1944 წლის ზამთარი იყო. პოლკოვნიკი
იოვანოვიჩი უნგრეთის მიწებზე გაბედულად მიაბიჯებდა. თან ათიოდე მძიმედ აღჭურვილი
მეომარი, ერთი ტანკი და ერთიც ძველი გადასაზიდი მანქანა მიჰყვებოდა. თუ
ჯარისკაცების ნაბიჯების მძიმე ხმას არ ჩავთვლით ტყეში გამეფებულ სიმშვიდეს არაფერი
არღვევდა. ჩიტები ისე ჟღურტულებდნენ თითქოს არაფერი მომხდარიყო და რამდენიმე ათასი
კილომეტრის მოშორებით სისხლისმღვრელი ბრძოლა არ გაჩაღებულიყო. პოლკოვნიკმა
იოვანოვიჩმა თავისი ომი რამდენიმე დღის უკან გადაიხადა. რთული ბრძოლა იყო, მტერი
რაოდენობრივად ჯობნიდა, მაგრამ გამარჯვება მაინც მოიპოვა, იმის ფასად,რომ ისედაც
შეთხელებული ასეულიდან მხოლოდ ათიოდე მებრძოლიღა დარჩა. დავალება შემდეგში იყო, ხვალ
ბუდაპეშტამდე უნდა ჩაეღწია და კოზლოვის მრავალრიცხოვან რაზმს შეერთებოდა, საბჭოთა
ჯარებს ბუდაპეშტი უნდა აეღოთ, ეს ზემოთ უკვე
გადაეწყვიტათ და როგორც ჭეშმარიტ ჯარისკაცს შეჰფეროდა ბრძანება უნდა შეესრულებინა.
თავად რუსი არ გახლდათ. დუბრავკო იოვანოვიჩი სერბი იყო, ბავშვობიდან
მექანიკოსობაზე ოცნებობდა, მაგრამ ცხოვრებამ ჯარისკაცად, მეომრად გამოჭედა. ომის
საშინელება საკუთარ თავზე გამოეცადა. ბავშვი იყო, როდესაც ავსტრო-უნგრელებმა ოჯახი
ამოუხოცეს. მაშინ დაიმსხვრა მისი ოცნებები, იდეალები და ჯარისკაცი გახდა.მასზე
ბედნიერი კაცი არ იყო, როდესაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. ნაცნობ გენერალს თავად
შესთავაზა და სთხოვა უნგრეთში საომრად გაეშვათ, ისინიც სიხარულით დასთანხმდნენ და
ახლა დამშვიდებული, მრავალი უნგრელის დაღვრილი სისხლით გულგაჯერებული ამაყად
მიიწევდა დედაქალაქისკენ, რომელსაც მალე შავი კვამლი აუვიდოდა და მისი ქუჩები
ხასხასა სისხლით მოირწყვებოდა.
პოლკოვნიკმა ჰორიზონტს გახედა.ტყე მთავრდებოდა, მაგრამ გზა თითქოს მარჯვნივ
გაეკვალათ, მიწას ჯერ კიდევ ეტყობოდა ორთვალას მიერ დამჩნეული კვალი. ძველი
იყო,მაგრამ კარად შენახული. დუბრავკომ დანაყოფი შეაჩერა. დაიხარა და ნიადაგს ხელი
შეახო.
-შევისვენებთ, ვნახოთ გზას სად
მივყავართ და იქ შევისვენოთ - თქვა და ნაბიჯი გაკვალული გზისკენ გადადგა,
შეკამათება ვერავინ გაბედა და პოლკოვნიკს უხმოდ გაჰყვნენ. გზა უფრო და უფრო
ფართოვდებოდა, ხეები აქა-იქ მოეჭრათ და ნიადაგიდან ამოშვერილი მორები ნელ-ნელა
ლპობას მისცემოდნენ. ეს ადგილი შთაბეჭდილებას ჰქმნიდა,რომ აქ ვიღაც ცხოვრობდა.
დუბრავკოს რუკა რომ არ ჩავარდნოდა ხელთ და რომ არ გაეგო, რომ ტყის გავლით უფრო
მალე ჩავიდოდნენ ბუდაპეშტში ამ ადგილს ვერც მოაგნებდნენ და ვერც შეიტყობდა აქ
ცხოვრება საერთოდ შესაძლებელი თუ იყო. უეცრად შედგა და ჭოგრიტი ამოიღო. შორს,
სადაც ტყე მთავრდებოდა და პატარა ველი იშლებოდა მარტოსული სახლი იდგა, წინ კი
ცხენშებმული ორთვალა ეყენა.
-რა არის? - ჰკითხა ვიღაცამ.
-სახლია.
-სახლი, ამ მიყრუებულში?
-ჰო, აქ ააშენეს, ეგონათ, რომ ვერავინ
მოაგნებდა და ომის ბასრ და საზარელ კლანჭებს დაუძვრებოდნენ.
-რას ვაპირებთ? - დუბრავკომ შერჩენილ
საგზალს შეხედა, შიგნით დაობებული ნახევარი პური და რამდენიმე ნაჭერი ძეხვი ეგდო.
-საჭმელი არ გვაქვს, წყალიც გვითავდება,
იქ კი ჭაა, მათ ვესტუმრებით. - ჩაიღიმა და თავისი ჩაყვითლებული კბილები გამოაჩინა.
სახლს მიუახლოვდნენ. მანქანის ძრავი არ გამოერთოთ, იარაღები შემართეს და
ხმამაღლა დაიძახეს. არავინ რომ არ გამოეპასუხა, ჰაერში რამდენჯერმე გაისროლეს.
შემდეგ კი კარები ნელ-ნელა გაიღო,ზღრუბლს უკან ერთი საბრალო, შეშინებული გამხდარი
კაცი იმალებოდა. ხელები მაღლა ჰქონდა აწეული. ნაბიჯები გაუბედავად გადმოდგა და
გარეთ გამოვიდა.
-გამარჯობა - მიუგო გერმანულად,
იოვანოვიჩმა ეს ენა საკმაოდ კარგად იცოდა.
-მარტო ცხოვრობ? - კაცმა თავი დაუქნია.
მთელი სხეულით თრთოდა, ხელები ჯერ კიდევ ჰაერში ჰქონდა აწეული. - საჭმელი გვინდა,
ორი დღეა არაფერი გვიჭამია.
-ბევრი მეც არ მაქვს.
-ჩვენზე მეტი მაინც გექნება, რაც გაქვს
გამოგვიტანე.
-ახლავე - უთხრა და მაშინვე სახლში შებრუნდა.
მანამდე ორი ჯარისკაცი ჭასთან მივიდა წყლის ასაღებად. კაცი მალევე დაბრუნდა. აკანკალებულ ხელში
ნახევარი პური ეჭირა. დუბრავკოს მიუახლოვდა და პური გაუწოდა.
-ეს რა არის, ეს ვის უნდა ეყოს, მეტი
არაფერი გაქვს?! - ჰკითხა გაბრაზებით.
-არა. - უნგრელმა ძლივსძლივობით
ამოილუღლუღა.
-წინააღმდეგი ხომ არ იქნები შემოვიდეთ
და შევამოწმოთ? - კაცს თვალებში შიში ჩაუდგა, თუმცაღა ვეღარაფრის თქმა ვერ მოასწრო.
დუბრავკო და რამდენიმე ჯარისკაცი მის სახლში დაუკითხავად შეიჭრნენ. პატარა სახლი
იყო, სამზარეულოს მაშინვე მიაკვლიეს. კაცს ძველი მაცივარი ჰქონდა. პოლკოვნიკმა
გამოაღო. შიგნით მთლიანი ყველი, ხორცის ნაჭრები და რამდენიმე ვაშლი იდო.
-ესაა, მეტი არაფერი მაქვსო?! - იოვანოვიჩმა
კარი მიაჯახუნა, რევოლვერი ამოიღო, კაცს ეძგერა, საყელოში ჩაავლო და კედელს
მიანარცხა. იარაღი მიუშვირა. უნგრელმა ხელები აღმართა, კედელს მიეკრა, უფრო და
უფრო დაპატარავდა.
-გთხოვთ, გემუდარებით არ მომკლათ,
მაპატიეთ, გთხოვთ, მაპატიეთ...
-შენ მე მომატყუე, მე კი ტყუილს
არასდროს ვპატიობ - თქვა და სასხლეტს თითი გამოჰკრა, სისხლი კედელს შეეშხეფა და
იატაკისკენ ნელ-ნელა დაიწყო ჟონვა. უეცრად კივილის ხმა გაისმა. დაბნეულმა
ჯარისკაცებმა მაშინვე ირგვლივ მიმოიხედეს და იარაღები მოიმარჯვეს.
-ხმა იქიდან იყო - დუბრავკომ კუთხეში
მდგარ დაბალი ტანის მქონე კარადაზე მიუთითა, ამხანაგს გადახედა და თავი დაუქნია.
მანაც არ დააყოვნა და მსხვილკალიბრიანიდან კარადას სამჯერ ესროლა. ტყვიებმა ხე
გახეთქეს და ფიცრულში ღრმულები გაჩნდა, საიდანაც ცისფერი ქსოვილი გარკვევით
მოჩანდა. კარების კიდიდან იატაკზე სისხლმაც მცირე ზოლად გამოჟონა. პოლკოვნიკმა
თავით ანიშნა. გამურულსახიანი კაცი კარადას ნელ-ნელა მიუახლოვდა, გამოაღო და ფეხით
ახალგაზრდა ქალის გვამი იატაკზე გადმოაგორა. ქალის წითელი თმა გაიშალა და სისხლის
დამდგარ გუბეში ჩაეფლო.
-პოლკოვნიკო - იოვანოვიჩმა მზერა ჯერ
რიგითს მიაპყრო, შემდეგ კი კარადას,რომლის სიღრმეშიც თავდახრილი, მუხლებზე
ხელებშემოხვეული პატარა ბიჭი ერთიანად ცახცახებდა. ჯარისკაცი მაშინვე მასთან
მიიჭრა და ბავშვი გარეთ გამოათრია. თავი ააწევინა. 6-7 წლის ბიჭი იქნებოდა,
ცრემლები სახეზე ღაპაღუპით ჩამოსდიოდნენ, ცდილობდა მის ფეხებთან დაგდებული
გარდაცვლილი დედისთვის არ შეეხედა, აცრემლებული თვალებიდან დუბრავკოს შეცბუნებულ
მზერას ბუნდოვნად ხედავდა.
-ბიჭს რა ვუქნათ? - პოლკოვნიკს ჰკითხა
გამურულსახიანმა. იოვანოვიჩი ბავშვს მონუსხული შესცქეროდა, იატაკზე მუხლებზე დამხობილ
პატარა, აცახცახებულ უმწეო ბავშვს უყურებდა და მასში არა შავგვრემან უნგრელ ბიჭს,
არამედ ქერა სასოწარკვეთილ ბავშვს ხედავდა, ეს ბავშვი მასზე მხოლოდ 2 წლით
იქნებოდა უფროსი, ეს ბიჭი თავად დუბრავკო იყო. მოგონებები აეშალა, ყველაფერი
გაახსენდა. მთელი წლების განმავლობაში გაურბოდა თავის წარსულს, ცდილობდა ამაზე არ
ეფიქრა და ყველაფერი დაევიწყებინა, ეგონა, რომ ყველაფერი ღრმად დაემარხა,მაგრამ
მწარედ შემცდარიყო. ახლა ყველაფერმა მძლავრი ვულკანივით ამოხეთქა და მოგონებები
გონების ზედაპირზე ამოეშალა. წინ სამხატვრო გამოფენასავით მოეფინა, თითოეული
კადრი, ეპიზოდი წარუშლელ სურათად ქცეულიყო და მათით გადავსებულ უსაზღვრო მაგიდას
პოლკოვნიკი ახლა ისევე რეალურად ხედავდა, როგორადაც გულის აჩქარებას გრძნობდა.
თითოეული მომენტის გახსენება შეეძლო, არ უნდოდა, მაგრამ ვერაფერს ახერხებდა და
მოგონებები თავისი სურვილისდა მიუხედავად თვალწინ გადაეშალა.
1914 წელს განსაკუთრებით ცივი
ზამთარი იყო, ალბათ იმიტომ, რომ არა მხოლოდ ბუნება, არამედ ადამიანთა გულებიც
გაყინულიყო. ისინი ომისგან გამოწვეული კანკალით ცახცახებდნენ. ცეცხლის კერასთან
ისხდნენ, მამას ხელში ძველი რადიო ეჭირა და ყველანი დიქტორის ხმას დაზაფრულნი
უსმენდნენ. ჯერ კიდევ 28 ივლისს
ავსტრია-უნგრეთს სერბეთის წინააღმდეგ ომი გამოეცხადებინა. პირველი-ორი დღე
ვერაფერი იგრძნეს, მერე კი ყველაფერი შეიცვალა. საზარელი ჭურვების ხმა პირველად 16
ნოემბერს გაიგეს,როდესაც ავსტრო-უნგრელებმა ოსკარ პოტიორეკის მეთაურობით მდ.
კოლუბარას მიაღწიეს თავიანთი მესამე შემოჭრის დროს და სტრატეგიული ქალაქი ვალევო
აიღეს. დუბრავკოს სოფელი ქალაქიდან რამდენიმე კმ-ში მდებარეობდა. ყველაფერი ისე
სწრაფად მოხდა, რომ გაქცევა ვერსად მოასწრეს, სერბეთის ჯარებმა უკან დაიხიეს, ავსტრო-უნგრელებმა
ყველა გზა ჩაკეტეს. შიშსა და ტერორში სამი დღე ცხოვროდნენ, მეოთხე დღეს სოფელში
პირველი ტანკი გამოჩნდა. გაახსენდა თუ როგორ დამალა მამამ ისინი საკუჭნაოში,
რომლის კარებსაც პატარა ღარები ჰქონდა და იქიდან მთავარი ოთახი თვალნათლივ მოჩანდა.
ადგილი, სადაც ყველაფერი მოხდა. დედას ეკვროდა, ქალი შვილის დამშვიდებას ცდილობდა,
აღელვებული ხმით ყურში ჩასჩურჩულებდა,რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ მათ
გადასარჩენად მოვიდოდნენ, მაგრამ ინტენსიური და გახშირებული სროლის ფონზე დედის
სიტყვების გარჩევა უფრო და უფრო უჭირდა. მათი სახლი სოფლის ბოლოში მდებარეობდა,
თითოეული გასროლა უფრო ახლოდან ისმოდა. აფეთქების ყოველ ჯერზე ადგილზე შეხტებოდა,
გული უფრო გამალებით დაუწყებდა ცემას, თითქოს საგულეში ვეღარ ეტევა და ამოგლეჯას
ლამობსო, ბოლო გასროლის შემდეგ რამდენიმე წუთი სიჩუმე ჩამოწვა. დედას ძლიერ
ეხუტებოდა, ქალი მედგრად იდგა, ღელავდა, შიშისგან თრთოდა, მაგრამ ცდილობდა
შვილისთვის ეს არ დაენახვებინა, პირიქით მას ამხნევებდა, ასევე იყო მამამისიც.
კაცი,რომელსაც თავის სიცოცხლეში ირემიც კი არ მოეკლა ახლა მათ წინ, ოთახის ცენტრში
კარის პირდაპირ სანადირო თოფით მომარჯვებული მზად იყო საკუთარი ოჯახის დასაცავად
უკან არაფერზე დაეხია. სწორედ მაშინ, როდესაც ბოლო გასროლიდან კარგა ხანი გასულიყო
და ის იყო შვებით უნდა ამოესუნთქათ, კარების შემომტვრევის ხმა გაისმა. მამამ
იარაღის გამოყენება ვერ მოასწრო, გადატენილიც არ ჰქონია წესიერად, ტყვია შიგ გულში
მოხვდა. ძირს მოწყვეტით დაეცა, სახით ცოლ-შვილისკენ, პირიდან სისხლი გადმოსდინდა,
თითები ბოლოჯერ აამოძრავა, თითქოს დამშვიდობებას ცდილობსო, სინანულის ნიშნად
თვალების დახუჭვა სურდა, მაგრამ არ დასცალდა. მეორე ტყვიამ თავი გაუხეთქა.კარადების
გამოღება და ყველაფრის გადმონგრევა დაიწყეს, რაღაცას ეძებდნენ. იატაკს ხალიჩა
ახადეს, თითქოს ქვემოთ სარდაფი უნდა ყოფილიყო. მალე მოაგნებდნენ, მათაც
მოკლავდნენ. ცრემლები ორივეს სდიოდა, დედა ვაჟს პირზე ხელს ჯერ კიდევ ძლიერად
აფარებდა, თანაც კარების ღრიჭოდან იყურებოდა. მათ უფრო და უფრო უახლოვდებოდნენ,
ერთადერთი გამოსავალი ჰქონდა, შანსი იმისა, რომ პატარა დუბრავკოს აღმოაჩენდნენ
მაინც მაღალი იყო, მაგრამ სხვაგვარად უშანსოდ იყვნენ დარჩენილნი, მათი ერთადერთი
შანსი გარდაცვლილი მეუღლის ცხედართან ეგდო.
-ხომ იცი ძალიან მიყვარხარ - დედამ
შვილს ყურში ჩასჩურჩულა, ბიჭმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. ქალმა გაოფლილ
თავზე აკოცა და კარები ნელ-ნელა გამოაღო - რაც არ უნდა მოხდეს არ გამოხვიდე,
თვალები დახუჭე, შვიდასამდე დაითვალე, აქამდე დათვლა ხომ იცი? - დუბრავკომ თავი
დაუქნია, დედამ ვაჟს სასოწარკვეთილმა გაუღიმა და თვალებდახუჭულ შვილს
ცრემლმორეულმა ბოლოჯერ მოჰკრა მზერა. იარაღს ეძგერა, ავსტრიელს მიუშვირა და
სასხლეტს რამდენჯერმე გამოჰკრა, იქამდე, სანამ ბოლოს თავი ცივმა გერმანულმა ტყვიამ
არ გაუხეთქა და მისი გვამიც ქმრის უსულო სხეულს მოწყვეტით არ დაეცა.
-ღმერთო, ამ ძუკნამ ევარტი მოკლა -
ამოიოხრა ერთ-ერთმა ჯარისკაცმა და გარდაცვლილ მეგობართან ჩაიმუხლა.
-მაინც საიდან გამოძვრა - მაღალი
მამაკაცი,რომელმაც იოვანოვიჩს ესროლა მეთაური უნდა ყოფილიყო.
-იმ საკუჭნაოდან - კარებისკენ თითით
მიუთითეს. მეთაური საკუჭნაოსკენ დაიძრა და შესამოწმებლად კარები გამოაღო.
-აქ ვიღაცაა! - მისი დაყვირებისთანავე
ყველამ რევოლვერი შემართა და საკუჭნაოსკენ დაიძრნენ.
-ვინაა?
-მტირალა ბავშვი - ხარხარით თქვა
მეთაურმა და აცრემლებულ, თვალებდახუჭულ დუბრავკოს,რომელიც გაუგებარ ციფრებს
ლუღლუღებდა, დაცინვით გადახედა. - გამოიყვანეთ! - ბიჭს ხელი ჩაავლეს და გარეთ გამოათრიეს. თვლას
ისევ განაგრძობდა.
-რას აკეთებს? - იოვანოვიჩს ყური
დაუგდეს.
-მგონი ითვლის - სიცილით თქვა ვიღაცამ
და მერე ამაზე ყველა ახარხარდა.
-რა ვუყოთ, მოვკლათ? - მეთაური
მუხლებზე დამხობილ აკანკალებულ ბიჭს დააცქერდა.
-არა, თავი დაანებეთ, ტყვიები ისედაც
არ გვაქვს ამაზე რომ არ დავხარჯოთ, რეზერვი როდის ჩამოგვივა ჯერ კიდევ
გაურკვეველია, დაე, ამ თვლაში ამოხდეს სული.
-შვიდასი-ამოილუღლუღა დუბრავკომ და სანამ
გავიდოდა ავსტრია-უნგრეთის დანაყოფის მეთაურს კარგად დააკვირდა, მისი სახე
გონებაში ღრმად აღებეჭდა, ერთი წამიც კი საკმარისი იყო იმისთვის, რომ ეს სახე
ყოველ ღამე დასიზმრებოდა მანამ, სანამ წლობითი ძიებისა და დიდი გაჭირვების ფასად
გერმანიაში არ მიაგნო და თავში ტყვია არ დააჭედა.
8 დეკემბერს ვალევო სერბებმა დაიბრუნეს, მაგრამ უკვე ყველაფერი გვიანი იყო.
სერბ ჯარისკაცებს ენით აუწერელი, საშინელი სურათი დახვდათ. ირგვლივ სულიერი არ
ჭაჭანებდა, ბუზებიც კი უფრთხოდნენ და ერიდებოდნენ ხრწნობად გვამებთან გათამაშებას.
გვამებით მოფენილ ქუჩებში აალებული სახლების ფონზე ისინი კიდევ ერთ საკვირველებას
გადააწყდნენ, ეს პატარა ბიჭი იყო, რომელიც დახოცილთა გორებს შორის უგზო-უკვლოდ მოურიდებლად
დაეხეტებოდა.
ისტორია მეორდებოდა. ბედი აშკარად დასცინოდა პოლკოვნიკ იოვანოვიჩს. მის წინ
ახლა საკუთარი თავი იდგა. იატაკზე დამხობილ, აკანკალებულ ბიჭს თვალმოუშორებლივ შესცქეროდა,
რაღაცას გრძნობდა, ეს გრძნობა თითქოს მისთვის ნაცნობი და ახლო, თუმცაღა ამავედროს
შორი ყოფილიყო. ეს შიში იყო, პოლკოვნიკი დუბრავკო შიშს განიცდიდა, მას 30 წლის
შემდეგ პირველად დაჰპატრონებოდა ეს გრძნობა. ჯარისკაცებს შეხედა, ისინი პასუხს
ელოდნენ.
-მოკალით - თქვა დუბრავკომ და
გასასვლელისკენ დაიძრა, სახლი ჯერ კიდევ არ ჰქონდა დატოვებული,როდესაც გასროლის
მჭახე ხმა გაისმა.
1945 წლის 13 თებერვალს სასტიკი ბრძოლების შემდეგ საბჭოთა ჯარებმა
ბუდაპეშტი აიღეს, პრო-გერმანულმა უნგრელებმა უკან დაიხიეს და გაწვეულნი იქნენ
გერმანიასა და იტალიაში, სადაც ისინი ომის დასრულებამდე ბრძოლობდნენ.
მოთხრობა დაფუძნებულია რეალურ ფაქტებზე.
დუბრავკო იოვანოვიჩის ისტორია გამოგონილია, აღწერილი პერიოდები და ვითარებები კი
რეალურია. უბრალოდ, ზოგჯერ გმირებად გამოგვყავს ისინი, ვინც სისხლისმღვრელი
ომებიდან გამარჯვებულები გამოდიან და ჩვენი ქვეყნის დროშებს ძლიერად აფრიალებენ,
მაშინ, როდესაც თავიანთი ოჯახების დასაცავად დაღუპული უმწიკვლო ადამიანები
აუცილებელ მსხვერპლად ითვლებიან და უსახელოდ იხრწნებიან მიწაში.
თუ სვანეთში არ ყოფილხარ,
საქართველო არ გინახავს – სწორედ ასე გეგებება ქალაქი მესტია, რომლეში ყოფნის
დროსაც უთუოდ საზღვარგარეთის ერთ–ერთ ქალაქში გეგონება თავი. აქ ვის არ ნახავთ,
ჩინელები, ინდოელები, კორეელები, ჩადრით შემოსილ მანდილოსნებსაც ბლომად შეხვდებით,
მაგრამ განსაკუთრებით პოლონელები, რუსები და უკრაინელები ჭარბობენ. ძნელია სეტის
მოედანზე, ცენტრალურ პარკში გახვიდე და ნაღდი სვანი დაინახო. მესტიელი სვანებიც
ევროპელები გამხდარან, აღარც მშობლიური კილო აქვთ და ტურისტებსაც კაი ჯიგრული
ინგლისურით ელაპარაკებიან, აქ ყოველმა მეორემ იცის ეს ენა, სამარშუტო ტაქსების
მძღოლებით დაწყებული ბილეთების გამყიდველით დამთავრებული. პარკში საინფორმაციო,
ტურისტული რუკებია, რომელთა შესწავლაც ერთობ მნიშვნელოვანია, თორემ ცენტრში გზა
რომ გაიკითხო ან გეტყვიან არ ვიციო, ან აქაური არ ვარო, თუმცაღა სვანეთი იმდენად
მდიდარია თუნდაც ეკლესია–მონასტრებით რომ რამდენიმე მათგანი რუკაზე დატანებული
არცაა და ლანჩვანის უბანში ქუჩა–ქუჩა ხეტიალისას თუ გადააწყდები.
მახსოვს,პირველ დღეს აქ რომ
ჩამოვედი თავი არა თუ სვანეთში, არამედ რუსეთის ერთ–ერთ განვითარებულ ქალაქში
მეგონა, ქუჩებში გამართული რუსული და აქა–იქ დამტვრეული ინგლისური ისმის, მერე
ორმა ლოთმა სვანმა ჩამიარა და მათი დანახვა ისე გამიხარდა, სიტყვებით ვერ აგიწერთ.
პირველად გავიგონე ნანატრი სვანური ქართულიც. სანამ მესტიის აღწერას დავიწყებდე,
მანამ გეტყვით თუ როგორ მოვხვდი ამ ქალაქში.
დეტალებით თავს აღარ შეგაწყენთ და
უშუალოდ მგზავრობის შესახებ ერთი–ორი
სიტყვით მოგახსენებთ. 9 აგვისტოს დილის 6 სთ–ზე ქუთაისიდან მესტიის
მიმართულებით დავიძარით, მანქანით მივდიოდით, თუმცა გზას 6 საათი მაინც დასჭირდა.
ჰორიზონტზე მთებზე დაკიდულ ფერდობებს ხედავ, რომლებიც სპირალისებურად,
დაუსრულებლივ იხვევა, გრძელდება და გრძელდება. შემდეგ კი იაზრებ,რომ შენც ამისთანა
ციცაბოზე მიდიხარ და შორიდან დანახული გზაც უნდა გაიარო, თუმცაღა ყველაფერი
კარგადაა გაკეთებული, მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთია სახიფათო, სადაც გზა
ჩავარდნილია და ასფალტი ნელ–ნელა უფსრკურლში ეშვება, თუმცაღა იქაც სპეციალური
ქვებია დალაგებული. გზაზე მაქსიმალური სიჩქარე 50 კმ/სთ–ია, მრავლადაა მთებსა და
კლდეებში გაჭრილი გვირაბები,თუმცაღა ყველაზე საუცხოო მაინც კლდეში გამოტეხილი ორი
გვირაბია,რომელთაც არავითარი ბეტონის საყრდენი არ გააჩნიათ და ბუნებრივი
წამონაზარდებით ერთობ სიამოვნებას ანიჭებენ და ატკბობენ მგზავრებს.
ქუთაისიდან სვანეთამდე უნდა
გაიარო ზუგდიდი, სამეგრელოს მშვენიერი დედაქალაქი, რომელიც ერთი შეხედვით საკმაოდ
კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. ცენტრალური პარკი ერთ–ერთი საუკეთესო ადგილია
დასვენებისა და განტვირთვისთვის, სადაც თითქმის ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით
სუფთა და მოწესრიგებულ სანაგვე ურნებს. ჰო მართლა, ამავე რეისის დროს გამოვიარეთ
სოფ. ნოჯიხევიც, რომელიც ამ ბოლო დროს ერთობ პოპულალური და ცნობადი გამხდარა,
რამაც ასახვა ჰპოვა მგზავრების ქმედებებში, კერძოდ – მანქანის გაჩერებასა და
ტრაფარეტთან სელფის გადაღებაში.
ჩვენი შემდეგი გაჩერება ენგურჰესი
გახლდათ, სადაც ჩვენი ვიზიტისას უცხოელი ტურისტებით სავსე სამი პატარა პატარა ავტობუსიც
მოვიდა. მართლაც რომ საოცარი ხედი იშლება. საქართველოს ყველაზე დიდი ჰესი,
უზარმაზარი კაშხალი, რომელსაც ლურჯი, კრიალა, თვალუწვდენელი ენგურის წყალსაცავი
ერწყმის, ხოლო გარს კი მწვანით შემოსილი მთები აკრავს, გასაოცარ სიოს უბერავს და
სხეულში ჟრუანტელს გგვრის. ერთი ეგ არის, რომ ყველა ფულის კეთებაზეა გადასული და
რადგანაც სატურისტო ადგილია და ბევრი უცხოელი სტუმრობს, საპირფარეშოებსაც დიდი
ასოებით ქართულად და ინგლისურად აწერია – ფასიანია, საფასური 50 თეთრი. ენგურჰესს
რომ გასცდები მორიგ პოპულარულ ადგილს შეხვდებით. ეს ჩანჩქერია, რომელიც თითქოსდა
შვეულ დელტას იკეთებს, ქვებში იტოტება და კლდეს ჩამოუყვება, აქაც მრავლად
შეამჩნევთ სურათის გადასაღებად გაჩერებულ მანქანებს. შემდეგ უკვე მთაზე სიმბოლურად დადგმულ პატარა
კოშკს ხედავ და ხვდები,რომ უკვე სვანეთში შემოდიხარ, საიდანაც 2–3 საათი მაინც
გჭირდება მესტიამდე.
გზა ნამდვილად დამღლელია,
უთუოდ მოგინდება შეჩერება და წახემსება. ჩვენ ამისთვის სოფ. დიზი შევარჩიეთ, სადაც
ქუთაისური, ნაღდი იმერული ხაჭაპური დავაგემოვნეთ და სვანური, დიზის წყაროს ცივი,
უგემრიელესი წყალიც მივირთვით, რის შემდეგადაც როგორც იქნა მესტიასაც მივაღწიეთ.
დავბინავდით და მაშინვე ჰაწვალის საბაგიროსკენ გავემართეთ. ჰაწვალი მესტიიდან 8
კმ–ში მდებარეობს. აქ მოქმედებს ღია საბაგირო,რომელსაც 45 წუთი მაინც სჭირდება
ასვლა–ჩამოსვლისთვის, ამის გათვალისწინებით ბილეთის ფასი – 5 ლარი სულაც არ არის
ძვირი. საბაგირო 2347 მეტრის სიმაღლეზე, ზურულდის მთაზე ადის, სადაც მდებარეობს
სვანეთში ყველაზე მაღალი რესტორანი – ზურულდი (2340მ), რომელსაც უზარმაზარი და
ულამაზესი ტერასა გააჩნია, საიდანაც შეგიძლია დაინახო ბანგურიანი, „სვანეთის დედოფალი“-თეთნულდი,
ლაილა, ლახდილი და კიდევ ბევრი სხვა მწვერვალი, გარშემო 360 გრადუსით სულ
მყინვარები და მწვერვალებია, თუმცაღა ყველაზე საუცხოო მაინც ტერასიდან დანახული,
ზაფხულის თაკარა მზეში თეთრად მომზირალი, მედიდური, ნისლში გახვეული უშბა გახლავთ.
აქ შეგიძლია მაგიდას მიუჯდე, ცხელი ლატე დალიო და თან საქართველოს საამაყო უშბას
შესცქეროდე. ჰაწვალის საბაგირო ჩამოსვლის დროს უფრო არაჩვეულებრივი გეჩვენება.
თითქოს უშბას უფრო და უფრო უახლოვდები, ვაკეზე მდებარე, ჩავარდნილი მესტია კი
შორეულ დასახლებად გეჩვენება. მიუხედავად იმისა,რომ საბაგირო, რომელიც 4
ადგილიანია და დამცავიც მხოლოდ ასაწევ–ჩამოსაწევი რკინის მოაჯირი აქვს ნელა
მოძრაობს, მაინც გამოიყოფა ადრენალინი, რამეთუ ზოგჯერ ჩერდება, ჰაერში გაქანავებს,
რომლის დროსაც უთუოდ თვალი გაგექცევა და ნახავ თუ რითია ტროსზე ჩამოკიდებული.
ტროსი ცილინდრის ფორმის რკინებშია მოქცეული იმ განსხვავებით,რომ ცილინდრი ქვემოდან
შეკრული არ არის. ეს ადგილი საუცხოოა რუჯის მისაღებადაც, რამეთუ მზეს უფრო და უფრო
უახლოვდები, ფეხებს ჰაერში აქანავებ და ქვემოთ ბუნებრივ ტყეებს ხედავ, კისერი
გეღრიცება და უკან 1500 მ–ზე მდებარე მესტია, ხოლო წინ 2347მ–ზე აღმართული ზურულდი
გესახება.
საღამოს მესტიის დასალაშქრად
გავეშურეთ.ქუჩები არაჩვეულებრივადაა მოწყობილი, თამარ მეფის ქუჩაზე სახლის
ფასადები ხის, ძველებურ სტილშია გაკეთებული. ჩვეულებრივ ქუჩაში მისეირნობ, მერე
უცებ ზემოთ აიხედავ და კავკასიონის მწვერვალები გესახება. ქალაქი მთლიანად მთებშია
მოქცეული. ურბანიზაცია ბუნებრივ ლანდშაპტებთანაა შერწყმული. თანამედროვე, მდიდრული
სახლების გვერდზე საუკუნეების წინ მიშენებული, შერჩენილი კოშკებით თუ მიხვდები რომ
სვანეთში ხარ, თორემ ძნელია მესტიაში
ისეირნო და თავი სვანეთში გეგონოს. თუმცაღა მესტიის ქუჩებში სეირნობა
მართლაც რომ ერთი დიდი სიამოვნებაა, ქალაქში დადიხარ და ირგვლივ უზარმაზარ,
თვალუწვდენელ, დათოვლილ მწვერვალებს ხედავ. ასეთი სანახაობა მართლაც რომ
იშვიათობაა, მაგრამ მესტიის ცენტრში ნამდვილ სვანეთს მაინც ვერ აღმოაჩენ, ამას
უფრო ძველ უბანში, ლაღამში თუ მოახერხებთ, რაზეც ცოტა მოგვიანებით გიამობთ,
მანამდე კი მესტიის განთქმულ მჟავე წყლებზე მოგიყვებით. საუკუნეების განმავლობაში
ადგილობრივები თვითმკურნალობას იტარებდნენ და ამბობდნენ,რომ ეს წყლები
განსაკუთრებით კარგია კუჭისთვის, მას დღესაც კი ეზიდებიან შინ და მიირთმევენ,
გემოთი კი მერწმუნეთ ნამდვილად გემრიელია. სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმს
რომ გასცდებით, პატარა ჩასახვევს უნდა გაჰყვეთ, სადაც მალე მდ. მესტიაჭალასთან
ჩასასვლელ პატარა ბილიკს დაინახავთ, აქ, მესტიის ჭალებში ბოჭკოლი მოედინება,
რომელიც მიწიდან ამოდის, მას რკინა მოჰყვება და წითლად გუბდება ხოლმე. უფრო ხშირი
სტუმარიც ჰყავს, თუმცაღა ჩვენ მუდამ ბეთქილის მჟავე წყლებთან დავდიოდით. ჩასვლას
ალბათ 20 წუთი მაინც სჭირდება,მაგრამ როცა მიეჩვევი ეს დრო უკვე აღარაფრად
გეჩვენება, მითუმეტეს როდესაც ბეთქილის მჟავე წყალს დააგემოვნებ. ბეთქილამდე
მისასვლელად მდ. მესტიაჭალასთან ჩასასვლელ ბილიკს არ უნდა ჩაუყვე, გზა უნდა
გააგრძლო და 100 მ–ში უზარმაზარ ქვას დაინახავთ, საიდანაც ბუნებრივი მჟავე, ცივი
და ოდნავ გაზიანი წყალი გამოდის. სწორედ ეს ადგილია ბეთქილი, უცნაურად ამოკვეთილ
უზარმაზარ ქვაში მომდინარი, რომელიც უფრო სასარგებლოცააო. ბეთქილზე ასევე არსებობს
ლეგენდაც, რომ ის და ნადირობის ქალღმერთი
დალი გამიჯნურებულან, თუმცაღა ბარად ჩამოსულ ბეთქილს სვანი ქალი შეჰყვარებია,
როდესაც დალის ეს ამბავი გაუგია მასთან მისულა და ბეთქილი კლდიდან გადმოუგდია.
მჟავე წყლების ნახვის შემდეგ
ხიდზე გადმოვედით და ა. ხერგიანის ქუჩას ავუყევით, სადაც წმ. ნიკოლოზისა და
ილარიონ ქართველის ეკლესია გვეგულებოდა,რომელნიც საპატრიარქოს რეზიდენციაში,
საეპისკოპოსოში მდებარებდნენ, სადაც კურთხევის გარეშე შესვლა აკრძალულია, ამიტომ
ისევ ტურისტებით გადავსებულ სეტის პარკს დავუბრუნდით, სადაც რამდენიმე, კარგად მოსუქებულმა ღორმაც
გამოისეირნა, ბურთით მოთამაშე ბავშვებმა ბურთს თავი დაანებეს და პატარა კენჭებით
ღორებს გამოეკიდნენ, რის შედეგადაც ისინი სეტის პარკიდან განდევნეს, თუმცაღა
მხოლოდ მცირე ხანი იყო გასული, რომ ჭყვიტინით პატარა გოჭუნა შემოვარდა და
აქეთ–იქით დაიწყო სირბილი, გახარებული ბავშვებიც უმალ მას გაეკიდნენ და ასე
გრძელდებოდა ჩვენს წამოსვლამდე. რადგანაც სეტის პარკზე დავიწყე საუბარი, აქვე
აღვნიშნავ მის ღირსშესანიშნაობებს, უზარმაზარ, ვეერბეთელა სკამებს, რომლებზედაც
თბილისის სკვერებში დადგმული სამი თუ არა ორი გრძელი სკამი მაინც დაეტევა. ამ
სკამებზე მიყრდნობა უბრალოდ შეუძლებელია თუ არ აცოცდი და ფეხებიც ზედ არ
შემოაწყვე, მაგრამ დასასვენებლად და წამოსაწოლად კი იდეალურია და ჩვეულებრივ
საწოლს გაბარიტებით ნამდვილად არ ჩამოუვარდება, ამიტომ ტურისტებიც შუადღით აქ
ეძლევოდნენ ხოლმე განცხრომას.
ერთი–ორი სიტყვით მესტიის
ბაზარზეც უნდა მოგახსენოთ.ყველასთვის ცნობილია,რომ სვანეთიდან აუცილებლად უნდა
წამოიღო სვანური მარილი, თაფლი, შებოლილი სულგუნი და კარტოფილი, თუმცაღა ეს
თითქმის წარმოუდგენელიც კია. დავიწყოთ იმით,რომ რასაც იქ ბაზარს ეძახიან თბილისში
კორპუსების პირველ სართულზე გახსნილი მარკეტის ხელაც კი არაა, შესასვლელში
გამოკრულ საინფორმაციო ქაღალდზე დიდი ასოებით აწერია განცხადება, თუმცაღა მის
ქვემოთ გაურკვეველ სიტყვებში მხოლოდ ციფრ 17–ს თუ გაარჩევთ, ფიქრობ სვანურიაო და
იმ იმედით,რომ რაიმე სვანურ ნატურალურ, ჯანსაღ პროდუქტს გამოკრავ ხელს „ბაზარშიც“
შედიხარ, სადაც მხოლოდ სამი კაცი ვაჭრობს. მეტნაკლებად მრავალფეროვნება არის,
თუმცაღა დახლებიდან დამტვერილი და დაბეჟილი პომიდვრები გიმზერენ. რომ გაიკითხავ
გეტყვიან გორიდანააო და მერე აღმოაჩენ რომ სვანეთის ბაზარში სვანები კი არა
გორელები ვაჭრობენ, რადგან აქ სექტემბრამდე არაფერი შემოდის. ერთი ნათელი წერტილი
ისაა,რომ შიგნით კედელზე დიდი ასოებით ამონაბეჭდი ფურცელია გამოკრული ზედ მოცინარი
სმაილებით დატანებული, რომელიც გატყობინებს: „თქვენ გაკისრიათ დიდი მისია, რომ არ
ახსენოთ სიტყვა ნისია!“, გვერდით კი მევალეების კოდირებული შავი სია აქვს გაკრული.
რადგანაც პროდუქტებზე დავიწყე საუბარი, აქვე გავაგრძელებ და გავაერთიანებ
გასტრონომიულ საკითხებს. მესტია განსაკუთრებით ძვირი ქალაქია, რადგან აქ ყველაფერი
უცხოელებზეა გათვლილი, მაგრამ რესტორნებში კერძები მაინცდამაინც ძვირი არ არის,
გასაკვირი და შესამჩნევია ის ფაქტიც,რომ აქ ყველგან ერთნაირი ფასებია და პორციებიც
თითქმის იდენტურია. ქალაქი კაფე–რესტორნებს მიაქვს, თითოეულ ქუჩაზე 2–3 მათგანს
მაინც შეხვდები,მაგრამ კუბდარი ყველგან 6 ლარი ღირს, ასევეა სხვა კერძებზეც,
თუმცაღა ერთი–ორი სიტყვით სვანურ კუბდარზეც მოგახსენებთ. ცომში გახვეული,
შეკმაზული ხორცი ოდითგანვე სვანების საყვარელი საჭმელი გახლდათ, თუმცაღა ვერც
სვანურმა კუბდარმა მოახერხა ჩვენი გაოცება, რამეთუ თუნდაც სამზარეულოში არა
სვანები, არამედ დაქირავებული, სამუშაოდ ჩამოსული სხვა კუთხის წარმომადგენლები
მუშაობენ, ამიტომ ადგილობრივები გამუდმებით გვეუბნებოდნენ ნამვილ კუბდარს მხოლოდ
ოჯახებში თუ შეჭამთო, თუმცაღა უნდა აღინიშნოს,რომ შედარებით უკეთესი კუბდარი
რესტორან „ლაილას“ აღმოაჩნდა. ეს რესტორანი ყველაზე სტრატეგიულ და პოპულალურ
ადგილზე მდებარეობს, მისი ტერასა სეტის პარკს გაჰყურებს და როდესაც არ უნდა ჩაიარო
მუდამ ტურისტებითაა გადატვირთული, კუბდარი მართლაც კარგი აქვთ,მაგრამ სხვა რამეზე
რა მოგახსენოთ. აქ სადილობისას ერთ კურიოზსაც შევესწარით, ეს ამბავი პოლონელ
ტურისტებს გადახდათ, ჩვენ გვერდით ისხდნენ, უცხოელები იყვნენ და ამაზე ბევრი
იცინეს, ქართველი კი აბა ერთ ამბავს დააყრიდა. მოკლედ, მიმტანებს ძალიან
გადატვირთული გრაფიკი აქვთ, ერთი წუთითაც ვერ ისვენებენ, თანაც გასავლელი გზა უფრო
გრძელია რამეთუ „ლაილაში“ ყველა ტერასაზე აგემოვნებს ქართულ კერძებს. პოლონელებმაც
გადაწყვიტეს ქართულ სამზარეულოს გაცნობოდნენ, ოსტრი და ხარჩო შეუკვეთეს. სულ სამნი
იყვნენ, მიმტანმაც ჩვენზე ადრე მიართვა თავიანთი კერძები და მათაც დაგემოვნება
დაიწყეს. შემდეგ უკვე ბორში მიუტანეს, რამაც უცხოელი სტუმრების გაკვირვება
გამოიწვია, მაღალმა და წვერებიანმა კაცმა თქვა – ეს მე არ შემიკვეთავს, მე ხარჩო
შევჭამეო. მიმტანი მის თეფშს დააცქერდა – ხარჩო კი არა ოსტრიაო. გაკვირვებულმა უცხოელმა
იკითხა აბა ჩემი ხარჩო სადააო,რაზეც მიმტანმა მიუგო,რომ მისი ხარჩო უკვე მის
მეგობარს შეეჭამა. თურმე სწორად რომ მიმტანს არევია კერძები, აბა პოლონელები რას
გაარჩევდნენ ქართულ კერძებს, ის ჭამეს,რაც მიუტანეს. დაბნეულები, თუმცაღა
გახალისებულები სხვებთან ერთად კიდევ დიდხანს იცინოდნენ. სვანეთშიც უცხოელებზე
უფრო დიდი მოთხოვნაა, რადგან ქართველებისგან განსხვავებით ისინი უპრეტენზიოები არიან
და სულ არ აინტერესებთ სად დაიძინებენ, სად დასხდებიან და რას მიირთმევენ. ეგ კი
არა, სწორედ რომ პოლონელებს ერთხელ თავიანთი ტანსაცმელის გარეცხვა სამზარეულოში,
ჭიქებთან და თეფშებთან დაუწყიათ, თუმცაღა საბედნიეროდ ფაქტზე გამოიჭირეს, როგორც
აღმოჩნდა ეს მათთან ჩვეული მოვლენა ყოფილა.
მართალია რამდენიმე რესტორანი
უყურადღებოდ დაგვრჩა, თუმცაღა სადაც ადგილობრივებმა გვირჩიეს და რომლებზეც
გვითხრეს,რომ საუკეთესოებია, ყველგან დავაგემოვნეთ კერძები. ყველაზე უკეთესი მაინც
„სანსეტი“ აღმოჩნდა, კუბდარს არაუშავდა, თაშ მუჯაბი არ მოგვეწონა, მაგრამ
დანარჩენი ყველაფერი საუცხოო ჰქონდათ. არც მათი ხინკალი არ ჩამოუვარდებოდა
თბილისის ცნობილი და სახელგანთქმული სახინკლეების ხინკლებს(აქვე ხინკალთან დაკავშირებული ერთი ამბავი მინდა მოვიგონო, ჩვენ წინ უცხოელები ისხდნენ, როგორც ჩანდა სანაქებო ხინკალი შეეკვეთათ. კარგა ხანს ელოდნენ და ბოლოს როცა მოუტანეს სახეზე სიხარული აღებეჭდათ, როგორც იქნა ქართული სამზარეულოს თვალსაჩინო წარმომადგენლის დაგემოვნებას შეძლებდნენ.ხინკალი თავიანთ თეფშზე გადაიღეს,ჩანგალი ჩაასვეს და კულტურულად მისი დაჭრა დაიწყეს, როცა დაასრულეს კერძს გაკვირვებულები უყურებდნენ, ვერ გაეგოთ ან ეს წვენი რატომ გადმოვიდა, ან საიდან მოვიდა და ვერც იმას მიმხვდარიყვნენ კარგი რესტორნის სახელდახელოდ მომზადებული კერძი ასე ნაკუწ-ნაკუწ რატომ დაიშალა, მაგრამ ამას ისინი არ შეუჩერებია, ხინკალი ძალიან მოეწონათ და კიდევ რამდენიმეს დაუწყეს დაჭრა და დაგემოვნება.),ოჯახური, კარტოფილი ფრი
და მწვადი უბრალოდ გენიალური იყო, საკმაოდ დიდი პორციები,რომლებიც თავის ფასს
ნამდვილად შეესაბამებოდნენ.
ქუჩის მოპირდაპირე მხრიდან
შემოგცქერის ამაყად მომზირალი კოშკი,რომელიც ხალხის ნაკლებობას არ უჩივის, თუმცაღა
ვერც მან შეძლო მაინცდამაინც ჩვენი
გაოცება. ერთ–ერთი ადგილი რომელში შესვლისგანაც თავის შეკავებას გირჩევდით,
ეს კაფე დეილია,რომელიც განსაკუთრებული სიძვირითა და უგემური საკვებით გამოირჩევა.
აქვე აღსანიშნავია ნამცხვების კაფე „Kate’s cake”, რომლისთვისაც კონკურენციის
გაწევა თბილისის ნებისმიერ წამყვან სანამცხვრეს გაუჭირდება, ყველა ამბობდა
მესტიაში ასეთ ნამცხვრებს თუ შევჭამდით როგორ წარმოვიდგენდითო, მიუხედავად
იმისა,რომ აქ ნამცხვრების მხოლოდ ერთი მაღაზიაა, უტიფარ მონოპოლიას არ ეწევა,
პირიქით, 2,5 ლარად საკმაოდ დიდი, გემრიელი ნამცხვრის დაგემოვნება შეგიძლიათ,
ისეთის,როგორსაც თბილისში ვერ იშოვით. მალ–მალე ეყიდებათ და ზოგჯერ გემრიელი
ნამცხვრის „დათრევაც“ ჭირს ხოლმე, თუმცა იქ ყველაფერი გემრიელია. როგორც ზემოთ
აღვნიშნე სვანეთში ყველაფერი უცხოელი ტურისტებისთვისაა გათვლილი, რომლებისთვისაც
დასასვენებლად დაგროვებული ათასობით ევროდან გადახურდავებული ლარი არაფერი არ
არის, მაგრამ წავაწყდი,რომ ქართველებისთვის ეს დიდი ფულია და დიდ ხარჯებთანაცაა
დაკავშირებული, განსაკუთრებით გამაოცა „Kate’s cake–ის” ფასებმა, რომლებიც
ქართველთათვის სერიოზულ შეღავათებს გულისხმობს. უცხოელებისთვის – 5 ლ;
ქართველებისთვის – 2,5 და ზოგიერთი რესტორანივით 100 გრ ნაყინში 5 ლარს არ
გახდევინებენ. სწორედ იგივე პრობლემას წააწყდებით სეტის მოედნიდან სხვადასხვა
ღირსშესანიობამდე გამავალ მანქანებთანაც, რაზეც უფრო მოგვიანებით
მოგახსენებთ. მანამდე კი მოგიყვებით თუ
როგორ აღმოვჩნდით მესტიის ბოლოში,ლაღამის ყველაზე ძველ უბანში, სადაც გვარლიანების
საგვარეულო კოშკში შევიჭყიტეთ და ნამდვილი სვანეთიც აღმოვაჩინეთ.
ბინდდებოდა,აგრილებულიყო და
მესტიის ქუჩებში გასეირნება გადავწყვიტეთ. უკვე კარგად ნაცნობ თამარ მეფის ქუჩას
მივუყვებოდით და გზის მაჩვენებელი აბრაც დავინახეთ - ლაღამის ფერისცვალების
ტაძარი, ახალი ადგილების დასალაშქრად წავედით. ცენტრიდან ტაძრამდე მისვლას სულ
ცოტა 1 სთ მაინც უნდა. გზა რამდენჯერმე გავიკითხეთ, ბოლოს კი ერთ ჩიხს მივადექით,
ბოლოში გავედით და ეკლესია რომ ვერ ვიპოვნეთ გვითხრეს უკვე გამოცდითო. გუმბათოვან,
ანდა ბაზილიკური ტიპის ტაძარს ვეძებდით, თუმცაღა მის ნაცვლად აღმოვაჩინედ უჩვეულო,
მეტად საუცხოოო უძველესი სვანური ეკლესია,
რომელიც ორი სართულისგან შედგება. პირველი სართული,რომელშიც ვერ შევედით, რადგან
როგორც გვითხრეს მისი გასაღები არ გააჩნდათ მე-9 საუკუნითაა დათარიღებული, ხოლო
მასზე დაშენებული მეორე სართული კი მე-12 საუკუნისა გახლავთ. ტაძარი შიგნიდანაც
მეტად უჩვეულო და საინტერესოა, თუმცაღა ასეთივე წყობას გადავაწყდით ლამარიის
მონასტერშიც,რაზეც ცოტა მოგვინებით გიამბობთ, მანამდე კი სვანური ტაძრის
აგებულებაზე გესაუბრებით. თავდაპირველად საშუალო სიგრძის დერეფანში
შედიხარ,საიდანაც გასასვლელია ძირითად დარბაზში,რომელიც საკმაოდ მომცრო ზომისაა.
მიუხედავად იმისა,რომ ლაღამის ფერისცვალების ტაძარში გვიან ვიყავით მაინც შევძელით
და მოვათვალიერეთ საუცხოო და თვალწარმტაცი უძველესი ფრესკები. სანამ ეკლესიამდე
მივიდოდით, გამოვიარეთ ხერგიანების სახლ-მუზეუმიც, რომელიც მთებთან განსაკუთრებით
ახლოს დგას. თითოეული ნაბიჯის გადადგმისას გვეუფლებოდა შეგრძნება თითქოს სულ უფრო
და უფრო ვუახლოვდებოდით ამაყად მომზირალ მთებსა და მწვერვალებს. ზოგადად, ლაღამის
უბანი მესტიის ყველაზე ძველი უბანია, აქ უფროა შენარჩუნებული ძველი იერსახე და
ქვით ნაშენებ სახლებსა თუ კოშკკებსაც უფრო შეხვდები.
აქვე არ შემიძლია არ
მოვიხსენიო და მადლობა არ გადავუხადო ძირძველ, ჭეშმარიტ სვანებს, გვარლიანების
ოჯახს, რომელთა უშუალო დახმარებითაც შევძელით ლაღამის ტაძრის დათვალიერება და
შემდეგ ნებაც დაგვრთეს თავიანთ საგვარეულო კოშკში შეგვეჭყიტა. სვანური კოშკის
აგებულებასა და დანიშნულებაზე ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ, როდესაც მარგიანების
კოშკის შესახებ მოგითხრობთ, უბრალოდ აქვე მოვიგონებ გვარლიანების ნათქვამს, რომლის
მიხედვითაც კოშკი ყველა ოჯახს არ გააჩნდა და ჰქონდათ მხოლოდ მათ, ვინც ძლიერი
გვარისანი იყვნენ და ძლიერი ოჯახიც ჰყავდათ, რაც შეეხება მათ საგვარეულო კოშკს,
შიგნით საშუალება გვქონდა გვენახა უძველესი სვანური სკივრი და ოჯახის უფროსის -
მახვშის უძველესი სავარძელი,რომელიც ყველა ოჯახს თავისი და ერთმანეთისგან
განსხვავებული ჰქონდა.
მესტიის ცენტრიდან 100 მ-ში,
შემაღლებულ ბორცვზე მდებარეობს ახლად აშენებული ტაძარი,რომელიც როგორც ჩვენ გვითხრეს
მაცხოვრის სახელობისაა. ყველაზე უჩვეულო და ყურადღების მიმპყრობი გახლავთ ეკლესიის
მარჯვენა კუთხეში განთავსებული წმ. გიორგის ხატი,რომელზედაც მოოქროვილ ხატში
დაცემული გვლეშაპის ადგილას გვევლინება ადამიანი, რომელიც სინანულს გამოხატავს,
წმ. გიორგის ხატის გარშემო კი წმინდანების სახეებია გამოსახული, მათ შორის არიან
თვით იესო ქრისტე, მარიამ ღვთისმშობელი და არქანგელოზი. ქალაქის ცენტრში, სეტის
მოედანზე, სასაფლაოსთან მდებარეობს კიდევ
ერთი ძველი წმ. გიორგის სახელობის ეკლესია.
მომდევნო დღეს ევროპის
უმაღლესი სოფლისა და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის - უშგულის დასალაშქრად
გავსწიეთ, თუმცაღა სანამ ამ არნახული მოგზაურობის შესახებ მოგიყვებოდეთ, მანამ
ერთი მეტად საინტერესო და უცნაური ფაქტის შესახებ მინდა მოგახსენოთ, რომელიც
ადგილობრივებისგან გავიგეთ და ჩვენც გაოცებულები დაგვტოვა. სვანეთში გაზი არ აქვთ,
თუმცაღა ეს პრობლემას სულ არ წარმოადგენს, იქ ყველაფერი დენზე და წყალზეა
აწყობილი, რამეთუ ისინი არც დენისა და არც წყლის გადასახადს არ იხდიან და არც
არასდროს იხდიდნენ. მოგახსენებენ წყლის ქვეყანაში წყლისთვის ფული როგორ
გადავიხადოთო, ხოლო დენზე კი გეტყვიან ენგურჰესი აქ არ გვაქვსო?
მესტიიდან უშგულამდე მანძილი
45კმ-ია, მაგრამ საშინელი გზის გამო დანიშნულების ადგილამდე 2 საათი მაინც
გჭირდება. როგორც აღვნიშნე იქ მხოლოდ Delica-ს შეუძლია ასვლა, ისინი სეტის
მოედნიდან გადიან და მანქანის დაქირავება 200 ლარი ღირს, შეგიძლია იქამდე დარჩე,
სადამდეც გინდა. უშგულამდე მიმავალი გზა მართლაც რომ საუცხოოა, გიწევს
მდინარეებისა და წყალვარდნილების გადალახვა, თვალწინ იშლება ულამაზესი ხედები,
გადიხარ მთის კალთებზე და გზა ისეთი ვიწროა, რომ ზოგჯერ ერთმანეთის საპირისპიროდ
მიმავალმა მანქანებმა ერთმანეთს გვერდი რომ აუქციონ კილომეტრითაც კი შეიძლება
მოგიწიოს უკან დახევა ოდნავ ფართო, გვერდასაქცევი გზა რომ მონახო. სანამ უშგულში
მიხვალ, გზად შეგხვდება სოფ. იფარი თავისი ჯადოსნური, თვალწამრტაცი და
არაჩვეულებრივი ხედებით, სადაც არ უნდა გაიხედო თვალუწვდენელი მთები გესახება, მათ
შორის გამავალი გზის გადმოღმა კი ერთ-ერთი ტრადიციული და ულამაზესი სოფელი იშლება.
სვანეთში ბევრი გვარია, თუმცაღა მხოლოდ ერთის ისტორიის შესახებ შევიტყვეთ და
რადგანაც მან ასახვა ჩემს მოთხრობაში - „დადაშ გულბანი“ ჰპოვა და სოფ. იფარსაც
უკავშირდება აქვე მოვიგონებ. ისტორია გვარ გულბანს ეხება, როგორც გვითხრეს ამ
გვარის წარმომადგენლები სწორედ რომ იფარიდან არიან და ისინი გამუდმებით „ძველი
ბიჭები“ ყოფილან, ეს მათ სისხლში საუკუნეების განმავლობაში ყოფილა, აგრეთვე რთული
იყო გულბანი ქალის გათხოვების საკითხი და თუ მომავალი სიძე „ნახიშტარი“ არ იქნებოდა, მას ქალს არ გაატანდნენ.
მორიგი ღირსშესანიშნაობა რაც გზად გვხვდება სიყვარულის კოშკია, რომლის
დანახვა გზიდანაც შეიძლება. გარედან ჩვეულებრივ სვანურ კოშკს მოგვაგონებს, მაგრამ
გამორჩეული თავისი ისტორიითაა, როგორც გიორგი ქალდანმა მოგვახსენმა ლეგენდის თანახმად,
კოშკის აგება ქალ-ვაჟის უკვდავყოფილ სიყვარულს ეძღვნება. კაცი სანადიროდ წასულა,
გოგონა კი იმ ქვაზე ელოდა, რომლის ადგილზეც ახლა კოშკია აგებული, ნადირობისას ბიჭი
დაღუპულა, ქალს კი ქვაზე ცხარე ცრემლები
დაუღვრია, როდესაც მამამისმა შვილის ასეთი გაუბედურების ამბავი გაიგო იმ ქვის
ადგილზე ქალიშვილისთვის კოშკი აუშენებია, რომელსაც სიყვარულის კოშკის სახელით
იცნობენ.
უშგულისაკენ მიმავალი გზა გრძელდება, საუცხოო ხედები კი არადა არ
მთავრდება, ამასობაში ჩვენს მძღოლს უშგულის სახელის მნიშვნელობა ვკითხეთ, მან კი
მოგვიგო რომ უშგული სვანურად უკუღმართს ნიშნავს, თუმცაღა სოფლის შესასვლელში
აღმართული აბრა იტყობინება,რომ პუბლიცისტ ბესარიონ ნიჟარაძის თანახმად სახელწოდება „უშგული“ წარმოშობილია ტოპონიმიდან
„უშიშარი გული“.
უშგული ევროპის ყველაზე მაღალ სოფლად ითვლება, შესულია იუნესკოს მსოფლიო
მემკვდირეობის ძეგლთა სიაშიც. იქ ყოფნისას გეუფლება განცდა,რომ ყველაფერს
მოწყვეტილი ხარ, გარშემო მხოლოდ უკიდეგანო მთებია, ჩრდილოეთით კი გესახება მუდამ
თოვლიანი მედიდური, გრანდიოზული შხარა, რომელიც საქართველოს უმაღლესი მწვერვალია.
უშგულში რამდენიმე ეკლესიაა, თუმცაღა მონახულებით ლამარიას ეკლესიის ნახვაა
შესაძლებელი. ეს ბაზილიკური ტიპის ტაძარია, ისეთივე აგებულების,როგორიც ლაღამში
ვნახეთ, გრძელი დერეფნითა და მომცრო სარიტუალო დარბაზით. ლამარიას ეკლესია უშგულის
ბოლოში, განცალკევებით გორაკზე მდებარეობს და სწორედ ისაა ერთადერთი
დამაკავშირებელი რგოლი უშგულსა და შხარას შორის.
ასევე უშგულში მდებარეობს თამარ მეფის საზაფხულო და საზამთრო
რეზიდენციებიც, სწორედ რომ მხოლოდ სვანეთში მდებარეობს თამარის ორივე რეზიდენცია.
მთაზე თამარ მეფის კოშკთან ერთად პატარა ეკლესიაც გვხვდება, მაგრამ იქიდან
გადმოშლილი ხედით აღტაცებულს სხვა ყველაფერი გავიწყდება. მთები ჰორიზონტზე
გესახება, ხოლო ევროპის უმაღლესი სოფელი კი დაბალ, ჩავარდნილ ადგილად. იქიდან
ხელისგულით მოჩანს მთლიანი უშგული, შხარა და შორეულ წერტილად ლამარიაც გევლინება. მესტიისგან
განსხვავებით აქ ძველი სვანეთი ყველაზე კარგადაა შენახული და უშგული სწორედ რომ
ასეთი ტრადიციული ერთადერთი სოფელია სვანეთში. ქუჩებში მრავლად ნახავ მიტოვებულ,
ჩამონგრეულ უძველეს სვანურ სახლებსა და მათზე მიდგმულ კოშკებს. თანამედროვე
ურბანიზაციას აქ ნაკლებად გაუდგამს ფესვები. მაგრამ ეს ყველაფერი არაა, უშგულის
მუზეუმები ერთ-ერთი საუკეთესო რამაა, რასაც საქართველოში ნახავ. კოშკში
განთავსებული მუზეუმი, რომელშიც უძველეს ბიჟუტერიასთან ერთად შეხვდებით მრავალი
საუკუნეების წინ გამოჭედილ და შექმნილ ხატებს, რომლის ანალოგებს მსოფლიოში ვერსად
იხილავთ, ერთადერთი მესტიაში, სვანეთის მუზეუმში შეიძლება მათი ნახვა. თუმცაღა
განსხვავებით მესტიისაგან, უშგულის მუზეუმში შენახული სიძველენი მხოლოდ უშგულის
ტერიტორიაზეა აღმოჩენილი და ნამდვილად დასანანია,რომ ასეთ საუცხოო მუზეუმს ასეთი
უვიცი და არაპროფესიონალი თანამშრომლები ჰყავს, რომლებიც არაფრის აზრზე არ იყვნენ
და მამაჩემს ეკითხებოდენ რომელ ხატზე ვინ იყო გამოსახული.
მეორე ძალიან მაგარი მუზეუმი უშგულის ეთნოგრაფიული მუზეუმია, რომელიც
სახელმწიფო არაა და მას ჩარქსელიანების ოჯახი ჰპატრონობს. არ შემიძლია
აღფრთოვანება დავმალო ამ მუზეუმისა და ამ ბიჭების მიმართ, რომელთაც უამრავი სვანური
ტრადიციის შესახებ გვიამბეს და სვანურ კულტურასაც გვაზიარეს, სიტყვებით ვერ
გადმოვცემ რა განცდაც გეუფლება და ალბათ ვერც ამ ყველაფერს ავწერ, ამიტომ ტექტს დავურთავ
ჩემ მიერ გადაღებულ ფილმსაც, რომელშიც ნათლად ჩანს და თითქმის უშგულის
ეთნოგრაფიული მუზეუმის ყველა დეტალია გაშუქებული. პირველად რომ შევიხედე თითქოს
არაფერი, უბრალოდ ხის ნივთები იყო, მაგრამ ალუდა ჩარქსელიანმა თითქოს ამ უსული
საგნებს სული შთაბერა, ჩვენ თვალწინ გააცოცხლა ისინი, ძველი სვანეთი თვალწინ
გადაგვიშვალა და ღრმა წარსულში ბრწყინვალე გიდობაც გაგვიწია.
რადგანაც უშგული მეტ-ნაკლებად საკმაოდ კარგად მაქვს გადაღებული და
აღწერილი, მეტს აღარ დავწერ და თავს აღარ შეგაწყენთ. უბრალოდ რამდენიმე დეტალს
მოვიგონებ. ლამარიასკენ მიმავალი გზა ნიჟარაძის კაცმა მიგვასწავლა, სანამ გზას
გავაგრძელებდით ცოტა გამოვილაპარაკეთ კიდეც. ტურიზმზე საკმაოდ გულნატკენი
საუბრობდა, თქვა რომ ერთი მხრივ კარგი იყო, რადგან ხალხმა ფული იშოვნა და ცოტა
ამოისუნთქა, მაგრამ მეორე მხრივ ტურიზმმა და ფულის გემომ ხალხი მთლიანად შეცვალა,
მისივე თქმით დღეს სვანეთში ძმა ძმას აღარ მიიღებს, რადგან ეტყვის ტურისტები მყავს
და ადგილი აღარ მაქვსო. მართლაც ასეა, საოჯახო სასტუმროებში ყველა ოთახი
გადავსებულია და მასპინძლები ლამის მისაღებში დივანზე წვანან. ესეც გაცხოველებული
ტურიზმის უარყოფითი შედეგი. ასევე უშგულში კოშკთან ჩამომჯდარი ძირძველი სვანებიც
აღმოვაჩინეთ, სურათის გადაღების ნებართვა ვთხოვეთ, დაგვთანხმდნენ და კაცმა თმების
შესწორებაც დაიწყო, მაგრამ რაც ყველაზე მეტად გამიკვირდა იყო ის,რომ მიახლოებულს მკითხა
კომპიუტერით გამომიგზავნიო? უშგულიდან წამოსვლისას გვქონდა პატივი გვენახა ღამით საჭმლის საძებნელად ტყიდან გამუსული მელაკუდა, რომელიც მანქანის დანახვისთანავე კვლავ ტყისაკენ გაცუნცულდა.
ნელ-ნელა ფინიშს
ვუახლოვდებით, მხოლოდ მესტიის მუზეუმსა და მარგიანების კოშკზე დაგვრჩა სასაუბრო. ერთ
კვირაში შეუძლებელია სვანეთის სრულიად შეცნობა, ამას ემატება ისიც,რომ წვიმიანმა
ამინდმა თითქმის ერთი სრული დღით მთლიანად მოგვწყვიტა ტურისტულ მკვლევარობას და
გრაფიკიც სრულიად აგვირია. მესტიის მუზეუმს, რომელიც ქალაქის ცენტრში დგას რატომღაც
ყველა ბოლოსკენ იტოვებს, შემდეგ კი ხდება ხოლმე რომ მას საერთოდ ვეღარ ნახულობენ,
ჩვენ გაგვიმართლა. მსოფლიოს მუზეუმების ათეულში შესული, სვანეთის ისტორიული და
ეთნოგრაფიული მუზეუმი ნამდვილად საუცხოო სანახაობას გვთავაზობს. უძველესი სვანური
მიწის დასამუშავებელი იარაღები, ტრადიციული ტანისამოსი, სხვადასხვა კულტურისა და
ქვეყნების უძველესი მონეტები, ცნობილი ფოტოგრაფების თვალით დანახული სვანეთი,
უძველესი ხატები და ჯვრები, სხვადასხვა ხელნაწერები, ოთხთავები, ხმლები, ხანჯლები,
დამბაჩები და გრძელლულიანი თოფები, სამკაულები, ეს ის არასრული ჩამონათვალია,
რასაც აღტაცებაში მოყავხარ, ალბათ უძველესი სვანური სკამები და ნივთებიც
გაგაკვირვებს, მაგრამ როდესაც უშგულის ეთნოგრაფიული მუზეუმი გინახავს ეს უკვე
აღარაფრად გეჩვენება, თუმცა სხვა დანარჩენი ნამდვილად საუცხოოა.
ბოლო დღეს სვანეთის უძველეს
და ისტორიულ უბანს ლანჩვანს ვესტუმრეთ, რომელიც მესტიის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი
ადგილია. აქ საშუალება გვქონდა მარგიანების კოშკს ვსტუმროდით. შიგნით მიდგმული კიბეები საშუალებას იძლევა კოშკში
იძრომიალო და სახურავიდანაც გადმოიხედო. აქვე მოგახსნებეთ სვანური კოშკის
დანიშნულებასა და აგებულებაზე. მას მხოლოდ თავდაცვისთვის იყენებდნენ, მტერი შიგნით
ვერ აღწევდა, სარკმლებიდან კი შესაძლებელი იყო მათი მოგერიება, გარდა ამისა კოშკის
ფორმა, მისი წაწვეტებული, მჭრელი გვერდები საშუალებას იძლევოდა ზვავი გაეკვეთა და მოსახლეობა
სტიქიისაგან ეხსნა. რიგ შემთხვევაში კოშკებს საწყობების ფუნქციაც ჰქონდა.
განსხვავება მხოლოდ სივრცეებშია, ზოგი კოშკი უფრო განიერია,ზოგი კი ნაკლებად.
მარგიანების კოშკიც ოთხი სართულისგან შედგება, სართულებში გადასვლა იატაკში
ამოტეხილ ნაპრალებზე მიდგმული კიბეებითაა შესაძლებელი. მარგიანების კოშკში
სარკმელებთან ასევე აღმოვაჩინეთ ცხოველის საკმაოდ ძველი ნაშთები, რქები და ქვედა
ყბის ძვლები.
ნანახი და განცდილი აღწერილს
ყოველთვის სჯობს, მაგრამ შევეცადე სვანეთის დადებითი და უარყოფითი მხარეები,
შთაბეჭდილებები ნათლად გადმომეცა. მეგზურის როლიც კი მოვირგე და თუ რომელიმე
თქვენგანი სვანეთში გადაწყვეტთ წასვლას იმედია ჩემი დოკუმენტური თხზულება გზის
გაკვლევაში ცოტა მაინც დაგეხმარებათ და გეცოდინებათ რა უნდა ნახოთ და რას უნდა
მოელოდოთ ამა თუ იმ ადგილისგან, მაგრამ ერთი რამ ცხადია, სვანეთი ეს ის ადგილია,
სადაც სიცოცხლეში ერთხელ მაინც უნდა წახვიდე და აუცილებლად იხილო საქართველოს ეს
ძირძველი და ისტორიული მხარე, რადგან თუ სვანეთში არ ყოფილხარ, საქართველო არ
გინახავს.
ენგურჰესი
ჰაწვალის საბაგირო
ზურულდის მთა
სვანური სფინქსი
ბეთქილის მჟავე წყლები
სვანეთის "ბაზარი"
გვარლიანების საგვარეულო კოშკი
სიყვარულის კოშკი
ძირძველი სვანები
ხედი მარგიანების კოშკის სახურავიდან
ჩემი პირველი დოკუმენტური ფილმი - უშგული, სადაც შესაძლებელია სვანეთის ეთნოგრაფიული მუზეუმის ხილვაც.
სვანეთს მრავალი მახვში უნახავს, ერთმანეთზე ღირსეულნი და სამართლიანნი,
მაგრამ დადაშ გულბანი მაინც გამორჩეული იყო. ლახამულის თემის მახვშს სახელი მთელ
სვანეთში გავარდნოდა, მასთან რჩევის საკითხავად სხვა მახვშებიც კი მოდიოდნენ.
მკაცრი და ფიცხი კაცი იყო, მაგრამ ძალზედ გამჭრიახი გონების პატრონი
სამართლიანობის შუქურად ქცეულიყო. მის თემში სიმშვიდე სუფევდა. დანაშაულის ჩადენას
ვერავინ ბედავდა, რამეთუ იცოდნენ, რომ პასუხი აუცილებლად მოეთხოვებოდათ. ყველასთან
ახლობლობდა,სხვებიც ენდობოდნენ და თავიანთ მეგობრად მიაჩნდათ. დადაშს ერთი ვაჟი
ჰყავდა, ბექნუ გულბანი 26 წლის ყმაწვილი გახლდათ. მთასავით ჩამოსხმულს კეხიანი
ცხვირი და მუგუზალივით შავი წარბები ჰქონდა, რომელთა ქვემოდანაც არწივისებრი
თვალები იმზირებოდნენ. მეტად მკაცრი გამომეტყველების პატრონი სულაც არ იყო კუშტი
ბუნების, ყველას ეხმარებოდა და სოფელში საუკეთესო მონადირედაც ითვლებოდა. მისი
უახლოესი მეგობარი გეგი ქალდანი გახლდათ, ისე ახლობლობდნენ, იტყოდი უთუოდ
ძმადნაფიცები არიანო.
ნოემბერი იდგა. დადაშს 60 წელი უსრულდებოდა.
დაბადების დღის აღსანიშნავად დიდი სუფრა გამართა, მეზობლებიც დაეხმარნენ და ეს
ამბავი იფარის მთელმა მოსახლეობამ ერთად აღნიშნა.თუმცაღა ცერემონიალს ვერ დაესწრო
გეგი ქალდანი,რომელიც საქმეზე მესტიაში წასულიყო. უზარმაზარ სუფრას მამაკაცები
შემოსხდომოდნენ, მეუღლეები და ქალიშვილები კი მათ ემსახურებოდნენ. მაგიდაზე
გამოქონდათ კუბდრები, ჭვიშდრები, ფეტვიანი ხაჭაპურები,თაშმიჯაბი და სხვა
ტრადიციული კერძები. ვინაიდან სვანეთში ვაზი არ ხარობდა, ტრადიციულ სასმელს რახის
სვამდნენ. გულბანების ოჯახში იმყოფებოდა გეგის და დინა ქალდანიც, რომელიც არნახული
სილამაზის პატრონი გახლდათ. მაღალი, გამხდარი შავგვრემანი გოგონა იყო. სახეზე
ტრადიციული მკაცრი იერი დაჰკრავდა. მის თითოეულ მოძრაობას, ყოველ მიხრა-მოხრას
ახალგაზრდა ბექნუ თვალმოუშორებლივ აკვირდებოდა. დინა ყოველთვის მოსწონდა, მაგრამ
ამის გამხელას ვერ ბედავდა. თითქოს მასთან ასე ახლოს იყო და ამავედროს ძალიანაც
შორს, ამაზე ფიქრი აღარ შეეძლო და ავი აზრების გასაქარწყლებად რახი კიდევ ერთხელ
გადაკრა. სვანებმა დალევაში ყოველთვის იცოდნენ ზომა-წონა, სწორედ ამის
დამადასტურებელი იყო სასმისზე აღმართული მშვიდობის სიმბოლო-მტრედი,მაგრამ ბექნუს ესეც
კი დავიწყებოდა, დინაზე ფიქრს ვერ წყვეტდა და როგორმე ის უნდა დაევიწყებინა, ხსნას
კი ახალგაზრდა ჭაბუკი მხოლოდ სმაში ხედავდა.
მოსაღამოვდა. ბექნუ გულბანი კარგად შეზარხოშებულიყო, სანამ მაგიდასთან იჯდა
ვერ ატყობდა თუ რამდენად დამთვრალიყო, როდესაც წამოდგა, შებარბაცდა, თუმცაღა მაინც
შეუმჩნევლად გაიპარა და სუფთა ჰაერზე გავიდა. რახი უფრო და უფრო მოეკიდა. ტყის
განაპირას მივიდა, ჩამოჯდა და ნაძვს მიეყრდნო. გონება ებინდებოდა და არც
შეწინააღმდეგებია.
სტუმრებმა გულბანების ოჯახი შებინდებისას დატოვეს. ვინაიდან ახლო ნაცნობობა
ჰქონდათ, დინა დადაშის მეუღლის მოსახმარებლად ცოტა ხნით კიდევ დარჩა, შემდეგ კი
ისიც გაუყვა შინისკენ მიმავალ გზას. ქალდანების ოჯახი იფარის ბოლოში ცხოვრობდა.
დაღამებულიყო და სოფელს ეძინა. მხოლოდ ძაღლების ყეფა თუ გაისმოდა შიგადაშიგ. დინამ
მოკლე გზით გადაწყვიტა წასვლა, გზად ტყე უნდა გადაეკვეთა და შიგნით შევიდა. უეცრად
შედგა, თითქოს რაღაც მოეჩვენა, მიუახლოვდა და ახალგაზრდა ბექნუს სახე თვალნათლივ
დაინახა.
-ბექნუ - ხმადაბლა მიმართა ქალმა. გულბანმა
თვალები მაშინვე გაახილა და დინას შეხედა.
-დინა - ფეხზე წამოდგომა ცადა და
წაბარბაცდა, თავი ვეღარ შეიკავა და დინას დროულად რომ არ ემოქმედა და არ დაეჭირა
უთუოდ წაიქცეოდა.
-ღმერთო, როგორი მთვრალი ხარ,ამ შუაღამით
აქ რას აკეთებ? - ისინი ერთმანეთთან ისე ახლოს იყვნენ, ბექნუ ქალის სუნთქვას
სახეზე გრძნობდა. ბურუსში ეხვევოდა, თავბრუ ესხმოდა, თითქოს მისი კიდურები
უსასრულობაში იძირებოდნენ, ვერ ფიქრობდა, არ იცოდა სად იყო, მხოლოდ ერთ რამეს
აღიქვამდა და ეს დინა იყო, მისი საოცარი ხმა, მისი ბაგეები,რომლებიც ასე ახლოს
იყვნენ ახალგაზრდა ბექნუსთან, იყო მხოლოდ ქალის სუნთქვა, რომლის დროსაც მისი
გულმკერდი რითმულად ირხევოდა და იყო მისი ულამაზესი თაფლისფერი თვალები.
-ბექნუ - დინა მიხვდა რომ ჭაბუკი არ
უსმენდა, ამიტომ ხელი სახეზე შეახო. ეს საბოლოო ნეტარება იყო ბექნუ გულბანისთვის.
ხელი აწია და ქალს სახეზე მოჰკიდა, ჟრუანტელმა დაუარა, თითქოს რაღაც მიუწვდომელს
მისწვდენოდა, დინას გახშირებული სუნთქვა სახეზე ისევ ელამუნებოდა. - ბექნუ. - აი
ისევ, მისი მომაჯადოვებელი ხმა. ბექნუმ თავი წინ გაწია და მოულოდნელად დინას
აკოცა. ქალმა ხელი მაშინვე ჰკრა და სილა მწარედ გააწნა.
-რას აკეთებ?! - ერთობ გაბრაზებულმა
შეიცხადა. ბექნუ მის საკოცნელად ისევ გაიწია. -არა! - დინამ ხელი უჯიკა,მაგრამ
მიუხედავად იმისა რომ მთვრალი იყო სუსტი ბიძგი ბექნუსნაირი აღნაგობის მამაკაცს ვერ
შეაკავებდა. გულბანმა დინა თავის მკლავებში მოიქცია და კოცნა დაუწყო. ქალმა პირი
იბრუნა, ბექნუს ხელებს ურტყამდა.
-გამიშვი, ბექნუ, გთხოვ, გემუდარები -
დინამ ყვირილი ცადა, მაგრამ პირველივე ბგერების გაჟღერისთანავე კაცმა ხელი პირზე
ააფარა. ქალი ხესთან მიიმწყვდია და ზედ ააკრა. ცალი ხელი პირზე მიეფარებინა,
საიდანაც დინას დაგუდული და ჩახშული ბგერები მოისმოდა, მეორეთი კი კაბის შემოხევა
დაუწყო...
დილა იყო. 7 საათი იქნებოდა, მზე ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე ამოსული. დადაშ
გულბანის ეზოში ალუდა ზურებიანი სირბილით შემოვარდა.
-დადაშ,დადაშ! - ეზოში ყვირილი მორთო.
მახვშიმ სასწრაფოდ ქუდი დაიხურა და სტუმარს გამოეგება.
-რა მოხდა, რა გაყვირებს ამ
დილაადრიან?- გულამოვარდნილი ალუდა
ქშინავდა, სული მოითქვა და დადაშს სათქმელი მოახსენა:
-მონადირეებს ტყეში დინა უპოვნიათ.
-როგორ თუ ტყეში, რა მოხდა?- ალუდამ თავი
დახარა - მითხარი რა მოხდა! - ბრაზიანად მიუგო გულბანმა.
-ვიღაცას გაუუპატიურებია, ექიმთან
მიიყვანეს.
-ღმერთო ჩემო, ეს ვის უნდა ჩაედინა. -
შეიცხადა დადაშმა.
-არ ვიცი.
-ჩარგაზმა იცის?
-კი, ლამარასთან არიან.
-ახლავე წამოვალ- უთხრა და მოსასხამის ასაღებად სახლში
შებრუნდა.
-რა
მოხდა? - ჰკითხა ცოლმა, დარბაზში ბექნუც შემოსულიყო.
-ლამარასთან
მივდივარ, გუშინ - დადაში შეყოვნდა, ემძიმებოდა ყოველივეს თქმა - დინა
გაუუპატიურებიათ. - ქალმა ხელი პირზე აიფარა. ბექნუ შედგა, თავბრუ დაეხვა და რომ
არ წაქცეულიყო სკამს მოეჭიდა.
-ეს ვინ
ჩაიდინა? - აღელვებულმა იკითხა ქალმა.
-არ
ვიცი, მაგრამ აუცილებლად ვიპოვნი და პასუხს ვაგებინებ - თქვა დადაშ გულბანმა და
სახლიდან სასწრაფოდ გავიდა.
მამის წასვლისთანავე ბექნუ თავის ოთახში
შევარდა. მუხლებზე დაემხო, თავი ხელებში ჩარგო და ცხარე ცრემლებით ატირდა.
ჩვილობის შემდეგ პირველად ტიროდა.
გუშინდელიდან
მხოლოდ ცოტა ახსოვდა. დილით თავის საწოლში გაიღვიძა, დინას სახე ფრაგმენტებად
აგონდებოდა, თუმცაღა ყველაფერი სიზმარი ეგონა. თავის თავს მუშტი სახეში ძლიერად
სთხლიშა. პატარა მაგიდაზე დადებული შანდალი ძირს მოისროლა, ორივე მუშტი ქვის
იატაკს დაარტყა.
-არა, ეს
როგორ ჩავიდინე, ეს როგორ ჩავიდინე...- ამოილუღლუღა და იატაკზე გაწვა. შუბლი
მუშტებს რამდენჯერმე ძლიერად მიახეთქა.
ლამარა ხაჭვანი იფარის ერთადერთი ექიმი იყო, ეს ხელობა ბებიისგან ჰქონდა
ნასწავლი. შორს არ ცხოვრობდა. მის სახლთან სოფლის უხუცესები შეკრებილიყვნენ,
ჩარგაზ ქალდანს ანუგეშებდნენ და დამნაშავის პოვნას ჰპირდებოდნენ. დადაშის მოსვლისთანავე განზე გადგნენ. მახვში
ჩარგაზს მიუახლოვდა და დაღვრემილი მეგობარი გულში ჩაიკრა.
-ვიპოვნით,ჩარგაზ, პირობას გაძლევ რომ
აუცილებლად ვიპოვნით მაგ პირუტყვს და პასუხს ვაგებინებთ, ის ყველაზე წმინდას
შეეეხო და ამას არ ვაპატიებთ.
-ვიცი, დადაშ, ვიცი - ჩარგაზმა თავი
დაუქნია, მხნეობის შენარჩუნებას ცდილობდა.
-ეჭვი ხომ არავიზე გაქვს?
-არა. - მახვში თანასოფლელებს მიუბრუნდა.
-ვინმეს რამე ხომ არ დაუნახავს ან ხომ არ
გაუგონია? - სოფელმა ტრადიციულად ყველაფერი იუარა, თუმცაღა მართლა არავინ არ იცოდა
არაფერი. - მაშინ ყველა მამაკაცი ხატზე დაიფიცებს. - მახვშს ეს გადაწყვეტილება
ყველამ მოუწონა.
-იქნებ დინამ დაინახა თავდამსხმელი -
შენიშნა ერთ-ერთმა უხუცესმა.
-დაველაპარაკები - თქვა დადაშ გულბანმა და
გახედა ჩარგაზ ქალდანს, რომელმაც მახვშს თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
დადაში ლამარას სახლში შევიდა. დინა ლოგინზე იწვა, ეძინა. გვერდით დედა და
რამდენიმე ქალი ესხდა. მახვშის შემოსვლისთანავე ყველა ფეხზე წამოდგა.
-როგორ არის? - ლამარას ჰკითხა გულბანმა.
-შოკირებულია, მაგრამ კარგად იქნება,
ძლიერი გოგოა.
-დადაშ...- დაიჩურჩულა დინას დედამ.
-გისმენ,ნინა. - ქალი კაცს მიუახლოვდა,
მახვშის ხელები თავისაში მოაქცია.
-ხომ იპოვნი, იმ არამზადას ხომ იპოვნი?
-აუცილებლად,აუცილებლად ვიპოვნი.
-დამპირდი.
-გპირდები, დავიჭერთ და გავასამართლებთ.
-არ უნდა იცოცხლოს. - დადაში ქალს
გულდამწვარი უცქერდა.
-როდესაც გაიღვიძებს დამიძახეთ. - ხაჭვანმა
მახვს თავი დაუქნია და გულბანმაც ოთახი დატოვა.
დინამ რამდენიმე საათში გამოიღვიძა. შეშინებული და შერცხვენილი იყო. ხალხის
ეშინოდა, მარტო ყოფნა სურდა, მაგრამ დადაშს მაინც დაუძახეს. მახვშის ოთახში
შესვლისთანავე დინა შეკრთა და გუგები გაუფართოვდა.
-არა,არა-საწოლის საზურგეს მჭიდროდ მიეკრა.
-დინა, მე ვარ, დადაში ვარ, ყველაფერი
რიგზეა. - მახვში სკამზე ჩამოჯდა. დინას თვალები აემღვრა.
-გთხოვთ, მარტო დამტოვეთ.
-წავალ,მაგრამ მანამდე რაღაც უნდა მითხრა,
უნდა დამეხმარო, რომ ის ნაძირალა დავიჭიროთ.
-არა, არა...
-მისი სახე დაინახე, იცანი ვინ იყო?
-არა... გთხოვთ, უბრალოდ მარტო დამტოვეთ.
-დინა - დადაშმა ხელი ნაზად შეახო, ქალი
შეკრთა და ხელი მაშინვე გაწია.- მაპატიე-გულბანი თავის შეცდომას მიხვდა და უკან
გაიწია.
-გთხოვთ, წადით აქედან, მარტო დამტოვეთ. -
მახვშიმ თავი დააქნია.
-კარგი, იქნებ სხვა დროს ვისაუბროთ, მალე
გამოჯანმრთელდი. - დადაში წამოდგა და კარებისკენ დინჯი ნაბიჯებით დაიძრა, სანამ
გავიდოდა შემოტრიალდა და აცახცახებულ გოგონას სევდიანად შეხედა, შემდეგ კი გარეთ
გავიდა. დინა მძიმედ სუნთქავდა, ხელები მუხლებს შემოაჭდო და ცხარე ცრემლებით
ატირდა. ის ხომ მამამისი იყო, მას ერთადერთი შვილი ჰყავდა და სწორედ ის იყო
მოძალადე.
-არა, შეშინებულია. არ მესმის ასეთი
არაკაცი და ავხორცი როგორ უნდა იყო ეს რომ ჩაიდინო, რა ოჯახში უნდა გაიზარდო.
-ეს მთელი გვარის სირცხვილია. - მახვშს კვერი
სხვებმაც დაუკრეს.
შებინდებულიყო.ტაძარი სრულიად დაცარიელებულიყო. ბექნუ საკურთხევლის წინ
ჩამუხლულიყო. თითები გადაეჭდო და ხელებში ჯვარი ეჭირა. სინანულში
ჩავარდნილიყო,თავის თავს ჩადენილს ვერ ჰპატიობდა,მაგრამ გამხელისაც ეშინოდა.
ცდილობდა კარგი ადამიანი ყოფილიყო, ცდილობდა მამას დამსგავსებოდა, მაგრამ გვარმა
თავისი ქნა და სისხლმა უყივლა. მთვრალმა თავისი ნამდვილი სახე გამოაჩინა და ამას
ძალიან ნანობდა. ღმერთს პატიებას, ხსნასა და შველას ევედრებოდა. არ იცოდა რა ექნა
და პასუხებს ეძებდა, უფალს გზის ჩვენებას სთხოვდა, მაგრამ მისთვის ყველა გზა
მოჭრილიყო. მან თავის ოჯახს, მამამისს უღალატა, სახელი გაუტეხა. ვერც ამას
აპატიებდა თავის თავს. ლოცვის შემდეგ ტაძარი ცრემლმორეულმა დატოვა.
გეგი ქალდანი მშობლიურ სოფელში მომდევნო დღეს დაბრუნდა. მისი ჩამოსვლისას
დინა უკვე საკუთარ სახლში იმყოფებოდა. მომხდარის შესახებ გეგიმ მეზობლისგან გაიგო.
სახლში გიჟივით შევარდა.
-ეს ვინ ჩაიდინა?
-არ ვიცით - მიუგო დანაღვლიანებულმა დედამ
- მაგრამ გავიგებთ და როცა გავიგებთ იცი რაც უნდა ქნა. - შვილმა დედას თავი
დაუქნია.
-სად არის?
-თავის ოთახშია, არ გვეკონტაქტება.
გეგი დინას ოთახისკენ დაიძრა. კარზე ნაზად დააკაკუნა და ოდნავ შეაღო. ქალმა
ძმას შეხედა და შემდეგ თავი შეაბრუნა. გეგი შიგნით შევიდა. დინას საწოლზე ჩამოჯდა,
დას საბანი გაუსწორა.
-როგორ ხარ? - ჰკითხა ყმაწვილმა.
-მეშინია.
-ნუ გეშინია,მე აქ ვარ. მაპატიე რომ
დაგტოვე, აღარასდროს მიგატოვებ და ყოველთვის დაგიცავ,გპირდები. - გეგიმ დას თმა
ყურს უკან გადაუწია, დაიხარა და საფეთქელზე ნაზად აკოცა. დინა ძმის ხელს ჩაებღაუჭა
და ხელები ძლიერად მოუჭირა.
-დაინახე ვინ იყო? - ხანმოკლე პაუზის
შემდეგ დინამ თავი ნაზად დაუქნია. - პასუხი უნდა აგოს.
-ვიცი. - დაიჩურჩულა ქალმა. თვალები
გაშტერებოდა, კედელზე ერთ წერტილს უაზროდ შეჰყურებდა.
-ვინ იყო? - დინა დუმდა, გეგის ძალის
დატანება არ სურდა, სიმშვიდესა და მოთმინებას ინარჩუნებდა. ბოლოს ქალმა რაღაც
დაიჩურჩულა, თუმცაღა ჩუმი და დახშული ბგერები იყო. - ვერ გავიგე - წყანარად თქვა
გეგიმ. დინამ თვალები დახუჭა.
-ბექნუ - დაიჩურჩულა და სახეზე ცრემლი
ჩამოუგორდა. გეგის სუნთქვა დაუმძიმდა, თითქოს გული გაუჩერდა, ჩხვლეტა იგრძნო.
თვალები დახუჭა და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა. მუშტი შეკრა, ერთიანად ცახცახებდა.
მერე დას ხელი გაუშვა და ოთახიდან უსიტყვოდ სწრაფი ნაბიჯებით გამოვიდა. დამბაჩა
აიღო და სახლიდან გიჟივით გავარდა ისე,რომ აღელვებული დედისთვის არც ერთი სიტყვა
არ უთქვამს.
შუადღეს გადაცილებული იყო როდესაც გულბანების კარზე კაკუნი გაისმა, დადაში
ჩარგაზთან და სხვა უხუცესებთან ერთად სათათბიროდ წასულიყო. შინ მხოლოდ ბექნუ და
დედამისი იმყოფებოდნენ. ქალმა კარები გააღო, ზღრუბლთან პატარა ოთარ ჩარქსელიანი
იდგა.
-კი, შემოდი. - დასევდიანებულმა ჭაბუკმა
საქმეს თავი მიანება და ოთარის შესახვედრად გამოემართა. ერთმანეთს ხელი
ჩამოართვეს.
-დანაბარები მაქვს გეგი ქალდანისგან,
ხეობის აღმოსავლეთ მხარეს გელოდება - თქვა და სახლიდან მაშინვე გავიდა. ბექნუ
გაუნძრევლად იდგა, თითქოს ქვად ქცეულიყო.
-გეგი რატომ გიბარებს? - შიშნარევი ხმით
ჰკითხა დედამ, ბექნუ დუმდა. - ბექნუ, მითხარი რა ხდება, გეგი რატომ გიბარებს?! -
ყმაწვილი ცახცახმა აიტანა.
-მე...მე... - ქალი ვაჟს მიუახლოვდა, ხელი
სახეზე ნაზად შეახო.
-ბექნუ, - ვაჟმა დედას თვალებში ჩახედა,
თვალები აწყლიანებოდა, ნინომ თავი გააქნია - მითხარი რომ ეს შენ არ ჩაგიდენია,
გთხოვ მითხარი რომ...
-მე ჩავიდინე - აკანკალებული, გაბზარული
ხმით დაიჩურჩულა გულბანმა. ნინომ სახე ხელებში ჩარგო და ჩუმად აქვითინდა. - დედა,
გთხოვ...
-არ მომეკარო! - იყვირა ქალმა და შვილს
ზურგი აქცია. ნინო ქვითინს კვლავაც განაგრძნობდა. ბექნუ შედგა, დარცხვენილმა მზერა
იატაკზე გადაიტანა, შემდეგ ისევ ზურგშექცეულ, აცრემლებულ დედას შეხედა.
-მაპატიე - უთხრა და სახლი საჩქაროდ
დატოვა.
ბექნუ გულბანმა ცხენი ფერდობზე შეაყენა. გეგი უკვე უცდიდა. ყმაწვილი დამძიმებული
გაემართა თავისი მეგობრისკენ. მისი დანახვისთანავე გეგის ნესტოები დაებერა,გული
აუძგერდა. ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ, ერთად გაზრდილნი და ძმადშეფიცულნი.
ერთხანს დუმდნენ.
-ბოდიში უნდა მოგიხადო - სიჩუმე ბექნუმ
დაარღვია.გეგი მას კოპებშეკრული, თუმცაღა თვალებამღვრეული შესცქეროდა. - არ ვიცოდი
რას ვაკეთებდი.
-და ამით გინდა თავის დაძვრენა?!
-არა, ეს არ მამართლებს, მე არაფერი
მამართლებს, ეს მე ჩავიდინე და... - აღელვებულმა თავი გააქნია - ამას ძალიან
ვნანობ, მაგრამ შენდობას არ ველი. - გეგიმ ხელები მომუშტა - არ შეგეწინააღმდეგები,
მე ეს დავიმსახურე.
ქალდანი მისკენ გამოექანა, მუშტი სახეში მთელი ძალით სთხლიშა, ძირს დააგდო.
ბექნუ წინააღმდეგობას არ უწევდა, გეგიც კი მთელი თავისი ძალ-ღონით ურტყამდა, მთელი
სახე დაუსისხლიანა, მანამ ურტყა, სანამ მუშტები მთლიანად არ გადასტყავდა.
ამასობაში დადაშ გულბანი სახლში დაბრუნებულიყო. ატირებული ცოლის დანახვისას
შეკრთა და მაშინვე მასთან მიიჭრა.
-რა მოხდა? - ქალმა ქმარს შეხედა და მას
ძლიერად მოეხვია. - რა გატირებს? - ჰკითხა დადაშმა.
-ბექნუ...
-ბექნუ, რამე შეემთხვა?
-უარესი.
-რა მოხდა?
-ისაა...
-რა?
-ისაა დამნაშავე. - დადაში ადგილზევე
გაიყინა.
-რა თქვი? - ძლივს ამოილუღლუღა.
-ისაა დამნაშავე - ქალმა ტირილი ისევ
დაიწყო.
-სად არის?! - ძლივს გასაგონად თქვა კაცმა.
-ხეობის აღმოსავლეთით. გთხოვ, დაეხმარე,
თემიდან მოჰკვეთე, განდევნე,მაგრამ სიცოცხლე შეუნარჩუნე, არ დაუშვა ჩვენი
ერთადერთი შვილი მოკვდეს, გთხოვ
დადაშ, გადაარჩინე,ბექნუ გადაარჩინე. - კაცმა ქალი მაშინვე მოიშორა და სახლიდან
საჩქაროდ გავარდა. ჩვეული სიმშვიდე დაკარგვოდა. ცხენს მოახტა და სასწრაფოდ
ხეობისკენ გააჭენა.
როდესაც ხელები გაუსისხლიანდა და ცემით
დაიღალა გეგიმ ბექნუს თავი დაანება და წამოდგა. გულბანმა პირიდან სისხლი
გადმოაფურთხა, მთელი სახე გასისხლიანებოდა, დიდი ძალისხმევის ფასად იდაყვს
დაეყრდნო, თუმცაღა წამოდგომა მაინც ვერ შეძლო. გეგიმ დამბაჩა ამოიღო და დაცემულს
მიუშვირა. ხელები უკანკალებდა.
-მიდი,გეგი,
მომკალი, მე ეს დავიმსახურე. - თქვა სულიერად გატეხილმა ბექნუმ, ქალდანს თვალები
აწყლიანებოდა- მიდი! - იღრიალა სასოწარკვეთილმა.გეგი მასთან მიიჭრა და დამბაჩა
შუბლზე მიაბჯინა, თვალწინ ერთად გატარებული ბავშვობა და ყმაწვილკაცობა წარმოუდგა.
გახშირებულად სუნთქავდა. მთელი სხეულით კანკალებდა.
-მიდი
გეგი, მესროლე! - ბექნუ აქვითინდა, ახლა უკვე გეგისაც ჩამოუგორდა კურცხალი. იარაღს
ერთ ადგილზე ვერ აჩერებდა,ერთიანად ცახცახებდა. მთელი წუთი ერთმანეთს
სასოწარკვეთილნი შესცქეროდნენ.
-არ
შემიძლია! - თქვა გეგიმ და დამბაჩა დაუშვა.
-იცი
როგორც უნდა მოხდეს, ეს შენ უნდა გააკეთო. მომკალი გეგი, სიცოცხლე მაინც აღარაფრად
მიღირს.
-არა...არა...-გეგიმ
თავი გააქნია.
ცხენის ჭიხვინის ხმა გაისმა. იარაღ
მომარჯვებული დადაშ გულბანი ბედაურიდან ჩამოხტა და დამბაჩა აღმართა. ჰაერი
გასროლის ხმამ გაკვეთა. მიწა სისხლის შხეფებმა დანამეს. გაისმა გვამის დაცემის ყრუ
ხმაც. დადაში გარდაცვლილი ვაჟის უსული სხეულს მიაჩერდა, მზერა გვერდით მდგარ
აკანკალებულ გეგიზე გადაიტანა. მისკენ დაიძრა და ძლიერად მოეხვია.
-მაპატიე,
გთხოვ მაპატიე. - მახვშს ხელები ქალდანმაც მოჰხვია, თვალები დახუჭა და მწარედ
აქვითინდა.