ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე
ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

Tuesday, August 2, 2016

თევზაობა ჩიხურაზე

  ძნელია იპოვნო ოჯახი, სადაც თითო წევრი მაინც არაა უმუშევარი,განსაკუთრებით სოფლად.უმუშევრობას უფულობა, ხოლო უფულობას კი ნერვიულობა მოსდევს,რაც თავისთავად ჯერ გაღიზიანებადობაში,შემდეგ კი ჩხუბსა და აყალმაყალში გადაიზრდება. ადამიანი ზოგჯერ ისე შეეჩვევა ამ ყველაფერს,რომ მას ყოველდღიურ რუტინადაც აქცევს,შეიძლება საშინლად ჟღერს,მაგრამ ჩხუბი და დავიდარება მათი ერთადერთი გასართობი გამხდარა და როგორც ხმაურის შემდეგ დასადგურებულმა სრულმა სიჩუმემ იცის ყურებისა და თავის ატკივება, ასევე უცნაური და უდისკომფორტოა აყალმაყალის შედეგ წყნარი და მშვიდი საუბარი, ამიტომაც რუტინის შეცვლას არავინ ინდომებს და ეს უაზრო წამოკიდებები დაუსრულებლად გრძელდება. ადამიანისთვის ეს ისე ჩვეულებრივ მოვლენად ქცეულა,რომ ვერც კი ხვდება მშობლების გაუთავებელი ჩხუბი ბავშვებზე როგორ მოქმედებს, აზიანებს და სამუდამოდ ცვლის მათ ფსიქიკას. მართალია, ზოგჯერ ცოლ–ქმარი საძინებელში შერიგდება და ერთმანეთს ბოდიშსაც მოუხდიან ხოლმე,მაგრამ ბავშვი ამ შერიგებას ვერ ხედავს, მას მხოლოდ წინა დღის ჩხუბი და მომდევნი დღის აყალმაყალი ამახსოვრდება.
  გამონაკლისი არც ჭიათურაში მცხოვრები  ომარ ჯემალოვიჩის ოჯახი იყო. რამდენიმე თვე გასულიყო,რაც ომარიმ სამსახური დაკარგა. თვითონაც 6 წლის სანდროს მამა მშობლების პენსიაზე იყო დამოკიდებული, რის გამოც თავის ცოლთან ჩხუბი ხშირად მოსდიოდა.
–როგორ არ გრცხვენია, უსაქმური და არაფრისმაქნისი ხარ!– დაუყვირებდა მეუღლე, გაბრაზებული ომარი პასუხს არ გამორჩებოდა:
–ხო ვეძებ ამ სამსახურსო–იტყოდა და კარგადაც შეიკურთხებოდა,რასაც ცალკე კამათი და დავიდარება მოჰყვებოდა.
  უკვე მოხუცებული ბ–ჯემალი და მისი ცოლი ცოლ–ქმრის კამათში არ ერეოდნენ, კაცი შეშის დასაჩეხად მიდიოდა, ქალი კი მაშინვე გარეთ გავვარდებოდა. თვითონაც იტანჯებოდნენ თავიანთი ვაჟის საცოდაობით, მაგრამ რა ექნათ, ვერც რძალს გაამტყუვნებდნენ და არც მისი მომდურება სურდათ, ბოლოს და ბოლოს ის ხომ მათი უძვირფასესი შვილიშვილის დედა იყო.
  სანდრო სკოლაში დადიოდა. ხუჭუჭა, თაფლისფერთვალება ბიჭი გახლდათ. მშობლების ჩხუბს ხშრად შესწრებია, რის გამოც გულჩათხრობილი და თავის თავში ჩაკეტილი ბავშვი იყო. თავის ბედნიერ თანატოლებს უყურებდა, მათ ხომ ლაღი ბავშვობა ჰქონდათ, არაფერი ადარდებდათ და ეზოში ბურთს აქეთ–იქით დააგორებდნენ. სანდროს მათგან კიდევ ერთი რამ განასხვავებდა, ის კარგად სწავლობდა, არ სურდა მამასავით დაესრულებინა, უნდოდა ბედნიერი ყოფილიყო. ერთხელ სკოლაში ილია ჭავჭავაძის სიტყვები მოისმინა: „ბედი იმისია,ვინც ძლიერია. ძლიერი კი მხოლოდ მცოდნე კაცია“ – ასე თქვა ილიამო,უთხრა მასწავლებელმა და მას შემდეგ სანდრომ ორმაგად მოინდომა ცოდნის დაგროვება და ბეჯითად სწავლაც დაიწყო.
  ერთხელაც, სკოლიდან მოსულს სახლში ისევ აყალმაყალი დახვდა, დედ–მამა აფექტურ მდგომარეობაში დაინახა.
–გთხოვთ, არ იჩხუბოთ – ამოილუღლუღა და კურცხალიც გადმოუვარდა,მაგრამ მას ვინ უსმენდა, პატარა ბავშვი იყო და ცხოვრების არაფერი გაეგებოდა, არ იცოდა რომ ჩხუბი იყო გამოსავალი და ჩხუბით რაღაც კი არა,ყველაფერი შეიცვლებოდა. სანდრომ ცხოვრების ეს უმთავრესი ფენომენი არ იცოდა, მშობლებმა კი ის არ იცოდნენ, ზოგჯერ სწორედ რომ პატარა ბავშვები იტყვიან ისეთ რაღაცას გამოცდილი ფილოსოფოსი რომ ვერ მოიფიქრებს.
–სანდრო,შედი შენს ოთახში, უფროსების საქმეში ნუ ერევი! – უყვირა დედამ. ან ეს ყვირილი რაღა იყო, თავისთვის იდგა ბავშვი, ან ეს ოთახში გამოკეტვა რაღა უბედურებაა, თითქოს ხის ძველი კარების მიღმა ხმა არ აღწევდეს, იპოვიან რა ადამიანები გამოსავალს.
–არა–ამოილუღლუღა ბავშვმა.
–რა?!–ქალის მისკენ გამოემართა–აბა, ახლავე ოთახში გაეთრიე! – მამიდან შვილზე გადაინაცვლა. სანდრომ ტირილი დაიწყო. – სანდრო, მისმენ?!
–ბავშვს თავი დაანებე! –ცოლს უყვირა ომარიმ.
–ჰა და მერე...– ქალი არ ცხრებოდა.პატარა ბიჭი კი თავდახრილი კუთხეში იდგა, მთელი სხეული უცახცახებდა, იცოდა რომ ვაჟკაცები არ ტირიან,მაგრამ მაინც ეტირებოდა. ამ დროს ოთახში ბაბუა შემოვარდა, ყვირილის ხმა გაეგონა. სანდროსთან მიიჭრა და შვილიშვილს ხელი მოჰკიდა.
–წამოდი ბაბუ–უთხრა და კარებისკენ დაიძრა, სანდრო ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე აცრემლებული გაჰყვა.
–სად მიგყავს?–შეიცხადა რძალმა.
–სათევზაოდ–ჯემალიმ მოკლედ მიუგო და ოთახიდან შვილიშვილთან ერთად გავიდა, საჩქაროდ ანკესს დაავლო ხელი, მანქანასთან მივიდა, სანდროს კარები გამოუღო.
–მიდი, აძვერი,ბაბუ –უთხრა და შემდეგ თვითონაც ჩაჯდა. მდ. ჩიხურასკენ გაემართა.
  სანდრო ისევ ქვითინებდა. ჯემალიმ შვილიშვილს სევდიანი მზერით გულდამწვარმა გადახედა და თავზე ხელი გადაუსვა.
–კაი ბაბუ, ნუ ტირიხარ ახლა, თორემ იცოდე თევზებს დააფრთხობ. – ბიჭს გაეღიმა.
–მართლა?
–ჰო,აბა,ეგენი ყველაფერს გრძნობენ.– სანდრომ ცრემლები შეიშრო, თავი ფანჯარას მიადო და ჰორიზონტზე აღმართულ მთებს უაზროდ მიაპყრო მზერა.
  ჯემალიმ მანქანა ხეობასთან ახლოს გააჩერა და მდინარესთან ფეხით ჩავიდნენ. იქ არავინ იყო, მხოლოდ ისინი და  ჩიხურას დინების ხმა. ორი დიდი ლოდი იპოვნეს და ზედ ჩამოსხდნენ. ჯემალიმ ანკესი გადააგდო,შემდეგ კი შვილიშვილს გადახედა, იგი ძალიან დასევდიანებული ჩანდა.
–გინდა სცადო,ბაბუ?–სანდომ თავი დაუქნია და ბაბუამაც ანკესი გადასცა – თუ მოქაჩვას იგრძნობ დამიძახე.
–კარგი– ჯემალი შვილიშვილს ინტერესით აკვირდებოდა, სანდრო დუმდა.
–იცი,ბაბუ,ძველებს უთქვამთ ცუდი ამბავი წყალს უნდა მოუყვეო და ახლა ჩვენ წინ უზარმაზარი დინებაა.
–რა მოვუყვე?
–რაც გინდა,ბაბუ,მთავარია გულით თქვა.
–მინდა ჩემმა მშობლებმა აღარ იჩხუბონ.
–ეჰ... ეგ მეც მინდა,ბაბუ,მაგრამ ხან ასე ხდება,ხან ისე. ძნელია ცხოვრება,ბაბუ, რთული ცხოვრება შეუქმნია განგებას ჩვენთვის. მაგრამ მე მოხუცი ვარ, ჩემი დროს წავიდა უკვე, შენ კი ახალგაზრდა ხარ, ცხოვრება წინ გაქვს, შენ ბედნიერი იქნები,ბაბუ, ისწავლი, კაცი დადგები და მერე ბედნიერი იქნები, ფორტუნაც მოვა, აბა სად წავა.
–მართლა?
–მართლა, აბა მე როდესმე მომიტყუებიხარ,ბაბუ? მთავარია შენ გჯეროდეს მაგის და ყველაფერი კარგად იქნება– სანდრომ თავი დაუქნია.
–დღეს მასწავლებელმა მკითხა ამხანაგებთან რატომ არ ლაპარაკობო– მოულოდნელად თქვა ბიჭმა. ბაბუა შვილიშვილს მიაცქერდა,შემდეგ ჩაფიქრდა და უთხრა:
–სიტყვაძვირი უნდა იყო ბაბუ, მაგრამ რასაც იტყვი სიბრძნე უნდა იყოს, ბევრს სულელები ლაპარაკობენ და წესიერად ისიც არ იციან რას ამბობენ. ბევრი ლაპარაკის დროს რაღაც სისულელეს იტყვი და მერე მთელი ცხოვრება გაგახსენებენ, ხოლო როდესაც სიტყვაძვირი ხარ ყველა ინტერესით ელოდება შენს სიტყვას, უფრო ჭკვიანი ჩანხარ,ბაბუ, სიტყვაძვირობა სულაც არაა ცუდი.
–მეც ასე ვფიქრობ–სანდრომ თავი დაუქნია.
–შენ ის მითხარი,შეყვარებული გყავს,ბაბუ?
–ერთი გოგო მომწონს.
–ოჰო,მერე აუხსენი სიყვარული?– სანდრომ თავი გააქნია– რატომ,გეშინია, ბაბუ?
–ჰო.
–ე.ი. მართლა გიყვარს, ეჰ–ბაბუამ ჩაიღიმა– მახსოვს ჩემს სიყმაწვილეში ხან ერთ გოგოს ვეტყოდი მიყვარხარ–მეთქი, ხან მეორეს, არ მიყვარდა და თქვენ როგორც იტყვით ხოლმე, ფეხებზე მეკიდა უარს მეტყოდნენ თუ არა– სანდროს გაეცინა– აბა, თუ დამთანხმდებოდა ჰო კაი, პარკში გავასეირნებდი და ნაყინსაც ვუყიდიდი და თუ უარს მეტყოდა სხვა გოგოს მოვძებნიდი ცოტა შესახედავს, მოწესრიგებული და დავარცხნილი თმებით და იმას ვეტყოდი მიყვარხარო,მაგრამ როდესაც მართლა შემიყვარდა...მერე უკვე თქმისა მეც შემეშინდა,ბაბუ,ვფიქრობდი უარი რომ მითხრას მერე რაღა ვქნა–მეთქი, არ იყო სულერთი და მაგიტომ, მართლა მიყვარდა. ე.ი. შენც გიყვარს ბაბუ ის გოგო, ლამაზია?
–კი, ყველაზე ლამაზია–ბიჭმა გაიღიმა – მარი ჰქვია.
–კარგი სახელია,ბაბუ.
–იმ გოგოს რა მოუვიდა, აუხსენი სიყვარული?–მოხუცმა ჩაიღიმა.
–არა,ბაბუ, ვერ გავბედე, ვუცადე,ვუცადე,მაგრამ მერე ისევე უცებ გამიფრინდა,როგორც თავიდან ჩემს ცხოვრებაში მოფრინდა. ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად.
–ცუდია–ჩაილაპარაკა სანდრომ.
–ცუდი არაა,ბაბუ, მერე ბებიაშენი რომ ვერ გამეცნო, აი ეგ კი ცუდი იქნებოდა.
–ანუ ვუთხრა მიყვარხარო?
–როგორც გული გიკარნახებს,ბაბუ, მაგრამ სატრფოს ხილვა და მისი სილამაზის აღქმის უნარი თავისთავად უკვე დიდი ბედნიერებაა.
–ცოტას მოვიცდი.
–მოიცადე,ბაბუ, ისე ქენი,როგორც შენ გინდა. შენი ცხოვრებაა,ბაბუ, ისეთი იქნება,როგორსაც შენ მოისურვებ, მთავარია მოინდომო.
–ცხოვრება მომწონს, მართლა მომწონს,საინტერესოა.
–ნამდვილად ბაბუ, ყველაფერი საინტერესო ხომ ამ ცხოვრებაში ხდება, მაშასადამე თვითონ ეს ცხოვრებაა საინტერესო.
–უბრალოდ არ მომწონს დედა და მამა რომ ჩხუბობენ.
–ადამიანები ჩხუბობენ,მერე რიგდებიან,მერე ისევ ჩხუბობენ და ასე. დიდი ხანია ბორბალი ასე ტრიალებს და ჩვენ მას ვერ შევცვლით,ბაბუ, რასაც ვერ შევცვლით უნდა შევეგუოთ.
–არ მინდა შეგუება.
–არ შეეგუები, შენს ცხოვრებაში არ შეეგუები და ცოლს არ ეჩხუბები ბაბუ,მაგრამ სხვის ცხოვრებაში ძნელია რამის შეცვლა, ეს მათი ცხოვრებაა და მათ ასე მოსწონთ. იძულებული ხარ, მათ ცხოვრებას უნდა შეეგუო, შენსას კი შეგიძლია არა.
–შენ და ბებო ჩხუბობდით?–მცირეოდენი პაუზის შემდეგ ჰკითხა სანდრომ.
–კი,თუმცა ცოტას, ვუთმობდი და იმიტომ,–ჯემალი ჩაფიქრდა–თავს დავუქნევდი კარგი–მეთქი და ჩემს საქმეს ვუბრუნდებოდი. ქალს ყოველთვის სურს ბოლო სიტყვის თქმა, თუ ეს არ გამოუვა იმდენს იზამს,რომ აქეთ გახვეწნინებს, გაგებუტება და ეგაა, გამოჭერილი ჰყავხარ, მერე ცხოვრება ძნელია.
–მე ჩემს ცოლს არ გავაბრაზებ.
–არც უნდა გააბრაზო,ბაბუ, არც შენ და არც მან, არცერთმა არ უნდა გააბრაზოთ ერთმანეთი.
–აქ მომწონს– ცოტა ხნის შემდეგ თქვა სანდრომ.
–ჰო, აქ კარგია, სიმშვიდეა,სიწყნარე,განტვირთვა,წყალი,ხეები,ჩიტები და ჩვენ,ბაბუ.
–აქ ხშირად უნდა წამოვიდეთ.
–წამოვალთ,ბაბუ, ჩიხურაზე სათევზაოდ წამოვალთ–კარგა ხანი გასულიყო, რაც აქ მოვიდნენ, სანდრო ანკესს შეაცქერდა.
–და აქ თევზები არიან,ბაბუ?–ჯემალიმ გაიცინა.
–თევზები მდინარეში მიდიან და მოდიან, მთავარია ცხოვრების მთავარი თევზი დაიჭირო, ძნელი დასაჭერია.შენ უკვე დაიჭირე,ბაბუ?
–ვმუშაობ ამაზე–ორივეს გაეცინა–დავიჭერ, მალე დავიჭერ და ხელს აღარ გავუშვებ.
–არც უნდა გაუშვა,რაც ძვირფასია უნდა შეინარჩუნო, ხელში ძლიერ ჩაბღუჯო და შენთან უნდა დაიტოვო.
  სანდრომ ბაბუს თავი დაუქნია და ანკესს ხელები უფრო ძლიერად ჩაბღუჯა.

გიორგი ჩაჩხიანი

No comments:

Post a Comment