გუშინ საოცრაოდ ციოდა, ქარი თამამად დათარეშობდა ქუჩებში, თითქოს ახალი
ამბები მოჰქონდა,რომლებიც ახალ ფიქრებსა და აზრებს ბადებდნენ. მე და ჩემი მეგობარი
მტკვრის სანაპიროს მოვუყვებოდით, სახეში ქარისაგან მოტანილი მტვერი გვეყრებოდა და
ხელით მის მოგერიებას ვცდილობდით, მაგრამ ამ ორთაბრძოლაშიც კი დავინახეთ ერთი
გოგონა,რომელიც ხიდზე ჩამოყრდნობილიყო, მდინარის დინებას შესცქეროდა და სულ არ
აინტერესებდა ასეთი ქარიანი ამინდი რომ იყო.
- ეს გიჟი ხომ არაა, ამ ქარში აქ რას
აკეთებს?-მკითხა გაკვირვებულმა მეგობარმა. გოგოს დავაკვირდი, გავუღიმე და მივუგე:
-ფიქრობს, ოცნებობს.
რა
არის ოცნება? ალბათ, ყველა ჩვენგანი წარმოიდგენს ხოლმე სასურველ უზრუნველყოფილ
მომავალს, საოცნებო მეუღლეს, საყვარელ საქმიანობას, ჯანდაბა, მილიონ დოლარზეც კი
ოცნებობენ ხოლმე და რა ბადებს ოცნებას? ფიქრი, სწორედ რომ ფიქრი და აზროვნებაა
ოცნების საწყისი. მხოლოდ ერთი ნაბიჯია ფიქრიდან ოცნებამდე, განა არ გჯერათ?
წარმოიდგინეთ, რომ მნიშვნელოვან შეხვედრაზე მიმავალს ტანისამოსი გაგეხათ, რას
მოიმოქმედებთ? ფიქრს დაიწყებს, ახლა რაღა ვქნა, ეს როგორ მომივიდა, ხომ შევრცხვი
და მერე უცებ საკუთარ თავში მოთავსებული ხმა სინანულით გიპასუხებთ, ნეტავ არ
გამხეოდა, ნეტავ ახლა ახალი და გაუცრიცავი პერანგი მეცვას, ეს უკვე ნატვრაა,
ოცნებაა უკეთეს სიტუაციაზე და როგორც რემარკი იტყოდა : „მხოლოდ ოცნება გვაიძულებს
შევურიგდეთ სინამდვილეს“, ისევ აწმყოში ვბრუნდებით, სადაც გახეული პერანგი
გვაცვია.
ალბათ, ოცნებებსაც ყოფენ, პოტენციურად განუხორციელებელი და
განხორციელებადი, არ ვიცი, ამის შესახებ ნამდვილად არაფერი წამიკითხავს და ვერც
ცნობილ ფსიქოლოგთა შემუშავებულ სქემებს ვერ გაგაცნობთ, თუმცა მე ვიღაც
ფსიქოლოგების კი არა, ჩემ გაგებასა და ხედვებზე გესაუბრებით, რის მიხედვითაც
ოცნება ორად იყოფა, მაშასადამე მეოცნებეებიც ორად დაიყოფიან: მოფარფატენი და
მოაზროვნეები.
ამბობენ, მეოცნებეა, ცაში დაფრინავსო. განა ოცნება ღრუბლებში ხეტიალს
ნიშნავს, განა ოცნება დროის ფუჭი კარგვაა? სხვას რომ თავი დაანებოთ ოცნებები
საკუთარ თავს უკეთ შეგვამეცნებენ, რადგან :“ ყველაზე მეტად ჩვენი ოცნებები გვგვანან ჩვენ, ყოველ ჩვვენთაგანს ოცნება საკუთარი ნატურის შესაბამისად ესახება.“-
ეს ჰიუგოს სიტყვებია და არა ჩემი, თუმცაღა მას აბსოლიტურად ვეთანხმები. დიახ,
ნამდვილად არსებობენ მოფარფატენი,რომლებიც ჯადოსნური ეტლით მოგზაურობასა და
დისნეის კოშკებში ცხოვრებას ნატრულობენ, მაგრამ ყველა სფეროში მოიძებნება
თითო-ოროლა შერეკილი, აი მოაზროვნეები კი სულ სხვა თემაა, ზოგადად ეს სიტყვა ფართო
მცნებისაა და მხოლოდ მეოცნებეს არ ნიშნავს, თუმცაღა ნებისმიერ მოაზროვნეშია
ოცნების თითო მარცვალი, რადგან აწმყოში უკეთეს მომავალზე ფიქრი სწორედ რომ
ოცნებაა, მოაზროვნეები კი ნამდვილად ფიქრობენ, თანაც ძალიან ბევრს მასზე,თუ როგორ
შეცვალონ უკეთესობისკენ თავიანთი ყოფა, თავიანთი სამშობლო და თავიანთი ხალხი,
იმისთვის,რომ გეგმა დასახო ჯერ მისი შედეგის წარმოსახვაა საჭირო, სულელი უნდა იყო
რაღაცის კეთება რომ დაიწყო და არ იცოდე ეს რასთან მიგიყვანს და რადგანაც ფიქრსა და
ოცებას შორის ერთი ნაბიჯია ისე მიეცემა კაცი ოცნებას რომ ამას ვერც გაიგებს ხოლმე,
შემდეგ კი რეალობაში ბრუნდება და თუ მოაზროვნეა მონახაზის გაკეთებას, გეგმების
დაწყობასა და ფიქრს იწყებს თუ როგორ აქციოს გონებაში გამოსახული მომავალი თავის
რეალისტურ აწმყოდ.
ამბობენ, ფულით ყველაფერს იყიდიო,მაგრამ ეს ასე არაა, ფულით ოცნებას ვერ
იყიდი, ის არ იყიდება, ის მიიღწევა,თუმცაღა ზოგჯერ ესეც კი შეუძლებელია. ცნობილი რუსი-ამერიკელი მწერალი ვლადიმერ
ნაბოკოვი წერს: „უცნაურია, ფული მაქვს და ოცნება ოცნებად რჩება.“ დავუშვათ რომ
ადამიანს ბევრი ფული აქვს, თუმცაღა ბავშვობიდან ერთ რამეზე ოცნებობდა,
ნატრობდა,რომ არასდროს დაბერებულიყო და მუდმივად ეცოცხლა, სურდა სხვა პლანეტაზე
გადასულიყო საცხოვრებლად, ახლა ის მილიარდელია,მაგრამ არ შეუძლია უკვდავი იყოს,
ვერასდროს იჭყუმპალავებს მარსის,ანდა ვენერას აუზებში,რადგან იქ წყალი არ არის,
შესაბამისად სიკვდილის წინ ალექსანდრე მაკედონელივით დაიწყებს ფიქრს, რომ ბევრი
ფულის ჰქონა არაფერს ნიშნავდა და ის მაინც ხელცარიელი, ოცნებებ აღუხდენელი მიდის
ამ ქვეყნიდან. არც თუ ისე ბევრი რამ მაცინებს, მაგრამ ის ადამიანები,რომლებიც
ამბობენ, ამერიკაში წავალ, ის ოცნებების ახდენის ქვეყანაა, ავშენდები და ნებისმიერ
სურვილს ავისრულებო ნამდვილად მახალისებენ, აშშ ოცნებების ახდენის ქვეყანა რომ
არაა ეგ ცალკე თემაა და ამაზე სხვა დროს ვისაუბრებ, უბრალოდ ვერ ვხვდები რა
საჭიროა სადმე წასვლა საკუთარი მიზნების სისრულეში მოსაყვანად.მუჰამედ ალი
ამბობდა: „ოცნება არ ასრულდება დაუყოვნებლივ, ყოველი თქვენი საქციელი, ყოველი
თქვენი ჩვევა და ყოველი თქვენი მოქმედება განსაზღვრავს თუ რაოდენ სწრაფად აიხდენთ
ოცნებას და ხართ თუ არა საერთოდ მისი ახდენის ღირსი.“ მაშასადამე დასახული
მიზნების მიღწევის წარმატებას თავად ადამიანი განაპირობებს იმით თუ რას გააკეთებს,
როგორ მოიქცევა ოცნებები რეალობად რომ აქციოს და იშრომებს კი საკმაოდ მათი დროულად
განხორციელებისთვის? რა შუაშია აქ საერთოდ ამერიკა, ვერ ვხვდები უბრალოდ ხალხს რატომ
ჰგონია რომ იქ ქუჩებში დოლარების შეკრულ დასტებს იპოვნიან ხელგამოწვდილი
უსახლკაროების ნაცვლად.
რა არის ოცნება? ეს სწრაფვაა უკეთესი
მომავლისკენ. ვინ არიან მეოცნებენი? ადამიანები,რომლებიც უკეთეს მომავალს
წარმოიდგენენ.რას აკეთებენ მოაზროვნეები? ისინი სახავენ გეგმას, ადგენენ
სტრატეგიას და ოცნებებში დანახული სამყაროს გაცოცხლებას ცდილობენ.
ვინ იცის, შეიძლება დისნეის კოშკებზე ფიქრობდა ხიდს დაყრდნობილი გოგონა, ან
სულაც მომავლის გეგმებს ალაგებდა, მაგრამ ერთი რამ ნათელი იყო, ის ოცნებობდა, არ
ვიცი რას ხედავდა მტკვრის წიაღში, რა უმზერდა მეორე მხრიდან, მაგრამ ის ოცნებობდა,
სწორედ ამიტომ გვერდით ჩუმად, შეუმჩნევლად ჩავუარეთ, თითქოს ქარის მოტანილი ამბავი
ვიყავით,რომელიც მალევე წარიტაცა კიდეც.
No comments:
Post a Comment