ზარი დაირეკა. ზარის
დარეკვისთანავე ბავშვები მაშინვე საკლასო ოთახებში შეცვივდნენ. სკოლის დერეფნები
დაცარიელდა. თავიანთი ადგილები დაიკავეს, მასწავლებელმა კი სიის ამოკითხვა დაიწყო.
თითქმის მთელი კლასი იყო, მხოლოდ ერთი მერხი დარჩენილიყო ცარიელი, ისიც უკან კუთხეში
იდგა და მას ვერავინ ამჩნევდა.
-მაისურაძე? - ამოიკითხა მასწავლებელმა და კლასში მიმოიხედა. -
ბავშვებო, ნიკა არ არის? - მოსწავლეებმაც
მის ადგილს, კუთხეში მდგარ ცარიელ მერხს მიაპყრეს მზერა.
-არა, მასწავლებელო.
-ვინმემ ხომ არ იცის რატომ არ არის? - იკითხა და თანაც ჟურნალში არა
ჩაწერა.
-ეტყობა ჩაეძინა. - თქვეს და გაიცინეს.
-გეყოფათ! - მკაცრად მიუგო მასწავლებელმა და სიის ამოკითხვა განაგრძო.
ნიკა სკოლაში არ მისულიყო,
თუმცაღა აშკარად რომ სკოლისთვის იყო გამზადებული. ზურგზე წიგნებით სავსე ჩანთა
მოეკიდა, რომელშიც აგრეთვე ახალგათლილი ფერადი ფანქრებითა და წყვილი კალმებით
სავსე პენალი მოეთავსებინა, შიგნით ედო წასახემსებლად წამოღებული ორცხობილებიც,
მაგრამ ბიჭი სკოლის მერხის ნაცვლად რკინის ძველ კიბეზე იჯდა, თავისი ადგილი
ჰქონდა, იქ არავინ აწუხებდა და იშვიათად თუ გამოივლიდა ვინმე. მუხლები ზემოთ აეწია და მკერდისთვის მჭიდროდ
მიეკრა, ხელები კი მათთვის შემოეხვია. თავი ჩაექინდრა, რაღაცას დარდობდა, რაღაც
უღრღნიდა გულს და მოსვენებას არ აძლევდა, რაღაცამ მის თვალებში ცრემლი დაბადა,
რომელიც მოწყვეტით მოსწყდა წამწამებს და ბიჭის ლოყაზე ჩამოიღვენთა.
სკოლის შემდეგ აქ ხშირად
მოდიოდა, მყუდროებას თითქმის არავინ ურღვევდა, მაგრამ დღეს დილა იყო, ერთმა ქალმა
გამოიარა. შედგა და ბიჭს შეაცქერდა. ყოყმანობდა, შემდეგ კი ნიკას მიუახლოვდა.
-ბებია, კარგად ხარ? - ბიჭი დუმდა, ვერც იმას შეატყობდით, საერთოდ თუ
შეემჩნია ქალის არსებობა. - ბებია, - ქალმა ხელი მხარზე ნაზად შეახო, ნიკა
გამოერკვა და აცრემლებულმა ქალს შიშით შეხედა, შეკრთა, გულ-მკერდი აუდ-ჩაუდიოდა. -
რა გჭირს, რით დაგეხმარო, დაიკარგე? სად ცხოვრობ, მითხარი, სახლში წაგიყვან. -
ნიკა დუმდა. დუმდა და ამ დუმილში იყო რაღაც საშინელება, ენით აუწერელი სისასტიკე,
მრისხანება და ბრაზი, რომელიც შიშის ზარს სცემდა პატარა ჭაბუკის გულს და მას ისევე
აძგერებდა, როგორც შეფართხალებული პატარა ბეღურისას.
-რა გქვია? - ჰკითხა ქალმა. ბავშვს დაღონებული უცქერდა. - მითხარი,
რატომ ტირი, ეგებ დაგეხმარო. - ბიჭმა თავი გააქნია და ხელები უფრო მჭიდროდ
შემოიჭდო მუხლებზე. - რა მოხდა,ბებია? მითხარი, დაგეხმარები. შენისთანა პატარა
ბიჭი ასე როგორ ტირის, რაზე დარდობ? ჯერ რა დროს შენი დარდია, ბავშვობისა და ცელქი
სიყმაწვილის ასაკი გიდგას.
ბავშვი იყო და სწორედ ამიტომ
ტიროდა. სუფთა და სათუთი გული ჰქონდა, ყველაზე ადვილი კი სწორედ ასეთი ფაქიზი
გულისთვისაა ზიანის მიყენება. იცოდა,რომ არაფერი არ უნდა ეთქვა, ვერაფერს იტყოდა,
ძლიერი უნდა ყოფილიყო და ყველაფერს თავად გამჰკლავებოდა, ეს ტკივილი უნდა
დაევიწყებინა და საკუთარ გულში ჩაეკლა, მოესპო, მაგრამ რა წამს კი ამას ცდილობდა,
მთელი უბედურება თავიდან იწყებოდა, ყველაფერი თავიდან ახსენდებოდა და ამ საშინელ
ხატებას ვერაფრით იგდებდა გონებიდან. ოჰ, ნეტავ კი უბრალო სიზმარი ყოფილიყო და
სხვა არაფერი, ერთი ჩვეულებრივი ღამეული კოშმარი, მაგრამ ვაი, რომ ეს სიზმარი არ
იყო და ცხადში უწევდა ამ ყველაფრის ხილვა, შეგრძნება. რა წამსაც კი დაიჯერებდა, რომ შეიძლებოდა ეს
სიზმარი ყოფილიყო, სახლში დაბრუნებულს სხვაგვარი რეალობა ხვდებოდა. დედის სახეზე
მრავლად და ღრმად იყო იმისი ნაკვალევი, რომ ეს ყოველივე სიზმარი არ შეიძლებოდა
ყოფილიყო. ჩალურჯებები და ათასგვარი სისხლჩაქცევა უარყოფდა თუნდაც იმ მოსაზრების
მცირედ არსებობასაც კი, რომ ეს ყველაფერი უბრალო ღამეული კოშმარი იყო. აქამდე
მხოლოდ დღისით ტანჯავდა ასეთი კოშმარები, მაგრამ გუშინ ყველაფერი შეიცვალა, გუშინ
ღამით გათამაშდა საშინელი ეპიზოდი. ნიკა ყვირილმა გააღვიძა. საწოლიდან სასწრაფოდ
წამოხტა და ზალისკენ გაიქცა, კარის ჭუჭრუტანიდან უყურებდა თუ როგორ ეჩხუბებოდა დედას
მამა.
ქალი ნელ-ნელა უკან-უკან
იხევდა.ხელები მკერდამდე აეწია და ქმარს გაშლილი ხელისგულებით დამშვიდებას
სთხოვდა. კაცს მუშტები შეეკრა, უკან დახევაზე სულაც არ ფიქრობდა, საცაა ქალს
კედელთან მიიმწყვდევდა.
-ზურა, გეყვეწები, არ გინდა, გთხოვ... -ქალს ცრემლები სახეზე
ღაპაღუპით ჩამოსდიოდა. მხოლოდ აბრეშუმის ხალათი ეცვა, რომელიც ტანზე მჭიდროდ
მოეხვია. კაცმა ღრიალი დაიწყო, სიტყვების
გარჩევა თითქმის შეუძლებელი იყო.
-ზურა, ზურა, გთხოვ... - ქალი გახშირებულად სუნთქავდა, ქმარს
შეშინებული უყურებდა. - ზურა, - მისი შეკივლება და დარტყა ერთი იყო. სახე
მოეღრიცა, სისხლი წასკდა, თავი ვერ შეიმაგრა და უკან გადავარდა. იატაკზე დაეცა,
ყრუ ბრაგუნის ხმა გაისმა. ცხვირ-პირიდან სისხლი მოჟონავდა, მაგრამ კაცი არც ამას
შეუჩერებია. ქალს ხელი თმებში სტაცა და იატაკზე გაათრია. ნახევარი ოთახი ათრია,
კედელს მიანარცხა, ასწია და ამჯერად გაშლილი ხელისგული დაარტყა, სილა მწარედ
გაარტყა.
-აჰ, - დარტყმის ხმამ ქალის კვნესაც კი გადაფარა. ფეხზე ვეღარ იდგა,
მაგრამ თმაში ჩავლებული კაცის ტორები არ აძლევდნენ წაქცევის საშუალებას. კაცი არ
ჩერდებოდა, მოსწონდა რასაც აკეთებდა, თავს ძლევამოსილად გრძნობდა, თითქოს მთელი
სამყაროს ძალაუფლებას მის ხელში მოეყარა თავი. ნიკა ვერავის შეემჩნია. კედელთან
ატუზულიყო.
-გაჩერდი, მამა, გთხოვ გაჩერდი. - ეხვეწებოდა, ზლუქუნებდა, მთელი
სხეული უკანკალებდა. - გაჩერდი, გაჩერდი! - ყვიროდა, თანაც ხელები ყურებზე აეფარა,
რომ დარტყმებისა და დედას კვნესის ხმა არ გაეგონა, თვალები ძლიერად მოეხუჭა, არ
უნდოდა რამე დაენახა, მაგრამ ყველაფერი უშედეგო იყო. ვერ ჩერდებოდა, მთელი სხეულით
ცახცახებდა, - გაჩერდი, გაჩერდი! - ყვიროდა და ადგილზე ნერვიულად ძრწოლავდა.
როდესაც დედამ შვილს მოჰკრა
მზერა, ვეღარ გაუძლო, თავისი თავი სულ მთლად გადაავიწყდა. შეეშინდა, შეეშინდა
პატარა ნიკას გამო, უეცრად განუზომელი ძალა იგრძნო, ქმარს ხელი ძლიერად ჰკრა და
წამიერად მისი ტორებისგან იხსნა თავი. მაშინვე შვილისკენ გაექანა. მუხლებზე დაემხო
და ნიკას ჩეხუტა, ხელები ძლიერად მოჰხვია, გულში ჩაიკრა. ცრემლები ორივეს
ღაპაღუპით ჩამოსდიოდა სახეზე. ბიჭმა ისტერიული კანკალი შეწყვიტა, მაგრამ მაინც
ცახცახებდა. დედის სახიდან სისხლის წვეთები მის მხარ-ბეჭზე ჩამოიწვეთა და მაისურს
ლაქებად დააჩნდა. ნიკამ კაცს შეხედა, პირველად მოხდა, რომ მის მზერაში ასეთი
ღვარძლიანი ზიზღი და სიძულვილი გამოიკვეთა. შემდეგ დედის მკერდს ჩაეკონა, თვალები
დაეხუჭა, მაგრამ ცრემლები მაინც პოულობდნენ გზას და ახერხებდნენ სახეზე ჩამოდინებას. ბოლო რაც გაიგო ზურას
გინება იყო, შემდეგ კი მას რკინის კარის მოჯახუნების ხმა მოჰყვა. მხოლოდ ამის
შემდეგ აწია ნიკამ თავი. დედამ ხელი თმაზე გადაუსვა და შუბლზე ნაზად აკოცა. შვილს
კვლავ მოეხვია და ასე ერთმანეთზე ჩახუტებულები, მუხლებზე დაჩოქილნი იყვნენ კარგა
ხანს ოთახში, სადაც სისხლის, ოფლის, შიშისა და ძალადობის სუნი ერთმანეთს ერეოდა.
ქალმა ნიკა საწოლში დააბრუნა. სისხლი მოიწმინდა,
თავი მოიწესრიგა და ვაჟს მიუწვა. ბიჭს არ ეძინა, თუმცა თავი მოიმძინარა. დედამ
ხელები მოჰხვია და ზურგიდან ჩაეხუტა. ღამის სიჩუმეში ნიკამ ცხადად გაიგონა თუ
როგორ ჩუმად ქვითინებდა დედა. კაცი, რომელსაც მამას ეძახდა არც იმ ღამით და არც
დილით არ უნახავს. ეს რომ ჩვეულებად არ ქცეულიყო, ალბათ, სკოლაში არ წავიდოდა,
მაგრამ გათენდა ახალი დღე და თითქოს, რომ მართლაც სიზმარი ყოფილიყო ყველაფერი.
დედას არ სურდა შეემჩნია, შვილისთვის ზედმეტი ზიანი მიეყენებინა, ისე იქცეოდა და
ისე აჩვენებდა თავს, ვითომც არაფერიო. ორივე დუმდა, საუზმე ისე გაუმზადა ხმა
არცერთს არ ამოუღია. სკოლაში ორცხობილები გაატანა. იმის თქმა არ იყო საჭირო, ნიკას
მასწავლებლებისთვის ან კლასელებისთვის რამე რომ არ უნდა ეთქვა და ოჯახური
პრობლემები სახლის გარეთ რომ არ უნდა გაეტანა, ეს თავადაც კარგად იცოდა. ჩანთა
მოიკიდა და სკოლაში წავიდა, მაგრამ იქ არ მისულა, არა, იმ ერთადერთ ადგილას
მივიდა, სადაც თავს შედარებით თავისუფლად გრძნობდა, თუმცა ეს დღემდე იყო ასე, დღეს
მას მყუდროება დაურღვიეს და ოჯახურ პრობლემებზე ჰკითხეს. შეიძლება ქალმა არ იცოდა
ამის შესახებ, მაგრამ თავად ხომ ყველაფერი კარგად იცოდა. ასლუკუნდა, ნაწყვეტად
ტიროდა. ქალი კი გულდამწვარი უყურებდა და არ იცოდა რა ექნა.
-ტელეფონი ხომ არ მოგცე, იქნებ ვინმეს დაურეკო? - ჰკითხა ბოლოს. ნიკამ
კვლავაც არ უპასუხა. გული აუძგერდა, უეცრად წამოხტა და მთელი სისწრაფით მოსწყდა
ადგილს. - ბებია, სად გარბიხარ, ბებია! - ქალმა გამოდევნება ცადა, მაგრამ აბა
პატარა ბიჭს რას დაეწეოდა. გულამოვარდნილი შედგა, საშინლად ქოშინებდა, მზე
მოიჩრდილა, რომ ბიჭი დაენახა, მაგრამ ის უკვე ჰორიზონტს ჩაეყლაპა. თვალაცრემლებული
შინისკენ მირბოდა. ხალხი გაკვირვებით უყურებდა, ზოგმა დაუძახა კიდეც, მაგრამ ნიკას
არავისი და არაფრის არ ესმოდა. უბრალოდ მირბოდა, მირბოდა ჩქარა, სწრაფად, თითქოს
საკუთარ ცხოვრებასა და მწარე რეალობას გაურბოდა, მაგრამ ბოლოს მაინც იქ
ბრუნდებოდა, საიდანაც იწყებდა და სწორედ იქ დაბრუნდა ახლაც. კარებზე ძლიერად
დააკაკუნა. ფეხის ხმა არ გაუგონია, მაგრამ დაინახა თუ როგორ გაკრთა ჩრდილი კარის
ჭუჭრუტანაში, კარი სასწრაფოდ გაიღო.
-ნიკა? - უთხრა შეცბუნებულმა დედამ. - აქ რას აკეთებ, სკოლაში რატომ
არ ხარ? - ბიჭი მშობელს მივარდა და ძლიერად ჩაეხუტა.
-მეშინია, დედა, მეშინია... - ამოილუღლუღა და დედის კალთას ხელები
კიდევ უფრო ძლიერად მოჰხვია.
No comments:
Post a Comment