თუ სვანეთში არ ყოფილხარ,
საქართველო არ გინახავს – სწორედ ასე გეგებება ქალაქი მესტია, რომლეში ყოფნის
დროსაც უთუოდ საზღვარგარეთის ერთ–ერთ ქალაქში გეგონება თავი. აქ ვის არ ნახავთ,
ჩინელები, ინდოელები, კორეელები, ჩადრით შემოსილ მანდილოსნებსაც ბლომად შეხვდებით,
მაგრამ განსაკუთრებით პოლონელები, რუსები და უკრაინელები ჭარბობენ. ძნელია სეტის
მოედანზე, ცენტრალურ პარკში გახვიდე და ნაღდი სვანი დაინახო. მესტიელი სვანებიც
ევროპელები გამხდარან, აღარც მშობლიური კილო აქვთ და ტურისტებსაც კაი ჯიგრული
ინგლისურით ელაპარაკებიან, აქ ყოველმა მეორემ იცის ეს ენა, სამარშუტო ტაქსების
მძღოლებით დაწყებული ბილეთების გამყიდველით დამთავრებული. პარკში საინფორმაციო,
ტურისტული რუკებია, რომელთა შესწავლაც ერთობ მნიშვნელოვანია, თორემ ცენტრში გზა
რომ გაიკითხო ან გეტყვიან არ ვიციო, ან აქაური არ ვარო, თუმცაღა სვანეთი იმდენად
მდიდარია თუნდაც ეკლესია–მონასტრებით რომ რამდენიმე მათგანი რუკაზე დატანებული
არცაა და ლანჩვანის უბანში ქუჩა–ქუჩა ხეტიალისას თუ გადააწყდები.
მახსოვს,პირველ დღეს აქ რომ
ჩამოვედი თავი არა თუ სვანეთში, არამედ რუსეთის ერთ–ერთ განვითარებულ ქალაქში
მეგონა, ქუჩებში გამართული რუსული და აქა–იქ დამტვრეული ინგლისური ისმის, მერე
ორმა ლოთმა სვანმა ჩამიარა და მათი დანახვა ისე გამიხარდა, სიტყვებით ვერ აგიწერთ.
პირველად გავიგონე ნანატრი სვანური ქართულიც. სანამ მესტიის აღწერას დავიწყებდე,
მანამ გეტყვით თუ როგორ მოვხვდი ამ ქალაქში.
დეტალებით თავს აღარ შეგაწყენთ და
უშუალოდ მგზავრობის შესახებ ერთი–ორი
სიტყვით მოგახსენებთ. 9 აგვისტოს დილის 6 სთ–ზე ქუთაისიდან მესტიის
მიმართულებით დავიძარით, მანქანით მივდიოდით, თუმცა გზას 6 საათი მაინც დასჭირდა.
ჰორიზონტზე მთებზე დაკიდულ ფერდობებს ხედავ, რომლებიც სპირალისებურად,
დაუსრულებლივ იხვევა, გრძელდება და გრძელდება. შემდეგ კი იაზრებ,რომ შენც ამისთანა
ციცაბოზე მიდიხარ და შორიდან დანახული გზაც უნდა გაიარო, თუმცაღა ყველაფერი
კარგადაა გაკეთებული, მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთია სახიფათო, სადაც გზა
ჩავარდნილია და ასფალტი ნელ–ნელა უფსრკურლში ეშვება, თუმცაღა იქაც სპეციალური
ქვებია დალაგებული. გზაზე მაქსიმალური სიჩქარე 50 კმ/სთ–ია, მრავლადაა მთებსა და
კლდეებში გაჭრილი გვირაბები,თუმცაღა ყველაზე საუცხოო მაინც კლდეში გამოტეხილი ორი
გვირაბია,რომელთაც არავითარი ბეტონის საყრდენი არ გააჩნიათ და ბუნებრივი
წამონაზარდებით ერთობ სიამოვნებას ანიჭებენ და ატკბობენ მგზავრებს.
ქუთაისიდან სვანეთამდე უნდა
გაიარო ზუგდიდი, სამეგრელოს მშვენიერი დედაქალაქი, რომელიც ერთი შეხედვით საკმაოდ
კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. ცენტრალური პარკი ერთ–ერთი საუკეთესო ადგილია
დასვენებისა და განტვირთვისთვის, სადაც თითქმის ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით
სუფთა და მოწესრიგებულ სანაგვე ურნებს. ჰო მართლა, ამავე რეისის დროს გამოვიარეთ
სოფ. ნოჯიხევიც, რომელიც ამ ბოლო დროს ერთობ პოპულალური და ცნობადი გამხდარა,
რამაც ასახვა ჰპოვა მგზავრების ქმედებებში, კერძოდ – მანქანის გაჩერებასა და
ტრაფარეტთან სელფის გადაღებაში.
ჩვენი შემდეგი გაჩერება ენგურჰესი
გახლდათ, სადაც ჩვენი ვიზიტისას უცხოელი ტურისტებით სავსე სამი პატარა პატარა ავტობუსიც
მოვიდა. მართლაც რომ საოცარი ხედი იშლება. საქართველოს ყველაზე დიდი ჰესი,
უზარმაზარი კაშხალი, რომელსაც ლურჯი, კრიალა, თვალუწვდენელი ენგურის წყალსაცავი
ერწყმის, ხოლო გარს კი მწვანით შემოსილი მთები აკრავს, გასაოცარ სიოს უბერავს და
სხეულში ჟრუანტელს გგვრის. ერთი ეგ არის, რომ ყველა ფულის კეთებაზეა გადასული და
რადგანაც სატურისტო ადგილია და ბევრი უცხოელი სტუმრობს, საპირფარეშოებსაც დიდი
ასოებით ქართულად და ინგლისურად აწერია – ფასიანია, საფასური 50 თეთრი. ენგურჰესს
რომ გასცდები მორიგ პოპულარულ ადგილს შეხვდებით. ეს ჩანჩქერია, რომელიც თითქოსდა
შვეულ დელტას იკეთებს, ქვებში იტოტება და კლდეს ჩამოუყვება, აქაც მრავლად
შეამჩნევთ სურათის გადასაღებად გაჩერებულ მანქანებს. შემდეგ უკვე მთაზე სიმბოლურად დადგმულ პატარა
კოშკს ხედავ და ხვდები,რომ უკვე სვანეთში შემოდიხარ, საიდანაც 2–3 საათი მაინც
გჭირდება მესტიამდე.
გზა ნამდვილად დამღლელია,
უთუოდ მოგინდება შეჩერება და წახემსება. ჩვენ ამისთვის სოფ. დიზი შევარჩიეთ, სადაც
ქუთაისური, ნაღდი იმერული ხაჭაპური დავაგემოვნეთ და სვანური, დიზის წყაროს ცივი,
უგემრიელესი წყალიც მივირთვით, რის შემდეგადაც როგორც იქნა მესტიასაც მივაღწიეთ.
დავბინავდით და მაშინვე ჰაწვალის საბაგიროსკენ გავემართეთ. ჰაწვალი მესტიიდან 8
კმ–ში მდებარეობს. აქ მოქმედებს ღია საბაგირო,რომელსაც 45 წუთი მაინც სჭირდება
ასვლა–ჩამოსვლისთვის, ამის გათვალისწინებით ბილეთის ფასი – 5 ლარი სულაც არ არის
ძვირი. საბაგირო 2347 მეტრის სიმაღლეზე, ზურულდის მთაზე ადის, სადაც მდებარეობს
სვანეთში ყველაზე მაღალი რესტორანი – ზურულდი (2340მ), რომელსაც უზარმაზარი და
ულამაზესი ტერასა გააჩნია, საიდანაც შეგიძლია დაინახო ბანგურიანი, „სვანეთის დედოფალი“-თეთნულდი,
ლაილა, ლახდილი და კიდევ ბევრი სხვა მწვერვალი, გარშემო 360 გრადუსით სულ
მყინვარები და მწვერვალებია, თუმცაღა ყველაზე საუცხოო მაინც ტერასიდან დანახული,
ზაფხულის თაკარა მზეში თეთრად მომზირალი, მედიდური, ნისლში გახვეული უშბა გახლავთ.
აქ შეგიძლია მაგიდას მიუჯდე, ცხელი ლატე დალიო და თან საქართველოს საამაყო უშბას
შესცქეროდე. ჰაწვალის საბაგირო ჩამოსვლის დროს უფრო არაჩვეულებრივი გეჩვენება.
თითქოს უშბას უფრო და უფრო უახლოვდები, ვაკეზე მდებარე, ჩავარდნილი მესტია კი
შორეულ დასახლებად გეჩვენება. მიუხედავად იმისა,რომ საბაგირო, რომელიც 4
ადგილიანია და დამცავიც მხოლოდ ასაწევ–ჩამოსაწევი რკინის მოაჯირი აქვს ნელა
მოძრაობს, მაინც გამოიყოფა ადრენალინი, რამეთუ ზოგჯერ ჩერდება, ჰაერში გაქანავებს,
რომლის დროსაც უთუოდ თვალი გაგექცევა და ნახავ თუ რითია ტროსზე ჩამოკიდებული.
ტროსი ცილინდრის ფორმის რკინებშია მოქცეული იმ განსხვავებით,რომ ცილინდრი ქვემოდან
შეკრული არ არის. ეს ადგილი საუცხოოა რუჯის მისაღებადაც, რამეთუ მზეს უფრო და უფრო
უახლოვდები, ფეხებს ჰაერში აქანავებ და ქვემოთ ბუნებრივ ტყეებს ხედავ, კისერი
გეღრიცება და უკან 1500 მ–ზე მდებარე მესტია, ხოლო წინ 2347მ–ზე აღმართული ზურულდი
გესახება.
საღამოს მესტიის დასალაშქრად
გავეშურეთ.ქუჩები არაჩვეულებრივადაა მოწყობილი, თამარ მეფის ქუჩაზე სახლის
ფასადები ხის, ძველებურ სტილშია გაკეთებული. ჩვეულებრივ ქუჩაში მისეირნობ, მერე
უცებ ზემოთ აიხედავ და კავკასიონის მწვერვალები გესახება. ქალაქი მთლიანად მთებშია
მოქცეული. ურბანიზაცია ბუნებრივ ლანდშაპტებთანაა შერწყმული. თანამედროვე, მდიდრული
სახლების გვერდზე საუკუნეების წინ მიშენებული, შერჩენილი კოშკებით თუ მიხვდები რომ
სვანეთში ხარ, თორემ ძნელია მესტიაში
ისეირნო და თავი სვანეთში გეგონოს. თუმცაღა მესტიის ქუჩებში სეირნობა
მართლაც რომ ერთი დიდი სიამოვნებაა, ქალაქში დადიხარ და ირგვლივ უზარმაზარ,
თვალუწვდენელ, დათოვლილ მწვერვალებს ხედავ. ასეთი სანახაობა მართლაც რომ
იშვიათობაა, მაგრამ მესტიის ცენტრში ნამდვილ სვანეთს მაინც ვერ აღმოაჩენ, ამას
უფრო ძველ უბანში, ლაღამში თუ მოახერხებთ, რაზეც ცოტა მოგვიანებით გიამობთ,
მანამდე კი მესტიის განთქმულ მჟავე წყლებზე მოგიყვებით. საუკუნეების განმავლობაში
ადგილობრივები თვითმკურნალობას იტარებდნენ და ამბობდნენ,რომ ეს წყლები
განსაკუთრებით კარგია კუჭისთვის, მას დღესაც კი ეზიდებიან შინ და მიირთმევენ,
გემოთი კი მერწმუნეთ ნამდვილად გემრიელია. სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმს
რომ გასცდებით, პატარა ჩასახვევს უნდა გაჰყვეთ, სადაც მალე მდ. მესტიაჭალასთან
ჩასასვლელ პატარა ბილიკს დაინახავთ, აქ, მესტიის ჭალებში ბოჭკოლი მოედინება,
რომელიც მიწიდან ამოდის, მას რკინა მოჰყვება და წითლად გუბდება ხოლმე. უფრო ხშირი
სტუმარიც ჰყავს, თუმცაღა ჩვენ მუდამ ბეთქილის მჟავე წყლებთან დავდიოდით. ჩასვლას
ალბათ 20 წუთი მაინც სჭირდება,მაგრამ როცა მიეჩვევი ეს დრო უკვე აღარაფრად
გეჩვენება, მითუმეტეს როდესაც ბეთქილის მჟავე წყალს დააგემოვნებ. ბეთქილამდე
მისასვლელად მდ. მესტიაჭალასთან ჩასასვლელ ბილიკს არ უნდა ჩაუყვე, გზა უნდა
გააგრძლო და 100 მ–ში უზარმაზარ ქვას დაინახავთ, საიდანაც ბუნებრივი მჟავე, ცივი
და ოდნავ გაზიანი წყალი გამოდის. სწორედ ეს ადგილია ბეთქილი, უცნაურად ამოკვეთილ
უზარმაზარ ქვაში მომდინარი, რომელიც უფრო სასარგებლოცააო. ბეთქილზე ასევე არსებობს
ლეგენდაც, რომ ის და ნადირობის ქალღმერთი
დალი გამიჯნურებულან, თუმცაღა ბარად ჩამოსულ ბეთქილს სვანი ქალი შეჰყვარებია,
როდესაც დალის ეს ამბავი გაუგია მასთან მისულა და ბეთქილი კლდიდან გადმოუგდია.
მჟავე წყლების ნახვის შემდეგ
ხიდზე გადმოვედით და ა. ხერგიანის ქუჩას ავუყევით, სადაც წმ. ნიკოლოზისა და
ილარიონ ქართველის ეკლესია გვეგულებოდა,რომელნიც საპატრიარქოს რეზიდენციაში,
საეპისკოპოსოში მდებარებდნენ, სადაც კურთხევის გარეშე შესვლა აკრძალულია, ამიტომ
ისევ ტურისტებით გადავსებულ სეტის პარკს დავუბრუნდით, სადაც რამდენიმე, კარგად მოსუქებულმა ღორმაც
გამოისეირნა, ბურთით მოთამაშე ბავშვებმა ბურთს თავი დაანებეს და პატარა კენჭებით
ღორებს გამოეკიდნენ, რის შედეგადაც ისინი სეტის პარკიდან განდევნეს, თუმცაღა
მხოლოდ მცირე ხანი იყო გასული, რომ ჭყვიტინით პატარა გოჭუნა შემოვარდა და
აქეთ–იქით დაიწყო სირბილი, გახარებული ბავშვებიც უმალ მას გაეკიდნენ და ასე
გრძელდებოდა ჩვენს წამოსვლამდე. რადგანაც სეტის პარკზე დავიწყე საუბარი, აქვე
აღვნიშნავ მის ღირსშესანიშნაობებს, უზარმაზარ, ვეერბეთელა სკამებს, რომლებზედაც
თბილისის სკვერებში დადგმული სამი თუ არა ორი გრძელი სკამი მაინც დაეტევა. ამ
სკამებზე მიყრდნობა უბრალოდ შეუძლებელია თუ არ აცოცდი და ფეხებიც ზედ არ
შემოაწყვე, მაგრამ დასასვენებლად და წამოსაწოლად კი იდეალურია და ჩვეულებრივ
საწოლს გაბარიტებით ნამდვილად არ ჩამოუვარდება, ამიტომ ტურისტებიც შუადღით აქ
ეძლევოდნენ ხოლმე განცხრომას.
ერთი–ორი სიტყვით მესტიის
ბაზარზეც უნდა მოგახსენოთ.ყველასთვის ცნობილია,რომ სვანეთიდან აუცილებლად უნდა
წამოიღო სვანური მარილი, თაფლი, შებოლილი სულგუნი და კარტოფილი, თუმცაღა ეს
თითქმის წარმოუდგენელიც კია. დავიწყოთ იმით,რომ რასაც იქ ბაზარს ეძახიან თბილისში
კორპუსების პირველ სართულზე გახსნილი მარკეტის ხელაც კი არაა, შესასვლელში
გამოკრულ საინფორმაციო ქაღალდზე დიდი ასოებით აწერია განცხადება, თუმცაღა მის
ქვემოთ გაურკვეველ სიტყვებში მხოლოდ ციფრ 17–ს თუ გაარჩევთ, ფიქრობ სვანურიაო და
იმ იმედით,რომ რაიმე სვანურ ნატურალურ, ჯანსაღ პროდუქტს გამოკრავ ხელს „ბაზარშიც“
შედიხარ, სადაც მხოლოდ სამი კაცი ვაჭრობს. მეტნაკლებად მრავალფეროვნება არის,
თუმცაღა დახლებიდან დამტვერილი და დაბეჟილი პომიდვრები გიმზერენ. რომ გაიკითხავ
გეტყვიან გორიდანააო და მერე აღმოაჩენ რომ სვანეთის ბაზარში სვანები კი არა
გორელები ვაჭრობენ, რადგან აქ სექტემბრამდე არაფერი შემოდის. ერთი ნათელი წერტილი
ისაა,რომ შიგნით კედელზე დიდი ასოებით ამონაბეჭდი ფურცელია გამოკრული ზედ მოცინარი
სმაილებით დატანებული, რომელიც გატყობინებს: „თქვენ გაკისრიათ დიდი მისია, რომ არ
ახსენოთ სიტყვა ნისია!“, გვერდით კი მევალეების კოდირებული შავი სია აქვს გაკრული.
რადგანაც პროდუქტებზე დავიწყე საუბარი, აქვე გავაგრძელებ და გავაერთიანებ
გასტრონომიულ საკითხებს. მესტია განსაკუთრებით ძვირი ქალაქია, რადგან აქ ყველაფერი
უცხოელებზეა გათვლილი, მაგრამ რესტორნებში კერძები მაინცდამაინც ძვირი არ არის,
გასაკვირი და შესამჩნევია ის ფაქტიც,რომ აქ ყველგან ერთნაირი ფასებია და პორციებიც
თითქმის იდენტურია. ქალაქი კაფე–რესტორნებს მიაქვს, თითოეულ ქუჩაზე 2–3 მათგანს
მაინც შეხვდები,მაგრამ კუბდარი ყველგან 6 ლარი ღირს, ასევეა სხვა კერძებზეც,
თუმცაღა ერთი–ორი სიტყვით სვანურ კუბდარზეც მოგახსენებთ. ცომში გახვეული,
შეკმაზული ხორცი ოდითგანვე სვანების საყვარელი საჭმელი გახლდათ, თუმცაღა ვერც
სვანურმა კუბდარმა მოახერხა ჩვენი გაოცება, რამეთუ თუნდაც სამზარეულოში არა
სვანები, არამედ დაქირავებული, სამუშაოდ ჩამოსული სხვა კუთხის წარმომადგენლები
მუშაობენ, ამიტომ ადგილობრივები გამუდმებით გვეუბნებოდნენ ნამვილ კუბდარს მხოლოდ
ოჯახებში თუ შეჭამთო, თუმცაღა უნდა აღინიშნოს,რომ შედარებით უკეთესი კუბდარი
რესტორან „ლაილას“ აღმოაჩნდა. ეს რესტორანი ყველაზე სტრატეგიულ და პოპულალურ
ადგილზე მდებარეობს, მისი ტერასა სეტის პარკს გაჰყურებს და როდესაც არ უნდა ჩაიარო
მუდამ ტურისტებითაა გადატვირთული, კუბდარი მართლაც კარგი აქვთ,მაგრამ სხვა რამეზე
რა მოგახსენოთ. აქ სადილობისას ერთ კურიოზსაც შევესწარით, ეს ამბავი პოლონელ
ტურისტებს გადახდათ, ჩვენ გვერდით ისხდნენ, უცხოელები იყვნენ და ამაზე ბევრი
იცინეს, ქართველი კი აბა ერთ ამბავს დააყრიდა. მოკლედ, მიმტანებს ძალიან
გადატვირთული გრაფიკი აქვთ, ერთი წუთითაც ვერ ისვენებენ, თანაც გასავლელი გზა უფრო
გრძელია რამეთუ „ლაილაში“ ყველა ტერასაზე აგემოვნებს ქართულ კერძებს. პოლონელებმაც
გადაწყვიტეს ქართულ სამზარეულოს გაცნობოდნენ, ოსტრი და ხარჩო შეუკვეთეს. სულ სამნი
იყვნენ, მიმტანმაც ჩვენზე ადრე მიართვა თავიანთი კერძები და მათაც დაგემოვნება
დაიწყეს. შემდეგ უკვე ბორში მიუტანეს, რამაც უცხოელი სტუმრების გაკვირვება
გამოიწვია, მაღალმა და წვერებიანმა კაცმა თქვა – ეს მე არ შემიკვეთავს, მე ხარჩო
შევჭამეო. მიმტანი მის თეფშს დააცქერდა – ხარჩო კი არა ოსტრიაო. გაკვირვებულმა უცხოელმა
იკითხა აბა ჩემი ხარჩო სადააო,რაზეც მიმტანმა მიუგო,რომ მისი ხარჩო უკვე მის
მეგობარს შეეჭამა. თურმე სწორად რომ მიმტანს არევია კერძები, აბა პოლონელები რას
გაარჩევდნენ ქართულ კერძებს, ის ჭამეს,რაც მიუტანეს. დაბნეულები, თუმცაღა
გახალისებულები სხვებთან ერთად კიდევ დიდხანს იცინოდნენ. სვანეთშიც უცხოელებზე
უფრო დიდი მოთხოვნაა, რადგან ქართველებისგან განსხვავებით ისინი უპრეტენზიოები არიან
და სულ არ აინტერესებთ სად დაიძინებენ, სად დასხდებიან და რას მიირთმევენ. ეგ კი
არა, სწორედ რომ პოლონელებს ერთხელ თავიანთი ტანსაცმელის გარეცხვა სამზარეულოში,
ჭიქებთან და თეფშებთან დაუწყიათ, თუმცაღა საბედნიეროდ ფაქტზე გამოიჭირეს, როგორც
აღმოჩნდა ეს მათთან ჩვეული მოვლენა ყოფილა.
მართალია რამდენიმე რესტორანი
უყურადღებოდ დაგვრჩა, თუმცაღა სადაც ადგილობრივებმა გვირჩიეს და რომლებზეც
გვითხრეს,რომ საუკეთესოებია, ყველგან დავაგემოვნეთ კერძები. ყველაზე უკეთესი მაინც
„სანსეტი“ აღმოჩნდა, კუბდარს არაუშავდა, თაშ მუჯაბი არ მოგვეწონა, მაგრამ
დანარჩენი ყველაფერი საუცხოო ჰქონდათ. არც მათი ხინკალი არ ჩამოუვარდებოდა
თბილისის ცნობილი და სახელგანთქმული სახინკლეების ხინკლებს(აქვე ხინკალთან დაკავშირებული ერთი ამბავი მინდა მოვიგონო, ჩვენ წინ უცხოელები ისხდნენ, როგორც ჩანდა სანაქებო ხინკალი შეეკვეთათ. კარგა ხანს ელოდნენ და ბოლოს როცა მოუტანეს სახეზე სიხარული აღებეჭდათ, როგორც იქნა ქართული სამზარეულოს თვალსაჩინო წარმომადგენლის დაგემოვნებას შეძლებდნენ.ხინკალი თავიანთ თეფშზე გადაიღეს,ჩანგალი ჩაასვეს და კულტურულად მისი დაჭრა დაიწყეს, როცა დაასრულეს კერძს გაკვირვებულები უყურებდნენ, ვერ გაეგოთ ან ეს წვენი რატომ გადმოვიდა, ან საიდან მოვიდა და ვერც იმას მიმხვდარიყვნენ კარგი რესტორნის სახელდახელოდ მომზადებული კერძი ასე ნაკუწ-ნაკუწ რატომ დაიშალა, მაგრამ ამას ისინი არ შეუჩერებია, ხინკალი ძალიან მოეწონათ და კიდევ რამდენიმეს დაუწყეს დაჭრა და დაგემოვნება.),ოჯახური, კარტოფილი ფრი
და მწვადი უბრალოდ გენიალური იყო, საკმაოდ დიდი პორციები,რომლებიც თავის ფასს
ნამდვილად შეესაბამებოდნენ.
ქუჩის მოპირდაპირე მხრიდან
შემოგცქერის ამაყად მომზირალი კოშკი,რომელიც ხალხის ნაკლებობას არ უჩივის, თუმცაღა
ვერც მან შეძლო მაინცდამაინც ჩვენი
გაოცება. ერთ–ერთი ადგილი რომელში შესვლისგანაც თავის შეკავებას გირჩევდით,
ეს კაფე დეილია,რომელიც განსაკუთრებული სიძვირითა და უგემური საკვებით გამოირჩევა.
აქვე აღსანიშნავია ნამცხვების კაფე „Kate’s cake”, რომლისთვისაც კონკურენციის
გაწევა თბილისის ნებისმიერ წამყვან სანამცხვრეს გაუჭირდება, ყველა ამბობდა
მესტიაში ასეთ ნამცხვრებს თუ შევჭამდით როგორ წარმოვიდგენდითო, მიუხედავად
იმისა,რომ აქ ნამცხვრების მხოლოდ ერთი მაღაზიაა, უტიფარ მონოპოლიას არ ეწევა,
პირიქით, 2,5 ლარად საკმაოდ დიდი, გემრიელი ნამცხვრის დაგემოვნება შეგიძლიათ,
ისეთის,როგორსაც თბილისში ვერ იშოვით. მალ–მალე ეყიდებათ და ზოგჯერ გემრიელი
ნამცხვრის „დათრევაც“ ჭირს ხოლმე, თუმცა იქ ყველაფერი გემრიელია. როგორც ზემოთ
აღვნიშნე სვანეთში ყველაფერი უცხოელი ტურისტებისთვისაა გათვლილი, რომლებისთვისაც
დასასვენებლად დაგროვებული ათასობით ევროდან გადახურდავებული ლარი არაფერი არ
არის, მაგრამ წავაწყდი,რომ ქართველებისთვის ეს დიდი ფულია და დიდ ხარჯებთანაცაა
დაკავშირებული, განსაკუთრებით გამაოცა „Kate’s cake–ის” ფასებმა, რომლებიც
ქართველთათვის სერიოზულ შეღავათებს გულისხმობს. უცხოელებისთვის – 5 ლ;
ქართველებისთვის – 2,5 და ზოგიერთი რესტორანივით 100 გრ ნაყინში 5 ლარს არ
გახდევინებენ. სწორედ იგივე პრობლემას წააწყდებით სეტის მოედნიდან სხვადასხვა
ღირსშესანიობამდე გამავალ მანქანებთანაც, რაზეც უფრო მოგვიანებით
მოგახსენებთ. მანამდე კი მოგიყვებით თუ
როგორ აღმოვჩნდით მესტიის ბოლოში,ლაღამის ყველაზე ძველ უბანში, სადაც გვარლიანების
საგვარეულო კოშკში შევიჭყიტეთ და ნამდვილი სვანეთიც აღმოვაჩინეთ.
ბინდდებოდა,აგრილებულიყო და
მესტიის ქუჩებში გასეირნება გადავწყვიტეთ. უკვე კარგად ნაცნობ თამარ მეფის ქუჩას
მივუყვებოდით და გზის მაჩვენებელი აბრაც დავინახეთ - ლაღამის ფერისცვალების
ტაძარი, ახალი ადგილების დასალაშქრად წავედით. ცენტრიდან ტაძრამდე მისვლას სულ
ცოტა 1 სთ მაინც უნდა. გზა რამდენჯერმე გავიკითხეთ, ბოლოს კი ერთ ჩიხს მივადექით,
ბოლოში გავედით და ეკლესია რომ ვერ ვიპოვნეთ გვითხრეს უკვე გამოცდითო. გუმბათოვან,
ანდა ბაზილიკური ტიპის ტაძარს ვეძებდით, თუმცაღა მის ნაცვლად აღმოვაჩინედ უჩვეულო,
მეტად საუცხოოო უძველესი სვანური ეკლესია,
რომელიც ორი სართულისგან შედგება. პირველი სართული,რომელშიც ვერ შევედით, რადგან
როგორც გვითხრეს მისი გასაღები არ გააჩნდათ მე-9 საუკუნითაა დათარიღებული, ხოლო
მასზე დაშენებული მეორე სართული კი მე-12 საუკუნისა გახლავთ. ტაძარი შიგნიდანაც
მეტად უჩვეულო და საინტერესოა, თუმცაღა ასეთივე წყობას გადავაწყდით ლამარიის
მონასტერშიც,რაზეც ცოტა მოგვინებით გიამბობთ, მანამდე კი სვანური ტაძრის
აგებულებაზე გესაუბრებით. თავდაპირველად საშუალო სიგრძის დერეფანში
შედიხარ,საიდანაც გასასვლელია ძირითად დარბაზში,რომელიც საკმაოდ მომცრო ზომისაა.
მიუხედავად იმისა,რომ ლაღამის ფერისცვალების ტაძარში გვიან ვიყავით მაინც შევძელით
და მოვათვალიერეთ საუცხოო და თვალწარმტაცი უძველესი ფრესკები. სანამ ეკლესიამდე
მივიდოდით, გამოვიარეთ ხერგიანების სახლ-მუზეუმიც, რომელიც მთებთან განსაკუთრებით
ახლოს დგას. თითოეული ნაბიჯის გადადგმისას გვეუფლებოდა შეგრძნება თითქოს სულ უფრო
და უფრო ვუახლოვდებოდით ამაყად მომზირალ მთებსა და მწვერვალებს. ზოგადად, ლაღამის
უბანი მესტიის ყველაზე ძველი უბანია, აქ უფროა შენარჩუნებული ძველი იერსახე და
ქვით ნაშენებ სახლებსა თუ კოშკკებსაც უფრო შეხვდები.
აქვე არ შემიძლია არ
მოვიხსენიო და მადლობა არ გადავუხადო ძირძველ, ჭეშმარიტ სვანებს, გვარლიანების
ოჯახს, რომელთა უშუალო დახმარებითაც შევძელით ლაღამის ტაძრის დათვალიერება და
შემდეგ ნებაც დაგვრთეს თავიანთ საგვარეულო კოშკში შეგვეჭყიტა. სვანური კოშკის
აგებულებასა და დანიშნულებაზე ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ, როდესაც მარგიანების
კოშკის შესახებ მოგითხრობთ, უბრალოდ აქვე მოვიგონებ გვარლიანების ნათქვამს, რომლის
მიხედვითაც კოშკი ყველა ოჯახს არ გააჩნდა და ჰქონდათ მხოლოდ მათ, ვინც ძლიერი
გვარისანი იყვნენ და ძლიერი ოჯახიც ჰყავდათ, რაც შეეხება მათ საგვარეულო კოშკს,
შიგნით საშუალება გვქონდა გვენახა უძველესი სვანური სკივრი და ოჯახის უფროსის -
მახვშის უძველესი სავარძელი,რომელიც ყველა ოჯახს თავისი და ერთმანეთისგან
განსხვავებული ჰქონდა.
მესტიის ცენტრიდან 100 მ-ში,
შემაღლებულ ბორცვზე მდებარეობს ახლად აშენებული ტაძარი,რომელიც როგორც ჩვენ გვითხრეს
მაცხოვრის სახელობისაა. ყველაზე უჩვეულო და ყურადღების მიმპყრობი გახლავთ ეკლესიის
მარჯვენა კუთხეში განთავსებული წმ. გიორგის ხატი,რომელზედაც მოოქროვილ ხატში
დაცემული გვლეშაპის ადგილას გვევლინება ადამიანი, რომელიც სინანულს გამოხატავს,
წმ. გიორგის ხატის გარშემო კი წმინდანების სახეებია გამოსახული, მათ შორის არიან
თვით იესო ქრისტე, მარიამ ღვთისმშობელი და არქანგელოზი. ქალაქის ცენტრში, სეტის
მოედანზე, სასაფლაოსთან მდებარეობს კიდევ
ერთი ძველი წმ. გიორგის სახელობის ეკლესია.
მომდევნო დღეს ევროპის
უმაღლესი სოფლისა და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის - უშგულის დასალაშქრად
გავსწიეთ, თუმცაღა სანამ ამ არნახული მოგზაურობის შესახებ მოგიყვებოდეთ, მანამ
ერთი მეტად საინტერესო და უცნაური ფაქტის შესახებ მინდა მოგახსენოთ, რომელიც
ადგილობრივებისგან გავიგეთ და ჩვენც გაოცებულები დაგვტოვა. სვანეთში გაზი არ აქვთ,
თუმცაღა ეს პრობლემას სულ არ წარმოადგენს, იქ ყველაფერი დენზე და წყალზეა
აწყობილი, რამეთუ ისინი არც დენისა და არც წყლის გადასახადს არ იხდიან და არც
არასდროს იხდიდნენ. მოგახსენებენ წყლის ქვეყანაში წყლისთვის ფული როგორ
გადავიხადოთო, ხოლო დენზე კი გეტყვიან ენგურჰესი აქ არ გვაქვსო?
მესტიიდან უშგულამდე მანძილი
45კმ-ია, მაგრამ საშინელი გზის გამო დანიშნულების ადგილამდე 2 საათი მაინც
გჭირდება. როგორც აღვნიშნე იქ მხოლოდ Delica-ს შეუძლია ასვლა, ისინი სეტის
მოედნიდან გადიან და მანქანის დაქირავება 200 ლარი ღირს, შეგიძლია იქამდე დარჩე,
სადამდეც გინდა. უშგულამდე მიმავალი გზა მართლაც რომ საუცხოოა, გიწევს
მდინარეებისა და წყალვარდნილების გადალახვა, თვალწინ იშლება ულამაზესი ხედები,
გადიხარ მთის კალთებზე და გზა ისეთი ვიწროა, რომ ზოგჯერ ერთმანეთის საპირისპიროდ
მიმავალმა მანქანებმა ერთმანეთს გვერდი რომ აუქციონ კილომეტრითაც კი შეიძლება
მოგიწიოს უკან დახევა ოდნავ ფართო, გვერდასაქცევი გზა რომ მონახო. სანამ უშგულში
მიხვალ, გზად შეგხვდება სოფ. იფარი თავისი ჯადოსნური, თვალწამრტაცი და
არაჩვეულებრივი ხედებით, სადაც არ უნდა გაიხედო თვალუწვდენელი მთები გესახება, მათ
შორის გამავალი გზის გადმოღმა კი ერთ-ერთი ტრადიციული და ულამაზესი სოფელი იშლება.
სვანეთში ბევრი გვარია, თუმცაღა მხოლოდ ერთის ისტორიის შესახებ შევიტყვეთ და
რადგანაც მან ასახვა ჩემს მოთხრობაში - „დადაშ გულბანი“ ჰპოვა და სოფ. იფარსაც
უკავშირდება აქვე მოვიგონებ. ისტორია გვარ გულბანს ეხება, როგორც გვითხრეს ამ
გვარის წარმომადგენლები სწორედ რომ იფარიდან არიან და ისინი გამუდმებით „ძველი
ბიჭები“ ყოფილან, ეს მათ სისხლში საუკუნეების განმავლობაში ყოფილა, აგრეთვე რთული
იყო გულბანი ქალის გათხოვების საკითხი და თუ მომავალი სიძე „ნახიშტარი“ არ იქნებოდა, მას ქალს არ გაატანდნენ.
მორიგი ღირსშესანიშნაობა რაც გზად გვხვდება სიყვარულის კოშკია, რომლის
დანახვა გზიდანაც შეიძლება. გარედან ჩვეულებრივ სვანურ კოშკს მოგვაგონებს, მაგრამ
გამორჩეული თავისი ისტორიითაა, როგორც გიორგი ქალდანმა მოგვახსენმა ლეგენდის თანახმად,
კოშკის აგება ქალ-ვაჟის უკვდავყოფილ სიყვარულს ეძღვნება. კაცი სანადიროდ წასულა,
გოგონა კი იმ ქვაზე ელოდა, რომლის ადგილზეც ახლა კოშკია აგებული, ნადირობისას ბიჭი
დაღუპულა, ქალს კი ქვაზე ცხარე ცრემლები
დაუღვრია, როდესაც მამამისმა შვილის ასეთი გაუბედურების ამბავი გაიგო იმ ქვის
ადგილზე ქალიშვილისთვის კოშკი აუშენებია, რომელსაც სიყვარულის კოშკის სახელით
იცნობენ.
უშგულისაკენ მიმავალი გზა გრძელდება, საუცხოო ხედები კი არადა არ
მთავრდება, ამასობაში ჩვენს მძღოლს უშგულის სახელის მნიშვნელობა ვკითხეთ, მან კი
მოგვიგო რომ უშგული სვანურად უკუღმართს ნიშნავს, თუმცაღა სოფლის შესასვლელში
აღმართული აბრა იტყობინება,რომ პუბლიცისტ ბესარიონ ნიჟარაძის თანახმად სახელწოდება „უშგული“ წარმოშობილია ტოპონიმიდან
„უშიშარი გული“.
უშგული ევროპის ყველაზე მაღალ სოფლად ითვლება, შესულია იუნესკოს მსოფლიო
მემკვდირეობის ძეგლთა სიაშიც. იქ ყოფნისას გეუფლება განცდა,რომ ყველაფერს
მოწყვეტილი ხარ, გარშემო მხოლოდ უკიდეგანო მთებია, ჩრდილოეთით კი გესახება მუდამ
თოვლიანი მედიდური, გრანდიოზული შხარა, რომელიც საქართველოს უმაღლესი მწვერვალია.
უშგულში რამდენიმე ეკლესიაა, თუმცაღა მონახულებით ლამარიას ეკლესიის ნახვაა
შესაძლებელი. ეს ბაზილიკური ტიპის ტაძარია, ისეთივე აგებულების,როგორიც ლაღამში
ვნახეთ, გრძელი დერეფნითა და მომცრო სარიტუალო დარბაზით. ლამარიას ეკლესია უშგულის
ბოლოში, განცალკევებით გორაკზე მდებარეობს და სწორედ ისაა ერთადერთი
დამაკავშირებელი რგოლი უშგულსა და შხარას შორის.
ასევე უშგულში მდებარეობს თამარ მეფის საზაფხულო და საზამთრო
რეზიდენციებიც, სწორედ რომ მხოლოდ სვანეთში მდებარეობს თამარის ორივე რეზიდენცია.
მთაზე თამარ მეფის კოშკთან ერთად პატარა ეკლესიაც გვხვდება, მაგრამ იქიდან
გადმოშლილი ხედით აღტაცებულს სხვა ყველაფერი გავიწყდება. მთები ჰორიზონტზე
გესახება, ხოლო ევროპის უმაღლესი სოფელი კი დაბალ, ჩავარდნილ ადგილად. იქიდან
ხელისგულით მოჩანს მთლიანი უშგული, შხარა და შორეულ წერტილად ლამარიაც გევლინება. მესტიისგან
განსხვავებით აქ ძველი სვანეთი ყველაზე კარგადაა შენახული და უშგული სწორედ რომ
ასეთი ტრადიციული ერთადერთი სოფელია სვანეთში. ქუჩებში მრავლად ნახავ მიტოვებულ,
ჩამონგრეულ უძველეს სვანურ სახლებსა და მათზე მიდგმულ კოშკებს. თანამედროვე
ურბანიზაციას აქ ნაკლებად გაუდგამს ფესვები. მაგრამ ეს ყველაფერი არაა, უშგულის
მუზეუმები ერთ-ერთი საუკეთესო რამაა, რასაც საქართველოში ნახავ. კოშკში
განთავსებული მუზეუმი, რომელშიც უძველეს ბიჟუტერიასთან ერთად შეხვდებით მრავალი
საუკუნეების წინ გამოჭედილ და შექმნილ ხატებს, რომლის ანალოგებს მსოფლიოში ვერსად
იხილავთ, ერთადერთი მესტიაში, სვანეთის მუზეუმში შეიძლება მათი ნახვა. თუმცაღა
განსხვავებით მესტიისაგან, უშგულის მუზეუმში შენახული სიძველენი მხოლოდ უშგულის
ტერიტორიაზეა აღმოჩენილი და ნამდვილად დასანანია,რომ ასეთ საუცხოო მუზეუმს ასეთი
უვიცი და არაპროფესიონალი თანამშრომლები ჰყავს, რომლებიც არაფრის აზრზე არ იყვნენ
და მამაჩემს ეკითხებოდენ რომელ ხატზე ვინ იყო გამოსახული.
მეორე ძალიან მაგარი მუზეუმი უშგულის ეთნოგრაფიული მუზეუმია, რომელიც
სახელმწიფო არაა და მას ჩარქსელიანების ოჯახი ჰპატრონობს. არ შემიძლია
აღფრთოვანება დავმალო ამ მუზეუმისა და ამ ბიჭების მიმართ, რომელთაც უამრავი სვანური
ტრადიციის შესახებ გვიამბეს და სვანურ კულტურასაც გვაზიარეს, სიტყვებით ვერ
გადმოვცემ რა განცდაც გეუფლება და ალბათ ვერც ამ ყველაფერს ავწერ, ამიტომ ტექტს დავურთავ
ჩემ მიერ გადაღებულ ფილმსაც, რომელშიც ნათლად ჩანს და თითქმის უშგულის
ეთნოგრაფიული მუზეუმის ყველა დეტალია გაშუქებული. პირველად რომ შევიხედე თითქოს
არაფერი, უბრალოდ ხის ნივთები იყო, მაგრამ ალუდა ჩარქსელიანმა თითქოს ამ უსული
საგნებს სული შთაბერა, ჩვენ თვალწინ გააცოცხლა ისინი, ძველი სვანეთი თვალწინ
გადაგვიშვალა და ღრმა წარსულში ბრწყინვალე გიდობაც გაგვიწია.
რადგანაც უშგული მეტ-ნაკლებად საკმაოდ კარგად მაქვს გადაღებული და
აღწერილი, მეტს აღარ დავწერ და თავს აღარ შეგაწყენთ. უბრალოდ რამდენიმე დეტალს
მოვიგონებ. ლამარიასკენ მიმავალი გზა ნიჟარაძის კაცმა მიგვასწავლა, სანამ გზას
გავაგრძელებდით ცოტა გამოვილაპარაკეთ კიდეც. ტურიზმზე საკმაოდ გულნატკენი
საუბრობდა, თქვა რომ ერთი მხრივ კარგი იყო, რადგან ხალხმა ფული იშოვნა და ცოტა
ამოისუნთქა, მაგრამ მეორე მხრივ ტურიზმმა და ფულის გემომ ხალხი მთლიანად შეცვალა,
მისივე თქმით დღეს სვანეთში ძმა ძმას აღარ მიიღებს, რადგან ეტყვის ტურისტები მყავს
და ადგილი აღარ მაქვსო. მართლაც ასეა, საოჯახო სასტუმროებში ყველა ოთახი
გადავსებულია და მასპინძლები ლამის მისაღებში დივანზე წვანან. ესეც გაცხოველებული
ტურიზმის უარყოფითი შედეგი. ასევე უშგულში კოშკთან ჩამომჯდარი ძირძველი სვანებიც
აღმოვაჩინეთ, სურათის გადაღების ნებართვა ვთხოვეთ, დაგვთანხმდნენ და კაცმა თმების
შესწორებაც დაიწყო, მაგრამ რაც ყველაზე მეტად გამიკვირდა იყო ის,რომ მიახლოებულს მკითხა
კომპიუტერით გამომიგზავნიო?
უშგულიდან წამოსვლისას გვქონდა პატივი გვენახა ღამით საჭმლის საძებნელად ტყიდან გამუსული მელაკუდა, რომელიც მანქანის დანახვისთანავე კვლავ ტყისაკენ გაცუნცულდა.
უშგულიდან წამოსვლისას გვქონდა პატივი გვენახა ღამით საჭმლის საძებნელად ტყიდან გამუსული მელაკუდა, რომელიც მანქანის დანახვისთანავე კვლავ ტყისაკენ გაცუნცულდა.
ნელ-ნელა ფინიშს
ვუახლოვდებით, მხოლოდ მესტიის მუზეუმსა და მარგიანების კოშკზე დაგვრჩა სასაუბრო. ერთ
კვირაში შეუძლებელია სვანეთის სრულიად შეცნობა, ამას ემატება ისიც,რომ წვიმიანმა
ამინდმა თითქმის ერთი სრული დღით მთლიანად მოგვწყვიტა ტურისტულ მკვლევარობას და
გრაფიკიც სრულიად აგვირია. მესტიის მუზეუმს, რომელიც ქალაქის ცენტრში დგას რატომღაც
ყველა ბოლოსკენ იტოვებს, შემდეგ კი ხდება ხოლმე რომ მას საერთოდ ვეღარ ნახულობენ,
ჩვენ გაგვიმართლა. მსოფლიოს მუზეუმების ათეულში შესული, სვანეთის ისტორიული და
ეთნოგრაფიული მუზეუმი ნამდვილად საუცხოო სანახაობას გვთავაზობს. უძველესი სვანური
მიწის დასამუშავებელი იარაღები, ტრადიციული ტანისამოსი, სხვადასხვა კულტურისა და
ქვეყნების უძველესი მონეტები, ცნობილი ფოტოგრაფების თვალით დანახული სვანეთი,
უძველესი ხატები და ჯვრები, სხვადასხვა ხელნაწერები, ოთხთავები, ხმლები, ხანჯლები,
დამბაჩები და გრძელლულიანი თოფები, სამკაულები, ეს ის არასრული ჩამონათვალია,
რასაც აღტაცებაში მოყავხარ, ალბათ უძველესი სვანური სკამები და ნივთებიც
გაგაკვირვებს, მაგრამ როდესაც უშგულის ეთნოგრაფიული მუზეუმი გინახავს ეს უკვე
აღარაფრად გეჩვენება, თუმცა სხვა დანარჩენი ნამდვილად საუცხოოა.
ბოლო დღეს სვანეთის უძველეს
და ისტორიულ უბანს ლანჩვანს ვესტუმრეთ, რომელიც მესტიის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი
ადგილია. აქ საშუალება გვქონდა მარგიანების კოშკს ვსტუმროდით. შიგნით მიდგმული კიბეები საშუალებას იძლევა კოშკში
იძრომიალო და სახურავიდანაც გადმოიხედო. აქვე მოგახსნებეთ სვანური კოშკის
დანიშნულებასა და აგებულებაზე. მას მხოლოდ თავდაცვისთვის იყენებდნენ, მტერი შიგნით
ვერ აღწევდა, სარკმლებიდან კი შესაძლებელი იყო მათი მოგერიება, გარდა ამისა კოშკის
ფორმა, მისი წაწვეტებული, მჭრელი გვერდები საშუალებას იძლევოდა ზვავი გაეკვეთა და მოსახლეობა
სტიქიისაგან ეხსნა. რიგ შემთხვევაში კოშკებს საწყობების ფუნქციაც ჰქონდა.
განსხვავება მხოლოდ სივრცეებშია, ზოგი კოშკი უფრო განიერია,ზოგი კი ნაკლებად.
მარგიანების კოშკიც ოთხი სართულისგან შედგება, სართულებში გადასვლა იატაკში
ამოტეხილ ნაპრალებზე მიდგმული კიბეებითაა შესაძლებელი. მარგიანების კოშკში
სარკმელებთან ასევე აღმოვაჩინეთ ცხოველის საკმაოდ ძველი ნაშთები, რქები და ქვედა
ყბის ძვლები.
ნანახი და განცდილი აღწერილს
ყოველთვის სჯობს, მაგრამ შევეცადე სვანეთის დადებითი და უარყოფითი მხარეები,
შთაბეჭდილებები ნათლად გადმომეცა. მეგზურის როლიც კი მოვირგე და თუ რომელიმე
თქვენგანი სვანეთში გადაწყვეტთ წასვლას იმედია ჩემი დოკუმენტური თხზულება გზის
გაკვლევაში ცოტა მაინც დაგეხმარებათ და გეცოდინებათ რა უნდა ნახოთ და რას უნდა
მოელოდოთ ამა თუ იმ ადგილისგან, მაგრამ ერთი რამ ცხადია, სვანეთი ეს ის ადგილია,
სადაც სიცოცხლეში ერთხელ მაინც უნდა წახვიდე და აუცილებლად იხილო საქართველოს ეს
ძირძველი და ისტორიული მხარე, რადგან თუ სვანეთში არ ყოფილხარ, საქართველო არ
გინახავს.
ენგურჰესი
ჰაწვალის საბაგირო
ზურულდის მთა
სვანური სფინქსი
ბეთქილის მჟავე წყლები
სვანეთის "ბაზარი"
გვარლიანების საგვარეულო კოშკი
სიყვარულის კოშკი
ძირძველი სვანები
ხედი მარგიანების კოშკის სახურავიდან
გიორგი ჩაჩხიანი
No comments:
Post a Comment