ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე
ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

Monday, September 12, 2016

ომის აქსიომა

      1944 წლის ზამთარი იყო. პოლკოვნიკი იოვანოვიჩი უნგრეთის მიწებზე გაბედულად მიაბიჯებდა. თან ათიოდე მძიმედ აღჭურვილი მეომარი, ერთი ტანკი და ერთიც ძველი გადასაზიდი მანქანა მიჰყვებოდა. თუ ჯარისკაცების ნაბიჯების მძიმე ხმას არ ჩავთვლით ტყეში გამეფებულ სიმშვიდეს არაფერი არღვევდა. ჩიტები ისე ჟღურტულებდნენ თითქოს არაფერი მომხდარიყო და რამდენიმე ათასი კილომეტრის მოშორებით სისხლისმღვრელი ბრძოლა არ გაჩაღებულიყო. პოლკოვნიკმა იოვანოვიჩმა თავისი ომი რამდენიმე დღის უკან გადაიხადა. რთული ბრძოლა იყო, მტერი რაოდენობრივად ჯობნიდა, მაგრამ გამარჯვება მაინც მოიპოვა, იმის ფასად,რომ ისედაც შეთხელებული ასეულიდან მხოლოდ ათიოდე მებრძოლიღა დარჩა. დავალება შემდეგში იყო, ხვალ ბუდაპეშტამდე უნდა ჩაეღწია და კოზლოვის მრავალრიცხოვან რაზმს შეერთებოდა, საბჭოთა ჯარებს ბუდაპეშტი უნდა აეღოთ, ეს ზემოთ უკვე გადაეწყვიტათ და როგორც ჭეშმარიტ ჯარისკაცს შეჰფეროდა ბრძანება უნდა შეესრულებინა. თავად რუსი არ გახლდათ. დუბრავკო იოვანოვიჩი სერბი იყო, ბავშვობიდან მექანიკოსობაზე ოცნებობდა, მაგრამ ცხოვრებამ ჯარისკაცად, მეომრად გამოჭედა. ომის საშინელება საკუთარ თავზე გამოეცადა. ბავშვი იყო, როდესაც ავსტრო-უნგრელებმა ოჯახი ამოუხოცეს. მაშინ დაიმსხვრა მისი ოცნებები, იდეალები და ჯარისკაცი გახდა.მასზე ბედნიერი კაცი არ იყო, როდესაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. ნაცნობ გენერალს თავად შესთავაზა და სთხოვა უნგრეთში საომრად გაეშვათ, ისინიც სიხარულით დასთანხმდნენ და ახლა დამშვიდებული, მრავალი უნგრელის დაღვრილი სისხლით გულგაჯერებული ამაყად მიიწევდა დედაქალაქისკენ, რომელსაც მალე შავი კვამლი აუვიდოდა და მისი ქუჩები ხასხასა სისხლით მოირწყვებოდა.
   პოლკოვნიკმა ჰორიზონტს გახედა.ტყე მთავრდებოდა, მაგრამ გზა თითქოს მარჯვნივ გაეკვალათ, მიწას ჯერ კიდევ ეტყობოდა ორთვალას მიერ დამჩნეული კვალი. ძველი იყო,მაგრამ კარად შენახული. დუბრავკომ დანაყოფი შეაჩერა. დაიხარა და ნიადაგს ხელი შეახო.
-რამდენიმე დღისაა - თქვა მან.
-ბუდაპეშტი იქითაა,სერ - დაბალმა, გამურულსახიანმა იოვანოვიჩს გაშლილი ველებისკენ მიუთითა.
-ვიცი, რამდენიმე საათში ჩავალთ, გრაფიკს არ ჩამოვრჩებით. რას იტყვით, ბიჭებო, ცოტა ხომ არ შეგვესვენა?
-კარგი აზრია, პოლკოვნიკო - ქანცგაწყვეტილმა ჯარისკაცებმა შვებით ამოისუნთქეს.
-შევისვენებთ, ვნახოთ გზას სად მივყავართ და იქ შევისვენოთ - თქვა და ნაბიჯი გაკვალული გზისკენ გადადგა, შეკამათება ვერავინ გაბედა და პოლკოვნიკს უხმოდ გაჰყვნენ. გზა უფრო და უფრო ფართოვდებოდა, ხეები აქა-იქ მოეჭრათ და ნიადაგიდან ამოშვერილი მორები ნელ-ნელა ლპობას მისცემოდნენ. ეს ადგილი შთაბეჭდილებას ჰქმნიდა,რომ აქ ვიღაც ცხოვრობდა. დუბრავკოს რუკა რომ არ ჩავარდნოდა ხელთ და რომ არ გაეგო, რომ ტყის გავლით უფრო მალე ჩავიდოდნენ ბუდაპეშტში ამ ადგილს ვერც მოაგნებდნენ და ვერც შეიტყობდა აქ ცხოვრება საერთოდ შესაძლებელი თუ იყო. უეცრად შედგა და ჭოგრიტი ამოიღო. შორს, სადაც ტყე მთავრდებოდა და პატარა ველი იშლებოდა მარტოსული სახლი იდგა, წინ კი ცხენშებმული ორთვალა ეყენა.
-რა არის? - ჰკითხა ვიღაცამ.
-სახლია.
-სახლი, ამ მიყრუებულში?
-ჰო, აქ ააშენეს, ეგონათ, რომ ვერავინ მოაგნებდა და ომის ბასრ და საზარელ კლანჭებს დაუძვრებოდნენ.
-რას ვაპირებთ? - დუბრავკომ შერჩენილ საგზალს შეხედა, შიგნით დაობებული ნახევარი პური და რამდენიმე ნაჭერი ძეხვი ეგდო.
-საჭმელი არ გვაქვს, წყალიც გვითავდება, იქ კი ჭაა, მათ ვესტუმრებით. - ჩაიღიმა და თავისი ჩაყვითლებული კბილები გამოაჩინა. 
   სახლს მიუახლოვდნენ. მანქანის ძრავი არ გამოერთოთ, იარაღები შემართეს და ხმამაღლა დაიძახეს. არავინ რომ არ გამოეპასუხა, ჰაერში რამდენჯერმე გაისროლეს. შემდეგ კი კარები ნელ-ნელა გაიღო,ზღრუბლს უკან ერთი საბრალო, შეშინებული გამხდარი კაცი იმალებოდა. ხელები მაღლა ჰქონდა აწეული. ნაბიჯები გაუბედავად გადმოდგა და გარეთ გამოვიდა.
-გამარჯობა - მიუგო გერმანულად, იოვანოვიჩმა ეს ენა საკმაოდ კარგად იცოდა.
-მარტო ცხოვრობ? - კაცმა თავი დაუქნია. მთელი სხეულით თრთოდა, ხელები ჯერ კიდევ ჰაერში ჰქონდა აწეული. - საჭმელი გვინდა, ორი დღეა არაფერი გვიჭამია.
-ბევრი მეც არ მაქვს.
-ჩვენზე მეტი მაინც გექნება, რაც გაქვს გამოგვიტანე.
-ახლავე - უთხრა და მაშინვე სახლში შებრუნდა. მანამდე ორი ჯარისკაცი ჭასთან მივიდა წყლის ასაღებად.  კაცი მალევე დაბრუნდა. აკანკალებულ ხელში ნახევარი პური ეჭირა. დუბრავკოს მიუახლოვდა და პური გაუწოდა.
-ეს რა არის, ეს ვის უნდა ეყოს, მეტი არაფერი გაქვს?! - ჰკითხა გაბრაზებით.
-არა. - უნგრელმა ძლივსძლივობით ამოილუღლუღა.
-წინააღმდეგი ხომ არ იქნები შემოვიდეთ და შევამოწმოთ? - კაცს თვალებში შიში ჩაუდგა, თუმცაღა ვეღარაფრის თქმა ვერ მოასწრო. დუბრავკო და რამდენიმე ჯარისკაცი მის სახლში დაუკითხავად შეიჭრნენ. პატარა სახლი იყო, სამზარეულოს მაშინვე მიაკვლიეს. კაცს ძველი მაცივარი ჰქონდა. პოლკოვნიკმა გამოაღო. შიგნით მთლიანი ყველი, ხორცის ნაჭრები და რამდენიმე ვაშლი იდო.
-ესაა, მეტი არაფერი მაქვსო?! - იოვანოვიჩმა კარი მიაჯახუნა, რევოლვერი ამოიღო, კაცს ეძგერა, საყელოში ჩაავლო და კედელს მიანარცხა. იარაღი მიუშვირა. უნგრელმა ხელები აღმართა, კედელს მიეკრა, უფრო და უფრო დაპატარავდა.
-გთხოვთ, გემუდარებით არ მომკლათ, მაპატიეთ, გთხოვთ, მაპატიეთ...
-შენ მე მომატყუე, მე კი ტყუილს არასდროს ვპატიობ - თქვა და სასხლეტს თითი გამოჰკრა, სისხლი კედელს შეეშხეფა და იატაკისკენ ნელ-ნელა დაიწყო ჟონვა. უეცრად კივილის ხმა გაისმა. დაბნეულმა ჯარისკაცებმა მაშინვე ირგვლივ მიმოიხედეს და იარაღები მოიმარჯვეს.
-ხმა იქიდან იყო - დუბრავკომ კუთხეში მდგარ დაბალი ტანის მქონე კარადაზე მიუთითა, ამხანაგს გადახედა და თავი დაუქნია. მანაც არ დააყოვნა და მსხვილკალიბრიანიდან კარადას სამჯერ ესროლა. ტყვიებმა ხე გახეთქეს და ფიცრულში ღრმულები გაჩნდა, საიდანაც ცისფერი ქსოვილი გარკვევით მოჩანდა. კარების კიდიდან იატაკზე სისხლმაც მცირე ზოლად გამოჟონა. პოლკოვნიკმა თავით ანიშნა. გამურულსახიანი კაცი კარადას ნელ-ნელა მიუახლოვდა, გამოაღო და ფეხით ახალგაზრდა ქალის გვამი იატაკზე გადმოაგორა. ქალის წითელი თმა გაიშალა და სისხლის დამდგარ გუბეში ჩაეფლო.
-პოლკოვნიკო - იოვანოვიჩმა მზერა ჯერ რიგითს მიაპყრო, შემდეგ კი კარადას,რომლის სიღრმეშიც თავდახრილი, მუხლებზე ხელებშემოხვეული პატარა ბიჭი ერთიანად ცახცახებდა. ჯარისკაცი მაშინვე მასთან მიიჭრა და ბავშვი გარეთ გამოათრია. თავი ააწევინა. 6-7 წლის ბიჭი იქნებოდა, ცრემლები სახეზე ღაპაღუპით ჩამოსდიოდნენ, ცდილობდა მის ფეხებთან დაგდებული გარდაცვლილი დედისთვის არ შეეხედა, აცრემლებული თვალებიდან დუბრავკოს შეცბუნებულ მზერას ბუნდოვნად ხედავდა.
-ბიჭს რა ვუქნათ? - პოლკოვნიკს ჰკითხა გამურულსახიანმა. იოვანოვიჩი ბავშვს მონუსხული შესცქეროდა, იატაკზე მუხლებზე დამხობილ პატარა, აცახცახებულ უმწეო ბავშვს უყურებდა და მასში არა შავგვრემან უნგრელ ბიჭს, არამედ ქერა სასოწარკვეთილ ბავშვს ხედავდა, ეს ბავშვი მასზე მხოლოდ 2 წლით იქნებოდა უფროსი, ეს ბიჭი თავად დუბრავკო იყო. მოგონებები აეშალა, ყველაფერი გაახსენდა. მთელი წლების განმავლობაში გაურბოდა თავის წარსულს, ცდილობდა ამაზე არ ეფიქრა და ყველაფერი დაევიწყებინა, ეგონა, რომ ყველაფერი ღრმად დაემარხა,მაგრამ მწარედ შემცდარიყო. ახლა ყველაფერმა მძლავრი ვულკანივით ამოხეთქა და მოგონებები გონების ზედაპირზე ამოეშალა. წინ სამხატვრო გამოფენასავით მოეფინა, თითოეული კადრი, ეპიზოდი წარუშლელ სურათად ქცეულიყო და მათით გადავსებულ უსაზღვრო მაგიდას პოლკოვნიკი ახლა ისევე რეალურად ხედავდა, როგორადაც გულის აჩქარებას გრძნობდა. თითოეული მომენტის გახსენება შეეძლო, არ უნდოდა, მაგრამ ვერაფერს ახერხებდა და მოგონებები თავისი სურვილისდა მიუხედავად თვალწინ გადაეშალა.
   1914  წელს განსაკუთრებით ცივი ზამთარი იყო, ალბათ იმიტომ, რომ არა მხოლოდ ბუნება, არამედ ადამიანთა გულებიც გაყინულიყო. ისინი ომისგან გამოწვეული კანკალით ცახცახებდნენ. ცეცხლის კერასთან ისხდნენ, მამას ხელში ძველი რადიო ეჭირა და ყველანი დიქტორის ხმას დაზაფრულნი უსმენდნენ.  ჯერ კიდევ 28 ივლისს ავსტრია-უნგრეთს სერბეთის წინააღმდეგ ომი გამოეცხადებინა. პირველი-ორი დღე ვერაფერი იგრძნეს, მერე კი ყველაფერი შეიცვალა. საზარელი ჭურვების ხმა პირველად 16 ნოემბერს გაიგეს,როდესაც ავსტრო-უნგრელებმა ოსკარ პოტიორეკის მეთაურობით მდ. კოლუბარას მიაღწიეს თავიანთი მესამე შემოჭრის დროს და სტრატეგიული ქალაქი ვალევო აიღეს. დუბრავკოს სოფელი ქალაქიდან რამდენიმე კმ-ში მდებარეობდა. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ გაქცევა ვერსად მოასწრეს, სერბეთის ჯარებმა უკან დაიხიეს, ავსტრო-უნგრელებმა ყველა გზა ჩაკეტეს. შიშსა და ტერორში სამი დღე ცხოვროდნენ, მეოთხე დღეს სოფელში პირველი ტანკი გამოჩნდა. გაახსენდა თუ როგორ დამალა მამამ ისინი საკუჭნაოში, რომლის კარებსაც პატარა ღარები ჰქონდა და იქიდან მთავარი ოთახი თვალნათლივ მოჩანდა. ადგილი, სადაც ყველაფერი მოხდა. დედას ეკვროდა, ქალი შვილის დამშვიდებას ცდილობდა, აღელვებული ხმით ყურში ჩასჩურჩულებდა,რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ მათ გადასარჩენად მოვიდოდნენ, მაგრამ ინტენსიური და გახშირებული სროლის ფონზე დედის სიტყვების გარჩევა უფრო და უფრო უჭირდა. მათი სახლი სოფლის ბოლოში მდებარეობდა, თითოეული გასროლა უფრო ახლოდან ისმოდა. აფეთქების ყოველ ჯერზე ადგილზე შეხტებოდა, გული უფრო გამალებით დაუწყებდა ცემას, თითქოს საგულეში ვეღარ ეტევა და ამოგლეჯას ლამობსო, ბოლო გასროლის შემდეგ რამდენიმე წუთი სიჩუმე ჩამოწვა. დედას ძლიერ ეხუტებოდა, ქალი მედგრად იდგა, ღელავდა, შიშისგან თრთოდა, მაგრამ ცდილობდა შვილისთვის ეს არ დაენახვებინა, პირიქით მას ამხნევებდა, ასევე იყო მამამისიც. კაცი,რომელსაც თავის სიცოცხლეში ირემიც კი არ მოეკლა ახლა მათ წინ, ოთახის ცენტრში კარის პირდაპირ სანადირო თოფით მომარჯვებული მზად იყო საკუთარი ოჯახის დასაცავად უკან არაფერზე დაეხია. სწორედ მაშინ, როდესაც ბოლო გასროლიდან კარგა ხანი გასულიყო და ის იყო შვებით უნდა ამოესუნთქათ, კარების შემომტვრევის ხმა გაისმა. მამამ იარაღის გამოყენება ვერ მოასწრო, გადატენილიც არ ჰქონია წესიერად, ტყვია შიგ გულში მოხვდა. ძირს მოწყვეტით დაეცა, სახით ცოლ-შვილისკენ, პირიდან სისხლი გადმოსდინდა, თითები ბოლოჯერ აამოძრავა, თითქოს დამშვიდობებას ცდილობსო, სინანულის ნიშნად თვალების დახუჭვა სურდა, მაგრამ არ დასცალდა. მეორე ტყვიამ თავი გაუხეთქა.კარადების გამოღება და ყველაფრის გადმონგრევა დაიწყეს, რაღაცას ეძებდნენ. იატაკს ხალიჩა ახადეს, თითქოს ქვემოთ სარდაფი უნდა ყოფილიყო. მალე მოაგნებდნენ, მათაც მოკლავდნენ. ცრემლები ორივეს სდიოდა, დედა ვაჟს პირზე ხელს ჯერ კიდევ ძლიერად აფარებდა, თანაც კარების ღრიჭოდან იყურებოდა. მათ უფრო და უფრო უახლოვდებოდნენ, ერთადერთი გამოსავალი ჰქონდა, შანსი იმისა, რომ პატარა დუბრავკოს აღმოაჩენდნენ მაინც მაღალი იყო, მაგრამ სხვაგვარად უშანსოდ იყვნენ დარჩენილნი, მათი ერთადერთი შანსი გარდაცვლილი მეუღლის ცხედართან ეგდო.
-ხომ იცი ძალიან მიყვარხარ - დედამ შვილს ყურში ჩასჩურჩულა, ბიჭმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. ქალმა გაოფლილ თავზე აკოცა და კარები ნელ-ნელა გამოაღო - რაც არ უნდა მოხდეს არ გამოხვიდე, თვალები დახუჭე, შვიდასამდე დაითვალე, აქამდე დათვლა ხომ იცი? - დუბრავკომ თავი დაუქნია, დედამ ვაჟს სასოწარკვეთილმა გაუღიმა და თვალებდახუჭულ შვილს ცრემლმორეულმა ბოლოჯერ მოჰკრა მზერა. იარაღს ეძგერა, ავსტრიელს მიუშვირა და სასხლეტს რამდენჯერმე გამოჰკრა, იქამდე, სანამ ბოლოს თავი ცივმა გერმანულმა ტყვიამ არ გაუხეთქა და მისი გვამიც ქმრის უსულო სხეულს მოწყვეტით არ დაეცა.
-ღმერთო, ამ ძუკნამ ევარტი მოკლა - ამოიოხრა ერთ-ერთმა ჯარისკაცმა და გარდაცვლილ მეგობართან ჩაიმუხლა.
-მაინც საიდან გამოძვრა - მაღალი მამაკაცი,რომელმაც იოვანოვიჩს ესროლა მეთაური უნდა ყოფილიყო.
-იმ საკუჭნაოდან - კარებისკენ თითით მიუთითეს. მეთაური საკუჭნაოსკენ დაიძრა და შესამოწმებლად კარები გამოაღო.
-აქ ვიღაცაა! - მისი დაყვირებისთანავე ყველამ რევოლვერი შემართა და საკუჭნაოსკენ დაიძრნენ.
-ვინაა?
-მტირალა ბავშვი - ხარხარით თქვა მეთაურმა და აცრემლებულ, თვალებდახუჭულ დუბრავკოს,რომელიც გაუგებარ ციფრებს ლუღლუღებდა, დაცინვით გადახედა. - გამოიყვანეთ! -  ბიჭს ხელი ჩაავლეს და გარეთ გამოათრიეს. თვლას ისევ განაგრძობდა.
-რას აკეთებს? - იოვანოვიჩს ყური დაუგდეს.
-მგონი ითვლის - სიცილით თქვა ვიღაცამ და მერე ამაზე ყველა ახარხარდა.
-რა ვუყოთ, მოვკლათ? - მეთაური მუხლებზე დამხობილ აკანკალებულ ბიჭს დააცქერდა.
-არა, თავი დაანებეთ, ტყვიები ისედაც არ გვაქვს ამაზე რომ არ დავხარჯოთ, რეზერვი როდის ჩამოგვივა ჯერ კიდევ გაურკვეველია, დაე, ამ თვლაში ამოხდეს სული.
-შვიდასი-ამოილუღლუღა დუბრავკომ და სანამ გავიდოდა ავსტრია-უნგრეთის დანაყოფის მეთაურს კარგად დააკვირდა, მისი სახე გონებაში ღრმად აღებეჭდა, ერთი წამიც კი საკმარისი იყო იმისთვის, რომ ეს სახე ყოველ ღამე დასიზმრებოდა მანამ, სანამ წლობითი ძიებისა და დიდი გაჭირვების ფასად გერმანიაში არ მიაგნო და თავში ტყვია არ დააჭედა.
   8 დეკემბერს ვალევო სერბებმა დაიბრუნეს, მაგრამ უკვე ყველაფერი გვიანი იყო. სერბ ჯარისკაცებს ენით აუწერელი, საშინელი სურათი დახვდათ. ირგვლივ სულიერი არ ჭაჭანებდა, ბუზებიც კი უფრთხოდნენ და ერიდებოდნენ ხრწნობად გვამებთან გათამაშებას. გვამებით მოფენილ ქუჩებში აალებული სახლების ფონზე ისინი კიდევ ერთ საკვირველებას გადააწყდნენ, ეს პატარა ბიჭი იყო, რომელიც დახოცილთა გორებს შორის უგზო-უკვლოდ მოურიდებლად დაეხეტებოდა.
    ისტორია მეორდებოდა. ბედი აშკარად დასცინოდა პოლკოვნიკ იოვანოვიჩს. მის წინ ახლა საკუთარი თავი იდგა. იატაკზე დამხობილ, აკანკალებულ ბიჭს თვალმოუშორებლივ შესცქეროდა, რაღაცას გრძნობდა, ეს გრძნობა თითქოს მისთვის ნაცნობი და ახლო, თუმცაღა ამავედროს შორი ყოფილიყო. ეს შიში იყო, პოლკოვნიკი დუბრავკო შიშს განიცდიდა, მას 30 წლის შემდეგ პირველად დაჰპატრონებოდა ეს გრძნობა. ჯარისკაცებს შეხედა, ისინი პასუხს ელოდნენ.
-მოკალით - თქვა დუბრავკომ და გასასვლელისკენ დაიძრა, სახლი ჯერ კიდევ არ ჰქონდა დატოვებული,როდესაც გასროლის მჭახე ხმა გაისმა.
    1945 წლის 13 თებერვალს სასტიკი ბრძოლების შემდეგ საბჭოთა ჯარებმა ბუდაპეშტი აიღეს, პრო-გერმანულმა უნგრელებმა უკან დაიხიეს და გაწვეულნი იქნენ გერმანიასა და იტალიაში, სადაც ისინი ომის დასრულებამდე ბრძოლობდნენ. 

მოთხრობა დაფუძნებულია რეალურ ფაქტებზე. დუბრავკო იოვანოვიჩის ისტორია გამოგონილია, აღწერილი პერიოდები და ვითარებები კი რეალურია. უბრალოდ, ზოგჯერ გმირებად გამოგვყავს ისინი, ვინც სისხლისმღვრელი ომებიდან გამარჯვებულები გამოდიან და ჩვენი ქვეყნის დროშებს ძლიერად აფრიალებენ, მაშინ, როდესაც თავიანთი ოჯახების დასაცავად დაღუპული უმწიკვლო ადამიანები აუცილებელ მსხვერპლად ითვლებიან და უსახელოდ იხრწნებიან მიწაში.

 გიორგი ჩაჩხიანი


No comments:

Post a Comment