იცი, ახლა ვფიქრობდი და დიდი
ხანია, რაც შენთვის წერილი არ მომიწერია, ძვირფასო მკითხველო, თუმცა... თუმცა,
ალბათ, ეს წერილი ყველაზე მეტად იქნება გულით ნაკარნახევი, ვიდრე ჩემი ძველი
უსტარები. იცი, ერთი ამბავი უნდა მოგიყვე, ოქროსმაძიებელზე. ერთ კაცზე, რომელიც
თავის ოცნებებსა და იდეალებს მისდევდა და ამისათვის ყოველდღე მუხლჩაუხრელად
შრომობდა, უკიდეგანო ორმოში ჩაბუდებული ოქროსკენ მიისწრაფვოდა და ერთხელაც,
ერთხელაც უბრალოდ დანებდა წუთისოფლის მუხანათურ და ეკლიან გორგალს. ცხოვრებამ
გასტეხა კიდევ ერთი კაცი, ძვირფასო მკითხველო...
ცხოვრება, ცხოვრება ეს სულაც არაა მარტივი,
პირიქით, სირთულეებისა და ქარტეხილების უსასრულო მარათონია, რომელსაც ფეხი უნდა
აუწყო და იქამდე უნდა ირბინო, სანამ არ დაეცემი და სულს არ განუტევებ, მერე უკვე
ცხოვრებაც აღარაა და უბადრუკი არსებობის ჯერი დგება. ყველას თავისი გზა და თავისი
მარათონი აქვს გასარბენი, ზოგს ამ გზაზე ლუკმაპურიც არ აქვს, ზოგს მშობლები აღარ
ჰყავს, ზოგს ჭერი არ აქვს თავზე, ზოგი განუკურნებელ სენს ებრძვის და დღეებს
ითვლის, ზოგს ღვიძლ ძმას უკლავენ, ზოგს ყველა კარს უხურავენ ცხვირწინ მხოლოდ იმიტომ,
რომ განსხვავებულია, იმიტომ, რომ საზოგადოების აღქმით საცოდავი, ან შესაბრალია,
ზოგს ჩაგრავენ იმიტომ,რომ სუსტია, ზოგს იმას ართმევენ, რასაც წვალებით შოულობს,
ცხოვრება ესაა და ის ადამიანს ტეხს, უნდა,რომ გატეხოს, დააჩოქოს, დაანებოს და
უბადრუკ არსებობაში მოისროლოს. და ამ დროს რას აკეთებს თავად ადამიანი? ადამიანი
ადარებს ახლანდელ სარბიელს განვლილ გზას, უდარდელ ხანას,რომელიც ენატრება, ძალიან,
ძალიან ენატრება და წარსულის ია-ვარდით მოფენილ ბილიკებს ხშირად მისტირის კიდეც.
იტყვის, ადრე ყველაფერი კარგად იყო, ადრე ბედნიერი ვიყავი, ახლა კი... ახლა უკვე
ხშირად ვფიქრობ იმას, რომ სიცოცხლეც აღარ მინდაო, დაიღალა და იმიტომ... და აი, ისევ
გაიმარჯვა ამ მუხანათურმა სარბიელმა, ეკლებიანმა მარათონმა ისევ გატეხა ადამიანი,
დააჩოქა და უბადრუკი არსებობის სასაფლაოზე მოისროლა, საიდანაც მკვდრეთით აღდგომა
იმაზე უფრო რთულია, ვიდრე თავად ცხოვრების ბედის ბორბალთან შეჭიდება. დრო გადის და
ადამიანი ცდილობს, მართლა ცდილობს, მაგრამ არაფერი იცვლება, ბილიკის ბოლოს არ ჩანს
ის აღთქმული ედემი, რომლის გამოჩენასაც
ამდენი ხანია ადამიანი მოელის და აი, ჩაბუდდა კაცში ნიჰილიზმის მძაფრი და
აყროლებული ლეშისმაგვარი შეგნება, ჩაესმის ადამიანს - რაც არ უნდა ცადო, არაფერი
შეიცვლება, ვერასდროს გასტეხ იმ ჯაჭვს, რომელიც ეკლიანი სარბიელის გასარბენად
გაკავებს. ადამიანი იჩოქებს, ძვირფასო მკითხველო, ფარხმალს ყრის, მარცხდება,
ნებდება. დავიღალე, - ესაა მისი ბოლო სიტყვები ნაცვლად იმისა, რომ თქვას, -
ბედნიერი ვარ! იცი, ერთი ისტორია მახსენდება,ძვირფასო მკითხველო, ოქროს
მაძიებელზეა, მისი ბაბუაც ორმოს თხრიდა, ოქროს ეძებდა ერთ გოჯ მიწაზე, მამამისიც,
გადიოდა დღენი, ის კი იჯდა თავისი მამის გათხრილ ორმოში და ისევ ურახუნებდა მიწას
პაპისეულ ნიჩაბს, მერე კი ჯანმაც რომ უმტყუვნა მკლავებში, ნიჩაბი თავის ვაჟს
გადააბარა, ახლა კი ისიც ზუსტად ისევე იჯდა და თხრიდა, მთელი დღე, ოფლისგან დაცვარულს, ათასი აზრი
უტრიალებდა თავში: - ტყუილად თხრი, სულელი არ ხარ, ბაბუაშენმა ამ ორმოს თხრას
შეალია მთელი თავისი ცხოვრება, მამაშენსაც მთელი თავისი დაჩაჩანაკებული არსებობა
არ გაუგდია ხელიდან ეს მოჩვარებული ნიჩაბი, ახლა კი შენ თხრი და რისთვის, რის
გამო, რომ მერე, თუკი რამ დარჩება ამ ხის ნაგლეჯისგან, შენს შვილს რომ გადაულოცო?!
და ერთხელაც მიაგდო ნიჩაბი, ორმოში ჩაიმუხლა და მწარედ აქვითინდა. მთელი სამი თვე
ხელი არ უხლია, მაგრამ სხვა ვერც ვერაფერი საქმე ნახა და ვერსად ივარგა, ისევ
მიუბრუნდა და უიმედოდ, უბრალოდ მოვალეობის მოხდით ისევ დაიწყო თხრა. ეზიზღებოდა მთელი
თავისი ცხოვრება, თავისი არსებობა და ერთხელაც, ერთხელაც ყრუ ბაგუნის ხმა
გაიგონა... ოქრო იპოვა, ძვირფასო მკითხველო, ამდენი წვალების, ამდენი ტანჯვისა
და ყოველდღე ნიჩბის რახუნისგან მთელი
თავისი მკლავების ტკივილის მერე იპოვა ოქრო. მისი საპოვნი იყო და თავად უნდა
გაეარა ეს გზა, ეს იყო მისი ბედისწერა, მას უნდა გაეკეთებინა ეს ყველაფერი და არა
სხვას, სხვა ვერ გააკეთებდა მის გასაკეთებელს და მაშინ, როცა დანებდა, ვერც
ვერაფერი მოიგო ამით, რადგან თავის ცხოვრებისეულ სარბიელს აცდა, ეკლიანი, მაგრამ
მაინც თავისი გასავლელი გზა არად ჩააგდო და სხვა გზით წავიდა, რომელმაც არაფერი
მოუტანა და ისევ იმ ეკლებიან სტეპებზე დააბრუნა. დანებება, ყურადღების მიუქცევლობა
არაფერს მისცემს ადამიანს, ბრძოლა - აი რას აქვს მნიშვნელობა. ის, რაც შენი
გასავლელია, შენვე უნდა გაიარო, ძვირფასო მკითხველო, დიდი ტანჯვის, ტკივილის და
აუარებელი, ყოველდღიური დაღლის მიუხედავად, რადგან მხოლოდ ასე თუ გახდები
ოქროსმპოვნელი. იცი რა იყო ის, რაც ამ ორმოს თხირასას ოქროსმაძიებელს აძლებინებდა?
ადამიანი... ცოლი ჰყავდა, ცოლი, რომელიც ძალიან უყვარდა, ცოლსაც უყვარდა, იმდენად,
რომ ყოველ ღამით შინ ქვიშასა და ოფლში ამოგვანგლულს გულში იკრავდა და მის
აყროლებულ სხეულს არად აგდებდა, გადატყაულ ხელებს უხვევდა, საჭმელს ახვედრებდა და
ყოველ დილით ორმოს სათხრელად მიმავალს ჰკოცნიდა კიდეც, ეუბნებოდა, რომ ერთხელაც,
შეიძლება არა დღეს, ან ხვალ, მაგრამ ერთხელაც ის აუცილებლად იპოვნიდა თავის ოქროს.
როდის? რამდენი ხანი გავიდა უკვე, როდისღა ვიპოვი? - თავის გაქნევით,
იმედდაკარგული ჰკითხავდა თავის ცოლს, ცხვირს ჩამოუშვებდა და თვალებზე მდუღარე
ცრემლებიც კი დაეკიდებოდა ხოლმე. იპოვი, - ეს იყო ქალის პასუხი, - მჯერა იმის, რომ
შენ იპოვი შენს ოქროს. თავად თუ გჯერა ამის? არ ვიცი, - მაგრამ გულის სიღრმეში
სჯეროდა, რადგან მის ცოლს სჯეროდა ამ ყველაფრის და მას კი ტყუილი არასდროს ეთქვა,
არ იყო ცრუმორწმუნე და იმიტომ, არ ამბობდა იმას, რაშიც დარწმუნებული არ იყო. აბა,
ძვირფასო მკითხველო, შენ თუ გჯერა იმის, რომ უკეთ იქნები და ბედის ბორბალთან
ჭიდილში შენ იქნები ის, ვინც დაფნის გვირგვინს დაიდგამს თავზე, გჯერა, ძვირფასო
მკითხველო? არაო, ზოგი თავს გააქნევს, მაგრამ ხომ არის ვიღაც, ვისაც სჯერა ამ
ყველაფრის, შენი და იმის, რომ შენ შეგიძლია მიწაში ღრმად ჩამარხული ოქროს პოვნა,
მაშინ შენც დაიჯერე, ძვირფასო მკითხველო და არ მისცე უფლება წუთისოფლის მუხანათურ
სარბიელს, რომ შენც გაგტეხოს, შენც დაგაჩოქოს და ის დაკარგვინოს, რაც უმთავრესია
ამ მარათონზე საკმარისი სიჩქარის ასაკრებად - რწმენა და იმედი, ძვირფასო
მკითხველო, რწმენა და იმედი...
გიორგი ჩაჩხიანი
No comments:
Post a Comment