ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე
ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

Monday, November 28, 2016

პირველი ხილვა


მე გუშინ ღამით გიხილე სიზმრად,
თეთრ ანგელოზად გამომეცხადე,
გშვენოდა ძველი ბერძნული რიდე
და სასწაულის მომსწრე გამხადე.

გადამისროლე დროის მორევში
და გამახსენე პირველი ხილვა,
დაგინახე და მაშინვე მივხვდი,
რომ შენთვის უცხო რამ იყო კილვა.

ვერ ვიფიქრებდი, თუ ის გოგონა,
ოთახის ბოლოს მორცხვად რომ იჯდა,
სულს შემიძრავდა და საკუთარ თავს
რწფელ სიყვარულში მაპოვნინებდა.

მოულოდნელად წარმოთქვი სიტყვა,
ჩემი მიიპყარ შენ ყურადღება,
მაშინვე მივხვდი, რომ სხვებს არ ჰგავდი,
გულმაც დაიწყო მყის გალაღება.

მაშინ ჯერ კიდევ ვერ ვიფიქრებდი,
რომ შენ იყავი ის ერთადერთი,
ვინც მოახერხა ჩემი დაპყრობა
და სავედრებლად მოიხმო ღმერთი.

მეც მადლიერი შევსცქერი უფალს,
შენ რომ ასეთი ძვირფასი მყავხარ,
და როდის გეტყვი, როდის შეგბედავ,
ყურს ჩაგჩურჩულო, მე შენ მიყვარხარ.

არ დავიღლები ლექსების წერით,
დაუღალავად გეტყვი ყოველთვის,
მე შენ მიყვარხარ, ოცნებავ ჩემო,
და ჩემი გული ძგერს მხოლოდ შენთვის.

შენს სასთუმალთან მარად დახრილი,
თმას გადაგიწევ შაქრისფერ შუბლზე
და იმედი მაქვს, უფლებას მომცემ
და უარს არ მეტყვი გულწრფელ ამბორზე.



 გიორგი ჩაჩხიანი

ოცნება ჩემში

მე შენზე ვფიქრობ, შენს სახეს ვხედავ,
ოცნება ჩემში რა ვქნა, რომ შენ ხარ
და შენი ხილვით ხსნა ნირვანისგან,
რა ვქნა. რომ მხოლოდ პოეზიაა.

შენზე ფიქრებით იქმნება ლექსი,
ფურცლების მიღმა შენს სახეს ვხედავ
და საუცხოო შენი ღიმილით.
მრავალი სიტყვის დაწერას ვბედავ.

ნატვრად იქეცი და გულის ძგერაც.
იწყება მაშინ, რომ დაგინახავ.
ნაფერებ გულსა ვეღარას ვშველი.
ოცნებებსაც კი შენებრ წარმართავ.

მე შენზე ვფიქრობ, შენს სახეს ვხედავ.
ოცნება ჩემში რა ვქნა, რომ შენ ხარ
და შენი ხილვით ხსნა ნირვანისგან.
რა ვქნა. რომ მხოლოდ პოეზიაა.

გიორგი ჩაჩხიანი

Wednesday, November 23, 2016

ქარს რომ მოაქვს ლექსები

ქარი რომ ქრის სწორედ მაგის ბრალია,
ფურცლები რომ აქეთ-იქით ფრიალებს,
დიდი გრძნობით გაჟღენთილი ლექსები
ხან ვის ეკვრის, ხან ვის მიუკაკუნებს.

მრავალია, ვისაც მოსწონს რითმები,
ფიქრები და გულის გამოძახილი,
მაგრამ არის ვინმე იმათთაგანი
ადრესატი, ლექსების წამკითხველი?

იქნებ სადმე, შუა ქუჩაზე მიმავალს,
რომელიმე ლექსი ქარმა მოგართვას,
შენც ნახო და მოგეწონოს გულისთქმა
და მიმიხვდე დატოვილ მინიშნებას.

ოჰ, როგორი ბედნიერი ვიქნები,
ვერ დავაოკ გულსა გახარებულსა,
სიყვარულის ჭეშმარიტი ზმანება
თვალს ამიმღვრევს, მეტად გაბრწყინებულსა.

მომავალი გამოსახავს სინათლეს,
ქარის ნაცვლად, მზის სხივები ლაღები
გადმოგცემენ შენზე დაწერილ ლექსებს,
გულო ჩემო,შენც მაშინ განათდები.

დღეს კი წერა, შეთხვზა უცხო რითმების,
საქმედ მიქეც, მიმაჯაჭვე ქაღალდებს,
ყოველ დილით ქარსა მოაქვს ლექსები,
ხან ვის ეკვრის, ხან ვის მიუკაკუნებს.

გიორგი ჩაჩხიანი 

Friday, November 18, 2016

გალაკტიონი

მიწას დაეცა დიდი მგოსანი,
იფრინა ციდან ცამეტი მეტრი,
გულის ჯიბეში ედო წიგნაკი,
დიდი სიმდიდრე და საგანძური.

ვახტანგს*  უნახავს დიდი პოეტი
მარაჯინშვილის ხიდზე ფიქრებში,
სადაც მიუგო გალაკტიონმა,
რა კარგია არის დახრჩობა მტკვარში.

ხუთი დღით ადრე მხატვარს - კორნელის**
დაუხატია პორტრეტი მეფის,
სწორედ ეს იყო უკანასკნელი
ხატება სახის გალაკტიონის.

ჯერ ღაღადებდა „ უსიყვარულოდ“,
შემდეგ კი იქმნა უკვდავი „მერი“,
„მესაფლავე“ და „ლურჯა ცხენები“
გახდა პოეტის სულის მესერი.

რეალობისგან გახიზნულ პოეტს
სმის ჰქონდა მხოლოდ დარდი და ნატვრა,
ნარჩევ ელიტას, მან ამჯობინა
უბრალო ხალხი და მწირი სუფრა.

ეულად ქცეულ მეფე-მგოსანსა
იღებდა მხოლოდ ზეცა ღვთიური,
მაგრამ ყორანი არ იძინებდა,
ბედი რჩებოდა მუხანათური.

ხუთი საათი შემოჰკრა ზარმა,
მაგრამ ჩავარდა გეგმა პირველი,
შემდეგ კი ბოლო სიტყვები იყო
ვლადიმერისთვის*** დაფიცებული.

ექვს საათს ათი წუთი უკლია,
თეთრი ხალათი საწოლს ედება,
სკამზე შედგება გალაკტიონი
და მიწას ნაზად ეამბორება.

უკანასკნელი გზა განვლო ერმა,
ქუჩები იყო გადაჭედილი
და დაიკრძალა გალაკტიონი
მის სიახლოვეს, ვინც იყო მისთვის
                                           გაღმერთებული.****



გიორგი ჩაჩხიანი

* გალაკტიონის წიგნის რედაქტორი ვახტანგ ჯავახაძე, რომელიც პირადად იცნობდა პოეტს, იხსენებს, რომ სტუდენტობის დროს იგი ტაბიძეს მარჯანიშვილის ხიდთან შემთხვევით შეხვდა: პოეტი ნასვამი იყო და მტკვარს უყურებდა. როცა მას გავუსწორდით მოტრიალდა და ჩემს თანამგზავრ გოგონას მიმართა: "რა ლამაზია ქალიშვილო მტკვარი... ბარათაშვილს უყვარდა მტკვრის პირას ხეტიალი." შემდეგ პატარა პაუზა გააკეთა და დაამატა: "რა კარგია მტკვარში თავის დახრჩობა."


** 1957 წლის 12 მარტს, ანუ თვითმკვლელობამდე სულ 5 დღით ადრე, გალაკტიონი თავის მეგობარ მხატვართან - კორნელი სანაძესთან მივიდა. იგი აღელვებული იყო. ტაბიძემ სანაძეს თავისი პორტრეტის დახატვა კატეგორიულად მოსთხოვა. მან მხატვარს ულტიმატუმიც კი წაუყენა: "ან ახლა დამხატავ, ან ვეღარასოდეს". სანაძის მიერ შესრულებული გალაკტიონის ჩანახატი პოეტის სიცოცხლეში უკანასკნელი აღმოჩნდა.

*** ექვსის ნახევარზე გალაკტიონს დერეფანში ნაცნობი მწერალი ვლადიმერ მაჭავარიანი შეხვდა, რომელიც თერაპიულ განყოფილებაში მკურნალობდა. მაჭავარიანმა ლექსების წასაკითხად იგი მესამე სართულზე მიიწვია. პოეტს მიწვევაზე უარი არ უთქვამს. თუმცა, პროცედურები მოიმიზეზა და მოგვიანებით შეხვედრას დაპირდა. ეს გალაკტიონის უკანასკნელი სიტყვები იყო.

**** მთაწმინდაზე ტაბიძე ბარათაშვილის სიახლოვეს დაკრძალეს. იმ პოეტის ახლოს, რომელსაც იგი სიცოცხლეში აღმერთებდა.




Thursday, November 17, 2016

შემოდგომაზე

შემოდგომაზე ფანჯრებს მიღმა სიცივე სუფევს,
წვიმა ყოველდღე ნამავს მიწას და კვალსაც ტოვებს.
როგორ ნელ-ნელა იღებება მწვანე ველები
და ფოთოლცვენის ხილვა თითქოს წამებს აჩერებს.

ფანჯრის რაფაზე ჩამოყრდნობილს თვალწინ მიდგება
თვალები შენი თაფლისფერი, ნაზი ღიმილი.
სწორედ შენ ხარ რომ დროს აჩერებ, წუთებს აბრუნებ
და წამიერად მესახება ხილვა პირველი.

მოგონებებში ღრმად ჩაძირულს ფიქრები მიპყრობს,
ეს არ ყოფილა არც ერთი ნახვით სიყვარული,
არც უცხო ლტოლვა და არც რამე ამორალური,
შემყვარებიხარ რწფელი გრძნობით, განმშორდა რული.

თითოეული წუთი არის განუყოფელი,
ყოველი ხილვა შენი არის დაუვიწყარი
და ყოველ ჯერზე როცა მიწევს შენთან შეხვედრა,
თითქოს თავიდან მიყვარდები და ქროლავს ქარი.

ჩემთვის გამხდარა ეგ ღიმილი დღესასწაული,
შენი შეხება ჟრუანტელის გამომწვეველი
და სული ჩემი ფარდაგივით ფეხქვეშ გაგიგე,
ახლა კი ცეცხლი გულს მედება, მეტად დამწველი.

რა არის ბედი, რომ მე ალთას, შენ ბალთას მყოფი,
ასე უეცრად ერთად მოვხვდით, შევიყარენით.
შენც არ დამინდე, ერთი წუთიც არ დააყოვნე
და მონად მყავი წამიერი უბრალო ცქერით.

ფუნჯით დახატულს გშვენის სწორი, გიშერის თმები,
ცელქი ღიმილი, თითქოს იყო მეტად კეკლუცი
და მზერა შენი, რომელიც არს დამამუნჯები,
ატყვევებს გულს და ჩემთვის უკვე ნატვრად იქეცი.

ნეტავ რას მეტყვი, რა პასუხს გამცემ,
ეგებ შენს გულშიც ხარობს მარცვალი,
მანამ კი,სანამ პასუხს გავიგებ,
ძირს კვლავ ვარდება ერთი ფოთოლი.

გიორგი ჩაჩხიანი

Monday, November 14, 2016

სიკვდილის მოლოდინში

 ცამეტი დღე, ზუსტად ამდენი ხანი აშორებდა ჰენრის სიკვდილს. საავადმყოფოს სარეცელს მიჯაჭვული ჭერზე დამჩნეულ ლაქას უაზროდ შესცქეროდა, ყოველი დღის შემდეგ ეჩვენებოდა,რომ ლაქა უფრო და უფრო დიდდებოდა, ცამეტ დღეში ის მთელ ოთახს დაფარავდა, წყვდიადად გადაიქცევოდა და უსულო ნივთებთან ერთად თავად ჰენრისაც გადაყლაპავდა. როდესაც უთხრეს,რომ კიბო ჰქონდა არ შეშინებულა, მაგრამ ახლა ეშინოდა. როდესაც საავადმყოფოში მოუწია დაწოლა, გამუდმებით მორფის მიღება,რათა აუტანელი ტკივილები ცოტა მაინც დაევიწყებინა და ექიმმაც დამწუხრებული სახით უთხრა,რომ ორი კვირის სიცოცხლე დარჩენოდა შიში იგრძნო.ეს გუშინ მომხდარიყო,მაგრამ თითქოს მას შემდეგ მთელი საუკუნე გავიდაო. სრულიად მარტო იყო, მეუღლე ადრე გარდაცვლოდა, ერთი ქალიშვილი ჰყავდა, სწორედ ის ზრუნავდა მამაზე, ყოველდღე აკითხავდა ხოლმე, მაგრამ სამსახურის გამო ამას მხოლოდ საღამოს ახერხებდა. ჰენრის შვილიშვილიც ჰყავდა,ხუთი წლის ნიკოლასს ბაბუა ძლიერ უყვარდა და თავად ბაბუასაც უღვივოდა გულში შვილიშვილის სიყვარული, მაგრამ ახლა სრულიად მარტო იყო. არც კამერები, არც ინტერესით შეპყრობილი ექთნები არ უმზერდნენ, მას მხოლოდ სიკვდილი უცქერდა ჭერზე დამჩნეული შავი ლაქიდან. ეს ლაქა პირველივე დღეს შეამჩნია და მაშინვე ფიქრმა შეიპყრო, ნეტავ კიდევ რამდენ მომაკვდავს უნახავს იგი, ალბათ ეს ის ძვირფასი სანახაობა და ბოლო რამ იქნებოდა,რასაც საბრალოთა თვალები დაინახავდნენ, ალბათ რამდენ ადამიანს უფიქრია და განუცდია ის, რასაც ახლა ჰენრი გრძნობდა.
-რა იქნებოდა ცოტა კიდევ რომ დაგეცადა? - ამოიხრა და თვალები ძლიერ მოჭუტა, რათა მომდგარი ცრემლი შეეჩერებინა. ტირილი არ უნდოდა, სურდა ძლიერი ყოფილიყო, სიკვდილისთვის ქედის მოხრას არ აპირებდა. მის ცხოვრებაში ბევრჯერ ყოფილა მომენტები,როდესაც განმარტოებაზე ოცნებობდა, მაგრამ ახლა, როცა სრულიად მარტო დარჩენილიყო ნატრობდა,რომ გვერდით ვიღაც ჰყოლოდა. თუნდაც ეს ის ბიჭი ყოფილიყო, სკოლაში რომ აწვალებდა, ის აუტანელი უფროსი, სამსახურიდან რომ დაითხოვა, ჰენრისთვის სულერთი იყო ვინ იქნებოდა მის გვერდით, მთავარია მარტო არ ყოფილიყო. უბრალოდ მცირე ხნით განმარტოება საკმარისია იმისთვის,რომ აღვირახსნილი,ფრთებაშლილი დრაკონები დააწყნარო. სიჩუმეში ჩაძირულს თვალწინ ლოტოსის ყვავილი გესახება,რომელიც წყალზე ნაზად ტივტევებს,გამშვიდებს, სულს გიოკებს. თითოეული ამოსუნთქვისას ლოტოსის ფოთლები ნარნარით იწყებენ რხევას,რომელიც გავლენას მთლიან სხეულზე ახდენს და გულიც ფოთლების შრიალივით რითმულად იწყებს ბაგ-ბუგს. უბრალოდ არაფერზე იფიქრო, ერთ-ერთი ყველაზე რთული შესასრულებელია,მაგრამ ლოტოსის ყვავილისგან გამოწვეული ნირვანა სწორედ რომ აღარაფერზე გაფიქრებს, სიმშვიდე მოაქვს და ფრთებაშლილ დრაკონებსაც აოკებს. ჰენრიმ წამით მართლაც წარმოიდგინა წყალზე მოტივტივე ლოტოსი,მაგრამ ეს ის ყვავილი აღარ იყო, ახალგაზრდობისას სულს რომ უმშვიდებდა, ახლა ის დამჭკნარი და გაუბედურებული იყო, კრიალა წყალი კი შეეცვალა ბინძურ ჭაობს, რომელშიც ლოტოსი უფრო და უფრო იძირებოდა.
  პალატაში საათი არ ეკიდა. დღე იწელებოდა, თითქოს განგება მომაკვდავს უფრო მეტ დროს აძლევსო, მაგრამ ამაშიც დასცინოდა ბედი, ტანჯვა უფრო და უფრო ხანგრძლივდებოდა. ყოველი ფეხის ხმაზე, ყოველი ნაბიჯის გაგონებაზე ჰენრი იძაბებოდა, საწოლიდან წამოწევას ლამობდა, გული სიხარულით ევსებოდა, ეგება და ჩემთან მოდიანო, კარქვეშ ჩრდილი გაკრთებოდა და ხმაც ნელ-ნელა მიილევოდა ხოლმე. მომაკვდავი სევდით დახუჭავდა თვალებს. იცოდა,რომ სამ საათზე ექთანი შემოაკითხავდა, მაგრამ არ იცოდა რომელი საათი იყო, დროის აღქმა დაჰკარგვოდა. მისთვის მხოლოდ ერთი დრო არსებობდა და ეს იყო ცამეტი დღე, სიცოცხლის უკანასკნელი ცამეტი დღე.
 შვილის დაღონებულ მზერას ვერ უძლებდა. მისი მოსვლა ვერ გაიგო, ეტყობა ჩასძინებია, მაგრამ ახალგამოღვიძებულმა პირველი რაც დაინახა, სავარძელში მოკალათებული ქალიშვილი იყო, ხელში ალბომი ეჭირა და სევდიანი ღიმილით ათვალიერებდა. ჰენრიმ ყდით მაშინვე იცნო, ეს მათი ძველი ალბომი იყო.
-შეიძლება მეც ვნახო? - ჰკითხა მამამ. ელიზაბეტმა მზერა მაშინვე მოხუცს მიაპყრო. ალბომი დახურა. ცრემლები შეიშრო და მამას ხელი ხელზე ნაზად შეახო.
-მაპატიე, როგორ ხარ?
-ცოტა მოვიწყინე თორემ ისე არა მიშავს, შენ როგორ ხარ?
-კარგად, მე კარგად ვარ.
 ჰენრიმ მზერა ალბომზე გადაიტანა.
-დედაშენმა გააკეთა თავისი ხელით,ძალიან უყვარდა.
-ვიცი.
-შეიძლება მეც ვნახო?
-რა თქმა უნდა. - ელიზაბეტი მამას გვერდით მიუწვა. თავი მხარზე მიადო და ჩაეხუტა. ჰენრიმ ალბომი გადაშალა, საამისო ძალა კიდევ შერჩენოდა. სახეზე მაშინვე ღიმილი გამოესახა.
-აქ ორი წლის იყავი, საოცარი ზაფხული იყო, პატარა აუზში გაჭყუმპალავებდი, რაზეც დედაშენი ძალიან მეჩხუბა, მერე ამაზე შენ ატირდი, ჩვენი ყურადღება მიიქციე და მანამ არ გაჩერდი, სანამ არ შევრიგდით. - ელიზაბეტმა ჩაიღიმა და მამას ლოყაზე აკოცა.
-ყველაზე მაგარი მამიკო იყავი.
-შენ კი საუკეთესო შვილიკო. - უთხრა და ქალიშვილს შუბლზე ნაზად ეამბორა, შემდეგ კი ფოტოების თვალიერება განაგრძეს.
  გვიან ღამით ჰენრის დაჟინებული მოთხოვნით ელიზაბეტი სახლში წავიდა. კაცს გაუსაძლისი ტკივილები ისევ დაეწყო, კიდევ კარგად გაძლო, არ სურდა შვილს ის ასეთ მდგომარეობაში ენახა. წასვლის წინ ელიზაბეტის წარმოთქმული სიტყვები გონებაში ღრმად აღებეჭდა.
-უფროსს მოველაპარაკე, სამი დღეც და გავთავისუფლდები, მერე სულ ერთად ვიქნებით,გპირდები. - დაპირდა ქალიშვილი. სულ ერთად ვიქნებით, მაშინ უკვე ჰენრისთვის სულ მხოლოდ ათ დღეს იქნებოდა.
  ელიზაბეტმა პირობა შეასრულა. მთელ დღეს მამასთან ატარებდა, სახლში მხოლოდ დასაბანად და ტანსაცმლის გამოსაცვლელად მიდიოდა. ჰენრის ეს კიდევაც უხაროდა და კიდევაც სწყინდა. არ უნდოდა შვილს მამის აუტანელი ყოფა ენახა. ტკივილებს მედგრად იტანდა. მხოლოდ სიკვდილამდე 8 დღით ადრე, ღამით ვეღარ გაუძლო. მთელი სხეული დაეჭიმა, ზეწარს ხელებში ძლიერ იჭმუჭნიდა, კბილებს ერთმანეთს მთელი ძალით აჭერდა, ტკივილისგან მთელი სახე უცახცახებდა და კბილებს ღრჭიალი გაუდიოდათ. პირს კუმავდა,რომ ყვირილის ხმა არ აღმოხდენოდა. თვალები ჩასისხლიანებოდა. ელიზაბეტი გასული იყო, პალატაში დაბრუნებული მაშინვე მამასთან მიიჭრა.
-მამა, რა გჭირს? ახლავე ექიმს დავუძახებ! - თქვა და შეშინებული გარეთ გავარდა.
  ექიმი პალატაში სასწრაფოდ შემოვიდა.
-შეტევები აქვს, ახლავე მორფინი მომეცით!- წვეთოვანში მორფი შეიყვანა. - ეს ტკივილებს საგრძნობლად გაგიყუჩებთ, მალე კარგად გახდებით. ცოტაც უნდა გაუძლოთ. - აცახცახებულმა თავი დაუქნია.
-მამა, - ელიზაბეტმა ჰენრის ხელი თავსაში მოიქცია,აკოცა და გულში ჩაიკრა.
-ელიზაბეტ- ამოილუღლუღა სახედამანჭულმა.
-გისმენ,მამა.
-გთხოვ,მარტო დამტოვე.
-არა, არ მიგატოვებ.
-გთხოვ, - ჰენრი სულ გაოფლილიყო. - თუ ამას უყურებ უფრო ცუდად გავხდები,გთხოვ,შვილო, ცოტა ხნით მარტო დამტოვე.
-არ დაგტოვებ,მამა,მაპატიე,მაგრამ ამას ვერ გავაკეთებ.
-უბრალოდ მარტო დამტოვე! - სასოწარკვეთილმა იღრიალა, მოთმენილმა ტკივილმა ერთიანად ამოხეთქა, ელიზაბეტს ელდა ეცა. მამის ყვირილი არასდროს მოესმინა, არც ბავშვობაში არ დაეყვირა ქალიშვილისთვის, ჰენრის ხელი გაუშვა. - წყეულიმც იყოს, მარტო დამტოვე,ელიზაბეტ! - მკაცრად გაუმეორა მოხუცმა.
-კარგი. - ამოილუღლუღა ქალიშვილმა და აცრემლებულმა პალატა კანკალით დატოვა. მოხუცი მალევე გაითიშა.   
  9 დღე სიკვდილამდე. დილა იყო,როდესაც მოხუცმა გამოიღვიძა, ფანჯრებიდან პალატაში მზის სხივები შემოდიოდნენ,მაგრამ მომაკვდავის სარეცელამდე ვერც ისინი აღწევდნენ. ჰენრი საკუთარ თავს უკვე ლპობად ნეშტად მიიჩნევდა, აბა გვამს რაღად უნდოდა მზის სხივები? მოხუცი ნანობდა. ქალიშვილს პირველად უყვირა, თანაც რის გამო, თვალწინ ელიზაბეტის შეშინებული და გაფითრებული სახე წარმოუდგა, აკანკალებული ხელები და აცახცახებული მხრები. ყოველ დილით იმ იმედით იღვიძებდა,რომ გვერდით ჩათვლემილ, უმშვენიერეს ქალიშვილს დაინახავდა. ჰენრიმ ცარიელ სავარძელს მზერა სევდიანად მიაპყრო, ელიზაბეტი აქ აღარ იყო და ამაში ბრალი თავად ჰენრის მიუძღვოდა, რამდენი რამ დაკარგა თავისი სულელური საქციელით,კიდევ რამდენჯერ მოუწევდა მთვლემარე ქალიშვილის ნახვა? საუკეთესო შემთხვევაში კიდევ 8-ჯერ, მხოლოდ და მხოლოდ რვაჯერ, მან კი ეს შანსიც გაუშვა, რომ კიდევ ერთხელ ენახა საკუთარი ქალიშვილის მთრთოლვარე ქუთუთოები, მისი გულმკერდის რითმული რხევა და სახეზე საყვარლად ჩამოყრილი თმები. ეს ერთადერთი ბედნიერება იყო მოხუცის ცხოვრებასა და ამჟამინდელ ყოფაში და ისიც დაკარგა. მზერა კარებს უაზროდ მიაპყრო, ნეტავ სად იყო ახლა მისი პატარა ანგელოზი, როგორც მას ბავშვობაში ეძახდა. ჰენრი იმედოვნებდა,რომ ელიზაბეტი ბოლო ჟამს მაინც არ აქცევდა მამას ზურგს და ამ სისულელეს აპატიებდა.
  რამდენიმე წუთი გასულიყო, როდესაც ექთანმა პალატის კარები შემოაღო.
-თავს როგორ გრძნობთ, ბ.-ჰენრი? - ჰკითხა ვითომ გულწრფელი ღიმილით.
-კარგად, გმადლობთ. - უპასუხა და ექთანს, რომელიც საკუთარ საძულველ სამუშაოს აკეთებდა, მზერა მიაპყრო.- ჩემი ქალიშვილი აქაა? - ჰკითხა ძლივსძლივობით.
-დიახ, დავუძახო?
-თუ შეძლებთ.
-რა თქმა უნდა, ახლავე. - უთხრა და პროცედურის დასრულებისთანავე პალატიდან გავიდა. რამდენიმე წამში ოთახში ელიზაბეტი შემოვიდა, თითქოს შიგნით შემოსვლის ერიდებაო, ნაბიჯები გაუბედავად გადმოდგა, კარებს მიეყრდნო და მამას უხმოდ მიაცქერდა.
-მე...მაპატიე,გთხოვ,შვილო, მე... - ელიზაბეტი ჰენრისთან მიიჭრა, მამას მხურვალედ მოეხვია.
-არაფერია, ყველაფერი რიგზეა, ეს შენი ბრალი არ იყო.
-არა,მე...-მოხუცს ცრემლები თვალებზე ღაპაღუპით ჩამოსდიოდა. - მე შევიცვალე, ის კაცი აღარ ვარ, ადრე რომ ვიყავი.
-არა, შენ ჩემი საყვარელი მამიკო ხარ და ყოველთვის ასეთად იქნები - ქალმა კაცს თვალებში ჩახედა და ცერით ცრემლი შეუშრო.
-მე შევიცვალე, ამ წყეულმა სენმა შემცვალა, გამაბოროტა, მონსტრად ვიქეცი.
-არა,მამა, გთხოვ ეს სულელური აზრები თავიდან ამოიგდე.
-მართალია... მე შენ გიყვირე, მე შენ შეგაშინე, მე შენ გაგანაწყენე, დაგამცირე და მაინც აქ დარჩი, ჩემთან დარჩი.
-რა თქმა უნდა, მე ყოველთვის შენთან ვიქნები.
-მთელი ღამე აქ იყავი?- ქალიშვილმა თავი დაუქნია.
-მოსაცდელში ვიჯექი.
-იმის მერე რაც გითხარი.
-შენ...- ელიზაბეტს უნდოდა ეთქვა იტანჯებოდიო,მაგრამ შეცდომა გააცნობიერა და პირი მოკუმა - უბრალოდ ცუდად იყავი.
-ეს არ მამართლებს და სწორედ ამის მეშინია, რომ საკუთარ თავს ვერ გავაკონტროლებ, ჭკუიდან გადავდივარ, არ მინდა,რომ ამას უყურო.
-ამ ყველაფრის მარტო გადატანა საჭირო არაა, მე შენთან ვარ, ჩვენ ამას ერთად გავუმკლავდებით. - მამის ხელი თავისაში მოიქცია.
-საკუთარ თავს ვკარგავ, ყველაფერი ხელიდან მეცლება, სიცოცხლეზე აღარ ვდარდობ, უბრალოდ შენი დაკარგვა არ მინდა.
-არ დამკარგავ მამა, გპირდები.
-მუდამ შენთან ვიქნები, სადაც არ უნდა ვიყო, იქიდან დაგაკვირდები და შევეცდები შენზე ვიზრუნვო.
-ვიცი, - თვალებაწყლიანებულმა თავი დაუქნია,მამას ლოყაზე ნაზად აკოცა. - ძალიან მიყვარხარ.
-მეც, მეც ძალიან მიყვარხარ. - თქვა ჰენრიმ და თვალები დახუჭა, ყელთან ქალიშვილის სუნთქვას გრძნობდა,მის სიახლოვეს, სითბოსა და სიყვარულს, ეს სანუკვარი ნეტარება იყო, საუკეთესო წამალი და ტკივილგამაყუჩებელი,რომელსაც მორფიც კი ვერ შეედრებოდა.
 8 დღე სიკვდილამდე. მოხუცის გული სიხარულითა და სევდით აძგერებულიყო. ელიზაბეტი ნიკოლასის მოყვანას დაპირდა, ბაბუას არ სურდა შვილიშვილს ის ასეთ მდგომარეობაში ენახა. იცოდა 5 წლის ბიჭუნა,რომელსაც ბაბუ ძლიერ უყვარდა ძალიან ინერვიულებდა, არ იცოდა და ეშინოდა თუ როგორ აღიბეჭდებოდა ეს ნიკოლასის გონებაში და ამიტომ ქალიშვილს შვილიშვილის მოყვანის ნებას არ აძლევდა, მაგრამ თურმე პატარა ნიკოლასიც არ ეშვებოდა თავის დედიკოს, თანაც ჰენრის მასთან გამომშვიდობება და ბოლოჯერ მისი ხილვა ძალიან უნდოდა, სწორედ ამიტომ უძგერდა გული დიდი სახარულითა და ამავედროს უდიდესი სევდით.
შუადღე გადასული იყო პალატის მყუდროება პატარა ბიჭის მხიარულმა ბგერებმა რომ დაარღვია. ქერა, ხუჭუჭთმიანი ბიჭუნა ჰენრისთან მიიჭრა და მხურვალედ ჩაეხუტა.
-გამარჯობა,ჩემპიონო,როგორ ხარ? - სევდნარევი ღიმილით ჰკითხა მოხუცმა.
-კარგად, შენ როგორ ხარ?
-მეც,კარგად.
-ძალიან მომენატრე, სახლში როდის მოხვალ? -ჰენრი დადუმდა, შვილიშვილს თმაზე ხელი ნაზად გადაუსვა.
-მალე მოვალ.
-მპირდები? - ბაბუას თვალები აუწყლიანდა.
-მოდი ჩემთან, - უთხრა და ნიკოლასი გულში ჩაიკრა, თავზე აკოცა და შეუმჩნევად თვალს მომდგარი ცრემლიც შეიშრო. ხანმოკლე პაუზის შემდეგ კი უთხრა: - სანამ არ ვიქნები, დედიკოს ხომ მიხედავ?
-კი. - ჩუმად წარმოთქვა დასევდიანებულმა.
-ხომ არ გააბრაზებ?
-არა.
-მპირდები?
-გპირდები.
  ნიკოლასი პატარა,მაგრამ ჭკვიანი ბიჭი იყო, ხვდებოდა,რაც ხდებოდა. ამ ვერაგი დაავადების შესახებაც გაეგონა, მშობლების საუბრისთვისაც დაეგდო ყური და დაენახა აცრემლებული დედაც, რომელმაც შვილის გამოჩენისთანავე შეიშრო ცრემლები და გაღიმება სცადა. იცოდა,რომ რაღაც ძალიან საშიში არსებობდა, და ეს არც საკუჭნაოს კარს უკან დამალული ბუა და არც ბოროტი გუდიანი კაცი იყო, მას სიკვდილი ერქვა. ნიკოლასი მის მოახლოებას გრძნობდა, ღამით მისი შიშით ვერ იძინებდა,მაგრამ ამის შესახებ ვერავის ეუბნებოდა, იცოდა,რომ ყველაფერს უარყოფდნენ და სიმართლეს მაინც არავინ ეტყოდა, მას კი არ სურდა ფუჭ იმედებს ჩაბღაუჭებოდა, რადგან როდესაც რაღაცის გჯერა და შემდეგ ყველაფერი საპირისპიროდ ხდება, იმედგაცრუებისგან გამოწვეული სტრესის დაძლევა და გადალახვა უფრო რთულია, ვიდრე არსებულ რეალობასთან შეგუება. ბიჭუნა მიხვდა, რომ ბაბუამ შეკითხვაზე არ უპასუხა, საბოლოოდ დარწმუნდა,რომ ჰენრი სახლში დაბრუნებას აღარ აპირებდა. თავი ბაბუს გულმკერდზე დაედო, ხელები მისი მხრებისთვის შემოეხვია. ტირილი უნდოდა,მაგრამ არ ტიროდა, უბრალოდ უდიდეს სევდასა და ტკივილს განიცდიდა.
  კიდევ ცოტა ილაპარაკეს, შესაფერისი სიტყვების მოძებნა ორივეს უჭირდა. ნიკოლასი მამამ საღამოს წაიყვანა, მაგრამ სანამ სახლში მივიდოდნენ ბიჭმა მას ეკლესიაში წაყვანა სთხოვა. წმ. პეტრეს ტაძარი საავადმყოფოსთან ახლოს მდებარეობდა. შიგნით მხოლოდ ორიოდე ადამიანი იმყოფებოდა. ნიკოლასი საკურთხეველს მიუახლოვდა. ხელები შეატყუპა, თვალები დახუჭა და ლოცვა დაიწყო, ნასწავლი მამაო ჩვენო წარმოთქვა, შემდეგ იესო ქრისტეს ფრესკას მიაპყრო მზერა.
-გთხოვ,ღმერთო, არ დაუშვა,რომ სიკვდილმა ბაბუა წაიყვანოს, ის კარგი კაცია. გთხოვ, უფალო, დაეხმარე და გამოაჯანმრთელე, ამინ. - პირჯვარი გადაიწერა და მამისაკენ,რომელიც ტაძრის შესასვლელში ვაჟს დასევდიანებული უცქერდა, დაიძრა. კაცმა შვილს გასამხნევებლად ხელი ზურგზე მოუსვა და მანქანისკენ უხმოდ გაემართნენ.
    7 დღე სიკვდილამდე.დარჩენილი სიცოცხლის ნახევარი უკვე გასულიყო.დროის გალევა შვილიშვილის ვიზიტმა საგრძნობლად დააჩქარა, თითქოს ყველაფერმა სწრაფად დაიწყო მოძრაობა. თავიდან ეგონა,რომ ეს დღეები საუკუნეებივით გაიწელებოდა, პირველ დღეებში ასეც იყო და რამდენადაც მალე სურდა წამების დასრულება, იმდენადვე უნდოდა სიცოცხლის გახანგრძლივებაც,მაგრამ ამ სამყაროში ჰენრის სურვილისამებრ არაფერი ხდებოდა. მთელი ღამე ქვითინებდა, როდესაც ვერ ხედავდა, ვერც ხვდებოდა თუ რამდენს კარგავდა, მაგრამ როცა ნიკოლასი დაინახა, გულში ჩაიკრა, მის საამო ხმას მოუსმინა, თავი კიდევ უფრო ცუდად იგრძნო. სიკვდილი არ უნდოდა,მაგრამ იცოდა,რომ აუცილებლად მოკვდებოდა, მის ოჯახსა და უცხო სამყაროს შორის ხიდად მხოლოდ შვიდი დღე გადებულიყო. უძვირაფესი შვიდი დღე, რომელთა გალევასაც სხვები სულმოუთქმენლად ელიან, ჰენრიც ასე იყო, სამსახურში სულ იმას ჩიოდა ეს კვირა როდის გავაო, ახლა კი სხვაგვარად ფიქრობდა, უნდოდა, რაც შეიძლება ნელა გასულიყო დრო, უნდოდა ეცოცხლა, მისთვის ახლა ყველაფერს მისცემოდა აზრი და მიხვდა, რომ უეცრად ყველაფერი მნიშვნელოვანი გამხდარიყო. დილით მისი საწოლი ფანჯარასთან მიაგორეს, მოხუცი გახარებული შესცქეროდა სრულიად უცხო ბავშვებს,რომლებიც სკოლებში მიიჩქაროდნენ; ქალს,რომელიც გამალებით ცდილობდა პერანგზე გადასხმული ყავის ლაქების მოშორებას და ამის გამო ცოფებსაც ყრიდა, თითქოს ყველაზე საშინელი დღე გათენებოდა, არ იცოდა ახლა რა ექნა და მთელი ცხოვრება თავდაყირა დაყენებოდა. ჰენრი მას ღიმილმორეული შესცქეროდა, მერე კი გაეცინა კიდეც. ფიქრებიდან მანქანის სიგნალის ხმამ გამოარკვია. შუქნიშანზე მწვანე ანთებულიყო,მაგრამ სატვირთო მაინც არ იძვროდა, ამის გამო უკან მომდგარი მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გამალებით იქნევდა ხელებს და სატვირთოს მძღოლს მთელ ხმაზე აგინებდა...
  მომდევნო დღეს ჰენრის სიძემ მოაკითხა. დევიდი მაღალი, სიმპათიური მამაკაცი იყო. სიმამრს მუდამ მხარში ედგა, მკურნალობის ხარჯებსაც ის იხდიდა. მისი დანახვისთანავე მოხუცს სახეზე ღიმილი მოეცვა. დევიდი საწოლს მიუახლოვდა და გვერდით მდგარ სკამზე ჩამოჯდა.
-აბა,როგორ ხარ? - ჰენრის ხელზე ხელი მსუბუქად მოუჭირა.
-არა მიშავს, ვცდილობ გავმაგრდე.
-თუ რამე დაგჭირდება, შენს გვერდში მიგულე, რაც არ უნდა იყოს, ყველაფერს...
-ვიცი, დევიდ, მადლობელი ვარ, მიხარია,რომ ჩემს ქალიშვილს შენნაირი მეუღლე ჰყავს. ქალიშვილი არ გყავს და ალბათ ცოტათი გაუგებრად მოგეჩვენება, რასაც გეტყვი. მთელი ცხოვრება ერთი რამის მეშინოდა... მამისთვის ქალიშვილი უძვირფასესია, შეუფასებელი საგანძური,რომლის დათმობაც რამდენიმე წლის შემდეგ უსასყიდლოდ გიწევს, მოვა დრო და ვიღაც შენს პატარა ანგელოზს, შენს პრინცესას წაიყვანს, ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული მომენტია კაცის ცხოვრებაში, მაგრამ მე ახლა მშვიდად ვარ, რადგან ვიცი,რომ ჩემი შვილი კარგ ხელშია და ჩემი შვილიშვილის კეთილდღეობაცა და მომავალიც გარანტირებულია. არ მომიწევს ღელვა იმაზე,რომ ჩემს გოგონას ვიღაც რამეს დაუშავებს, ცხოვრებას გაურთულებს და არსებობას შეაძულებს, ვიცი,რომ ის ბედნიერი იქნება, ვიცი,რომ ნიკოლასი ღირსეული კაცი დადგება, სწორად და წესიერი ცხოვრებით იცხოვრებს, ეს ვიცი იმიტომ,რომ ის შენ გვერდით გაიზრდება, დარწმუნებული ვარ,რომ მას ღირსეულ ვაჟკაცად აღზრდით. - დევიდმა ჰენრის თავი დამწუხრებულმა დაუქნია.
-გპირდები...გპირდები,რომ არაფერს არ დავიშურებ და ყველაფერს გავაკეთებ,რომ მათი თითოეული დღე განსაკუთრებული იყოს.
-ვიცი და ამისთვის ძალიან დიდი მადლობელი ვარ, იცი, ამ დღეებში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა,თითქოს ახლიდან დავიბადე, გავაცნობიერე,რომ თუ რამდენიმე მომენტს არ ჩავთვლით მთელი ცხოვრება არასწორად ვცხოვრობდი, არ ვაფასებდი იმას,რაც მართლა ძვირფასია, ვდარდობდი სრულიად სისულელეებსა და უაზრობებზე და ამის გამო ხშირად ჩემი საყვარელი ადამიანების წყენინებასა და გულისტკივილსაც კი ვიწვევდი.ყველაზე მთავარი ისაა,რასაც ვერ იყიდი, რის მოსაპოვებლადაც ზოგჯერ მთელი ცხოვრება გიწევს ბრძოლა და გარჯა. ეს ჭეშმარიტი ურთიერთობები, გრძნობები და განცდებია, რომლებიც ოდესმე აუცილებლად გვაჩუქებენ ოქროს წუთებს, განგვაცდევინებენ იმას,რასაც ფილმებში ხშირად შევნატრით და მათი ყურებისას ჟრუანტელიც გვეგვრება ხოლმე, ცხოვრების ერთი უბრალო ეპიზოდი ისე იქცევა საუკეთესო მოგონებებად რომ ამას ვერც აღიქვამ, ამაზე მხოლოდ მაშინ ფიქრობ,როდესაც იცი,რომ კვდები და მალე ამ ყველაფერს უნდა გამოემშვიდობო.  - დევიდი ჩაფიქრდა.
-მართალი ხარ, - სიმამრს თავი დაუქნია და სევდიანად ჩაიღიმა.
  5 დღე სიკვდილამდე. ღამდებოდა. მორიგე ექიმს ბოლო შემოვლა ჰქონდა. ჰენრის პალატაში ჩუმად შევიდა, მონიტორებს დახედა და მზერა ჩაძინებულ, მომაკვდავ მოხუცსაც მიაპყრო. კაცს ერთობ დასევდიანებულმა შეხედა, მიუხედავად იმისა,რომ მომაკვდავიც მრავალი უნახავს და სიკვდილიც მისთვის ძალიან ახლო და ნაცნობი იყო ამ ყველაფერს მაინც ვერ ეგუებოდა. ენახა პაციენტები,რომლებთან ერთადაც დილით გულიანად ხარხარებდა, საღამოს კი მათ უსულო გვამებზე ზეწრის გადაფარებაც დასჭირვებია. ჰენრიც მალე ერთ-ერთი მათგანი გახდებოდა, მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა, ეგ კი არა უკვე ისედაც უცდიდნენ მის სიკვდილს, რათა საავადმყოფოს ერთ-ერთი საუკეთესო პალატა გათავისუფლებულიყო. ექიმმა თავი დანანებით გააქნია, შებრუნდა და ის იყო პალატიდან უნდა გასულიყო, რომ უკნიდან მოხუცის ჩახლეჩილი ხმა მოესმა:
-ექიმო, რიჩარდ. - რიჩარდი ჰენრისკენ შებრუნდა.
-მაპატიეთ, თქვენი გაღვიძება არ მინდოდა.
-ძილი მერეც მეყოფა, შეგიძლიათ ცოტა ხნით რომ დარჩეთ?
-რა თქმა უნდა. - მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ თქვა ექიმმა და საწოლის გვერდით მდგარ სავარძელში ჩაჯდა.
-უბრალოდ, მარტო დარჩენა არ მინდა, მეშინია. - ღიმილით მიუგო მოხუცმა.
-თქვენი ქალიშვილი ხომ თქვენთანაა?
-დიახ, მთელი დღეები არ მცილდებოდა. სახლში გავუშვი, არ მიდიოდა,მაგრამ დავაძალე, დილით მოვა.
-ძალიან გაგიმართლათ, აქ ბევრია ისეთი ახლობელი რომ არავინ ჰყავს და მარტო უწევთ ამ მძიმე პერიოდის გადალახვა. -ჰენრიმ თავი დააქნია. წუთიერად ოთახში სიჩუმე ჩამოწვა.
-ექიმო, შეიძლება რაღაც გკითხოთ?
-დიახ, რა თქმა უნდა.
-სიკვდილი რთულია? - რიჩარდი მოხუცის ამ კითხვამ ჩააფიქრა.
-სიკვდილი ადვილია მისთვის,ვინც კვდება,რთული იმ ადამიანებისთვისაა,რომლებსაც მომაკვდავზე გული შესტკივათ.
-სიკვდილის შემდეგ რა მოხდება?
-საუკეთესო შემთხვევაში თვალებს დახუჭავთ და ყველაფერი დამთავრდება,თითქოს ღრმა ძილში იყოთ.
-სამუდამო და არასასურველ ძილში... სამოთხისა და ჯოჯოხეთის არსებობის არ გჯერათ?
-ღმერთის არ მწამს, ბავშვობაში მჯეროდა,მაგრამ ახლა აღარ.თუ გინდა ღმერთის არსებობის ბოლომდე გჯეროდეს მეცნიერებაში თავი არ უნდა გაყო.იმდენი რამ მინახავს ამ საავადმყოფოში, იმდენი უსამართლობა, იმდენი დაღუპული უდანაშაულო ბავშვი და ცხარედ ატირებული,სასოწარკვეთილი დედა რომ ამის შემდეგ ძნელია უფლის არსებობა დაიჯერო, თუ მართლაც არსებობს მაშინ ძალიან სასტიკი ყოფილა,თანაც ისედაც ჯოჯოხეთში არ ვცხოვრობთ? - ჰენრის გაეცინა.
-მე მაინც მჯერა მისი არსებობის, ამ ცხოვრებაში ბევრი კარგი რამ არსებობს, არ მეთანხმებით?
-კარგი მაშინ იყო ცხოვრება, როდესაც პატარა ვიყავი. ცხოვრებამ ჭეშმარიტი სახე მაშინ მიიღო,როდესაც ფეხი საავადმყოფოში შემოვდგი და საკუთარი თვალით ვნახე ის, რასაც მხოლოდ ღამეულ კოშმარებში თუ წარმოვიდგენდი ხოლმე.  სხვისი ტანჯვის ყურება თავისთავად უდიდესი ტანჯვა და წამებაა. მე კი ასეთ რამეს ყოველდღე ვხედავ, საუკეთესო ადამიანები ყოველდღე იღუპებიან და ხშირად ისე ხდება,რომ მათ ვიღაც ნაძირლები კლავენ ხოლმე. გუშინ ერთი ბიჭი მოკვდა, მხოლოდ და მხოლოდ 11 წლის იყო, მისი გადარჩენა ვერ შევძელი, ხელებში ჩამაკვდა. იცით, როგორ დაიღუპა? ვიღაცას, ვისაც უფროსები ჩაგრავდნენ გამოექომაგა, მათ კი ამ ბიჭს დანა გაუყარეს, ის ნაძირალაც მხოლოდ 13 წლისა იყო, ასეთი რამ ყოველდღე ხდება. ჩვენ გვიწევს მათი ჩადენილის გამოსწორება, მაგრამ ხშირად ამას ვერ ვახერხებთ ხოლმე და იძულებულები ვართ საკუთარივე თვალით ვიხილოთ როგორ ბოჭავს სიკვდილი თავის შავბნელ მარწუხებში უდანაშაულო ბავშვებს და ამაში ყველაზე დიდი საშინელება იცით რა არის? ამას ის კი არ უყურებს, ვინც ეს ჩაიდინა და თავისივე ჩადენილის სისასტიკესა და არაადამიანურობას კი ვერ აღიქვამს, არამედ ამის ყურება ჩვენ გვიწევს და ამაში ბრალსაც საკუთარ თავს ვდებთ ხოლმე, რომ პატარა ბიჭის გადარჩენა ვერ შევძელით და ის სიკვდილს უბრძოლველად ჩავაბარეთ. თითქოს ყოველთვის გვაკლდება რაღაც და ყოველთვის გვრჩება განცდა,რომ რაღაც სწორად ვერ გავაკეთეთ,თითქოს არ მოვინდომეთ, ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი არ გამოვიყენეთ მაშინ,როდესაც ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად ყველაფერს ვაკეთებდით და ახლა... ახლა უკვე ეს ყველაფერი ყოველდღიურობად ქცეულა, ერთი ჩვეულებრივი დღე, ჩვეულებრივი ამბავი, არაფერი განსაკუთრებული. დღისით ვიღაც გარდაიცვლება და საღამოს თუნდაც ექიმებიც კი ბარში მხიარულობენ და ბოლომდე ერთობიან. ეს უბრალოდ მათი სამუშაოა, ან გამოუვათ ან არა, მორჩა და გათავდა. პირველად აქ რომ მოვედი, როდესაც პირველად შევესწარი სიკვდილს ცუდად გავხდი, ვერ გავუძელი, არ მეგონა ოდესმე ამას თუ მივეჩვეოდი,მაგრამ უკვე მეც მივეჩვივე, უბრალოდ გული მწყდება ხოლმე, ეგაა და ეგ.
თუმცაღა მარტო ამაზეც არაა, ჩვენ იმ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც შვილის მოკვლა ჩვეულებად ქცეულა, რაღაც დაუფიქრებლად და დაუგეგმავად მოხდა, მერე რა,არა უშავს, წავალ და აბორტს გავიკეთებ, ერთ შვილს მოვკლავ, მომავალში უფრო მეტი მეყოლება. ამას დედები აკეთებენ და ექიმს რა უნდა მოსთხოვო, მას სულ არ ანაღვლებს დედამიწაზე ერთით მეტი ადამიანი იქნება თუ ნაკლები, მთავარია თავისი ოჯახი გამოკვებოს და შვილებს უზრუნველყოფილი ბავშვობა შეუქმნას.ამ ყველაფრის შემდეგ გინდათ თქვათ,რომ ცხოვრება კარგია და ღმერთმა ის ნათელ ფერებში დახატა? - ექიმის სიტყვებმა ჰენრი დაასევდიანა.
-რა ვქნა, მე მაინც მჯერა უფლის არსებობის. - თქვა და გულუბრყვილოდ გაეცინა, თანაც თვალიდან კურცხალი ჩამოუგორდა. რიჩარდმაც ჩაიღიმა.
-კარგი კაცი ხართ, ჰენრი, ალბათ კარგი ცხოვრებაში ისაა,რომ ზოგჯერ თქვენისთანა ადამიანების გაცნობა და შეხვედრა გვიწევს ხოლმე.
-გმადლობთ.
-რისთვის?
-გულახდილობისთვის, და კიდევ იმისთვის,რომ დრო დამითმეთ და ეს წუთები მარტოობაში არ გამატარებინეთ.  - რიჩარდმა ჰენრის გასამხნევებლად ხელი ხელზე მოუჭირა.
-თუ რამე დაგჭირდებათ, მზად ვარ დაგეხმაროთ, რაც შემეძლება ყველაფერს გავაკეთებ.
-გმადლობთ. - მოხუცს სევდნარევი მზერით გაუღიმა და პალატიდან გავიდა. ჰენრი კი თავის ფიქრებთან სრულიად მარტო დარჩა.
    4 დღე სიკვდილამდე. ჰენრი საბედისწერო დღის მოახლოვებასთან ერთად თავს უფრო ცუდად გრძნობდა, გულჩათხრობილი გამხდარიყო და სიკვდილზე ფიქრს თავიდან ვერ იგდებდა. ცდილობდა ქალიშვილისთვის არაფერი ეგრძნობინებინა, გამუდმებით უღიმოდა, თავს აჩვენებდა თითქოს ბედნიერი იყო, თუმცაღა როდესაც ელიზაბეტი პალატიდან გავიდა, განცდებსაც გასაქანი მისცა. ბალიშის ქვემოდან მეუღლის სურათი გამოაძვრინა. ცერი ნაზად გადაუსვა, თვალები დახუჭა, თუმცაღა ლოყაზე მდუღარე ცრემლი მაინც ჩამოუგორდა.
-ძალიან მომენატრე, - თვალწინ მეუღლის ხატება წარმოუდგა. - ღმერთო, რამდენი ხანია არ მინახავხარ. ამ ბოლო დროს ბევრს ვფიქრობ შენზე, ჩვენზე. ვნატრობ, ეგებ სხვა დანარჩენთან ერთად ჩემს მონატრებასაც მოეღოს ბოლო. ძალიან მინდა,რომ მართლაც არსებობდეს სამოთხე და ჯოჯოხეთი, ძალიან მინდა,რომ ერთმანეთს ისევ შევხვდეთ, წინ მარადიულობა მელის და შენთან ერთად მინდა ამ მარადიულობის გალევა, მაშინ როგორი ადვილი იქნებოდა ყველაფერი და ამისთვის ეს ტანჯვაც ნამდვილად ეღირებოდა და თუ ჩვენი ერთად ყოფნის ფასი სწორედ რომ კიბოს განაჩენია, მზად ვარ ეს ფასი ყოველგვარი წუწუნისა და ჩივილის გარეშე გადავიხადო. უბრალოდ, თავიდან ვერ ვიგდებ იმ აზრს,რომ შესაძლოა ისევ ერთად ვიყოთ, მხოლოდ ესაა კარგი სიკვდილში და ეს ცოტათი მაინც მახარებს და მანუგეშებს. ჩვენი პატარა გოგონა არაჩვეულებრივ ქალბატონად იქცა, თავისი ოჯახი და თავისი ცხოვრება აქვს. თითქოს მე ჩემი ვალისგან უკვე გათავისუფლებული ვარ და არც მინდა ზედმეტ ტვირთად დავაწვე, ახლა მხოლოდ შენ დამრჩი და შენთან ყოფნის შესაძლებლობა, რაც ერთადერთ ნათელ ფერად მესახება მომავლის განაცისფრებულ ჰორიზონტზე. იმედის ამ ერთადერთ ნაპერწკალს ვებღაუჭები, მე არა მიშავს, შენ კი... ალბათ შენთვის როგორი რთული იქნებოდა ამ გზის გავლა, როდესაც იცოდი,რომ იქ არავინ დაგელოდებოდა და ყველაფერი კარგი, რაც შენს სიცოცხლეში იყო აქ, ამ ბედკრულ სამყაროში დარჩებოდა. - ჰენრიმ გაიღიმა, ცრემლები სახეზე ღაპაღუპით სდიოდნენ-მალე გნახავ, მალე ისევ ერთად ვიქნებით და სიკვდილი ვეღარ დაგვაშორებს, რადგან როდესაც მტერს არ იცნობ, ვერც შეეწინააღმდეგები, მაგრამ როდესაც უკვე ახლოს გაცნობიხარ მას მეორეჯერ შენზე გამარჯვების უფლებას არ მისცემ. - სურათი სახესთან მიიტანა და ნაზად აკოცა, ერთხანს კიდევ შეაცქერდა და ბოლოს ისევ ბალიშის ქვეშ შეაძვრინა. სწორედ ამ დროს პალატაში ელიზაბეტიც დაბრუნდა.
-როგორ ხარ? - ჰკითხა მამას.
-კარგად,- მიუგო მოხუცმა და ქალიშვილს თბილად გაუღიმა.
  სიკვდილამდე მესამე დღეს ჰენრიმ ექიმს საათის მოტანა სთხოვა, წინააღმდეგობისა და საკმაოდ საფუძვლიანი რჩევების მიუხედავად მაინც თავისი გაიტანა და საათი მოატანინა. ამავე დღეს ქალიშვილთან არსებულ რეალობაზეც სცადა საუბრის წამოწყება:
-მე რომ მოვკვდები...  
-არ გინდა, გთხოვ, უბრალოდ არ გინდა. - ელიზაბეტმა სიტყვა გააწყვეტინა და თავი მამის მკერდს ნაზად დაადო. ჰენრიმ კი  თავზე ხელით ნაზად მიუალერსა.
 2 დღე სიკვდილამდე. მოხუცი ტუმბოზე დადებულ ელექტრო საათს თვალს ვერ აშორებდა. წამს წამი, წუთს კი წუთი ანაცვლებდა. დრო იწურებოდა. თავს არწმუნებდა, რომ სიკვდილის არ ეშინოდა, რომ მასში არა მხოლოდ ცუდი, არამედ კარგიც კი იყო, რომ თავის საყვარელ მეუღლეს შეხვდებოდა, მაგრამ ყოველი წამის შემდეგ ამაში ეჭვი კიდევ უფრო ეპარებოდა.ფიქრობდა: „- იქნებ, ექიმი მართალია და არანაირი სამოთხე და ჯოჯოხეთი არ არსებობს, რა იქნება თუ სიკვდილის შემდეგ არაფერია.“, თუმცაღა საკუთარ თავს არწმუნებდა,რომ ეს ცხოვრება სრული უაზრობა იყო და ისეთი ძალა,რომელმაც სამყარო შექმნა ადამიანს ამ მიზერული ყოფისთვის არ მოავლენდა, არ შეიძლებოდა,რომ ყველაფერი აქ დამთავრებულიყო, სიკვდილის შემდეგ რაღაც აუცილებლად უნდა მომხდარიყო და ჰენრის სწორედ ეს აიმედებდა. ცდილობდა მხოლოდ კარგზე ეფიქრა,მაგრამ ვერაფერს ახერხებდა, ავბედითი ფიქრები თავისით მოდიოდნენ და მოხუცის გონებაში ღრმად დგამდნენ ფესვებს.
   შუადღით პალატაში ექიმი რიჩარდი შემოვიდა. ელიზაბეტს ნაზად გაუღიმა და ჰენრისთან დაიხარა.
-თავს როგორ გრძნობთ?
-უკეთესადაც ვყოფილვარ. - მიუგო მოხუცმა. ექიმმა ჩანიშვნები გააკეთა.
-რამე ხომ არ გჭირდებათ?
-არა, ყველაფერი მაქვს, რაც მჭირდება.- ჰენრიმ მზერა ელიზაბეტს მიაპრყო, ქალიშვილმა მამას სევდიანად გაუღიმა. რიჩარდი ადგილიდან არ იძვროდა, მომაკვდავს მწუხარე შესცქეროდა. -ხვალ მოვკვდები არა? - ირონიით ჰკითხა მოხუცმა, იგრძნო, ელიზაბეტი როგორ დაიძაბა, თუმცაღა არ შეუმჩნევია.
-ზოგჯერ ექიმებიც ცდებიან, თქვენ მთხოვეთ ჩემი ვარაუდი მეთქვა, მეც გითხარით, მაგრამ ეს როდი ნიშნავს,რომ აუცილებლად ხვალ...
-მოვკვდები? - ექიმმა თავი მძიმედ დაუქნია.
-იმედია ვცდები, თქვენ ღმერთის გჯერათ, მაშინ იმისიც დაიჯერეთ,რომ ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას ღმერთი წყვეტს და არა ექიმი, განაჩენიც მას გამოაქვს.
ახლა კი მომიტევეთ, სხვა პაციენტებიც უნდა მოვინახულო. - თავი ნაზად დახარა და პალატიდან სასწრაფოდ გავიდა.
   ოთახში სიჩუმე ჩამოწვა. დუმილი კაცმა დაარღვია.
-გუშინ სათქმელი არ დამამთავრებინე-თქვა ჰენრიმ, ისე,რომ ქალიშვილისთვის არ შეუხედავს, ჭერს უაზროდ მიშტერებოდა.
-არ არის საჭირო.
-საჭიროა, ეს გარდაუვალია და ეს შენც კარგად იცი, მოსახდენი აუცილებლად მოხდება. არც პირველი ვიქნები, ვინც ამ ქვეყნიდან წავა და არც უკანასკნელი.
-ჯერ ეს ადრეა.
-ადრე? - მოხუცმა ცალყბად ჩაიცინა. - მე ხვალ მოვკვდები,ელიზაბეტ.
-არა, ხომ გაიგე ექიმმა რა თქვა.- ჰენრიმ ხელი ჩაიქნია.
-მე ხომ ვგრძნობ არა, ჩემს ცხოვრებას რაღა აზრი აქვს.
-აქვს, - ქალმა მამის ხელი თავისაში მოიქცია- შემომხედე, -მეორეთი სახეზე მიალერსა. - მითხარი,რომ არაფერია რის გამოც აქ დარჩენა არ გინდა.
-დავიღალე.
-განა დაღლაზე ძვირფასი არ ვარ, განა დასვენებას არ გირჩევნია შენი შვილიშვილის სიცილის მოსმენა და სიხარულისგან გაბრწყინებული თვალების ხილვა? -ჰენრი დუმდა.- არ უნდა დანებდე, თუ დანებდები, მართლა მოკვდები.
-სიკვდილი გარდაუვალია, ამასთან შეგუება- არ შეგუება მხოლოდ მის სირთულეს განაპირობებს.
-შენ არ ხარ კაცი,რომელმაც აღმზარდა, ის კაცი ფარხმალს ასე მარტივად არ დაყრიდა.
-მთელი ჩემი ცხოვრება ვბრძოლობდი, მაგრამ რისთვის? დედაშენიც ადრე წამართვა უფალმა, ახლა ეს ოხრობაც დამემართა, კიდევ რაღაზე უნდა დავიტანჯო, ამაოდ რატომ უნდა ვიწვალო?
-მაშ იმედების გადაწურვა, სასოწარკვეთას მიცემა  და ყველაფერთან შეგუებაა გამოსავალი?
-სამყარო მხოლოდ მუქ ფერებში მესახება, რაც ნათელი იყო ისიც კი ბნელდება და იცრიცება.
-ცხოვრებაში ბევრი ასეთი მომენტია, როცა გგონია,რომ ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ უნდა გავუძლოთ, უნდა გადავლახოთ, საკუთარ თავსა და უსუსურობაზე მაღლა უნდა დავდგეთ, ეს შენგან ვისწავლე. ცხოვრებაში არ არსებობს ეპიზოდი,რომლის შემდეგაც რაღაც სინათლე არ გამოჩნდება და კარგი რამ არ მოხდება, ყველაფერი არა გარემოებებზე, არამედ ადამიანზეა დამოკიდებული და თუ ცხოვრება არ გთავაზობს ნათელ ფერებს შენვე უნდა შექმნა ისინი.
-რისთვის, იმისთვის,რომ შემდეგ იმედები კიდევ უფრო გამიცრუვდეს?
-არა, იმისთვის,რომ საბოლოოდ თქვა, კარგად ვიცხოვრე და ბედნიერი მივდივარ ამ ქვეყნიდანო.
-ბედნიერი ისედაც მივდივარ.
-ბედნიერი ხარ?- ჰენრი დადუმდა, ფიქრებში გადაეშვა.
-კი, -თქვა მცირეოდენი პაუზის შემდეგ - ბედნიერი ვარ.-თქვა და დამჭკნარი ხელი ქალიშვილის ხელს ნაზად გადაუსვა.
  1 დღე სიკვდილამდე. ჰენრი თითქოს სინანულმა შეიპყრო, დილით ელიზაბეტს ნიკოლასის მოყვანა დაუშალა, არ უნდოდა შვილიშვილს ბაბუა უკანასკნელ გზაზე მიმავალი ბოლო წამს ენახა, თანაც ნანობდა,რომ ვერც თავად ვერ ნახავდა შვილიშვილს, მაგრამ გადაწყვეტილება მიეღო და მისი პრინციპების მქონე ადამიანი ამ გადაწყვეტილებას ვერ შეცვლიდა.
  სიკვდილი, მასში კარგი მართლაც არის იმიტომ,რომ თან ტკვილი ახლავს. ტკივილი კი საოცარია, საერთო ტკივილს ყველასა და ყველასფრის გაერთიანება შეუძლია, გაყინული გულების გათბობა ძალუძს და ზოგჯერ გულქვა ადამიანსაც კი აატირებს ხოლმე. ტკივილი ადამიანს პიროვნებად ჭედავს, ცხოვრების ნამდვილ სახეს წარმოუჩენს და ამ გაუთავებელ,დაუნდობელ ბრძოლაში გამოწვრთვნის კიდეც. ტკივილი მდუმარეა, ის მხოლოდ განცდებით გადმოიცემა და გამოიხატება, მისთვის სიტყვები ზედმეტია, სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა,რომ ჰენრი უკანასკნელ დღეს ითვლიდა მთელი დღის განმავლობაში მას და ელიზაბეტს თითქმის ხმა არ ამოუღიათ, უბრალოდ ერთმანეთზე მიხუტებულები ჩუმად იწვნენ, თითქოს ერთმანეთს უფრთხოდნენ და ერიდებოდნენ. ალბათ იმიტომ,რომ არც მამას სურდა ქალიშვილს მისი ამღვრეული თვალები დაენახა და გაბზარული, შეშინებული ხმისთვის მოესმინა და არც ელიზაბეტს უნდოდა მამისთვის აცრემლებული თვალების დანახვება. ძალიან ბევრი წამია, რომელსაც შემდეგ ვინანებთ ხოლმე, რა იქნებოდა მაშინ სხვაგვარად რომ მოვქცეულიყავით, რამე რომ გვეთქვა ან საერთოდ გავჩუმებულიყავით, მაშინ, იქნებ სულ სხვანაირად წამართულიყო ჩვენი ცხოვრება, წამებზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული, ერთ წამსა და მასში მომხდარ მოვლენას, ადამიანის ქცევას, მიმიკასა თუ ერთ სიტყვასაც კი შეუძლია ყველაფრის განსაზღვრა, ცხოვრების დალაგება და უკეთესობისკენ შეცვლა ან პირიქით, მისი არევ-დარევა და თავდაყირად დაყენება. თუმცა ჰენრისთვის ძირეული ცვლილებები დასრულებულიყო, მას მხოლოდ რამდენიმე დაუვიწყარი და ჯადოსნური მომენტის შექმნა შეეძლო, ამისთვის კი მხოლოდ ერთი ბგერა იყო საკმარისი. ცდილობდა, უნდოდა საუბარი დაეწყო, რამე ეთქვა, ტუჩებიც კი შეარხია, მაგრამ არ გამოუვიდა. ხმა აუკანკალდა, შეეშინდა, რომ პატარა ბავშვივით ცხარედ ატირდებოდა, ვეღარ გაუძლებდა, საკუთარ თავს ვეღარ გააკონტროლებდა და გრძნობებს გასაქანს მისცემდა. ელიზაბეტსაც სურდა მამის ხმის გაგონება, მაგრამ მასაც ეშინოდა. ერთ ადგილზე გაყინულიყო, ვერაფრის თქმას ვერ ბედავდა, თუ საკუთარ თავს ვეღარ მოერევოდა ჰენრის კიდევ უფრო დააღონებდა და გაანერვიულებდა, შვილს კი ყველაზე ნაკლებად მომაკვდავი მშობლის აღელვება და აფორიაქება სურს.
  მოსაღამოვდა... დაღამდა... მოხუცი საწოლს კიდევ უფრო მიეკრა, ცივმა ოფლმა დაასხა. საათზე გამოსახულ ციფრებს თვალს ვერ სწყვეტდა და თითოეული ციფრის შეცვლაზე გული გამალებით უწყებდა ბაგა-ბუგს. სიკვდილი ახლოვდებოდა, თითქოს ჰენრი მის ჩრდილს პალატის კარების ღრიჭოში ხედავდა, ჰაერი დამძიმებულიყო. 23:54 – 23:55- 23:56- 23:57 – 23:58 საათზე ციფრები გამუდმებით იცვლებოდნენ. მოხუცს ელიზაბეტი გულზე ძლიერად მიეკრა. ორივენი ღრმად და გახშირებულად სუნთქავდნენ, მთელი სხეულით თრთოდნენ, სიტყვები მართლაც ზედმეტი იყო, ერთმანეთის უსიტყვოდაც ესმოდათ. 23:59 - გამოისახა საათზე.
-1,2,3,4...- ჰენრიმ გულში თვლა დაიწყო.დრო გადიოდა, კიდურები გაეყინა, ოფლიანი ხელები მომუშტა და ისევ გაშალა, შემდეგ კი ზეწარს ჩააფრინდა. – 34,35,36,37... - წამზომს თვალს ვერ აშორებდა. გუშინ გაეგო,რომ გვერდით პალატაში პაციენტი გარდაცვლილიყო. ისიც იგივე დიაგნოზით იწვა,რითაც ჰენრი; მისი ექიმიც რიჩარდი იყო; მასაც დაუდგინა გარდაცვალების დღე და ისიც მართლა აღნიშნულ დღეს, ღამის პირველის ნახევრისთვის გარდაიცვალა. ახლა ჰენრის ჯერი იყო...-51,52,53,54... - იმეორებდა გულში-55,56,57,58,59,60. 24:00 - დაეწერა საათს, შემდეგ კი ციფრები ჩამოიყარა და ათვლა თავიდან დაიწყო: 00:00...00:01...
დრო გადიოდა. მოხუცი თითოეულ წამს უკანასკნელად აღიქვამდა, სიკვდილის გამოჩენას ციფრის ყოველი შეცვლისას მოელოდა. ღამე ორივემ თეთრად გაათენა. თვალის მოხუჭვა ვერ გაბედეს. მზე ამოვიდა, ახალი დღე დადგა. დილა შუა დღემ შეცვალა, შუა დღე - საღამომ, ისევ ქალიშვილთან ჩახუტებულმა ბედნიერებისგან გულუბრყვილო ბავშვივით გაიღიმა, სახეზე ცრემლი ჩამოუგორდა, გულმა კვლავ გამალებით დაუწყო ძგერა, მაგრამ ამჯერად ის  სიხარულისგან ძგერდა.
-გმადლობ,ღმერთო,გმადლობ. - გამუდმებით იმეორებდა, ჩუმად, თუმცაღა სიტყვებს ტუჩების მოძრაობასაც ურთავდა. მამის მკერდზე ელიზაბეტიც ცხარე ცრემლებით ქვითინებდა.
   ჰენრის მდგომარეობით ყველა გაკვირვებული იყო. ექიმი რიჩარდი მის პალატაში გახარებული შემოვიდა.
-არ ვიცი რა ვთქვა,- დაიწყო მისალმებისა და ყოველგვარი ფორმალობების გარეშე. - არ მეგონა,რომ მკურნალობა შედეგს გამოიღებდა, ასეთ რთულ მდგომარეობაში ეს თითქმის შეუძლებელიც კია, ჩემს მოსაზრებას ადასტურებდნენ წინა ანალიზებიც,მაგრამ ახლა... გუშინდელმა ანალიზებმა სხვა შედეგი მოგვცა.
-განვიკურნე?
-არა, ვწუხვარ,მაგრამ ეს შეუძლებელია. რემისია დაიწყო,თუმცაღა ძალიან მცირე დოზით.
-აღარ მოვკვდები? - ჰკითხა დაძაბულმა.
-არ ვიცი რა გითხრათ, როგორც ჩანს თქვენს ღმერთს მართლაც არ უნდა ჯერ თქვენი წაყვანა. - ჰენრიმ გაიცინა, ბედნიერებისგან თვალები აუციმციმდა.
-ღმერთო, აღარ მოვკვდები, კიდევ ვიცოცხლებ, კიდევ ვიცოცხლებ...- ექიმი პაციენტს ბედნიერი შესცქეროდა, სახეზე ნაზი, გულწრფელი ღიმილი გამოსახვოდა. - როდის გამწერთ? აქ ყოფნა აღარ შემიძლია.
-ჯერ ამაზე საუბარი ადრეა, ეს არ ნიშნავ იმას,რომ გამოჯანმრთელებული ხართ, თქვენი მდგომარეობა ისევ მძიმეა, უნდა დაგაკვირდეთ.
-მთელი ცხოვრება აქ არ ვიქნები, მაშინ ეს ცხოვრება კი არა სატანჯველი იქნება. მირჩევნია დარჩენილი დღეები საყვარელი ადამიანების გარემოცვაში,
 ჩემს ოჯახთან ერთად გავატარო.
-მესმის, დაგაკვირდებით, თუ უკეთესობა იქნება, ვიფიქრებ ამაზე.
-გმადლობთ. - რიჩარდი კარებისკენ დაიძრა, სანამ გავიდოდა შემოტრიალდა და ჰენრის ჰკითხა:
-შეიძლება გკითხოთ, რას აკეთებდით ამ დღეების განმავლობაში?
-ვლოცულობდი.  - ღიმილით მიუგო მოხუცმა.ექიმმა ჩაიცინა, თავი დააქნია და პალატიდან გავიდა.
   ჰენრი საავადმყოფოში კიდევ 4 დღე იწვა, მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა. ჯიუტი კაცი იყო, მიუხედავად ექიმის საწინააღმდეგო აზრისა თავისი არ დაიშალა და საავადმყოფოდან პირობის სანაცვლოდ თავი მაინც გააწერინა. მწუხარება ბედნიერებად ექცა. საავადმყოფოს დატოვებისას თვალწინ ერთი სცენა ედგა, თუ როგორ შეახტა ბედნიერი ელიზაბეტი,როდესაც რემისიის ამბავი გაიგო ისე,როგორც ამას ბავშვობაში აკეთებდა, მამიკოს კისერზე ხელები შემოაჭდო, ცხვირზე ცხვირით მიუალერსა და ლოყაზე ზუსტად სამჯერ აკოცა. შემდეგ კი ორივენი ძალიან დიდხანს იცინოდნენ, რომ გეკითხათ ალბათ ვერცერთი მათგანი ვერ გიპასუხებდათ რა ახალისებდათ, უბრალოდ იცინოდნენ. აი ბედნიერება რითია კარგი ტკივილზე, მას სიხარული მოაქვს, უაზრო, სულელური სიხარული, რომელიც ყოველგვარ საღ აზრს მოკლებულია და გააზრებული სევდისა თუ დარდისგან განსხვავებით მართლაც რომ სულელური მდგომარეობაა, მაგრამ მაინც სიხარულია, თავისი სიცელქითა და ბავშვური გულუბრყვილო სილაღით.
   ქალიშვილის სახლში მისულს ნიკოლასი კარებშივე შეეგება, ბაბუას ძლიერად მოეხვია.
-რა მაგარია, რა მაგარია, შენ დაბრუნდი! - გაიძახოდა და ჰენრის გარშემო ხტუნვა-ხტუნვით წრეებს არტყამდა.
-მე ხომ დაგპირდი, რომ ბაბუ დაგვიბრუნდებოდა. - ღიმილით უთხრა დედამ და ბედნიერმა მამას გადახედა. დევიდმა სიმამრი გულში თბილად ჩაიკრა, საღამოს რესტორნიდან ძვირადღირებული უგემრიელესი კერძები მოიტანა და ჰენრის დაბრუნება ყველამ ერთად აღნიშნა.
  ორ დღეში ცხოვრება თავის კალაპოტს დაუბრუნდა და ჩვეულ რიტმში ჩადგა, თითქოს არც არაფერი მომხდარიყო. ყველა ბედნიერი იყო, ერთმანეთთან ყოფნა და ურთიერთობა ახარებდათ, სრული ბედნიერებისთვის მეტი არც არაფერი სჭირდებოდათ და არც არაფერი იყო საჭირო. თავიდან ჰენრის მარტო არ ტოვებდნენ, სახლში ვიღაც ყოველთვის რჩებოდა, მაგრამ რადგანაც ყველაფერი წესრიგში იყო აღარც ზედამხედველობა იყო საჭირო. საავადმყოფოდან გამოწერის ერთი კვირის თავზე ნიკოლასის მეგობრის დაბადების დღე იყო, დევიდი მუშაობდა, ელიზაბეტს კი ვაჟი წვეულებაზე უნდა წაეყვანა.
-არ მინდა წამოსვლა, ბაბუასთან ერთად დავრჩები. - გაჯიუტდა ბიჭი.
-წადი ბაბუ, სირცხვილია, მე კარგად ვიქნები,რომ მოხვალ მერე ვითამაშოთ, არსად გავიქცევი. - ღიმილით მიუგო მოხუცმა.
-ცოტა ხნით წავიდეთ,გპირდები მალე წამოგიყვან, თან მამაც მალე მოვა.
-კარგი. - ყოყმანის შემდეგ დაეთანხმა ნიკოლასი. წასვლის წინ ჰენრის ჩაეხუტა და დედასთან ერთად მეგობრის დაბადების დღეზე წავიდა.
  მარტო დარჩენილმა ოთახი მოათვალიერა, სახლი ადამიანებისა და მათი ცოცხალი რიტმის გარეშე  აღარაფრად ღირდა, უბრალოდ წვიმისგან თავდასაცავი საშუალება გამხდარიყო. ერთადერთი კედლები ღირდა რამედ, თუ დასვენება მოგინდებოდა შეგეძლო ისე წამოწოლილიყავი, რომ არ გეფიქრა ვიღაც დაგინახავდა და შენი მძინარე სურათებით მთელ ინტერნეტსივრცეს აავსებდა, ეს მართლაც კარგი რამაა სახლში. ჰენრიმ ჩაიცინა და სამზარეულოში გავიდა, ონკანი მოუშვა, ჭიქაში წყალი ჩაასხა და ისევ მისაღებისკენ გაემართა, უეცრად გაახსენდა,რომ წყალი მოშვებული დარჩენოდა, მობრუნდა და ისევ ონკანისკენ დაიძრა. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და უეცრად ჭიქა ხელიდან გაუვარდა.
   საღამოს ცხრის-ნახევარი იქნებოდა, როდესაც ელიზაბეტი და ნიკოლასი სახლში დაბრუნდნენ. თავიათ ქუჩაზე გვერდით სასწრაფოს მანქანამ გიჟივით ჩაუქროლა. შორიდანვე დაინახა, მანქანა სადაც გაჩერდა. ელიზაბეტმა სიჩქარეს მოუმატა, სახლთან წამებში გაჩნდა, ღვედი შეიხსნა და მანქანიდან ისე სწრაფად გადმოვიდა, კარები არც დაუკეტავს. სახლისკენ გაიქცა, კარი ღია დახვდა, ექიმები უკვე შიგნით შესულიყვნენ. პირველი რაც დაინახა თავისი ქმრის გაფითრებული სახე იყო, დევიდი მაშინვე მეუღლისკენ გამოექანა. ელიზაბეტი ჩაიკეცა, კაცმა მისი დაჭერა მოასწრო, გულში ჩაიკრა და ხელები ძლიერად შემოჰხვია, მეუღლის მხრის ზემოდან კი შეხედა კარებში მდგარ აცრემლებულ ვაჟს,რომელიც მთელი სხეულით ცახცახებდა. ნიკოლასი მშობლებისკენ გამოიქცა და მათ ძლიერად ჩაეხუტა. სამივენი ქვითინებდნენ. ექიმები კი ამასობაში ჰენრის სხეულს თეთრ ზეწარს აფარებდნენ. 


გიორგი ჩაჩხიანი