიკითხავ 1-2 გვერდს და არ მოგწონს, ან მოგწონს,მაგრამ ვერ კითხულობ, შემდეგ საყვარელ და ყოველთვის ხელგაშლილ მასპინძელს - თვით რეიმონდ დუგლასს მიაკითხავ ილინოისში, მაგრამ აღარც მისი მასპინძლობა მოგწონს, ღმერთო, რა ჯანდაბა ხდება ამ სამყაროში, გაიხედავ და თავზეხელაღებული სამართლიანობის დამცველი რუსეთის უცოდველ ელჩს კლავს, იქით ვიღაც გიჟი საახალწლო ბაზრობას სატვირთოთი გადაუვლის, ვიღაც მაგარი ბიჭის თამაშს მოინდომებს და ხალხს პისტოლეტმომარჯვებული მოსაკლავად დასდევს, ხდება ის, რაც არ უნდა მომხდარიყო და ბოლოს, ვეღარც რეი ახერხებს სათანადო მასპინძლობის გაწევას. აქედან, ალბათ, ნამდვილი მიზეზი თუ რატომაც ვწერ მეოთხეა, რომელიც ყველაფრის თავი და თავია, მაგრამ არა მგონია ეს გამოიცნოთ, ალბათ, ახლა ზოგიერთი თქვენგანი იღიმის, მიგიხვდი და გამოვიცანიო, მაგრამ დამიჯერე, ჩემი ძვირფასო მკითხველო, ცდები და თანაც როგორ მწარედ, არც იმდენად სულელი ვარ რაიმე ფორმით ეს ყველაფერი ამ აზრიან ბოდვაში ჩავშალო. აზრიანი ბოდვა-მეთქი და მართალიც ვარ, რადგან ის,რასაც ვწერ ჩემთვის ზედმეტად აზრიანიცაა, ხოლო თქვენთვის ალბათ, უაზრო, უბრალო ბოდვას წარმოადგენს. მოკლედ, თუ აქამდე არ მოგწყინდათ და კითხვა არ შეწყვიტეთ, მაშინ განვაგრძოთ. დღეს არც მე ვიქნები მაინცდამაინც ხელგაშლილი და ვერც ფსიქოლოგიურ-ფილოსოფიურ დიალოგებს შემოგთავაზებთ, ვერც ახალ მეგობრებს შეგძენთ და ვერც უცხო სამყაროებში გამოგზაურებთ. დღეს პირდაპირ, ყოველგვარი შემალვისა და შელამაზების გარეშე გაგესაუბრებით, რადგან თავად ცხოვრებაც ასეთია, ფაქტები ფაქტებად უნდა მივიღოთ და არა მოსაზრებებად. თუმცაღა მოსაზრება თავისთავად ფაქტზე მნიშვნელოვანია და არა ფაქტები, არამედ მოსაზრებები განაპირობებენ თითოეული ჩვენგანის მომავალსა და ბედნიერ თუ უბედურ ყოფას. თვითშეფასებაზე ვაპირებდი საუბრის გაგრძელებას, მაგრამ არც მინდა ჩემ თავზე საუბრით დაგღალოთ და არც რამე გაფიქრებინოთ, ამიტომ ამაზე სხვა დროს ვისაუბრებ, შეიძლება ეს ძალიან მალეც კი მოხდეს, დამოკიდებულია მოვლენებსა და მათ განვითარებაზე. ყველა ადამიანი თავის ცხოვრებას წერს, მაგრამ ზოგჯერ რიგი გარემოებები და ფაქტორები ამაში ხელს გვიშლიან, სწორედ ესაა ბედი. ბედისწერას ვერსად გავექცევით, ზოგჯერ, არა, უფრო ზუსტად, ყოველთვის ყველაფერს სხვას ვაბრალებთ, შეიძლება ეს მართლაც ასე იყოს, შეიძლება კი ეს უბრალოდ განგებაა, ჩვენი ბედია და ამას ვერსად გავექცევით. მაგალითისთვის რაღა შორს წავიდე და ჩემივე მოთხრობასბედისწერასმოვიყვან, თუმცაღა პერიფრაზის დაწერას ნამდვილად არ ვაპირებ, თუ სურვილი გექნებათ თავადვე წაიკითხეთ და დასკვნაც გამოიტანეთ იყო ეს ნამდვილად განგება და მოსახდენი მოხდა თუ უბრალოდ ვიღაცამ დაუშვა შეცდომა, მაგრამ აქვე ჩნდება კითხვა რატომ ახლა? რატომ არა მრავალწლიანი პრაქტიკის განმავლობაში და რატომ მაინცდამაინც იმ საბედისწერო დღეს, ერთადერთხელ და უკანასკნელად?
  როგორი აბდაუბდა და არეულიცაა ეს ჩანაწერები ისეთივე არეულია ჩემი აზრებიც. ამიტომაც ვერ მოვიფიქრე რაზე უნდა დამეწერა და მგონი ამის გამო ყველაფერზეც ვწერ. ძალიან მინდა კიდევ ერთ რამეზე დავწერო, მაგრამ ალბათ ჯობს ჯერ მოვიცადო, მოსაზრებები გვერდზე გადავდო და ფაქტებს დაველოდო. მიუხედავად იმისა,რომ ამაზე აუცილებლად დავწერ, არ ვიცი ორი ალტერნატივიდან რომელს ავირჩევ, რომელს ამერჩევინებს ბედისწერა. შედგება დუელი,რომელსაც ასე ძალიან ველი(ესეც მაღალი თვითშეფასების ბრალია), თუ ყველაფერი ისე მოხდება, როგორც ხდება ხოლმე, მაგრამ სანამ რომელიმეზე დავიწყებდე  წერას, მანამდე ნიადაგი უნდა შემემზადებინა, არ ვიცი ეს რამდენად კარგად მოვახერხე, გამომივიდა თუ პირიქით უფრო დაგაბნიეთ, მაგრამ მიუხედავად იმისა,რომ ეს არ იყო მთავარი მიზეზი აზრების კორიანტელისა მაინც მიშველა. ჩარლზ, მართლაც მართალი იყავი, შე ბებერო ნაბიჭვარო!  

Monday, December 19, 2016

სულ მალე

სულ მალე მოვა ახალი წელი,
მთა-ბარი თეთრად შეიმოსება,
ჩვენი ქუჩები, ასე რომ გიყვარს,
თეთრად იბრწყინებს, გაცისკროვნდება.

გაჩახჩახდება ლამპიონები,
ჩვენი ქალაქიც გაისხივოსნებს,
შენს სახეს შუქი ნათელს რომ მოჰფენს,
გულისთქმას გავთქვამ, სულიც ილაღებს.

არ მეშინია დაბრკოლებების,
ვერ შემადრკინებს წუთისოფელი,
ვერც სიყვარული დამაჩოქებს და
მზად ვარ გავმართო მასთან დუელი.

ძლევა ყველაფრის დასაშვებია,
ჩემი გონების მადლით, წყალობით,
მაგრამ არ ვიცი წინ რა ხვედრია,
გზა ჩანს სავალი დიდი წვალებით.

რა გველოდება ბილიკის ბოლოს
ღრმა სიყვარული თუ გულგატეხა,
ამაზე პასუხს მალე გავიგებთ
და გამოჩნდება ჭეშმარიტება.

მანამდე შენთვის ჩიჩილაკს გავთლი
და კერიაზე ცეცხლსაც დაგინთებ,
კალანდობასაც მოგილოცავ და
გწამდეს, ყველაფერ კარგს შენ გისურვებ.

გიორგი ჩაჩხიანი

* * *

არც კახელია
და არც ქართლელი,
არც რომ სვანია
და არც მეგრელი,
არც სამცხეს იცნობს,
არც ფშავ-ხევსურეთს,
ის შემიყვარდა,
მისთვის ვიხრი ქედს.

Sunday, December 18, 2016

ნეტავ კი თოვდეს

უკვე ზამთარიც დადგა,
წვიმაც მოვიდა ბევრი,
მე ისევ გულით გელი,
შენ კი უკვალოდ გაქრი.

მხოლოდ ოცნებას ძალუძს,
გამხადოს მოწმე შენი,
როგორ მინდა,რომ თოვდეს,
ბარდნიდეს მთელი დღენი.

ეგებ ისმინო ლოცვა
და ამისრულო ნატვრა,
ვინ იცის, რისთვის გნატრობ,
რად მიძგერს გული ჩქარა.

ზეცას შევყურებ მარად,
ეგებ გიხილო უცებ,
მაგრამ არ ჩანხარ, არა
და კვლავაც მალოდინებ.

გიორგი ჩაჩხიანი

ათი სასიყვარულო დიალოგი


1)
-იცი შემდეგ 5 წუთში რას გავაკეთებ? გეტყვი, რომ ძალიან მიყვარხარ, მაგრამ კითხვა შენს პასუხში კი არაა, ვიცი,რომ მე გვერდით აუცილებლად საუკეთესო მეყოლება, კითხვა იმაშია, ხარ შენ კი ეს საუკეთესო?
-რას მიყურებ? ჯერ ხომ 5 წუთი არ გასულა.
-და ასე ცდილობ ჩემს მოხიბვლას?
-ჯერ არა, შენს მოხიბვლას სულაც არ ვცდილობ, შენ ხომ ჩემთვის არავინ ხარ, მაგრამ შეიძლება რაღაც მართლაც გახდე და ეს რაღაც განუზომლად დიდი იყოს, ამას მხოლოდ წუთ-ნახევარში გავიგებთ.
-მე შენ მიყვარხარ.
-იცი შემდეგ 5 კვირაში რას გავაკეთებ? პასუხს გეტყვი.

2)
-მიყვარხარ.
-და ამას ახლა რატომ მეუბნები?
-მინდა მოვასწრო.
-რას?
-სანამ ძალიან შემიყვარდები.
-რატომ?
-უარი რომ მითხრა...
-მერე?
-ნაკლები სადარდებელი მექნება.

3)
-როდის შეგიყვარდი?
-არ ვიცი, ერთხელაც, როდესაც დაგინახე... გული ამიძგერდა, მთელი ოთახი დაპატარავდა, ხალხი სადღაც გაუჩინარდა, მხოლოდ შენ დარჩი, მხოლოდ შენ იყავი... და ეს ოთახი ისე შევიწროვდა, თავზე მთელი ძალით მიჭერდა,თითქოს საცაა მეც საბოლოოდ გამჭყლეტსო.
-მერე რა ქენი?
-გაგეცალე.
-რატომ?
-რამე რომ არ შემტყობოდა.

4)
-რატომ შეგიყვარდი?
-ბევრი მიზეზია.
-ერთი მითხარი, ყველაზე მარტივი და უბრალო.
-სხვებს არ ჰგავხარ, შენ განსხვავებული ხარ.
-ყველა ადამიანი განსხვავებულია.
-განსხვავებულები მხოლოდ ერთეულები არიან, დანარჩენები კი ერთი და იგივენი სხვადასხვა შეფუთვებით.

5)
-არ მეგონა თუ თქმას შეძლებდი.
-რატომ?
-არ ვიცი, უბრალოდ არ მეგონა.იმდენი ხანი დუმდი,რომ...
-შემდეგ კი გავაცნობიერე,რომ არაფერს ვკარგავ, სრულიად არაფერს. მე კი არა, ეს შენ უფრო მეტი გაქვს დასაკარგი და მივხვდი,რომ თუ არაფერს გეტყოდი თავად უფრო მეტს დაკარგავდი, მე კი ამას ვერ დავუშვებდი.
-ღმერთო, ასეთი ეგოისტური აზრები საიდან?
-ასეთი აზრები ყველაზე ცუდთან შესახვედრად გამზადებს და შემდეგ აღარაფერი აღარ ისახება ისეთ მუქ ფერებში, როგორშიც უნდა ასახულიყო.

6)
-უარი რომ მეთქვა რას იზამდი?
-არაფერს.
-სრულიად არაფერს?
-რა უნდა მექნა, თვითგვემას ხომ არ მივეცემოდი და საკუთარ თავს დავადანაშაულებდი, არა, რადგან ვიცი,რომ მე საკმარისად კარგი ვარ და არც ცუდს ვიმსახურებ, ეგებ უკეთესიც კი ყოფილიყო ის უარი.
-ხომ არ ნანობ?
-სრულებით არა, რომ არ მეთქვა, რომ არ მეცადა მაშინ ვინანებდი. ცხოვრება არაერთ საჩუქარს გვთავაზობს, სისულელე იქნებოდა მათზე უარის თქმა და ამ შანსების გამოუყენებლობა, ვინ იცის, ეგებ რომელიმე ბედის საჩუქარიც აღმოჩნდეს.

7)
-ამდენ ხანს რას აკეთებდი?
-შესაფერის მომენტს ვეძებდი.
-რით ვერ იპოვნე?
-ვიპოვნე, მაგრამ არ გამოვიდა.
-რატომ?
-ალბათ, იმიტომ,რომ არც უნდა გამოსულიყო, თორემ ახლა აქ არ ვიქნებოდით და არც ეს მომენტი შედგებოდა.

8)
-მიყვარხარ.
-იცი, მე როგორც მეგობარს ისე გიყურებ.
-გასაგებია,დამიჯერე, გულწრფელ წარმატებებს გისურვებ.
-რა წარმატებებს?
-ისინი მართლაც დაგჭირდება.
-რაში?
-ვინმე უკეთესის პოვნაში.

9)
- „არვინ არსებობს ცის კამარაზე,
მხოლოდ შენა ხარ, მხოლოდ შენ მყავხარ.“
-ძალიან კარგია.
-მიხარია თუ მოგეწონა, რადგან ის ისევე,როგორც ჩემი თითოეული ლექსი შენ გეძღვნება.
-მართლა?
-რა თქმა უნდა, როგორ შეიძლებოდა სხვა შემყვარებოდა და გამხდარიყო ჩემთვის განსაკუთრებული, როდესაც შენ არსებობ, შენ ხომ...

10)
-მპირდები?
-გპირდები.
-გამიმეორე.
-გპირდები,რომ ყველაფერს გავაკეთებ თავი მართლაც განსაკუთრებულად რომ იგრძნო. შენი საოცარი ღიმილის გამოწვევა, შენი ბედნიერება და ულევი სიხარული ამ წამიდან ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ მიზნად იქცა. მე კი ჩემს მიზნებს ყოველთვის ვაღწევ.
-მიყვარხარ.
-მიყვარხარ.












Saturday, December 3, 2016

ფიქრის ნაპირზე

  ნიკი პატარა ბიჭი იყო, 11-12 წლისა თუ იქნებოდა. სანაპიროზე მარტო იჯდა, ხელები მუხლებისთვის შემოეჭდო, ნიკაპი ზედ ჩამოედო და ზღვის ტალღებს, რომელიბიც ქვიშიან ნაპირს ეხეთქებოდნენ და ნელ-ნელა ქვიშის თითოეული მარცვალიც თავისთან მიჰქონდათ, თვალმოუშერებლივ შესცქეროდა. ყურებში ტალღების დგაფუნი საამოდ ჩაესმოდა, მოულოდნელად სახეზე ღიმილი გამოესახა და მუხლებიც კიდევ უფრო მჭიდროდ მიიკრა მკერდზე.
  აღმოსავლეთიდან თოლიები აფრინდნენ. ცაში ირაო შემოკრეს და ნიკს თავზე გადაუფრინეს. რთული იყო ჭაბუკის ყურადღების მიპყრობა, მაგრამ თეთრმა თოლიებმა ეს მაინც შეძლეს. დასევდიანებულმა გააყოლა მათ თვალი, მანამ უყურებდა, სანამ საბოლოოდ არ მიეფარნენ თვალსაწიერს. უეცრად ფეხის ხმა მოესმა, შეკრთა და აღმოსავლეთისკენ გაიხედა. ბიჭს ასაკოვანი მამაკაცი უახლოვდებოდა. გრძელი, მოუვლელი წვერი ჰქონდა; ისეთი გამხდარი იყო,რომ ტანსაცმელი თითქოს კი არ ეცვა, არამედ სხეულზე ეკიდა; ძველი, გაცრეცილი ქუდი ეხურა; ხელში კი ნაცრისფერი ტომარა ეჭირა, ალბათ თავიდან ისიც თეთრი უნდა ყოფილიყო. ნიკს მოუახლოვდა თუ არა შედგა. ბიჭს მისი არ შეშინებია, მიუხედავად იმისა,რომ უცნობი ნამდვილ მაწანწალას ჰგავდა. კაცმა აქეთ-იქით მიმოიხედა, შემდეგ კი მზერა კვლავ პატარა ბიჭზე გადაიტანა.
-შეიძლება შენთან ჩამოვჯდე? - მისი ხმა გარეგნობისგან განსხვავებით არცთუ ისე საშინლად ჟღერდა. ნიკმა თავი დაუქნია. მამაკაციც გვერდით მიუჯდა. გახეული ფეხსაცმელებით ქვიშა გაქექა და მზერა ისევ ნიკს მიაპყრო, ბიჭი ზღვას კვლავაც უაზროდ შესცქეროდა.
-რა გქვია? - ჰკითხა უცნობმა.
-ნიკი, - ისე მიუგო მოსაუბრისთვის არც კი შეუხედავს.
-როგორც ვატყობ აქ მარტო ხარ, ნიკ, ხომ ასეა?- თავი დაუქნია. - ოჯახი ხომ გყავს? - ისევ თავი დაუქნია. - მერე აქ მარტო რას აკეთებ? -უცნობს მზერა სწორედ ახლა მიაპყრო, მის თვალებს დააკვირდა. კაცის თვალები იმ ზღვაზე უფრო ლურჯი იყო,რომელსაც რამდენიმე წამის წინ შესცქეროდა. ასეთი თვალები არასდროს ენახა, მათში საკუთარი სულის დანახვა შეგეძლო,ისინი სამყაროს აღქმის საშუალებას გაძლევდნენ, ამ თვალების ხილვის შემდეგ მამაკაცის გარეგნობა სულ მთლად გადაავიწყდა.
-უბრალოდ განმარტოვება მჭირდებოდა.- უთხრა და თავი ისევ მუხლებს ჩამოაყრდნო.
-რისთვის?
-ფიქრისთვის- მიუგო ხანმოკლე პაუზის შემდეგ. მოხუცმა გაიღიმა.
-ასეც ვფიქრობდი. მომიყვები შენს ფიქრებზე?
-არ ვიცი.
-მიდი, გული ვინმეს უნდა გადაუშალო ხოლმე, მაგრამ ხშირად ამას ვერც ახლობლებთან აკეთებ და ვერც მეგობრებთან იმიტომ,რომ ისინი კარგად გიცნობენ, მე კი მხოლოდ შენი სახელი ვიცი, რაღა თქმა უნდა, ეგეც თუ არ მომატყუე, ვის რა უნდა ვუთხრა? - შეაგულიანა მოხუცმა.  ნიკი ჩაფიქრდა და კაცს შეხედა, არც ისეთი მოხუცი იყო, ალბათ, 65 წლამდე იქნებოდა.ბიჭი ისევ დუმდა. - მგონი მივხვდი, - ეშმაკურად გაიღიმა კაცმა. ნიკი მას ცნობისმოყვარეობით შეაცქერდა. - სიყვარული, არა?
-ჰო, - მიუგო დასევდიანებულმა.
-იცის?
-არ ვიცი.
-როდის აპირებ ამის გამხელას?
-არ ვიცი.
-ძალიან გიყვარს?
-არ ვიცი.
-პირველია,არა?
-კი, პირველია.
-რატომ არ ეუბნები?
-ვეტყვი, უბრალოდ ჯერ შესაფერისი მომენტი ვერ შევარჩიე.
-იქნებ იმიტომ ვერ ეუბნები,რომ გეშინია?
-რისი?
-უარის, იმისი, რომ ისიც იმავეს არ გრძნობს შენ მიმართ.
-არ ვიცი, შეიძლება.
-იცი, პირველი სიყვარული მე რომ მეწვია შენზე უფრო დიდი ვიქნებოდი, სულ ცოტათი, მეგონა მის შემდეგ ვერავის ვერ შევიყვარებდი, სულელური გეგმებიც დავალაგე, - მოხუცმა ჩაიღიმა, - ყველაზე განსაკუთრებული მეგონა, ვფიქრობდი,რომ ის იყო ამ სამყაროში ყველაზე არაჩვეულებრივი და იდეალური გოგონა.
-იდეალური ადამიანები არ არსებობენ.
-მართალია, მაგრამ როცა ადამიანი ჭეშმარიტად გიყვარს, მისი თითოეული ნაკლოვანებაც კი გიყვარდება, სწორედ ეს აქცევს მას შენთვის იდეალურად. - ნიკმა თავი დაუქნია. - მოკლედ, ძალიან მიყვარდა, მასზე ფიქრს ვერ ვწყვეტდი.
-შემდეგ რა მოხდა?
-სიყვარული ავუხსენი.
-მერე?
-დამთანხმდა.
-ეს ხომ კარგია.
-ჰო, შეიძლება კარგიც იყოს, ერთად სულ რამდენიმე თვე ვიყავით.რაც უფრო კარგად იცნობ ადამიანს, მით უფრო უკეთ ხედავ მის მანკიერებებსა და ნაკლებად მიიჩნევ  საუკეთესოდ.
-ეგ როგორ?
-პირველი ეფექტი, საუცხოო რამაა, უდიდესი გამოცდილება, როდესაც ისეთ რამეს განიცდი, რაც არასდროს განგიცდია. მთელი გრძნობები ერთიანად დაგატყდება თავს, უაზროდ გცხელა, გცივა, გული გიძგერდება,სუნთქვა გიხშირდება, თითქოს სამყარო პატარავდება, თავზე გიჭერს და სადაცაა მთლიანად ჩაგყლაპავსო. ამ დროს ადამიანი, რომელმაც ეს საოცარი ცვლილებები გამოიწვია ყველაზე მეტად გიყვარდება, მასში მხოლოდ კარგს ხედავ, ის შენთვის სათნო ქალღმერთად იქცევა, მართლაც საუკეთესოა და მისნაირი სხვა არ დაიარება დედამიწაზე. შორიდან ეტრფი და შენთვის მართლაც იდეალურია, მანკიერებები და ნაკლოვანებები სწორედ მაშინ იჩენენ თავს, როდესაც ამ ადამიანს კარგად გაიცნობ. დრო გადის და სიყვარულიც აღარაა ისეთი მძაფრი, აღარც ის გესახება ისეთ არაჩვეულებრივად, როგორადაც დასაწყისში გესახებოდა, თუ ნამდვილი და ჭეშმარიტი გრძნობა გაკავშირებთ ამას აუცილებლად გაუძლებთ და სამუდამოდ ერთად იქნებით, მაგრამ თუ არა, მაშინ ის არც ყოფილა შენი ბედი, ეს ასეც უნდა მომხდარიყო, რადგან დამიჯერე,ნიკ, ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი და თავიდან რაც არ უნდა ცუდად ჟღერდეს, მომავალში აუცილებლად საუკეთესო შედეგს მიიღებ. ის გოგონა მეც ერთადერთი და განუმეორებელი მეგონა, ვფიქრობდი,რომ მისნაირს ვერასდროს შევხვდებოდი და მართალიც ვიყავი იმიტომ,რომ გავიდა დრო და მასზე უკეთესს შევხვდი, ჩემი მეუღლე, აი ვინ იყო ნამდვილად არაჩვეულებრივი და განსაკუთრებული. თითქოს არ მიყვარდა ისეთი სიყვარულით,როგორც უწინ, რადგან ის მაინც პირველი სიყვარული იყო, პირველი ეფექტი. მან მაზიარა ახალ სამყაროს და რაღაც გასაოცარი შემაცნო, ამიტომ შემდეგი სიყვარული, რაც არ უნდა რწფელი და ჭეშმარიტი იყოს, ვერასდროს იქნება დასაწყისში პირველისავით საუცხოო, მაგრამ მისგან განსხვავებით ბოლოში კი ნამდვილად ტკბილი იქნება.
-ანუ თავი უნდა გავანებო?
-არა, არა,- კაცმა თავი გააქნია, - მე ეს არ მითქვამს, უნდა ცადო, და თუ ცდას აპირებ ბოლომდე უნდა ცადო, შენი რა მიდის, არც ახლაა ის გოგონა შენთან და თუ მერეც არ იქნება რა მოხდა, რას კარგავ, არაფერს, მაგრამ შენ თავთან უნდა იყო მართალი, რომ შემდეგ მომავალში საკუთარი თავი არ დაადანაშაულო რატომ არაფერი არ გააკეთეო, მაგრამ თუ არაფერი არ გამოვა, ე.ი. არც უნდა გამოსულიყო და ამის გამო დარდს ნამდვილად არ უნდა მისცე თავი, რადგან შეუცვლელი არავინაა, ნიკ, შეუცლელი მხოლოდ შენი ოჯახია, შენი მოსიყვარულე და მზრუნველი მშობლები, სხვა დანარჩენი კი მომსვლელი და წარმავალია.  - შეფიქრიანებულმა ბიჭმა თავი დაუქნია. - შეიძლება ერთი რჩევა მოგცე,ნიკ?
-რა თქმა უნდა.
-ფიქრი შეწყვიტე.
-რა, რატომ?
-გასაჭირის ჟამს ფიქრი ადამიანის მხსნელი და საუკეთესო მეგობარია,მაგრამ რიგ შემთხვევებში ის ჩვენი მტერიცაა და ადამიანი დაღუპვამდეც კი მიჰყავს.
-ალბათ, მართალია.
-მართალია, ნიკ, განა თავად არ მეთანხმები? ინსტიქტებს უნდა მიენდო და უნდა გარისკო, რისკს კი 50%-იანი წარმატებაც ახლავს და 50%-იანი მარცხიც, სხვა გზა არ გაქვს და სანამ რისკზე არ წახვალ, მანამდე ფიქრი შენი საუკეთესო მეგობარი ვერ იქნება, ის დაგღუპავს. - ბიჭმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
-მგონი შანსები მეტი მაქვს.
-მართლა? - მოხუცს გაეცინა, - ეს ხომ ძალიან კარგია.
  ბიჭმა ხელი ჯიბეში ჩაიყო და იქიდან გადაკეცილი ქაღალდი ამოაძვრინა. ხელში ჩაბღუჯა და მიაშტერდა, უცნობიც ცნობისმოყვარეობით შეაცქერდა ფურცელს.
-ეგ რა არის?
-ლექსი.
-ლექსი, შენ დაწერე? - ჰკითხა ღიმილით.
-ჰო.
-ე.ი. ყველაფერთან ერთად ლექსებსაც წერ, უკვე ყველაფერი გასაგებია. პოეზია კარგია,თუმცაღა ლექსი სხვა არაფერია, თუ არა ფიქრებისგან და განცდებისგან აჟღერებული ჩანგური, რაოდენ ამაღელვებელიცაა მისი შექმნის პროცესი და რაოდენ მშვენიერიცაა მკითხველის სახეზე გამოსახული ღიმილი თუ თვალს მომდგარი ცრემლი,იმდენადვე მომაკვდინებელი და დამღუპველი შეიძლება აღმოჩნდეს ერთი უბრალო ლექსი თავად ავტორისათვის.
-ვიცი.
  ნიკმა მზერა მოშორებით ნაპირზე გამორიყულ შუშის ბოთლს მიაპყრო, ადგა და მისკენ დაიძრა. ქვიშიანი ბოთლი ხელში აიღო, ერთხანს კიდევ დასცქეროდა, შემდეგ ფურცელი შიგნით მოათავსა და საცობი მჭიდროდ მოარგო. ბოთლი,რომელიც მზის სხივებს ირეკლავდა და ცისარტყელას ფერებში განათებულიყო ხელში შეათამაშა, მაღლა აწია, უღრუბლო ზეცას შუშის განჭვრეტით შეხედა, გაიღიმა და ბოთლი ზღვაში მთელი ძალით მოისროლა. ტალღებმა ის მაშინვე ზედაპირზე ამოატივტივეს, მიქცევა დაწყებულიყო, შუშის ბოთლი მალე უკიდეგანო ზღვის წიაღში ჩაიმალა და მის განუყოფელ ნაწილად იქცა. თუ სად წაიღებდა დინება მას უცნობი იყო ისევე,როგორც ის, თუ სად და რამდენად შორს წაიყვანდა ბედი თავად პატარა ჭაბუკს. ნიკმა უკან მოიხედა, კაცი გზას გასდგომოდა, სადაც იყო თვალს მიეფარებოდა.
-ვინ ხარ? - დაუძახა ბიჭმა.
-თავადაც კარგად იცი, ვინც ვარ.
-გმადლობ.
-მადლობა საკუთარ თავს გადაუხადე, ბიჭუნი. წარმატებები, ნიკ! - დაუძახა და ხელი დაუქნია, შემდეგ კი უსასრულობას შეერწყა.
     ნიკმა თვალები გაახილა, ზღვას საბოლოოდ მოავლო მზერა. წამოდგა, შარვალი დაიფერთხა და შინისკენ გზას გაუყვა. მიმავალს სახეზე ღიმილი გამოსახვოდა, ის ბედნიერი იყო, ბოლოს და ბოლოს ძალიან, ძალიან ბედნიერი იყო.



გიორგი ჩაჩხიანი