რა დაგიშავე, რატომ დამდაღე
მოურჩენელი ჭრილობით გულის,
მე ხომ უბრალოდ გზას მივიკვლევდი,
მივაჭენებდი მერანს ცხოვრების.
და სწორედ მაშინ,როდესაც მწამდა,
რომ ყველაფერი დაგეგმილია,
გამომესახა ღიმილი შენი
დაუვიწყარი,თვალწარმტაცია.
შეცვალე ჩემი წარმოდგენები,
შტორმი დაატეხ ზღვას მეტად მშვიდსა,
გამხადე მტრფობი რომანტიკოსი,
და ახლა ვეტრფი ღიმილსა შენსა.
პოეზიაზე გულაცრუებულს
დამაწყებინე ლექსების წერა,
სამარადჟამოდ მექეცი მუზად,
დაგჭირდა მხოლოდ ღიმილით ცქერა.
და თუ ოდესმე მივაღწევ მწვერვალს,
და თუ ოდესმე მაღიარებენ,
მინდა იცოდე, შენი ნაკვთები
ჩემს ლექსებშია იარსებებენ.
სადაცა წავალ, იქ გაგიყოლებ,
გაგხდი მოგზაურს მე პოეზიის,
შემოგატარებ უთვალავ მიწას
ფასად შენისა სათნო ღიმილის.
შენ განგისაზღვრავს გზა დინებისა
და კალაპოტიც დაგიდგენია,
ჩემი ვალია მივყვე დინებას,
ვნახოთ ცხოვრება სად წამსვლელია.
შენ საკუთარით არ ქმნი შედევრებს,
მაგრამ მაინც ხარ თანაავტორი,
რადგან რომ არა შენი ღიმილი,
არც იქნებოდა მელნის ამბორი.
წამიერადა მექეცი მუზად
და განმაშორე მთას პარნასისას,
მე შენზე წერით არ დავიღლები
და გულნატკენსა ვტოვებ ერატოს.
წარმომიდგება ხატება შენი,
ვის შეგადარო, არ გყავს სადარი.
გშვენის სიბრაზეც,წუხილიც,დარდიც
და მზერა შენი არს საოცარი.
არ ვდარდობ არას,არ მენაღვლება,
რომ მოახდინე შენ გარდატეხა,
გამხადე მტრფობი რომანტიკოსი
და მაიძულე ლექსების წერა.
ვინ იცის, კიდევ რამდენსა დავწერ,
რამდენჯერ გაგხდი რითმის დედოფალს,
მაგრამ, ბოლო ჟამს ერთსა გპირდები,
კიდევ მრავალჯერ დაგიღვრი მელანს.
გინდა დღე იყოს, გინდა კი ღამე,
მე მაინც მუდამ შენ მეხსომები,
და რომ ძვირფასო, შენს თავს ვერავინ
ვერ დამავიწყებს ამას გპირდები.
გიორგი ჩაჩხიანი
ლამაზია ძალიან <3
ReplyDelete