წვიმდა. საწმენდები საქარე მინის გაწმენდას ვერ ასწრებდნენ შუშა წყლის წვეთებით ისე იფარებოდა. მერი არემარეს გაფაციცებით აკვირდებოდა, დაღამებულიყო. ის კი გაურკვეველ გზას ამ თავსხმა წვიმაში მიუყვებოდა. გრძნობდა საბურავები ნელ-ნელა როგორ იფარებოდა და უფრო და უფრო ეფლობოდა ტალახში. მობილურმა,რომელიც მგზავრის სავარძელზე იდო ვიბრირება დაიწყო. ქალი ტელეფონს დასწვდა.
-მგონი თითქმის მოვედი.
-მართლა? უკვე აღარ მჯერა, - მეორე მხრიდან ქალმა ნაზად გაიცინა. - აბრას გამოცდი?
-კი, ახლა ტყეს მოვუყვები.
-კარგი, გელოდები.
-მალე გნახავ.
რამდენიმე კილომეტრის შემდეგ ტყეში მდებარე ორსართულიანი სახლი გამოჩნდა. სიბნელისა და თავსხმა წვიმის ფონზე საზარლად მოჩანდა, შუქი ქვედა სართულზე რამდენიმე ოთახში აენთოთ. მანქანის მოახლოება მასპინძელს ანთებულმა ფარებმა ამცნო. კარები მაშინვე გააღო. ახალგაზრდა ქალი იყო. უბრალოდ ეცვა, ჯინსის შარვლის ნაწილსა და თხელ სვიტერს ზემოდან შემოცმული გრძელი ჟაკეტი უფარავდა. ციოდა, ამიტომ მოსაცმლის ბოლოებს ერთმანეთთან ხელით მჭიდროდ აკრავდა.
-ქოლგა ხომ არ გამოგიტანო? - ძრავის გამორთვისთანავე დაიძახა.
-არა, უქოლგოდაც ვიზამ რამეს, - მერი საჩქაროდ გადმოვიდა და სახლისკენ გამოიქცა.
-მიხარია შენი ნახვა, - ელეონორამ მეგობარი გადაკოცნა და სახლში შეიპატიჟა.
-ღმერთო, საშინელი ამინდია, მაინც როგორ დავსველდი. - დაიჩივლა ქალმა.
-ჰო, მთელი დღეა გადაუღებლად წვიმს, ცხელ ყავას დაგალევინებ. ვერ ვიჯერებ,რომ აქ ხარ. თუ აქეთ საქმე არ გექნება ისე არ უნდა მესტუმრო?
-ხომ იცი სამსახურის ამბავი, სახლში რომ მოვდივარ არაფრის თავი არ მაქვს. თანაც ამ ადგილის მოგნება ძალიან გამიჭირდა, აქ რატომ ცხოვრობ? შენ ხომ ქალაქის გოგო ხარ.
-ქორწინება, ბავშვები, ამ ყველაფრის შემდეგ უკვე ის გოგო აღარ ხარ, 20 წლის ასაკში რომ იყავი. ლაშამ ასე გადაწყვიტა, ბინაში ცხოვრებას თბილისის დაბინძურებულ ცენტრში აქ კერძო სახლის ყიდვა არჩია. ბავშვებიც სუფთა ჰაერზე გაიზრდებიან. მყუდრო ადგილია, თითქოს სამყაროს მოწყვეტილი ხარ, თანაც არც ისე შორია, 40 წუთში ქალაქში ხარ.
სამზარეულოდან ჩაიდანის სტვენა გაისმა. ელეონორა მისაღებიდან გავიდა. მერიმ ოთახი მოათვალიერა, ბუხრის თავზე ჩარჩოში ჩასმული რამდენიმე ფოტოსურათი იდო.
-რა მალე გადის დრო, რამხელები გაზრდილან. - უთხრა ოთახში დაბრუნებულ მეგობარს. ელეონორამ ჭიქა მიაწოდა. - გმადლობ.
-როცა ვუყურებ, ისევ მათი პატარაობა მახსენდება. ყველაფერი გუშინდელი დღესავით მიდგას თვალწინ, როგორ წამოიზარდნენ. დრო გადის და ვბერდებით კიდეც. დროა შენც იფიქრო ოჯახის შექმნაზე.
-კარგი რა, დედაჩემი არ მეყოფოდა ახლა შენც დამიწყე.
-შესაფერისი კანდიდატურა ჯერ არ გამოჩენილა? - ეშმაკური ღიმილით ჰკითხა ქალმა, თან ყავა მოსვა.
-ეჰ, განა მე არ მინდა, მაგრამ ჯერ ვერავინ ვერ ვიპოვნე, ყველას შენსავით როდი უმართლებს. - ელეონორამ თავი დაბლა დახარა, იატაკს უაზროდ მიაშტერდა და ჭიქაზე თითების
კაკუნი დაიწყო. მერი მას გამომცდელად შეაცქერდა. -რა არის, რამე მოხდა? - ქალი დუმდა.
-არა, არაფერი, - მეგობარს ნაზად გაუღიმა -ყველაფერი რიგზეა, უბრალოდ... - თითქოს ყოყმანობდა, ბოლოს მაინც ვერ მოითმინა. - ხომ არავის ეტყვი?
-არა, რა სისულელეა, ვის უნდა ვუთხრა, რა მოხდა?
-მე და ლაშას ყველაფერი რიგზე ვერ გვაქვს, არ ვიცი... ყველაფერი შეიცვალა, რაც ელენე შეგვეძინა. ამისთვის მზად არ ვიყავით, თავიდან ვუძლებდით, მაგრამ მერე... ორივე ჩვენთვის, ცალ-ცალკე განვიცდიდით, სამსახურში რაღაც პრობლემებიც ჰქონდა, ბავშვების გამო მუშაობას მეც თავი დავანებე, სახლში ჯდომას შეჩვეული არ ვიყავი, დეპრესია დამემართა, ნერვოზი ავიკიდე, არცერთს არ გვინდოდა ერთმანეთისთვის რამე გვეწყენინებინა და გვეტკინა, ამიტომ გაჩუმებას ვამჯობინებდით და თითქოს ამ ყველაფერს გავურბოდით, ახლა კი თითქმის საერთოდ არ ვლაპარაკობთ. რაღაც გაუცხოება წარმოიშვა. გარედან კი ყველაფერი კარგადაა, ბედნიერი ოჯახი ვართ, ულამაზესი შვილები გვყავს, ეკონომიკურადაც არ გვიჭირს, მაგრამ მე ხომ ვგრძნობ, რომ ყველაფერი რიგზე ვერაა, ის ურთიერთობა და სიახლოვე აღარ გვაქვს, რაც ადრე გვქონდა.
-ეს ჩვეულებრივი მოვლენაა ურთიერთობებს შორის, არის აღმასვლები და დაღმასვლები.
-არ ვიცი, ყოველდღე საკუთარ თავს ვეკითხები ხომ არ ვიჩქარე და შეცდომა ხომ არ დავუშვი, რომ ასე ადრიანად ვიქორწინე. არც დავფიქრებულვარ ცოლობაზე ისე დავთანხმდი.
-მახსოვს ჩემთან აღელვებული რომ შემოვარდი, - მერიმ გაიცინა. - ოთახში ხტუნვა დაიწყე, არიქა ვთხოვდებიო. ისეთი ბედნიერი იყავი, შეცდომა არ დაგიშვია და ეს შენც იცი.
-უნდა დავფიქრებულიყავი.
-ნანობ?- ელეონორა ჩაფიქრდა, შემდეგ კი თავი გააქნია.
-მგონია, რომ ის ნანობს.
-რაღაცები გეჩვენება, შესანიშნავი ბიჭია.
-ვიცი, ვიცი... - ნიკაპით დივანის საზურგეზე ჩამოდებულ მკლავს დაეყრდნო.
-იცი, წინა კვირაში მაკა ვნახე.
-მართლა? - ქალი ფიქრებიდან გამოერკვა. - მერე რაო?
-ისეთი არაფერი, მერიაში დაუწყია მუშაობა. გუგაზე მელაპარაკა, ცოლი მოუყვანია.
-გუგას, ვინ? - ელეონორა ინტერესით მიაცქერდა.
-ზუსტად არ ვიცი, ჟურნალისტიაო.
-იცი, ზოგჯერ მენატრება კიდეც.
-ვინ, გუგა?
-ჰო, საოცარი იუმორის გრძნობა ჰქონდა, ყოველთვის კარგ გუნებაზე მაყენებდა. ალბათ, იმ სულელს რომ არ შევყვარებოდი ახლაც კარგი მეგობრები ვიქნებოდით.
-შენც ხომ მოგწონდა?
-ჰო,მაგრამ... მერე ლაშა გამოჩნდა, გუგა კარგი ბიჭი იყო,მაგრამ ლაშა, ის სხვანაირი იყო. მასთან თავს უფრო დაცულად ვგრძნობდი, ვიცოდი, რომ ლაშასთან უზრუნველი მომავალი გარანტირებული მქონდა, საოცრად ვუყვარდი და მუდამ ჩემზე ზრუნავდა. მითხარი, ანგარების გამო გავთხოვდი?
-არა, შენ ის გიყვარდა, ახლაც გიყვარს და ეს კარგად იცი. გუგას შესახებ მოუყევი?
-არა, თქმას რა აზრი ჰქონდა. იცის, რომ უბრალოდ ჩემი კლასელი იყო. ჩემი ბრალია გუგა რომ დავკარგე, ამას ძალიან ვნანობ. უბრალოდ იმის შემდეგ მიუხედავად იმისა, რომ ისე იქცეოდა ვითომც არაფერიო, მე არ შემეძლო მისთვის თვალებში შემეხედა, ისიც იმის შიშით, ზედმეტად არ შევაწუხო და ჩემი თავი თავს არ მოვახიოო ნაკლებად მეკონტაქტებოდა. მეც იმდენჯერ მინდოდა თუნდაც მიმეწერა, დამერეკა, მაგრამ თავს ვიკავებდი, არ ვიცი რატომ. უსამართლობაა, რომ არშემდგარი სიყვარული მეგობრობას ანგრევს. ასე არ უნდა ხდებოდეს.
-გუგას რომ მეტი ჰქონოდა შემოსათავაზებელი რას იზამდი?
-არ ვიცი, მაგრამ მას ხომ არც ჰქონია. ლაშას ბრწყინვალებამ თავბრუ დამახვია. ის გამორჩეული იყო, მასზე ყველა ლაპარაკობდა,წარმატებული იყო, ყველა უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებდა. თავდაჯერებულიც იყო და მეც მძენდა თავდაჯერებას, იმ ყველაფერს, რაც მაკლდა ლაშა მივსებდა, მეხმარებოდა უკეთესი გავმხდარიყავი, ჩემთან ერთად იბრძოდა ჩემი სრულყოფილებისთვის, თანაც ისე, რომ შეცვლასაც არ მთხოვდა, ისეთი ვუყვარდი, როგორიც ვიყავი. რომ არა ლაშა, ალბათ, დღეს არ ვიქნებოდი ისეთი, როგორიც ვარ და ერთი უბრალო, მერყევი, სუსტი გოგონა ვიქნებოდი, რომელიც გამუდმებით იმას იფიქრებდა, რომ საკმარისად კარგი არ არის და ამასა თუ იმას ვერ შეძლებს,ვერ გაუმკლავდება. ლაშას გვერდით კი ვიცოდი, რომ ყველაფერი გამოვიდოდა, რომ ის ყველაფერს მიაღწევდა, რასაც მიზნად დაისახავდა და საქმეს აუცილებლად ბოლომდე მიიყვანდა. ის ასეთი იყო და ისეთ სტაბილურობას მთავაზობდა, როგორსაც გუგა ვერასდროს შემომთავაზებდა, არა, ამ არჩევანს არ ვნანობ და არც არასდროს ვინანებ. ისევ ისე მოვიქცეოდი, როგორც მოვიქეცი, უბრალოდ იმაზე მწყდება გული, რომ გუგა საბოლოოდ დავკარგე.
-თავიდანვე მესაკუთრე იყავი, ვერ შეეგუე,რომ არჩევანი გქონდა გასაკეთებელი და ორივე შემთხვევაში ვიღაცას კარგავდი.
-შემეძლო გუგა არ დამეკარგა, ახლა როგორ გამომადგებოდა მისი იუმორი და ცხოვრებისეული ბრძნული რჩევები, - ელეონორამ გაიცინა - უბრალოდ ერთხელ მაინც რომ მიმეწერა, ვიცი, რომ რამე არასწორს არ იფიქრებდა და ყველაფერს სწორად აღიქვამდა, მაგრამ... ვიცი,მას რაც ბოჭავდა, მაგრამ მე რა არ მიხსინდა ენას ამას ვერ ვხვდები,მან საკმარისზე მეტიც გააკეთა ჩვენი ურთიერთობისა და მეგობრობის გადასარჩენად, ეს მე შემეშინდა, მცირედი დაინტერესება და ინიციატივაც კი არ გამოვიჩინე, ჩემი ბრალია ასეთი შესანიშნავი მეგობარი რომ დავკარგე. გახსოვს, ყველას როგორ ეხმარებოდა, მხარში უდგებოდა.
კიბეების ჭრიალის ხმა გაისმა. ორივემ მზერა მას მიაპყრო. ქვემოთ პატარა გოგონა ჩამოვიდა. წინწკლებიანი ღამის პერანგი და შიშველ ფეხებზე თბილი ჩუსტები ეცვა. ხელში კი პატარა დათუნია ეჭირა.
-ღმერთო, ეს ვინ არის, რამხელა გოგო გაზრდილხარ, ჩემო საყვარელო. - მერი მაშინვე წამოდგა და ელენე გულში ჩაიკრა.
-ვინ არის დედას სიყვარული, მოდი ჩემთან, - გოგონა დედას კალთაში ჩაუჯდა, ელეონორამ მას ნაზად აკოცა და ჰკითხა: - ამ ღამით რამ გაგაღვიძა,დე?
-წყალი მინდა.
-წამოდი, წყალი დავლიოთ. - ბავშვი სამზარეულოში გაიყვანა. - დავაწვენ და ჩამოვალ, ხომ? - უთხრა მერის და ორივენი ზედა სართულზე ავიდნენ.
ოთახში სინათლე აანთო. ელენე საწოლში ჩააწვინა, საბანი გვერდებში შემოუკეცა და შუბლზე ნაზად აკოცა.
-შენ ჩემი ანგელოზი ხარ, ტკბილი ძილი. - კიდევ ერთხელ ეამბორა და თავზე ხელი გადაუსვა.შუქი ჩააქრო, მაგრამ სანამ გამოვიდოდა კიდევ კარგა ხანს გაღიმებული აკვირდებოდა თავის გოგონას, რომელიც უკვე მშვიდად თვლემდა, შემდეგ ვაჟსაც დახედა და მისაღებში დაბრუნდა.
-საწოლი ზემოთ გაგიმზადე, თუ გეძინება არ მოგერიდოს.- უთხრა მერის.
-გმადლობ.
-შენს სამსახურში რა ამბებია, ყველაფერი რიგზეა?
-ხომ იცი ყველგან ინტრიგებია, უფროსმა თავისი საყვარელი დანიშნა დეპარტამენტის უფროსად და კუდი ყავარზე აქვს, ზემოდან დაგვყურებს და მედიდურად დაიარება. ამ სოფლელებს როგორ აუვარდებათ ხოლმე თავში, ხალხს იმხელა წარმოდგენა აქვთ თავის თავზე და სინამდვილეში არარაობანი რომ არიან, დამღალა ამ ყველაფერმა, უკვე აღარ შემიძლია. თანაც ყველაფერი ძვირდება, სამსახურის შოვნა როგორია. არ მოგწონს? წადი და
ქუდი დაიხურე, მაგრამ მერე რაღა უნდა ქნა, ჭამა ხომ გინდა. თან არაფერს რომ არ აკეთებენ და ამხელა ხელფასები აქვთ, ვინც მუშაობს აბა იმას რამდენიმე გროში თუ გამორჩება. დავიღალე ამ უსამართლობით.
-საშველიც არ ჩანს, ვითომ ხომ ახალი თაობა თუ გვიშველის რამესო, მაგრამ ამას წინაზე ექსკურსიაზე ვიყავით ბოდბეში ნიკას კლასთან ერთად და გავგიჟდი, იქ ეს გაზონები რაღაც ლაბირინთებივით ხომაა მოწყობილი ქვემოთ ჩასასვლელად და ბავშვები მათზე შეხტნენ,
ზემოდან
დარბოდნენ. ხომ ფუჭდება ჯერ მარტო ზნეობრივ ნორმებს რომ თავი დავანებოთ, ჩემი შვილი ამას ასი წელი არ გააკეთებს, მაგრამ სხვები, არ ვიცი ასეთი გაუზრდელი და ტუტუცები როგორ არიან, მაგრამ რა გინდა ბავშვებს რომ მოსთხოვო, მასწავლებელი კი ეუბნებოდა ნუ შვრებით, გაფუჭდებაო, მაგრამ მშობლები? მე ამისთანა სასწაული არ მინახავს, ყველას ხომ ახლდა დედა და ერთს არ უთქვამს გაჩერდი შვილო, ჭკვიანად მოიქეციო ან რამე. ამისთანა გულგრილობა მე არ ვიცი. არ ადარდებთ თავიანთი შვილები როგორები გაიზრდებიან, ელემენტარული ზრდილობას არ ასწავლიან. წამოსხდნენ მინდორზე, მზესუმზირას მიირთმევდნენ და
თავიანთ შვილებს ზედაც არ უყურებდნენ, სადღაც ხეებზე ფოფხდებოდნენ. ან ჩამოვარდნილიყვნენ, ან რამე მოეწიათ, ხომ გავგიჟდი რომელიმემ ეგ რომ გააკეთოს, არ ვიცი ისეთი უყურადღებო და უდარდელები არიან, ეგაა სწორედ ჩვენი პრობლემა და ბავშვს რა უნდა მოსთხოვო თვითონ მშობელი რომაა გაუზრდელი. მეც შენ კი იცი დედა როგორ მზრდიდა, ან შენი მშობლებიც და ახლა... არ ვიცი. - ელეონორამ მხრები აიჩეჩა.
-იმ დღეს ქუჩაში შევესწარი, ქალმა ბავშვს ისეთი უყვირა და შემდეგ სახეში გაულაწუნა, ისე მინდოდა ჩავრეულიყავი,მაგრამ რატომღაც თავი შევიკავე.
-ჰო, ან ეს ძალადობა რაღა უბედურებაა, პირიქით უფრო აგრესიულები გახდებიან და თვითონ მოუბრუნდებათ ეგ ცუდად, მაგდენს ვერ ხვდებიან. ეჰ, არ იციან ადამიანებმა შვილის ფასი და რას ვიზამთ. ვაიმე ისეთი ბედნიერებაა პატარა ბავშვი სახლში, ხალისი და სიხარული შემოაქვს ოჯახში.
-მერე გაიზრდებიან, გავირდებიან, გარდატეხის ასაკი ხომ საშინელებაა, არ გახსოვს, ჩვენც როგორი პროტესტის გრძნობა გვქონდა, დედაჩემი ჰიტლერის შემდეგ ნომერ მეორე ტირანი მეგონა, როცა გავიზარდე მერე მივხვდი, რომ მხოლოდ საუკეთესოს აკეთებდა ჩემთვის.
-მეც, როცა შვილები შემეძინა ყველაფერს მაშინ მივხვდი, რამდენს წვალობდნენ ჩვენი მშობლები, როგორ ვნანობ მაშინდელ ჩემს ახირებებს. ახლა ძალიან მენატრებიან, დღე არ გავა რომ არ დავურეკო.
-რა გვრჩება ამ ცხოვრებაში და ვინ გვყავს მათზე უკეთესი, მათ ხომ ყოველთვის ყველაზე და ყველაფერი კარგი უნდათ თავიანთი შვილებისთვის, რასაც აკეთებენ ჩვენთვის აკეთებენ. - ელეონორამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
-ცუდია, რომ ამას გვიან ვხვდებით და არა მაშინ,როცა საჭიროა. ჩემი შვილებიც ასე არიან, ალბათ, ნამდვილი დესპოტი ვგონივართ. დედა შენიშვნას აძლევს, საჭმლის ჭამასა და დაბანას აძალებს, გვიანობამდე დარჩენის ნებას არ აძლევს, წიგნებს აკითხებს და ამ ყველაფრის მერე რა გამოდის? რომ დედა საშინელი ადამიანია და მამა კიდევ ნამდვილი ანგელოზი, რომელიც ბავშვს უარს არაფერზე ეუბნება და ყველა სურვილს უსრულებს, დედასთან ჩხუბის შემდეგ კი ნაზად ეფერება და ამხნევებს, - ელეონორამ თავის გაქნევით ამოიოხრა - კაცებს ყველაფერი მზამზარეული აქვთ, სადარდებელი არაფერზე აქვთ და ამდენი წვალების შემდეგ ქალის გარჯა მაინც დაუფასებელია და ყოველთვის მამა გამოდის კარგი ტიპი, დედა კი ბოროტი კუდიანი.
-ეჰ, დედა რომ არ ზრდიდეს ბავშვს მერე ვნახავდით როგორ ჭკუაზე დადგებოდნენ ეს კაცები, თუმცა თუ ბავშვი უზრდელი და ხელმოცარულია, ხომ იცი დედამ ვერ აღზარდა, მაგრამ თუ წარმატებულია, მაშინ ეს მამის დამსახურებაა.
-ჰო ვიცი,ასეთი შეხედულებები ქართველების დამახასიათებელი თვისებაა. როგორ გულს მირევს,ბავშვობიდან მეზიზღებოდა ეს ყველაფერი, ხომ გახსოვს, როგორ ვერ ვიტანდი ჯერ მარტო სუფრაზე საშინლად რომ თვრებოდნენ და გაილეშებოდნენ ხოლმე.
- არ მესმის კაცმა ისე როგორ უნდა დალიოს,რომ საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგოს. არც მამაჩემი და არც ჩემი ძმა არასდროს გატიალებული მთვრალი არ მინახავს.
-ჰო, კიდევ კარგი ლაშაც არ სვამს, თუ საჭიროა ზომიერად, თორემ, ალბათ, ვერ გავუძლებდი. ეს სასმელი ღუპავს ადამიანს, ზოგჯერ აქეთაც დაეხეტებიან ახალგაზრდები, კოტეჯს ქირაობენ და სვამენ ხოლმე, ვინ იცის კიდევ რას არ აკეთებენ. ისე მეშინია, სულ ვაფრთხილებ ბავშვებს ეგეთ რამეებს არ გაეკარონ. ჯერ ლოთობით იწყებენ, მერე წამალზე სხდებიან და მაგის გამო საკუთარ დედასაც კი გაჰყიდიან თუ დასჭირდათ.
-მაგაზე უარესი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებაა, რამდენი ვიცი საკუთარი სახლიც კი გაუყიდიათ. ნიჟარაძეებს ხომ იცნობ, სალომეს ბიძაშვილები რომ არიან.
-ორი ძმები რომ იყვნენ ხომ, თაზო და...
-ლევანი, თამაშობდა. მშობლებს ბინა ჩაადებინა ვალები რომ გადაეხადა, მერე კი დაპირდა შევეშვებიო,მაგრამ მგონი მაინც გააგრძელა თამაში. ის ბინაც დაკარგეს და ახლა არ ვიცი ეს რას აკეთებს, მშობლები აღარ ეკონტაქტებიან. მოკლედ, არ ვიცი რა, რას ფიქრობს ეს ხალხი. უფსკრულისკენ მივექანებით და ვერ გაგვიგია. - ელეონორამ უკმაყოფილების ნიშნად თავი გააქნია.
-არ ვიცი რა გვეშველება, მართლა ეს მომავალი თაობა თუ გვიშველის რამეს, ერთადერთი მაგის იმედი მაქვს, ბევრი შესაძლებლობა და თავისუფალი აზროვნება აქვთ. ჩვენს დროს სად იყო მაგდენი, რასაც გეტყოდნენ იმას ფიქრობდი და იმას აკეთებდი, ჩვენი თაობა ტყუილად დაიკარგა, მაგრამ რა ვიცი, მაინცდამაინც დაიმედებული არ ვარ. - ქალმა ნაღვლიანად ჩაიღიმა. მერიმ ხელი პირზე აიფარა, ემთქნარებოდა. ქუთუთოებიც დამძიმებოდა, გადაღლილიყო.-მიდი დაწექი, გადაღლილი ხარ, დილით გავაგრძელოთ, წამოდი საწოლს გაჩვენებ. - ქალი მეგობარს მისთვის მოწყობილ საძინებელში უხმოდ გაჰყვა.
მთელი ღამე წვიმდა. დილით გამოიდარა. მერი ადრიანად წავიდა, სამსახურში ეჩქარებოდა.
-გამიხარდა შენი მოსვლა, ახლა ვხვდები როგორ მენატრება ძველი დრო და ფინჯან ყავასთან ერთად ჩვენი ჭორაობა. - გამომშვიდობებისას უთხრა ელეონორამ.
-მეც, ეს ყველაფერი ძალიან მაკლია, შენ მაკლიხარ. - ორივემ სევდიანად გაიღიმა. - ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი შენზეა დამოკიდებული, ხომ იცი, ქალი მაინც ოჯახის ბურჯია.
-ვიცი, რთული ხვედრი გვაკისრია.
-ასეა. - წასვლას არ ჩქარობდა, მაგრამ საათზე ისრები მათი სურვილის მიუხედავად მაინც მოძრაობდნენ. - კარგი, წავედი.
-შენები მომიკითხე.
-აუცილებლად. - ერთმანეთს გადაეხვივნენ, შემდეგ მერი მანქანაში ჩაჯდა და გზას გაუდგა.
ლაშა სახლში შუადღით დაბრუნდა. სამსახურეობრივ საქმეზე იყო წასული ბათუმში.
-რა ქენი, როგორ ჩაიარა? - ჰკითხა მეუღლემ.
-კარგად, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, ვფიქრობ, კონტრაქტს მალე გავაფორმებთ.
-კარგია.
-მერი იყო?
-კი.
-მერე, როგორი დრო გაატარეთ?
-ჩვეულებრივი, ცოტა ვისაუბრეთ და ფინჯანი ყავა დავლიეთ.
-კარგია.
-ლაშა, - ხანმოკლე პაუზის შემდეგ თქვა ელეონორამ.
-რა იყო?
-მიყვარხარ...
გიორგი ჩაჩხიანი