ნოემბრის ცივი საღამო იყო. ქარი ქროდა. ქუჩები დაცარიელებულიყო და
ქარიც აქეთ-იქით დააქროლებდა მტვერსა და ნაგავს. ხეები შრიალებდნენ,ძლიერად
ირხევოდნენ, თითქოს საცაა ქარი ფესვებიანად ამოგლეჯსო. კორპუსებს შორის ქარის
ზუზუნი ისმოდა. ქუჩა ცარიელი იყო, გარეთ არავინ იმყოფებოდა გარდა ერთი პატარა
გოგონასი, რომელსაც ქარი თმას უწეწავდა და სახეში ეხეთქებოდა. გოგონა მარტოსული
იყო, ობოლი, უსახლკარო, მას ყველა უფრთხოდა და ზიზღით უყურებდა. მის გამოწვდილ
ხელს არავინ არაფრად არ აგდებდა და აი ამ
საშინელ, ავბედით დღეს გოგონა მარტო იყო ცივ, ავისმომასწავლებელ, მიტოვებულ
ქუჩაში. ხელში გამხმარი პურის ნაჭერი
ჰქონდა ჩაბღუჯული და ნელ-ნელა ციცქნიდა. უეცრად მასთან ერთი მისი თანატოლი ბიჭი
მივიდა, გოგონა შეკრთა.
-შენც უსახლკარო ხარ ხომ? - ცნობისმოყვარეობით ჰკითხა ბიჭმა.
-კი -ამოილუღლუღა გოგონამ, რომელიც სიცივისგან კანკალებდა.
-წამოდი, წამომყევი, - ბიჭმა ხელი გაუწოდა.
-სად?
-ჩემთან, არ თბილა, მაგრამ ამასთან შედარებით სითბოა, თან წვიმისგანაც
დაცული იქნები, წამოდი, ნუ გეშინია.
გოგონამ ბიჭს ხელი მოჰკიდა.ეს ისეთი უცნაური გრძნობა იყო, თბილი,
გასაოცარი. წამით მის თვალში იმედის ნაპერწკალი გაკრთა. ის ბიჭს გაჰყვა.
ბიჭმა გოგონა ერთ მიტოვებულ,ნაავარიებ, ჩამონგრეულ შენობაში მიიყვანა.
- აი, ეს ჩემი სახლია, - გოგონამ მიმოიხედა, შენობის ნახევარი
მიწასთან იყო გასწორებული. ქარი იქაც უბერავდა,თუმცა ზოგან ჭერი მთელი იყო. იქ
ერთი გადასაფარებელი და ბალიში იდო, ძირს პურის ნაფშვენები ეყარა.
- ესე იგი აქ ცხოვრობ?
- ჰო, საჭმლის საძებნელად გამოვედი და შენ გიპოვნე, ქუჩაში ყოფნას აქ
ჯობია.აქ დარჩი, წავალ იქნებ რაიმე ვიპოვნო.
- კარგი.
ბიჭმა გოგონას გაუღიმა და შენობიდან გავიდა. რამდენიმე წუთის შემდეგ
ის დაბრუნდა. ხელში ცხელი პური ეჭირა, მან ის გოგოს მისცა.
-ეს ხომ თბილი და ახალია. - წამოიძახა გახარებულმა.
-ჰო , გუშინ კეთილმა კაცმა 2 დოლარი მომცა და იმით ვიყიდე, თან დღეს
ხომ ასეთი სტუმარი მყავს, - ბიჭმა გაიცინა. -მე ემანუელი ვარ, შენ რა გქვია?
-არ ვიცი.
-როგორ თუ არ იცი?
- სახელით ჩემთვის არავის მოუმართავს, არ ვიცი საიდან მოვდივარ, ვინ
ვარ. - გოგოს ლოყაზე ცრემლი ჩამოუგორდა.
- არა, გთხოვ ნუ იტრებ, შენ ამიერიდან - კამილი იქნები.ერთ ჩემს
მეგობარს ერქვა ასე, მოგწონს?
-კი, - გოგონა ბიჭს ჩაეხუტა, ჯერ კიდევ ტიროდა.
-ნუ ტირი, უკვე გვიანია, დაწექი, დაიძინე. აი გადასაფარებელი, ცოტას
გაგათბობს.- ბიჭმა გადასაფარებელი მიაწოდა.
-მერე შენ?
-მე არამიშავს, - ემანუელმა კამილს გაუღიმა.
გოგონას მალე ჩაეძინა. მთელი ღამე ქარი ქროდა, ზუზუნებდა. ემანუელს არ
ეძინა, იგი კამილს შესცქეროდა. გათენდა...ქარი ჩადგა, უკვე მზე ამოდიოდა, როცა
კამილს გაეღვიძა.
-გამარჯობა, - მიუგო ემანუელმა.
-გაგიმარჯოს, - გოგონამ გაიღიმა.
-როგორ გეძინა?
-კარგად.შენ?
-მე არ მეძინა.
-მთელი ღამით?
-კი.
-კი მაგრამ, როგორ? ასე...
-მიჩვეული ვარ. - ემანუელმა გააწყვეტინა.
-გასაგებია, -კამილს შერცხვა. ხანგრძლივი დუმილის შემდეგ ემანუელმა
თქვა:
-წავალ, იქნებ ვინმე ღვთისნიერმა ერთი-ორი გროში მომცეს, რომ
ლუკმა-პური მაინც ვიშოვოთ.
-მეც წამოგყვები.
-კარგი.
ორივენი პარკში წავიდნენ.
ემანუელი ხალხთან მიდიოდა და დახმარებას სთხოვდა. კამილი კი სკამზე ჩამოჯდა და
ხელი გაიშვირა.მალე გოგონას ხელში მონეტა აღმოჩნდა, მერე კიდევ ერთი და ასე
გაგრძელდა, სანამ დოლარი და 10 ცენტი არ
შეაგროვა.
შუადღით იგი ემანუელს შეხვდა.
-რამდენი იშოვნე?-ჰკითხა ბიჭმა.
-დოლარი და 10 ცენტი.
-მე 70 ცენტი. დღეს 2 დოლარზე მეტი რომ შევაგროვოთ კარგი იქნება.
- ჰო, კარგი იქნება. - გოგონა დაეთანხმა.
- ჰეი, ბიჭუნი, - უკნიდან ვიღაცამ დაიძახა.ემანუელი მიტრიალდა.-ჰო შენ
ბიჭუნი, აქ მოდი, - უცნობს ბოხი, საზარელი ხმა ჰქონდა.
ემანუელი მივიდა.
-რა გქვია? -ჰკითხა უცნობმა.
-ემანუელი.
-რამდენი წლის ხარ?
-10 წლის.
- დედაშენი სადაა?
-დედა არ მყავს.
-მამა?
-არც მამა.
-სად ცხოვრობ?
-ქუჩაში! - ემანუელი ამდენი კითხვებით გაღიზიანდა.
-კარგი, - უცნობმა ბიჭს 10 დოლარიანი გაუწოდა.ემანუელმა თვალი
მიაშტერა.-აიღე, გამომართვი.
-ეს ხომ 10 დოლარიანია?
-ჰო ეგაა, აიღე.
ბიჭმა ფული სასწრაფოდ გამოართვა.
-ის გოგო შენი დაა?
-არა, მეგობარია.
-კარგი, იმედია კიდევ შევხვდებით ერთმანეთს,აბა კარგად.
-კარგად,მადლობა. - უცნობმა ბიჭს გაუღიმა და წავიდა.
ემანუელი კიდევ კარგა ხანს უყურებდა ამ კეთილ ადამიანს. კამილი
ბიჭს მიუახლოვდა.
-რა უნდოდა?
-არ ვიცი.
-რამე მოგცა?
-კი ,10 დოლარი.
-ღმერთო, - გოგოს სახეზე დიდი სიხარული და ბედნიერება აღებეჭდა.
-ჰო, ახლა ჩვენ მდიდრები ვართ, კამილ.
-ჰო, ასეა , ჩვენ ახლა მდიდრები ვართ.
-სახლში წავიდეთ, ეს ფული 1-2 კვირა გვეყოფა.
-კარგი.
ბიჭმა გოგონას ხელი მოჰკიდა და სახლისკენ გზას გაუდგნენ . კაცი,
რომელიც მათი სიხარულის მიზეზი გამხდარიყო ბავშვებს ჩუმად აედევნა.
დღეები, კვირები გადიოდა.ბავშვები ძალიან დაახლოვდნენ და
დამეგობრდნენ. ემანუალი კამილს დასავით ექცეოდა და მისგანაც იგივე მოპყრობას
იღებდა. ისინი მათხოვრობდნენ, ხან პარკებში, ხან ქუჩებში, თუმცა მაინც ბედნიერები
იყვნენ, რადგან მათ ერთმანეთი ჰყავდათ.ამასობაში დადგა ცივი ზამთარიც. დეკემბრის
ცივ ღამეებს ემანუელი და კამილი ხშირად თეთრად ათენებდნენ. აუტანელი სიცივის გამო
მათ დაძინება არ შეეძლოთ. აკანკალებულები ერთმანეთს ეხუტებოდნენ, მათ კოცონიც ვერ
შველოდათ, რომელსაც ემანუელი წვალებით ანთებდა. რა გასაკვირია, ისინი უსახლკაროები
იყვნენ. არ ჰქონდათ თბილი სახლი, თბილი ტანისამოსი. მათ ძონძები ეცვათ, თხელი,
დახეული ძონძები. ფულს ტანსაცმლისთვის ვერ იმეტებდნენ, რადგან ტანისამოსზე მეტად
საჭმელი სჭირდებოდათ.დღეები ერთფეროვნად, მათხოვრობაში და ცივი ღამეების
გადატანაში გადიოდა. არადა ზამთარი ჯერ მხოლოდ ფეხს იკიდებდა, წინ სასტიკი იანვარი
და თებერვალი იყო. ამასობაში დადგა შობის დღესასწაულიც. ქუჩებში ხალხი ირეოდა,
ყველას საჩუქრების საყიდლად ეჩქარებოდა, რომელსაც შობის ღამეს თბილ სახლებში
თავიანთ შვილებსა და ახლობლებს მიართმევდნენ.ემანუელი და კამილი კი ქუჩებში
მოწყალებას ითხოვდნენ, თუმცა მათთვის ვის ეცალა. ხშირად იყო ისეთი შემთხვევები,
როცა შეძლებული ადამიანები მათ ხელს კრავდნენ და გამოლანძღავდნენ „-ბიჭო, გაიწიე,
ფეხებში ნუ მებლანდები, მათხოვარი!“ , „-მომშორდი ბინძურო ჭიაყელავ!“ და სხვა მრავალი.
დადგა შობის ღამეც. ქუჩები
სრულებით დაცარიელებულიყო, ყველა სახლში საზეიმო განწობა სუფევდა.ყველა გემრიელ
სუფრასთან აღნიშნავდა ამ დღესასწაულს ორი პატარა უსახლკარო, კეთილი ბავშვის გარდა,
მაგრამ ეს დღესასწაული ყველაზე წრფელად მათ გულებში ღვივოდა. კამილი და ემანუელი
მუხლებზე იდგნენ, ხელები ერთმანეთისთვის ჩაეკიდათ,თვალები დაეხუჭათ და ჩუმად წარმოსთქვამდნენ:
„მადლობა ღმერთო არსებობისთვის. გთხოვ, გადაგვატანინე ცივი ზამთარი, მოგვეცი პური
და წყალი. დაგვეხმარე ჩვენ და არ მოგვაკლო წყალობა შენი, ამინ!“ როცა ლოცვა
დაასრულეს ემანუელმა კამილს უთხრა:
-იცი, შენთვის საჩუქარი მაქვს.
-მართლა?- გოგონას თვალები აუციმციმდა.
-აი ნახე. - ემანუელმა კამილს ყელსაბამი მიაწოდა. ქალთევზის უბრალო,
მაგრამ ლამაზი ყელსაბამი იყო.
- რა ლამაზია, ეს სად იშოვნე, შენ რა მოიპარე?!
- არა, ქუჩაში ეგდო და ავიღე. - ემანუელი გაწითლდა.
- ნუ მორცხვობ, - გოგონას გაეცინა. - ძალიან დიდი მადლობა, მიყვარხარ
და ბედნიერი ვარ, რომ მიპოვნე, ემანუელ.
-მეც, - გოგონამ ბიჭს ლოყაზე აკოცა
და ემანუელს ძალიან, ძალიან მაგრად ჩაეხუტა.
გავიდა ცივი დეკემბერი,
მაგრამ დადგა უფრო სუსხიანი იანვარი.ოთხი იანვრის საღამო იყო.კამილი და ემანუელი
როგორც ყოველთვის ერთად, თავიანთ თავშესაფარში იმყოფებოდნენ.
- შენ შესახებ ჩემთვის არასდროს მოგიყოლია. - უეცრად გოგონამ ბიჭს
მიმართა.
- მოსაყოლი არაფერია.
- ემანუელ...
- კარგი ჰო, ჩემს მშობლებს არ ვუნდოდი, ბავშვთა სახლში ჩამაბარეს. იქ
კარგად მექცეოდნენ, როცა 7 წლის გავხდი, ვიღაც ადამიანებზე გამაშვილეს. მსუქანი
ცოლ-ქმარი იყო, ძალიან ცუდად მექცეოდნენ. მესამე დღესვე ცემა დამიწყეს იმიტომ, რომ
კაცს ტელევიზორის პულტი არ მივუტანე. შემდეგ გავიქეცი და ჩემს ბავშვთა სახლში
მივედი,ვუთხარი, იქ არ მინდა, მცემენ-მეთქი, მაგრამ ისევ იქ დამაბრუნეს და
დამპირდნენ აღარ გცემენო. მეორე დღეს ისევ მცემეს იმიტომ, რომ ბალახი არასწორად
გავუკრიჭე. არადა,ამას არც მასწავლიდნენ. ჰოდა გამოვიქეცი, ოღონდ ბავშვთა სახლში
არ დავბრუნებულვარ. ვიცოდი მაინც იმათთან დამაბრუნებდნენ, იმის მერე ვმათხოვრობ და
ასე ვცხოვრობ. იმათთან ყოფნას მაინც მირჩევნია.
-მათ არასდროს მოუძებნიხარ?
-არ ვიცი, არა მგონია.
-ძალიან ვწუხვარ.
-ნუ წუხხარ, იქიდან რომ არ გამოვქცეულიყავი შენ ვერ გიპოვიდი. -ემანუელმა
გოგონას გაუღიმა.
- ჰო!
-შენზე რას მეტყვი, მართლა არაფერი არ იცი?
- არა, არაფერი არ მახსოვს. როგორ გავიზარდე, ვინ გამზარდა. ერთი კაცი
მახსოვს, მაღალი, ჭაღარა. თვალი რომ გავახილე მასთან ერთად მანქანაში ვიჯექი,
შემდეგ ქუჩაში გადმომაგდო და წავიდა.-გოგონას თვალზე ცრემლი ჩამოუვარდა.
-ნუ ტირი. - ემანუალი კამილს მოეხვია.
-მოდი, დავიძინოთ, კარგი?
- ჰო, მეც დაღლილი ვარ. ისე დღეს კარგი დღე იყო. 2 დოლარი და 20 ცენტი
შევაგროვეთ. - გოგონას ხმა არ ამოუღია. ემანუელისგან გათავისუფლდა და დაწვა,
მალევე ჩაეძინა. უჩვეულოდ თბილი ღამე იყო. დღეს ემანუელსაც ღრმად ეძინა, თუმცა
მათი ეს მშვიდი ძილი დიდხანს არ გაგრძელებულა. კამილი ყვირილმა გამოაღვიძა.
ემანუელის ხმა იყო. გოგონა სასწრაფოდ წამოხტა, მის წინაშე შემზარავი სურათი
აისახა. ორ მაღალ კაცს ემანუელი დაეჭირა და გარეთ მიათრევდნენ.ბიჭი კი თავის
დაღწევას ცდილობდა და მთელ ხმაზე ყვიროდა - გამიშვით,გამიშვითო! მაგრამ მისი ეს
გარჯა ამაო იყო. მათ კამილი შენიშნეს.
- ბოს! რას იტყვით, გოგონაც წამოვიყვანოთ? - იკითხა ერთ-ერთმა.
სიბნელიდან მაღალი კაცი გამოვიდა. კამილიმ ის მაშინვე იცნო. ეს ის
კაცი იყო, ერთხელ ბავშვები ასე რომ გააბედნიერა და ემანუელს 10 დოლარი აჩუქა.
- შე ნაძირალა! - კამილი მას მივარდა და მუშტების რტყმა დაუწყო.
- ეს რა ალქაჯი ყოფილა, - კაცმა კამილს ხელი ძლიერად გაარტყა, გოგონა
ძირს უგონოდ დაეცა. ემანუელი კი
წაიყვანეს, იგი კამილს გამოგლიჯეს და
სადღაც,მისგან შორს წაიყვანეს...
როცა კამილი გონს მოვიდა ის
შენობაში სრულიად მარტო იმყოფებოდა. სახე კი სისხლით ჰქონდა მოთხვრილი. გოგონა
ძალიან დაბნეული იყო, შოკში იყო. მომხდარის გააზრებას ცდილობდა. მას არ შეეძლო
ემანუელის დაკარგვა. ის ერათადერთი იყო, ვინც გოგონას გააჩნდა. ემანუელი მისი ძმა
იყო,მისი მეგობარი, მისი მეგზური. კამილს უბრალოდ არ შეეძლო მისი დაკარგვა.
გოგონას ცრემლები წასკდა. ხმამაღლა ტიროდა და ყვიროდა „ - არააააა, ემანუელ!
არაააა, გთხოვ ღმერთო, გთხოვ.“ კამილიმ მთელი ღამე ტირილში გაატარა . მას ლოყა
ჩალურჯებოდა, ტუჩები დასიებოდა, ახლა კი უკვე ტირილით თვალებიც ჩასისხლიანებოდა და
დასიებოდა. კამილი ემანუელს ვერაფრით ვერ დაკარგავდა. რაიმე უნდა ეღონა, ბიჭი უნდა
დაებრუნებინა. მეორე დღეს, ხუთ იანვარს, კამილიმ ძალა მოიკრიბა, მას რაღაც აზრი
მოუვიდა, ბიჭის დაბრუნების ერთადერთი და
უკანასკნელი იმედი. გოგონამ პოლიციაში წასვლა გადაწყვიტა. ალბათობა იმისა, რომ
ვინმე მაწანწალა გოგოს დაეხმარებოდა მისივე მეგობრის მოძებნაში ძალიან მცირე იყო,
თუმცა მას მაინც უნდა ეცადა. ეს მისი ბოლო იმედი იყო. კამილი სასწრაფოდ ქუჩაში
გავიდა. ფანტანთან მივიდა და შემხმარი სისხლი მოიბანა. ცემისაგან დასიებულ სახეს
ვერაფერს ვერ უშველიდა, მაგრამ როგორც შეძლო თავი მოიწესრიგა. იცოდა პოლიციის შენობა სადაც იყო, იქ სირბილით
გაემართა. შენობაში შესვლისას პრობლემები არ შექმნია. შიგნით ხალხი ირეოდა,
გოგონამ არ იცოდა რა ექნა. შემდეგ ორი კაცი დაინახა, გულზე სამკერდე ნიშნები
ეკიდათ. კამილიმ მათკენ მიირბინა და გზაზე გადაუდგა.
- გთხოვთ დამეხმარეთ, ის გაიტაცეს, ემანუელი გაიტაცეს. - ემუდარებოდა
გოგონა.
- აქედან მოშორდი, ბინძურო, თორემ ძალით გაგაგდებ! - უყვირა ერთ-ერთმა
დეტექტივმა.
კამილი არ იძროდა, სახეზე ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა.- გთხოვთ,-ემუდარებოდა
გოგონა.
- ქედან მოშორდი! - პოლიციელმა ხელი მკლავში წაავლო და მის გარეთ
გათრევას აპირებდა,მაგრამ ამ დროს სხვა დეტექტივი გამოჩნდა და კოლეგას გოგონაზე
ხელი გააშვებინა.
- ბილ, ეს არ არის ჯელტმენობა, იმიტომ არ უნდა დასაჯო, რომ ცუდად
აცვია.- მან დეტექტივს მიმართა.
- ჯანდაბას შენი თავი, ამაზე პასუხს შენ აგებ, ნიკ! მთელ შენობას ნუ
მოათხვრევინებ. - დეტექტივმა კამილს ხელი გაუშვა და წავიდა.
- კარგად ხარ? ცოტა უხეშია, აპატიე, რა გქვია?
- კამილი.
- კამილ, მე ნიკ ბარნტონი ვარ, ნიკი დამიძახე, - დეტექტივმა გოგონას
გაუღიმა. - აბა, აქ რამ მოგიყვანა?
- ჩემი მეგობარი ემანუელი გაიტაცეს. - კამილიმ ცრემლები მოიწმინდა.
-ოჰო, აბა წამოდი ჩემს მაგიდასთან მივიდეთ და დეტალურად მომიყევი.
გოგონამ დეტექტივს უცნობის
შესახებ უამბო,მოუყვა თუ როგორ მისცა მან ემანუელს 10 დოლარი, როგორ გამოკითხა
ყველაფერი თავის შესახებ და როგორ გაიტაცა ემანუელი ორ კაცთან ერთად. როცა კამილიმ
გამტაცებლის აღწერა დაასრულა, ნიკმა ჩანაწერებს გადახედა და კამილს უთხრა:
- ცოტა ხნით მოიცადე კარგი? ახლავე დავბრუნდები.
- კარგი, - დეტექტივი ადგა და
სადღაც გავიდა. ორიოდე წუთში გოგონასთან დაბრუნდა. ხელში ჟურნალი ეჭირა. ჟურნალი
გადაშალა, შიგნით სხვადასხვა ფოტოები იყო ჩაკრული. ნიკმა ფურცვლა ერთ გვერდზე
შეწყვიტა.
- აბა კარგად დააკვირდი, ეს იყო? - მან გოგონას ფოტოზე მიუთითა,
კამილიმ ემანუელის გამტაცებელი მაშინვე იცნო.
- კი ესაა.
-ეს ჯონ ბარგსია. შვიდი თვეა რაც ციხიდან გაიქცა, არ მეგონა ასე თუ
გარისკავდა. ის ბავშვებს იტაცებდა და მათ ერთმანეთს აბრძოლებდა, მათ ჩხუბზე კი
ფსონებს დებდნენ და ფულს იღებდა. სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, მაგრამ
გაიქცა. მასზე ძებნაა გამოცხადებული. როგორც ჩანს,ისევ ძველ საქმიანობას
დაუბრუნდა. აი სულელი. მის მეგობრებს ვიცნობ. ექვსი მათგანი ციხეშია, სამი ჯერ
კიდევ თავისუფალია, სამწუხაროდ მათ ვერაფერი ვერ დავუმტკიცეთ. გპირდები იმ
ნაძირალას აუცილებლად ვიპოვნი და შენს მეგობარს დაგიბრუნებ, - დეტექტივმა კამილს
გაუღიმა. - სად ცხოვრობ?
- აქვე,ქუჩის ბოლოს,მიტოვებულ,
დანგრეულ შენობაში.
- ოჯახი არ გყავს, დედა ან ვინმე?
- არა, ემანუელის გარდა არავინ გამაჩნია.
- რამდენი წლისაა შენი მეგობარი?
- 10-ის.
- და მარტო ცხოვრობთ? - დეტექტივს გაუკვირდა.
- ჰო ასეა, ჩვენი თავის პატრონები ჩვენ თვითონ ვართ. - კამილს ისევ
ცრემლი ჩამოუვარდა.
-არა, ნუ იტირებ. გპირდები მას ვიპოვნით. ახლა კი წამოდი.
-სად?
-ნუ გეშინია, შენს
მოტაცებას არ ვაპირებ. - ნიკმა გაიცინა.
კამილი დეტექტივს გაჰყვა. ნიკმა ის მაღაზიაში წაიყვანა. ნორმალური
ფეხსაცმელი, ჯინსის შარვალი, მაისური და ქურთუკი უყიდა.
-ღმერთო, ეს ხომ ძალიან ძვირია? -
კამილი ძალზედ გახარებული და დაბნეული ჩანდა.
- შენისთანა კეთილი, ლამაზი და
საყვარელი გოგონასთვის არა. იცი, ძირითადად უსახლკაროები საკმაოდ უზრდელები და
ტუტუცები არიან. ხშირად იპარავენ, არაფრის არ რცხვენიათ და უღირსნი არიან. შენ
ასეთი არ ხარ, შენ პირიქით, ბევრ ოჯახში აღზრდილ გოგონაზე ბევრად უკეთესი და აღზრდილი
ხარ.
- გმადლობთ, სერ.
-ალბათ გეშიება, წამოდი რამე
ვჭამოთ,კარგი?
-კარგი. - კამილიმ დეტექტივს გაუღიმა,
მისგანაც ისეთივე თბილი ღიმილი მიიღო პასუხად.
ნიკმა ის კაფეში წაიყვანა. გოგონას ლორითა და ფორთოხლის წვენით
გაუმასპინძლა.
-ძალიან გემრიელია, ასეთი არაფერი
გამისინჯავს. - აღტაცებით წამოიძახა კამილიმ,თუმცა სრული ბედნიერებისთვის მისი
ცხოვრების მთავარი ნაწილი -ემანუელი აკლდა.
-სერ, თუ უზრდელობაში არ ჩამომართმევთ გკითხავთ, შვილები გყავთ?
დეტექტივს სახეზე სევდა მოაწვა.
- არა, სამწუხაროდ ჩემი მეუღლე უშვილო
აღმოჩნდა.
- მაპატიეთ, ძალიან ვწუხვარ.
- არაფერია, ქუჩაში გაზრდილისთვის საკმაოდ
განათლებული ხარ.
- დაახლოებით ერთი წელი იქნება რაც
ქუჩაში ვცხოვრობ. მანამდე არაფერი არ მახსოვს, როცა გონს მოვედი მანქანაში ვუჯექი ერთ
კაცს,რომელმაც გადმომაგდო და ქუჩაში დამტოვა.
- ამნეზია გჭირდა ?
- ეგ რას ნიშნავს? - ცნობისმოყვარეობით
ჰკითხა კამილიმ.
- აი, როცა არ გახსოვს რა მოხდა, ვინ
იყავი, ვერ იხსენებ ოჯახის წევრებს,თუმცა გახსოვს სიტყვები, ენა და ბევრი სხვა
რამ.
- ჰო, ალბათ ეგ დამემართა, არ ვიცი.
- კარგი, მე ახლა შენ ჩემთან წაგიყვან,
სახლში. ჩემი მეუღლე მოგხედავს. შენისთანა კარგი გოგონა ქუჩაში არ უნდა
ცხოვრობდეს.
-სერ...
ნიკმა კამილს გაუღიმა. ანგარიში
გადაიხადა და გოგონა სახლში წაიყვანა. დეტექტივს პატარა და მოკრძალებული, მაგრამ
ლამაზი სახლი ჰქონდა. მისი მეუღლე მასავით კეთილი ქალბატონი აღმოჩნდა, როცა
კამილის ამბავი შეიტყო „- ოჰ, შე საწყალო.“
ესღა თქვა და გოგონა გულში ჩაიკრა.
- კარგით მისტერ დეტექტივო, საქმეებს
მიხედეთ. მე ამ საყვარელ გოგონას გავიცნობ, კამილი გქვია ხომ?
- დიახ.
- წამოდი, კამილ, ცხელი ჩაი გინდა?
- ეგ რა არის?
- ახლავე ნახავ. - ქალმა გოგონა
სამზარეულოში გაიყვანა, ნიკი კი პოლიციაში დაბრუნდა, მან ემანუელის პოვნა მთავარ
მიზნად დაისახა.
* * *
- გამიშვით, სად მიგყავართ?! ახლავე
გამიშვით! - ემანუელი ხმამაღლა ყვიროდა, თუმცა ეს საქმეს ვერ უშველიდა. მას თავზე
შავი ტომარა წამოაცვეს და ფურგუნში
აიყვანეს. საკმაოდ დიდი ხანი გასულიყო მას შემდეგ, რაც ის კამილს დააშორეს, იმის
შემდეგ სადღაც შეუჩერებლივ მიდიოდნენ.
-მოკეტე, ბიჭო! - უყვირა ერთ-ერთმა
გამტაცებელმა.ემანუელმა ყვირილი შეწყვიტა.
- სად მიგყავართ?
- ჯოჯოხეთში! - ახარხარდა იგივე
გამტაცებელი,რომელმაც ბიჭს მოაკეტვინა. ემანუელს ხმა არ ამოუღია, მთელი გზა ჩუმად
იყო.
ცოტა ხნის შემდეგ ფურგუნი გაჩერდა. ემანუელმა იგრძნო, როგორ აიყვანა
ვიღაცამ ხელში და შენობაში შეიყვანა. მას
ტომარა მოხადეს. ემანუელის წინ ის უცნობი იდგა, ათი დოლარი რომ აჩუქა. ბიჭი უცნობს
ხმაამოუღებლად მიშტერებოდა.
- მითხარი, ბიჭუნავ, ჩხუბი იცი? -
უცნობმა ბიჭს ისეთივე ბოხი და საზარელი ხმით მიმართა, როგორც უწინ. ემანუელი
დუმდა.
- მითხარი-მეთქი,- იღრიალა უცნობმა. -ჯანდაბას
შენი თავი, ჩემთვის სულერთია.მე ფსონებს ვიღებ, კი არ ვდებ. დღეს შეიძლება ვერც
გადარჩე.
ემანუელი საკანში მოათავსეს, მას
საჭმელი და წყალი შეუტანეს.
- კარგად უნდა ჭამო, რომ სიცოცხლის
შანსი მოგეცეს. დღეს გაიგებ თუ რას ნიშნავს ბრძოლა გადარჩენისთვის. - უცნობმა ბიჭს
ესღა უთხრა და გაშორდა. ემანუელი ძალიან დაღლილიყო. ჩაეძინა. დიდხანს ეძინა მანამ,
სანამ ვიღაცამ არ შეაჯანჯღარა და არ გააღვიძა.
- აქ მოდი ბიჭო! - საკნიდან უხეშად გამოათრიეს და სადღაც
გაიყვანეს. ემანუელმა თვალები მოჭუტა. ის უკუნითი სიბნელიდან გაჩახჩახებულ ოთახში
იმყოფებოდა, რომელშიც ხალხის ყვირილი და შეძახილები ისმოდა. ემანუელი უფრო დიდ
საკანში შეიყვანეს, რომლის გარშემოც ხალხი შეკრებილიყო , სწორედ ეს ხალხი ყვიროდა.
- მეგობრებო, წარმოგიდგენთ ემანუელს,
დღეიდან უკვე „სკუნსს!“ - წამოიძახა ემანუელის გამტაცებელმა. - მისი მეტოქე კი
ყველასათვის საყვარელი და ნაცნობი „ზვიგენია“. - ხალხმა ტაში დაუკრა და ყიჟინას
მოჰყვა.
საკანში ემანუელის ტოლი ბიჭი შემოვიდა.
თავი გადაპარსული, სახე კი ნაიარევებით ჰქონდა დაფარული. მოწინააღმდეგეებს დანები
მისცეს.
- ბრძოლა სიკვდილამდე,სიკვდილამდე!!! -
ეს ფრაზა ისმოდა ყოველი მხრიდან.
„ზვიგენმა “ ემანუელს დაუფიქრებლად
შეუტია, ემანუელი სისწრაფითა და მოქნილობით გამოირჩეოდა. მან მოწინააღმდეგეს
უფლება არ მისცა მისთვის დაერტყა ან რაიმეთი დაეზიანებინა. ბრძოლა დიდხანს არ
გაგრძელებულა. ემანუელმა გასაოცარი რამ გააკეთა, იგი მეტოქეს გაუძვრა,უკნიდან
შემოახტა, ძირს დააგდო და ზემოდან დაახტა ისე რომ მეტოქეს განძრევის საშუალება არ
მისცემოდა. ბიჭმა „ზვიგენს“ დანა გააგდებინა. ხალხი აღტაცებული იყო. ყველა ყვიროდა
„-მოკალი,მოკალი, მოკალი!!!“
- ბიჭო, ხომ ხედავ ხალხს რა სურს,
მოკალი, თორემ იცოდე შენც მოკვდები! - ემანუელს მიმართა გამტაცებელმა. - გაიგე?!
დროზე მოკალი!
ბიჭს არ უნდოდა ვინმესთვის ზიანი
მიეყენებინა.
- მომკალი, თორემ მეც მომკლავენ და
შენც. - ემანუელს „ზვიგენმა“ ჩურჩულით უთხა.
- მე არ შემიძლია. - გამოეხმაურა ბიჭი.
-დანა უბრალოდ წვერით, თავთან მომადე.
არ ჩამარჭო უბრალოდ მომადე.
- რატომ?
- მე დავმარცხდი. თუ შენ არა, ისინი
მომკლავენ. გააკეთე ეს და დანარჩენი მე მომანდე.
ემანუელმა ისე გააკეთა,როგორც ბიჭმა
დაარიგა. მან დანა მეტოქეს თავთან მიადო. შემდეგ კი ყველაფერი წამებში მოხდა
.„ზვიგენმა“ თავი უცებ მაღლა აწია და პირდაპირ დანის წვერს მოახვედრა, მას დანა
თავში ჩაესო და მოკვდა.
- ჰოო, აი ასე ბიჭუნა. და ჩვენ ახალი
ჩემპიონი გვყავს, შეეგებეთ - „სკუნსს!“
- „ სკუნსი“, „სკუნსი“, „სკუნსი.“ -
ხალხი მხოლოდ ამას ყვიროდა. ემანუელი კი
გაოგნებული იდგა. მან უნებლიედ ადამიანი მოკლა...
* * *
ნიკი დაღამებამდე პოლიციაში იყო. ცდილობდა რამისთვის მიეკვლია, თუმცა
უშედეგოდ. და მაშინ, როცა იმედები გადაწურული ჰქონდა, სწორედ მაშინ გამოჩნდა რაღაც
ხელჩასაჭიდი. ვიდეო ფირი, რომელიც ბენზინ გასამართი სადგურის ვიდეო თვალმა
გადაიღო. იქ გამოსახული იყო ლურჯი ფურგუნი, რომლის ფანჯრიდან ერთი კაცი იყურებოდა.
ნიკმა მაშინვე ამოიცნო ჯონ ბარგსის ერთ-ერთი მეგობარი - მაიკლ რიპერი, რომელიც იმ
დროს გამოძვრა. მის წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებები არ იყო, თუმცა ყველამ
იცოდა, რომ მაიკლიც ამ საქმეში იყო გარეული. ფურგუნს უკან ეტიკეტი ჰქონდა მიკრული,
ზედ „ ნილსონის ავტო-გაქირავება“,ტელეფონის ნომერი და მისამართი ეწერა.
საბედნიეროდ მათ 24 საათიანი მომსახურეობა ჰქონდათ. ნიკი მათთან მივიდა და
გაარკვია, რომ მანქანა ვინმე ივანე კაზანოვს ექირავებინა. ნიკმა ეს პიროვნება
მოიძია და აღმოაჩინა, რომ უკვე ორჯერ ყოფილა ნასამართლევი. ერთხელ მსუბუქი
ნარკოტიკის შენახვა- მოხმარებისთვის, მეორედ კი ქუჩური ხულიგნობისთვის.
კაზანოვი საკმაოდ შორს, გარეუბანში
ცხოვრობდა. პოლიციამ ჩხრეკის ორდერი აიღო და მისი სახლი გაჩხრიკა. იქ მსუბუქ
ნარკოტიკებთან ერთად აღმოაჩინეს საბუთები მიტოვებული ქარხნის ქირაობასთან
დაკავშირებით, რაც საკმაოდ საეჭვოდ ჟღერდა. კაზანოვი მაშინვე აიყვანეს
ნარკოტიკების შენახვისთვის. ნიკი მიხვდა, რომ ძველი ქარხანა სულ სხვა
მიზნებისთვის, ბავშვების ორთაბრძოლებისთვის გამოიყენებოდა.
დეტექტივმა კაზანოვი იმავე ღამეს,
ადვოკატის თანდასწრებით დაკითხა.
- თქვენ დაპატიმრებული ხართ მსუბუქი
ნარკოტიკის შენახვისათვის, ასევე ბავშვების გატაცებაში და მათ ორთაბრძოლებში
მონაწილეობის მიღების დაგეგმასა და ორგანიზებაში.
- ეს ტყუილია! - კაზანოვს აშკარად
ნერვიულობა დაეტყო.
- ჩვენ ყველაფერი ვიცით, ისე ძველი
ქარხანა საკმაოდ კარგი არჩევანი იყო. თუ ჩვენთან ითანამშრომლებთ და ჯგუფის
დარჩენილ წევრებსაც დაგვაჭერინებთ, გპირდებით ყველაფერს გავაკეთებ, რომ სასჯელი
შეგიმსუბუქდეთ.
კაზანოვი დამფრთხალი ვირთხასავით
გამოიყურებოდა. მან ადვოკატს ახედა,
ადვოკატმა თავი დაუქნია.
- ერთი მაგათიც, ყველაფერს გეტყვით!
- ძალიან კარგი, ორთაბრძოლები როდის
იმართება?
- ოთხშაბათობით და პარასკევობით, ღამის
11 საათზე.
- ჯგუფში სულ რამდენი კაცი ხართ ?
-
ხუთი. მე, ჯონ ბარგსი, მაიკლ რიპერი, მარკეს დე სერინო და ...
- ბილ ფოკოვიტი.
- დიახ, ასეა. ესეც გცოდნიათ.
- ესენი ბარგსის მეგობრები არიან. ადრე
ვერ ჩავავლეთ. ახლა უკვე წასულია მათი საქმე. გმადლობთ თანამშრომლობისთვის. -
უთხრა და ოთახიდან საჩქაროდ გამოვიდა.
ნიკმა საათს დახედა. ღამის 3 საათი იყო.
-ჯანდაბა, რა დრო გასულა. - თქვა მან
და სახლისკენ გაემართა.მის ცოლს არ ეძინა, ქმარს ელოდებოდა.
- როგორ ხარ? დღეს ძალიან დაიგვიანე.
-სახლში შესვლისთანავე მიმართა ცოლმა.
- ჰო, თუმცა ვფიქრობ ჩემს ისტორიაში
საუკეთესო საქმეა, განსაკუთრებული წარმატებით.
- მართლა? აბა მომიყევი.
- ჯერ რამე მაჭამე კარგი?
-ჰო, ალბათ გეშიება. - ცოლ-ქმარი
სამზარეულოში გავიდა.
- გოგონა როგორაა?
- კარგად, ძალიან კარგი ბავშვია. არ
მჯერა, რომ ერთი წელი ქუჩაში მარტო იზრდებოდა.
- ჰო.
- შენ რაც წახვედი,ცოტა ვისაუბრეთ და
მერე მალევე ჩაეძინა, ეტყობოდა მთელი ღამე თვალი რომ არ მოეხუჭა. შემდეგ სარეცხის
გაფენაში და სახლის დალაგებაში მომეხმარა.
- მართლა? ძალიან კარგია.
- მას რას უპირებ?
- სანამ მის მეგობარს ვიპოვნი აქ
დარჩეს, მერე, ალბათ, ბავშვთა სახლში მივიყვან. სულ რაღაც 8-9 წლის იქნება, მეტის
არა. რაიმე აზრი ხომ არ გაქვს?
- კარგი გოგოა, ძალიან კარგიც.
ვფიქრობდი ხომ არ გვეშვილა. - ნიკმა ცოლს ახედა.
- იცი, ამაზე თავიდან მეც ვიფიქრე.
- მერე?
- არ ვიცი, ვნახოთ რა როგორ მოხდება.
იმის მიხედვით გადავწყვიტოთ.
- კარგი. შენის ნებართვით საძინებელში
ავალ.
- მეც მალე ამოვალ. - ნიკმა ცოლს აკოცა
და ცხელი წვნიანის ჭამას შეუდგა.
მეორე დღეს პოლიციაში თათბირი დაიგეგმა. ოპერაციის ჩატარებას
განიხილავდნენ. გადაწყვიტეს ხვალამდე, პარასკევამდე მოეცადათ.
კამილი ისე აღარ ღელავდა. მას ნიკის
სავსებით სჯეროდა და იცოდა, რომ დეტექტივი ემანუელს აუცილებლად ცოცხალსა და
უვნებელს დაუბრუნებდა. გოგონა მისის ბარნტონს საოჯახო საქმეებში ეხმარებოდა, თან
სწავლობდა, თან კი მუყაითად შრომობდა. პატარა კამილი ხშირად იწვევდა ქალბატონის
გაოცებას. მისი სიმარჯვე და სიკოხტავე შესაშურიც კი იყო. ასე გავიდა ხუთშაბათი
დღე. გათენდა პარასკევი,რომელსაც,როგორც პოლიციისთვის, ასევე კამილისთვისაც
გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. ის დღეს ემანუელს შეხვდებოდა და მაგრად
ჩაეხუტებოდა, თავის ემანუელს, თავის მეგობარსა და მეგზურს.
გადაცმულმა პოლიციელებმა ორთაბრძოლებზე დასწრების საშუალება მიიღეს.
დაშვება საკმაოდ ძვირი, ასი დოლარი ღირდა. თუმცა, ეს ოპერაციისთვის საჭირო იყო.
დღეს ერთმანეთს „ მგელი “ და „ ტურა“
ებრძოდნენ . როგორც კი ბრძოლა დაიწყო, შტურმი მიიტანეს და პოლიციის დანაყოფები
მაშინვე შეიჭრნენ შენობაში. სროლა ატყდა. ბარგსი და მისი ხალხი გაქცევას ცდილობდა,
თუმცა ისინი ალყაში იყვნენ. უკნიდან მათ პოლიციის დანაყოფი მიადგა და იძულებულნი
გახდნენ დანებებულიყვნენ. პოლიციამ ბავშვები გაათავისუფლა. ზოგს უკვე მკვლელობა
ძვალ-რბილში ჰქონდა გამჯდარი, ამიტომ ისინი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გაგზავნეს.
ზოგი ოჯახებში დააბრუნეს, ზოგიც ბავშვთა სახლებში მიიყვანეს. რაც შეეხება ემანუელს,
ის ნიკმა საკანში გამოკეტილი იპოვნა. ბიჭიც გოგონასავით კეთილი და პატიოსანი
აღმოჩნდა. ნიკმა და მისმა ცოლმა გადაწყვიტეს ბავშვები ერთმანეთისთვის არ
დაეშორებინათ და ორივე ეშვილათ. ისინიც ცდილობდნენ კარგად მოქცეულიყვნენ და
სამაგალითო შვილები ყოფილიყვნენ. რაც შეეხება ბარგსს და მის ჯგუფს, ისინი
გაასამართლეს და თითოეულს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, გარდა ივანე კაზანოვისა,
რომელმაც პოლიციასთან ითანამშრომლა. მას 25 წელი მისცეს.
გავიდა დრო. ჩაიარა ზამთარმა, გაზაფხულმა, ზაფხულმა, შემოდგომამ და დადგა
ისევ ცივი და მკაცრი ზამთარი. შობის ღამე, რომელსაც ემანუელი და კამილი თავიანთ
ოჯახში, თავიანთ ახალ მშობლებთან ერთად, თბილ სახლში, გემრიელ სუფრასთან შეხვდნენ.
მათ ხელები ერთმანეთისთვის ჩაეკიდათ და ჩუმად წარმოსთქვამდნენ: „მადლობა
ღმერთო არსებობისთვის, მადლობა ყველაფრისთვის, ჩვენი ოცნებების ახდენისა და თბილი
ოჯახისათვის. ამინ! “
ბოლოსიტყვაობა
ეს მოთხრობა საკმაოდ დამაფიქრებელი და გულში ჩამწვდომია. მართალია, რომ ჩემს სტილს არ ჰგავს, თუმცა არ შემეძლო ყურადღება არ გამემახვილებინა იმ
უსამართლობაზე,რაც ჩვენს სამყაროში ხდება. ნიკისა და მისი ცოლის ნაირი
ადამიანები საკმაოდ იშვიათია, არც კამილისა და ემანუელის ნაირი კეთილი,
პატიოსანი მათხოვრებია ბევრი. ამ ბავშვებს სწამდათ უფლის, ჰქონდათ უკეთესი
მომავლის იმედი და მართალია დიდი გაჭირვების ფასად, მაგრამ მათ მაინც მიიღეს ის ოჯახი, სითბო და სიყვარული, რაც უპირველესია ამ სამყაროში. მართალია ცოტა,
მაგრამ მაინც არსებობენ ნიკისა და მისი ცოლის ნაირი ადამიანები.სწორედ ამიტომაა,რომ კიდევაა შერჩენილი სიკეთე ამ სამყაროში და ბოლომდე არ წაულეკავს ის შურს,
ბოღმასა და ბოროტებას.
სიყვარულით და კეთილი სურვილებით, გიორგი ჩაჩხიანი.
No comments:
Post a Comment