ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე
ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

Sunday, April 30, 2017

პატარა ბიჭის განცდები

პატარა ბიჭი კუთხეში ტირის,
მუხლები მკერდზე მჭიდროდ მიუკრავს.
თავჩაქინდრული თავისთვის დარდობს,
პირი კი ძლიერად მოუკუმავს.

-რა გჭირს, ბიძია, თქვი რა გაწუხებს,
-ეუბნებიან მას უფროსები.
გულის ნადების გამხელას სთხოვენ
იმისი ცოდვით დატანჯულები.

მაგრამ დუმილი, კვლავაც სიჩუმე,
მხოლოდ თვალებში ჩამდგარი სევდა
და დიდი დარდი, დიდი წუხილი
უკვე ბიჭის გულს დაღად დააჩნდა.

მერე რა რომ ის პატარა არის,
ნაზი გული აქვს, წაუბილწავი
და ყოველივეს ძლიერ განიცდის,
სევდასაც ამიტომ მისცა თავი.

ბევრს კი ჰგონია, რადგან ბავშვია
ცხოვრება მისთვის სულ მარტივია
და მის ასაკში საწუხარი და
სადარდებელიც არაფერია.

კბილს კბილზედ აჭერს, ტუჩებს კი კუმავს,
იცის, რომ არაფერი უნდა თქვას
და თუკი რამე სევდა აჩნია,
ისიც რომ გულში უჩუმრად ჩაკლას.

პატარა ბიჭი კუთხეში ტირის,
მისი მზერა კი შიშს გამოხატავს,
თან ახსენდება დილით მომხდარი,
თან სურს ხატება რომ მისცეს ნიავს.

და ყოფილიყოს ცუდი სიზმარი,
რომელიც აღარ დაესიზმრება
და ამის გამო აღარასოდეს,
აღარასოდეს გაიტანჯება.

მაგრამ რა წამს კი სახლში ბრუნდება,
ვერსად გაურბის ამ რეალობას
და ძალადობის კვალი ამჩნია
დედის მზერასა და მის სახებას.

დღეს მამამ დედა სასტიკად სცემა,
ის კი კედელთან ატუზულიყო,
ეხვეწებოდა - გაჩერდი, მამა,
წყობილებიდან გამოსულიყო.

სულ კანკალებდა საბრალო ბიჭი,
ხელები ყურებზე აეფარა,
თვალებს ხუჭავდა, მაგრამ ამაოდ,
დაღისგან ვერაფერს დაეფარა.

როდესაც დედამ შვილს მოჰკრა მზერა
ქმარს ხელი ჰკრა და მისკენ გაიქცა,
მუხლებს დაემხო, ბიჭს მოეხვია
და ამ დროს თითქოს შეირყა ზეცა.

დედის სახიდან სისხლის წვეთები
ბიჭის მხარ-ბეჭზე ჩამოიწვეთა
და მის სახეზე პირველად მოხდა,
სიძულვილი რომ გამოიკვეთა.

მთელი ძალით და მთელი სხეულით
დედის მკერდს ძლიერად ჩაეკონა.
თავი კი მხოლოდ მაშინ ასწია,
როდესაც კარის ხმა გაიგონა.

დედამ კი შუბლზე ნაზად აკოცა,
ორივეს თვალებს სდიოდა ცრემლი
და ჩაეხუტა თავის შვილს გრძნობით,
რომელიც იყო ძლიერი, რწფელი.

გიორგი ჩაჩხიანი

Friday, April 28, 2017

გზატკეცილი

   თვალი გაახილა. კვლავაც იგივე პეიზაჟი, იგივე ქუჩა, იგივე მაღაზიები, იგივე გამვლელები და ისევ იგივე ამაოება. ასე არ უნდა მომხდარიყო, მას აღარ უნდა ენახა ეს ყოველივე. ბოლოს და ბოლოს არარაობად, უსუსურად ყოფნის განცდას ის უნდა დაეტოვებინა, დაეხუჭა თვალები და ყველაფერი გათავებულიყო. მან დახუჭა კიდეც, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. თავისი გაჭირვებაც არ ეყოფოდა, სხვისი ცოდვაც რომ დაიდო კისერზე.
   გუშინდელი ბუნდოვნად ახსოვდა. ქუჩის კუთხეში თავის ჩვეულ ადგილას იჯდა იმ ძველ მუყაოს ქაღალდზე, რომელიც ერთადერთი იყო, რაც ებადა, თუ ნაგავსაყრელზე ნაპოვნ გაცრეცილ ქურქს არ ჩავთვლით, ზედ რომ ემოსა, თუმცა სიცივისგან მაინც ვერ იფარავდა. ფიქრობდა თავის მიზერულ არსებობაზე, იმ გაუსრულებელ საწამებელზე, რასაც ცხოვრება ერქვა. რას უნდა ეხსნა, რწმენას? დიდი ხანი იყო ღმერთს ის დაევიწყებინა და ქუჩაში გასათოშად მიეგდო.არც რწმენა, არც ოჯახი, არც მეგობრები, მას არავინ და არაფერი გააჩნდა. რისთვის უნდა ეცოცხლა, რომ კიდევ ბევრი ადამიანისთვის მოეფინა სახეზე ზიზღნარევი ღიმილი? მზერა, აი რას ვერ იტანდა ადამიანებში. მათ მზერაში ხედავდა თავის რეალურ სახეს, საკუთარ ცხოვრებას და ეს თავადაც გულს ურევდა. პატარა, უმანკო ბავშვის მისკენ მიმართული დამცინავი, ამაზრზენი ღიმილი ბოლო წვეთი იყო. ერთადერთი არჩევანი ჰქონდა, ეს ის უფლება იყო, რასაც ვერავინ წაართმევდა. გზატკეცილისკენ დაიძრა. სახე უხურდა, ხელები გაჰყინვოდა, გული კი მთელი ძალით უტუმბავდა სისხლს და მთელ სხეულს მოსდებოდა განცდა, შეგრძნება ძალაუფლებისა, რომ მას შანსი ეძლევოდა ერთხელ მაინც გადაეწყვიტა რაიმე და ცხოვრებისთვის აზრი შეეძინა. ერთხანს შინაგანი კონფლიქტის ფონზე უმზერდა დიდი სიჩქარით მიმავალი მანქანების გაუსრულებელ ნაკადს. მათი ფარების შუქები სწრაფად ენაცვლებოდნენ ერთმანეთს და გზატკეცილის სტუმარს ერთგვარ ტრანსშიც კი აგდებდნენ. სინათლის ამ გასაოცარ ეფექტში ხედავდა ის ერთადერთ ხსნას, თავისუფლებას.
   დაელოდა. როდესაც მანქანების პირველი ნაკადი შესუსტდა მომავალი ნაკადის ლოდინში წამითაც არ უფიქრია თუ როგორ შეცვლიდა მომხდარი იმ მძღოლის ცხოვრებას, რომელიც მას დაეჯახებოდა და უნებურად მკვლელი გახდებოდა. ამაზე ახლა დაფიქრდა, ასეთ ეგეოიზმს საკუთარ თავს ვერ ჰპატიობდა, მაგრამ უარესი მოხდა. როდესაც მოახლოებული მანქანა დაინახა ტრასაზე გადახტა და თვალებდახუჭულმა ხელები გაშალა. ბიძგი იგრძნო, მიუხედავად იმისა,რომ წინ გადავარდა მაინც სუსტი ბიძგი იყო. არც ტკივილი უგრძვნია, თუმცაღა დაჯახების ხმა კი ნათლად ჩაესმოდა ყურებში. თვალები დიდი ძალისხმევის ფასად გაახილა. ნანახმა შეძრა, მომხდარი სამუდამოდ აღებეჭდა და დაილექა მის გონებაში. შავი მერსედესის კაპოტი სისხლის შხეფებს დაეფარა, ჯებირთან კი ახალგაზრდა ბიჭის უსულო სხეული ეგდო. ის ვიღაცის შვილი იყო, ვიღაცის ძმა, ვიღაცის ქმარი, ვიღაცის მამა, მას ყველაფერი გააჩნდა, ცხოვრება და სიცოცხლის მიზეზი ჰქონდა, მაგრამ საკუთარი თავი სრულიად უცნობი უბრალო მაწანწალის, არარაობის გამო გაწირა. ამის შემდეგ განა ჰქონდა უფლება ეთქვა,რომ მის სიცოცხლეს აზრი არ ჰქონდა? მაშინ ხომ უაზრო იქნებოდა ყმაწვილის ეს თავგანწირვა, მისი სიკვდილი.
  არ იცოდა რა ექნა, მუხლებზე ხელებშემოხვეული აგურის კედელს მიყრდნობოდა და ჩუმად ქვითინებდა. იმ ბიჭის ადგილას თავად უნდა ყოფილიყო,თავად უნდა მომკვდარიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. რატომ, რამ იხსნა, ღმერთმა? ღვთის არსებობის არ სწამდა, მაგრამ რაღაცის უნდა ეწამა, რადგან იცოდა, უმიზეზოდ არაფერი ხდება. სწორედ ამ დროს ქარმა მის ფეხებთან ქაღალდი მოიტანა, მოშორება ცადა,მაგრამ ვერ მოიშორა.დასაჭმუჭნად ხელში აიღო, წამიერად დააცქერდა და თვალის გუგები გაუფართოვდა. ხელში ერთგვარი ბუკლეტი ეჭირა,რომელიც იტყობინებოდა, რომ სამშენებლო სამუშაოებზე ვაკანსია გამოეცხადებინათ.


გიორგი ჩაჩხიანი

Saturday, April 22, 2017

ჩემი გრძნობა



      გაზაფხული იდგა. წვიმას ახლახან გადაეღო, ქუჩას კვლავაც ასდიოდა გაზაფხულის საამური სურნელება, რომელიც ადამიანს თითქოს თავის ბავშვობაში აბრუნებდა და ძველ მოგონებებს ამოუტივტივებდა გონებაში, გაახსენებდა სიჭაბუკის გარდასულ ჟამს, ჟინითა და ხალისით, ულევი ენერგიით აღსავსე დროებას. წვიმის სურნელი ადამიანის გონებაში თავიდან აცოცხლებდა ქალაქს, რომელიც რამდენიმე ათეული წლის წინათ არსებობდა, ეს იყო წარსულის თბილისი, მაგრამ თავად ქალაქი კი არა, ადამიანი დაბერებულიყო, მის თმას შერეოდა ჭაღარა და სახეს კი დასტყობოდა მცირედი ნაოჭები, რომლებიც თავისთავად მალავდნენ და ინახავდნენ ისტორიას, ადამიანის ცხოვრებას, მის თითოეულ ღიმილს, გაცინებას, მწუხარებასა და ღრმა, ენით აუწერელ ტკივილს. სწორედ რომ ნაოჭები არიან გზამკვლევნი და მემატიანენი ადამიანის სახის, ცხოვრებისა და ისტორიის, მისი წარსულისა.
   დილას გადაცილებული იყო. შაბათი დღე გახლდათ და წვიმის გადაღების შემდეგ ქალაქის ქუჩებში ხალხი სასეირნოდ გამოსულიყო. ზოგს სად ეჩქარებოდა, ზოგს კი სად, ზოგიც უბრალოდ დროის გასაყვანად დაეხეტებოდა თბილისის ქუჩებში. ადამიანები მიდიოდნენ და მოდიოდნენ, იმ ქვაფენილს კი, რომელსაც რამდენიმე წამის წინ ერთის ფეხი ედგა, ახლა მეორე ადგამდა ფეხს და ეს გრძელდებოდა უსასრულოდ, გაუთავებლად. ლაბადაში გახვეული ასაკოვანი მამაკაცი რუსთაველის გამზირს მიუყვებოდა, ჩქარი ნაბიჯებით მიდიოდა. თმასა და წვერში ჭაღარა შერეოდა, მაგრამ ისეთივე სანდომიანი გამომეტყველება ჰქონდა, როგორც უწინ, ახალგაზრდობაში. მისი სახის თითოეული ნაკვთი თითქოს უდიდესი მგრძნობელობით გამოირჩევაო, ყოველი მოხაზულობა წარმოადგენდა პატარა წინადადებას, პატარა აბზაცს და მთლიანი სახე კი ქმნიდა შესანიშნავ ისტორიას, კლასიკური ხანის რომანს, მაგრამ ყველაზე მეტყველი მისი თვალები იყო. მუქი ყავისფერი, საოცრად ცოცხალი თვალები ჰქონდა. მისი მზერა კი ასხივებდა სითბოს, სიბრძნეს და ამავედროს ერთდროულად სიამაყესა და თავმდაბლობას. კაცს ყველა ცნობდა. ნაზი და მალული ღიმილით ჩაუვლიდნენ გვერდით, ერთმანეთს რაღაცას გადაუჩურჩულებდნენ, მზერით მასზე მიანიშნებდნენ. კაცი კი რიგითი გამვლელების ღიმილს ასეთივე თბილი, მორიდებული ღიმილითა და ოდნავ თავდახრით პასუხობდა და გზას აგრძელებდა.
   გამზირზე მდებარე პარფიუმერიის მაღაზიაში შევიდა. მყიდველს შესვლისთანავე კონსულტანტებმა მზერა მიაპყრეს, სახე ღიმილით მოეცვათ.
-გამარჯობა, ნოე კალანდაძე ბრძანდებით, ხომ?- ჰკითხა ახალგაზრდა, შავგვრემანმა გამყიდველმა, რომელსაც როგორც გულმკერდზე დაბნეული ჟეტონი იტყობინებოდა ნინო ერქვა.
-დიახ, მე ვარ, - ღიმილით მიუგო კაცმა.
-თქვენი ყველა წიგნი წაკითხული მაქვს, საოცარი მწერალი ხართ.
-გმადლობთ, ძალიან სასიამოვნოა ამის მოსმენა.
-რით დაგეხმაროთ?
-სარვამარტოდ მინდა ჩემს მეუღლეს სუნამო ვუყიდო.
-ძალიან კარგი, როგორი არომატით უყვარს, მძაფრი თუ ნაზი სურნელით?
-უფრო ნაზი.
-აი წამობრძანდით, გაჩვენებთ, - კონსულტანტი ნოეს მაღაზიის ბოლოსკენ წაუძღვა. ამ დროს კარები კიდევ ერთხელ გაიღო. მაღაზიაში შავ მანტოში გამოწყობილი ქალბატონი შემოვიდა. მოლარეს მიესალმა და სასურველი სექციისკენ წავიდა. ეტყობოდა ზუსტად იცოდა, რაც უნდა ეყიდა. იმ სექციას მიუახლოვდა, სადაც ნოე და ნინო სუნამოს არჩევდნენ. შეიცადა, რადგან გზას უღობავდნენ.
-ძალიან კარგია, აი ამას ავიღებ, - თქვა ნოემ და კონსულტანტს გაუღიმა, შემობრუნდა და შედგა. ისინი ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ. ქალს სუნთქვა შეეკრა, არ ეგონა ეს შეხვედრა ასე თუ ააღელვებდა, მაგრამ ასე მოხდა. დაიბნა, შესაფერის სიტყვებს ეძებდა, მაგრამ ვერ პოულობდა, რეტდაცემულივით იდგა. თვალები დაბლა დახარა და კაცს მზერა აარიდა. წამით ასე იდგნენ მანამ, სანამ ნოემ დუმილი არ დაარღვია:
-ელენე, დიდი დრო გავიდა, როგორ ხარ?
-კარგად...შენ? - ჰკითხა ხანმოკლე პაუზის შემდეგ.
-გმადლობ, კარგად. აბა, შენკენ რა ხდება? - ქალმა მზერა იატაკზე გადაიტანა.
-ისეთი არაფერი, ყველაფერი ძველებურადაა, - ნოემ თავი დაუქნია.
-უკვე შეარჩიე?
-კი, - ელენემ თაროდან სუნამო ჩამოიღო. -ხვალ ანას დაბადების დღეა, დიდი ხანია ეს სუნამო უნდა, ასე რომ...
  ნელი ნაბიჯებით სალაროსკენ დაიძრნენ. ერთმანეთს არ უყურებდნენ, ორივენი ღრმა ფიქრებში ჩაძირულნი პერიფერიებისკენ აპარებდნენ მზერას და ქვემოთ დახრილ თვალებს ხან მარცხნივ გააცეცებდნენ, ხან კი მარჯვნივ, ეს იყო ერთგვარი გრძნობის გახსნება, რომელსაც კვალად საკუთარ თავთან საუბარი გასდევდა. ნოემ სალაროსთან ქალს ადგილი დაუთმო.
-გმადლობ, - უთხრა და მოლარეს სუნამო მიაწოდა.
-ელენე, წინააღმდეგი ხომ არ იქნები მე რომ გადავიხადო? - ქალმა სწრაფი, გამჭოლი, გაბრაზებული და გაოცებული მზერა ესროლა, თითქოს ვინმეს მისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინოს.
-რა თქმა უნდა ვიქნები, შენ რატომ უნდა გადაიხადო.
-უბრალოდ, გთხოვ, ძველი მეგობრობის ხათრით, გულით მინდა ამის გაკეთება,- საფულე გახსნა და რამდენიმე ასლარიანი ამოიღო.
-ნოე, ძალიან გთხოვ, მაპატიე, მაგრამ შენ ვერ გადაგახდევინებ.
-ამას ანასთვის ვყიდულობ, - თქვა და მოლარეს თანხა მიაწოდა, ამ ფრაზით მან გამარჯვება მოიპოვა. ელენემ აღსაშფოთებლად პირი გააღო, მაგრამ შემდეგ მოკუმა, დაცხრა და კაცს მადლობა ჩუმად გადაუხადა.
-სასაჩუქრედ შეგიფუთოთ?- ჰკითხა მოლარემ.
-დიახ, თუ შეიძლება.
    ორივე სუნამო ლამაზად შეფუთეს. ნოემ ელენეს თავისი ჩუმად მიაწოდა და კონსულტანტებს მადლობა გადაუხადა. კარები გამოაღო და ქალი გაატარა.
-მადლობა.
-ცოტა ხნით გცალია? - ჰკითხა გასვლისთანავე. ისინი შუა ქუჩაში იდგნენ, უამრავი უცხო ადამიანით გარშემორტყმულნი. ასეთ დროს როცა არავინ გიცნობს შეგიძლია საკუთარ ნაჭუჭში ჩაიმალო, მაგრამ ნოესთვის ეს შეუძლებელი იყო. მას უამრავი გამვლელი შესცქეროდა, უღიმოდა, ესალმებოდა, თუმცაღა ახლა მისთვის ყოველივეს აზრი დაეკარგა და თაყვანისმცემლები სრულებითაც არ აინტერესებდა. ამ წამს მთელი მისი სამყაროს ღერძი ერთი ცენტრისკენ ტრიალებდა და ეს ცენტრი იყო ქალი, რომელიც მის წინ იდგა და პასუხის გაცემაზე ორჭოფობდა. მწერალს გული აუძგერდა, ეს იყო უსასრულო და გაუსაძლისი ლოდინის განცდა, რომელიც დიდი ხანია უკვე მას ასე მძაფრად აღარ შეეგრძნო, იქნებ უკვე 40 წელიც გასულიყო მას შემდეგ, რაც ასე ძლიერ აღელვებულიყო, თანაც სრულიად უმიზეზოდ.
-არ ვიცი...- ელენე მზერას კვლავაც არიდებდა. ორი ზრდასრული პიროვნება ერთმანეთის წინაშე იდგა, მათ საკუთარი ცხოვრება და კარიერა ჰქონდათ, ოჯახი და შვილები ჰყავდათ, საუკუნის ნახევარი უკვე ეცხოვრათ, მაგრამ მაინც, თითქოს ახლა ერთმანეთის წინაშე არა ზრდასრული ადამიანები, არამედ პატარა ბავშვები იდგნენ, ასე მძაფრად აქამდე არცერთს არ შეეგრძნო სიყმაწვილე, არ მონატრებოდა სიჭაბუკის ჟამი,რომელიც მწარესა და ტკბილს ერთმანეთში ურევდა ხოლმე, რომელმაც გამოწვრთნა ისინი და განსაზღვრა მათი სამომავლო ცხოვრების ბედი.
-უბრალოდ ყავა დავლიოთ, სულ ცოტა ხნით, დიდი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს, - ნოეს შეაცქერდა. მისი სახე სხვანაირი იყო, შეცვლილი. არ იყო ისეთი გადატკიცინებული, ისეთი ახალგაზრდული, ჟინითა და სიცოცხლით აღსავსე, როგორც უწინ, მაგრამ მისი თვალები კი ისეთივე მზერით უმზერდნენ ქალს, როგორც მაშინ, როდესაც 17 წლის იყო. ეს იყო მზერა, რომელიც ასხივებდა მზრუნველობას, თანაგრძნობასა და სიყვარულს. ეს მზერა ახლა მხოლოდ ელენეს ეკუთვნოდა, არც ნოეს ცოლს, არც ასიათასობით მკითხველს, არც მის შვილებს, ამ მზერის ბატონ-მპყრობელი მხოლოდ ელენე იყო. არ იცოდა რა ეთქვა, მის გონებაში საშინელი ბრძოლა გაჩაღებულიყო, სურდა სწორად მოქცეულიყო, მაგრამ უკვე აღარ იცოდა თუ რა იყო სწორი და რა არა. არ უნდოდა შეცდომა დაეშვა, თავი დაედანაშაულებინა და შემდგომში ამის გამო დატანჯულიყო, რადგან ნოესთან შეხვედრა, მასთან საუბარი მხოლოდ ამას უქადდა, ამას მოუტანდა. ამდენი წელი ფიქრობდა ამ შეხვედრაზე, იცოდა, რომ ეს გარდაუვალი იყო, რადგან რაც არ უნდა იყოს, თბილისი მაინც პატარა ქალაქია, სამეგობრო წრეც ხომ ერთი ჰქონდათ, მაგრამ სიმართლე ის იყო, რომ ამ შეხვედრის ეშინოდა. სწორედ ამიტომ, თუ გაიგებდა, რომ მეგობრების დაბადების დღეებზე ნოეც იქნებოდა, ხან რას მოიმიზეზებდა, ხან რას და ის იქ არასდროს მიდიოდა. ერთხელ, როცა გაიგო, რომ ნოეს ახალი წიგნის პრეზენტაცია იმართებოდა მწერალთა სახლში წასვლა გადაწყვიტა. დიდი ეიფორიის განცდით მიდიოდა მაჩაბლის ქუჩაზე, საკუთარ თავს ვერ უჯერებდა,რომ ამას აკეთებდა, მაგრამ თითქოს ფეხები არ ემორჩილებოდნენ, ისინი წინ და წინ უბიძგებდნენ სხეულს და ქალი იქითკენ მიჰყავდათ, სადაც მას არაფერი ელოდა, გარდა იმედგაცრუებისა და ტანჯვისა. მივიდა კიდეც, უამრავი ხალხი შეკრებილიყო. დაგვიანებით მივიდა და ბოლო რიგში ჰპოვა ადგილი ისე,რომ ნოეს არ დაენახა. და აი იხილა კიდეც, საყოველთაოდ აღიარებული მწერალი, შესაშური მეუღლე, ყველასთვის პატივსაცემი და საყვარელი, საპატიო მოქალაქე და ნობელის პრემიის ნომინანტი - ნოე კალანდაძე. ოცნებებითა და მომავლის იმედებით აღსავსე ყმაწვილი დიდებულ და ჭეშმარიტ კაცად ქცეულიყო. ნოეს თვალს ვერ აშორებდა, გული საგულეს ვეღარ ეტეოდა, კაცს თვალის გაფართოებული გუგებით შესცქეროდა, მისი ყოველი სიტყვა, ყოველი ფრაზა უჩვეულო განცდას ჰბადებდა სასოწარკვეთილი ქალის გულში. მთელი გზა ფიქრობდა თუ რას ეტყოდა,მაგრამ ახლაც კი არ იყო დარწმუნებული გაბედავდა თუ არა რამის თქმას, ან რა უნდა ეთქვა? ბოლოს კი ის მოხდა, რისიც თავიდანვე ეშინოდა,სანამ ავტოგრაფების დარიგებას დაიწყებდა, ნოემ განაცხადა:
- და ბოლოს, არ შემიძლია უაღრესად დიდი მადლობა არ გადავუხადო ჩემს უძვირფასეს მეუღლეს, ჩემი სიცოცხლის არსს, რომელიც ყოველთვის გვერდში მიდგას, ის არის ჩემი მრჩეველი, საუკეთესო მეგობარი, მესაიდუმლე და ადამაინი, რომელსაც ყოველთვის შემიძლია ვენდო და შეიძლება იყოს დრო, როცა არ მჯეროდეს საკუთარი თავის, მაგრამ მე მისი ყოველთვის მჯერა. ის მაძლევდა უდიდეს სტიმულს მაშინ,როდესაც მე ეს ყველაზე მეტად მჭირდებოდა, არ მაძლევდა დანებების საშუალებას და მისი ასეთი უზადო რწმენა მაიძულებდა ყოველთვის მიმეყვანა საქმე ბოლომდე. ასე მოხდა ამ წიგნის წერისასაც, რომ არა ის მე ვერ დავწერდი ამ რომანს, რადგან საკმაოდ ხშირია, როდესაც მწერალი მივა ნაწარმოების შუამდე და შემდეგ უბრალოდ აღარ ძალუძს მისი გაგრძელება, დასრულება. სწამს,რომ რაღაც გრანდიოზულად დიდს შეეჭიდა და ეს ყველაფერი მის ძალებსა და შესაძლებლობებს აღემატება. თანაც გენანება აქამდე დაწერილი, მაგრამ ყოყმანობ, გაგრძელებას აჭიანურებ და ნაწარმოების სახეც შენს გონებაში ნელ-ნელა ფერმკრთალდება, ბაცდება, იცრიცება და ბოლოს საერთოდ წაიშლება კიდეც. ასეთ დროს გვერდით საჭიროა ვიღაც, ვინც შთაგაგონებს, რომ საკმარისად კარგი ხარ და შენ ამას შეძლებ,საქმეს ბოლომდე მიიყვან. ის ჩემ გვერდით იყო ყოველთვის, როცა მჭირდებოდა თანაგრძნობა, გამხნევება, დახმარება, გამოფხიზლება, სიყვარული და შეგონება. ძალიან მიყვარხარ და გმადლობ, რომ ამ ცხოვრებისეული გზის გავლა ჩემთან ერთად აირჩიე, ამის გამო უბედნიერესი და უიღბლიანესი კაცი ვარ, - ელენემ ნათლად დაინახა მზერა, რომლითაც ნოე უმზერდა თავის ცოლს, რომელიც პირველ რიგში იჯდა და ქმარს ჰაეროვან კოცნას უგზავნიდა. აქამდე ელენეს თავი ასე ზედმეტად არასდროს ეგრძნო. „რა გეგონა, შე სულელო, შენი დანახვა მეცხრე ცაზე აიყვანდა და შენკენ მაშინვე ხელებგამოშვერილი გამოიქცეოდა, რომ თავის ცოლს დაივიწყებდა და შენ მოგეხვეოდა? ღმერთო, რა სულელი ხარ!“ - საკუთარ თავს ჰკიცხავდა, ასე დაუფიქრებლად მოქცევასა და სისულელის ჩადენას ვერ ჰპატიობდა, მაგრამ მას ხომ ბევრი არც უნდოდა, უბრალოდ ნოეს ხილვა სწადდა, მისთვის თვალებში რომ ჩაეხედა, მისი შეხება უნდოდა, წამიერი, უბრალო შეხება, მისი კანის შეგრძნება, მისი სუნთქვის მოსმენა და იმ ჩურჩულის გაგონება, რომელსაც ეს სუნთქვა მას სახეზე მიულამუნებდა.  
  როგორც კი ხალხი წამოდგა და მწერალთან მისალოცად დაიძრნენ ელენე მაშინვე, სასწრაფოდ გამოვიდა დარბაზიდან, კიბეებს აღელვებული ჩაუყვა. „რა გავაკეთე, ეს რა გავაკეთე, როგორ მივქარე, რა სულელი ვიყავი.“- კვლავაც უმეორებდა საკუთარ თავს და სწრაფი ნაბიჯებით სახლისკენ მიიწევდა. კიდევ კარგი ნოემ ვერ დაინახა, ყოველ შემთხვევაში იმედოვნებდა, რომ ეს ასე იყო, მაშინ რაღას ეტყოდა საკუთარ თავს, საკუთარ სინდისს, როგორ ჩახედავდა თვალებში თავის ქმარს და  მის მკლავებში შვებას ჰპოვებდა.
-სად იყავი? - სახლში დაბრუნებულს ქმარმა ჰკითხა. დაიბნა, არ იცოდა რა ეთქვა, რა ნამუსით შეძლებდა გამოტყდომოდა? მაგრამ განა რა იყო აქ სამარცხვინო, მას ხომ არაფერი არ ჩაუდენია, ნოეს ახლოსაც არ გაჰკარებია.
-აჰ, სალომემ მთხოვა ჩემთან გამოდიო, მაპატიე, ვეღარ გაგაფრთხილე, - პირველად იცრუა, პირველად მოატყუა ასე უსისრცხვილოდ თავისი ქმარი და გულში თითქოს მახვილი ჩაასვესო,მკერდში საშინელმა ტკივილმა დაუარა.
-ხომ კარგადაა?
-კი, უბრალოდ რაღაცაში დახმარება უნდოდა, დაღლილი ვარ, წამოვწვები. ჩემგან რამე ხომ არ გინდა?
-არა, დაისვენე, თუ რამე დაგჭირდება, დამიძახე, - ოთახიდან უსიტყვოდ გავიდა. საძინებელში შევიდა. კარები მიხურა, ზურგით მიეყრდნო და თავი ვეღარ შეიკავა, მთელი სხეულით აცახცახდა. ხელები საშინლად უკანკალებდა. მხრებზე შემოიჭდო, საკუთარ თავს ჩაეხუტა და თვალები ძლიერად დახუჭა, ამას უნდა ეშველა და ტკივილი,რომელსაც ქალი გრძნობდა წესით უნდა გამქრალიყო. ეს საკმაოდ დიდი ხნის წინ მომხდარიყო, მრავალი წელი გასულიყო მის შემდეგ, მაგრამ ახლა, როდესაც მის წინ იდგა, ყველაფერი წამიერად ამოუტივტივდა გონებაში, თითქოს ეს გუშინ ყოფილიყო. და თუ ნოეს უბრალო ხილვამ მიაყენა ასეთი ტკივილი, მაშინ რას უზამდა მასთან უშუალო საუბარი, კონტაქტი, ურთიერთობა?
   ნოე ამ ყველაფერს იმსახურებდა. ის ღირსი იყო თუნდაც რამდენიმე წუთი გაეტარებინა ქალთან, რომლის გამოც გახდა ასეთი დიდებული პიროვნება, დიდებული მწერალი. ელენემ თავი დაუქნია.
-კარგი, - უთხრა და სევდიანად, თითქმის შეუმჩნევლად გაიღიმა.
-აქვე ახლოს ერთი კარგი ადგილი ვიცი, - თქვა ნოემ და ქალს გაუძღვა.
   ქუჩის კუთხეში კაფე იყო. შიგნით შევიდნენ. ორი კაპუჩინო და ელენესთვის ვაშლის ნამცხვარი აიღო. კუთხის მაგიდასთან დასხდნენ, სხვებისგან მოშორებითაც იდგა და უფრო მყუდრო გარემოს ქმნიდა. ქალი ყავას უაზროდ ურევდა და ამისგან გამოწვეულ მორევს შეჰყურებდა, ეტყობოდა ფიქრებში წასულიყო. ნოე მას გამომცდელად, დაკვირვებით შესცქეროდა ისევე, როგორც იმ დღეს სიყვარულში რომ გამოუტყდა. შემდეგ ქალის ნაკვთებს დააკვირდა. ელენე კიდევ უფრო გალამაზებულიც კი ეჩვენა, დროს მისთვის სილამაზის წართმევაც კი ვერ გაებედა. საერთოდ ელენეზე ვერ იტყოდი არნახული სილამაზის პატრონიაო, უბრალოდ საოცრად თბილი და მოსიყვარულე სახე ჰქონდა, მაგრამ ნოესთვის ის სიჭაბუკის ჟამს ყველაზე ლამაზი გოგო იყო მთელ პლანეტაზე.
-სულ არ შეცვლილხარ, ისევ ისეთი ლამაზი და მომხიბვლელი ხარ, - ელენეს გაეღიმა და მზერა კაცს მიაპყრო. მისი თვალები ბრწყინავდნენ.
-გმადლობ.
-მომიყევი შენზე, ლევანი კი მიყვება ხოლმე შიგადაშიგ.
-მართლა, რას გეუბნება?
-ბევრს არაფერს, უბრალოდ მითხრა,რომ გათხოვდი, შემდეგ შვილი შეგეძინა, მერე მეორე შვილი, რომ საკმაოდ კარგი სამსახური გაქვს ერთ-ერთ კომპანიაში.
-ჰო, ვცდილობდი. ორი ბიჭი მყავს, უკვე პრინციპში დიდები არიან. შენს შვილებს ასე თუ ისე ტელევიზორიდან ვიცნობ.
-ჰო, სიუჟეტები... შენი ქმარი, როგორია?
-ეს რატომ გაინტერესებს?
-უბრალოდ, არ შეიძლება?
-ძალიან კარგი პიროვნებაა, მოსიყვარულე მამა და შესანიშნავი მეუღლე.
-ძალიან მიხარია, შენ გამო მართლა ძალიან მიხარია. მითხარი, ბედნიერი ხარ?
-კი, ბედნიერი ვარ, - ელენემ თავი დაუქნია.
-ყველაფერი მიიღე,რაზეც ოცნებობდი?- კითხვამ ჩააფიქრა.
-ეს... ოცნებებში ქმნი სამყაროს,რომელიც იდეალურია, ამ სამყაროში კი იდეალური არაფერია, - ნოემ გაუღიმა, სწორედ ეს უყვარდა ამ ქალში, კითხვას ყოველთვის სცემდა პასუხს და გამოსავალს უთუოდ იპოვნიდა ხოლმე. - შენ? შენ მიიღე ყველაფერი, რაზეც ოცნებობდი?
-კი, უფრო მეტიც, ვიდრე წარმომედგინა. უფრო მეტი შევძელი, ვიდრე მეგონა, რომ შევძლებდი და ეს შენ გამო მოხდა. ყოველთვის მინდოდა ამისთვის მადლობა გადამეხადა.
-მე არაფერ შუაში ვარ.
-არა, ხარ, - კაცმა ჰორიზონტს გახედა, - დასაკარგი არცერთს არაფერი გვაქვს, ამიტომ მოდი გულახდილები ვიყოთ. მე ასეთი შენ გამო ვარ, რასაც მივაღწიე, ყველაფერს შენ გამო მივაღწიე, რათა დამემტკიცებინა, რომ საუკეთესო ვიყავი, რომ მართლაც ვიყავი შენი ღირსი და საშინელი შეცდომა დაუშვი, როდესაც ხელი მკარი, - სიმწრით ჩაეღიმა, წამიერად შეყოვნდა და ელენეს შეაცქერდა, ამ უკანასკნელს კი თავი ჩაექინდრა, ნოესთვის თვალის გასწორებას ვერ ბედავდა. კაცმა განაგრძო: - ამ გაუსრულებელი გამოწვევებით კი ვიქეცი განსხვავებულ, ბევრად უკეთეს პიროვნებად, რის მერეც უკვე ჩემი პოპულარულობაც გაიზარდა, ჩემს მომავალ მეუღლეს შევხვდი და ჩემი ცხოვრებაც რადიკალურად შეიცვალა. ჩემი პირველი წიგნი წაკითხული გაქვს?-ელენემ თავი დაუქნია. - შენ გეძღვნება. შენ განმაცდევინე ასეთი ამაღალვებელი, ჯადოსნური მდგომარეობა, შენ შემაცანი სიყვარული. ისტორია „ჩემი გრძნობისა“ არის ის ისტორია, რომელიც მსურდა რომ ჩვენ გადაგვხდენოდა.
-მას ხომ ბედნიერი დასასრული არ აქვს?
-ჩვენს ისტორიასაც არ ჰქონდა ბედნიერი დასასრული, მას საწყისიც კი არ ჰქონია, მაგრამ ახლა აი აქ ვართ, ბედნიერები. უბრალოდ იმის თქმა მინდა, შენ რომ არა, იმ წიგნს ვერასდროს დავწერდი, ვერც სახელოვანი მწერალი გავხდებოდი და არც ასეთი დიდი ჟინი და მოტივაცია მექნებოდა უკეთესი მომავლისთვის საბრძოლველად.
-უნდა გებრძოლა...- ერთგვარი საყვედურივით თქვა ელენემ. ნოეს გაეცინა.
-ვიცოდი,რომ ოდესმე ამას მეტყოდი. ვიბრძოდი კიდეც, განა არ ვიბრძოდი. ის წერილები სხვა არაფერი იყო, თუ არა მცდელობა იმისა,რომ დამემტკიცებინა თუ რაოდენ მიყვარდი, მაგრამ არცერთხელ არ გაგიცია პასუხი, არც ცუდი, არც კარგი, რა უნდა მექნა?
-ადექი და უბრალოდ დამივიწყე.
-ასე არაა, მე შენ არასდროს დამვიწყებიხარ, შეგიძლია ნებისმიერ რამეში დამადანაშაულო, მაგრამ არა იმაში,რომ მე შენ დაგივიწყე ან ოდესმე დაგივიწყებ, რადგან უბრალოდ არ შემიძლია შენი დავიწყება, შენ ხომ ჩემი პირველი სიყვარული ხარ.
   ორივე დუმდა. უხერხულმა სიჩუმემ დაისადგურა. ნოე თავის ხელებს დასცქეროდა, ელენე კი ჭიქაში დარჩენილ ყავას. თითოეული სიტყვის თქმა თითქოს მათ გულებზე დაწოლილ ლოდს შლიდა და ნელ-ნელა პატარა-პატარა კენჭებისგან ათავისუფლებდა, მაგრამ ამავედროს რჩებოდა სიცარიელეც, რომელსაც არ იცოდნენ თუ როგორ გამკლავებოდნენ. სწორედ რომ ამ სიცარიელის დარჩენის შიში ზაფრავდათ.
-იცი, ერთადერთი ხარ, ვინც იცის,რომ ლექსებსაც ვწერდი, - დუმილი კვლავაც ნოემ დაარღვია. ელენემ გაიღიმა.
-რატომ დაანებე? არადა კარგად გამოგდიოდა.
-არ ვიცი, უბრალოდ აღარ ვიცოდი, რაზე მეწერა. მითხარი, ის რვეული კიდევ შენახული გაქვს? - მცირეოდენი პაუზის შემდეგ ელენემ თავი იმ ბავშვივით დაუქნია, რომელიც თითქოს ეს-ესაა დანაშაულში გამოიჭირეს და ამხილესო.-წერილებიც?
-წერილებიც, - უეცრად ქალს გაეცინა.
-რა მოხდა?
-იცი, რა გამახსენდა? თავი რომ ჰემინგუეისა და დოსტოევსკის შეადარე, - ნოეს გონება ღრმა წარსულში დაბრუნდა. მოაგონდა ის დღე, ის დიალოგი და მასაც გაეცინა.
-ჰო, მახსოვს, სხვათაშორის რემარკი გამოგრჩა.
-მართალი ხარ, რემარკიც იყო.
   ნოეს სხვა გზა აღარ ჰქონდა. ახალგაზრდა ჭაბუკმა არ იცოდა რა ხერხს მიემართა საყვარელი ქალის გულის მოსაგებად. უკვე ყველაფერი ეცადა, მაგრამ ელენეს გული თავისკენ მაინც ვერ შემოეტრიალებინა, ამიტომ ერთხელაც გაბრაზებულმა და გულნატკენმა პირდაპირ ჰკითხა:
-არ გიყვარვარ? - ნოეს გაეცინა, - ჰემინგუეი ხომ გიყვარს, დოსტოევსკი, რემარკი, მე რატომ არ გიყვარვარ, ისინი რა ჩემზე უკეთესები არიან? სახედანაოჭებული ბებრები, - პირში გამოსცრა.
-ისინი დიდი მწერლები არიან.
-მეც ვარ.
-დიდი მწერალი? არა, არ ხარ.
-გავხდები, შენთვის ყველაფერი გავხდები. აი ნახავ, დიდებული მწერალი გავხდები და ლექსებს დაგიწერ, ისეთებს ჯერ რომ არავის დაუწერია. მოთხრობებს, რომანებს, პიესებს მოგიძღვნი, ყველაფერს შენთვის დავწერ, აი ნახავ, გპირდები, რომ სახელოვანი მწერალი ვიქნები და შენც უკვდავგყოფ, როგორც გალაკტიონმა მერი, სელინჯერმა უნა და კიდევ სხვა და კიდევ სხვა, - არ დაიჯერა, მაშინ ელენეს ეს მხოლოდ ზედმეტად თავდაჯერებული ბიჭის სიტყვები ეგონა, მაგრამ აი ახლა 40 წლის შემდეგ მის წინაშე იჯდა ადამიანი, რომელიც თავისუფლად შეგეძლო შეგედარებინა თუნდ ჰემინგუეისა და თუნდ დოსტოევსკის, მან პირობა აღასრულა და მართლაც დიდებული მწერალი გახდა. ნოე კალანდაძე, ბიჭი, რომელიც სასოწარკვეთილი თავის სატრფოს ერთი შეხედვით ირეალურ და წარმოუდგენელ დაპირებებს აძლევდა.
-მაინც რატომ შეგიყვარდი?
-შეხედე შენს თავს და მიხვდები.
-კარგი რა, ლამაზი არ ვარ.
-იმ რვეულში ჩაიხედე, სწორედ იქაა შენი ჭეშმარიტი ხატება, რეალური სარკე და ანარეკლი შენი სახებისა.
-ამიტომ შეგიყვარდი, ჩემი გარეგნობის გამო?
-არ ვიცი, ეს ის კითხვაა, რომელზეც პასუხი არ მაქვს.
-და როდის შეგიყვარდი? ერთმანეთს ხომ მანამდე დიდი ხანი ვიცნობდით, თავიდანვე გიყვარდი?
-არა, ერთხელაც, უბრალოდ დაგინახე და რაღაც ვიგრძენი, რაც სრულებით აღემატებოდა ყველაფერს რაც იქამდე მეგრძნო, რამაც შემიპყრო, ჩემში შემოაღწია და სული გამიშიშვლა. მაგრამ იცი როდის შემიყვარდი? როდესაც მითხარი,რომ სხვა გოგოებს არ ჰგავდი, რომ მე ვერ გაგიგებდი.
   ეს დიალოგიც გაახსენდათ. 40 წლის წინათ მომხდარი ასე ღრმად, თუმცაღა წარუშლელად იყო დალექილი მათ გონებაში. ერთად მოუწიათ წამოსვლა. ელენემ უთხრა, რომ რთული პერიოდი ჰქონდა და ნათელის დანახვა უჭირდა. ნოემ მისი შეგულიანება სცადა, რაზეც გოგონამ მიუგო:
-ვერ გამიგებ, მე არ ვგავარ სხვა გოგოებს, მათ კოსმეტიკა, ყვავილები, სამკაულები და ამისთანა სისულელეები იზიდავთ. მე კი... მე მხოლოდ წიგნები მაინტერესებს, წიგნები მჭირდება.
-გაგიმართლა.
-რა?
-მე მწერალი ვარ, შენთვის წიგნებს დავწერ. აი შემდეგ კი უკვე კარგად გავუგებთ ერთმანეთს, - მაშინ ორივეს გაეცინა, იმ მომენტში ვერც ნოე წარმოიდგენდა ეს გოგო ასე ძლიერ თუ შეუყვარდებოდა და ვერც ელენე ნოე მართლა თუ დაწერდა მასზე წიგნებს. ამ გოგოს თავისი დამახასიათებელი სევდა, იდუმალება, მელანქოლია ჰქონდა, განსაკუთრებულ ემოციურ ფონს ჰქმნიდა, მწერალს კი მეტი რა სჭირდებოდა სულიერი საზრდოსთვის, შეუძლებელიც კი იყო ნოეს ის არ შეჰყვარებოდა. შემდეგ წერილებს სწერდა, მაგრამ ისინი უპასუხოდ რჩებოდნენ. ელენეს უფრო და უფრო იშვიათად ხედავდა. ბოლოს კი მას საერთოდ ვეღარ ნახულობდა. არ დავიწყებოდა, მართალი იყო, ვერც ვერასდროს დაივიწყებდა, ეს ქალი მისთვის ყოველთვის განსაკუთრებული და გამორჩეული იქნებოდა, ყოველთვის ჩაუღვრიდა გულში სითბოს და ნოეს სულსაც გაათბობდა ელენეს თითოეული ღიმილი, მისი ყოველი მზერა, ყოველი გამოხედვა.
-ახლა რას იტყვი, გამიგე? - ჰკითხა ქალმა.
-ვერა, - ნოემ თავი გააქნია. - ვეცადე, მაგრამ მაინც ვერ გაგიგე. ამოუცნობი და იდუმალებით მოსილი ხარ, მინდა,რომ ეს ასევე დარჩეს.
-არ გაინტერესებს სიყვარულზე რატომ არ დაგთანხმდი?
-არა. მთელი ცხოვრება ამ კითხვაზე პასუხებს ვეძებდი, საკუთარ თავში ნაკლს დავეძებდი და როცა აღმოვაჩენდი, ამ ნაკლის გამოსწორებას ვცდილობდი. ამ ძიებას ახლაც ვაგრძელებ. ვიცი,რომ იდეალური ვერასდროს ვიქნები, მაგრამ ვცდილობ, რომ იდეალურთან ოდნავ მიახლოებული მაინც ვიყო, შენთვის, - ელენემ თავი დაუქნია.
-მიხარია შენ გამო, მართლა ყველაფერ კარგს იმსახურებ.
-შენც, შენც ასევე, - ქალმა ჩანთას მოჰკიდა ხელი, იქ ყოფნა და ნოეს ცქერა აღარ შეეძლო. ამ ყველაფერს ვეღარ გაუძლებდა. მთელი სახე უხურდა, სისხლი მოსწოლოდა, თავს ძლივს იკავებდა იქვე ცრემლებად რომ არ დაღვრილიყო. ნოე ჟესტს მიუხვდა, წამოდგა. კაფედან უსიტყვოდ გამოვიდნენ.
-მე იქით მივდივარ, - საპირისპირო ქუჩაზე მიუთითა ელენემ.
-კარგი, ნახვამდის.
-ნახვამდის, - ნოეს ზურგი აქცია და გზას გაუდგა. ფიქრები ნიაღვარივით დაატყდნენ თავს. უნდოდა ნოესთვის ეთქვა,რომ ისიც იქ იყო, წიგნის პრეზენტაციაზე და რომ ძალიან ამაყობდა მისით.
-ნოე... - კაცი არ მიბრუნებულა, ისევ მას უმზერდა და მზერით აცილებდა.
-რა იყო?
-მე... გამიხარდა შენი ნახვა, - მეტის თქმა ვერ გაბედა, თითქოს ენა უხილავ მარწუხებში გაება და დამუნჯდა.
-მეც, მეც ძალიან გამიხარდა, - კაცმა გაუღიმა, ქალმაც ღიმილითვე უპასუხა. ხელი მკერდამდე ასწია და ნაზად დაუქნია. ნოეც იმავე ჟესტით დაემშვიდობა. შემდეგ კი ერთმანეთს დაშორდნენ. 
   სახლში დაბრუნებულმა ელენემ მაშინვე წიგნის კარადასთან მიაშურა. მარტო იყო. მესამე თაროდან წიგნები გადმოალაგა და უკან, საგულდაგულოდ გადამალული ძველი რვეული გამოიღო. რვეულს ფურცლები გაჰყვითლებოდა, მაგრამ მელანი მაინც იკითხებოდა. ეს ნოეს ლექსები იყო. ქალისადმი მიძღვნილი მისი უსაზღვრო სიყვარულით გაჯერებული თხუთმეტი ლექსი. ელენე დივანზე დაჯდა. რვეულიდან შიგნით ჩადებული წერილები გადმოყარა და ლექსები კიდევ ერთხელ გადაიკითხა. ცრემლები წამწამებზე უკვე დაჰკიდებოდნენ და სინათლის ფონზე საოცრად ბრწყინავდნენ. შემდეგ კი ნოეს წერილი აიღო. ხელი უკანკალებდა. ფურცელი ორივე ხელით ძლიერად ჩაბღუჯა.
 „ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო, მაგრამ ვფიქრობ შენ ეს შეძელი, მეტიც, შენ ეს გააკეთე! შენ ჩემი პირველი მერცხალი ხარ, მაგრამ ამიტომ არ ხარ განსაკუთრებული... განსაკუთრებული იმიტომ ხარ,რომ შენ, სწორედ შენ მარტომ, უბრალოდ შენი გამოჩენით შეძელი და შუა ზამთარში გაზაფხული მოიყვანე. ახლა ჩემს სამყაროში ყველაფერი ყვავის, ხეებს ახალგამოსული კვირტები ამშვენებს, თოვლი უმაღლეს მრწვერვალებზეც კი ლღვება, ეს საოცარია, ამაზე ლამაზი რამ რაც კი ამ სამყაროში არსებობს მხოლოდ შენი საუცხოო მზერა და ღიმილია, სხვა დანარჩენი კი ამ სილამაზესთან ახლოსაც ვერ მივა, იცი რატომ მიყვარხარ? იმიტომ,რომ შენ ხარ ამ ყველაფრის შემოქმედი, შენ მაქციე ასეთად და არ ვიცი ამ ყველაფრისთვის მადლობა როგორ გადაგიხადო. არ აქვს მნიშვნელობა რას მეტყვი, ან მეტყვი თუ არა საერთოდ რამეს, მინდა იცოდე, რომ ამისთვის შენი მუდამ მადლიერი ვიქნები და ამის გამო ყოველთვის მეყვარები. შენი ნოე.“
  როცა კითხვას მორჩა სახეზე ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდნენ. მკერდი სწრაფად აუდ-ჩაუდიოდა. ფურცელი მაგიდაზე დადო და ცრემლები მოიწმინდა. რვეულს დახედა, წერილები შიგნით დააბრუნა, დახურა და რვეული გულში ძლიერად ჩაიკრა.








Wednesday, April 19, 2017

მზისფერი სილამაზე

ეს რა ლამაზი კაბა ჩაგიცვამს,
თვით ფერიასაც რომ შეშურდება.
ვგრძნობ სილამაზის სიტყვით აღწერა
როგორ ძლიერად გამიჭირდება.

მეუბნებოდნენ, აპრილიაო,
რომ გაზაფხულიც დამდგარა უკვე,
მე გაზაფხულის ახლა ვიწამე,
დღეს დავიჯერე ეს ყოველივე.

ეს რა ძალა გაქვს, რომ შენი ხილვით
დედა ბუნებაც ირღვევს საფარველს
და თეთრის ნაცვლად მწვანეს ჩაიცვამს,
მართლაც რომ გაზაფხულის სამოსელს.

შემოიძარცვავს ისე საბურველს,
როგორც შენ დათმე ბეწვის სამოსი
და ჩემს ძარღვებში მჩქეფარე სისხლს კი
დაწყებინე ძლიერ დუღილი.

განა არსებობს ისეთი სიტყვა,
რითაც აღვწერდი შენს სილამაზეს?
მხოლოდ ერთი რამ მაწვება ფიქრად,
მზისფერი ეთქმის მაგ სილამაზეს.

გუშინ ქუჩაში გოგონა ვნახე

გუშინ ქუჩაში გოგონა ვნახე,
ყველა რატომღაც თვალს აყოლებდა,
ქალები შურით, კაცები ვნებით,
მათი გულებიც ძლიერ ძგეროდა.

- შეხედე ერთი რა თვალები აქვს,
აი ფეხებიც ასეთი უნდა,
ნამდვილი ქალი ამაზე ითქმის,
- ყოველმხრივ ამგვარი რამ ისმოდა.

შევდექი წამით და მეც ვუცქერდი
იმისი ტანის მიხრა-მოხრებსა,
ამ დროს კი ვკითხავდი საკუთარ თავს,
თუ რა აგიჟებთ მასში კაცებსა.

ლამაზი იყო, უდავო არის,
მაგრამ სხეულით და არა სულით,
ჩახსნილი კაბით და ღრმა დეკოლტით,
ფერუმარილით, არა ბუნებით.

ვუცქერდი გოგოს, ნათლად ვხედავდი
ხელოვნურობას იმის სახეში,
ჩემთვის ის მაინც ვერ იბრწყინებდა
თუნდაც მდგარიყო მზისფერ ნათელში.

გუშინ ქუჩაში გოგონა ვნახე,
ყველა რატომღაც თვალს აყოლებდა,
მაგრამ ვერ შეძლო და ვერ მაცდუნა,
ამას ვერადსროს მოახერხებდა.

გიორგი ჩაჩხიანი

Sunday, April 16, 2017

ბედი

    ხშირად მედავებიან მეგობრები ბედის არსებობის როგორ გჯერა, ყველა ადამიანი საკუთარ ბედს თვითონ ქმნის და აქ განგება რა შუაშიაო, მაგრამ, მოდით, დავსვათ კითხვა რა არის ბედი? ზოგს ის ასე წარმოუდგენია: ღმერთმა დაწერა ადამიანების ცხოვრება, ისინი მიწას მოავლინა და ახლა აქ ეს პიესა თამაშდება, რომ თუ ბედისწერის არსებობას დაიჯერებ მოგიწევს აღიარება, რომ შენ უბრალო მარიონეტი ხარ და შენ მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი წინასწარ გათვლილი და დაწერილი იყო. ეს მტკნარი სიცრუა და როდი ნიშნავს იმას, რომ თუ მე ბედის არსებობის მჯერა ამ ბოდვას ვეთანხმები, პრობლემა იმაშია, რომ თავად მათ არ ესმით ბედის, ვინც მის არარსებობას თავგამოდებით ამტკიცებს. მაინც, რა არის ბედი?
   ყველა ადამიანი საკუთარ ცხოვრებასა და ისტორიას თავად წერს, მაგრამ ზოგჯერ რიგი ფაქტორები და გარემოებები ამის გაკეთებაში ხელს გვიშლიან, სწორედ ესაა ბედი. მოდი იმ ადამიანის მაგალითი განვიხილოთ 9/11-ის დროს თვითმფრინავში რომ უნდა მჯდარიყო, მაგრამ რაღაც სასწაულის წყალობით არ კი არა, ვერ ჩაჯდა. თადარიგი დაიჭირა და აეროპორტში ადრე მისულმა აღმოაჩინა, რომ ბილეთი თან არ ჰქონდა, სახლში დარჩენია მაშინ, როდესაც არასდროს არსად არაფერი არ რჩებოდა. ეს ხომ განზრახ არ გაუკეთებია, მეტიც მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თვითმფრინავზე რაც შეიძლება ადრე ასულიყო და კუთვნილი ადგილიც დაეკავა, მაგრამ რაღაც სასწაულის წყალობით ბილეთი შინ დარჩა. სასწრაფოდ სახლში დაბრუნდა, ბილეთი აიღო, იჩქარა, ტაქსიც სწრაფად გააჩერა, მაგრამ თვითმფრინავს მაინც ვერ მიუსწრო, ვესტიბიულში დაჯდა და თავი ხელებში ჩარგო, როგორ მომივიდა, მე ხომ არასდროს არაფერი არ დამრჩენიაო, საკუთარ თავს ადანაშაულებდა. მოგვიანებით გაიგო, რომ ბორტზე ყველა დაიღუპა მის გარდა, რას იტყოდა ეს ადამიანი? გადავრჩიო. სხვები რას იტყოდნენ? გადარჩა, ბედიც, იღბალიც ამას ჰქონიაო. ბედ-იღბალი ეს ერთი სიტყვაა და მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან.  რამ დაატოვებინა ბილეთი სახლში თუ არა ბედმა, ზოგი მეტყვის ადამიანია და უბრალოდ დარჩაო, რატომ მას და არა ვიღაც სხვას? ეს ერთი მაგალითია, ერთი ადამიანის ისტორია იმ 7 მილიარდი კაციდან, დედამიწაზე რომ ცხოვრობს. სათითაოდ ყველას ვერ განვიხილავ, მაგრამ აბა წარმოიდგინეთ, რამდენი ასეთი მაგალითი არსებობს, ყველა როგორ შეიძლება ერთბაშად გამოტვინებულიყო? ეს იდუმალებაა და იდუმალება კი თავად ბედში იმალება. გჯეროდეს რაღაცის და არ იცოდე რისი სწორედ ესაა სიცოცხლის საიდუმლოება ძარღვებში სისხლს რომ გიჩქეფს და გულს ფანცქალს აწყებინებს. ცვაიგიც ხომ ამავეს ამბობდა: „ეს არ ვიცი და არც მინდა ვიცოდე, რადგან მწამს, ნამდვილ სიცოცხლეს ის განიცდის, ვინც თავისი ბედის იდუმალებით ცხოვრობს.“
   მოდით, დავსვათ კითხვა ვის სწამს ბედის და ვინ აღიარებს მას? კეისარი, ალექსანდრე, ნაპოლეონი იმ ადამიანებს განეკუთვნებოდნენ, ვინც საკუთარ დანიშნულებად და ბედისწერად მწვერვალების დაპყრობას მიიჩნევს. ბედი ერთგვარად უფლის მადლსაც კი ემსგავსება, თუ ჭეშმარიტი ქრისტიანის ცხოვრებით ცხოვრობ, გწამს და ამისთვის სათანაოდ ირჯები კიდეც უფრო დიდი შანსია ღვთის მადლი შენზე გადმოვიდეს და უფალი უფრო დაგეხმაროს ვიდრე იმას, ვინც წყალწაღებულ და არაქრისტიანულ ცხოვრებას ეწევა, ათ მცნებას კი ფეხქვეშ თელავს. ბედიც ასევეა, თუ ირჯები, დაუღალავად შრომობ და იღწვი მიზნის მისაღწევად ბედიც უთუოდ დაგიდგება მხარში და ცხოვრებაში გაჩნდება ის რიგი ფაქტორები და გარემოებები, რომლებიც მომენტალურად მწვერვალზე გადაგისვრიან. სწორედ ამიტომაა, რომ როგორც ბალზაკი ამბობს: „ბედი არასოდეს არ უღიმის არც სულელებს და არც უნიჭოებს.“ უნდა გაისარჯო იმისთვის, რომ ბედი შენთან მოვიდეს, უნდა დაანხო, რომ მისი გწამს, გჭირდება და მზად ხარ მწვერვალების დასაპყრობად. „ბედი ძლიერისა და მამაცისკენ ილტვის. წლების მანძილზე ყურმოჭრილ მონად უხდებოდა ცალკეულ პიროვნებებს: კეისარს, ალექსანდრეს, ნაპოლეონს; უყვარს სტიქიური სულის ადამიანები, რომლებიც თვით მას- შეუცნობელ სტიქიას ჰგვანან. მაგრამ ზოგჯერ, საუკუნეში ერთხელ ან ორჯერ, ახირებული ვნებათაღელვით ატაცებული სულ უბრალო პატარა მოკვდავს მიეახლება. ზოგჯერ - და ეს კაცობრიობის ისტორიის უსაკვირველესი წუთებია - ბედის ძაფი ერთადერთი მთრთოლვარე წამით არარაობის ხელში აღმოჩნდება გამომწყვდეული. ეს ადამიანები ყოველთვის თრთოლვას განიცდიან შიშისაგან, და არა ბედნიერებას. თრთიან სწორედ იმ დიდი პასუხისმგებლობის გამო, რომელმაც მათ მსოფლიოს საგმირო ასპარეზისაკენ უნდა გაუკაფოს გზა, და აკანკალებულნი თითქმის ყოველთვის ხელიდან უშვებენ კარზე მომდგარ ბედნიერებას. იშვიათია, რომ რომელიმემ მთელი ძალღონით აიტაცოს შესაძლებლობა და მასთან ერთად თავისი თავიც ზეაიმაღლოს. რადგანაც მხოლოდ ერთი წამით თუ ჩაუვარდება ხოლმე ხელში უბრალო მოკვდავს დიადი საქმე. და ვინც ამ ერთ წამს ვერ შეიფერებს, მისთვის იგი სამუდამოდ დაიკარგება.“ - შტეფან ცვაიგი. ამიტომ ჩივიან, რომ ბედი მათგან მიდის, საქმე კი იმაშია, რომ თავად არ აქვთ უნარი ბედით სარგებლობისა, გამოიყენონ ეს შესანიშნავი შესაძლებლობა, ირწმუნონ მისი და დაიპყრონ მწვერვალები. სერვანტესი ამბობდა:“ ვისაც არ აქვს უნარი ბედით სარგებლობისა, როცა ის მოდის, ნურც მაშინ ჩივის, როცა ის მიდის.“ ვერაფერს ვიტყვით, ცამდე მართალი იყო ეს კაცი.
   მგონი ზემოთ დავრწმუნდით, რომ მხოლოდ ბედი ვერაფერს გვიშველის თუ მას ძლიერი გონება არ დაუხვედრე, ადამიანის ამ ორი უზენაესი ძალის გაერთიანება კი წინაპირობაა სიდიადის, გრანდიოზული აპოგეის მიღწევისა. კაცი ჭედს თავის ბედს საკუთარი გარჯითა და შრომით, მაგრამ შემდეგ უკვე ამ გამოჯედილ ბედთან ერთად ცხოვრობს და სწორედ მისი უშუალო დახმარებით შეძლებს ცხოვრების შემოტრიალებასა და უკეთესობისკენ შეცვლას. ბედი თავის მხრივ გონებასაც კი აღემატება და თუ ბედი არ გაგაჩნია, შესაძლოა ძლიერი გონება მის გარეშე ვერაფერს გახდეს. იმაში, რომ ბედისწერა გონსაც ჯაბნის გვარწმუნებს ფრანგი მწერალი ფრანსუა დე ლაროშფუკო, რომელიც ამბობს: „ ბედისწერა იმ ნაკლსაც კი გამოგვასწორებინებს,რომელსაც ვერ გამოასწორებდა თვითონ გონებაც.“
   ალბათ, ხშირად გვინახავს გამდიდრებული სულელები და გაგვჩენია კითხვა, ამათმა ფული როგორ იშოვესო, ეს მათი გონების დამსახურება ვერ იქნებოდა. საქმე გამართლებასა და იღბალშია, იღბალი კი უშუალოდ ბედთანაა დაკავშირებული, შემდეგ კი შეძლეს და ბედის ძაფი, რომელზედაც ცვაიგი საუბრობდა ხელში შეინარჩუნეს. გონების გამოწრთვნა და მისი გაძლიერება, გაუმჯობესება შესაძლებელია და ეს არასდროს არ არის გვიან, ხომ გაგიგიათ, სწავლა სიბერემდეაო, მაგრამ მცირეოდენი გამართლების გარეშე კი მეეჭვება ვინმე გამდიდრდეს რაც არ უნდა ბრწყინვალე გონების პატრონი იყოს, ის ასეთ დროს თავად იზიდავს გამართლებას, იღბალს, ბედს და შემდეგ ხდება წარმატებული, რისი მაგალითებიც ისტორიაში საკმაოდ ბევრია.
     ბედი საკმაოდ აქტუალური თემაა სიყვარულშიც. ამას მოკლედ განვიხილავ, ქორწილის დღეს პატარძალი ამბობს ხოლმე, მაშინვე მივხვდი ჩემი ბედი რომ იყოო. ისინი, ვინც ბედის არარსებობას ამტკიცებენ, უთუოდ იტყვიან დამთხვევები არ არსებობსო, რადგან დამთხვევებიც ბედის ნაწილს შეადგენენ, მაშინ აბა როგორ ახსნიან იმას, რომ ამდენი ალტერნატივიდან მომავალი ცოლ-ქმარი ერთ კურსზე, ერთ აუდიტორიაში გვერდიგვერდ მოხვდნენ, კაცმა მომავალი მეუღლე და თავისი შვილების დედა მაღაზიის რიგში გაიცნო, ამხელა ქალაქში, ზუსტად მის წინ იდგა ის ქალი და უეცრად შემობრუნებული სწორედ თავის მომავალ ქმარს დაეჯახა. ეს უბრალო ჰიპოთეზებია და ვიცი, რომ მყარ არგუმენტებსაც არ შეიცავს, მაგრამ სიყვარულისა და ბედის კავშირის ახსნა და დასაბუთება ჩემი მიზანი ნამდვილად არ არის, ამიტომ თუ გნებავთ დაიჯერეთ, ან საერთოდ ამოიღეთ ეს ბოლო აბზაცი, რადგან ასეთი თეორიული უბრალო ვარაუდების მიმართ თავადაც სკეპტიკურად ვარ განწყობილი. ალბათ, ზოგი ამისი წამკითხავი შემედავება და თავს გააქნევს, ეს რანაირი მწერალია საკუთარ ნაშრომში, რომლის მიზანიც სხვების დარწმუნებაა საკუთარ თავს აკრიტიკებს და ამბობს, რაღაც საკმარისად კარგად ვერ დავწერეო, მაგრამ, დაე, გამაკრიტიკონ, ეს სიმართლეა და ვინაიდან ამ ესეს მთავარი თემა სიყვარული და ბედი არ არის ამას ისევე დავტოვებ,როგორც არის, ჰიპოთეზის დონეზე.
   თითქმის ყველა წარმატებულ ადამიანს სჯერა ბედის, რადგან მათ ის სწყალობს, კვლავაც ლაროშფუკოს მოვიშველიებ და ვიტყვი, რომ: „ბედს ბრმად თვლიან მხოლოდ ისინი, ვისაც ის არ სწყალობს.“ თუ წარმატებული პიროვნება გამოვა და იტყვის, რა ბედი, რა გამართლება ყველაფერს ჩემი შრომით მივაღწიე და მხოლოდ პირადად მე მეკუთვნის მთელი პატივიო, მაშინ ის პატივმოყვარე გამოვა და ბედიც უთუოდ მიატოვებს, რადგან ასეთ დროს, როგორც კონსტანტინე გამსახურდია იტყოდა: „ ყოველივეს,რასაც ბედი გვაძლევს, იგივეს წაიღებს ბოლოს“. ხშირადაა, რომ დიდი ადამიანები საუბრობენ განგებაზე, ბედისწერაზე და საკუთარი მონაპოვარის გამო ღმერთს მადლობას უხდიან. როგორც არაერთხელ აღვნიშნე ბედი სურვილის, გონების, გარჯისა და ჟინის გარეშე არაფერია და მათ გარეშე ის არც მოვა, მაგრამ ოდესღაც კი აუცილებლად მოვა და როცა ეს მოხდება, მას წინ ვეღაფერი დაუდგება. „ბედისწერა და ჟინი - აი რა მართავს სამყაროს.“ - ფრანსუა დეს ეს სიტყვებიც ამავეს ამტკიცებს.
   დიახ, მეგობრებო, მე მწამს ბედისწერის არსებობის, მჯერა, რომ უმიზეზოდ არაფერი ხდება და ყველაფერს ჩვენს ცხოვრებაში აქვს თავისი მიზეზი, თუნდაც ქუჩაში ნებისმიერ უცხო ადამიანთან შეხვედრას, რამის დანახვას, გრძნობის გაჩენას, მოსმენილ ნებისმიერ ფრაზასა თუ სიტყვას, თითოეული ეს დეტალი განსაზღვრავს ჩვენს ცხოვრებას, ჩვენს გზასა და სურვილს, ჟინს თუ რამდენად გვინდა ბედი ჩვენთან მოვიდეს თუ არა. ბედი ერთგვარი სასწაულია, რადგან მას სწორედ რომ სასწაულების მოხდენა შეუძლია, როგორიცაა რაღაც ზებუნებრივი ძალით ცოცხლად გადარჩენა და თვითმფრინავზე უნებურად დაგვიანება მაშინ, როდესაც ყველაფერი განსაზღვრული გქონდა წინასწარ, რომ ბორტზე უნდა ასულიყავი და ამ ისტორიას წერდი, ამ ცხოვრებას იქმნიდი შენი პირადი სურვილით, მაგრამ რაღაც სასწაულის წყალობით ასე არ მოხდა, ამ სასწაულს ჰქვია ბედი, და იმისთვის, რომ სასწაული მოხდეს უნდა ირწმუნო მისი, დაიჯერო სასწაულის არსებობის. მე მჯერა ბედის სასწაულისა ისევე, როგორც იმ სასწაულისა, ქრისტე რომ მკვდრეთით აღდგა და ზეცაში ამაღლდა, რომ წყალი ღვინოდ იქცა, რომ მუნჯი ალაპარაკდა... ბედი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოვა თქვენთან თუ მას ირწმუნებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ნუ დაიწყებთ იმის თქმას, რომ ის არ არსებობს მხოლოდ იმის გამო, რომ მისი სასწაული თავად არ შეგიგრძვნიათ. ბედის არსებობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თავისუფალი აზრი არ არსებობს, მეტიც, სწორედ თავისუფალი აზრია ის გასაღები, რომელიც ბედამდე მისასვლელ კარებებს აღებს. მგონი ამომწურავად ვისაუბრე და გავეცი პასუხი ყოველ კითხვას, რაც ოდესმე ჩემთვის დაუსვამთ ამ საკითხის მიმართ, უბრალოდ მე მაინც ვერაფერს დავაჯერებ იმას, ვინც საკუთარი აზრის, თუნდაც მცდარი აზრის, მართებულობასა და სისწორეში ჯიუტადაა დარწმუნებული და მას არაფრის დიდებით არ შეიცვლის, მაგრამ მწერლის ვალია ჭეშმარიტებისა და სიმართლის აღწერა, მას აქვს უნარი და ძალა ცადოს და დაანახოს სხვას რეალობა, რეალური სამყარო, სადაც რაც არ უნდა წარმოუდგენელი და დაუჯერებელი იყოს, არსებობს ისეთი სასწაული, რომელსაც ბედი ჰქვია. 


 გიორგი ჩაჩხიანი

Friday, April 14, 2017

ქალაქს თოვლი უხარია


    ეს ამბავი თებერვალში მოხდა, მაშინ თბილისში თოვდა, კვლავაც ბარდნიდა და მიწაზეც გვარიანად იდო. ხალხს თოვლი უხაროდა, ბავშვები ბედნიერები დასრიალებდნენ ყინულზე, ძირსაც ეცემოდნენ, მაგრამ ეს კიდევ უფრო ახალისებდათ. იმ დღეებში მახსოვს როგორ ვგუნდაობდი თანატოლებთან ერთად, ამ დროს მასწავლებელმა ჩამოიარა და თამაშით გართულებს ბედნიერი, გაღიმებული სახით შემოგვცქეროდა, მხოლოდ წამიერად დავინახე მისი მზერა, მაგრამ ესეც საკმარისი იყო. ერთი სიტყვით, თოვლის მოსვლა და დათოვლილი ქალაქის ხილვა ყველას ბედნიერს ხდიდა. მაშინ ასე მეგონა, თურმე ვცდებოდი და თანაც ძალიან მწარედ. რამდენიმე დღის შემდეგ თოვა შეწყდა, მაგრამ არა ჩემს სულში, ჩემს ქვეცნობიერში. დროა ხეებზე დახვავებული თოვლი ძირს ჩამოვბერტყო, იმის მეშინია, ქვეშ არ მომიყოლოს და თავის სიცივეში არ ჩამნთქას, ზვავად არ მექცეს, მაგრამ თითოეულ წამს,როდესაც თხრობის დაწყებას ვაჭიანურებ კიდევ უფრო იხუნძლება ხის ტოტები სველი თოვლით. ამიტომაც შევეცდები დღეს ეს ამბავი გიამბოთ, ჩემი სათქმელი ვთქვა და იმ ერთადერთ ხერხს მივმართო, რითაც რაიმე დახმარების გაწევა შემიძლია.
  დილა იყო. მთელი ღამე ეთოვა და ტემპი დილითაც შეენარჩუნებინა, გზები მოყინული და გადათეთრებული იყო. მარილს მხოლოდ ცენტრალურ ქუჩებზე ყრიდნენ, დანარჩენი ქუჩები კი თეთრად ბრწყინავდა. სახლიდან ადრიანად გავედი, ნელა მომიწევდა სიარული და სკოლაში მისასვლელად მთაწმინდის აღმართის ავლა.  თოვის მიუხედავად ძალიან არ ციოდა, მცირე სუსხი იყო, მაგრამ ცერად თოვდა და თოვლი პირდაპირ თვალებში გეყრებოდა, ამიტომ მანტოში გახვეულს თავზე საკმაოდ გრძელი კაპიუშონი წამომეფარა და ცხვირ-პირზე შარფიც ამეფარა. ჰორიზონტს მთლიანად ვერ ვხედავდი, თუმცა რაც ჩანდა გზის გასაკვლელად საკმარისზე მეტიც კი იყო. დილაობით ქუჩაში მაინცდამაინც ბევრ ხალხს ვერ შეხვდები. თუმცა იმ დღეს ბავშვების ჟრიამული აშკარად ისმოდა. მანქანების სახურავებიდან თოვლს იღებდნენ, გუნდებს კრავდნენ და ერთმანეთს ესროდნენ. ნაბიჯებს ფრთხილად ვდგამდი, მითუმეტეს მას შემდეგ, რაც ჩემ წინ მიმავალი მამაკაცი რამდენჯერმე მოცურდა, თუმცა თავი შეიკავა. სკოლამდე ბევრი დარჩენილი არ მქონდა, როდესაც ქვემოთ მომავალ ასაკოვან კაცს ფეხი აუსრიალდა და დაღმართზე ჩამოცურდა. დასახმარებლად არავინ აპირებდა მისვლას, ამიტომ მივედი და წამოდგომაში დავეხმარე. წამოიწია და კედელს მიეყრდნო. გაცრეცილი ქურთუკი,დასვრილი შარვალი და გახეული ფეხსაცმელი ეცვა, თავზე კი დაფლეთილი ქუდი ჩამოეფხატა. ერთხანს უხმოდ ვუმზერდით ერთმანეთს.
-კარგად ხართ? - თავი ძლივსძლივობით დამიქნია, დაბლა ჩაღუნა და ქვითინი დაიწყო.
-გმადლობ, შვილო, გმადლობ. -უხეში, დახეთქილი ხელები სახეზე აიფარა.
-ყველაფერი რიგზეა?
-თოვლის ბრალია, თოვლის და... - თვალი გაუშტერდა, თითქოს ფიქრებში ჩაიკარგა და ჰორიზონტს მიღმა სულ სხვა რამეს, სხვა სამყაროს ხედავდა. - იმ წყეული ცეცხლის. ახლაც თვალწინ მიდგას, ყოველღამე მესიზმრება ის საშინელი ხანძარი, ჭვარტლის სუნი კვლავაც მიძნელებს სუნთქვას, თითქოს ფილტვები ყოველ წამს მეჭვარტლება, მაგრამ მათბობს კიდეც, ეს ცეცხლი მათბობს და ცივ ღამეებში მასზე ფიქრი, მისი შეგრძნება არ მაძლევს გათოშვისა და გაყინვის საშუალებას.
-რომელი ცეცხლი? - დავიბენი და მხოლოდ ამის კითხვა შევძელი.შემომხედა, მისი მზერა ახლაც მიდგას თვალწინ და, ალბათ, ვერასდროს დავივიწყებ. მისი თვალები უჩვეულო იყო, თითქოს მასში სიცოცხლე ჩაექროთ, ცისფერი თვალები განაცრისფერებოდა, გაფერმკთალებოდა, მხოლოდ ერთი რამის ამოკითხავს შეძლებდით მათში და ამის დანახვას დიდი ნიჭი ნამდვილად არ სჭირდებოდა. ეს იყო უდიდესი, ენით გამოუთქმელი და სიტყვით აუწერელი ტკივილის უზადო განცდა. ნანახმა შემძრა, ადგილზევე გამაქვავა,მაგრამ ეს არაფერი იყო იმასთან შედარებით, რაც შემდგომ მოვისმინე.
-დიდი ცეცხლი იყო. 80-იანი წლები. მთელი სახლი წალეკა, ყველაფერი გაანადგურა, ხის ერთი მორიც კი არ დატოვა. ყველაფერი რაც მებადა, მამაპაპისეული ძველი ხის სახლი, ტანსაცმელი, სარჩო-სანოვაგე, ყველაფერი დაიწვა და დაიფერფლა.
-ძალიან ვწუხვარ.
-ქუჩაში დავრჩი, ჩემმა ცოლმა მიმატოვა, აბა ჩემნაირი კაცი რად უნდოდა. როცა კაცს ქალის ელემენტარული უზრუნველყოფა, ოჯახის რჩენა და თავზე ჭერის შენახვა არ შეუძლია იქ სიყვარულიც ვეღარაფერს გახდება. ლამაზი ქალი იყო, ძალიან ლამაზი, აბა იმას ისე ვინ დატოვებდა, ადგა და წავიდა, გათხოვდა. არც ვამტყუვნებ, არ გავკიდებივარ. მითხრა საკუთარ თავს თუ არაფრად აგდებ, შვილების ცხოვრება მაინც ჩააგდე რამედო. მადლობელი ვარ, რომ ბავშვები მაინც იხსნა ამ გაჭირვებისგან. იმასთან წავიდა, ვინც ჭერი მისცა, მის შვილებს მომავალი შეუქმნა. თავისი შვილები და მათი კეთილდღეობა სხვა დანარჩენზე წინ დააყენა, ისე მოიქცა,როგორც ნამდვილი დედა, ალბათ, ყველა დედა ასე მოიქცეოდა. ვერ გავამტყუვნებ იმის გამო, რომ თავისი შვილები, ჩვენი შვილები ჩემზე წინ დააყენა.
  ვუსმენდი და უამრავი ფიქრი მომეძალა. მინდოდა მეკითხა: რატომ არ იბრძოლეთ, ბედს რატომ დანებდით, ოჯახისა და ცოლ-შვილის გამო, თქვენი ერთობის შესანარჩუნებლად რატომ არაფერი არ გააკეთეთ-მეთქი. რამდენადაც შეცოდებას იწვევდა ჩემში, იმდენადვე არ შემეძლო გამემართლებინა მისი ქმედებანი, მაგრამ უკვე მრავალი წელი გასულიყო, დროს ვერ დავაბრუნებდით და რაც ჩადენილია იმას ვერ შევცვლიდით, მას საკმარისი ძალა და შემართება არ ჰქონდა, ასეთ დროს ზედმეტი სიტყვები ადამიანს მოტივაციისა და სტიმულის გაჩენის მაგიერ უფრო ჩაკეტავს საკუთარ ნაჭუჭში. ახლა მას ყველაზე ნაკლებად სინანულის განცდა სჭირდებოდა, ამიტომ მხოლოდ ეს ვკითხე:
-თქვენი შვილები, მათ არ ნახულობთ? - თავი გააქნია და ისეთივე გაბზარული, სულისშემძვრელი ხმით მითხრა:
-პატარები იყვნენ, ძალიან პატარები, არ იციან მამამისი მე რომ ვარ. ბავშვობისას შორიდან ვუცქერდი ხოლმე, მერე ბინა შეიცვალეს და მათი ასავალ-დასავალი ვეღარსად გავიგე. ახლა დიდები იქნებიან, თითოეულ გამვლელს დაკვირვებით ვაკვირდები, ეგებ რომელიმეში საკუთარი შვილი ამოვიცნო, მაგრამ არ ვიცი, მეშინია ასე რომ მოხდეს მერე რაღას ვიზამ, რას ვეტყვი ან საერთოდ თუ შევძლებ რაიმის თქმას. - არ ვიცოდი იმ მომენტში რა მეთქვა, თუმცაღა ვიცი,რომ თითოეული სიტყვა, თითოეული ფრაზა განსაზღვრავს სწორედ ჩვენს ბედს, ჩვენს ცხოვრებას და ზოგჯერ მათი უთქმელობაც უდიდესი დანაშაულია, მაგრამ მთავარი პრობლემა ისაა,რომ ხშირად არ იცი საჭირო დროს როგორ მოქცევა იქნებოდა უფრო უკეთესი, უფრო მომგებიანი და როდესაც ყველაფერი დამთავრდება, შემდეგ ფიქრობ მომხდარზე, იმ ათასობით ალტერნატივაზე, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო და საკუთარ თავს ეუბნები, აი ასე უნდა მოქცეულიყავი,შენ შეცდომა დაუშვი. ყველა უშვებს ასეთ შეცდომებს, გამარჯვებული კი ის გამოდის, ვინც ასეთ შეცდომებზე სწავლობს და არახელსაყრელობას უპირატესობად აქცევს.
  ბოლოს თვითონ მკითხა:
-სკოლაში კარგად სწავლობ?
-დიახ.
-ისწავლე, კარგად ისწავლე, მეც მეუბნებოდნენ თავის დროზე,მაგრამ არ ვუსმენდი. ვინც ნასწავლი კაცი დადგა, ყველამ მოიგო. მე კი აი სად ვარ, ქუჩაში მძინავს. - სიმწრით ჩაიცინა. ამ დროს ბავშვების ჟრიამულის ხმა მოისმა. - ბედნიერს მხდის მათი ეს სილაღე და სიხარული. თოვლის მოსვლა უხარიათ. თოვლის მოსვლა ყველას უხარია. - რაღაცნაირი დანანებით წარმოთქვა.
-თქვენ არა?
-მე? იყო დრო როცა მიხაროდა, ახლა უკვე აღარ. თოვლს სიცივე ახლავს, თუ გული სითბოთი გავს სავსე და მასში სიყმაწვილის, სიყვარულის ცეცხლი გიზგიზებს ამ სიცივეს ვერ გრძნობ, მაშინ თოვლი მოგწონს და მისი მოსვლაც გიხარია, მაგრამ ახლა მას ჩემთვის სიცივის მეტი არაფერი მოაქვს. ძნელია გაყინულ მიწაზე დაძინება, მაგრამ თოვლს მაინც თავისი დატვირთვა აქვს, ბავშვები გუნდაობენ, დიდები ბუზღუნებენ და მანქანების სახურავებიდან თოვლს წმენდენ, - გაეცინა, - ეს ჰგონიათ დიდი უბედურება და ამიტომ არ უყვართ თოვლი, რომ ნელა და ფრთხილად უნდა იარონ ქუჩაში, სადმე ფეხი არ აუსრიალდეთ და ძირს არ დაეცნენ, თავიანთი ძვირადღირებული ტანისამოსი არ გააფუჭონ. - თავი გააქნია, - მაგრამ, აი უყურებ ქალაქს და მაინც ერთი დასკვნა გამოგაქვს, იცი ეს რა არის?
-ის,რომ ქალაქს თოვლი უხარია?
-ჰო, ასეა, - გაიღიმა და ეს ღიმილი არ იყო ის იაფასიანი, მლიქვნელური ღიმილი ამ ბოლო დროს ხშირად რომ ვხვდებით ხოლმე, ის იყო ნამდვილი, გულწრფელი ღრმა სევდითა და მგრძნობელობით გაჯერებული ღიმილი, - მართლაც ჭკვიანი ბიჭი ყოფილხარ, სწორია, ქალაქს თოვლი უხარია.
  დარჩენილ აღმართს გავხედე. მალე სკოლა დაიწყებოდა. მიმძიმდა მისი დატოვება. ცხოვრებაში უამრავ ადამიანთან გვიწევს შეხვედრა, ცოტა თუ მოახდენს ჩვენზე ზეგავლენას, ზოგიერთს ჩვენი ცხოვრების შეცვლაც კი შეუძლიათ, არ აქვს მნიშვნელობა ეს შეხვედრა წუთიერია თუ რამდენიმე თვეს, ან წელიწადს გრძელდება. უბრალოდ ზოგიერთი ასეთი შეხვედრა სამუდამოდ გვცვლის და უფრო უკეთეს პიროვნებებად გვაყალიბებს, რაღაცას გვძენს, რაღაცას გვიტოვებს და ხშირად საკუთარი თავის, ადგილისა და მნიშვნელობის პოვნაშიც გვეხმარება. გვახსენებს, რომ იღბლიანები ვართ, რადგან გვაქვს ის, რაც სხვას არ გააჩნია, ისეთი უბრალო და მოსაწყენი რამ, რისთვისაც სხვები ნახევარ სიცოცხლეს დათმობდნენ, რასაც ოჯახი, მშობლები, შვილები, მეგობრები, სახლი და სამსახური ჰქვია.
-უნდა წავიდე. - ვუთხარი ჩუმად, სევდანარევი ხმით.
-წადი შვილო, მადლობელი ვარ, ამ საუკუნეში ისიც ძნელი და დასაფასებელია უბრალოდ ვინმემ რომ მოგისმინოს და შენი გასაჭირი გულთან მიიტანოს, ახლა ყველა ყველაფერს ცივად უყურებს, ხალხი უგრძნობი გახდა.
-მშვიდობით.
-მშვიდობით. - მითხრა და გავშორდი. ჩაფიქრებული მივუყვებოდი მთაწმინდის აღმართს. ერთხანს შევდექი და უკან მოვიხედე. მოხუცი წამომდგარიყო და დაღმართს ნელ-ნელა ძალდატანებით მიუყვებოდა. მომხდარმა ჩემზე იმოქმედა, საერთოდ გარეგანად არაფერს ვიმჩნევ ხოლმე, მაგრამ, ალბათ, იმ დღეს რაღაც მაინც მეტყობოდა. ფანჯრიდან ვუცქერდი თოვლის ფიფქებსა და ჭადრის გაშიშვლებულ ტოტებს,რომლებიც თითქოს ჩვენკენ ისწრაფვიან, დასახმარებლად ხელებს გვიშვერენ, მაგრამ დისტანციის გამო მაინც ვერ ვეხმარებით და ასე გრძელდება ეს უკვე საუკუნეზე მეტია, ყოველ წელს, ყოველ ზამთარს.
-რა გჭირს? - მკითხა თანაკლასელმა.
-არაფერი.
-კაი რა, ნუ ხარ ეგრე, რა მოხდა?
-არაფერი-მეთქი, ხომ გითხარი. - შევხედე და სევდიანად გავუღიმე. გამშორდა და ისევ მარტო დავრჩი ჩემს ფიქრებთან, თოვლის ფიფქებთან და ჭადრის გაშიშვლებულ ტოტებთან, რომლებსაც წამიერად მომეჩვენა, რომ ცეცხლი ეკიდათ, ისეთი ცეცხლი 80-იან წლებში რომ იყო.