ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე
ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

Sunday, July 27, 2014

მკვლელი ჭიანჭველები

  კაცი სარწეველაში, სახლის პირველი სართულის მისაღებ ოთახში, როგორც საქართველოში მოიხსენიებენ „პადვალში“ იჯდა. ის მხოლოდ მოკლე შავი ბრიჯითა და საზაფხულო ქოშებით იყო შემოსილი. ერთი ხელი სარწეველას სახელურზე ჩამოედო, მეორეთი კი ტელევიზორის პულტი ეჭირა. კაცი ტელევიზორში საინფორმაციო გამოშვებას უყურებდა. მან ხელი,რომელიც სარწეველას სახელურზე ედო აწია და გულმკერდზე ამოსული თმები მოიფხანა. კაცს სახლის კარი ოდნავ ღია დარჩენოდა. ძველებური კარები იყო. ზედა ორი ფანჯარა ერთმანეთისადმი პარალელურად განლაგებულიყო, მესამე კი მათ ქვემოთ ჰორიზონტალურად მდებარეობდა. თავად კარები თეთრი ფერის იყო , მას რკინის სახელური ჰქონდა. ფანჯრებს კი შავი რეზინის კანტები დაჰყვებოდა. ოთახში სინათლე ბჟუტავდა. ღიად დარჩენილი კარიდან სახლში ჯერ ერთი ჭიანჭველა შემოვიდა. ის ზომით ძალიან დიდი იყო. მას უკან მთელი ლაშქარი მოყვა. ისინიც უჩვეულო ზომით გამოირჩეოდნენ. ჭიანჭველების ამალა იატაკზე დიდ , შავ მოძრავ ლაქას ქმნიდა, თუმცა კაცს ეს არ შეუნიშნავს. მას ტელევიზორი ხმამაღლა ჩაერთო და თვალმოუშორებლივ უყურებდა. უზარმაზარი შავი ლაქა კი ნელ–ნელა კაცისკენ მიიწევდა. ჭიანჭველები უკვე სარწეველას ფეხებზე ცოცდებოდნენ. ისინი კაცისკენ სწრაფად მიიწევდნენ. მალე რამოდენიმე მათგანი კაცის ფეხებზე აცოცდა. მათ კაცს კბენა დაუწყეს. კაცმა ფეხი მოიქავა. ჭიანჭველები ძირს გადაცვივდნენ, მაგრამ მათ მაგივრად სხვები აცოცდნენ კაცი ფეხებზე. კაცმა მხოლოდ ახლა დაიხედა ფეხებზე. მან ჭიანჭველების უზარმაზარი ლაშქარი დაინახა, რომლებიც მის ფეხებზე ცოცავდნენ.

– რა ჯანდაბაა?– იკითხა კაცმა და ფეხი ძლიერად დააბაკუნა , თან ისინი ხელითაც მოიშორა. მერე იატაკზე მყოფ ჭიანჭველებს ფეხით ჭყლეტა  დაუწყო. ახლა კაცს ზურგი მოექავა. მან მარცხენა ხელი ზურგზე მოისვა. ხელმა ცოცხალ არსებებს გადაუარა.  რამოდენიმე კაცის ხელსაც აყვა. კაცმა ხელზე დაიხედა. მისი თითები, მისი ხელი ჭიანჭველებით  იყო სავსე. კაცი სარწეველიდან წამოხტა. მან ორივე ხელით დაიწყო ჭიანჭველების მოშორება, მაგრამ მისი ზურგიდან ისინი კაცის ბეჭებზე აცოცდნენ. ამასობაში კაცის ფეხებიდან ჭიანჭველებმა მისი ტორსისკენ გადაინაცვლეს. კაცმა გულმკერდთან მიიდო ხელი , მუშტი მაგრად შეკრა , მოუჭირა და მთელი ძალით ზემოთ ამოქაჩა. კაცმა სიმწრისგან დაიყვირა. მან ხელი გახსნა. მას ხელში თავისი თმების ბღუჯა შერჩენოდა,რომლის ღერებზე ჭიანჭველები დაცოცავდნენ. ისინი უკვე კაცს შარვალშიც უძვრებოდნენ. ჭიანჭველებმა კაცი მთლიანად დაფარეს. ისინი მის ყელს მისწვდნენ,კაცი მათ მოშორებას ცდილობდა, მაგრამ ისინი ძალიან ბევრნი იყვნენ. ჭიანჭველები კაცს სახეზე აცოცდებოდნენ. ის მათ იშორებდა , მაგრამ ძველებს ახლები ანაცვლებდნენ. კაცმა პირი ძლიერად მოკუმა,რომ მას ჭიანჭველები პირში არ ჩაძრომოდნენ. ისინი კაცს ცხვირის ნესტოებში შეუძვრნენ. კაცმა ხელი სასწრაფოდ ცხვირთან იტაცა, მაგრამ ჭიანჭველები მის ცხვირში ღრმად გაუჩინარებულიყვნენ. კაცმა სუნთქვა ვეღარ შეძლო. მან ხელები მექანიკურად ცხვირს მოუჭირა, შემდეგ ჰაერის ჩასასუნთქად პირი გააღო და ჭიანჭველებიც უმალ იქ ჩაუძვრნენ. ისინი უკვე კაცის ყურებშიც ძვრებოდნენ. კაცმა ხველება დაიწყო, მერე ხელები ყელზე მიიჭდო. ის იხრჩობოდა,ვეღარ სუნთქავდა. კაცი ხროტინებდა, შემდეგ კი  იატაკზე უგონოდ დაეცა. მისი ტანი ჭიანჭველებმა მთლიანად  დაფარეს. ისინი მის გახელილ თვალებში ძვრებოდნენ და თვალის გუგებს სიამოვნებით შეექცეოდნენ, ისევე როგორც კაცის სხეულის სხვა ნაწილებს. ამ დროის მანძილზე ტელევიზორში საინფორმაციო გამოშვება მიმდინარეობდა. ტელევიზორში საინფორმაციო გადაცემის წამყვანის ხმა გაისმა : „და დღის ბოლო ინფორმაცია. საქართველოში მკვლელი ჭიანჭველები არიან შემოსეულნი. მათ უკვე ექვსი  ადამიანი შეიწირეს. ეცადეთ კარები ღიად არ დაგრჩეთ. თუ ერთ ასეთ ჭიანჭველას მაინც შეამჩნევთ მას სასწრაფოდ წყალი დიდი რაოდენობით დაასხით და საგანგებო სიტუაციების სამსახურს დაუკავშირდით. სულ ეს იყო, ჩვენ ერთმანეთს მომავალ კვირაში შევხვდებით“...

მარად ტანჯული !

მე მარტო ვარ ამ სამყაროს კიდეზე, 
ჩემი დარდის არავისა არ ესმის,
გაღმა არის უფსკრულები შავბნელი, 
საიდანაც ტანჯულ სულთა ხმა ისმის.

ჩემს თვალებში ჩაიხედა დემონმა,
ჩემი სულის ხარბად იქცა ეშმაკი,
ჩემი ტანჯვით საზრდოობენ ბოროტნი,
მაგრამ ვერას გამიბედავს ეშმაკი.

მარად ტანჯულ სულს კორტნიან ყვავები,
უფსკრულისკენ მიმათრევენ ქაჯები,
ჩემი სული მარად ტანჯული არის,
მაგრამ ვერას დამაკლებენ ქაჯები!

მყარად ვდგავარ მე უფსკრულის კიდეზე,
ყურს არ ვუგდებ ავხორცების შელოცვებს,
ტანჯული ვარ, მაგრამ არა ბოროტი
მე შევიტან ჩემს სულშია ცვლილებებს!

Friday, July 11, 2014

ნიუ-იორკის ზამთრის ციკლი

ნიუ-იორკის ზამთრის ციკლი
  ნიუ-იორკის ზამთრის ციკლი შეიცავს ოთხ პატარა ისტორიას , რომელიც მოთხრობის პერსონაჟებს გადახდათ . პერსონაჟები ჩვეულებრივი ადამიანები არიან , რომლებიც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან . თუმცა , მათ რაღაც აერთიანებთ , ისინი კიდევ ერთ ახალი წლის ღამეს ხვდებიან და მათ უკეთესი მომავლის იმედი აქვთ . დიახ , ნიუ-იორკის ციკლი ადამიანების შესახებ მოგვითხრობს , რომლებიც ახალ წელს სხვადასხვა გარემოში ხვდებიან ...


  31 დეკემბრის საღამო იყო , ახალი წლის ღამე . ნიუ-იორკი ამ ღამით განსაკუთრებით ლამაზი იყო . არ ციოდა , მაგრამ თოვდა . ზეციდან მოსული მსხვილი თოვლის ფანტელები ჩუმად , შეუმჩნევლად ცვიოდა მიწაზე . ხეები თეთრ საფარველში გახვეულიყვნენ . ახალი წლის ღამე იყო , მაგრამ ქუჩებში მაინც ხალხმრავლობა შეინიშნებოდა. გზები გადატვირთულიყო. განსაკუთრებული  რაოდენობით ყვითელი ტაქსები გამოირჩეოდნენ , რომელთა სახურავები თეთრად ბრწყინავდა . ერთ-ერთ ასეთ ტაქსში  ელენ კოლინზი იჯდა . ქერა , საშუალო სიმაღლისა და ასაკის  ქალი იყო .   მან ტაქსი მეორე და მეორმოცე ქუჩების გადაკვეთაზე გააჩერებინა. თეთრი ფერის ქურქი ეცვა , ასევე თეთრი იყო მისი ჩექმებიც , რომლებითაც თოვლის ზედაპირზე რბილად მიაბიჯებდა.  ქალის ქერა თმაში თეთრად ბზინავდნენ თოვლის ფანტელები . ელენი ერთ-ერთ ბარში შევიდა . გარედან ბარს დიდი მინები ჰქონდა , შიგნით კი ხითა და აგურით იყო გაწყობილი.  საშუალო ზომის ბარი იყო . შიგნით გრძელი მაგიდები იდგა , ისეთი ჩვეულებრივ კაფეებში რომაა , თუმცა აქ ბევრად ლამაზი და მოწყობილი მაგიდები იყო  თავისივე გრძელი სკამებით . ელენი სწორედ ერთ-ერთ ასეთ მაგიდასთან დაჯდა.  გრძელი მაგიდების მოპირდაპირე მხარეს ბარი იყო , სადაც მაიკლი იდგა . მაიკლი 44 წლის კაცი იყო . კეთილი , სანდომიანი. უკვე ოცი წელი გასულიყო , რაც იქ მუშაობდა . ეს ბარიც სწორედ მაიკლის საკუთრება იყო .  ბარის გვერდით პატარა სცენა იყო . სცენაზე მომხიბვლელი მარგარეტი იდგა და მღეროდა . ბარში 6 კაცი იმყოფებოდა . თუმცა , როგორც იტყვიან ყველა შინაური იყო . ელენი ყოველ ახალ წელს ამ ბარში ხვდებოდა მაიკლთან , მარგარეტთან და ერთ-ორ მეგობართან ერთად . ისინიც რასაკვირველია , ამ ბარში იმყოფებოდნენ . ელენი მათ მაგიდასთან დაჯდა . ქალთან მაიკლი მივიდა .
- ისევ მოხვედი არა ? - კაცმა ელენს გაუღიმა .
- აბა სხვანაირად  როგორ შეიძლებოდა ? - ქალმა კაცის ღიმილს ღიმილითვე უპასუხა.
მაიკლმა ელენს შამპანიური მიართვა . მარგარეტი ახალი წლის სიმღერას მღეროდა . ახალ წლამდე ხომ მხოლოდ რამოდენიმე წუთი იყო დარჩენილი .
მაიკლი ელენის მაგიდასთან ჩამოჯდა .
- ღმერთო , რა სწრაფად გადის დრო . თითქოს გუშინ იყო, როცა ეს ბარი გავხსენი და თქვენც პირველად გნახეთ .
- ჰო -  მაიკლს ელენის ერთ-ერთი მეგობარი დაეთანხმა , შემდეგ ის ელენს მიუბრუნდა .
- ელენ .
- გისმენ სარა.
- კიდევ ერთი წელი გავიდა . ვბერდებით ელენ , მაგრამ შენ ისევ პატარა გოგოსავით გამოიყურები . იმედია ამ წელს მაინც გაგიმართლებს .
- კარგი რა , სარა.
- ჰო ელენ , სარა მართალია , მშვენიერი ქალი ხარ .  დროა გათხოვდე .
- მაიკლ ,ახლა შენც ?
- ელენ ეს დიდი ხნის წინ იყო .
- რა იყო დიდი ხნის წინ ? - სარას მაიკლმა ჰკითხა - მე არაფერი ვიცი , იქნებ მიამბოთ . რა თქმა უნდა ,თუ საიდუმლო არაა .
- არა , საიდუმლო არაა . ასე არაა ელენ?
-  ჰო .
- მაშინ მიამბე და მანამ ახალი წელიც მოვა . როგორც ვატყობ ეს ცუდი მოგონებაა . მოდი ყველაფერი ცუდი ძველ წელს გავატანოთ .
ელენმა მაიკლს გაუღიმა .
- რახან არ იშლით . მოკლედ , ადრე  კოლეჯში ერთი ბიჭი შემიყვარდა . მასაც მაიკლი ერქვა . მის გარდა ვერავის ვერ ვამჩნევდი . ის ჩემი და ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა . არ შემეძლო მასზე არ მეფიქრა . მასაც ძალიან ვუყვარდი . ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებში მუდამ ჩემს გვერდით იყო . გამოცდების წინ მუდამ მამხნევნებდა . სულ ერთად ვიყავით . ერთხელ იპოდრომზე წამიყვანა , ცხენზე დამსვა . არადა ცხენების შიში მქონდა - ელენს გაეცინა - მაგრამ ის ამის დაძლევაში დამეხმარა . მაიკლი ყველაზე წარჩინებული სტუდენტი იყო . ნებისმიერი სირთულის დაძლევაში მეხმარებოდა , მათ შორის სწავლაშიც . მთელ ღამეებს ჩემს გვერდით ატარებდა . მეხმარებოდა , მიხსნიდა . მისი წყალობით გამოცდებში მუდამ კარგ ქულებს ვიღებდი . ერთხელ ჩემს გამო ცემეს . ვიღაც ვიგინდარებმა შეურაცხყოფა მომაყენეს , მახსოვს ხუთნი იყვნენ . მაიკლმა სწორედ იმ დროს გამოიარა და ეს გაიგო . უთხრა ბოდიში მოუხადეთო , მაგრამ იმათმა ამაზე დასცინეს და კიდევ მომაყონეს შეურაცხყოფა . მაიკლმა კი ეს არ მოითმინა და ჩემს გამო თავი გასწირა . ორი დღე საავანდმყოფოში გაატარა . ეჰ , სიყვარული რა კარგი გრძნობაა ,მაიკლ. ეს ერთხელ მაინც უნდა გამოსცადო .  ერთ ღამეს , ახალი წლის ღამეს ჩემი სახლის წინ ხელი მთხოვა . ფირუზის თვლიანი ბეჭედი დაჩოქილმა გამიკეთა ხელზე ,შემდეგ ხელში ამიყვანა და დამატრიალა . მერე  ერთმანეთს ვაკოცეთ . ეს საუკეთესო კოცნა იყო , დღემდე მახსოვს მისი სახე , მისი ღიმილი , მისი კოცნაც კი - ელენის სახეზე ცრემლი ჩამოვარდა .
- არა ელენ , არ იტირო - მაიკლი მას ჩაეხუტა - მაპატიე თუ ძალა  დაგატანე.
- არა , არაფერია - ელენმა ცრემლი მოიწმინდა - რადგანაც დავიწყე , ბოლომდე მოგიყვები. როგორც ვთქვი ხელი მთხოვა . ორ კვირაში ქორწილი უნდა გვქონოდა  , მაგრამ იმ ნაძირალამ ჩემს საუკეთესო მეგობართან მიღალატა . მასთან მივედი . მაიკლის სახლის გასაღები მქონდა . ჰოდა სახლში შევედი და - ელენმა ქვითინი დაიწყო - შევედი და კვნესის ხმა გავიგე . ის და ჯეინი მდივანზე ... ღმერთო - მაიკლი ელენს ჩაეხუტა .
- არაუშავს . ამის გამო ოჯახზე და სიყვარულზე გული უნდა აიცრუო ? თანაც ეს დიდი ხნის წინათ მოხდა ხომ ?
- ჰო , მაშინ 23 წლის ვიყავი .
- მერე ? ახლა 37-ის ხარ .
- ელენ , მაიკლს დაუჯერე - მეგობარს სარამ მიმართა .
- ჰო , შემდეგი წლიდან გამოვსწორდები .
- მპირდები ?
- კი სარა , გპირდები  - ელენმა მეგობარს გაუღიმა .
- ხომ გახსოვს, 14 წლის წინ დამპირდი , რომ შენი მეჯვარე ვიქნებოდი . პირობა უნდა შეასრულო .
- ჰო , შევეცდები .
ამ დროის მანძილზე მარგარეტი გაუჩერებლივ მღეროდა , როცა მან სიმღერა დაამთავრა  წამოიძახა:
- მოემზადეთ . წამებში ახალი წელია !
მაიკლი ფეხზე წამოიჭრა .
- აბა, ჭიქები ავწიოთ ! მეგბრებო , დაე ყველა ცუდი მოგონება ძველი წლისთვის გაგვეტანებინოს და ახალი  წელი ენერიული და საუკეთესო წელი ყოფილიყოს ჩვენთვის ! ელენ , წარმატებებს გისურვებ და იცოდე პირობა არ დაივიწყო .
ელენმა თანხმობის ნიშნად მაიკლს თავი დაუკრა .
ბარში დიდი პლაზმური ტელევიზორი იდგა . ეკრანზე რიცხვი 10 დაეწერა .
- აბა , დავითვალოთ - თქვა მაიკლმა და ყველამ მაშინვე თვლა დაიწყო.
- 10 ... 9...8...7...6...5...4...3...2...1...
- გილოცავთ ! - შეკრებილმა საზოგადოებამ ერთმანეთს ჭიქები მიუჭახუნა - გილოცავთ ,გილოცავთ  ახალ წელს !
ბარში დიდმა ჟრიამულმა დაისადგურა.


  31 დეკემბრის საღამო იყო , ახალი წლის ღამე . ნიუ-იორკში გაუჩერებლივ თოვდა . ქუჩაში მანქანების საყვირების ხმები ისმოდა .  ახალ წელს ადამიანები მეგობრებთან, ახლობლებთან,ნათესავებთან ერთად ხვდებოდნენ , ერთობოდნენ . თუმცა ასეთი ახალი წელი უბრალოდ არ არსებობდა ჯონ მერსენდისთვის . არა , იყო შემთხვევა , როცა ახალგაზრდობაში ახალ წელს მეგობრებთან ერთად შეხვდა , თუმცა ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა , ის შემდეგ ახალ წელს მუდამ თავის სახლში ტელევიზორთან მჯდომი და შამპანიურით ხელში ხვდებოდა . ახლაც ასე იყო .  ჯონი ასაკში შესულიყო ,71 წლის კაცი იყო . ჭაღარა  , ოდნავ მოხრილი ,გამხდარი, თუმცა საკმაოდ მაღალი  და მოვლილი კაცი იყო მიუხედავად იმისა , რომ მარტოხელა იყო . მას ცოლი არასდროს მოუყვანია და ოჯახიც არასდროს ჰყოლია . მშობლები ადრეულ ასაკში დაეღუპნენ. მისტერ მერსენდი თავის თავში ჩაკეტილი , გულჩათხრობილი ადამიანი იყო , ამიტომ მეგობრებიც ცოტა ჰყავდა . მხოლოდ ორ ადამიანთან მეგობრობდა . წლების წინ ორივე სხვა შტატში გადავიდა საცხოვრებლად . მერსენი კი მარტოდმარტო დარჩა და ახლაც ასე მარტო იჯდა ტელევიზორის წინ შამპანიურით ხელში . ის მანჰეტენზე ორ ოთახიან ბინაში ცხოვრობდა . სუფთა ბინა ჰქონდა . კედლები ღია ცისფერი იყო . მისაღებში ორი სავარძელი , მაგიდა და ტელევიზორი იდგა . ზამთრობით სავარძლებს გვერდს ელექტრო გამათბობელი უმშვენებდა . კაცს გრძელი ზოლიანი ხალათი ეცვა . ფეხზე კი თბილი , შავი ფლოსტები ეცვა . ჯონი თავისთვის , მარტოდმარტო იჯდა სავარძელში და საახალწლო გადაცემას უყურებდა . ამ დროს მისი მყუდროება ზარმა დაარღვია , რომელიც კარებიდან გაისმა . გაკვირვებულმა კაცმა კარებისკენ გაიხედა . შემდეგ წამოდგა და კარისკენ დაიძრა . მან კარი გააღო . იქ ერთი პატარა ბიჭი იდგა . კაცმა მაშინვე იცნო თავისი კარის მეზობელი . ბიჭს ალექსი ერქვა . ალექსი საყვარელი ბავშვი იყო . როცა ის პატარა იყო ჯონი სასუსნავებს ხშირად ჩუქნიდა. ბიჭს ქერა ხუჭუჭა თმა ჰქონდა . მის გარეგნობას კიდევ უფრო ამშვენებდა დიდი შავი თვალები , რომლებითაც ბიჭი მისტერ მერსენდს უმზერდა .
- ალექს როგორ ხარ ? აქ რამ მოგიყვანა ? სახლში შემოდი.
ბიჭი მაშინვე შევიდა ჯონის სახლში .
- მისტერ ჯონ , დედამ და მამამ ჩვენთან დაგპატიჟეს . ახალ წელს ერთად უნდა შევხვდეთ . ხომ წამოხვალთ? გთხოვთ . - ალექსმა თავისი დიდრონი საყვარელი თვალები ორჯერ სწრაფად დააფახუნა და ჯონს მიაშტერდა . კაცისთვის ეს ისეთი უცნაური გრძნობა იყო , ვიღაცამ ის ახალი წლის ღამეს სტუმრად დაპატიჟა . ის ახალ წელს მარტო აღარ შეხვდებოდა , ამდენი წლის შემდეგ ვიღაცას ისევ მიუჭახუნებდა ჭიქას და ეტყოდა - ახალ წელს გილოცავთ!
- მე...მე...- კაცს ენა დაება .
- გთხოვთ .
- კარგი - ჯონმა ბიჭს გაუღიმა - გამოვიცვლი და შემოვალ . შენს მშობლებს მადლობა გადაეცი .
ბიჭმა კაცს თავი დაუქნია და თავისი სახლისკენ გაიქცა .
  ჯონი სასწრაფოდ თავისი ოთახისკენ გაემართა . კარადიდან ძველი შარვალ-კოსტუმი ჩამოხსნა , რომელიც დიდი ხანია არ ცმოდა . მან ის სასწრაფოდ ჩაიცვა , შემდეგ შავი ფეხსაცმელები მოირგო და თმები დაივარცხნა . ჯონი კარისკენ დაიძრა , მაგრამ შემდეგ შეყოვნდა . მას რაღაც ავიწყდებოდა , საჩუქარი . ახალი წელი საჩუქრის გარეშე აბა რა ახალი წელია . თანაც ამდენი წლის შემდეგ ის ისევ ხვდებოდა ახალ წელს , ნამდვილ ახალ წელს . კაცი ისევ თავის ოთახში შევიდა და კარადის ზემოდან შეფუთული  ნივთი ჩამოიღო . მტვერი გადაწმინდა , იღლიაში ამოიდო და კარისკენ დაიძრა . მისი კარის მეზობლები კარგი ხალხი იყო . ერთი პატარა და თბილი ოჯახი , საიდანაც ჩხუბის ხმა არასდროს არ გამოდიოდა . თუმცა პირველი შემთხვევა იყო , რაც ჯონი სტუმრად დაპატიჟეს .ცოლ-ქმარს მხოლოდ ერთი შვილი - ალექსი ჰყავდათ. მერსენდმა მეზობლების კარზე ზარი დარეკა . კარი ოჯახის უფროსმა - პიტერმა გაუღო .
- მობრძანდით მისტერ მერსენდ , მიხარია , რომ მოხვედით .- ჯონი მათ სახლში შევიდა.
- გმადლობთ დაპატიჟებისთვის , აი ეს თქვენ - კაცმა მასპინძელს საჩუქარი გადასცა .
- რატომ წუხდებოდით . ეს საჭირო არ იყო .
- ისეთი არაფერია . ჩემი ოჯახის საათი იყო , ნამდვილი ანტიკვარია . მე საფლავში მაგას ვერ წავიღებ და თუ თქვენ არა ,უკეთესს ვის ვაჩუქებდი , თანაც დღეს ხომ ახალი წელია .
პიტერმა ჯონი სასტუმრო ოთახში მიიპატიჟა , სადაც პატარა , მაგრამ გემრიელი სუფრა გაწყობილიყო . სუფრას პიტერის მეუღლე ელიზა აწყობდა , მას ალექსი ეხმარებოდა . სანამ სუფრას აწყობდნენ პიტერმა ჯონი დივანთან მიიწვია . კაცები მდივანზე დასხდნენ .
- გავიგე , რომ ახალ წლს მარტო ხვდებოდით  . ეს ისეთი დღესასწაულია, ადამიანი მარტო არ უნდა შეხვდეს .
- ჰო , მაგრამ რას ვიზამთ .
- სამაგიეროდ ამის შემდეგ ახალ წელს მარტო აღარასდროს შეხვდებით.
ჯონმა პიტერს გაუღიმა.
- მადლობა შვილო -. პიტერმაც მოხუცის ღიმილს ღიმილითვე უპასუხა .
ამასობაში პიტერსა და ჯონს ელიზამ დაუძახა . ყველანი სუფრას მიუსხდნენ .მოხუცისთვის თითქოს დრო გაჩერდა . ის აღტაცებული უყურებდა ელიზას , რომელიც პატარა ალექსს ცხელ კერძს უსხამდა . მოხუცი შესცქეროდა პიტერს, რომელიც შამპანიურს ჭიქებში ასხამდა . მერსენდი ელიზას ნათქვამმა გამოაფხიზლა .
- მისტერ მერსენდ გთხოვთ , რამე გადაიღეთ .
- კი , კი შვილო - უპასუხა მოხუცმა და იმ კერძს დასწვდა , წუთის წინ დედამ შვილს რომ დაუსხა .
- აბა მისტერ მერსენდ ,  იტყვით სადღეგრძელოს ? - სტუმარს პიტერმა მიმართა.
- მე ?
- დიახ თქვენ .
ჯონმა ჭიქა ასწია.
-რა უნდა ვთქვა , მადლობელი და ბედნიერი ვარ შვილო . ამდენი წლის შემდეგ ახალ წელს ისევ თბილ გარემოში , ისევ კარგ და კეთილ ადამიანებთან ერთად ვხვდები . ამაზე დიდი ბედნიერება ახლა ჩემთვის არ არსებობს , მადლობა თქვენ ამისთვის - ჯონმა თავი მოაბრუნა და დედა-შვილი დაინახა , რომლებიც მოხუცს თბილად უღიმოდნენ- მადლობა . დაე ღმერთი იყოს თქვენი ოჯახისა და მთელი ამერიკის მფარველი . სწორედ ეს წელი ყოფილიყოს ჩემი და თქვენი ოცნებების ახდენის წელი .
- გაიხარეთ მისტერ მერსენდ - თქვა პიტერმა. ჭიქები ერთმანეთს მიუჭახუნეს და შამპანიური მოსვეს , გამონაკლისი მხოლოდ ალექსი იყო . ის კოკა-კოლას მიირთმევდა . დიდი ტელევიზორის ეკრანზე , რომელიც მაგიდის მოპირდაპირე მხარეს იყო რიცხვი 10 დაეწერა .
- მოდით დავითვალოთ .
პიტერის ამ შემოთავაზებამ განსაკუთრებით ალექსი დააინტერესა . მან თვლა ხმამაღლა დაიწყო . შვილს მშობლებიც აჰყვნენ . მისტერ მერსენდი კი ამ მოსიყვარულე და თბილ ოჯახს უყურებდა , გული სიხარულით ევსებოდა და ჩუმად იღიმებოდა.


   31 დეკემბრის საღამო იყო , ახალი წლის ღამე . გაუჩერებლივ თოვდა . ქუჩებში ხალხი ირეოდა . ბრიქმენის ქუჩაზე საშუალო ასაკისა და სიმაღლის კაცი მიაბიჯებდა . ყავისფერი ქურთუკი , დათბილული შავი შარვალი და შავი ბათინკები ეცვა. კაცი ქუჩას ჩქარი ნაბიჯით მიუყვებოდა . მან ბრიქმენის ქუჩის კუთხეში მდებარე წითელი კარი შეაღო, რომელსაც ანონიმურ ალკოჰოლიკთა კლუბი ეწერა და ერთ , საშუალო ზომის ოთახში შევიდა. ოთახი გაურემონტებელი იყო , ნაცრისფერი კედლები ჩამოცვენილიყო . ოთახის შუაში წრეზე სკამები იყო განლაგებული .  თორმეტი სკამი იდგა , თუმცა დაკავებული მხოლოდ ოთხი მათგანი იყო .
- არ მეგონა კიდევ ვინმე თუ მოვიდოდა - თქვა ერთ-ერთმა ალკოჰოლიკმა .
- სხვაგან სად წავსულიყავი , ახლა ჩემი ოჯახი თქვენ ხართ .
- იცი, ჩარლი დღეს ახალ წელთან ერთად გამოცდის დღეცაა.
-მართლა ? - ჩარლიმ ყავისფერი ქურთუკი გაიხადა და სკამს მოაკიდა , შემდეგ კი თავის სკამზე დაჯდა .
- ჰო , უკვე 9 თვეა აქ დავდივარ. მე ეს ყველაფერი ძალიან დამეხმარა . უბრალოდ არავინ გამაჩნია , თქვენთან ერთად თავს ბევრად კარგად ვგრძნობ . აქ ისევ ადამიანად ვიქეცი . არ მინდა ამ ყველაფრის დატოვება . ამიტომ არ მივდივარ . რას იტყვით დღეს ახალი წლის აღსაღნიშნავად ერთი ჭიქა რომ დაგველია ? მხოლოდ ერთი ჭიქა . თან თავსაც შევამოწმებდით .
- კი , კარგი აზრია .
-თანაც ართურს ეს აზრი ძალიან მოეწონა , სასმელიც მან იყიდა . რენდი , ართურს ჭიქები მოაწოდე .
- ახლავე - რენდიმ რომელიც ყველაზე ახალგაზრდა იყო გვერდით მჯდომს ჭიქები მიაწოდა . ართურს პატარა ბოთლით იაფიანი ვისკი ეყიდა . მან ყველას ჩამოუსხა . სასმელმა პატარა ჭიქების მხოლოდ მეოთხედი შეავსო . ართურმა ჭიქები ჩამოარიგა .
- სანამ ახალი წელი მოვა , მოდი გავიხსენოთ ის , რატომაც აქ მოხვდით . გავიხსენოთ ის ყველაფერი რის დაძლევაშიც ,რის გადატანაშიც ეს ადგილი , ჩვენ ყველა ერთმანეთს დავეხმარეთ. - თქვა ართურმა , რომელიც ალკოჰოლიკი არ იყო . ის ამ ადგილის მეპატრონე იყო და სრულიად უსასყიდლოდ ეხმარებოდა სხვებს უკეთესი ცხოვრებისკენ სწრაფვაში.
- კარგი , აბა ვინ დაიწყებს ?
- მე - რენდლიმ ხელი ასწია .
- გისმენთ .
- სანამ აქ მოვიდოდი , მანამდე ნამდვილი არარაობა ვიყავი . გამოუსწორებელი მოთამაშე . ვალები ავიკიდე , ვნერვიულობდი და ამის დასავიწყებლად ვსვამდი და ვსვამდი . სასმელს მივეჩვიე . ჩემს გამო ჩემმა მშობლებმა ბინა გაყიდეს იმის გამო , რომ ჩემი ვალები გადაეხადათ . მე კი არ ვჩერდებოდი , უფრო სწორად ვერ ვჩერდებოდი. ვლოთობდი , ვთამაშობდი . მერე მეგობარმა აქ მომიყვანა , თავიდან ალბათ გახსოვთ ხმას არ ვიღებდი ,შემდეგ გავაცნობიერე , რომ თურმე ჩემნაირებიც არსებობდნენ . რომლებიც თავდაუზოგავად ცდილობდნენ გამოსწორებას და როცა ბილიმ ეს დაძლია და აქედან წავიდა მეც მოვინდომე . ახლა აღარ ვსვამ , აღარ ვთამაშობ . იქითა წლიდან უკვე მეც წავალ . სამუშაოს ვიშოვი და ცხოვრებას განვაგრძობ .
- გმადლობ რენდლი . ახლა ვინ მოყვება ? გრეგორ იქნებ შენ ?
- არა ართურ , არ შემიძლია . მე ამ ადგილმა სასმელი დამავიწყა . აღარ ვსვამ  იმიტომ , რომ არ ვიხსენებ იმ ყველაფერს . ვერ შევძლებ . 9 თვეა აქ ვარ , მაგრამ ეს არ შემიძლია . ჯერ მზად არ ვარ .
- არაუშავს , როცა მზად იქნები მაშინ მოყევი  - გრეგორმა ართურს თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია .
- იქნებ შენ მოყვე ძვირფასო ? - ართურმა ელენას ჰკითხა , ის აქ ერთადერთი ქალი იყო . ქალმა თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა.
- მე ოჯახი მქონდა . ჩემმა ქმარმა ერთ საღამოს რაღაც საბუთებზე მომაწერინა ხელი . არ წამიკითხავს . ვენდობოდი , მიყვარდა . არ ვიცოდი რას მიმზადებდა - ქალს სახეზე ცრემლი ჩამოუვარდა - თურმე რაზეც ხელი მომაწერინა განქორწინების საბუთები იყო , არადა მითხრა რაღაც დეკლარაციაა ოჯახის ყოლასთან დაკავშირებით , სამსახურში მჭირდებაო . უნდა დამიდასტურო , რომ ჩემი ცოლი ხარო . ღმერთო ჩემო , როგორ ვენდე . მან კი განქორწინების საბუთებს მომაწერინა ხელი და შვილიც წამართვა . ორი წლის ბიჭი მყავდა . იმ საბუთებში თურმე პუნქტი შეეტანა, სადაც მე მეურვეობაზე უარს ვამბობდი . ვერაფერი ვერ შევცვალეთ საბუთებს უკვე ხელი მოწერილი ჰქონდა და შვილი სამუდამოდ წამართვეს . მან ის სხვა ქალაქში წაიყვანა . შემდეგ სმა დავიწყე , ეს ტკივილი რამენაირად ხომ უნდა დამეცხრო , ან დავიწყება მაინც შემეცადა , შვილის ნახვაც ამიკრძალეს . ვსვამდი , თუ არ დავლევდი ჩემს შვილზე ვფიქრობდი , ცუდად ვიყავი . მეც მეგობრებმა მომიყვანეს აქ . შვილის დაკარგვა , როცა შვილს საკუთარი კალთიდან მოგაგლეჯენ ეს .. ეს საშინელებაა. აქ ვისწავლე , რომ ამას უნდა გავუძლო . აქ ჩემზე უარეს მდგომარეობაში მყოფი ადამიანები გავიცანი და მივხვდი ,რომ ცხოვრება გრძელდება .
- მადლობა ელენ . აბა ჩარლ , შენღა დარჩი მოგვიყვები ?
- კი - ჩარლიმ ამოიოხრა - ღმერთო , საიდან დავიწყო .
- თავიდან .
- ოჯახი მყავდა . ცოლი და ქალიშვილი . ჩემი შვილი 5 წლის იყო . ცოლს - კლერი ერქვა , შვილს - როუზი . კლერი როუზს ბაღში ყოველ დღე აკითხავდა და სახლში მანქანით მოყავდა . მე ამ დროს სამსახურში ვიყავი , პროფესიით არქიტექტორი ვარ . 5 ოქტომბერი იყო , პარასკევი. ჩვეულებრივად ვმუშაობდი , ერთ-ერთი შენობის ნახაზევს ვადგენდი , როცა დამირეკეს და ... მითხრეს, რომ ჩემი ცოლ-შვილი ავარიაში მოჰყვა . ვიღაც ნასვამ ნაძირალას წითელზე გაევლო და პირდაპირ მათ დაჯახებია . ძლიერი ავარია ყოფილა . მაშინვე საავანდმყოფოში გავიქეცი ,მითხრეს სადაც გადაეყვანათ და მეც იქ მივედი , მაგრამ კლერს ვერ მივუსწარი . რამოდენიმე წუთის გარდაცვლილი დამხვდა. როუზი კი კომაში იყო . მუდამ ვლოცულობდი , ღმერთს მის გამოკეთებასა და გონზე მოსვლას ვთხოვდი .  შვილს გვერდიდან არ ვცილდებოდი . როუზი ასეთ მდგომარეობაში სამი დღე იყო , შემდეგ კი ისიც გარდაიცვალა . ვერ მოვასწარი მისთვის მეთქვა თუ როგორ მიყვარდა . სულიერად გავნადგურდი . სამსახური მივატოვე და სმა დავიწყე . ჩემმა და ჯეინის მშობლებმა აქ მოსვლა დამაძალეს და აი ახლა აქ ვარ . რა თქმა უნდა ვერასოდეს დავივიწყებ იმ უბედურებას , რაც მე გადამხდა , რაც ჩემს ოჯახს გადახდა , მაგრამ თავს უკეთესად ვგრძნობ , აღარ ვსვამ და სამსახურიც დავიბრუნე . თუმცა მეშინია , ისევ არ გავლოთდე . ახლა თქვენ ხართ ჩემი ოჯახი და თქვენი მიტოვება არ მინდა .
- გმადლობ ჩარლ , მესმის რა რთული იყო  ამის კიდევ ერთხელ გახსენება .
- ართურ რომელი საათია? - ართურს რენდლიმ ჰკითხა.
- უჰ , რა დრო გასულა . 12 ხდება . აბა - ყველანი ფეხზე წამოდგნენ - გაგვიმარჯოს , ყველა სირთულე და პრობლემა უკან მოგვეტოვებინოს და ახალ წელს ახალი შემართებითა და გამოწვევებით დავხვედრილიყავით .
- გაგვიმარჯოს ! - გარეთ ფეიერვერკების ხმა გაისმა . შეკრებილებმა ჭიქები ერთმანეთს მიუჭახუნეს და პატარა ჭიქებიდან ვისკი მოსვეს. 


   31 დეკემბრის საღამო იყო , ახალი წლის ღამე . ნიუ-იორკის ქუჩებში ჟრიამული სუფევდა . ადამსის ქუჩის 201-ში წითელი მერსედესის მარკის ჯიპი გაჩერდა . მანქანიდან ორი გოგო და ერთი ბიჭი გადმოვიდა . ისინი წითელ კორპუსში შევიდნენ . კორპუსის პირველ სართულზე ნაძვის ხეების მაღაზია იყო განთავსებული , თავად კორპუსი კი თხუთმეტსართულიანი იყო. ახალგაზრდები მეათე სართულზე ლიფტით ავიდნენ და მარცხნივ მდებარე შავ კარებზე დააკაკუნეს .
კარები ახალგაზრდა ბიჭმა გააღო , რომელსაც მოკლე შავი თმა და ყავისფერი თვალები ჰქონდა . მას სტუმრების დანახვა არ გაჰკვირვებია .
- შემოდით - თქვა ბიჭმა და მეგობრები სათითაოდ გადაკოცნა .
ბიჭის მშობლები სახლში არ იყვნენ . ამ ახალგაზრდების ამბავი ცოტათი უჩვეულო იყო, მათი მშობლებიც ისევე მეგობრობდნენ ერთმანეთთან , როგორც თავად ეს ახალგაზრდები . მშობლები რესტორანში აღნიშნავდნენ ახალ წელს , ამიტომ მეგობრები სახლში ერთად შეიკრიბნენ ახალი წლის დასახვედრად. ბიჭს დიდი, ოთხოთახიანი ბინა ჰქონდა . მისაღებში დიდი ტელევიზორი , მაგიდა , დივანი და სავარძლები იდგა . ოთახიდან თოვლით დაფარული უოლტ უიტმენის პარკი მოჩანდა. ახალგაზრდები მაგიდას მიუსხდნენ . მაგიდაზე სხვადასხვა კერძებთან და ტკბილეულთან ერთად შამპანიური და ღვინოც იდო . მაგიდის გვერდით კედელზე გიტარა იყო მიყუდებული.
- ჩვენი მეგობრობის კიდევ ერთი წელი - თქვა ერთ-ერთმა ახალგაზრდამ.
- ჰო , სხვათაშორის მე და ემილიმ ერთმანეთი სწორედ ახალი წლის ღამეს გავიცანით .
- ჰო , მახსოვს ჩემთან რომ იყავით სტუმრად , შენი თავი მშობლებმა გამაცნეს . როგორ მითხრეს? ა ,ჰო :-„ემი , გაიცანი ეს მეგანია“. დღემდე მახსოვს ის დღე , მაშინვე დავმეგობრდით.
- მეგან , შენ ნიკს ჩემზე ადრე იცნობდი ხომ ?
- კი დენიელ , მე და ნიკი ერთად ვსწავლობდით . ჩვენმა მშობლებმაც აქედან გაიცნეს ერთმანეთი.
- აუ , იცით რა გამახსენდა ? მე და დენიელი პატარაობისას დენის მანქანაში რომ შევიპარეთ - დენიელი და ემილი ამ ამბავზე გულიანად იცინოდნენ , ნიკი და მეგანი კი მათ გაკვირვებულები უყურებდნენ.
- ეგ ამბავი არ ვიცი , მომიყევით .
- ჰო , მეც არ ვიცი - მეგანს ნიკიც დაეთანხმა.
- მოყვები ? - დენიელმა გოგონას მიმართა .
- აბა რა , მოკლედ , როგორც იცით მე და  დენიელი ერთმანეთს ბავშვობიდან ვიცნობთ . ჩვენი ოჯახები ერთმანეთს უხსოვარი დროიდან იცნობენ და დენიელიც პატარაობისას გავიცანი .. ადრე ერთი მეზობელი მყავდა მისტერ დენი . მოხუცი კაცი იყო ,ძალიან სასაცილო მანქანა ჰყავდა , ძველი რუსული „ჟიგული“. ამბობდა რუსეთიდან გამომიგზავნესო . ახლა საწყალი ცოცხალი აღარაა . მაშინ ექვსი თუ შვიდი წლის ვიყავით . დენიელი ჩემთან დარჩა .  სულ გვინდოდა იმ ჟიგულში ჩაჯდომა , მაგრამ დენი უფლებას არ გვაძლევდა  . ერთხელ მანქანას რეცხავდა და როცა გარეცხა კარები ღია დარჩა , ეს დენიელმა შეამჩნია . ჰოდა იმ მანქანაში შევიპარეთ . უკანა სავარძელზე დავსხედით და მანქანას ვათვალიერებდით . ამ დროს დენი გამოჩნდა და ძალიან შეგვეშინდა . ვიცოდით თუ გვიპოვიდა ცოცხალს არ გამოგვიშვებდა , ამიტომ ჩავიმალეთ . დენიმ ვერ შეგვამჩნია , მაგრამ მანქანაში ჩაჯდა , დაქოქა და დაძრა . ცოტა ხანი ჩუმად ვიყავით . მერე თავი ოდნავ ამოვწიე და ფანჯარაში გავიჭვრიტე . ჩვენს ქუჩას  შორდებოდა . პანიკაში ჩავვარდით და ყვირილი მოვრეთ - „გვიშველეთ , ბიძია დენიმ გაგვიტაცა ! გვიშველეთ !“ - ამ ამბავზე ყველა ახარხარდა .
- მერე ? - იკითხა ნიკიმ .
- მერე არაფერი თუ იმას არ ჩავთვლით , რომ ყაჩახებსა და უზრდელებს გვეძახდა . შემდეგ ჩემი მშობლებიც გამოლანძღა . მათ კი ჩვენ დაგვსაჯეს და ოთახიდან არ გვიშვებდნენ .
- იქნებ თქვენც გაიხსენოთ რაიმე ბავშვობიდან , სკოლაში ხომ ერთად სწავლობდით , ამაზე უკეთესი გასახსენებელი რა არის .
- ჰო , მაგარი იქნება - დენიელს ემილიც დაეთანხმა.
- მე ის მახსოვს , ნიკი ჩემს გამო რომ დასაჯეს .
- ეგ როდის ?
- აი მაშინ გამოცდაზე რომ მეხმარებოდი .
- ჰო , გამახსენდა - ნიკს გაეცინა .
- მოკლედ - მეგანმა წამოიწყო - მე და ნიკი მერვე კლასში ვართ და გეოგრაფიის გამოცდა გვაქვს . ნიკი ჩემს უკან იჯდა და პასუხებს წიგნში ეძებდა . მასწავლებელმა ეს დაინახა და გააფრთხილა მეორედ თუ იზამ ფურცელს ჩამოგართმევო .  მე რაღაც არ ვიცოდი და რადგანაც ყველაზე ახლოს ნიკი იჯდა მას შევეკითხე . მან მითხრა ,რომ პასუხს მაშინვე მეტყოდა და წიგნში ძებნა დაუწყო . მასწავლებელმა ისევ დაინახა , ნიკთან მივიდა და ფურცლის ჩაბარება მოსთხოვა. ნიკმა  უპასუხა : - „ მასწ ,მე პასუხს ჩემთვის არ ვეძებდი , როგორ გეკადრებათ ,ხომ გამაფრთხილეთ და იმავეს როგორ გავიმეორებდი . უბრალოდ მეგანმა მთხოვა წყნარი ოკეანის მარილიანობა მომიძებნეო და მას ვუძებნიდი “
მერე მასწავლებელმა მკითხა :- „მეგან , ეს სიმართლეა?“ მე კი რა თქმა უნდა ყველაფერი უარვყვე . ნიკი კი ტყუილისა და სხვის დადანაშაულებისთვის კლასიდან გააძევეს და მისი მშობლებიც დაიბარეს . შემდეგ მათ ყველაფერი ავუხსენი , მაგრამ მასწავლებლისა და დირექტორისთვის არაფერი მითქვამს . ისე მაშინ როგორ ჩამიშვი , ჰაა ? - მეგანმა მეგობარს იდაყვი გაჰკრა , ნიკს გაეცინა .
- ეჰ, ბავშვობას რა  ჯობია . ის ტკბილი მოგონებები ყოველთვის გაგყვება და შემდეგ მეგობრებთან ერთად ყოველთვის სიხარულითა და სიცილით გაიხსენებ . რამდენი ადამიანი გაგვიმწარებია ბავშვობაში , მაგრამ გულში ისინი ყოველთვის ჩვენი ნაწილი და საყვარელი ადამინები იქნებიან . მოდით ბავშვობაზე ვიმღეროთ - დენიელმა გიტარა აიღო და სიმღერა დაიწყო . მას ემილი და მეგანიც აჰყვნენ . ნიკი კი მათ სულგანაბული უსმენდა და მათი ნამღერით ტკბებოდა . როცა სიმღერას მორჩნენ ჭიქები აიღეს და ერთმანეთს მიუჭახუნეს .
- გილოცავთ , მეგობრებო ! ეს წელი სწორედ ისეთი ბედნიერი და სასიხარულო ყოფილიყოს ჩვენთვის , როგორებიც ახლა ჩვენ ვართ  - ახალგაზრდებმა შამპანიური მოსვეს . დიდ ტელევიზორზე კი , რომელიც უხმოდ იყო ჩართული დიდი ასოებით ეწერა „ ბედნიერი ახალი წელი !“





Friday, July 4, 2014

ბაბუ

გიორგი ჩაჩხიანი

  

    კიდევ ერთმა წელმა ჩაიარა და ისევ დადგა ნანატრი ზაფხული, ტკბილი და სიხარულით აღსავსე წელიწადის დრო. ზაფხული ხომ ყველა ბავშვისთვის საყვარელი სეზონია და ყველა ბავშვს უხარია მისი მოსვლა, რადგან სწორედ მაშინ მთავრდება სკოლაც და ისინი თავიანთ ბებიებთან და ბაბუებთან მიიჩქარიან სოფელში. არც პატარა ლუკა იყო გამონაკლისი, უკვე ერთი წელი გასულიყო, რაც თავისი ბაბუ არ ენახა. ბაბუ, რომელზეც სიგიჟემდე იყო შეყვარებული და რომელიც მისთვის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ადამიანი იყო ამ ქვეყანაზე. ლუკას მასზე გული ძალიან შესტკიოდა, მითუმეტეს მას შემდეგ, რაც ერთი წლის წინათ ბაბუამ ასე შეაშინა და საკმაოდ დაუძლურებული, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთებული ნახა საავადმყოფოში, თბილისში. მაშინ ბაბუ იყო პატარა ლუკას ერთადერთი ფიქრიც და ერთადერთი სადარდებელიც.

     პალატაში როცა გადაიყვანეს, ლუკა თითქმის ყოველდღე აკითხავდა თავის ბაბუას, ცდილობდა, რაიმეთი დახმარებოდა. მაშინ ლუკას ბაბუას გულის შეტევა დაემართა, ძლივს გადარჩა. საავამდყოფოდან გამოწერის შემდეგ რამდენიმე თვე ლუკასთან ცხოვრობდა, როცა გამოკეთდა, შვილებისა და შვილიშვილების დიდი დაჟინების მიუხედავად, თავისთან წავიდა, სოფელში. ასე თქვა, ქალაქი საჩემო არაა და აქ უარესად გავხდები, ჩემს მშობლიურ მიწაზე თუ არ დავდგამ ფეხსო, აბა იმას ვინღა დააკავებდა, დაჰკრა ფეხი და წავიდა სოფელში. იმის შემდეგ პატარა ლუკას თავისი ბაბუ აღარ ენახა. თუმცა რა პატარა იყო, ლუკა უკვე მესამე კლასელი გამხდარიყო. ზაფხულის დადგომასთან ერთად ბიჭს არდადეგები დაეწყო და ბაბუასთან წასვლას მოითხოვდა. ლუკას მამა ბაბუას ელაპარაკა, ეშინოდა, რომ შვილიშვილი ისედაც ასაკში მყოფ დაუძლურებულ ბაბუას გადაღლიდა. თუმცა, როცა ლუკას გაშვების თანხმობა მიიღო, ბიჭი ბაბუსთან იმ პირობით გაუშვა, რომ თუ ლუკა ზედმეტად გადაღლიდა, ბაბუა შვილიშვილს მშობლებთან თბილისში დააბრუნებდა.

   ბაბუა მარტო ცხოვრობდა. ერთი ძველი სახლი ჰქონდა. ეზოც შესაშურად ჰქონდა  მოვლილი მიუხედავად იმისა, რომ აშკარად დასუსტებული იყო და ავადმყოფობას მისთვის ახალგაზრდული ღონეც წაერთვა და მხნეობაც, თუმცა შვილიშვილის დანახვამ ბაბუს გული ულევი სითბოთი და სიყვარულით აავსო. მართლაც, ხომ გსმენიათ გამოთქმა - შვილი ტკბილია, მაგრამ შვილიშვილი უფრო ტკბილიო. ბაბუმ დანახვისას ლუკა გულში ძლიერად ჩაიკრა. კოცნიდა, ეფერებოდა, ჩემი ვაჟკაცი ჩამომივიდა, ამაზე დიდი ბედნიერება რაღა უნდა იყოსო. უხაროდა შვილიშვილის ჩამოსვლა და თითქოს ლუკას დანახვისას ძველებური შემართება და ხალისიც დაბრუნებოდა.

  დღეები გადიოდა. ბაბუა და შვილიშვილი დღეებს ერთად, ბედნიერად ატარებდნენ.  ბაბუ ლუკას თავისი ახალგაზრდობის ამბებს უყვებოდა, შემდეგ ლუკას გამოკითხავდა სკოლის ამბებს. არიგებდა, უნდა ისწავლო და სასახელო კაცი დადგე, იცოდე, შენით მთელმა ქვეყანამ უნდა იამაყოსო. მერე ხან შაშს, ხან ნარდს, ხან კი დომინოს თამაშობდნენ, ხან ლუკა უგებდა, ხან ბაბუა. ხშირად წიგნებსაც და ზღაპრებსაც კითხულობდნენ ხოლმე. მერე რა, რომ ლუკა უკვე მესამე კლასელი იყო, მას ისევ უყვარდა სარაინდო ზღაპრების მოსმენა, მითუმეტეს თუ მათ ბაბუ უკითხავდა.

  მეათე დღე მთავრდებოდა, რაც ლუკა ბაბუასთან იყო. მოსაღამოვებულიყო. ბაბუამ შვილიშვილი დააწვინა. ძილის წინ ზღაპრები წაუკითხა და ლუკასაც მაშინვე ჩაეძინა, წყნარი ღამე იყო და მასაც პატარა ანგელოზივით ჩასძინებოდა, ის ხომ მართლაც იყო ბაბუს პატარა ანგელოზი. თენდებოდა, როცა ბაბუა თავისი ოთახიდან გამოვიდა. სავარძელში ჩაჯდა. შეწუხებული სახე ჰქონდა, თავს შეუძლოდ გრძნობდა, მთელი ღამე თვალი ვერ მოეხუჭა. პერანგი შეიხსნა და ხელი გულზე მიიდო, ცოტა ხანი ასე იჯდა, სუნთქვა გასჭირვებოდა. მერე წამლების თაროსთან მივიდა და გულის წამალი დალია, აკანკალებულმა ჭიქა ძლივსძლივობით დადგა მაგიდაზე და ისევ სავარძელში ჩაჯდა. შარვლის ჯიბიდან ექიმის დასკვნა ამოიღო, რომელსაც ჯიბით მუდამ თან დაატარებდა, ლუკას რომ სადმე არ ენახა და რომელიც იტყობინებოდა, რომ ბაბუას გულის შეტევა ცოტა ხნის წინ ისევ მოსვლოდა. იცოდა,რომ ცუდად იყო, ძალიან, ძალიან ცუდად იყო და მისი დღეები აღსასრულს უახლოვდებოდა. არ ეშინოდა, ამას შეჰგუებოდა, მაგრამ ახლა არ უნდოდა, ახლა მისთვის ყოველი დღე ძვირფასი გამხდარიყო, რადგან ლუკა ჰყავდა გვერდით. სანუკვარ შვილიშვილთან ტელევიზორის ყურებაც კი მისთვის სამოთხე გამხდარიყო და ამ სამოთხეს ვერ შეელეოდა, არა, ახლა ვერ წავიდოდა, ეს არ იქნებოდა სამართლიანი.

-რატომ, მაინცდამაინც ახლა, ღმერთო, - ამოიჩურჩულა ბაბუამ და თვალები ცრემლებით აევსო. გრძნობდა, რომ რაღაც უხმობდა და სიცარიელეში ექაჩებოდა. მთელი სახე ცრემლებს დაეცვარა, არ ეგონა, ასე რთული თუ იქნებოდა. სავარძლიდან წამოიწია და ძლივსძლივობით აიღო ტელეფონი, უჭირდა მოძრაობა, მთელი სხეული გაუსაძლის ტკივილს მოეცვა, თითქოს გულში შიგნიდან სერავდა რაღაც და ამ რაღაცას ბაბუა ვერ ერეოდა. ხელის ცახცახით ნომერი აკრიბა და თავის ვაჟს, ლუკას მამას დაურეკა.

- მამა კარგად ხარ? რამე მოხდა? - ტელეფონში აღელვებული შვილის ხმა გაისმა.

- არ ვარ კარგად, შვილო, - უჭირდა ლაპარაკი. 

- ახლავე წამოვალ, რა გჭირს, ექიმს დაურეკე?

- არ აქვს აზრი, მოვიდა ჩემი წასვლის დრო, - ტელეფონში ბაბუას ხმა ექოს ჩურჩულივით გაისმა.

- მამა, რა სისულელეებს ამბობ, სასწრაფოში დარეკე, ჯერ რა დროს შენი სიკვდილია, - უთხრა ყურმილის მეორე ბოლოდან ვაჟის აღელვებულმა ხმამ, ამ ხმის გაგონებაც კი უჭირდა და ყურებში საშინელი წუილი ჩაესმოდა.

- არა, დროა... კიდევ მქონდა შეტევა.

- და ეს დამიმალე?! - ვაჟს შეშინებული ხმა ჰქონდა, სიტყვები კარგად ვერ გაარჩია, მაგრამ იგრძნო, რომ ასე იყო.

- ექიმმა მითხრა, რომ ჩემი დღეები დათვლილი იყო, შვილო. მითხრა, რომ... - ბაბუა ძლივს ლაპარაკობდა, ლუღლუღებდა და მისი სიტყვებიც არ იყო მარტივად გასარჩევი,  - უახლოეს მომავალში ისევ მექნებოდა შეტევა, რომელსაც ვერ გადავიტანდი, ვერცერთი აპარატი ვერ მიშველიდა და ამისთვის მზად უნდა ვყოფილიყავი.

- ეს რატომ არ მითხარი, მამა? - შვილის ხმას ცრემლები გამოერია.

-ეს რომ მეთქვა, ლუკას აღარ გამოუშვებდი. მე კიდევ ხომ იცი, რომ ჩემი შვილიშვილის გარეშე არ შემიძლია... ბედნიერად მოვკვდები, შვილო. ამაზე უკეთეს სიკვდილს ვერც ვინატრებდი. ეს ათი დღე უბედნიერესი დღეები იყო ჩემს ცხოვრებაში, - ბაბუას ჩურჩული აჩრდილივით იკარგებოდა, - იცი, დღეს ლუკას ზღაპრები წავუკითხე და ისე ჩაეძინა. მძინარე ისეთი საყვარელი და ანგელოზი იყო,  -სუნთქვას მოუხშირა და მისი ჩურჩულიც სადღაც ჩაიკარგა.

-მამა, როგორ ხარ ? უკვე ვიცვამ, მოვდივარ, ახლავე სასწარაფოში დავრეკავ!

-მოდი, შვილო, ლუკა წაიყვანე. მე უკვე ისედაც მივდივარ.  ბედნიერი კაცი ვარ, შვილო. ჩემი ბოლო დღეები ჩემს შვილიშვილთან ერთად გავატარე. ხომ იცი, შვილი ტკბილია, მაგრამ შვილიშვილი... შვილიშვილი ეს რაღაც სხვაა, შვილო, -წამიერად მისი ხმა გაწყდა და შემდეგ ძლივსძლივობით ამოილაპარაკა, - ნახვამდის, თავს მიხედე და ლუკა ღირსეული კაცი გაზარდე, - ტელეფონი ისე დაკიდა, შვილის პასუხს არ დალოდებია, არ შეეძლო მისი გამომშვიდობების მოსმენა. ცდილობდა მედგრად დახვედროდა, მაგრამ ეშინოდა, სიჩუმეში იძირებოდა და ერთადერთი,რაც ამ სიჩუმეში შორიდან ბუნდოვნად მოესმოდა მისი ტელეფონის განუწყვეტელი რეკვა იყო. პერანგის ჯიბიდან შვილიშვილის სურათი ამოიღო. ბაბუს სახეზე ცრემლი ჩამოუგორდა და ლუკას ფოტოს დაეცა. გაღიმება სცადა, ლუკას სურათი გულში ჩაიკრა და თვალები დახუჭა...

  დილით ლუკა ხმაურმა გააღვიძა. თავისი ოთახიდან გამოვიდა და ქვემოთ ჩავიდა. მისაღებში დედა და მამა დაინახა. ეტყობოდათ, ახლახან მოსულიყვნენ. ეზოში უცხო ხალხი დადიოდა. ბაბუ კი სავარძელში იჯდა და თავი სავარძლის კიდეზე ჩამოედო, თვალები დაეხუჭა. ლუკას ღამის პერანგი ეცვა, ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ გამოფხიზლებულიყო. მშობლების დანახვა ეუცნაურა, ბაბუს უყურებდნენ  და ჩუმად ტიროდნენ, მამას დედისთვის ხელები შემოეხვია და ქალს მის მხარზე თავი ჩამოედო, ბაბუა ყველას უყავრდა და მისმა წასვლამ ყველას დასწყვიტა გული.

-ბაბუ, - ლუკამ ჩუმად წარმოსთქვა და ფეხშიშველი ბაბუასკენ გაექანა. სავარძელში მჯდომ ბაბუას ჩაეხუტა.მიხვდა, ყველაფერს მიხვდა და თვალები ცრემლებით აევსო. იგრძნო, ვიღაცამ რომ მოჰხვია ხელები, დედა ეხუტებოდა.  ბაბუს რომ მოსცილდა იატაკზე დავარდნილი სურათი დაინახა. იქედან პატარა ლუკა იმზირებოდა, სურათი ჯერ კიდევ დანამული იყო. ბაბუ წასულიყო, მისი გული აღარ ძგერდა, თუმცა ახლა თავად ბაბუ ძგერდა პატარა ლუკას გულში. მართალია, ბაბუა წავიდა ამ ქვეყნიდან, მაგრამ ის ისევ ლუკას გვერდით იყო...

 

 

გიორგი ჩაჩხიანი