ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე
ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

Thursday, January 28, 2016

მეგობარი

  ცხოვრება მოჩვენებითია, იღბლიანი უნდა იყო მართლაც რომ გაგიმართლოს და დახურულ კარს მიღმაც ისეთივე იყო,როგორიც ღია ფანჯარაში ჩანხარ,როგორადაც სხვებს აჩვენებ თავს. ადამიანს ბევრი რამის დათმობა უწევს, ზოგი პატიოსნად ასრულებს თავის მოვალეობას, ბედნიერებისა და წამიერი სიხარულის გამოც კი არ ღალატობს საკუთარ პრინციპებსა და აღთქმულ პირობას, ზოგი კი პირიქით, მათთვის ეს უბრალო თამაშია, რაღაცის დათმობის გამო თავი მსხვერპლად გამოჰყავთ, თავის მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის სხვას ეძებენ განსასჯელად, ან მარტივად,ყველაფერს ბედსა და ღმერთს აბრალებენ და უბრალოდ გვერდით მყოფზე იყრიან ჯავრს.  დარწმუნებული ვარ ისეთიც იქნება,ვინც შემედავება და მეტყვის,რომ ღმერთი ზოგჯერ მართლაც დამნაშავეა, აი რას ვეტყვი მათ, ყველაფერი ცუდის შემდეგ კარგი მოხდება, არ არსებობს შავი გვირაბი,რომლის მიღმაც ნათელი წერტილი არ კიაფობს. ზოგჯერ მხოლოდ შეცდომების  ხარჯზე გვიწევს სწავლა, ზოგისთვის ეს შეცდომა პატარა და უმნიშვნელოა,ზოგისთვის კი დიდი და დამანგრეველი. ისეც ხდება, რომ რაღაც ცუდი საბოლოოდ კარგ შედეგზე გაგვიყვანს, სისასტიკე მშვენიერებას აღმოაცენს,ზოგჯერ საჭიროც კია უბედურების მოხდენა, სარეველას მოძირკვა, მერე რა რომ ის ვიღაცის ნერგი იყო, მისი მოცილებით შეიძლება უკეთესმა ნერგმა გაიხაროს, გაიფურჩქნოს და დამაბრმავებლადაც აყვავდეს.
  ლუკას დივერსონი მოჩვენებითი ადამიანი გახლდათ, ცხოვრების მიერ გამოჭედილი და გამოწრთვნილი მსახიობი, რომელიც საკუთარ თავსაც კი ატყუებდა და აჯერებდა,რომ ბედნიერი იყო. განა მას კარგი სამსახური და მშვენიერი ოჯახი არ ჰყავდა? არაჩვეულებრივი გოგონას მამა გახლდათ, სწორედ ის იყო მამის ცხოვრების მანათობელი წერტილი, მისი სიცოცოცხლისა და სულის უკვდამყოფელი საზრდო, ვერასდროს ვერ წარმოიდგენდა ასეთი შვილი თუ ეყოლებოდა და მამობას თავს თუ გაართმევდა,მაგრამ მან ეს შეძლო, არადა როგორი შეშინებული და დაბნეული იყო პირველად რომ გაიგო აწ უკვე თავისი მეუღლის ორსულობის ამბავი. თავზარი დაეცა, თითქოს მთელი ცხოვრება, დაწყობილი გეგმები,მომავალი ჩამოექცა თავზე, მაგრამ მაშინაც კი მოიკრიფა მხნეობა, ელისს მოეხვია და უთხრა: - ჩვენ ამას შევძლებთ, მე დაგეხმარები, მარტო არ დაგტოვებო. თავისი ცხოვრება თავის მომავალ შვილს მიუძღვნა და ეს საქციელი არასდროს უნანია მიუხედავად იმისა,რომ უსიყვარულოდ,მხოლოდ მოვალეობის მიზნით დაქორწინდა და თავისი ცოლის შეყვარება მაინც ვერ შეძლო. ღირსეული ადამიანი იყო, ცოლს პატივს სცემდა, უვლიდა და ზრუნავდა მასზე, აფასებდა,რადგან სწორედ ის იყო იმ მშვენიერების შემოქმედი და გამჩენი,რომელიც ყველასა და ყველაფერზე მნიშვნელოვანი იყო თავის ცხოვრებაში, ელისი თავისი შვილის დედა გახლდათ. ლუკასი ყოველთვის ცდილობდა თავი დაერწმუნებინა,რომ ის,რასაც ქალის მიმართ გრძნობდა სიყვარული იყო,მაგრამ ეს სულ სხვა რამ გახლდათ, ამაში მაშინ დარწმუნდა, წვიმიან ღამეს,როდესაც მარგარეტი ელისის დასთან ერთად სახლში მოიყვანა.
 დედა თავისი ქალიშვილისთვის ვერ იცლიდა, ლუკასი რაღაცას მაინც ახერხებდა და ბავშვთან რამდენიმე საათს ატარებდა ხოლმე, თუმცა მარგარეტი დეიდამ გაზარდა, სწორედ მისი დამსახურება იყო ასეთ გოგონად რომ ჩამოყალიბდა. რეიჩელს დაჰყავდა ის ზოოპარკში, გასართობ პარკებში,მუზეუმებში, შაბათ-კვირას მათთან ერთად ლუკასიც მიდიოდა ქალაქგარეთ,პიკნიკებს აწყობდნენ, თამაშობდნენ, ცეკვავდნენ, ბედნიერები ღრუბლებს შესცქეროდნენ, თითქოს ერთი ოჯახი ყოფილიყვნენ. ერთხელ, ვიღაცა ქალმა მართლაც უთხრა რა საოცარი გოგონა გყავთ,ნამდვილად იღბლიანი მშობლები ხართო, ამ სიტყვებმა ბევრი შეცვალეს. ლუკასი მიხვდა,რომ მართლაც ბედნიერი იყო, გულიანად იცინოდა, რეიჩელისა და მარგარეტის ცქერისას სიხარული იპყრობდა, სახეზე ღიმილი ესახებოდა,თითქოს სიცოცხლესა და ცხოვრების რიტმს გრძნობდა და თავადაც ებმებოდა მასში. ელისთან ასე არ ხდებოდა, არც მაინცდამაინც მარგარეტზე ზრუნავდა ისე,როგორც დედამ უნდა იზრუნოს შვილზე, მას ზედმეტ ტვირთად მიიჩნევდა, ადანაშაულებდა თავისი ცხოვრების შეცვლასა და ნათელი მომავლის დაბნელებასა და დანგრევაში.  რეიჩელი სულ სხვანაირი იყო, მარგარეტსაც ის უფრო მეტად უყვარდა ვიდრე დედამისი, სულ მას ახსენებდა,მასზე ლაპარაკობდა, მისი მისაბაძი მაგალითი გამხდარიყო და ცდილობდა დეიდას დამსგავსებოდა, ლუკასს ეს ძალიან ახარებდა. დრო გადიოდა, რაც უფრო მეტ დროს ატარებდა ის რეიჩელთან და მარგარეტთან ერთად მით უფრო რწმუნდებოდა,რომ რაღაც შეცვლილიყო,მას სიყვარული წვეოდა,ნამდვილი და გულწრფელი სიყვარული. ამაში საბოლოოდ მაშინ დარწმუნდა, როდესაც წვიმიან ღამეს დამშვიდობებისას მან და რეიჩელმა უნებლიედ ერთმანეთს აკოცეს, ეს საუცხოო რამ იყო, მთელ ტანში ჟრუანტელმა დაუარა, თითქოს ახლიდან დაიბადა, სხვა ადამიანი გახდა... ერთმანეთს თვალებში შესცქეროდნენ, თითქოს ყოველივეს ამოკითხვა შეიძლებოდა.
-ჩვენ არ შეგვიძლია ამის გაკეთება-უთხრა რეიჩელმა.
-ვიცი-თავის დაქნევით უპასუხა ლუკასმა. ქალმა სახეზე ხელი მოჰკიდა, ცერით ლოყაზე მიუალერსა, თავისკენ მოიზიდა და შუბლზე ნაზად აკოცა,შემდეგ ცრემლი შეიშრო და გზის გასაგრძელებლად შებრუნდა. იმ დღის შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა, მიუხედავად იმისა,რომ ერთმანეთის სიყვარულში ორივე დარწმუნებულიყო მაინც ისე იქცეოდნენ თითქოს არაფერი მომხდარიყო, უბრალოდ ტკბებოდნენ ერთად გატარებული დღეებითა და დაუვიწყარი წუთებით. ყველაზე მეტად კი მარგარეტის ბედნიერება უხაროდათ, ხელჩაკიდებულები დაიარებოდნენ პარკებსა და ბაღებში,ნაყინს მიირთმევდნენ, თითქოს, როგორც ნამდვილი, მოსიყვარულე ოჯახი,რომელიც არაფერზე არ დარდობდა და ვერც იმას ამჩნევდა თუ როგორ აკვირდებოდათ შორიდან უცნობი მამაკაცი.
  ნოემბრის საღამო იყო, ლუკასი ცოლ-შვილთან ერთად აპირებდა საღამოს გატარებას, ელისის საყვარელი პიცაც შეეკვეთა, სწორედ მის მოლოდინში იყო უეცრად ცოლმა რომ გამოუცხადა სასწრაფო საქმე გამომიჩნდა და უნდა წავიდეო.
-ასეთი სასწრაფოა,ხვალამდე ვერ მოიცდის?-ჰკითხა ქმარმა.
-ხომ იცი, რომ შემეძლოს აუცილებლად გადავდებდი.
-გთხოვ,დედიკო,დარჩი-დედას უთხრა მარგარეტმა.
-არა, ეს ამაზე მნიშვნელოვანია-ქურქი აიღო და სახლიდან გავიდა.
-რა გაეწყობა,მე და შენც კარგად გავატარებთ დროს, მოდი ჩემთან- გოგონა მამას ჩაეხუტა,რომელმაც ის ჰაერში აწია და რამდენჯერმე დააბზრიალა კიდეც.
   ელისმა მანქანა ერთ-ერთ ბართან გააჩერა. მობილური აიღო და დარეკა.
-უკვე აქ ვარ,გელოდები...კარგი.
მალე მასთან ახალგაზრდა მამაკაცი მივიდა.
-როგორ არის ჩემი მშვენიერება?-ჰკითხა ღიმილით.
-ჩემებს თავი ძლივს დავაღწიე, ღმერთო რა აუტანელი შვილი მყავს-უპასუხა ქალმა.
-განტვირთვაში დაგეხმარები- ელისს ხელი გადაჰხვია და ბარში შეუძღვა. რამდენიმე წუთში მანქანასთან დაბრუნდნენ და გეზი სასტუმროსკენ აიღეს,მათ უკან ვერცხლისფერი მერსედესი გაჰყვა.
  ღამის ორი საათი იყო ელისი სახლში რომ ბრუნდებოდა, ცოტა ხნით მანქანა გააჩერა, სარკეში ჩაიხედა,აწეწილი თმები შეისწორა, გათხაპნილი პომადაც თავიდან წაისვა და ისევ გაზს მიაჭირა. გატარებულ მგზნებარე ღამეზე ფიქრში ვერც შეამჩნია გზატკეცილს ისე მიდგომოდა, უფრო სწრაფად ცადა წასვლა, თავიდან ყველაფერი რიგზე იყო,მაგრამ მოსახვევთან როდესაც მუხრუჭს დააჭირა აღმოაჩინა,რომ ის აღარ მუშაობდა, მანქანის გაჩერება ცადა,მაგრამ არაფერი გამოუვიდა.
-ღმერთო,არა!-განწირული ყვიროდა, არც მაშინ დადუმებულა მანქანა ხევში რომ იჩეხებოდა, მიწასთან შეჯახების შემდეგ გაისმა სრული, მომაკვდინებელი სიჩუმე.
  ამ ყველაფრის გადატანა ლუკასისთვის ძალზედ მძიმე აღმოჩნდა.ელისის დაკარგვის გამო გული ძალიან ეტკინა. ეს ის ქალი იყო,რომელმაც შვილი გაუჩინა, რომელიც მეგობრებთან ყოფნის დროს მოსიყვარულე ცოლის როლს შესანიშნავად ირგებდა, რომელთან ყოფნისაც რეიჩელთან ერთად მაინც უხერხულად იჯდა და ერთმანეთს თვალს არიდებდნენ. ქალი,რომელმაც მთელი მისი ცხოვრება შეცვალა ავტოკატასტროფაში დაიღუპა, უთხრეს,რომ მანქანის მუხრუჭები ყოფილა განგებ დაზიანებული, თუმცა ვერ გაარკვიეს ეს ვინ ჩაიდინა, ვინ გაიმეტა სასიკვდილოდ ახალგაზრდა დედა და მოსიყვარულე ცოლი.
   შობის ღამე თენდებოდა. ყველა ოჯახში ტრიალებდა საშობაო ნამცხვრის საამური, მადისაღმძვრელი სურნელი, ყველგან დაფუსფუსებდნენ და შობისთვის ემზადებოდნენ.
-შეიძლება გავსინჯო?-რეიჩელს ჰკითხა მარგარეტმა.
-ჯერ არ დამისრულებია-ღიმილით მიუგო ქალმა.
-გთხოვ.
-კარგი.
-გმადლობ-მარგარეტი რეიჩელს ჩაეხუტა-საუკეთესო ხარ.-სამზარეულოში ლუკასიც შემოვიდა.
-სასმელები მოვიტანე,აბა თქვენ რას შვრებით?
-ჩვენთან ყველაფერი რიგზეა.
-სხვას არც ველოდი- სამივენი ერთმანეთს შესცქეროდნენ და უდიდეს ბედნიერებას ასხივებდნენ.
   თორმეტი ხდებოდა კარზე ზარი რომ დარეკეს, ლუკასი გასაღებად წავიდა,მაგრამ იქ არავინ დახვდა. ქვემოთ დაიხედა, ძირს კონვერტი ეგდო,მასზე თავისი სახელი ამოიკითხა, აიღო და გახსნა. შიგნით თეთრი ფურცელი იდო. „სასურველ სურათს ფაზლის სწორად დალაგებით თუ მივიღებთ, ზოგჯერ საჭიროა ვიღაცამ ეს ფაზლები გადააადგილოს. შენ გამო ძალიან მიხარია,ლუკას, როგორც ჩანს იპოვე ის,რასაც ეძებდი.“ ლუკასმა გაოცებით დახედა ბარათს,ჩაფიქრდა და ირგვლივ მიმოიხედა,შემდეგ ისევ ფურცელს დააცქერდა, თითი მოაშორა და ბოლოში დაწერილი სიტყვა ხმამაღლა ამოიკითხა - მეგობარი - ასე ამთავრებდა ავტორი თავის წერილს. ლუკასმა ფურცელი კონვერტში დააბრუნა და სახლში შევიდა. დაბნეულს ხეებს მიღმა ამოფარებული უცნობი ღიმილით უყურებდა, როდესაც ლუკასი თვალს მიეფარა ისიც გაშორდა იქაურობას.



No comments:

Post a Comment