ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე
ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

Saturday, August 27, 2016

მონა ლიზას!

იდუმალებით მოსილი ხარ,
სილამაზისა ბატონ-მპყრობელი.
ამოუცნობი ღიმილი გაქვს
სამარადჟამოდ მირონცხებული.

უკვდავყოფილხარ შენ ხელოვნებით,
მშვენიერების საზომ-საწონი.
არვინ არა გყავს დასადარი,
სულ შენი იყო ლეოს სალონი.

ტუჩის კუთხეში ღვენთავს მირონი,
ოქროსფრად ბრწყინავს შენი ღიმილი
თავსატეხივით ამოუცნობი,
ბევრი ხელოვნის თავისტკივილი.

გინდ ვაჭრის ცოლი, გინდ იდეალი,
უკვდავყოფილხარ, ვით დედოფალი.
შეურქმევიათ შენთვის ჯოკონდა,
ფლორენციელი უცნობი ქალი.

                       გიორგი ჩაჩხიანი

Monday, August 8, 2016

მერე რა...

მერე რა, თუ ისევ მოხდა ავი ქვეყანად,
მერე რა, თუ აღაშენეს სოდომ–გომორი,
მერე რა, თუ მოგვევლინა ჩვენ ანტიქრისტე
და აკრძალული ხილით ივსო ჩვენი გოდორი.

მერე რა, თუ ლავის ნაცვლად ცოდვამ იფეთქა,
მერე რა, თუ ვიღაც კაცმა ტაძარს აფურთხა,
მერე რა, თუ ცაზე ჩვენი მზე დაგვიბნელდა,
მაგას არ უშავს,მთავარია ავსწიოთ კათხა.

მეინახენო, ერთად შევსვათ ჩვენ სადღეგრძელო,
ვლოცოთ სამშობლო, ღმერთი ჩვენი, ქრისტიანობა.
მერე რა, თუ  ლავასავით იფეთქა ავმა,
მთავარია, რომ მუდამ ჰქონდეს სუფრას ერთობა.



თოვა სულისა

ისევ ლამაზად ბარდნის,
ისევ ძლიერად თოვს.
ზამთრის ამ სუსხიან ღამეს
გული რაღაცას გრძნობს.

არა თუ ფანცქალს,
არა თუ კანკალს.
ეს რაღაც სხვაა,
ეს რაღაც ღრმაა.

კვლავ ძლიერად თოვს,სიცივე ატანს
და კანკალს იწყებს სული შიშველი,
მხოლოდ ერთს სძალუძს ცემა ნუგეშის,
მაგრამ შორსაა ძალზედ მშველელი.

Thursday, August 4, 2016

მოისმინეთ! ეს ჩემი ისტორიაა.

  ერთი უპასუხისმგებლო ტიპი ვიყავი, ვიყავი რა, ვარ. ამასთანავე გამოუსწორებელი მექალთანეც გახლავართ, მაგრამ ამ ბოლო დროს ერთი კითხვა გამიჩნდა, ჩემს თავს ხშირად ვეკითხები განა ადამიანობისა რაიმე გამაჩნია? მე ხომ არავინ ვარ, ისეთი არარაობა ვარ,რომ საკუთარ თავზე სირიც კი არ მეთქმის. ყოველთვის ასეთი ვიყავი, მაგრამ თავი მართლაც მაგარი ტიპი მეგონა, განებივრებული და წარმატებული ბიჭუნა გახლდით, რაც მინდოდა ყველაფერს მარტივად ვიღებდი, შეყვარებულებიც ბევრი მყავდა. შეყვარებულები რა, მაგათ ვუყვარდი თორემ მე ქალებს მხოლოდ სექსუალურ თოჯინებად აღვიქვამდი. მერე რაღაც მოხდა, რაღაც შეიცვალა და მან საკუთარი თავი შემაძულა. მას სარა ერქვა, ლამაზი skinny girl იყო. სხვათაშორისდა პირველი წითური იყო, ვისთანაც რომანი გავაბი.გასაოცარი თვალები კი ჰქონდა, რომ ვუყურებდი თითქოს შიგნით ცეცხლის ალები ცეკვავენო. იმ საცოდავს მართლა შევუყვარდი. პირველი გოგო იყო,რომელმაც გამაწვალა და თავის დაფასება დამიწყო, სექსზე მხოლოდ მესამე პაემნის შემდეგ დამთანხმდა. ერთმანეთი ბილიმ გაგვაცნო, მაშინვე დამევასა და იმ იმედით,რომ ეგრევე მომცემდა მოდურ ბარში დავპატიჟე, ამან კი ქუჩაში კბილებდაკრეჭილს სახლის კარები მომიჯახუნა, ეგ კი არა ჩემი სასოწარკვეთილი მზერა რომ არ შეემჩნია ლოყაზეც კი არ მაკოცებდა. მერე კი უკვე ხოშიანად წავიდა ყველაფერი, მეც კაი ტიპის როლი მოვირგე და ჩემი მჭერმეტყველებითა და სანდომიანი ღიმილით დავკერე. იმას მე კი არა, ის ტიპი შეუყვარდა, ვინც საწოლში ჩაიგორა და სხეულზე ნაზად მიუალერსა. მე ის არც მიცნობდა, თორემ აბა მე როგორ შემიყვარებდა, გიჟი ხომ არ იყო. მოკლედ კაი ოთხი თვე ვეალერსებოდით ერთმანეთს, თუმცა ამ დროს არც ჯესიკა, არც მეგი და არც ჯო ჩენკანის გოგოები მავიწყდებოდნენ სტრიპტიზის კლუბიდან. მოკლედ, 4 თვის შემდეგ სარა მირეკავს, ჩავახველე, ხმა გავინაზე და მობილურს დავსწვდი:
–ჩემი ოცნების ქალბატონი თავს როგორ გრძნობს?
–უნდა გელაპარაკო,შენთან საქმე მაქვს – ოჰო, მაშინვე გავიფიქრე, ჩვეულ მპასუხობდა კარგად, მისი უმაღლესობა როგორ ბრძანდება ან პრინციკო რას აკეთებსო, მაგრამ ეს რაღაც სხვა იყო, რაღაც ახალი, რაღაც სერიოზული. მისი სიტყვები შემაშფოთებლად ჟღერდა, თანაც მისი ეს ტემბრი, თითქოს შეშინებული და დაბნეული იყო.
–მიდი, გისმენ.
–არა, უნდა შევხვდეთ, პირისპირ უნდა გითხრა.
–რა მოხდა?
–დღეს შემხვდები?
–კაი ხო,სად მოვიდე?
–ჩვენს ბარში შევხვდეთ.
–ოქეი– ვუთხარი, გავუთიშე და შხაპის მისაღებად აბანოში შევედი. ახლათახალი Polo-ს მაისური ჩავიცვი, თმები გადავივარცხნე და სარას სანახავად გავეშურე.
  ჩემ წინ ზის, თითებს ნერვიულად ათამაშებს, იატაკის ერთ ფილას მისჩერებია და მე ზედაც არ მიყურებს, თავის თავს არ ჰგავს.–ჰეი, – ხელები დავუქნიე, როგორც იქნა ყურადღება მომაქცია, – პატარავ, რა გჭირს?
 მიყურებს და პირს ამოძრავებს, მაგრამ სიტყვები არ არის, გამოშტერებული მივჩერებივარ, ბოლოს კი ორი სიტყვა ისმის, ორად ორი დედამოტყნული სიტყვა:
–ფეხმძიმედ ვარ – მეუბნება აკანკალებული ხმით, რამე მომესმა? ეს რა ჯანდაბა იყო!
–ტაბლეტებს ხომ სვამდი? – თითქოს მეც შეშაშფოთა.
–კი,მაგრამ, არ ვიცი...
–ზუსტად იცი რომ ფეხმძიმედ ხარ?
–კი, სამჯერ გადავამოწმე, სამჯერვე სხვადასხვა ტესტზე. – შვლის ნუკრის აწყლიანებული თვალებით მიყურებს, არ ვიცი უნდა შემეცოდოს, გული უნდა დამეწვას, უნდა მოვეხვიო? რა ჯანდაბა უნდა გავაკეთო, როდესაც სექსუალური სათამაშო გეუბნება შენგან ორსულად ვარო, ეს არც სკოლაში უსწავლებიათ და არც იმ დედანატირებ უნივერსიტეტში.
–არა უშავს, მე დაგეხმარები, ერთად ყველაფერს გადავიტანთ.
–მართლა?– სახე გაუბრწყინდა, ახლა ის გოგოა, რომლის გაჟიმვის სურვილმაც აქ მომიყვანა.
–ჰო, ფული პრობლემა არ იქნება, ყველა ხარჯს მე დავფარავ, რაც საჭირო იქნება ყველაფერს გაგიკეთებ, მალე გამოჯანმრთელდები.
–გამოვჯანმრთელდები?
–ჰო, თან ერთი ძმაკაცი მყავს, ყველაფერს ჩუმად მოაყომარებს, არ გაბაზრდება – გამოსირებულის სიფათით მიყურებს.
–ხუმრობ, არა?
–ჰაჰ,– ხარხარი დავიწყე– ღმერთო, ცოტა კი შემაშინე, ასე აღარ მეხუმრო.
–არ ვხუმრობ, ავგუსტ, მართლა ფეხმძიმედ ვარ – ამბობს და სახეზე ცრემლი უგორდება, მისი ტირილი არასდროს მინახავს, ძალიან ლამაზია და რაღაცნაირად გული დამეწვა.
–კაი ნუ ტირი, მაგრამ მე და მამობა? ჩემი შვილი ან ნარკომანი გამოვა ან ლოთი, ან ვიღაცას დანით ყელს გამოჭრის, ან თვითონ გაასაღებენ ნარკოდილერები, ან ვაფშედა ციხეში დაიბრიდება შიდსით, მე ბავშვს ამ ცხოვრებისთვის ვერ გავწირავ.
–და იმ ცხოვრებისთვის კი, სადაც მის მეგობრებს, მის გარშემო ყველას ეყოლება მამა, ხოლო მას ისიც კი არ ეცოდინება რომელი ნაბიჭვარია მამამისი?
–მე ამას მისი მომავლისთვის ვაკეთებ, ყველასთვის ასე აჯობებს, სარა. ზოგჯერ უბრალოდ გვერდით გადგომა საუკეთესო ვარიანტია.
  თავს აქნევს, ცრემლები სახეზე ღაპაღუპით ჩამოსდის. უცებ დგება, ზურგს მაქცევს და კარებიდან გიჟივით გარბის.
   ერთი–ორჯერ დავურეკე, არ მიპასუხა, მერე ხმოვანი ფოსტა დავუტოვე.
–ჰეი,სარა, მინდა გამეგო რა გადაწყვიტე, ჩემი შემოთავაზება ისევ ძალაშია, შეგვიძლია ერთად ბედნიერად ვიცხოვროთ ისე,რომ ფეხებში ძირს დაყრილი ჟღარუნა სათამაშოები და მძღნერიანი პამპერსები არ აგვებლანდოს.
–დამირეკე, რატომ გამებუტე? ძალიან მომენატრე, შენ მომენატრე და არა ჩემი თესლი, ჩემი თავი აქაც მყავს და  არც სპერმის ნაკლებობას ვუჩივი. შენ არ მყავხარ, შენ მაკლიხარ, მხოლოდ და მხოლოდ შენ.
  არ დამირეკა, ხოდა მეც ტანიას რჩევას მივყევი, რიგითი ბოზია, ჯო ჩენკანის გოგოებიდან. მითხრა დაიკიდე შენნაირი კაცი თუ არ უნდა მაგარი უტვინო ყოფილაო და მეც დავიკიდე. 
  ცხოვრება თავის ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდა, არც წვიმები იყო, არც ქარები, მუდამ მზე ანათებდა და კიდევ ჩენკანის გოგოების თეთრი, ქათქათა კბილები. ერთი ეგ იყო სარას მერე რომანი არ გამიბამს, რომ დავუფიქრდი მაგარი თავის ტკივილია, ის არ დაორსულდეს, ამას ეს არ ეწყინოს, მოკლედ რა, დალოცვილი მეძავები 500 ევროს სანაცვლოდ მინეტსაც გაგიკეთებენ და ანალურ სექსზეც დაგთანხმდებიან თუ მოისურვე. რა თქმა უნდა მე ელიტურ ბოზებს ვჟიმავ და არა ვიღაც შიდსიან მწოველებს.
  მაისია. საღამოს საფოსტო ყუთს ვამოწმებ და შიგნით ერთი კონვერტი მხვდება. ინტერესით ვხსნი, მხოლოდ ერთი სურათი დევს, რაღაც შავ–თეთრი ფოტოა, ვაკვირდები და სურათიდან ჩანასახი მიმზერს, ჩემი და სარას ჩანასახი. „გოგოა, მიხარია რომ ბიჭი არაა, შენნაირი ნაბიჭვარი არ იქნება“ –  ვკითხულობ სურათის უკანა მხარეს, სარას ხელწერაა. ესღა მაკლდა, ისევ ამატკივა თავი იმ შეჩვენებულმა. ოჰ ეს ქალები თავისი ბავშვებით, ისევე გეხვევიან თავს, როგორც ბუზები განავალს, თუ ერთხელ გამოგიჭირეს ვეღარასდროს მოიშორებ.
  გუშინ პარკში გამოვიარე, კაცები ვნახე, კაცები და მათი პატარა გოგოები,რომლებიც თავისზე 6–ჯერ უფროს კაცებს თავის ჭკუაზე დაატარებენ. მა,ეს მიყიდე; მა, ის მიყიდე; მა, კისერზე შემისვი. მხოლოდ ამ სიტყვით – მა გაჰიპნოზებენ, გიპყრობენ და ტრანსში გაგდებენ, რომ მათი მონა გაგხადონ და შენც ყველა სურვილს უსრულებ, აბა პატარა ანგელოზებს ხომ არ აწყენინებ, ანგელოზები კი არა დემონები არიან ეგენი. ლუციფერიც თეთრ,ფარფატა ფრთებს ატარებდა თავიდან და მერე მაინც გამოაჩინა თავისი ნამდვილი სახე. დრო სჭირდება ყველაფერს. ეს მანიპულატორებიც გაიზრდებიან, რქები ამოუვათ,მაგრამ თანამედროვე ტექნიკის საშუალებით ეგრევე მოიჭრიან და მიდი მერე და არჩიე რომელია კეთილი ანგელოზი და რომელი ბოროტი დემონი.მერე ეგენიც ვიღაც საცოდავს გამოიჭერენ და ბოლომდე ხმარობენ, მისი სირის ნაცვლად საკრედიტო ბარათს ელოლიავებიან. საყვარელო–დაუძახებენ და მამებისავით ქმრებსაც მონურ ტრანსში ჩააგდებენ. მერე ბავშვები, ისევ და ისევ ბავშვები. სახლში წამოჯდებიან, ფეხზე პედიკურის კეთებითა და ტელევიზორში სერიალების ყურებით იქნებიან დაკავებულები და სახლში მოსულს ეგრევე მოგახლიან ხვალ შენს შვილს კონცერტი აქვს, სამოსი უნდა შევუკერო; ხვალ შენი შვილი ბანაკში მიდის და სპორტულები უნდა ვუყიდო, ესა და ის, მაგათ კაპრიზებს რა გამოლევს. არ მისცემ და ტვინს მოგიტყნავენ, აქაო და შვილებზე მარტო მე ვზრუნავ, ესენი რა მარტო ჩემი შვილები არიან, ერთადერთი ფულის შემოტანა გაკისრიაო და ეგეთები. იმას კი არ უყურებენ მაგათ გადამკიდე დახეული ნასკებითა და ფერწასული საცვლებით რომ დადიხარ სამსახურში. შენთვის იყიდი რამეს და მერე  ცოლს დააკლებ ახალ–ახალ მოდურ ჩანთებსა და სარაფნებს, მერე ცუდი ქმარი ხდები, რომელსაც ოჯახის უზრუნველყოფა არ შეუძლია, რომელსაც მშვენიერი ანგელოზი ტყუილად გამოგყვა ცოლად და რომ იცოდე ახლა როგორ ნანობს, ნეტავ არ გამოგყოლოდა და თავისი თავგადასავლებით სავსე ცხოვრება შენთვის არ შემოეწირა. უტიფრად პირში გეუბნება – შენ კი არა მაიკლს უნდა გავყოლოდი,რომელსაც სხვათაშორის და შენზე დიდი პენისი აქვსო.  მართლაც ბენზინგასამართ სადგურზე მომუშავე სირიკოებს უნდა გააყოლო ეგეთები მაიკლები და რაღაც ჭუჭულიკოები რომ ჰქვიათ, მაგრამ იმათ რა უჭირთ, სახლში მისულებს მოსიყვარულე მეუღლეები კი ახვედრებენ ახალ–ახალ სადილებს. თავიდანვე არიან სიღარიბეს მიჩვეულნი და სხვა რამეზე ვერც ოცნებობენ, ღმერთს მადლობას სწირავენ იმისთვის,რაც აქვთ.  ესენი კი ცოტას გაუგებენ გემოს და ეგრევე თავში უვარდებათ, ვერ ძღებიან და მეტი და მეტი უნდათ, მეტსა და მეტს გთხოვენ, მერე კი შენც გიკიდებენ და მარტო ფულის ტომარად აღგიქვამენ. ნეტა თავიანთი შვილები მაინც თუ უყვართ, ეგეც საკითხავია.  მაგრამ რა გინდა რომ ქნა, შენი ბრალია, თავიდანვე არ უნდა გაგეთამამებინა და თავზე არ უნდა დაგესვა. რომ გაიგე რომ დიდპენისიან ბენზინის ჩამსხმელ მაიკლთან იწვა მაშინვე უნდა დაგემთავრებინა ყველაფერი და მანამ უნდა გაგეთავებინა ურთიერთობა, სანამ მასში გაათავებდი, მერე უკვე გვიანია. მაგრამ პრინციპში სარა ხომ ეგეთი ნაბოზარი არაა? ეგენი პირველსავე შემხვედრს აძლევენ, სარამ კი მართლა მაგრად გამაწვალა, თავი დაიფასა და ამან უფრო გამიღვივა ინტერესი, უფრო აღმაგრძნო. ქალმა თავი უნდა დაიფასოს, თავისი ფასი უნდა იცოდეს, სწორედ ეს ხდის მას ნამდვილ ქალად. მაგრამ ყველამ რეალურად უნდა აღიქვას თავისი ფასი და ქუჩის პუტანკამ ჭეშმარიტი ქალბატონივით გაპრანჭვები არ უნდა დაგიწყოს. ეს მას მაინც ვერ დაამგვანებს და მიუახლოვებს ნამდვილ მანდილოსნებს.
  ერთი სიტყვით, ჩანასახის სურათი ბუხარში შევუშვი, ლუდი მოვწრუპე და ტანიას ნომერზე გადავრეკე, ცუდი ფიქრებისგან უნდა გავთავისუფლებულიყავი, მთელ საკაცეთზე ფიქრი ძაან თავის ამხდელია.
  ოთხი თვე გასულიყო სარასგან არაფერი მსმენოდა და სიმართლე გითხრათ არც მაინტერესებდა, მაგრამ იმ დღეს ბილისთან ერთად პარკში გავისეირნე. ერთი ორსული ქალი ვნახე, თან ქმარი ახლდა. ბედნიერები ჩანდნენ, თუმცა ქალს დახრა და ეგეთი რაღაცები უჭირდა და ქმარი ეხმარებოდა. ის კი მადლობას უხდიდა და თვალებგარწყინებული მეუღლეს შესციცინებდა. კითხვებზე რამე ხომ არ გინდა; მითხარი, ხომ იცი ყველაფერს შეგისრულებ; როგორ ხარ;ხომ არ გადაიღალე, ხომ არ დავისვენოთ? ქალი ღიმილით პასუხობდა:
–არა,ძვირფასო, ნუ ღელავ, კარგად ვარ. – ქმრის ხელს თავისაში მოაქცევდა, მხოლოდ ეს სჭირდებოდა, მხოლოდ ეს აკლდა სრული ბედნიერებისთვის. აი ისიც, ნამდვილი ქალბატონი, დასანანია,რომ უკვე დაკავებულია. აბა ისინი ამისთანა კითხვებზე ეგრევე დაიწყებენ ალუბლის კაკაო, ქოქოსის რძე, ცისფერი ყურძენი და იხვის ჩაშუშული მომართვიო,მაგრამ ეს ქალი მათნაირი არ იყო. განა იმას ვამბობ,რომ ქმარს რამე არ უნდა სთხოვო და არ უნდა შეაწუხო, არა,მაგრამ ეს სულ სხვა, მაღალი დონე იყო,რომელსაც თავისი ქმარი უყვარდა და არა მისი საკრედიტო ბარათი.  ეს იყო ქალი,რომელზედაც უბრალოდ არ შეგეძლო ცუდი გაგეფიქრა, ამას ვერც იკადრებდი, რაღაც არ გაძლევდა ამის უფლებასა და საშუალებას, არ ვიცი, ეს რაღაც რა არის, მორალი? რაც არ ვიცი იმას ვერ ვიტყვი, მაგრამ რაღაც იყო. თუმცაღა მაინც ეტყობოდა რომ ქალს ძალიან უჭირდა, დიდი მუცელი ჰქონდა, შეიძლება მეცხრე თვეშიც კი ყოფილიყო. ქმარი ძალიან ეხმარებოდა, მისი ნივთები მოჰქონდა, წყლის ბოთლს პირთან მიუტანდა და დიდი სიყვარულით სიცოცხლის სითხეს ასმევდა. სწორედ მაშინ შევიძულე საკუთარი თავი, სარასაც ასე გაუჭირდებოდა,ეს მე ჩავიდინე, მე დავასვი 9 თვიანი საწამებელი დაღი და თან მას არავინ ჰყავდა მისი ნივთები რომ წამოეღო და მისთვის წყალი დაელევინებინა, არავინ ელოდა ბავშვის დაბადება რომ გახარებოდა, რადგანაც ეცოდინებოდა რომ მას საყვარელ და მოსიყვარულე მეორე ნახევართან ერთად აღზრდიდა და უიქენდებზე ერთად ივლიდნენ ქალაქგარეთ. არა, სარა ამას ვერასდროს გააკეთებდა და ეს ჩემი ბრალი იყო. მე არა მხოლოდ აწმყო დავუნგრიე, არამედ მომავალიც წავართვი. ხომ შეიძლებოდა მე რომ არა ერთი–ორი წლის შემდეგ მუცლით ეტარებინა შვილი იმ კაცისა,რომელსაც იგი ძლიერ ეყვარებოდა და რომელთან ერთადაც უიქენდებზე ქალაქგარეთ ივლიდა,მაგრამ სარა ამას ვერ გააკეთებდა,რადგან ეს კაცი არ არსებობდა. ის მე გავაქრე, მისი არსებობა იდეურ დონეზეც კი შეუძლებელი გავხადე, მე მას მოსიყვარულე ქმარ–შვილი წავართვი, ეგოისტურად მოვიქეცი და აღარც კი მოვისურვე ადგილის შენარჩუნება და ამ კაცის ჩანაცვლება.უბრალოდ მას ხელი ვკარი, ადგილი ავახიე,ერთი–ორი წუთით მის სავარძელში ჩამოვჯექი და მერე სულ სხვა გზით გავემართე.
  სახლში მისულმა წერა დავიწყე იმაზე თუ რამხელა სირი ვარ, თუმცა სირიც კი არ მეთქმის ისეთი არარაობა ვყოფილვარ, მე ხომ სამ ადამიანს დავუნგრიე ცხოვრება, სარას, ჩემს შვილსა და მის პოტენციურ მამას.
  ამ ამბებიდან მეორე დღეს სარამ წერილი ისევ გამომიგზავნა. არ დაურეკავს, უბრალოდ მწერდა. წერილს ფოტოც ახლდა.იქიდან ბავშვისმაგვარი არსება მიმზერდა. თეთრ ქაღალდზე კი ეწერა: „არ ვიცი რატომ გწერ, უბრალოდ მერე ჩემი შვილი შენ შესახებ რომ მკითხავს არ მინდა შერცხვენილმა თავი ჩავღუნო და თავის გამართლება დავიწყო, მამაშენზე გაბრაზებული ვიყავი და შენს დაბადებაზე არ ვუთხარი–მეთქი... მოკლედ,ფეხმძიმობა კარგად მიდის, 12–ში ვგეგმავთ მშობიარობას,იმედია რამე არ შეიცვლება და გაუთვალისწინებელი რამ არ მოხდება. 12–ში წმ. პეტრეს საავადმყოფოში. მე ეს გავაკეთე, ჩემი შვილის წინაშე სინანულით აღარ ვიცხოვრებ, ეს დიდი შვებაა.“ – გული დამიმძიმდა, ეტყობოდა წერილი ღრმა სევდით იყო დაწერილი. ერთი კი გამეხარდა რომ მომწერა ორსულობა კარგად მიდისო, ძაანაც არ იწვალებდა. უნებურად კალენდარს გავხედე, ოთხშაბათი იყო, 5 სექტემბერი.
  სევდა შემომაწვა, ამიტომ არასასურველი ფიქრების გასაყრელად პარკში წავედი.სკამზე ჩამოვჯექი და მივაცქერდი მტრედებს,რომელთაც ვიღაც მოხუცი კაცი საკვებს უყრიდა. მერე ხმა გავიგე, ბავშვის სიცილის ხმა იყო. საშუალო ასაკის წყვილი მიახლოვდებოდა. ქალიც და კაციც 30–35 წლისანი იქნებოდნენ. ხელები პატარა გოგონასთვის ჩაეკიდათ, სახეზე სამივეს ბედნიერება აღბეჭვდოდა.
–მამიკო, გინდა ნაყინს გიყიდი – შესთავაზა კაცმა, გოგონამ თავი დაუქნია – შენც ხომ შეჭამ,საყვარელო?
–შოკოლადისას.
–შენ?– მამამ შვილს ჰკითხა.
–მეც შოკოლადისას შევჭამ.
–კარგი – კაცი ჩამოსასხმელი ნაყინის მანქანასთან მივიდა.
–ორი შოკოლადის ნაყინი – მიუგო მენაყინეს, რომელმაც ერთი ნაყინი მაშინვე ჩამოასხა, მაგრამ მეორის ჩამოსხმის დროს ნაყინი გათავდა.
–ბოდიში, დღეს ბვრი გაიყიდა.
–არა უშავს, ელიზაბეტმა ჭამოს, მე არ მინდა – უთხრა ქალმა.
–მე არ შევჭამ – ბავშვმა თავი გააქნია.
–რატომ? – ჰკითხა გაკვირვებულმა დედამ.
–თუ შენ არ შეჭამ, არც მე შევჭამ. ერთად შევჭამოთ, ნახევარი შენ, ნახევარი მე, კარგი? – გოგონა დედას მიაცქერდა. მშობლებმა გაიცინეს.
–კარგი, ჩემო საყვარელო – ქალმა შვილს თითი ცხვირზე ჩამოჰკრა და შუბლზე ნაზად აკოცა.
   მათ გაბადრული შევსცქეროდი, და სანამ გამშორდებოდნენ კიდევ რაღაც გავიგე, ქალმა კაცს უთხრა:
–იმ პულოვერს მაინც გიყიდი, მერე რა რომ ძვირი ღირს, ძალიან გიხდება, თანაც ხომ მოგეწონა – კაცმა რაღაც  ჩაიფრუტუნა, ვერ გავიგე,მაგრამ ქალის სიტყვებმა თავზარი დამცეს. ნუთუ მართლა არსებობენ ასეთი ოჯახები,ნუთუ მართლა ცოცხლობენ ასეთი ქალები და ასეთი ბავშვები? თანაც მათზე ღარიბები არიანო  ვერ იტყოდი, ეტყობოდა კაცს კარგი(საშუალო მაინც) სამსახური ჰქონდა. ნეტავ ჩემი გოგონაც ამ ბავშვისნაირი გაიზრდებოდა? მე უბედური ვიყავი, ნეტავ ის მაინც თუ იქნებოდა ბედნიერი. იქნებ ოდესმე ჩვენც გვევლო ასე ამ ჩემს ავი ფიქრების განსაყრელ ადგილას, რომელმაც რატომღაც უფრო ცუდ განწყობაზე დამაყენა.
  11 სექტემბერი იყო. საწოლში წამოვმჯდარიყავი და აბაზანიდან ზოის გამოსვლას ველოდი. ზოი მორიგი ბოზი იყო ჯო ჩენკანის გოგონებიდან, სულ ახლახანს დავიწყე მასთან ურთიერთობა. სასიამოვნო ქალი ჩანდა, საწოლში მაგარი იყო. კოლეგებისგან სმენოდა, რომ სანდო ვიყავი და მითხრა თუ გინდა მერე გადამიხადეო, ამიტომ ფული ავიღე და სააბაზანოდან გამოსულს ეგრევე მივაჩეჩე. ზოიმ ჩანთიდან ფულის შესანახად საფულე ამოიღო. გადახსნილ საფულეში პატარა გოგონას სურათი დავინახე.
–ვინ არის?– ვკითხე ფოტოზე.
–ჩემი შვილია.
–შვილი?–გამიკვირდა.
–ჰო,– გაიღიმა და სურათს დააცქერდა – ერთადერთი მანათობელი წერტილია ჩემს ცხოვრებაში.მისთვის ვარსებობ, ის სიცოცხლეს მიხალისებს და ყველაფერს აზრს სძენს. ძალიან კარგი გოგოა. ყველაფერს ვაკეთებ, რომ კარგად აღვზარდო და განათლებულ ქალად იქცეს.არ მინდა ჩემსავით რომ დაასრულოს, ის მეტს იმსახურებს. მისი არსებობის შესახებ მოულოდნელად გავიგე, თავიდან ძალიან შემეშინდა,მაგრამ აბორტის გაკეთება ვერ გავბედე, შემეშინდა, სხვას სიცოცხლეს ვერ წავართმევდი. შვილი არ მინდოდა, მაგრამ როდესაც დაიბადა, როდესაც ხელებში ავიყვანე, ეს გასაოცარი იყო, ჩაბნელებული სამყარო გამინათდა. ყველაფერს სხვაგვარად შევხედე, ყველაფერი ახლებურად აღვიქვი. ის გახდა ჩემი მამოძრავებელი ძალა, ჩემი გულისცემისა და სუნთქვის მიზეზი. ის გახდება გოგონა ჩემი ოცნებებიდან, მას იმად ვაქცევ, რადაც მე ვერ ვიქეცი, როგორადაც ყოფნასა  და გახდომაზე სულ ვოცნებობდი, მაგრამ ვერ შევძელი. ჩემი შვილი კი ჩემგან ბევრად უკეთესი იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან ვიცი თუ რა არის ცუდი და ყველაფერს გავაკეთებ რომ ის შეცდომები არ დაუშვას, რომლებიც მე დავუშვი. ჩემზე უკეთ არავინ იცის თუ როგორ ხდება შენი ჩათრევა ბნელ სამყაროში და მზად ვარ მთელი ჩემი სიცოცხლის განმავლობაში მის გვერდით ვიყო და ჩემი შვილის ცხოვრების გზაზე მანათობელ შუქურად ვიქცე.
  ვუსმენდი გრძნობას,რომლითაც ლაპარაკობდა. თვალწინ პატარა გოგონა მესახებოდა, გოგონა ჩემივე ოცნებებიდან, გოგონა,რომელსაც თავისი გული ჩემს სისხლს ამოუტუმბავდა და პატარა, ნაზ, სათუთ ვენებში ჩაუღვრიდა. გოგონა,რომელიც თითზე თავის ციცქნა მტევანს მომიჭერდა, თვალებს დააჭყეტდა და ჩემ მიერ ჭიტას თქმაზე სიცილს დაიწყებდა. გოგონა,რომელიც ჩემი ცხოვრების მთავარი ქალი იქნებოდა, მთავარი სიყვარული, რომელზედაც მართლა ვიღელვებდი და შეიძლებოდა მეტირა კიდეც. ეს გოგონა ჩემი შვილი იყო.
–გმადლობ–ღრმა გრძნობით ვუთხარი ზოის, მეც მინდოდა მასავით გავმხდარიყავი ჩემი ქალიშვილის მანათობელი შუქურა, მინდოდა მომესმინა როგორ დამიძახებდა მამას.
–რისთვის?
–იმისთვის,რომ  საბედისწერო შეცდომისგან მიხსენი და  ჩემი ქალიშვილის დაკარგვის საშუალება არ მომეცი.
  მის წასვლას აღარ დავუცადე. ეგრევე გარეთ გამოვვარდი, მანქანაში ჩავხტი და გაზს ბოლომდე მივაჭირე. 12 სექტემბერი ხდებოდა, მინდოდა იმ დროს იქ ვყოფილიყავი, მინდოდა ჩემი შვილი პირველს მენახა. დავაგვიანე...
  საავადმყოფოში მივარდნილს სარას მშობლები მოსაცდელში დამხვდნენ. ჩემი დანახვა აშკარად არ ესიამოვნათ და გაკვირვებულები მიცქერდნენ, სანამ რამის თქმას მოასწრებდნენ ექთანი გამოვიდა.
–გილოცავთ, გოგონა შეგეძინათ, ბავშვის მამა აქ არის? – სუნთქვა შემეკრა, მუხლები ამიკანკალდა, შემეშინდა,მაგრამ თავს ვსძლიე და ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღე.
–დიახ, აქ ვარ – განვაცხადე და სხეულში ჟრუანტელმა დამიარა.
–თუ შეიძლება, წამომყევით – სარას მშობლებს ვუყურებ. ისინი უხმოდ მიმზერენ, თუმცაღა დედამისის თვალებში მადლიერებას ვხედავ, მამამისისაში კი დაბნეულობას.
  ექთანს მივყვები, მუხლები მეკვეთება,მაგრამ მაინც მივიწევ წინ, თითქოს ოლიმპოს მთაზე ავდივარ. რაღაც ხალათი ჩამაცვეს და პატარა ოთახში შემიყვანეს.
–აქ მოიცადეთ – მეუბნება ექთანი და მეც ვიცდი. სხვა რა დამრჩენია, ღრმად ვსუნთქავ, ვცდილობ დავწყნარდე,მაგრამ გულისცემა პირიქით მიძლიერდება, პულსი მიჩქარდება,  უცებ კარები იღება და ექთანს ის მოჰყავს, ხელებში ჩემს შვილს მიწვენს, თანაც მასწავლის როგორ დავიჭირო.
–აი,ასე–ამბობს და გაბადრული შემოგვცქერის, მე და ჩემს პატარა, ულამაზეს გოგონას, რომელსაც ჩემს პარკში გავასეირნებ ხოლმე, მერე ნაყინსაც ვუყიდი, ჯირითს ვასწავლი და დავიცავ ყველა იმ სიბინძურისგან, რისგანაც საკუთარი თავი ვერ დავიცავი. არ ტირის, თვალებმოჭუტული და  განაბული ხელებს ასავსავებს, ეტყობა მოვეწონე. მეც მომეწონა, ჩვენ ერთმანეთი მოგვეწონა. მოვეწონებოდი, მე ხომ კარგი ბიჭი ვიყავი, მან ეს იცოდა, ამას გრძნობდა.
–ამდენი ხანი დაგეძებდი და როგორც იქნა გიპოვნე. შენ ხარ ჩემი ერთადერთი გოგონა, რომელსაც არასდროს ვუღალატებ და შევეცდები არც დედაშენს ვატკინო გული,თორემ მერე მაგრად დანერვოზდება, ისტერიკებს დამიწყებს და მე ფეხებსაც რომ ვერ მომჭამს შენზე გადმოინაცვლებს, შენ ხომ ჩემი ნაწილი ხარ, ჩემი მშვენიერი ნაყოფი,ჩემი ერთადერთი გოგონა, რომელსაც არასდროს ვაწყენინებ, რომელსაც არასდროს დავიკიდებ ფეხებზე და რომელსაც არასდროს ჩავაფურთხებ სულში. მთელი ცხოვრება შენ დაგეძებდი, გოგონას,რომელიც ჩემს ცხოვრებას შეცვლიდა, რომელიც უპირობოდ მეყვარებოდა, ჩემს გოგონას დავეძებდი და აი გიპოვნე კიდეც, ბოდიში რომ ამდენი დრო დამჭირდა, სამაგიეროდ აღარ მიგატოვებ, აღარასდროს დაგტოვებ მარტო, შენ ხომ გოგო ხარ ჩემი ოცნებებიდან.  – თავს ვხრი და შუბლზე ვკოცნი. მერე კი ისევ იმ სულელურ ხალათში გამოწყობილი ხელში ჩვილატატებული სარას პალატაში შევდივართ. გადაღლილი თვალს ახელს და ჩვენ შემოგვცქერის. გუგები უფართოვდება, ხელს პირზე იფარებს და ტირილს იწყებს, ტირილს,რომელიც სიცილში გადაიზრდება, ხოლო ცრემლები,რომლებიც გასაოცარ სილამაზეს ჰმატებენ მის სახეზე ბედნიერებისგან გაბრწყინებას იწყებენ და მალევე ბრწყინდებიან კიდეც. 

Wednesday, August 3, 2016

წვიმს

წვიმს ისე თითქოს არ უწვიმია,
თითქოს არასდროს აგრილებულა.
წვიმს ისე,როგორც არასდროს წვიმდა
და ზაფხულის მზე აბუებულა.

აყვავებულა ეზოში ია,
ვარდიცა ხარობს, ენძელაც, კალაც.
წვეთები ფოთლებს სიცოცხლეს ჰმატებს,
ისევ მაგრად წვიმს, ისე წვიმს კვლავაც.

დაიწკმუტუნა ცუგამა ხის ქვეშ,
სულ აბურძგვნია თავისი ბეწვი.
ყველა დაუფრთხობს ივლისის წვიმას,
ზაფხულის მზეც კი გამხდარა უტყვი.

წვიმს ისე თითქოს არ უწვიმია,
თითქოს არასდროს მოსულა წვიმა.
მაინც იწვიმა ამ ზაფხულის დღეს
და აისრულა ნანატრი გულმა.

გიორგი ჩაჩხიანი

Tuesday, August 2, 2016

თევზაობა ჩიხურაზე

  ძნელია იპოვნო ოჯახი, სადაც თითო წევრი მაინც არაა უმუშევარი,განსაკუთრებით სოფლად.უმუშევრობას უფულობა, ხოლო უფულობას კი ნერვიულობა მოსდევს,რაც თავისთავად ჯერ გაღიზიანებადობაში,შემდეგ კი ჩხუბსა და აყალმაყალში გადაიზრდება. ადამიანი ზოგჯერ ისე შეეჩვევა ამ ყველაფერს,რომ მას ყოველდღიურ რუტინადაც აქცევს,შეიძლება საშინლად ჟღერს,მაგრამ ჩხუბი და დავიდარება მათი ერთადერთი გასართობი გამხდარა და როგორც ხმაურის შემდეგ დასადგურებულმა სრულმა სიჩუმემ იცის ყურებისა და თავის ატკივება, ასევე უცნაური და უდისკომფორტოა აყალმაყალის შედეგ წყნარი და მშვიდი საუბარი, ამიტომაც რუტინის შეცვლას არავინ ინდომებს და ეს უაზრო წამოკიდებები დაუსრულებლად გრძელდება. ადამიანისთვის ეს ისე ჩვეულებრივ მოვლენად ქცეულა,რომ ვერც კი ხვდება მშობლების გაუთავებელი ჩხუბი ბავშვებზე როგორ მოქმედებს, აზიანებს და სამუდამოდ ცვლის მათ ფსიქიკას. მართალია, ზოგჯერ ცოლ–ქმარი საძინებელში შერიგდება და ერთმანეთს ბოდიშსაც მოუხდიან ხოლმე,მაგრამ ბავშვი ამ შერიგებას ვერ ხედავს, მას მხოლოდ წინა დღის ჩხუბი და მომდევნი დღის აყალმაყალი ამახსოვრდება.
  გამონაკლისი არც ჭიათურაში მცხოვრები  ომარ ჯემალოვიჩის ოჯახი იყო. რამდენიმე თვე გასულიყო,რაც ომარიმ სამსახური დაკარგა. თვითონაც 6 წლის სანდროს მამა მშობლების პენსიაზე იყო დამოკიდებული, რის გამოც თავის ცოლთან ჩხუბი ხშირად მოსდიოდა.
–როგორ არ გრცხვენია, უსაქმური და არაფრისმაქნისი ხარ!– დაუყვირებდა მეუღლე, გაბრაზებული ომარი პასუხს არ გამორჩებოდა:
–ხო ვეძებ ამ სამსახურსო–იტყოდა და კარგადაც შეიკურთხებოდა,რასაც ცალკე კამათი და დავიდარება მოჰყვებოდა.
  უკვე მოხუცებული ბ–ჯემალი და მისი ცოლი ცოლ–ქმრის კამათში არ ერეოდნენ, კაცი შეშის დასაჩეხად მიდიოდა, ქალი კი მაშინვე გარეთ გავვარდებოდა. თვითონაც იტანჯებოდნენ თავიანთი ვაჟის საცოდაობით, მაგრამ რა ექნათ, ვერც რძალს გაამტყუვნებდნენ და არც მისი მომდურება სურდათ, ბოლოს და ბოლოს ის ხომ მათი უძვირფასესი შვილიშვილის დედა იყო.
  სანდრო სკოლაში დადიოდა. ხუჭუჭა, თაფლისფერთვალება ბიჭი გახლდათ. მშობლების ჩხუბს ხშრად შესწრებია, რის გამოც გულჩათხრობილი და თავის თავში ჩაკეტილი ბავშვი იყო. თავის ბედნიერ თანატოლებს უყურებდა, მათ ხომ ლაღი ბავშვობა ჰქონდათ, არაფერი ადარდებდათ და ეზოში ბურთს აქეთ–იქით დააგორებდნენ. სანდროს მათგან კიდევ ერთი რამ განასხვავებდა, ის კარგად სწავლობდა, არ სურდა მამასავით დაესრულებინა, უნდოდა ბედნიერი ყოფილიყო. ერთხელ სკოლაში ილია ჭავჭავაძის სიტყვები მოისმინა: „ბედი იმისია,ვინც ძლიერია. ძლიერი კი მხოლოდ მცოდნე კაცია“ – ასე თქვა ილიამო,უთხრა მასწავლებელმა და მას შემდეგ სანდრომ ორმაგად მოინდომა ცოდნის დაგროვება და ბეჯითად სწავლაც დაიწყო.
  ერთხელაც, სკოლიდან მოსულს სახლში ისევ აყალმაყალი დახვდა, დედ–მამა აფექტურ მდგომარეობაში დაინახა.
–გთხოვთ, არ იჩხუბოთ – ამოილუღლუღა და კურცხალიც გადმოუვარდა,მაგრამ მას ვინ უსმენდა, პატარა ბავშვი იყო და ცხოვრების არაფერი გაეგებოდა, არ იცოდა რომ ჩხუბი იყო გამოსავალი და ჩხუბით რაღაც კი არა,ყველაფერი შეიცვლებოდა. სანდრომ ცხოვრების ეს უმთავრესი ფენომენი არ იცოდა, მშობლებმა კი ის არ იცოდნენ, ზოგჯერ სწორედ რომ პატარა ბავშვები იტყვიან ისეთ რაღაცას გამოცდილი ფილოსოფოსი რომ ვერ მოიფიქრებს.
–სანდრო,შედი შენს ოთახში, უფროსების საქმეში ნუ ერევი! – უყვირა დედამ. ან ეს ყვირილი რაღა იყო, თავისთვის იდგა ბავშვი, ან ეს ოთახში გამოკეტვა რაღა უბედურებაა, თითქოს ხის ძველი კარების მიღმა ხმა არ აღწევდეს, იპოვიან რა ადამიანები გამოსავალს.
–არა–ამოილუღლუღა ბავშვმა.
–რა?!–ქალის მისკენ გამოემართა–აბა, ახლავე ოთახში გაეთრიე! – მამიდან შვილზე გადაინაცვლა. სანდრომ ტირილი დაიწყო. – სანდრო, მისმენ?!
–ბავშვს თავი დაანებე! –ცოლს უყვირა ომარიმ.
–ჰა და მერე...– ქალი არ ცხრებოდა.პატარა ბიჭი კი თავდახრილი კუთხეში იდგა, მთელი სხეული უცახცახებდა, იცოდა რომ ვაჟკაცები არ ტირიან,მაგრამ მაინც ეტირებოდა. ამ დროს ოთახში ბაბუა შემოვარდა, ყვირილის ხმა გაეგონა. სანდროსთან მიიჭრა და შვილიშვილს ხელი მოჰკიდა.
–წამოდი ბაბუ–უთხრა და კარებისკენ დაიძრა, სანდრო ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე აცრემლებული გაჰყვა.
–სად მიგყავს?–შეიცხადა რძალმა.
–სათევზაოდ–ჯემალიმ მოკლედ მიუგო და ოთახიდან შვილიშვილთან ერთად გავიდა, საჩქაროდ ანკესს დაავლო ხელი, მანქანასთან მივიდა, სანდროს კარები გამოუღო.
–მიდი, აძვერი,ბაბუ –უთხრა და შემდეგ თვითონაც ჩაჯდა. მდ. ჩიხურასკენ გაემართა.
  სანდრო ისევ ქვითინებდა. ჯემალიმ შვილიშვილს სევდიანი მზერით გულდამწვარმა გადახედა და თავზე ხელი გადაუსვა.
–კაი ბაბუ, ნუ ტირიხარ ახლა, თორემ იცოდე თევზებს დააფრთხობ. – ბიჭს გაეღიმა.
–მართლა?
–ჰო,აბა,ეგენი ყველაფერს გრძნობენ.– სანდრომ ცრემლები შეიშრო, თავი ფანჯარას მიადო და ჰორიზონტზე აღმართულ მთებს უაზროდ მიაპყრო მზერა.
  ჯემალიმ მანქანა ხეობასთან ახლოს გააჩერა და მდინარესთან ფეხით ჩავიდნენ. იქ არავინ იყო, მხოლოდ ისინი და  ჩიხურას დინების ხმა. ორი დიდი ლოდი იპოვნეს და ზედ ჩამოსხდნენ. ჯემალიმ ანკესი გადააგდო,შემდეგ კი შვილიშვილს გადახედა, იგი ძალიან დასევდიანებული ჩანდა.
–გინდა სცადო,ბაბუ?–სანდომ თავი დაუქნია და ბაბუამაც ანკესი გადასცა – თუ მოქაჩვას იგრძნობ დამიძახე.
–კარგი– ჯემალი შვილიშვილს ინტერესით აკვირდებოდა, სანდრო დუმდა.
–იცი,ბაბუ,ძველებს უთქვამთ ცუდი ამბავი წყალს უნდა მოუყვეო და ახლა ჩვენ წინ უზარმაზარი დინებაა.
–რა მოვუყვე?
–რაც გინდა,ბაბუ,მთავარია გულით თქვა.
–მინდა ჩემმა მშობლებმა აღარ იჩხუბონ.
–ეჰ... ეგ მეც მინდა,ბაბუ,მაგრამ ხან ასე ხდება,ხან ისე. ძნელია ცხოვრება,ბაბუ, რთული ცხოვრება შეუქმნია განგებას ჩვენთვის. მაგრამ მე მოხუცი ვარ, ჩემი დროს წავიდა უკვე, შენ კი ახალგაზრდა ხარ, ცხოვრება წინ გაქვს, შენ ბედნიერი იქნები,ბაბუ, ისწავლი, კაცი დადგები და მერე ბედნიერი იქნები, ფორტუნაც მოვა, აბა სად წავა.
–მართლა?
–მართლა, აბა მე როდესმე მომიტყუებიხარ,ბაბუ? მთავარია შენ გჯეროდეს მაგის და ყველაფერი კარგად იქნება– სანდრომ თავი დაუქნია.
–დღეს მასწავლებელმა მკითხა ამხანაგებთან რატომ არ ლაპარაკობო– მოულოდნელად თქვა ბიჭმა. ბაბუა შვილიშვილს მიაცქერდა,შემდეგ ჩაფიქრდა და უთხრა:
–სიტყვაძვირი უნდა იყო ბაბუ, მაგრამ რასაც იტყვი სიბრძნე უნდა იყოს, ბევრს სულელები ლაპარაკობენ და წესიერად ისიც არ იციან რას ამბობენ. ბევრი ლაპარაკის დროს რაღაც სისულელეს იტყვი და მერე მთელი ცხოვრება გაგახსენებენ, ხოლო როდესაც სიტყვაძვირი ხარ ყველა ინტერესით ელოდება შენს სიტყვას, უფრო ჭკვიანი ჩანხარ,ბაბუ, სიტყვაძვირობა სულაც არაა ცუდი.
–მეც ასე ვფიქრობ–სანდრომ თავი დაუქნია.
–შენ ის მითხარი,შეყვარებული გყავს,ბაბუ?
–ერთი გოგო მომწონს.
–ოჰო,მერე აუხსენი სიყვარული?– სანდრომ თავი გააქნია– რატომ,გეშინია, ბაბუ?
–ჰო.
–ე.ი. მართლა გიყვარს, ეჰ–ბაბუამ ჩაიღიმა– მახსოვს ჩემს სიყმაწვილეში ხან ერთ გოგოს ვეტყოდი მიყვარხარ–მეთქი, ხან მეორეს, არ მიყვარდა და თქვენ როგორც იტყვით ხოლმე, ფეხებზე მეკიდა უარს მეტყოდნენ თუ არა– სანდროს გაეცინა– აბა, თუ დამთანხმდებოდა ჰო კაი, პარკში გავასეირნებდი და ნაყინსაც ვუყიდიდი და თუ უარს მეტყოდა სხვა გოგოს მოვძებნიდი ცოტა შესახედავს, მოწესრიგებული და დავარცხნილი თმებით და იმას ვეტყოდი მიყვარხარო,მაგრამ როდესაც მართლა შემიყვარდა...მერე უკვე თქმისა მეც შემეშინდა,ბაბუ,ვფიქრობდი უარი რომ მითხრას მერე რაღა ვქნა–მეთქი, არ იყო სულერთი და მაგიტომ, მართლა მიყვარდა. ე.ი. შენც გიყვარს ბაბუ ის გოგო, ლამაზია?
–კი, ყველაზე ლამაზია–ბიჭმა გაიღიმა – მარი ჰქვია.
–კარგი სახელია,ბაბუ.
–იმ გოგოს რა მოუვიდა, აუხსენი სიყვარული?–მოხუცმა ჩაიღიმა.
–არა,ბაბუ, ვერ გავბედე, ვუცადე,ვუცადე,მაგრამ მერე ისევე უცებ გამიფრინდა,როგორც თავიდან ჩემს ცხოვრებაში მოფრინდა. ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად.
–ცუდია–ჩაილაპარაკა სანდრომ.
–ცუდი არაა,ბაბუ, მერე ბებიაშენი რომ ვერ გამეცნო, აი ეგ კი ცუდი იქნებოდა.
–ანუ ვუთხრა მიყვარხარო?
–როგორც გული გიკარნახებს,ბაბუ, მაგრამ სატრფოს ხილვა და მისი სილამაზის აღქმის უნარი თავისთავად უკვე დიდი ბედნიერებაა.
–ცოტას მოვიცდი.
–მოიცადე,ბაბუ, ისე ქენი,როგორც შენ გინდა. შენი ცხოვრებაა,ბაბუ, ისეთი იქნება,როგორსაც შენ მოისურვებ, მთავარია მოინდომო.
–ცხოვრება მომწონს, მართლა მომწონს,საინტერესოა.
–ნამდვილად ბაბუ, ყველაფერი საინტერესო ხომ ამ ცხოვრებაში ხდება, მაშასადამე თვითონ ეს ცხოვრებაა საინტერესო.
–უბრალოდ არ მომწონს დედა და მამა რომ ჩხუბობენ.
–ადამიანები ჩხუბობენ,მერე რიგდებიან,მერე ისევ ჩხუბობენ და ასე. დიდი ხანია ბორბალი ასე ტრიალებს და ჩვენ მას ვერ შევცვლით,ბაბუ, რასაც ვერ შევცვლით უნდა შევეგუოთ.
–არ მინდა შეგუება.
–არ შეეგუები, შენს ცხოვრებაში არ შეეგუები და ცოლს არ ეჩხუბები ბაბუ,მაგრამ სხვის ცხოვრებაში ძნელია რამის შეცვლა, ეს მათი ცხოვრებაა და მათ ასე მოსწონთ. იძულებული ხარ, მათ ცხოვრებას უნდა შეეგუო, შენსას კი შეგიძლია არა.
–შენ და ბებო ჩხუბობდით?–მცირეოდენი პაუზის შემდეგ ჰკითხა სანდრომ.
–კი,თუმცა ცოტას, ვუთმობდი და იმიტომ,–ჯემალი ჩაფიქრდა–თავს დავუქნევდი კარგი–მეთქი და ჩემს საქმეს ვუბრუნდებოდი. ქალს ყოველთვის სურს ბოლო სიტყვის თქმა, თუ ეს არ გამოუვა იმდენს იზამს,რომ აქეთ გახვეწნინებს, გაგებუტება და ეგაა, გამოჭერილი ჰყავხარ, მერე ცხოვრება ძნელია.
–მე ჩემს ცოლს არ გავაბრაზებ.
–არც უნდა გააბრაზო,ბაბუ, არც შენ და არც მან, არცერთმა არ უნდა გააბრაზოთ ერთმანეთი.
–აქ მომწონს– ცოტა ხნის შემდეგ თქვა სანდრომ.
–ჰო, აქ კარგია, სიმშვიდეა,სიწყნარე,განტვირთვა,წყალი,ხეები,ჩიტები და ჩვენ,ბაბუ.
–აქ ხშირად უნდა წამოვიდეთ.
–წამოვალთ,ბაბუ, ჩიხურაზე სათევზაოდ წამოვალთ–კარგა ხანი გასულიყო, რაც აქ მოვიდნენ, სანდრო ანკესს შეაცქერდა.
–და აქ თევზები არიან,ბაბუ?–ჯემალიმ გაიცინა.
–თევზები მდინარეში მიდიან და მოდიან, მთავარია ცხოვრების მთავარი თევზი დაიჭირო, ძნელი დასაჭერია.შენ უკვე დაიჭირე,ბაბუ?
–ვმუშაობ ამაზე–ორივეს გაეცინა–დავიჭერ, მალე დავიჭერ და ხელს აღარ გავუშვებ.
–არც უნდა გაუშვა,რაც ძვირფასია უნდა შეინარჩუნო, ხელში ძლიერ ჩაბღუჯო და შენთან უნდა დაიტოვო.
  სანდრომ ბაბუს თავი დაუქნია და ანკესს ხელები უფრო ძლიერად ჩაბღუჯა.

გიორგი ჩაჩხიანი

მას,ვინც ასე სძულს გულსა ჩემსა

მას,ვინც ასე სძულს გულსა ჩემსა,ვინც ჰყო ის მონად,
მას,ვისი სიტყვაც ძვირად ფასობს,ვინც არს ათენა,
მას,ვინც მოიხმობს პოეზიას, ვინც სჯობს მინერვას,
მას,ვისზე ფიქრმაც ჩემი გული არ დაასვენა.

შენი ღიმილის შეშურდება თვით მონა ლიზას,
სასოწარკვეთით ფარხმალს დაყრის თვით ლეონარდო.
ვაი,რომ ძალმიძს ლექსის წერა მე უბადრუკის,
ვაი,რომ ნახატს ვერ გიხატავ,შენ ჩემო ვარდო.

ტოლსა ვერ გპოვებ ვერცა რომში,ვერც საბერძნეთში.
ვუალის მიღმა მორცხვად გიმზერს შენ აფროდიტე,
თვით ვენერაც კი ვერა ბედავს შენს გაჯიბრებას,
მუზები კიდევ აქეთ მძრახვენ, რად გვიღალატე?

შენ კი სპეტაკო,მაინც ვერ ცნობ შენს სილამაზეს,
არც ნაფრას სძალუძს ჩადენილის გამოსწორება.
შენი ღიმილით ტყვეობაში ჩამაგდე, კარგო
და ახლა მესმის სულშეძრული ტატოს ვაება.


გიორგი ჩაჩხიანი

ერთსტროფეული

I
პეპლები როგორ დაქრიან გულში,
ქარები რომ დაქროლავენ სულში
დაიჭიმება სიმები გულის
და დღის შუქს შეცვლის ნათება მთვარის.
II
ყველა კაი ყმა როდი არის მუდამ კაი ყმა,
ღიმილის მიღმა სუფევს ავი, ბუდობს სატანა.
ზურგს უკან ხელში უკავია ბასრი სკალპელი.
ოჰ, რა ძნელია ამ ყველაფრის ერთად ატანა.
III
პეპელა დაქრის, დანავარდობს ცის კამარაზე,
სამი დღე იფრენს,მერე ნაზად მიეძინება.
ფრთებსა მოკეცავს, დაისვენებს ავი ყოფისგან,
უსულო სხეულს სიო ნაზად ელამუნება.
IV
გააპობს ტალღებს ათასგვარ ზღვების,
იუნგას ესმის ხმა თოლიების,
დაიგუგუნებს საყვირი გემის,
და უკან  ტოვებს ზოლსა ნაპირის.
V
არ ვპოეტობ,არ ვარ კარგი პოეტი,
ლექსებს რომ ვწერ ჩემი ბედის ბრალია,
სასჯელი მაქვს მე ასეთი რთულია,
თუ არ ვწერე მერე უფრო ძნელია.
VI
მამაო შემინდე მე ცოდვა ჩემი,
მამაო შემინდე,დავუკარ საკრავს,
მამაო შემინდე, შევცოდე ბევრი,
მამაო შემინდე, მე მოვედ საყდარს.
VII
–ჰე ბავშვებო, შემოდითო– დაგვიძახა ბებომ.
მაგიდაზე დაგვახვედრა ჩვენ სიმინდი ცხელი,
მივუსხედით და შევძახეთ ჩვენ ბებიას ერთხმად,
როგორა გაქვს შენ ასეთი ხელი გემრიელი?
VIII
მანიაკი რომ ვიყო შევწყვიტავდი ხოცვას,
მე ბანდიტი რომ ვიყო შევწყვეტდი ქურდობას,
მაგრამ ვაი უბედურს, პოეტი ვარ ჭირად,
მე ვერაფერს შევწყვიტავ, უნდა ვწერო მუდამ.

მოხუცის ფიქრნი

ნეტავ, ოდესმე თუ ვიპოვნით  დაკარგულ ველებს,
ნეტავ, ოდესმე გავუყვებით დამტვერილ ბილიკს?
ოცნებად ქცეულ სიჭაბუკეს თუ მოვიგონებთ,
ნეტავ, თუ ისევ მარჯვედ ავუქნევთ ხელსა ჩვენ ბზიკს?

ახალგაზრდობის დრო გავიდა, წავიდა უმალ,
ჩქარი ვაგონიც ვეღარა და ვერ დაეწევა.
უსაქმოდ ჯდომას ჯობს რომ იწყოს კაცმა კეთილ ქმნა,
სანამ სიბერეც ყრმობასავით სულ გაილევა.

მხოლოდ ფიქრებში დავიბრუნებთ ახალგაზრდობას,
ბუხრის წინ მჯდომართ გვინათდება სახე ღიმილით,
მოგონებებში სიკვდილიც კი სუსტი ბიჭია
და აივსება ძველი გული ახლის იმედით.

გიორგი ჩაჩხიანი