ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე
ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

Saturday, October 29, 2016

წერილი შენთვის

შენზე ფიქრებით გადარეული
დავიარები უცხო მიწაზე,
მზად ვარ გავიგო და შევიმეცნო
ყოველივე რამ წმინდა გრძნობაზე.

მუზად ქცეული გარდამესახე,
დღითიდღე იწვევ ჩემს აღტაცებას
და შენი ნაზი, სპეტაკი სულით
ჩემი გონების დამორჩილებას.

დასაბამითგან მეგონა ვწერდი
ერთ ჩვეულებრივ მანდილოსანზე,
მაგრამ როდესაც მივხვდი სიმუხთლეს
შემრჩა ნიშანი მგზნებარე გულზე.

როს დავბრუნდები ჩემსა მიწაზე
და ჩემს საწოლზე მოვკალათდები?
განშორებულო თავისუფლებავ,
სიმშვიდევ ჩემო, დამიბრუნდები?

ოღონდაც შენ კი არ გაგაბრაზო,
არ ჩამითვალო კადნიერება,
თითქოს უარს ვამბობ უცხო მიწაზე
და არად მიღირს ბედნიერება.

გონებას არ სურს გულის აყოლა,
უცხო სამყაროს გადაბარგება,
ჩვეული რიტმის არევ-დარევა
და სიყვარულზე დამორჩილება.

და თუ დროება მგულშემატკივრობს
და ბედ-იღბალიც გვერდში მიდგება,
მომავლის ველზე ერთურთ შევხვდებით
და სანთელიც იქ აგიზგიზდება.

მაგრამ დღეს არ ვთვლი,საჭიროა გრძნობებს აყოლა,
გულისთქმის ნდობა და გონების გადავიწყება,
მაგრამ მე შენი მადლობელი მუდამ ვიქნები,
რომ შემამეცნე სიყვარულის სარწმუნოება.

მე თუ რამ ძალმიძს, იცოდე,რომ ეს შენ გამოა,
შენ დამიბრუნე დაკარგული თავდაჯერება,
შენ გამიღვივე უდიდესი ენთუზიაზმი
და მომანიჭე დაუვიწყარი ნეტარება.

ის დამრჩენია ვწერო გულის გამოძახილზე
და შენს მშვენიერ, მარადიულ არსებობაზე,
რადგან შენ ჩემთვის სულ იქნები დაუვიწყარი
და შენზე ფიქრებს ვერ განდევნის დავითის ქნარი.

აღგივლენ ლოცვას და სპეტაკო,ვითა შროშანო,
ჩემი ლექსების თანამდევი სული იქნები
და მანამ, სანამ პოეზია არ განმშორდების,
არც განელდება მგრძნობელობით ჩემი ლექსები.

გიორგი ჩაჩხიანი

შენთვის გადავივლი ბედის ქარტეხილებს

მაქვს მე მოთმინება, დიდი ნებისყოფა,
ჰორიზონტზე გავსჭვრეტ მრავალ დაბრკოლებას.
ბედის ქარტეხილებს შენთვის გადავივლი
და არ ვაპატიებ სულსა შეშინებას.

შენთვის განვიშორებ ავს და ბოროტებას,
შენთვის შევიცვლები უკეთესობისკენ,
რწმენას ჩავისახავ, დიდი შემართებით
მედგრად დავიძვრები ქარტეხილებისკენ.

დიდი სასოებით, უფლის შემწეობით,
შენი სიყვარულით თავდაჯერებული
დევებს შევებრძოლვი, მიწას დავანარცხებ,
სულიც მოისვენებს დაღლილ-დაქანცული.

მწამს მე გამარჯვების, დიდი ტრიუმფისა,
მომრევს შენი სახე თვალწინ მესახება,
მეტად ბედნიერი, მეტად ცისკროვანი,
გული ნაღვლიანიც ძლიერ აძგერდება.

გიორგი ჩაჩხიანი

Friday, October 28, 2016

როდესაც ვალი გადახდილია

დავიარები ცარიელი აბგით შემკული,
კარდაკარ ვეძებ სიკეთესა და სილაჟვარდეს
და როცა მადლით აღივსება ჩემი ხურჯინი,
სადარდებელიც სულისათვის აღარა დარჩეს.

და როცა ვპოვებ ჩემსა ადგილს სააქაოში,
როცა მოვიხდი ვალსა ჩემზედ დაკისრებულსა,
დამშვიდებული და სხივებით მარად შემკული,
გზას გავუყვები მეტად გრძელსა და მეტად რთულსა.

როს გადმოვხედავ ცხოვრებასა აწ წარნავალსა,
უკან დამრჩება ზურმუხტი და თვალმარგალიტი.
და სწორედ მაშინ,როცა ველი აბიბინდება,
აღარაფერი არ იქნება უაზრო, ფლიდი.

სწორედ რომ მაშინ, ბრძოლის ველზედ დავრჩები მარტო
და ხმალი ჩემი ჩაესობა მთის ზედაპირზე,
როცა დიდება და სახელი განსაზღვრულია,
მე დავბრუნდები საოცნებო სანაპიროზე.

როცა დრაკონნი მორჩილების უცოდინარნი,
დაუოკელნი და მეტადრე ამპარტავანნი,
თავსა დახრიან ჩემ წინაშე კრძალვითა,რიდით
და გამართლდება ადრეული ჩემი გუმანი.

სწორედ,რომ მაშინ, ბედნიერი, გახარებული,
ოცნებად ქცეულ რეალობას თვალს გავუსწორებ
და მშვიდობისა მაძიებლის უკვე ნაპოვნი
თავისუფლება სულის ჯაჭვებსაც შეაძრწუნებს.

როდესაც ვალი საბოლოოდ გადახდილია,
როდესაც გესმის ზეცის მიღმა ზარით მოხმობა,
ასი წლის შემდეგ, როცა უკვე სული მშვიდდება,
გიწევს გზის გავლაც, საპასუხოდ რა გაეწყობა.



 გიორგი ჩაჩხიანი










Saturday, October 22, 2016

სიყვარულის სიმფონია

რა დაგიშავე, რატომ დამდაღე
მოურჩენელი ჭრილობით გულის,
მე ხომ უბრალოდ გზას მივიკვლევდი,
მივაჭენებდი მერანს ცხოვრების.

და სწორედ მაშინ,როდესაც მწამდა,
რომ ყველაფერი დაგეგმილია,
გამომესახა ღიმილი შენი
დაუვიწყარი,თვალწარმტაცია.

შეცვალე ჩემი წარმოდგენები,
შტორმი დაატეხ ზღვას მეტად მშვიდსა,
გამხადე მტრფობი რომანტიკოსი,
და ახლა ვეტრფი ღიმილსა შენსა.

პოეზიაზე გულაცრუებულს
დამაწყებინე ლექსების წერა,
სამარადჟამოდ მექეცი მუზად,
დაგჭირდა მხოლოდ ღიმილით ცქერა.

და თუ ოდესმე მივაღწევ მწვერვალს,
და თუ ოდესმე მაღიარებენ,
მინდა იცოდე, შენი ნაკვთები
ჩემს ლექსებშია იარსებებენ.

სადაცა წავალ, იქ გაგიყოლებ,
გაგხდი მოგზაურს მე პოეზიის,
შემოგატარებ უთვალავ მიწას
ფასად შენისა სათნო ღიმილის.

შენ განგისაზღვრავს გზა დინებისა
და კალაპოტიც დაგიდგენია,
ჩემი ვალია მივყვე დინებას,
ვნახოთ ცხოვრება სად წამსვლელია.

შენ საკუთარით არ ქმნი შედევრებს,
მაგრამ მაინც ხარ თანაავტორი,
რადგან რომ არა შენი ღიმილი,
არც იქნებოდა მელნის ამბორი.

წამიერადა მექეცი მუზად
და განმაშორე მთას პარნასისას,
მე შენზე წერით არ დავიღლები
და გულნატკენსა ვტოვებ ერატოს.

წარმომიდგება ხატება შენი,
ვის შეგადარო, არ გყავს სადარი.
გშვენის სიბრაზეც,წუხილიც,დარდიც
და მზერა შენი არს საოცარი.

არ ვდარდობ არას,არ მენაღვლება,
რომ მოახდინე შენ გარდატეხა,
გამხადე მტრფობი რომანტიკოსი
და მაიძულე ლექსების წერა.

ვინ იცის, კიდევ რამდენსა დავწერ,
რამდენჯერ გაგხდი რითმის დედოფალს,
მაგრამ, ბოლო ჟამს ერთსა გპირდები,
კიდევ მრავალჯერ დაგიღვრი მელანს.

გინდა დღე იყოს, გინდა კი ღამე,
მე მაინც მუდამ შენ მეხსომები,
და რომ ძვირფასო, შენს თავს ვერავინ
ვერ დამავიწყებს ამას გპირდები.

გიორგი ჩაჩხიანი 

სწავლა

აი-ია იწერება დაფაზე,
აი-ია მეტად მოსაწყენელი.
ორჯერ-ორი - პასუხია სათქმელი,
გამრავლება მეტად დასაზარელი.

დღეს რომ სწავლა აღარავის არ უნდა,
დღეს რომ ყველა კვერცხს მიირთმევს უზმოზე,
ღუმელში კი იხრუკება ქათამი
და სდის ბოლი დანახშირებულ თავზე.

დღეს პრობლემა სწორედ რომ სწავლაშია,
მცოდნეს პოვნა არის გართულებული.
კალმის თამაშს სჯობს თამაში ბურთისა
და სულიც არს მეტად გალაღებული.

და როდემდე გასტანს ესე ბავშვობა?
როდის მოგსთხოვს ბრძნულ პასუხსა ცხოვრება?
რომ ვერც ბურთი, ვერც ლაღობა გიშველის,
თუ არ იცი წიგნის მეცნიერება.

ვინ თქვა სწავლა რთული არის ბოლომდე,
კენწეროში ირისზეც კი ტკბილია,
მაგრამ, მანამ, ცხოვრებისა შუა გზაზე,
ცოდნის სრუტვა მეტად სახალისოა.

* * *

წარსულსა ეტრფი? - მკითხა გუშინ პატარა ბიჭმა,
მემორიალთან ყვავილებით ხელდამშვენებულს
ღიმილი გამკრთა ათოშებულ ცივსა სახეზე,
განა კი უნდა ვეტრფოთ დროსა სისხლით შენებულს?

წარსულში იყო მონარქია, მეტად უმსგავსო,
იერარქია ყმაწვილ კაცთა მონადა მქმნელი,
შური და ღვარძლი, ორპირობა ძმათათა შორის
და პროგრესია მეტად რთული და მეტად ნელი.

სადაც უაზროდ იყენებდნენ დადგენილებას,
სადაც ბრძოლის წინ ფარად სწევდნენ სარწმუნოებას,
ზეწოლით ღმერთზე დასწყევლიდნენ აზრთა მოქიშპეს
და ხალხს სწირავდნენ დასახოცად ველსა ბრძოლისას.

სადაც, მსახურად გაყენებდნენ წოდების გამო,
სადაც, ცენზორი განაგებდა მთელ არემარეს,
ნუთუ ესაა სანაქებო ჩვენი წარსული,
ნუთუ ესაა შესატრფობი დრო ისტორიის?

-არა, არ ვეტრფი, - ვუპასუხე პატარა ბიჭსა,
პატივისცემა წინაპართა ჩვენი ვალია,
აქ ამისთვის ვარ, დაღუპულთა მოსაგონებად,
სწორედ ესაა რაც წარსულში მართლაც კარგია.

გიორგი ჩაჩხიანი 

Sunday, October 16, 2016

უკანასკნელად

უკანსაკნელად, ვის დაიჭერს ცხოველთა მეფე,
უკანასკნელად, რას დახატავს მოდილიანი,
უკანსაკსნელად, რა ლექს დაწერს გალაკტიონი,
ეგებ მოვასწროთ ზიარება ჩვენ მადლიანი.

მთების ჩამოშლა, ზღვების დაშრობა,
კარგა ხანია, დაწყებულია.
ლოცვის დავიწყების, შვილის მიტოვების
ფესვები უკვე ღრმად გამდგარია.

უაზრო ცდაში, ლოდინსა ფუჭში,
ჩამოგვეფარა ნისლები ბევრი.
მზის მოლოდინში, უსაქმოდ მყოფებს
დაგვბნელებია სიონის ტევრი.

სანუგეშებლად დაგვრჩენია ჩვენ ფიქრი ერთი,
რომ მარტო არ ვართ, სხვებიც ჩვენს ბედს ზიარებიან,
ყველანი ერთად ჩავინთქმებით მალე უფსკრულში,
პირდაფჩენილი მორევები ჩვენთვის იცდიან.

უკანასკნელად, ახლოს გვესმის ეს ავი სიტყვა,
თითქოს აჩრდილი ყურში ნაზად გვესაუბრება.
დაბრმავენულნი გულუბრყვილო ნაზი ღიმილით,
თავის დაქნევით ვესალმებით, სულიც ნებდება.

უკანასკნელად, ეგებ ვინმე გმირი გამოჩნდეს,
უკანასკნელად, ჩაუნერგოს ხალხს გულში რწმენა,
ძლიერად დაჰკრას ურო მძიმე ოქროს ჯაჭვებსა
და დაუბრონოს წართმეული თავისუფლება.

უკანასკნელად, ეგებ ვინმე კაცი გამოჩნდეს,
უკანასკნელად, დასვას კითხვა მეტად საშიში,
რა გვემართება, რატომ ვიქეცთ მარიონეტად,
რამ ჩაგვინერგა საკუთარი მეობის შიში.

რატომ ვაკეთებთ იმას,რასაც ყველა აკეთებს,
რატომ ვუკარგავთ საკუთარ თავს ავტონომიას,
რატომ განვიცდით, სხვა რას იტყვის, სხვა რას იფიქრებს
და ამის გამო მუდამ ვყვებით სულელთა გნიას.

დღეს ის დრო არის, რომ ვთქვათ სიტყვა უკანასკნელად,
ხმა ავიმაღლოთ, კალმით ვცადოთ ავის მოსპობა,
პირდაფჩენილი მორევების დაოკება და
აჩრდილის სიტყვის უკუ გდება, არად ჩაგდება.

წარსულში უთქვამთ, ცდა ბედისა მონახევრია,
მაგრამ შედეგი მაინც არის დასაძრახველი.
სიმშვიდის ნაცვლად მორევები უფრო ღმუიან,
მდორე ჭაობად გვესახება მომავლის ველი.

უკანასკნელად, რას იფიქრებს ადამიანი,
უკანასკნელად, სინანული თუ შეაწუხებს,
ან იქნებ სულაც ბედნიერი, გახარებული,
მბორგავ მორევში საკუთარი თავითვე ჩახტეს.

რას შეუძლია, იხსნას რასა ადამიანის,
როდესაც თავად შემოქმედსაც არ შესწევს ძალი,
თვითმკველობაა გათანგულთა გამოსავალი,
მის მერე კიდევ უამრავ ცხენს ედება ნალი.

უკანასკნელად, ვსჭიდოთ ხელი მოყვასსა ტკბილსა,
უკანასკნელად, მოვეხვიოთ ოჯახის წევრებს,
უკანასკნელად, ჩავუხედოთ ერთურთს თვალებში
და ნება მივცეთ აძგერების მხურვალედ გულებს.

უკანასკნელად, რა მოხდება დედამიწაზე,
უკანაკსნელად, რა დარჩება ჩვენი მიწისგან,
უკანაკნელად, ვინ დარჩება მესაჭის პოსტზე
და შეეცდება გემის დახსნას მორევებისგან.

უკანასკნელად,  ნეტავ როდის ამობრწყინდება
მზე დიდებული,სხივოსანი, ყოვლის მანათი,
უკანაკსნელად, ნეტავ როდის გადავარდება
და დაეცემა დამჭკნარ ბალახს ცეცხლის ასანთი.

 გიორგი ჩაჩხიანი














Saturday, October 1, 2016

დაკარგული უფლის ძიებაში

დათოვლილ გზას მიაბიჯებს ქალი,
დიდი კრძალვით, რიდით მიდის საყდარს,
არად აგდებს მეზობლების მზერას,
ეკლესია მოდაში ხომ არ არს.

თავსაფარით მაინც მიდის საყდარს,
კაბის ბოლო კი თოვლში გზას კვალავს,
უფლისაკენ მიმავალსა გზაზედ
ყველა უფრთხის, ის ხომ მათ არა ჰგავს.

რას აკეთებს? -  თითს იშვერენ მასზე,
ტაძარს მისვლა მოდაში ხომ არ არს,
მაინც მიდის, დიდი კრძალვით,რიდით,
ღვთის საძებნად სტუმრობს ძველსა საყდარს.

დღეს ის დროა, ღმერთს რომ არვინ ეძებს,
რწმენა რა არს ისიც არ იციან.
საბრალონი სინანულის ნაცვლად
გაკვირვებით ქალსა შესცქერიან.

მიტოვებულ საყდარს ნათებს სხივი,
პირჯვარს იწერს ცახცახითა ხელის.
მერე რა, რომ გაჰკილავენ მუდამ,
მთავარია ჰპოვოს ღმერთი თვისი. 

 გიორგი ჩაჩხიანი