ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე
ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

Friday, January 29, 2016

ასი წლის ნატვრა

მთებზე ნისლია,ნეტავ რას ნიშნავს?
ღრუბლები ცაზე რას ადასტურებს?
მეხსიერება რომ დაბინდულა
და გონება რომ ვეღარ მუშაობს.

თავს გამუდმებით ფიქრებში ბურდავ,
მაგრამ გრძნობ, როგორ იღლება ტვინი,
ძლივსღა რომ ბჟუტავს ნეირონები
და სიბერისგან სუსტდება ტანი.

წუხ,ძლიერად წუხ, რომ მას ვეღარ ცნობ,
ვერ ცნობ ოჯახსა,შვილებსა,ქმარსა,
სევდა რომ გიპყრობს,ულევი სევდა
და გული გიწყებს ძლიერ ბაგ-ბუგსა.

თვალები ცრემლითა გისველდება
და გრძნობ ყველასა რომ ეცოდები,
მობეზრდი,უკვე ყველას მობეზრდი,
ხედავ, რომ ზიზღის მიზეზი ხდები.

ძლიერად გტკივა,გინდა სიკვდილი,
ლოცულობ კიდეც,მაგრამ ვინ იცის?
სარეცელსა რომ მიჯაჭვული ხარ
თუ შენ რასა გრძნობ არავინ იცის.

შეგტკივა გული,შენით ვეღარ ჭამ,
ვერ ტირი,რადგან ცრემლსა ვერ იშრობ,
სიკვდილი გინდა რომ დაისვენო,
ესაა რასაც ასი წლის ნატრობ.

მთებზე ნისლია,ნეტავ რას ნიშნავს?
ღრუბლები ცაზე რას ადასტურებს?
მას ყურსა უგდებ,გესმის სამყაროს,
იმისიც ფოთლები რომ შრიალებს.

გიორგი ჩაჩხიანი

ალი

სანთელი იწვის, გიზგიზებს ალი,
სიმხურვალე და სინათლე მოაქვს.
გვგონია იგი მარადიული,
მისი ჩამქრობი არავის არ აქვს.

ნელა იწვება, ჯერ არც არს ბოლი,
კაშკაშებს ძლიერ, ფლამინგოს ცეკვავს.
სანთელი იწვის, ძლიერად იწვის,
სწორედ ახლაა გული რომ ღელავს.

ვფიქრობთ, რომ იგი არ გაილევა,
ჯერ ხომ ადრეა მისი ჩაქრობა.
ნეტავ, მანამდე გვეფიქრა მასზე,
სანამ შეგვეძლო ჩვენ მისით ტკბობა.

ღვენთავს სანთელი, ილევა ალი
და მასთან ერთად ცხოვრებაც მიდის.
ნეტავ გვეფიქრა, გავფრთხილებოდით,
სწორედ ახლაა გული რომ ტირის.

ვყვირივარ, ვკივი, რატომ არ ვუვლით,
რატომ არ ვდარდობთ ჩვენს მომავალზე,
რატომ გვგონია მარადიული,
როცა ილევა ალი სანთელზე?

ის ბოლვას იწყებს, სხეული ჭკნობას,
სიკაშკაშისგან კი მხოლოდ ბჟუტვას,
ილევა ალი, ჩააქვრეს თურმე,
ესეც ღმერთია რომ ამბობს სიტყვას.

 გიორგი ჩაჩხიანი















Thursday, January 28, 2016

მეგობარი

  ცხოვრება მოჩვენებითია, იღბლიანი უნდა იყო მართლაც რომ გაგიმართლოს და დახურულ კარს მიღმაც ისეთივე იყო,როგორიც ღია ფანჯარაში ჩანხარ,როგორადაც სხვებს აჩვენებ თავს. ადამიანს ბევრი რამის დათმობა უწევს, ზოგი პატიოსნად ასრულებს თავის მოვალეობას, ბედნიერებისა და წამიერი სიხარულის გამოც კი არ ღალატობს საკუთარ პრინციპებსა და აღთქმულ პირობას, ზოგი კი პირიქით, მათთვის ეს უბრალო თამაშია, რაღაცის დათმობის გამო თავი მსხვერპლად გამოჰყავთ, თავის მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის სხვას ეძებენ განსასჯელად, ან მარტივად,ყველაფერს ბედსა და ღმერთს აბრალებენ და უბრალოდ გვერდით მყოფზე იყრიან ჯავრს.  დარწმუნებული ვარ ისეთიც იქნება,ვინც შემედავება და მეტყვის,რომ ღმერთი ზოგჯერ მართლაც დამნაშავეა, აი რას ვეტყვი მათ, ყველაფერი ცუდის შემდეგ კარგი მოხდება, არ არსებობს შავი გვირაბი,რომლის მიღმაც ნათელი წერტილი არ კიაფობს. ზოგჯერ მხოლოდ შეცდომების  ხარჯზე გვიწევს სწავლა, ზოგისთვის ეს შეცდომა პატარა და უმნიშვნელოა,ზოგისთვის კი დიდი და დამანგრეველი. ისეც ხდება, რომ რაღაც ცუდი საბოლოოდ კარგ შედეგზე გაგვიყვანს, სისასტიკე მშვენიერებას აღმოაცენს,ზოგჯერ საჭიროც კია უბედურების მოხდენა, სარეველას მოძირკვა, მერე რა რომ ის ვიღაცის ნერგი იყო, მისი მოცილებით შეიძლება უკეთესმა ნერგმა გაიხაროს, გაიფურჩქნოს და დამაბრმავებლადაც აყვავდეს.
  ლუკას დივერსონი მოჩვენებითი ადამიანი გახლდათ, ცხოვრების მიერ გამოჭედილი და გამოწრთვნილი მსახიობი, რომელიც საკუთარ თავსაც კი ატყუებდა და აჯერებდა,რომ ბედნიერი იყო. განა მას კარგი სამსახური და მშვენიერი ოჯახი არ ჰყავდა? არაჩვეულებრივი გოგონას მამა გახლდათ, სწორედ ის იყო მამის ცხოვრების მანათობელი წერტილი, მისი სიცოცოცხლისა და სულის უკვდამყოფელი საზრდო, ვერასდროს ვერ წარმოიდგენდა ასეთი შვილი თუ ეყოლებოდა და მამობას თავს თუ გაართმევდა,მაგრამ მან ეს შეძლო, არადა როგორი შეშინებული და დაბნეული იყო პირველად რომ გაიგო აწ უკვე თავისი მეუღლის ორსულობის ამბავი. თავზარი დაეცა, თითქოს მთელი ცხოვრება, დაწყობილი გეგმები,მომავალი ჩამოექცა თავზე, მაგრამ მაშინაც კი მოიკრიფა მხნეობა, ელისს მოეხვია და უთხრა: - ჩვენ ამას შევძლებთ, მე დაგეხმარები, მარტო არ დაგტოვებო. თავისი ცხოვრება თავის მომავალ შვილს მიუძღვნა და ეს საქციელი არასდროს უნანია მიუხედავად იმისა,რომ უსიყვარულოდ,მხოლოდ მოვალეობის მიზნით დაქორწინდა და თავისი ცოლის შეყვარება მაინც ვერ შეძლო. ღირსეული ადამიანი იყო, ცოლს პატივს სცემდა, უვლიდა და ზრუნავდა მასზე, აფასებდა,რადგან სწორედ ის იყო იმ მშვენიერების შემოქმედი და გამჩენი,რომელიც ყველასა და ყველაფერზე მნიშვნელოვანი იყო თავის ცხოვრებაში, ელისი თავისი შვილის დედა გახლდათ. ლუკასი ყოველთვის ცდილობდა თავი დაერწმუნებინა,რომ ის,რასაც ქალის მიმართ გრძნობდა სიყვარული იყო,მაგრამ ეს სულ სხვა რამ გახლდათ, ამაში მაშინ დარწმუნდა, წვიმიან ღამეს,როდესაც მარგარეტი ელისის დასთან ერთად სახლში მოიყვანა.
 დედა თავისი ქალიშვილისთვის ვერ იცლიდა, ლუკასი რაღაცას მაინც ახერხებდა და ბავშვთან რამდენიმე საათს ატარებდა ხოლმე, თუმცა მარგარეტი დეიდამ გაზარდა, სწორედ მისი დამსახურება იყო ასეთ გოგონად რომ ჩამოყალიბდა. რეიჩელს დაჰყავდა ის ზოოპარკში, გასართობ პარკებში,მუზეუმებში, შაბათ-კვირას მათთან ერთად ლუკასიც მიდიოდა ქალაქგარეთ,პიკნიკებს აწყობდნენ, თამაშობდნენ, ცეკვავდნენ, ბედნიერები ღრუბლებს შესცქეროდნენ, თითქოს ერთი ოჯახი ყოფილიყვნენ. ერთხელ, ვიღაცა ქალმა მართლაც უთხრა რა საოცარი გოგონა გყავთ,ნამდვილად იღბლიანი მშობლები ხართო, ამ სიტყვებმა ბევრი შეცვალეს. ლუკასი მიხვდა,რომ მართლაც ბედნიერი იყო, გულიანად იცინოდა, რეიჩელისა და მარგარეტის ცქერისას სიხარული იპყრობდა, სახეზე ღიმილი ესახებოდა,თითქოს სიცოცხლესა და ცხოვრების რიტმს გრძნობდა და თავადაც ებმებოდა მასში. ელისთან ასე არ ხდებოდა, არც მაინცდამაინც მარგარეტზე ზრუნავდა ისე,როგორც დედამ უნდა იზრუნოს შვილზე, მას ზედმეტ ტვირთად მიიჩნევდა, ადანაშაულებდა თავისი ცხოვრების შეცვლასა და ნათელი მომავლის დაბნელებასა და დანგრევაში.  რეიჩელი სულ სხვანაირი იყო, მარგარეტსაც ის უფრო მეტად უყვარდა ვიდრე დედამისი, სულ მას ახსენებდა,მასზე ლაპარაკობდა, მისი მისაბაძი მაგალითი გამხდარიყო და ცდილობდა დეიდას დამსგავსებოდა, ლუკასს ეს ძალიან ახარებდა. დრო გადიოდა, რაც უფრო მეტ დროს ატარებდა ის რეიჩელთან და მარგარეტთან ერთად მით უფრო რწმუნდებოდა,რომ რაღაც შეცვლილიყო,მას სიყვარული წვეოდა,ნამდვილი და გულწრფელი სიყვარული. ამაში საბოლოოდ მაშინ დარწმუნდა, როდესაც წვიმიან ღამეს დამშვიდობებისას მან და რეიჩელმა უნებლიედ ერთმანეთს აკოცეს, ეს საუცხოო რამ იყო, მთელ ტანში ჟრუანტელმა დაუარა, თითქოს ახლიდან დაიბადა, სხვა ადამიანი გახდა... ერთმანეთს თვალებში შესცქეროდნენ, თითქოს ყოველივეს ამოკითხვა შეიძლებოდა.
-ჩვენ არ შეგვიძლია ამის გაკეთება-უთხრა რეიჩელმა.
-ვიცი-თავის დაქნევით უპასუხა ლუკასმა. ქალმა სახეზე ხელი მოჰკიდა, ცერით ლოყაზე მიუალერსა, თავისკენ მოიზიდა და შუბლზე ნაზად აკოცა,შემდეგ ცრემლი შეიშრო და გზის გასაგრძელებლად შებრუნდა. იმ დღის შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა, მიუხედავად იმისა,რომ ერთმანეთის სიყვარულში ორივე დარწმუნებულიყო მაინც ისე იქცეოდნენ თითქოს არაფერი მომხდარიყო, უბრალოდ ტკბებოდნენ ერთად გატარებული დღეებითა და დაუვიწყარი წუთებით. ყველაზე მეტად კი მარგარეტის ბედნიერება უხაროდათ, ხელჩაკიდებულები დაიარებოდნენ პარკებსა და ბაღებში,ნაყინს მიირთმევდნენ, თითქოს, როგორც ნამდვილი, მოსიყვარულე ოჯახი,რომელიც არაფერზე არ დარდობდა და ვერც იმას ამჩნევდა თუ როგორ აკვირდებოდათ შორიდან უცნობი მამაკაცი.
  ნოემბრის საღამო იყო, ლუკასი ცოლ-შვილთან ერთად აპირებდა საღამოს გატარებას, ელისის საყვარელი პიცაც შეეკვეთა, სწორედ მის მოლოდინში იყო უეცრად ცოლმა რომ გამოუცხადა სასწრაფო საქმე გამომიჩნდა და უნდა წავიდეო.
-ასეთი სასწრაფოა,ხვალამდე ვერ მოიცდის?-ჰკითხა ქმარმა.
-ხომ იცი, რომ შემეძლოს აუცილებლად გადავდებდი.
-გთხოვ,დედიკო,დარჩი-დედას უთხრა მარგარეტმა.
-არა, ეს ამაზე მნიშვნელოვანია-ქურქი აიღო და სახლიდან გავიდა.
-რა გაეწყობა,მე და შენც კარგად გავატარებთ დროს, მოდი ჩემთან- გოგონა მამას ჩაეხუტა,რომელმაც ის ჰაერში აწია და რამდენჯერმე დააბზრიალა კიდეც.
   ელისმა მანქანა ერთ-ერთ ბართან გააჩერა. მობილური აიღო და დარეკა.
-უკვე აქ ვარ,გელოდები...კარგი.
მალე მასთან ახალგაზრდა მამაკაცი მივიდა.
-როგორ არის ჩემი მშვენიერება?-ჰკითხა ღიმილით.
-ჩემებს თავი ძლივს დავაღწიე, ღმერთო რა აუტანელი შვილი მყავს-უპასუხა ქალმა.
-განტვირთვაში დაგეხმარები- ელისს ხელი გადაჰხვია და ბარში შეუძღვა. რამდენიმე წუთში მანქანასთან დაბრუნდნენ და გეზი სასტუმროსკენ აიღეს,მათ უკან ვერცხლისფერი მერსედესი გაჰყვა.
  ღამის ორი საათი იყო ელისი სახლში რომ ბრუნდებოდა, ცოტა ხნით მანქანა გააჩერა, სარკეში ჩაიხედა,აწეწილი თმები შეისწორა, გათხაპნილი პომადაც თავიდან წაისვა და ისევ გაზს მიაჭირა. გატარებულ მგზნებარე ღამეზე ფიქრში ვერც შეამჩნია გზატკეცილს ისე მიდგომოდა, უფრო სწრაფად ცადა წასვლა, თავიდან ყველაფერი რიგზე იყო,მაგრამ მოსახვევთან როდესაც მუხრუჭს დააჭირა აღმოაჩინა,რომ ის აღარ მუშაობდა, მანქანის გაჩერება ცადა,მაგრამ არაფერი გამოუვიდა.
-ღმერთო,არა!-განწირული ყვიროდა, არც მაშინ დადუმებულა მანქანა ხევში რომ იჩეხებოდა, მიწასთან შეჯახების შემდეგ გაისმა სრული, მომაკვდინებელი სიჩუმე.
  ამ ყველაფრის გადატანა ლუკასისთვის ძალზედ მძიმე აღმოჩნდა.ელისის დაკარგვის გამო გული ძალიან ეტკინა. ეს ის ქალი იყო,რომელმაც შვილი გაუჩინა, რომელიც მეგობრებთან ყოფნის დროს მოსიყვარულე ცოლის როლს შესანიშნავად ირგებდა, რომელთან ყოფნისაც რეიჩელთან ერთად მაინც უხერხულად იჯდა და ერთმანეთს თვალს არიდებდნენ. ქალი,რომელმაც მთელი მისი ცხოვრება შეცვალა ავტოკატასტროფაში დაიღუპა, უთხრეს,რომ მანქანის მუხრუჭები ყოფილა განგებ დაზიანებული, თუმცა ვერ გაარკვიეს ეს ვინ ჩაიდინა, ვინ გაიმეტა სასიკვდილოდ ახალგაზრდა დედა და მოსიყვარულე ცოლი.
   შობის ღამე თენდებოდა. ყველა ოჯახში ტრიალებდა საშობაო ნამცხვრის საამური, მადისაღმძვრელი სურნელი, ყველგან დაფუსფუსებდნენ და შობისთვის ემზადებოდნენ.
-შეიძლება გავსინჯო?-რეიჩელს ჰკითხა მარგარეტმა.
-ჯერ არ დამისრულებია-ღიმილით მიუგო ქალმა.
-გთხოვ.
-კარგი.
-გმადლობ-მარგარეტი რეიჩელს ჩაეხუტა-საუკეთესო ხარ.-სამზარეულოში ლუკასიც შემოვიდა.
-სასმელები მოვიტანე,აბა თქვენ რას შვრებით?
-ჩვენთან ყველაფერი რიგზეა.
-სხვას არც ველოდი- სამივენი ერთმანეთს შესცქეროდნენ და უდიდეს ბედნიერებას ასხივებდნენ.
   თორმეტი ხდებოდა კარზე ზარი რომ დარეკეს, ლუკასი გასაღებად წავიდა,მაგრამ იქ არავინ დახვდა. ქვემოთ დაიხედა, ძირს კონვერტი ეგდო,მასზე თავისი სახელი ამოიკითხა, აიღო და გახსნა. შიგნით თეთრი ფურცელი იდო. „სასურველ სურათს ფაზლის სწორად დალაგებით თუ მივიღებთ, ზოგჯერ საჭიროა ვიღაცამ ეს ფაზლები გადააადგილოს. შენ გამო ძალიან მიხარია,ლუკას, როგორც ჩანს იპოვე ის,რასაც ეძებდი.“ ლუკასმა გაოცებით დახედა ბარათს,ჩაფიქრდა და ირგვლივ მიმოიხედა,შემდეგ ისევ ფურცელს დააცქერდა, თითი მოაშორა და ბოლოში დაწერილი სიტყვა ხმამაღლა ამოიკითხა - მეგობარი - ასე ამთავრებდა ავტორი თავის წერილს. ლუკასმა ფურცელი კონვერტში დააბრუნა და სახლში შევიდა. დაბნეულს ხეებს მიღმა ამოფარებული უცნობი ღიმილით უყურებდა, როდესაც ლუკასი თვალს მიეფარა ისიც გაშორდა იქაურობას.



შანსი

   უკვე საათი გასულიყო,რაც რალფი მანქანით სახლში ბრუნდებოდა, გზა მეტად შორი და დამღლელი იყო, თანაც ეს გაუთავებელი საცობები. ხელები საჭისთვის შემოეჭდო, თითებს ათამაშებდა, მანქანების გრძელ რიგს შეხედა და ამოიოხრა, კიდევ კარგი რამდენიმე მილის გავლის შემდეგ სიტუაცია გამოსწორდა და მანქანების რაოდენობაც შემცირდა. უეცრად მისი მობილური განათდა, შეტყობინება მოსვლოდა. ტელეფონს დასწვდა და მესიჯი გახსნა. ამასობაში შუქნიშანზე წითელიც აინთო და წინა მანქანამ შეაჩერა. რალფმა ძლიერი შეჯახება იგრძნო, მობილური ხელიდან გაუვარდა, ორივე მანქანა წინ,გზაჯვარედინზე გასრიალდა, სანამ გონებას დაკარგავდა თვალებში შიში ჩაუდგა, მოსალოდნელი საფრთხისა და სიკვდილის შიში, რადგან მარცხნივ გახედვისას დიდი სიჩქარით მომავალი სატვირთო დაინახა.
მინის მსხვრევის ხმა ყრუდ მოესმა, ბოლო რასაც შეხედა გარშემო შეკრებილი ხალხი იყო, ვიღაც ქალი რაღაცას ყვიროდა, ეს ქალი უფრო და უფრო ვიწროვდებოდა, ბოლოს კი ის სრულიად გაუჩინარდა, სიბნელემ შთანთქა ისიც და ყველა იქ მდგომი ადამიანიც.
   ბევრი ფიქრი არ უყვარდა, მაგრამ ერთი წამის განმავლობაში საოცრად ბევრი კითხვა დაებადა და ძალაუნებურად ფიქრი დაიწყო, რა მოხდა, რა მოხდება, ნუთუ მოვკვდები, რა არის სიკვდილის შემდეგ, ეს და სხვა მარავალნი ადარდებდა მას. ეგონა უბრალოდ არსებობას შეწყვეტდა, სიბნელედ იქცეოდა,მაგრამ მისდა გასაკვირად ასე არ მოხდა. იმ ბავშვს ჰგავდა თავისკენ მომავალი ობობის დანახვისას თვალებს რომ ხუჭავს და შემდეგ გახელისას აღმოაჩენს,რომ ობობა უბრალო წარმოსახვა ყოფილა. თვალები რალფმაც გაახილა,მაგრამ ირგვლივ სიბნელის გარდა ვერაფერი დაინახა,თითქოს შავ ყუთში ყოფილიყო გამოკეტილი. კედლებს ეცა, გასასვლელის ძებნა დაიწყო,მაგრამ ყველა ცდა უშედეგო იყო. დაღონებული ძირს დაჯდა, ნუთუ ეს არის, ნუთუ ყველაფერი მორჩა, მოვკვდი, ასეთია სიკვდილი? ძალიან დაბნეულიყო. არ მოსწონდა აქ ყოფნა, არც ღმერთის წამდა მაინცდამაინც,მაგრამ არც ძალიან ცოდვილი იყო, სინდისიერად ცხოვრობდა, ყოველ შემთხვევაში თავად ასე თვლიდა.
ატირდა, ცხარედ ატირდა.
-გთხოვ,ღმერთო,დამეხმარე, არ მიმატოვო, გემუდარები,დამეხმარე - თავი ხელებში ჩაირგო,ეს სიტყვები, ღმერთზე რამის შეთხოვნა მისი სტილი ნამდვილად არ იყო, უბრალოდ ახლაღა გაახსენდა ღმერთი, იმედგადაწურული და სასოწარკვეთილი შებრუნდა უფლისკენ, სწორედ რომ ის იყო მისი ბოლო იმედი, ერთადერთი ნათელი წერტილი სრულ უკუნითში. ბავშვობაში ნასწავლი ლოცვა გაახსენდა, თავისით ამოუტივტივდა გონებაში და მისი წარმოთქმა დაიწყო. შემდეგ ისევ შესთხოვა უფალს პატიება და დახმარება. იგი ამბობდა: - ოღონდ ახლა დამეხმარე, ახლა გადამარჩინე და ვფიცავ ღირსეულად ვიცხოვრებ, ეკლესიაშიც ვივლი, სიკეთეს გავაკეთებ, ხალხს დავეხმარები, მომიტევე და დამეხმარე,გთხოვ...
  კიდევ სამი დღე გაატარა სასოწარკვეთილმა ლოცვასა და ვედრებაში. შემდეგ კი რაღაც სასწაული მოხდა, უკუნით სიბნელეში თეთრად მოკაშკაშე წერტილი გამოჩნდა, რომელიც იზრდებოდა და იზრდებოდა,მალე იგი უზარმაზარ ნაპრალად იქცა. რალფი გაუბედავად დაიძრა მისკენ და ზღრუბლსაც გადააბიჯა. თვალები გაახილა... სამედიცინო მოწყობილობები დაინახა, შემდეგ ფარდები, ტუმბო და მასზე ლარნაკში ჩადებული ყვავილები, ბედნიერმა გაიცინა.
-გამოვიდა, გმადლობ ღმერთო-გულიანად გაიცინა, უეცრად პალატის კარი გაიღო, ოთახში ექიმი შემოვიდა.
-თავს როგორ გრძნობთ?
-კარგად-მიუგო რალფმა. -ჩემი ცოლი აქაა?
-დიახ,ახლავე დავუძახებ-თქვა და ქალის მოსაყვანად გავიდა, მალე ორივე ერთად დაბრუნდა.ბედნიერი მეუღლე გადარჩენილ ქმარს ჩაეხუტა და ექიმს ჰკითხა:
-ხომ კარგად იქნება, ექიმო?
-დიახ, გადარჩება,უბრალოდ...
-რა...რა მოხდა?-ჰკითხა რალფმა.
-ხერხემალი დაგემსხვრათ, ოპერაცია გაგიკეთეთ და ყველაფერი ვცადეთ,მაგრამ...
-რა მაგრამ, რა მჭირს,ექიმო?!
-თქვენ სიარულს ვეღარასდროს შეძლებთ.
-რა?!-რალფი განრისხდა.
-ძალიან ვწუხარ.
-წუხხარ,არა?-გვერდით მდგარი ჭიქა აიღო და ექიმს ესროლა-აქედან გაეთრიე!
-რალფ..რალფ-აწყნარებდა მეუღლე-მადლობა ღმერთს,რომ ცოცხალი ხარ, სატვირთოს მძღოლი გუშინ დაიღუპა,ღმერთმა გადაგარჩინა.
-ღმერთმა გადამარჩინა,არა? მან მიქნა ეს, მან გამწირა! ასეთ გადარჩენას მერჩივნა მოვმკვდარიყავი!
-რალფ,რას ამბობ, ახლა გაბრაზებული ხარ,მაგრამ...
-წადი, მარტო დამტოვე, წადი აქედან! -აქვითინებული ქალი პალატიდან საჩქაროდ გავიდა. -ღმერთი,არა?!-რალფმა მომუშტული ხელი მთელი ძალით საწოლს ჩაარტყა, მერე კი დასამშვიდებლად თვალები დახუჭა. ისეთივე სიბნელე ჩამოწვა,როგორც იმ შავ ყუთში იყო,რომელშიც თეთრი წერტილი აღარ კიაფობდა.

Thursday, January 7, 2016

მუსიკის ჰანგებს მოყოლილი მსგავსება

  ხმა, აპლოდისმენტების უწყვეტი ხმა. ღიმილი, თითქოს ის ერთია, მხოლოდ ღიმილია და მეტი არაფერი, მაგრამ ეს ასე არაა, ღიმილი ბევრნაირია ცინიკური, ბედნიერი, დამწუხრებული, საამაყო, სასიხარულო, სასიყვარულო, მზრუნველური, აქვე გადახვევას გავაკეთებ და ერთხელ,როდესაც ერთმა ადამიანმა რაღაც მითხრა, ის,რასაც გულისდაწყვეტა უნდა გამოეწვია მასზე გამეღიმა, დღემდე ვფიქრობ როგორ მიიღო მან ეს ღიმილი, იქნებ ეგონა, რომ მისი ნათქვამის გამო გამეხარდა, არა, ეს ასე არ იყო, ეს მწუხარებისა და გულდაწყევეტის ღიმილი იყო. აი, ასე, ბევრნაირი ღიმილი არსებობს, ისეთი,როგორიც მე აღგიწერეთ და ალბათ ისეთებიც, მე რომ არ ვიცი მათ შესახებ. ნეტავ თქვენთვის იმის დანახვება შემეძლოს რასაც ახლა ვხედავ, იმ ღიმილთა ახსნა შემეძლო,რომლებიც ჩემს პერსონაჟებს აღბეჭდიათ სახეზე. ალბათ, ამას მსახიობები თუ აღწერენ შესაბამისად, ხოლო ამ ყველაფერს კი რეჟისორი თუ გადაიღებს თქვენამდე მოსატანად ჩემო ძვირფასებო, მაგრამ მე არც რეჟისორი ვარ და არც მსახიობი, ერთი უბრალო მწერალი ვარ, რომელიც წამდაუწუმ სხვადასხვა ფილმებს ხედავს საკუთარი რეჟისურითა და კინო დეტალებით, სწორედ ესაა მწერლის სამუშაოც, საკუთარი ფილმის აღწერა და სიტყვებით მისი მკითხველამდე მიტანა. მკითხველიც ხომ მაყურებელი ხდება,როდესაც კითხვაში გართული ისე წარმოიდგენს სიუჟეტს, ისე აღწერს გმირებს, ისე ჩააცმევს მათ ტანისამოსს,რომ ვერაფერსაც ვერ გაიგებს, თითქოს კითხულობს, მაგრამ ასე არაა, ის უბრალოდ ასოებს ხედავს, მის მიღმა კი მთელი სამყარო იშლება, წამით ისიც მწერალი ხდება,როდესაც მის ქვეცნობიერს მეტის გაგებისა და სიუჟეტის განვითარების სურვილი უჩნდება, ფიქრობს, ალბათ ასე მოხდება, ნეტავ ასე მოხდეს და ა.შ. ამაში მენდეთ, ეს საკუთარ თავზე ბევრჯერ გამომიცდია და ძალიან მაგარი რამეა, მეტიც ყველაზე მაგარი „კაიფია“ ამ ცხოვრებაში.
  მაინც რა არის ეს წერა, როგორ არ მინდოდა თემას გავცდენოდი და მაინც ასე მოხდა, ღიმილზე ვსაუბრობდი ჩემო მეგობრებო, მაგრამ ისევ უნდა გადავუხვიო, თავს არ შეგაწყენთ, მხოლოდ რამდენიმე წინადადებით ვიტყვი სათქმელს და თხრობაზეც გადავალ. ამბავი,რომლის დაწერასაც ვაპირებ, მისი მონახაზი ალბათ ბევრმა თქვენგანმა კარგად იცის, ეს იმ მუსიკოსისა და შვილდაკარგული ქალის ამბავია წასულების დროს სადღეგრძელოდ რომ ვამბობ ხოლმე, ეს ის ამბავია,რომლის წაკითხვისაც ღიმილი გამოისახება თქვენს სახეზე და სიკვდილსაც აღარ აღიქვამთ ისეთ ცივად და შავბნელად ადრე რომ აღიქვამდით, რა თქმა უნდა ადამიანი,რომელიც ჩვენგან მიდის ახალგაზრდა თუ ღრმად მოხუცებული მაინც დასანანია და მაინც ვამბობთ ნუთუ ასე ადრე, ჯერ ხომ კიდევ იყო გზა გასავლელი, ეს ოჯახია, ეს სიყვარულია და ეს ასე ხდება, ასეც უნდა იყოს, საყვარელი ადამიანის დაკარგვა ჩვენთვის ყოველთვის ადრეა. ეს ისტორია საკმაოდ დიდი ხნის წინ მოვიფიქრე, მაგრამ რატომღაც მის დასაწერად ვერ მოვიცალე, არადა ვფიქრობ,რომ ერთ-ერთი პირველი სწორედ ეს უნდა დამეწერა. ამას წინად სადღეგრძელოს დროს ისევ რომ ვთქვი ცოტა დაფიქრება დამჭირდა იმაზე ხომ ყველაფერი სწორად მახსოვს-მეთქი და შემეშინდა რომ არ დამვიწყებოდა, ალბათ არც არასდროს დამავიწყდება, მაგრამ  წინასწარ ვერაფერს გათვლი. იმედია თავი დიდად არ შეგაწყინეთ,მაგრამ ყველაზე მეტად იმას ვიმედოვნებ,რომ ეს გამომივა და რაც ჩაფიქრებული მაქვს იმას გავაკეთებ, ისე მოვიტან ამბავს თქვენამდე,როგორადაც მას მე აღვიქვამ. ვერ ვიტყვი,რომ სუფთა მხატვრული ლიტერატურის ნიმუში იქნება, თუ მინდა სრულყოფილი გამომივიდეს პუბლიცისტური ელემენტებიც უნდა დავურთო, ალბათ ასე აჯობებს და ასეც ვიზამ. პერსონაჟებს სახელებს შეგნებულად არ დავარქმევ, რადგან ზოგი სახელით საზღვრავს ყოველივეს და მის მიღმა ბევრის დანახვა უჭირს, გამგები გაიგებს.
  ხალხით შევსებული დიდი დარბაზი იყო, სცენაზე მაგიდა იდგა, მასთან ახალგაზრდა, ნიჭიერი მუსიკოსი და მისი პროდიუსერი ისხდნენ, იქვე იდო რამდენიმე დისკიც, ახალი ალბომი გახლდათ, სწორედ რომ მისი პრეზენტაცია იმართებოდა.მომღერალმა რამდენიმე სიმღერა გიტარის თანხლებითაც ცოცხლად შეასრულა. ღიმილი არ მოსშორებია სახიდან, ამის შემდეგ დამსწრე საზოგადოებასთან კითხვა-პასუხი გაიმართა. მას ბევრი ჰკითხეს, უპასუხოდ არავინ დატოვა, ყველას უღიმოდა და თბილად ექცეოდა, სხვებს არ ჰგავდა, როგორც იტყვიან წარმატების მიუხედავად თავში არ ავარდნოდა, პირიქით, მადლობას სწირავდა უფალს,რომ რაღაც ახლის შექმნის ნიჭი და ხალხისთვის სიამოვნების მინიჭების საშუალება ჰქონდა, ყველაზე მეტად კი იმიტომ იხდიდა მადლობას,რომ ამ ნიჭის რეალიზების,აღმოჩენისა და განვითარების საშუალება მიეცა, თორემ ისე პოტენციალი ყველა ადამიანშია, უბრალოდ ცოტა თუ შრომობს იმისთვის,რომ ეს განავითაროს და ამით თავისი სახელობის ერთი ხე მაინც დარგოს უკიდეგანო მიწაში. ეს არის შემოქმედება, ხელოვნება, ადრე რატომღაც ამას დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი. ხელოვნება, ვიღაცა რაღაცას დახატავს და ესაა ხელოვნება - სამწუხაროდ ასე ვფიქრობდი, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო და დღეს უკვე ამ ყველაფერს, შემოქმედებასა და ხელოვნებას სხვანაირად აღვიქვამ, ეს ყველაზე დიდი მამოძრავებელი ძალაა, ეს ნიჭთა და ტალანტთა ზეიმია, ეს სასწაულია.
   ერთ-ერთი გოგონას დასმულ კითხავს, ალბათ გაგეცინებათ, კითხვა ასეთი იყოს - როგორი გოგოები მოგწონს, მუსიკოსმა შესანიშნავი პასუხი გასცა, თუმცა რადგან სიყვარული არ არის ჩემი მოთხრობის თემა და არც სიყვარულზე ვწერ ამ პასუხს გამოვტოვებ, ეს სხვა დროს იყოს, უბრალოდ მისმა პასუხმა ყველას სასიამოვნო ჟრუანტელი დაჰგვარა. ოჰ- აღმოხდათ გოგონებს და მკლავებზე ხელები შემოიჭდეს, ის ისეთი გრძნობით, ემოციით ყვებოდა, მის სიტყვებშიც კი იგრძნობოდა ხელოვნება, განა რა გასაკვირია ის ხომ ყველგან და ყველაფერშია. სიჩუმემ დაისადგურა, მისმა ნათქვამმა და მისგან გამოწვეულმა ემოციამ ყველა დაადუმა, ყველას ღიმილი მოჰგვარა სახეზე, სხვადასხვაგვარი ღიმილი, წამის შემდეგ ვიღაცამ ხელი ხელს დაჰკრა, მას ბანი მეორემაც მისცა,მერე მესამემ და აი, ისევ იქ დავბრუნდით, საიდანაც დავიწყეთ. ხმა, აპლოდისმენტების უწყვეტი ხმა. ყველა იღიმოდა, ზოგი გაოცებით, ზოგი სიხარულით, ზოგს უბრალოდ ის სიამოვნებდა,რომ თავის გვერდით ასეთი ადამიანები ცხოვრობდნენ, ასეთი აზროვნების, განსხვავებული ადამიანები, ზოგიც უბრალოდ იღიმოდა, მაგრამ არავის ღიმილი არ შეედრებოდა მეშვიდე რიგში მჯდომი, შავებში ჩაცმული ქალის ღიმილს, ის ბევრ რამეს მეტყველებდა. თითქოს სევდას, სიხარულს, მწუხარებასა და ბედნიერებას აერთიანებდა, თვალებიც ამღვრეული ჰქონდა, ისიც სევდითა და ბედნიერებით. პროდიუსერმა საათს დახედა.
-რა დრო გასულა, სამი საათია რაც აქ ვართ, ბოლო შეკითხვა და დავამთავროთ, დანარჩენი სხვა დროს იყოს, აბა, გისმენთ.- მსურველები მრავლად გამოჩნდნენ, შავებში ჩაცმულმა ქალმა ხელი ოდნავ აამოძრავა, თითქოს კითხვის დასმა უნდაო, მაგრამ ყოყმანობდა, არ უნდოდა სულელად გამოსულიყო, ან მუსიკოსი ჩაეგდო უხერხულ მდგომარეობაში, მაგრამ ამისთვის დიდი გზა გამოევლო, თავს სძლია და ნელა, ძალდატანებით აწია ხელი. მომღერალმა დარბაზს თვალი მოავლო, ქალი შენიშნა, შავებით შემოსილი ქალი, თითქოს რაღაც იგრძნო, ისევ იღიმოდა,მაგრამ ეს უკვე სხვა ღიმილი იყო, თითქოს თანაგრძნობის გამომხატველი თბილი ღიმილი.
-თქვენ, გისმენთ, ქალბატონო. - მან ქალს მიმართა, ქალმა გაიღიმა და წამოდგა.
-მე... მე სამი კვირის წინ ვაჟი დავკარგე, ალბათ გიჟად და სულელად ჩამთვლით აქ ამის სათქმელად რომ მოვედი და კიდევ იმიტომ,რის თქმასაც ვაპირებ, მაგრამ მინდა რომ ეს ვთქვა, არ ვიცი რატომ, უბრალოდ ვგრძნობ,რომ ეს მჭირდება, ეს ასე უნდა იყოს.-ყველა დუმდა-ჩემი შვილი,ის კარგი ბიჭი იყო-მან გაიღიმა-ალბათ, ყველა დედა იმავეს იტყვის საკუათარ შვილზე, აბა რომელი მშობელი იტყვის ცუდი შვილი მყავსო,მაგრამ ის მართლაც კარგი იყო, ჩემი ერთადერთი ბიჭი, მხოლოდ ის გამაჩნდა, მაგრამ ვამაყობდი იმით,რომ ასეთი შვილი მყავდა, კეთილი, დაუზარელი, მზრუნველი, ყოველთვის სხვებზე ზრუნავდა, სხვებს ეხმარებოდა, მოხუცებს ტვირთის წამოღებაში, მაღაზიებშიც ეგზავნებოდა,ბავშვებს ველოსიპედის ტარებას ასწავლიდა,  კარგად სწავლობდა, დიდი მომავალი უნდა ჰქონოდა, მორწმუნეც იყო, ტაძარში დადიოდა, ეზიარებოდა, მაგრამ...ის...ის თქვენ ძალიან გგავდათ, თქვენი სახელი ერქვა,მაგრამ... როდესაც გიყურებდით, როდესაც გისმენდით თუ რას და როგორ ამბობდით, ის მაგონდებოდა, მას ძალიან გავხართ, არ გიცნობთ,მაგრამ ვფიქრობ,რომ მასავით კეთილი და კარგი პიროვნება ხართ, მან...ის იმიტომ გარდაიცვალა,რომ... სიკეთისთვის... პატარა ბავშვის გადასარჩენად თავად შეუვარდა მანქანას. მჯერა,რომ თქვენი სახით მისი სულის ნაწილი ისევ ცოცხალია, შეიძლება ვერ გაიგოთ, მე გიჟი არ ვარ და არც რეიკარნაციისა და მსგავსი რაღაცების მჯერა, უბრალოდ იმის თქმა მინდა,რომ მისი სიკეთე, მისი სისუფთავე არ დაკარგულა, ისევ ამ სამყაროში დარჩა ეს ყველაფერი, ეს თქვენშია, ბევრჯერ მოვისმინე თქვენი გამოსვლები,თქვენი ინტერვიუები და ამაში დავრწმუნდი, უბრალოდ შეუძლებელია ასეთი შენიღბვა, რასაც ამბობდით, ეს... ეს ჭეშმარიტებაა, ისიც ასე იტყოდა,აი-აცრემლებულმა ქალმა თითქოს გაიცინა-აქ ვარ და თითქოს რაღაც შვება ვიგრძენი, უკვე შევეგუე იმ ფაქტს,რომ ჩემი შვილი დავკარგე, ის ამ სამყარომ დაკარგა,მაგრამ ბედნიერი ვარ იმით,რომ თქვენ არსებობთ,ის კი...ის-ქალი ატირდა,ხელი სახეზე აიფარა-მაპატიეთ.
  მუსიკოსი მაშინვე წამოდგა, სცენიდან სწრაფად ჩამოვიდა და ქალისკენ გაიქცა. მას მოეხვია, გულში ჩაიკრა.
-გმადლობ, გმადლობ ასეთი სიტყვებისთვის- ქალს თვალებში ჩახედა, ორივეს ამღვრეოდა თვალები-ნუ ტირით,გთხოვთ,პირიქით, თქვენ ყველაზე ნაკლები გაქვთ სატირალი.იმას  დასტირიან, ვინც ცხოვრების გზა ვერ იპოვნა და ცოდვილად აღესრულა, თქვენი შვილი კი ნამდვილი გმირი იყო, ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება მას ოდნავ მაინც თუ დავესმსაგვსები, დამიჯერეთ, ეს სიმართლეა. თქვენ კი, თქვენ ნამდვილად ღირსეული ქალბატონი ბრძანდებით, მუდამ ამაყი უნდა იყოთ თქვენი შვილით, თქვენი მისია წარმატებით აღასრულეთ და ღირსეული შვილი აღზარდეთ, თქვენ ბედნიერი და გახარებული უნდა იყოთ, ნეტავ ყველა ქალი თქვენ გგავდეთ-თქვა მუსიკოსმა, მართლაც, ეს ქალი ჭეშმარიტი და მისაბაძი დედა გახლდათ, იცით, მცირე გადახვევას ისევ გავაკეთებ, შარშან, როდესაც ვაჟა-ფშაველას „კაი ყმა“ წავიკითხე, სწორედ იქ დავინახე დედისა და დედის მისიის,ვალის პროტოტიპი, თემაში დავწერე: „ღირსეული შვილის დედა ყოველთვის ამაყი,თავაწეული და წელგამართული ივლის,რადგან მას თავისი ვალი მოხდილი აქვს, მან არაჩვეულებრივი,ღირსეული შვილი გაზარდა, ამიტომ ასეთი დედის ტკივილი ბევრად ნაკლები იქნება,ვიდრე იმ ქალის ტკივილი,რომელმაც შვილი სათანადოდ ვერ აღზარდა.“ ეს ქალი სწორედ,რომ ღირსეული დედა იყო.- ბედნიერი ვარ,რომ-განაგრძო მუსიკოსმა-თქვენისთანა და თქვენი შვილისნაირი ადამიანები ისევ არსებობენ და ალამაზებენ ამ სამყაროს, თქვენი შვილი ძალიან კარგი იყო, ჩემზე და ყველაზე კარგიც კი, იმდენად არაჩვეულებრივი პიროვნება იყო,რომ ღმერთმა ამ სამყაროსთვის ვერ გაიმეტა, ვერ დასძლია მისი ნახვისა და ადრეულად ჩახუტების სურვილი, ის არ დაღუპულა, უბრალოდ ღმერთმა წაიყვანა მხოლოდ იმის გამო,რომ იგი უფრო ადრე გაეცნო, ადრე გაეღიმა მისთვის და ადრე ეთქვა მადლობა კეთილმსახურებისთვის. ამის გამო უნდა გიხაროდეთ კიდეც, ვიცი მაინც ძნელია შვილის დაკარგვა, შვილები მშობლებზე ადრე არ უნდა იღუპებოდენ,ეს არასწორია, მაგრამ არსებობს გამონაკლისები, ეს ასეც მოხდა, მისი სიკარგე, სისუფთავე, მან თავისზე დაკისრებული მისია შეასრულა, ლიმიტს მიაღწია, ზღვარს გადასცდა, დაამტკიცა,რომ ღირსეულია, ღმერთმა კი იგი თავისთან, უკეთეს, მის შესაფერის სამყაროში წაიყვანა, მიხარია,რომ აქ მოხვედით და თქვენი გაცნობის საშუალება მომეცა.
-გმადლობ,გმადლობ-ქალი აქვითინდა.მუსიკოსი მას კიდევ ერთხელ მოეხვია, სახეზე თბილი, კეთილი ღიმილი აღბეჭვდოდა.
-ჩემს ნომერს მოგცემთ, ძალიან გამიხარდება თუ დამირეკავთ, სასიამოვნოა თქვენისთანა დედასთან დროის გატარება.
-გმადლობ-ცრემლი შეიშრო და თავი დაუქნია, ბიჭი ისევ თბილი,გულწრფელი ღიმილით იღიმოდა.
   არ ვიცი ამ ყველაფერს ხუთ წინადადებაში როგორ ვატევ ხოლმე, იმედია ყველაფერი გამომივიდა, ყოველ შემთხვევაში ვცადე რომ კარგი გამომსვლოდა. როგორც აღვნიშნე მე საკუთარ ფილმს ვწერ, ამ ფილმში, ჩემს ფილმში ბოლო ეპიზოდი ასეთია, წყნარი,მყუდრო კაფე, მაგიდასთან ორი ადამიანი ზის, ქალი და ახალგაზრდა ბიჭი, იღიმიან, ორივე იღიმის და ერთმანეთს ამბებს უყვებიან. ეს ბიჭი მუსიკოსია,ქალი კი, ეს ის ქალია ალბომის პრეზენტაციაზე გულის ამაჩუყებელი ამბავი რომ მოყვა და მაიძულა ეს ყოველივე დამეწერა. ალბათ, ის ყოველთვის მემახსოვრება, ეს მუსიკოსიც მემახსოვრება და მისი სიტყვებიც, განსაკუთრებით მათი ბედნიერი სახეები და ამ სახეებზე აღბეჭდილი საოცარი ღიმილი დაილექება ჩემს გონებაში.