ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე
ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

Friday, July 4, 2014

ბაბუ

გიორგი ჩაჩხიანი

  

    კიდევ ერთმა წელმა ჩაიარა და ისევ დადგა ნანატრი ზაფხული, ტკბილი და სიხარულით აღსავსე წელიწადის დრო. ზაფხული ხომ ყველა ბავშვისთვის საყვარელი სეზონია და ყველა ბავშვს უხარია მისი მოსვლა, რადგან სწორედ მაშინ მთავრდება სკოლაც და ისინი თავიანთ ბებიებთან და ბაბუებთან მიიჩქარიან სოფელში. არც პატარა ლუკა იყო გამონაკლისი, უკვე ერთი წელი გასულიყო, რაც თავისი ბაბუ არ ენახა. ბაბუ, რომელზეც სიგიჟემდე იყო შეყვარებული და რომელიც მისთვის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ადამიანი იყო ამ ქვეყანაზე. ლუკას მასზე გული ძალიან შესტკიოდა, მითუმეტეს მას შემდეგ, რაც ერთი წლის წინათ ბაბუამ ასე შეაშინა და საკმაოდ დაუძლურებული, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთებული ნახა საავადმყოფოში, თბილისში. მაშინ ბაბუ იყო პატარა ლუკას ერთადერთი ფიქრიც და ერთადერთი სადარდებელიც.

     პალატაში როცა გადაიყვანეს, ლუკა თითქმის ყოველდღე აკითხავდა თავის ბაბუას, ცდილობდა, რაიმეთი დახმარებოდა. მაშინ ლუკას ბაბუას გულის შეტევა დაემართა, ძლივს გადარჩა. საავამდყოფოდან გამოწერის შემდეგ რამდენიმე თვე ლუკასთან ცხოვრობდა, როცა გამოკეთდა, შვილებისა და შვილიშვილების დიდი დაჟინების მიუხედავად, თავისთან წავიდა, სოფელში. ასე თქვა, ქალაქი საჩემო არაა და აქ უარესად გავხდები, ჩემს მშობლიურ მიწაზე თუ არ დავდგამ ფეხსო, აბა იმას ვინღა დააკავებდა, დაჰკრა ფეხი და წავიდა სოფელში. იმის შემდეგ პატარა ლუკას თავისი ბაბუ აღარ ენახა. თუმცა რა პატარა იყო, ლუკა უკვე მესამე კლასელი გამხდარიყო. ზაფხულის დადგომასთან ერთად ბიჭს არდადეგები დაეწყო და ბაბუასთან წასვლას მოითხოვდა. ლუკას მამა ბაბუას ელაპარაკა, ეშინოდა, რომ შვილიშვილი ისედაც ასაკში მყოფ დაუძლურებულ ბაბუას გადაღლიდა. თუმცა, როცა ლუკას გაშვების თანხმობა მიიღო, ბიჭი ბაბუსთან იმ პირობით გაუშვა, რომ თუ ლუკა ზედმეტად გადაღლიდა, ბაბუა შვილიშვილს მშობლებთან თბილისში დააბრუნებდა.

   ბაბუა მარტო ცხოვრობდა. ერთი ძველი სახლი ჰქონდა. ეზოც შესაშურად ჰქონდა  მოვლილი მიუხედავად იმისა, რომ აშკარად დასუსტებული იყო და ავადმყოფობას მისთვის ახალგაზრდული ღონეც წაერთვა და მხნეობაც, თუმცა შვილიშვილის დანახვამ ბაბუს გული ულევი სითბოთი და სიყვარულით აავსო. მართლაც, ხომ გსმენიათ გამოთქმა - შვილი ტკბილია, მაგრამ შვილიშვილი უფრო ტკბილიო. ბაბუმ დანახვისას ლუკა გულში ძლიერად ჩაიკრა. კოცნიდა, ეფერებოდა, ჩემი ვაჟკაცი ჩამომივიდა, ამაზე დიდი ბედნიერება რაღა უნდა იყოსო. უხაროდა შვილიშვილის ჩამოსვლა და თითქოს ლუკას დანახვისას ძველებური შემართება და ხალისიც დაბრუნებოდა.

  დღეები გადიოდა. ბაბუა და შვილიშვილი დღეებს ერთად, ბედნიერად ატარებდნენ.  ბაბუ ლუკას თავისი ახალგაზრდობის ამბებს უყვებოდა, შემდეგ ლუკას გამოკითხავდა სკოლის ამბებს. არიგებდა, უნდა ისწავლო და სასახელო კაცი დადგე, იცოდე, შენით მთელმა ქვეყანამ უნდა იამაყოსო. მერე ხან შაშს, ხან ნარდს, ხან კი დომინოს თამაშობდნენ, ხან ლუკა უგებდა, ხან ბაბუა. ხშირად წიგნებსაც და ზღაპრებსაც კითხულობდნენ ხოლმე. მერე რა, რომ ლუკა უკვე მესამე კლასელი იყო, მას ისევ უყვარდა სარაინდო ზღაპრების მოსმენა, მითუმეტეს თუ მათ ბაბუ უკითხავდა.

  მეათე დღე მთავრდებოდა, რაც ლუკა ბაბუასთან იყო. მოსაღამოვებულიყო. ბაბუამ შვილიშვილი დააწვინა. ძილის წინ ზღაპრები წაუკითხა და ლუკასაც მაშინვე ჩაეძინა, წყნარი ღამე იყო და მასაც პატარა ანგელოზივით ჩასძინებოდა, ის ხომ მართლაც იყო ბაბუს პატარა ანგელოზი. თენდებოდა, როცა ბაბუა თავისი ოთახიდან გამოვიდა. სავარძელში ჩაჯდა. შეწუხებული სახე ჰქონდა, თავს შეუძლოდ გრძნობდა, მთელი ღამე თვალი ვერ მოეხუჭა. პერანგი შეიხსნა და ხელი გულზე მიიდო, ცოტა ხანი ასე იჯდა, სუნთქვა გასჭირვებოდა. მერე წამლების თაროსთან მივიდა და გულის წამალი დალია, აკანკალებულმა ჭიქა ძლივსძლივობით დადგა მაგიდაზე და ისევ სავარძელში ჩაჯდა. შარვლის ჯიბიდან ექიმის დასკვნა ამოიღო, რომელსაც ჯიბით მუდამ თან დაატარებდა, ლუკას რომ სადმე არ ენახა და რომელიც იტყობინებოდა, რომ ბაბუას გულის შეტევა ცოტა ხნის წინ ისევ მოსვლოდა. იცოდა,რომ ცუდად იყო, ძალიან, ძალიან ცუდად იყო და მისი დღეები აღსასრულს უახლოვდებოდა. არ ეშინოდა, ამას შეჰგუებოდა, მაგრამ ახლა არ უნდოდა, ახლა მისთვის ყოველი დღე ძვირფასი გამხდარიყო, რადგან ლუკა ჰყავდა გვერდით. სანუკვარ შვილიშვილთან ტელევიზორის ყურებაც კი მისთვის სამოთხე გამხდარიყო და ამ სამოთხეს ვერ შეელეოდა, არა, ახლა ვერ წავიდოდა, ეს არ იქნებოდა სამართლიანი.

-რატომ, მაინცდამაინც ახლა, ღმერთო, - ამოიჩურჩულა ბაბუამ და თვალები ცრემლებით აევსო. გრძნობდა, რომ რაღაც უხმობდა და სიცარიელეში ექაჩებოდა. მთელი სახე ცრემლებს დაეცვარა, არ ეგონა, ასე რთული თუ იქნებოდა. სავარძლიდან წამოიწია და ძლივსძლივობით აიღო ტელეფონი, უჭირდა მოძრაობა, მთელი სხეული გაუსაძლის ტკივილს მოეცვა, თითქოს გულში შიგნიდან სერავდა რაღაც და ამ რაღაცას ბაბუა ვერ ერეოდა. ხელის ცახცახით ნომერი აკრიბა და თავის ვაჟს, ლუკას მამას დაურეკა.

- მამა კარგად ხარ? რამე მოხდა? - ტელეფონში აღელვებული შვილის ხმა გაისმა.

- არ ვარ კარგად, შვილო, - უჭირდა ლაპარაკი. 

- ახლავე წამოვალ, რა გჭირს, ექიმს დაურეკე?

- არ აქვს აზრი, მოვიდა ჩემი წასვლის დრო, - ტელეფონში ბაბუას ხმა ექოს ჩურჩულივით გაისმა.

- მამა, რა სისულელეებს ამბობ, სასწრაფოში დარეკე, ჯერ რა დროს შენი სიკვდილია, - უთხრა ყურმილის მეორე ბოლოდან ვაჟის აღელვებულმა ხმამ, ამ ხმის გაგონებაც კი უჭირდა და ყურებში საშინელი წუილი ჩაესმოდა.

- არა, დროა... კიდევ მქონდა შეტევა.

- და ეს დამიმალე?! - ვაჟს შეშინებული ხმა ჰქონდა, სიტყვები კარგად ვერ გაარჩია, მაგრამ იგრძნო, რომ ასე იყო.

- ექიმმა მითხრა, რომ ჩემი დღეები დათვლილი იყო, შვილო. მითხრა, რომ... - ბაბუა ძლივს ლაპარაკობდა, ლუღლუღებდა და მისი სიტყვებიც არ იყო მარტივად გასარჩევი,  - უახლოეს მომავალში ისევ მექნებოდა შეტევა, რომელსაც ვერ გადავიტანდი, ვერცერთი აპარატი ვერ მიშველიდა და ამისთვის მზად უნდა ვყოფილიყავი.

- ეს რატომ არ მითხარი, მამა? - შვილის ხმას ცრემლები გამოერია.

-ეს რომ მეთქვა, ლუკას აღარ გამოუშვებდი. მე კიდევ ხომ იცი, რომ ჩემი შვილიშვილის გარეშე არ შემიძლია... ბედნიერად მოვკვდები, შვილო. ამაზე უკეთეს სიკვდილს ვერც ვინატრებდი. ეს ათი დღე უბედნიერესი დღეები იყო ჩემს ცხოვრებაში, - ბაბუას ჩურჩული აჩრდილივით იკარგებოდა, - იცი, დღეს ლუკას ზღაპრები წავუკითხე და ისე ჩაეძინა. მძინარე ისეთი საყვარელი და ანგელოზი იყო,  -სუნთქვას მოუხშირა და მისი ჩურჩულიც სადღაც ჩაიკარგა.

-მამა, როგორ ხარ ? უკვე ვიცვამ, მოვდივარ, ახლავე სასწარაფოში დავრეკავ!

-მოდი, შვილო, ლუკა წაიყვანე. მე უკვე ისედაც მივდივარ.  ბედნიერი კაცი ვარ, შვილო. ჩემი ბოლო დღეები ჩემს შვილიშვილთან ერთად გავატარე. ხომ იცი, შვილი ტკბილია, მაგრამ შვილიშვილი... შვილიშვილი ეს რაღაც სხვაა, შვილო, -წამიერად მისი ხმა გაწყდა და შემდეგ ძლივსძლივობით ამოილაპარაკა, - ნახვამდის, თავს მიხედე და ლუკა ღირსეული კაცი გაზარდე, - ტელეფონი ისე დაკიდა, შვილის პასუხს არ დალოდებია, არ შეეძლო მისი გამომშვიდობების მოსმენა. ცდილობდა მედგრად დახვედროდა, მაგრამ ეშინოდა, სიჩუმეში იძირებოდა და ერთადერთი,რაც ამ სიჩუმეში შორიდან ბუნდოვნად მოესმოდა მისი ტელეფონის განუწყვეტელი რეკვა იყო. პერანგის ჯიბიდან შვილიშვილის სურათი ამოიღო. ბაბუს სახეზე ცრემლი ჩამოუგორდა და ლუკას ფოტოს დაეცა. გაღიმება სცადა, ლუკას სურათი გულში ჩაიკრა და თვალები დახუჭა...

  დილით ლუკა ხმაურმა გააღვიძა. თავისი ოთახიდან გამოვიდა და ქვემოთ ჩავიდა. მისაღებში დედა და მამა დაინახა. ეტყობოდათ, ახლახან მოსულიყვნენ. ეზოში უცხო ხალხი დადიოდა. ბაბუ კი სავარძელში იჯდა და თავი სავარძლის კიდეზე ჩამოედო, თვალები დაეხუჭა. ლუკას ღამის პერანგი ეცვა, ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ გამოფხიზლებულიყო. მშობლების დანახვა ეუცნაურა, ბაბუს უყურებდნენ  და ჩუმად ტიროდნენ, მამას დედისთვის ხელები შემოეხვია და ქალს მის მხარზე თავი ჩამოედო, ბაბუა ყველას უყავრდა და მისმა წასვლამ ყველას დასწყვიტა გული.

-ბაბუ, - ლუკამ ჩუმად წარმოსთქვა და ფეხშიშველი ბაბუასკენ გაექანა. სავარძელში მჯდომ ბაბუას ჩაეხუტა.მიხვდა, ყველაფერს მიხვდა და თვალები ცრემლებით აევსო. იგრძნო, ვიღაცამ რომ მოჰხვია ხელები, დედა ეხუტებოდა.  ბაბუს რომ მოსცილდა იატაკზე დავარდნილი სურათი დაინახა. იქედან პატარა ლუკა იმზირებოდა, სურათი ჯერ კიდევ დანამული იყო. ბაბუ წასულიყო, მისი გული აღარ ძგერდა, თუმცა ახლა თავად ბაბუ ძგერდა პატარა ლუკას გულში. მართალია, ბაბუა წავიდა ამ ქვეყნიდან, მაგრამ ის ისევ ლუკას გვერდით იყო...

 

 

გიორგი ჩაჩხიანი

No comments:

Post a Comment