უკვე საათი გასულიყო,რაც
რალფი მანქანით სახლში ბრუნდებოდა, გზა მეტად შორი და დამღლელი იყო, თანაც ეს
გაუთავებელი საცობები. ხელები საჭისთვის შემოეჭდო, თითებს ათამაშებდა, მანქანების
გრძელ რიგს შეხედა და ამოიოხრა, კიდევ კარგი რამდენიმე მილის გავლის შემდეგ სიტუაცია
გამოსწორდა და მანქანების რაოდენობაც შემცირდა. უეცრად მისი მობილური განათდა,
შეტყობინება მოსვლოდა. ტელეფონს დასწვდა და მესიჯი გახსნა. ამასობაში შუქნიშანზე
წითელიც აინთო და წინა მანქანამ შეაჩერა. რალფმა ძლიერი შეჯახება იგრძნო, მობილური
ხელიდან გაუვარდა, ორივე მანქანა წინ,გზაჯვარედინზე გასრიალდა, სანამ გონებას
დაკარგავდა თვალებში შიში ჩაუდგა, მოსალოდნელი საფრთხისა და სიკვდილის შიში,
რადგან მარცხნივ გახედვისას დიდი სიჩქარით მომავალი სატვირთო დაინახა.
მინის მსხვრევის ხმა ყრუდ მოესმა, ბოლო რასაც შეხედა გარშემო
შეკრებილი ხალხი იყო, ვიღაც ქალი რაღაცას ყვიროდა, ეს ქალი უფრო და უფრო
ვიწროვდებოდა, ბოლოს კი ის სრულიად გაუჩინარდა, სიბნელემ შთანთქა ისიც და ყველა იქ
მდგომი ადამიანიც.
ბევრი ფიქრი არ უყვარდა,
მაგრამ ერთი წამის განმავლობაში საოცრად ბევრი კითხვა დაებადა და ძალაუნებურად
ფიქრი დაიწყო, რა მოხდა, რა მოხდება, ნუთუ მოვკვდები, რა არის სიკვდილის შემდეგ,
ეს და სხვა მარავალნი ადარდებდა მას. ეგონა უბრალოდ არსებობას შეწყვეტდა, სიბნელედ
იქცეოდა,მაგრამ მისდა გასაკვირად ასე არ მოხდა. იმ ბავშვს ჰგავდა თავისკენ მომავალი
ობობის დანახვისას თვალებს რომ ხუჭავს და შემდეგ გახელისას აღმოაჩენს,რომ ობობა
უბრალო წარმოსახვა ყოფილა. თვალები რალფმაც გაახილა,მაგრამ ირგვლივ სიბნელის გარდა
ვერაფერი დაინახა,თითქოს შავ ყუთში ყოფილიყო გამოკეტილი. კედლებს ეცა, გასასვლელის
ძებნა დაიწყო,მაგრამ ყველა ცდა უშედეგო იყო. დაღონებული ძირს დაჯდა, ნუთუ ეს არის,
ნუთუ ყველაფერი მორჩა, მოვკვდი, ასეთია სიკვდილი? ძალიან დაბნეულიყო. არ მოსწონდა
აქ ყოფნა, არც ღმერთის წამდა მაინცდამაინც,მაგრამ არც ძალიან ცოდვილი იყო,
სინდისიერად ცხოვრობდა, ყოველ შემთხვევაში თავად ასე თვლიდა.
ატირდა, ცხარედ ატირდა.
-გთხოვ,ღმერთო,დამეხმარე, არ მიმატოვო, გემუდარები,დამეხმარე - თავი
ხელებში ჩაირგო,ეს სიტყვები, ღმერთზე რამის შეთხოვნა მისი სტილი ნამდვილად არ იყო,
უბრალოდ ახლაღა გაახსენდა ღმერთი, იმედგადაწურული და სასოწარკვეთილი შებრუნდა
უფლისკენ, სწორედ რომ ის იყო მისი ბოლო იმედი, ერთადერთი ნათელი წერტილი სრულ
უკუნითში. ბავშვობაში ნასწავლი ლოცვა გაახსენდა, თავისით ამოუტივტივდა გონებაში და
მისი წარმოთქმა დაიწყო. შემდეგ ისევ შესთხოვა უფალს პატიება და დახმარება. იგი
ამბობდა: - ოღონდ ახლა დამეხმარე, ახლა გადამარჩინე და ვფიცავ ღირსეულად
ვიცხოვრებ, ეკლესიაშიც ვივლი, სიკეთეს გავაკეთებ, ხალხს დავეხმარები, მომიტევე და
დამეხმარე,გთხოვ...
კიდევ სამი დღე გაატარა
სასოწარკვეთილმა ლოცვასა და ვედრებაში. შემდეგ კი რაღაც სასწაული მოხდა, უკუნით სიბნელეში
თეთრად მოკაშკაშე წერტილი გამოჩნდა, რომელიც იზრდებოდა და იზრდებოდა,მალე იგი
უზარმაზარ ნაპრალად იქცა. რალფი გაუბედავად დაიძრა მისკენ და ზღრუბლსაც გადააბიჯა.
თვალები გაახილა... სამედიცინო მოწყობილობები დაინახა, შემდეგ ფარდები, ტუმბო და
მასზე ლარნაკში ჩადებული ყვავილები, ბედნიერმა გაიცინა.
-გამოვიდა, გმადლობ ღმერთო-გულიანად გაიცინა, უეცრად პალატის კარი
გაიღო, ოთახში ექიმი შემოვიდა.
-თავს როგორ გრძნობთ?
-კარგად-მიუგო რალფმა. -ჩემი ცოლი აქაა?
-დიახ,ახლავე დავუძახებ-თქვა და ქალის მოსაყვანად გავიდა, მალე ორივე
ერთად დაბრუნდა.ბედნიერი მეუღლე გადარჩენილ ქმარს ჩაეხუტა და ექიმს ჰკითხა:
-ხომ კარგად იქნება, ექიმო?
-დიახ, გადარჩება,უბრალოდ...
-რა...რა მოხდა?-ჰკითხა რალფმა.
-ხერხემალი დაგემსხვრათ, ოპერაცია გაგიკეთეთ და ყველაფერი
ვცადეთ,მაგრამ...
-რა მაგრამ, რა მჭირს,ექიმო?!
-თქვენ სიარულს ვეღარასდროს შეძლებთ.
-რა?!-რალფი განრისხდა.
-ძალიან ვწუხარ.
-წუხხარ,არა?-გვერდით მდგარი ჭიქა აიღო და ექიმს ესროლა-აქედან
გაეთრიე!
-რალფ..რალფ-აწყნარებდა მეუღლე-მადლობა ღმერთს,რომ ცოცხალი ხარ,
სატვირთოს მძღოლი გუშინ დაიღუპა,ღმერთმა გადაგარჩინა.
-ღმერთმა გადამარჩინა,არა? მან მიქნა ეს, მან გამწირა! ასეთ
გადარჩენას მერჩივნა მოვმკვდარიყავი!
-რალფ,რას ამბობ, ახლა გაბრაზებული ხარ,მაგრამ...
-წადი, მარტო დამტოვე, წადი აქედან! -აქვითინებული ქალი პალატიდან
საჩქაროდ გავიდა. -ღმერთი,არა?!-რალფმა მომუშტული ხელი მთელი ძალით საწოლს
ჩაარტყა, მერე კი დასამშვიდებლად თვალები დახუჭა. ისეთივე სიბნელე ჩამოწვა,როგორც
იმ შავ ყუთში იყო,რომელშიც თეთრი წერტილი აღარ კიაფობდა.
No comments:
Post a Comment