გუშინ ხელახლა დავიბადე და ავიხილე თვალი,
სევდამორეულს უცაბედად გამკრთა ღიმილი,
ავდარიანი ღამე მარდად იცვალა ნათლით
და სადღაც სულში აგიზგიზდა რწმენის სანთელი.
ღამის სიზმარში გათამაშდა ფერების გამა,
იცვალა ხედი,ჰორიზონტი,მრისხანე ზეცა,
უკიდეგანო ოკეანეს მარტო დარჩენილს
გარდამესახა დიდი შტორმი და ელდა მეცა.
გაულეველი ზღვები იქცა მწვანე ნაპირად,
ედემის ბაღის შესაშური გაჩნდა წალკოტი.
გარს შემომევლენ ბულბულები მოჟღურტულენი
და სადღაც გაქრა ყოველივე ავი-ბოროტი.
მე უცნაურად შევეთვისე ახალ სამყაროს,
ყველაზე წმინდას დიდი ნდობით შევეზიარე
და მაშინ, როცა ავახილე ჩემი თვალები,
მივხვდი სიბრიყვეს, ნუთუ ასეთი რამ მივქარე.
ბარძიმის ნაცვლად შემრჩა შენი სათუთი ხელი
და მეც სულელმა, უფიქრელად მას დავეკონე,
ვით სირინოზმა, შენც ისევე მომაჯადოვე
და მარწუხებში შებოჭილი ნაპირს დამტოვე.
შენი ხმა მექცა საოცნებოდ,სათაყვანებლად,
მადლობას გწირავ, რომ გონებაც არ დამიკარგე,
მეხსიერება და ხატება არ განმიშორე
და ტყვედ ჩავარდნილს სასოება მაინც შემტოვე.
მე კი სულელმა, დავიჯერე უმანკოების
და წამიერად მთელი სული შენ მოგიძღვენი,
უცებ მოგენდე და შენც მეტად თავხედურადა
სადღაც წარმტაცე და ბოროტი საქმენი ქენი.
მაგრამ არ განგსჯი, მე ხომ ვიცი არ განგიზრახავს
და არ გინდოდა ჩემი ხილვა ტყვეს ამპლუაში,
ეს ყოველივე დადგენილი ასე ყოფილა
და პასუხებიც უნდა ვპოვოთ ჩვენს განგებაში.
შენ სულაც არ ხარ დამნაშავე ბუნების ხვედრში,
ღმერთმა დაგნათლა სისპეტაკე და სილამაზე
და ხმა ბრწყინვალე ანგელოზთა დასიდან მოგცა
და გყო ნათებად ჩემი ბედის მოჟამულ ცაზე.
გუშინ,როდესაც კვლავ ვიხილე შენი ღიმილი,
თითქოს სიზმრებში ანგელოზად გამომეცხადე,
ცა გადიწმინდა შუბლშეკრული ღრუბლებისაგან
და გაჩნდა განცდა თითქოს თავიდან დავიბადე.
გიორგი ჩაჩხიანი
No comments:
Post a Comment