სიკვდილმისჯილი პირველად არ
ვარ, ერთი კვირის წინაც სიკვდილმისჯილი ვიყავი, მაგრამ სიცოცხლე ისევ და ისევ
სიკვდილმა მაჩუქა, იმ კაცის სიკვდილმა, თავს მამაოდ რომ მოიხსენიებდა და შვილო
ჩემოს მეძახდა. მანამდე კიდევ იყო ერთი, მაგრამ დარაჯებმა ხელიდან გამომგლიჯეს იმისი
უბადრუკი სული, მეორეჯერ უკვე აღარ შევმცდარვარ, ნერვები მომიშალა და მეც მოვკალი,
რა მოხდა მერე. ისედაც ელექტრო სკამი მელოდა, მეტი რაღა უნდა დაეშავებინათ, უფრო
უარესად როგორ დამსჯიდნენ, ასე კი რამდენიმე დღე მოვიგე,თანაც ეს მკვლელობაც
შემრჩა. აქაც ყველა მიფრთხის, კრძალვით მეკიდებიან, მე ხომ თვით ღვთის მოგზავნილი
კაცი მოვკალი. თვალს ვერ მისწორებენ, საკანში თუ შემოდიან ხელჯოხები აქვთ მომარჯვებული
და პლასტმასის ფარები ცხვირებამდე აფარებული. თავი ღმერთი მგონია, მალე მომკლავენ,
მაგრამ ეშინიათ, ალბათ, იმის ფიქრით, რომ მეორე დღეს თვალებში ჩამხედავენ
ღამღამობით შარვალში ისველებენ ხოლმე. მომწონს ჩემი ცხოვრება, ხალხი მიცნობს,
გაზეთებში ჩემზე წერენ, ტელევიზიით ჩემზე აშუქებენ, ყველა მიცნობს, პროცესზეც კი
თვალს ვერავინ მისწორებდა, ყველა დაპატარავებული მიყურებდა, ახლა მითუმეტეს.
მერე მომბეზრდა,
ძალაუფლებაც კი მოსაბეზრებელია. გავიდა ორი დღე და მომბეზრდა ყოველდღე ამ
შეშინებული სოკოების ყურება. ისეთი ბრწყინვალე სისტემა აქვთ, რომ იმის მაგიერ
სიკვდილმისჯილს მწუხარება მოჰგვარონ, არიქა მალე მოვკვდებიო, პირიქით, ისე
აბეზრებენ სიცოცხლეს რომ ელექტრო სკამისკენ ბედნიერი ასკინკილით მიხტუნავს. როგორ
მიხარია, რომ სახლს ვეღარ ვნახავ, არ მომენატრება საკნის ეს გამსკდარი, დაღარული
ქვის კედლები, გახრიკინებული ფიცარი საწოლი რომ ჰქვია, ლეიბის დახვეული ბოლო
ბალიშის მაგივრობას რომ მიწევს და კედლებზე ამოჯღაპნილი სახელები, ნეტავ ვინ
ოხერმა ამოჯღაპნა ან რა ხელსაწყოთი შეასრულა ეს საქმე, მე საკუთარი ნიფხავის გარდა
არაფერი არ შემომატანინეს, არც აქ და არც სხვაგან, სხვა ციხეებში, მიუხედავად
იმისა,რომ მაშინ სიკვდილმისჯილი არ ვყოფილვარ. მახსოვს სასამართლოზე რა თქვა იმ
ვირთხისსახიანმა პროკურორმა - თავის დროზე რომ გამოგვეტანა სწორი განაჩენი, დღეს
ეს უკვე აღარ მოხდებოდაო. ციხემ ვერ უშველა, ვერ გამოასწორა, ერთადერთი გზა
დაგვრჩა და ეს კანონის უმკაცრესი ზომააო. ჰოდა იმ შეჩვენებულმა ნაფიცმა
მსაჯულებმაც თავები დაუქნიეს და აი აქ მოვხვდი, სახლი დიდად არ შეცვლილა, უბრალოდ
საწოლი მარცხენა მხარესაა გადმოტანილი და კედლებს ბზარები გაუჩნდა.
დღეს მახარეს ხვალ როგორც
იქნა ჩაძაღლდებიო, ვუთხარი ძაღლურ ყოფაში თქვენა ხართ და ეგეთ ყოფაში თქვენ
ამოგხდებათ სული ქეციანი, ბეწვგაცლილი გადატყავებული ქუჩის ძაღლებივით-მეთქი,
მგონი შიშისგან ჩაიჯვეს.
სიკვდილის არ მეშინია, არა,
მითუმეტეს ასეთი სიკვდილის, იმისი კი შემეშინდებოდა ვინმე ჩემნაირს, ჩემზე უკეთესს
რომ მოვეკალი სადმე ღამით რომელიმე ჩიხში, აი მაშინ კი შემეშინდებოდა, მაგრამ ამ
სოკოების ხელით ისეთ სკამზე წამოსკუპებულს ცხოვრებაში რომ არ მღირსებია არ
მეშინია, ისიც გავიგე ელექტრო სკამს ტყავი აქვს გადაკრულიო, ტყავის სკამზე
არასდროს ვმჯდარვარ თუ ბავშვობისას იმ რესტორანს არ ჩავთვლით დედას რომ დავყავდი,
იქაც სკამებს გაცრეცილი ტყავის გადასაკრავები ჰქონდათ.კიდევ იცით რისი იმედი
მაქვს? რომ ჩემ მიერ მოკლული ხალხი ყველა წმინდანი იყო და ჯოჯოხეთში აღარავინ
გადამეყრება შურის საძიებლად, მაგრამ მაინც, რას დამაკლებენ, პირიქით, ალბათ,
შიშით ვერც მომიახლოვდებიან, ბოლოს და ბოლოს ხომ მე გამოვაგზავნე ამ საშინელ
ადგილას. ღმერთის ნებაც კი დავარღვიე, მის საქმეებში ჩავერიე და მე ჩემი სურვილით
გამოვისტუმრე ისინი ჯოჯოხეთში, ამის გამო ტყავგადაკრული ელექტრო სკამი კი არა,
გაულესავი, ბლაგვი გილიოტინაც კი ღირს.
პირველად როდის მოვკალი?
მოიცათ, გავიხსენო...არა ეგ მეორე იყო...ა,ჰო, გამახსენდა ჩვიდმეტი წლის ვიყავი,
ზუსტად ჩვიდმეტის. ერთი ბიჭი იყო სამეზობლოდან, ჩემზე უმცროსი. ნერვებს მაგრად
მიშლიდა, სულ ჩემთან ყოფნა უნდოდა, ჩემი ერთადერთი მეგობარი ხარო დაიჩემა,
მოსვენებას არ მაძლევდა, ჰოდა ერთხელაც ისე მომიშალა ნერვები აგური ავიღე და თავში
ჩავარტყი, მაშინვე მოკვდა. მაგრამ სიმართლე გითხრათ არ მომეწონა მკვლელობა, ის
აზრი, რომ ის ტიპი ნერვებს აღარ მომიშლიდა და მის სულელურ გაბადრულ სახესაც აღარ
დავინახავდი კი ძალიან მახარებდა, მაგრამ გვამის გადამალვაო, სამხილების გაქრობაო,
ისაო, ესაო, მოკლედ მაგარი თავისამხდელი და საჩალიჩოა, მერე ეჩვევი... თავიდან
უფრო ფრთხილად ხარ, ყოველ დეტალს ამოწმებ, ამიტომაც ვერც მაგ ბიჭის და ვერც
შემდეგების გვამები ვერ იპოვეს, მერე კი ნელ-ნელა დაუდევარი გავხდი, აი სად
შევცდი, სად შემეშალა. სისხლის უბრალო წვეთი, თმის ღერი, სიგარეტის ნამწვავი ან
რამე ასეთი წვრილმანობა და ბახ, მაშინვე ელექტრო სკამზე გეპატიჟებიან. როცა
პირველად კლავ თავი მაგარი ტიპი გგონია, ქუჩაში ამაყად, თავაწეული დადიხარ, აბა
ვინმემ რამე გაგიბედოს, უკვე გამოცდილი კაცი ხარ და რადგანაც ცოდვაში ისედაც და
ასედაც ჩაგიდგამს ფეხი, შენი რაღა მიდის... მერე კი რაღაცნაირად შეშინებულ ვირთხას
ემსგავსები, ვაითუ ამდენი მკვლელობის მერე სადღაც რაღაც შეცდომა დაუშვი და
გიპოვეს, გამოგიჭირეს. ეგრეც მოხდა, ქუჩაში მივსეირნობდი სამი ზორბა პოლიციელი რომ
დამახტა და მკერდით ასფალტზე გამაკრეს. დაპატიმრებული ხარო, - მითხრა
აქოშინებულმა. ერთადერთი რაც მაშინ გავიფიქრე იყო, - აი სად დამენძრა-მეთქი,
მაგრამ ყველაზე უაზრო და უმნიშვნელო რამეზე დავუჭერივარ, ბარში ჩხუბის დროს
ვიღაცას დანა გავუყარე. გულზე მომეშვა ბრალდება რომ გავიგე, ამოვისუნთქე, უფრო
უარესი მეგონა, რამდენიმე წელი ციხეში და ეგ იყო. ახლა კი მართლა მაგარ შარში ვარ,
მაგრამ არა უშავს, მაგაზე ნერვებს ვერ მოვიშლი, რაცაა ეგაა.
ნეტავ მუსიკა მაინც მქონდეს,
ჩავრთავდი და ნელ-ნელა რიტმს ავყვებოდი.
იცით, სიკვდილმისჯილი როცა
ხარ კარგი ისაა,რომ ბოლო ვახშმად რასაც მოისურვებ იმას მოგიტანენ, ინდაურის ხორცი,
ნაყინი, საშობაო ღვეზელი, სულერთია, ყველაფერი მოაქვთ, აი ადამიანური გაგება და
ჰუმანიზმიც, მაგრამ მე არ მომიტანეს, მღვდელი მოკალიო და ერთი გამხმარი პური
მომიგდეს, მაგათი დედაც!
უკვე იმდენი ხანია სიკვდილს
მპირდებიან, რომ აღარ მჯერა. მომამზადებენ, თავს გადამპარსავენ და მერე ისევ
არაფერი. ხვალ კი მგონი ნაღდად მოვკვდები, მკიდია, ისედაც ყველა მოვკვდებით. იქნებ
ეს კარგიც კი იყოს ჩემი სულისთვის, ნაკლები ცოდვა დამედება ხვალვე რომ მოვკვდე.
გული მწყდებაო რომ ვთქვა მოგატყუებთ, უბრალოდ რამდენიმე ფაქტს ვერ ვეგუები:
პირველი - ჩემი გოგო ვინმე სხვას იპოვნის და ახლა მას დაუპრუწავს ტუჩებს, მე,
ალბათ, რამდენიმე თვეში არც გავახსენდები; მეორე - ვეღარ მოვკლავ, იქ, სადაც ყველა
ისედაც მკვდარია ვინმე როგორ უნდა მოკლა? მესამე - ცა, მე მიყვარს ცა. ცა და ზღვა,
მიწა არ მიყვარს, ცა და ზღვა მიყვარს. ცას სადღა ვნახავ, ჩიტები როგორ ლაღად
დანავარდობენ და ლივლივებენ ზეცაში. მათ შემყურეს ერექცია მეწყებოდა და შემეძლო
საათობით მეცქირა თუ როგორ სიყვარულობდნენ ბეღურები თავიანთი ნისკარტებით. გიჟი
ვარ, არა?! ჰო, ცოტა გიჟი ვარ, მაგრამ ყველა შემოქმედი ხო გიჟია, ჰა-ჰა! მეც
შემოქმედი ვარ, მე სიკვდილს ვქმნი, ეს კი ყველაზე დიდებული ხელოვნებაა.
კოკაინი... კოკაინი არ
მიყვარს და არც ეგეთი სისულელეები, ნარკოტიკები არა ჩემი ფეხები, ყველაფერი, რაც
ტვინს აჩლუნგებს არ მიყვარს, ვერ ვიტან. სწორ მკვლელობას გახსნილი გონება
სჭირდება, თორემ ეგეთი დაბოლილი რომ კაცს მოკლავს აბა ეგ რა მკვლელობაა,
ეგეთებითაა ციხეები გამოტენილი და მაგათ გამოა, რომ დღეს კაცის მკვლელობა
ჩვეულებრივი ამბავია, არადა ეს ჯილდოა, რჩეულების ხვედრია, რომ ღვთის საქმეში
ჩაერიო. მკვლელობა ხელოვნებაა, ჩვენ კი ამ ხელოვნების დამქაშები, მაგრამ ამ
ნაბიჭვრებმა, გარეწრებმა ისე წაგვიბილწეს ჩვენი ხელსაქმე, რომ უკვე ყველა ზიზღით
გვიყურებს და არც ჩვენი ხელობა უკვირთ. ციხეში თანამესაკნე მყავდა, კარგი კაცი
იყო, სულ წიგნებს კითხულობდა. ცისფერი თვალები ჰქონდა, იმისი თვალები ზღვას
მაგონებდნენ, თავისთვის იყო, წყნარად, მორიდებით. ერთხელ ვკითხე შენისთანა კაცი აქ
როგორ მოხვდა, აქ რა გესაქმება-მეთქი, მითხრა ცოლი მოვკალიო. გამიკვირდა. როგორ
მოკალი-მეთქი, - ვკითხე. ფორთოხლის წვენში რაღაც ჩავუყარეო, სახელი ვერ
დავიმახსოვრე, მოწამლულა ის ქალი და დაბრედილა. აბა ეგაა მკვლელობა? სად ხედავთ
მანდ ხელოვნებას, ეგ რაღაც სიაფანდობაა, ისიც, ჩხუბის დროს ვიღაცას დანას რომ
ჩაარტყამ, ეგ ჩვეულებრივი ამბავია, არაფერია მანდ გადასარევი, ეგრე დამწყებები
იქცევიან (თავიდან მეც დამწყები ვიყავი), მაგათ მკვლელები კი არა, დანის
ჩამრტყმელები ეწოდებათ, რომ გეტყვიან რაზე ზიხარო მკვლელობაზეო კი არ უნდა უთხრა,
დანის ჩარტყმაზეო - ასე უნდა თქვა და შენც მშვიდად იქნები და ჩვენც სახელს არ
გაგვიფუჭებ. სინამდვილეში მაგარი ტიპი მაშინ კი არა ხარ ერთ კაცს რომ მოკლავ,
არამედ მაშინ, ათობით და ასობით ადამიანს რომ გააგზავნი იმქვეყნად.
უცბად კარები გააღეს.
საწოლზე ვიწექი და ჭერს ვუყურებდი, წამოდგომა დამეზარა, თავი ზანტად წამოვწიე და
დავინახე საკანში კიდევ ერთი მღვდელი შემოვიდა. არა რა, ესენი აშკარად
მეღადავებიან, ამათ უნდათ მგონი საბოლოოდ უბრალოდ მკვლელი კი არა მამაოების
მკვლელი გამოვიდე, რას ერჩი სპეციალიზაციას მიწევენ ჩემს ხელობაში.
-მე აქ აღმსრულებელი მანქანა კი არა ვარ, ადექი და თუ სიკვდილი გინდა
ელექტრო სკამზე დაჯექი, ჩემთან რაღას მოდიხართ?! - გამეცინა, რაღაც საამისო
გუნებაზე არ ვიყავი, მკვლელობასაც თავისი განწყობა უნდა, მე კი ახლა ყველაფერი
მეზარებოდა.
-შეიძლება ჩამოვჯდე? - საწოლზე მიმითითა. ერთხანს ვუყურებდი,
ჩასუქებული მღვდელი იყო, სევდიანი ნაცრისფერი თვალები ჰქონდა. არაფერი მითქვამს,
ფეხები კედლისკენ ჩავწიე და საწოლზე ადგილი გამოვათავისუფლე.
-გმადლობ, - მითხრა და საწოლზე ჩამოჯდა. იატაკს უაზროდ მისჩერებოდა,
რაღაც ძაან უცნაური მღვდელი იყო, ასეთი ჯერ არ მინახავს. დუმდა, ისინი კი სულ
ლაპარაკობენ და ლაპარაკობენ, რაღაცას ყბედობენ სულის გამოხსნასა და მსგავს
სისულელებზე, მჭერმეტყველობენ თავიანთი ჭკუით. ხუთი წუთი გავიდა, ათი წუთი გავიდა,
ისევ არაფერი, ზის და უბრალოდ იატაკს უყურებს.
-მისმინე, ჩემი ძმა, მე არაფრის კეთებას და ჩუმად ყოფნას მიჩვეული
ვარ, ეგ არაა პრობლემა, არ ვიცი იცი თუ არა, მაგრამ ხვალ უნდა მომკლან და კიდევ
რამდენჯერმე სიამოვნებით გავიზმორებოდი ამ ჩემს საწოლში.
-ვიცი, - თქვა გულჩათხრობილმა. - ამიტომაც მოვედი.
-ბოლო ვახშამიც კი არ მომიტანეს, ნაღდად არ მეგონა კიდევ ერთ მღვდელს
თუ შემოუშვებდნენ, მაგრამ შენ ნუ გეშინია, არ მოგკლავ, რაღაცნაირი ტიპი ხარ,
მომწონხარ. - ვუთხარი სახეგაბადრულმა.
-ამისთვის მადლობა უნდა გადაგიხადო? - რაო?! ეს რანაირი მამაოა, ასეთ
რაღაცებს ვინ ამბობს?!
-რავი, როგორც გინდა.
ისევ დუმილი...
-მითხარი, რა იგრძენი?
-როდის?
-როცა ის მღვდელი მოკალი.
-შენც ღმერთზე უნდა დამიწყო ლაპარაკი?
-აქ ღმერთზე სასაუბროდ არ მოვსულვარ.
-აბა რისთვის მოხვედი?
-რატომ მოვიდა იცი?
-ის მამაო?- თავი დამიქნია. - რა ვიცი, ფულს ამაში უხდიან.
-შენი დახმარება უნდოდა, სიკვდილის გზაზე შენი გაცილება, შენი სულის
ხსნისთვის ლოცვა, შენი გადარჩენა. - დუმილი. - რა იგრძენი, რა იგრძენი, როცა შენს
დასახმარებლად მოსული უდანაშაულო კაცი მოკალი?
-ხომ იცი რომ უდანაშაულო არავინაა.
-რა იგრძენი? - ნერვებს მიშლიდა, რას ჩამაცივდა ეს შობელძაღლი?! თანაც
არც ტონს უმატებს, არც გაღიზიანება ეტყობა, უბრალოდ პატეფონივით ჩაუხვევია ეს
კითხვა და იმეორებს და იმეორებს. რა ვიგრძენი, რა ვიცი რა ვიგრძენი, ნერვები
მომიშალა და მოვკალი, ვაჰ, რა, ძნელი გასაგებია?
-რა უნდა მეგრძნო?
-არ ვიცი, ამას შენ გეკითხები, რა იგრძენი?
-...თავისუფლება?
-თავისუფლება?
-ჰო, გავთავისუფლდი, ჩემი ყურები გათავისუფლდნენ მაგისი უაზრო
ქადაგებების მოსმენისაგან. ჩემი ბრალი არაა, გავაფრთხილე წადი თორემ რაღაც
მოგივა-მეთქი და არ წავიდა, არც შენ არ წახვალ, ხომ ასეა?
-არა, არსად წასვლას არ ვაპირებ.
-არ გეშინია? მესამე მღვდელი ხარ, ვინც აქ შემოვიდა. ერთს სამუდამოდ
ჩემი კოცნა დავამჩნიე, მეორეს დავეხმარე და სამოთხეში მოსახვედრი ბილეთი
დაჩქარებული წესით გამოვუწერე.
-შენი აზრით რომ მეშინოდეს აქ ვიქნებოდი? - მხრები ავიჩეჩე.
-მეორე მამაოს ეშინოდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჰაერი ნელ-ნელა
იცლებოდა მისი ფილტვებიდან, როცა ვახრჩობდი განსაკუთრებით მაშინ ეშინოდა, მაგრამ
მგონი მანამდეც.
-მე არ მეშინია.
-რატომ, რა მიშლის ხელს რომ შენც იმის გზას არ გაგიყენო? ვინ იცის,
ეგებ კიდევ რამდენიმე დღით გადადონ ჩემი სიკვდილით დასჯა.
-არაფერი.
-რა არაფერი?
-ხელს არაფერი არ გიშლის. - თვალები მოვჭუტე და მაშინვე საწოლიდან
წამოვხტი, მღვდელს მივვარდი, მოკაკვული თითები სახესთან მივუტანე და სახე
დავუმანჭე, მაგრამ არაფერი, არც თვალი დაუხამხამებია, არც წარბი შეუხრია...
მაშინვე დაცვა შემოვარდა, რა ხდებაო, არაფერიო, - მიუგო მამაომ და გარეთ გააბრუნა.
-შენ მართლაც არ გეშინია, - ვთქვი გაკვირვებით.
-არა, არ მეშინია.
-რატომ? - თავისი ღრმა, სევდიანი ნაცრისფერი თვალები მომაპყრო.
მართლაც უცნაური იყო ეს კაცი, სხვებს არ ჰგავდა.
-შენ სიკვდილმისჯილი ხარ.
-მერე?
-შენ სახელი არ გაქვს.
-როგორ არა, მაქვს, მე...
-მკვლელი.
-რა?
-მკვლელია შენი სახელი.
-არა, მე...
-ისევე, როგორც იმ ასიათასობით ცოდვილისა, რომლებმაც სამყაროს
არსებობის მანძილზე ვიღაც მოკლეს. თქვენ ერთნი ხართ, ერთი სახელი გაქვთ და ესაა
მკვლელი. ადამიანს იმისი არ ეშინია, რასაც უკვე საუკუნეებია შეჩვეულია. თავიდან
დაინახა ძაღლი და შეეშინდა მისი, საშიში, ველური მხეცი ეგონა, შემდეგ შეეჩვია მას,
უკვე აქეთ ძაღლს ეშინია ადამიანის. იგივეა.
-არა, იგივე არ არის... მოიცა, საერთოდ რეებს ბოდავ?! რანაირი მღვდელი
ხარ.
-მკვლელი უღირსი არსებაა, ეშმაკის იარაღი, ხელსაწყო, საგანი.
-არაა ასე, მე შემოქმედი ვარ!
-და რას ქმნი?
-სიკვდილს.
-დაბადება და სიკვდილი ღმერთმა შექმნა, შენ მას ვერ შექმნი.
-მოკეტე, თორემ უკვე აღარ მომწონხარ და შენც მალე გაგზავნი შენს
იესოსთან.
-რისთვის მომკლავ?
-რა?
-სიმართლისთვის? ესაა შენი სიმართლე და არა ის,რასაც ჩემი
წინამორბედები გქადაგებდნენ. მაშინ იმათი მოკვლა რისთვის გინდოდა?
-ისინი ბოდავდნენ.
-და მეც ვბოდავ? მაშინ, როდესაც საპირისპირო რამეებს ვამბობთ? -
მღვდელს მივაშტერდი, შეცბუნებული ვუცქერდი.
-ვინ ჯანდაბა ხარ?
-რა იგრძენი? - ისევ თავისი დაიწყო, ეს კაცი მგონი ჩემზე შეშლილია.
-თავისუფლება, ხომ გითხარი.
-კიდევ?
-არ ვიცი, დამღალე, უკვე ვეღარ ვაზროვნებ.
-რას გრძნობ, როდესაც ადამიანს კლავ, როდესაც ამის გამო ხალხი შიშით
გიყურებს, როდესაც თვალს ვერ გისწორებენ, ეს მოგწონს?
-კი.
-რატომ?
-იმიტომ,რომ ამით შენი ღმერთის საქმეში ვერევი.
-მოგწონს ღვთის საქმეში რომ ერევი?
-კი.
-რას გრძნობ?
-ძალაუფლებას.
-ძალაუფლებას, - გაიმეორა მღვდელმა და გაჩუმდა. - გიფიქრია იმაზე
ხალხი თვალებში რატომ არ გიყურებს?
-ეშინიათ.
-არა.
-არა?
-ეცოდები.
-ვეცოდები, მე? ჰაჰ, - გამეცინა, - მე კი არა თავიანთი უბადრუკი თავი
ეცოდებათ.
-რატომ? ისინი ხომ შენზე უკეთესები არიან.
-მე შემოქმედი ვარ, ისინი კი უბრალო, მიზერული არსებები არიან.
-და მაინც შენ მათი ჭუჭყი ხარ, საზოგადოების ჭუჭყი, ამიტომაც უნდათ შენი
მოშორება, შენ მათ აკნინებ, მათ ბედნიერებას ახშობ. ოჯახი გყავს? ვიცი, რომ არ
გყავს;
ბავშვობაში მამა გირტყამდა, არა? ვიცი რომ გირტყამდა; დაგცინოდნენ,
ხომ ასეა? ვიცი, რომ ასეა. მეგობრებიც არ გყავს, ადამიანები,ვისაც გულს გადაუშლი,
ვისაც გულში ჩაიკრავ, მოეხვევი, ვისთან ერთადაც იცინებ, ახალ სამყაროს აღმოაჩენ;
შენ რწმენაც არ გაქვს, რწმენის გარეშე კი არაფერს აქვს აზრი, არ ვსაუბრობ მხოლოდ
ღვთის რწმენაზე, შენ ცხოვრებისაც არ გწამს. არ გწამს, რომ მასში კარგი უფრო მეტია
ვიდრე ცუდი, რომ თითოეული სიცოცხლე მნიშვნელოვანია, ბედნიერება და სიხარულია, არ
გწამს, რომ მთები უმიზეზოდ არ არიან შექმნილნი, რომ ზღვას თავისი დანიშნულება
აქვს, რომ ჩიტებს აქვთ ფრთები და ადამიანებს არა, შენ არაფრის არ გწამს, გარდა
სიკვდილისა და იმ სულელური, უაზრო უტოპიისა, რომ თუ მოკლავ ღმერთს გაუტოლდები და
შემოქმედი გახდები, შენ სხვა არაფრის გწამს. აი რით განსხვავდები ამ
ადამიანებისგან, მათ ყველაფერი აქვთ, ისინი ბედნიერებისა და სიხარულის შვილები
არიან, შენ კი არა, ამით გჯობნიან, ამით არიან შენზე უკეთესები. შენი კი არ
ეშინიათ, ეცოდები. თვალს ვერ გისწორებენ, რადგან იციან, რომ თუ მათ თვალებში
ჩაიხედავ, დაინახავ, რომ ისინი ბედნიერები არიან, მათ ცხოვრება აქვთ, შენ კი
უბადრუკი არსება ხარ, ემოციებგამოცლილი, უგრძნობი, რომლისთვისაც ამ სამყაროში
მოვლენა საჩუქარი კი არა სასჯელია, დაუსრულებელი ტანჯვა და წამებაა. შენი ცხოვრება
არაფერია თუ არა გაულეველი აგონია. მკვლელობას ებღაუჭები, რადგან მხოლოდ ასე
ცდილობ საკუთარი თავის დამკვიდრებას, ასე შეგიძლია რაღაც და რადგანაც იცი, რომ შენ
ვერასდროს ვერ გექნება ისეთი ცხოვრება, როგორიც სხვებს აქვთ, ვერასდროს ვერ
მოიპოვებ სიმშვიდეს, ეზიარები ნეტარებას, ჰარმონიას, ვერ გახდები ბედნიერი,
ამიტომაც გსურს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გახადო შენნაირი, უბედური, უიმედო
და სასოწარკვეთილი, მაგრამ მათ შენგან განსხვავებით მაინც აქვთ უკეთესი მომავლის იმედი,
კვლავაც შეუძლიათ გახდნენ ბედნიერები და მათი გული აუცილებლად გამთელდება, მაგრამ
შენი გული ოდესმე გამთელდება? მეეჭვება, ეს შეუძლებელია. იცი რა ბედნიერებაა ოჯახი რომ გყავს, შენი
პატარა გოგონა შენკენ ხელებგამოშვერილი რომ მორბის, ერთი სული აქვს როდის აიტაცებ,
დააბზრიალებ, გულში ჩაიკრავ და შუბლზე ნაზად აკოცებ. ენით აუწერელი ნეტარებაა
განცდა, როდესაც ყურში ნაზად ჩაგჩურჩულებს მამიკო მიყვარხარო და ლოყაზე
ახალგამოღვიძებულს ნაზად გკოცნის, იმის ხილვა თუ როგორ გადაიქცევა შენი პატარა
ფერია ულამაზეს და უმშვენიერეს ქალბატონად, რომელიც უკვე თავად გეპატიჟება თავის
მომზადებულ უგემრიელეს ომლეტსა თუ ვაშლის ღვეზელზე. იცი ამ დროს რას ფიქრობ? რომ
შემოქმედი ხარ, შენ შექმენი უმშვენიერესი სიცოცხლე, ადამიანი, რომ ტყუილად არ
გიცხოვრია და შენს არსებობას ჰქონდა აზრი, რომ შენ მთლიანად შეცვალე შენი
ცხოვრება, იმ კაცის ცხოვრება, რომელიც ერთ დღესაც შენი ქალიშვილის ხელს გთხოვს,
მათი შვილების და შვილიშვილების ცხოვრება. შენ გძალუძს და ხარ ამ ბედნიერების, ამ
სიხარულის მონაწილე, შემოქმედი. იცი მაშინ რას გრძნობ? ძალაუფლებას, რომ შეგიძლია
აკეთო ძალიან ბევრი, მოახდინო გავლენა და მხოლოდ ამის შემდეგ იპოვნი სიმშვიდეს,
ნეტარებას, თავისუფლებას, რასაც შენ ვერასდროს შეძლებ, იმიტომ, რომ შენ არ გაქვს
ცხოვრება, იმიტომ,რომ შენ არ ხარ ადამიანი და რასაც განიცდი მკვლელობისას ეს არაა
თავისუფლება, ძალაუფლება, სიხარული, ესაა წამიერი წამალი, წამიერი შვება იმ
აგონიისა, რომელსაც შენ განიცდი, მაგრამ თითოეული ასეთი მკვლელობის შემდეგ ეს
აგონია უფრო და უფრო იზრდება და მოვა დრო, როდესაც მას ვეღარ გაუძლებ, როდესაც ის
მთლიანად გადაგყლაპავს და შეგიწირავს. ღმერთმა შეგინდოს შეცოდებანი. - წამოდგა,
შემომხედა, პირჯვარი გადამწერა და კარისკენ დაიძრა. ენაჩავარდნილი მივჩერებოდი,
თითქოს პარალიზებული ვიყავი, ვერ ვინძრეოდი. დაცვამ კარები გაუღო, სანამ გავიდოდა
კიდევ ერთხელ შემომხედა და დასევდიანებულმა მითხრა:
-ის ჩემი ძმა იყო და თანაც ძალიან კარგი კაცი, ორი უმშვენიერესი
პატარა გოგონას მამა. - ერთხანს შეიცადა, შემდეგ კი გავიდა. ნაბიჯების ხმა კიდევ
დიდხანს მესმოდა, თითქოს თავში ჩაქუჩს მიკაკუნებდნენ, რაც უფრო მშორდებოდა კაკუნი
მით უფრო ძლიერდებოდა, მალე მინელდა და ბოლოს საერთოდ მიჩუმდა.
ხელებს დავხედე, ჩემდა
უნებურად ვკანკალებდი. რაღაცას ვგრძნობდი, მაგრამ არ ვიცი ამ გრძნობას რა ერქვა,
ეს აქამდე არასდროს განმიცდია. ერთი რამ ვიცოდი, რომ სიცოცხლე მინდოდა, ისე
მწყუროდა, როგორც არასდროს. მინდოდა ბედნიერი ვყოფილიყავი. შენ ვერასდროს იქნები
ბედნიერი იმიტომ, რომ შენ არ ხარ ადამიანი - გასაოცარი სიმშვიდით წარმოთქმული
სიტყვები თავში წამდაუწუმ ჩამესმოდა. თავი ამტკივდა, შემდეგ მკერდი, ძარღვებმა
ფეთქვა დამიწყეს, თითქოს საცაა გასკდებიან და კანსაც ამოხეთქავენო. მთელი სხეული
მტკიოდა, ცეცხლი მეკიდა, თითქოს ცოცხლად ვიწვებოდი, მე კი ვიჯექი და ვერ ვინძრეოდი.
ესაა აგონია? ალბათ, მაგრამ, რაც არ უნდა იყოს მალე დამთავრდება, ელექტრო სკამი
ყველაფერს დაასრულებს,იმედი მაქვს, რომ ასე მოხდება...
გიორგი ჩაჩხიანი
No comments:
Post a Comment