ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე
ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

Tuesday, August 6, 2019

სტუმარი


   ჩვენს ქალაქში ყოველი ახალი კაცის გამოჩენა ნამდვილი მოვლენა იყო. იშვიათად თუ შემოვიდოდა გემი ნავსაყუდელში, ხოლო როცა ეს მოხდებოდა, ვაჭრების მეტი მას თუ ვინმე ჩამოჰყვებოდა, ქალაქში გრანდიოზული დღესასწაული იმართებოდა. სტუმარი და მითუმეტეს უცხოელი ძალიან უყვარდათ ჩვენთან, ეს ოდითგანვე ასე იყო. ქალაქი ერქვა, მაგრამ რომელიმე დიდი ქვეყნის ერთ მომცრო სოფელსაც კი ჩამორჩებოდა, უბრალოდ ზღვისპირა პატარა დაბა იყო, მაგრამ მაცხოვრებლები ჰყავდა დიდი გულისა, არა, არც თავს ვიქებ და არც ვბაქიობ, ეს მართლაც ასე იყო. ყოველი ახალი სტუმრის ჩამოსვლისას ყოველი ფანჯრიდან წითელი ლენტები გადმოეკიდებოდა ხოლმე, ამით ყველა იგებდა, რომ ქალაქში უცხოელი ჩამოსულიყო და სათანადოდ უნდა დახვედროდნენ. ტრადიციებს ჩვენში ღრმად გაედგა ფესვები, სტუმრის ჩამოსვლისას ქუჩებში ცეკვა-თამაში იმართებოდა, ჩამოსულს ტრადიციული კერძებით ვუმასპინძლდებოდით, ღამის გასათევს ვაძლევდით და ქალაქის თავი თავად უსხამდა წყალს მოედნის შუაგულში ხელის დასაბანად, ასეთი იყო ტრადიცია.
  ივნისი იწურებოდა, სისხამ დილით ნავსადგურში მცირე ზომის სავაჭრო გემი რომ შემოვიდა. კვარტალში ერთხელ ჩამოდიოდა ხოლმე და ქალაქს სურსათ-სანოვაგით ავსებდა, მიდიოდა გამალებული ვაჭრობა, რა აღარ გადმოჰქონდათ გემბანიდან, ხილი გინდა, აბრეშუმი, დასაკრავი ინსტრუმენტები, თუ ხისგან გამოჭედილი სხვადასხვა სახის ავეჯი. გემის კაპიტანს ყველა პატივს სცემდა და მის გემსაც თავად კაპიტნის სახელს - ფრანკოს - ეძახდნენ. გემის შემოსვლაც ერთი დიდი ზეიმი იყო, თითქოს ერთფეროვანი და მიძინებული ქალაქი ცოცხლდებოდა. ყველა ნავსადგურში იყრიდა თავს, მეც იქ ვიყავი, ოდნავ მოშორებით ვადევნებდი თვალს, როგორ გადმოაბიჯა ფრანკომ და მის ფეხდაფეხ რამდენიმე მკვირცხლი მეზღვაურ-ვაჭარი როგორ მარდად ჩამოხტა გემბანიდან. ქალაქის თავი გამოეგება კაპიტანს.
-ფრანკო, ჩემო ძველო მეგობარო, - მივიდა და გულთბილად გადაეხვიე, ხელიც დაუტყაპუნეს ერთმანეთს ზურგზე, - აბა, როგორი ამბებია ოკეანეში?
-სანამ აქ ჩამოვაღწევდით, საშინელი შტორმი გამოვიარეთ.
-საქონელი ხომ არ დაგისველდათ?
-არა, მადლობა ღმერთს, შიგნით წყალი არ ჩასულა. ერთი ფრიად გასახარი ამბავი მაქვს თქვენთვის, სტუმარი ჩამოგიყვანეთ.
-სტუმარი? - გაკვირვებითა და უეცარი სიხარულით იკითხა ქალაქის თავმა, - ვინ არის? - ამის თქმა და გემბანზე დაბალი ტანის, გაბურძგნული ბერიკაცის გამოჩენა ერთი იყო, მისი ვიზუალის კვალობაზე მეტად დახვეწილად და გემოვნებით ეცვა, ნაცრისფერი ინგლისური კოსტიუმი, ამავე მატერიისა და ფერის შარვალი, შავი მბზინავი ფეხსაცმელი და ფარფლებიანი ქუდი ეფარა, ცოტათი ცილინდრსაც რომ ჩამოგავდა. ასაკს მისი ნაცრისფერი წვერი, რომელიც ლამის მკერდამდე სწვდებოდა, კიდევ უფრო ჰმატებდა, თუმცაღა კი თვალებში თავის ვიზუალთან შეუსაბამო ხალისი და სიცოცხლე ჩასდგომოდა. მკვირცხლად ჩამოვიდა გემბანიდან, ორივე ხელით პატარა ჩემოდნები ჩაებღუჯა, ერთ-ერთი განსაკუთრებით ძველი და გაცვეთილი იყო. უცხოს გამოჩენაზე მოწიწებისა და პატივისცემის ნიშნად ყველამ ქუდი მოვიხადეთ, ასეთი იყო ტრადიცია. ჩემოდანი მიწაზე დადგა და ქალაქის თავს ხელი მხურვალედ ჩამოართვა.
-კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ქალაქში!
-გმადლობთ, თქვენი მასპინძლობის შესახებ ბევრი მსმენია.
-დიახ, სტუმარი ჩვენში ძალიან უყვართ. უცხოს დახვედრის დიდი ტრადიციები გვაქვს, მეორედ უკვე ეს ადამიანი ჩვენიანი ხდება, აი, კაპიტან ფრანკოს ხომ უყურებთ, პირველად რომ ჩამოვიდა ნამდვილი უცხოელი იყო, ახლა კი უკვე ჩვენიანია, მაგრამ მაინც ძვირად გვყიდის ხოლმე ყველაფერს, - ხუმრობით ხელი დაჰკრა კაპიტანს ქალაქის თავმა და ორივემ გადაიხარხარა, - გთხოვთ, წამობრძანდით, - სტუმარს მოედნისკენ გაუძღვა, დანარჩენებიც უკან გავყევით, ზოგი სახლებისკენ გაიქცა, ფანჯრებიდან წითელი ლენტები რომ გადმოეკიდათ, ზოგიც ტრადიციული პურ-ფუნთუშეულის გამოსაცხობლად, დანარჩენები კი ხელის დაბანის ცერემონიის საყურებლად გავემართეთ. სტუმარი რომ ჩამოდიოდა, ვაჭრობა ყველას ავიწყდებოდა ხოლმე.
  მოედნის შუაგულში, რაც თავი მახსოვს, მუდამ იდგა ერთი ძველისძველი ჭა, თუმცაღა კი მისი წყალი საკმაოდ გემრიელიც იყო და, როგორც ამბობდნენ, სამკურნალოც, სტუმარს სწორედ ამ ჭიდან ამოღებული წყლით ჰბანდნენ ხელს. არავინ იცოდა ეს ტრადიცია საიდან მოდიოდა, ზოგადად ტრადიციების თავსატეხიც ხომ ესაა, არასდროს ვიცით რატომ ვაკეთებთ ამას, ან ჩვენმა წინაპრებმა რატომ გვასწავლეს ასე, ეს თავადაც არ იციან, უბრალოდ ტრადიციაა და მორჩა, ასე უნდა გაკეთდესო, - უთქვამს ჩემს დიდ ბაბუას, როცა ბავშვობაში კითხვების დასმა დავიწყე, მერე კი უბრალოდ მივხვდი, რომ მართალი იყო და მართლა ასე უნდა გაკეთებულიყო, სწორედ ესაა ტრადიციის ჭეშმარიტი აღქმა. ხელის დაბანის ტრადიციას ყველა სხვადასხვანაირად ხსნიდა. ზოგის აზრით, ეს ერთგვარი ნათლობა და კურთხევა იყო, ამით თითქოს უცხოტომელი ჩვენიანი ხდებოდა, ზოგისთვის უბრალოდ სტუმრის დაფასება და პატივისცემა, ზოგისთვის კი განბანის ცერემონიალი, თითქოს ამ ჭის წყლით ქალაქამდე ჩამოსულის ყველა ცოდვა ირეცხებოდა და ქალაქში უკვე განწმენდილი კაცი შემოაბიჯებდა, მოკლედ, რას აღარ ამბობდნენ, მაგრამ, ალბათ, თუ რატომ ვაკეთებდით ამას, ეს მხოლოდ იმ კაცს ეცოდინებოდა, ვინც ეს ჭა დადგა და ამ ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი მრავალი წლის წინ. ბერიკაცს ხელი დაბანეს, თუმცა როცა იკითხა, თუ რა საჭირო იყო ეს, უთხრეს, უბრალოდ ტრადიციააო, ხოლო კითხვაზე თუ საიდან მოდიოდა და რას ნიშნავდა იგი, ძველებისგანო - მხოლოდ ასეთი პასუხი მიიღო.
   სტუმარ-მასპინძლობის ჩვენებური ტრადიციის შემდეგი ნაწილი სტუმრის დაბინავება იყო. ქალაქში ამის გამო არც სასტუმრო არსებობდა, სტუმარი რამდენიმე დღით ერთ რომელიმე ოჯახში მოთავსდებოდა ხოლმე. ქალაქის თავმა იკითხა:
-აბა, ვინ შეიფარებს ამ კაცს ღამის გასათევად? - სტუმრის სახლში ჰყოლა უდიდეს პატივად ითვლებოდა, ამიტომ გასაკვირი სულაც არ იყო, რომ მსურველები ბევრნი გახლდით. მასპინძელს მსურველთაგან თავად ქალაქის თავი არჩევდა ხოლმე მათი შემოსავლის, საცხოვრებლისა თუ ოჯახური პირობების მიხედვით, სტუმარს ხომ შენახვა უნდოდა და სასწორზე ქალაქის სახელი და პრესტიჟი იდო. ბევრი იფიქრა ქალაქის თავმა და ბოლოს არჩევანი თქვენს მონა-მორჩილზე შეაჩერა. სტუმარი სახლში წამოვიყვანე და ოთახი ვუჩვენე.
-ჩემი ცოლი მალე გაგიმასპინძლდებათ, მანამდე ცოტა დაისვენეთ, დაღლილი იქნებით.
-არც ისე, მგზავრობას მიჩვეული ვარ.
-მართლა? ხშირად მოგზაურობთ ხოლმე?
-ჯერ კიდევ შავი წვერი რომ მქონდა, იმ დროიდან, - მითხრა და სახე ღიმილით გაუფართოვდა. თვალების კიდეებში ნაოჭები დაეტყო.
-შეიძლება გკითხოთ, რამდენი წლის ბრძანდებით?
-ორმოცდაათის რაც გავხდი, იმის მერე თვლა შევწყვიტე, ასე რომ, არ ვიცი რამდენის ვარ, - მეგონა მეხუმრებოდა, მაგრამ ხუმრობისა კი ნამდვილად არაფერი ეტყობოდა.
-და დიდი ხანია, რაც ორმოცდაათის გახდით? - გაეცინა და თითი დამიქნია.
-ოიჰ, ყმაწვილო, გამჭრიახი ბიჭი ხარ, ვერაფერს ვიტყვი. დიახ, ძალიან დიდი ხანია, რაც ორმოცდაათის გავხდი, უკვე აღარც კი მახსოვს ეგ დრო, მაშინ ძალიან, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი.
-ჩვენთან დარჩენას დიდხანს აპირებთ?
-არა, - დაუფიქრებლად მიპასუხა, - გემი რომ წავა, წავყვები.
-ფრანკო საქონელს გადმოტვირთავს და ხვალ მზის ჩასვლისას გავა.
-მაშინ ხვალამდე დავრჩენილვარ, - მითხრა თავისივე მშვიდი, გულთბილი და გულწრფელი ღიმილით.
-კარგი, დაგტოვებთ, - კარისკენ დავიძარი და უცებ გამახსენდა, რომ მისთვის სახელი არ მეკითხა, - უკაცრავად, როგორ მოგმართოთ ხოლმე?
-პასკალი დამიძახეთ.
-პასკალი?
-დიახ, პასკალი, - ისევ გამიღიმა და მეც ღიმილითვე დავემშვიდობე. რამდენი სტუმარი არ მენახა ჩვენს ქალაქში, მაგრამ ეს კაცი რაღაცით ყველასგან უცნაური იყო, არა მხოლოდ თავისი გარეგნობის წყალობით, არამედ ისეც, მისი ლაპარაკის მანერა, მიხვრა-მოხვრა, ჩაცმულობა და თავად დამოკიდებულება უთუოდ გამორჩეული და არაორდინალური იყო.
   მაგიდა რომ გავშალეთ, პასკალს მივუკაკუნე, თუმცა არც ხმა გაუცია და არც კარი გაუღია. ბევრი ვიფიქრე და ხანგრძლივი კაკუნის შემდეგ იმის შიშით, რამე ხომ არ მოუვიდა-მეთქი, კარი შევაღე. ფანჯარასთან იდგა და გარეთ უაზროდ იყურებოდა.
-ბატონო პასკალ, დიდი ბოდიში, უბრალოდ დიდხანს ვაკაკუნებდი და კარი რომ არ გამიღეთ, ვიფიქრე... - ხმის გაგონებისას ელდა ეცა და შეცბუნებული იმწამსვე შემობრუნდა, მაგრამ ჩემთვის არც შემოუხედავს, მზერა მაშინვე საწოლს სტყორცნა და მეც უნებურად იქითკენ გავიხედე,თითქოს არაფერი, საწოლზე ერთი  თავისი  ჩემოდანი დაედო, ძველთაძველი და გაცრეცილი რომ იყო ის, გეგონებოდა ასობით წელია თან დააქვსო. ჩემოდანი გახსნილი იყო, მაგრამ უფრო უცნაური ის იყო, რომ შიგნით არც ტანსაცმელი ელაგა, არც წიგნები და არც რომელიმე მუსიკალური ინსტრუმენტი იდო, არამედ იქიდან ერთი უბრალო წითელი ვარდი იმზირებოდა.
-ახლავე გამოვალ, - მითხრა და მაშინვე ჩემოდანს მივარდა, დახურა და საწოლიდან სასწრაფოდ აიღო, საეჭვოდ იქცეოდა.
-ყველაფერი რიგზეა?
-დიახ...დიახ...- დაბნეულად, ენის ბორძიკით წარმოსთქვა, - ახლავე გამოვალ.
-თუ გნებავთ ვაზას მოგცემთ და მაგ ვარდს წყალში ჩაგიდებთ, ისე დაგიჭკნებათ, ლამაზი ვარდია, ცოდოა.
-არა!-უეცრად შეშინებულმა წამოიყვირა, - ეს ჩვეულებრივი ვარდი არაა, არ შეიძლება მისი წყალში ჩადება!
-უკაცრავად? - მეგონა ამ რამდენიმე წუთში, ბოლოს რომ დავტოვე, სულ მთლად გაგიჟდა-მეთქი.
-ეს ჩვეულებრივი ვარდი არაა, ის არასდროს ჭკნება, - გამეცინა, - სასაცილო გგონიათ? - ჩემოდანი ისევ საწოლზე დადო და გახსნა, - აი შეხედეთ, უბრალოდ არ შეეხოთ, - ვარდს დავაკვირდი, ერთადერთი რამ, რაც აღმოვაჩინე ის იყო,რომ ეკლები საერთოდ არ ჰქონდა, პირიქით, ძალიან სწორი და გლუვი ღერო ჰქონდა.
-ეკლები საერთოდ არ აქვს, - შევნიშნე მე.
-დიახ, უჩვეულო ვარდია, სულ თან დამაქვს, მისი წყალში ჩადება არ შეიძლება.
-და რატომ? შეუძლებელია, რომ არასდროს არ დაჭკნეს, მითუმეტეს ამ ჩემოდანში.
-ეს უკვდავების ვარდია, ყმაწვილო, ის არასდროს არ ჭკნება.
-და დიდი ხანია, რაც გაქვთ? - პასკალმა ჩაიღიმა და ჩემოდანი დაკეტა.
-მას შემდეგ, რაც ორმოცდაათი წლის გავხდი, - მითხრა კარებში გასვლისას.
   სადილი ძალიან მოეწონა, აღფრთოვანების დამალვა არც უცდია, თუმცა ჭამის დროსაც კი გაუჩერელივ ლაპარაკობდა, თავისი მოგზაურობის ამბებს გვიყვებოდა, სად აღარ ყოფილა, ჩაჰყვებოდა სავაჭრო გემს, დარჩებოდა 2-3 დღე სხვადასხვა ქალაქში, დაათვალიერებდა და შემდეგ გამოჰყვებოდა ხოლმე უკან. კარგი ხუმრობები იცოდა და თანაც ეს ძალიან ბუნებრივად გამოსდიოდა, ბევრი გვაცინა, მადლობა გადაგვიხადა და თავის ოთახში გამოიკეტა. საღამოს დასალევად შევთავაზე წამოსვლა, ქალაქში ერთი პატარა ტავერნა გვქონდა, უარი მითხრა და მარტო წავედი. უკვე ყველამ იცოდა სტუმარი რომ იყო ქალაქში და ისიც ჩემთან გაჩერებულიყო. მაშინვე დამესივნენ, აინტერესებდათ ვინ იყო, საიდან იყო, რამდენ ხანს რჩებოდა.
-არ ვიცი, უცნაური კაცია, პასკალი ჰქვია, ხვალ გაჰყვება ფრანკოს, ერთი ღამით რჩება.
-ჰო, მართლაც უცნაურად გამოიყურება, - კვერი დამიკრა ტავერნის მეპატრონემაც, რაც თავი მახსოვდა ეს კაცი სულ აქ იჯდა ხოლმე, ან სხვა საქმე არ ჰქონდა, ან ტავერნის მუშაობას აკვირდებოდა, მაგრამ მე მაინც პირველი მეგონა.
-მგონი თან ცოტათი გიჟია, იმ ჩემოდნით ერთი ვარდი დააქვს, ამბობს უკვდავი ვარდია და არასდროს ჭკნებაო, - ვთქვი სიცილით და რამდენიმე თანამოქალაქემაც ხმამაღლა გადაიხარხარა, - გიჟი შეგიშვია სახლში და ვერ გაგიგიაო.
-მოიცა და იმ გაცრეცილ ჩემოდანში მართლა ვარდი უდევს? - გაკვირვებით მკითხეს.
-ჰო, ჩემი თვალით ვნახე, თითქოს ჩვეულებრივი ვარდია, მაგრამ არც ეკლები აქვს და არც გასუფთავების კვალი ეტყობა.
-იქნებ, მართლა უჭკნობია.
-კარგი რა, გჯერა შენ მაგის? უჭკნობი ყვავილი სად გინახავს, ადამიანი ჭკნება ბოლოს და ბოლოს.
-ბიძაჩემს დავურეკავ, მეცნიერია, იმდენი წიგნი აქვს, თვალით რომ არ გექნება ნანახი, იცის ეგეთები, - თქვა და დასარეკად გავიდა.
-რაღაც სისულელეზე აწუხებს ამხელა კაცს, - გაკიცხვით გადააქნიეს თავი სხვებმა. მერე რამდენიმე ჭიქა დავლიეთ და ამასობაში დაბრუნდა კიდეც.
-რაო, რა გაარკვიე, არსებობს უჭკნობი ვარდიო? - დაცინვით ჰკითხა ვიღაცამ. ხმა არ გაუცია.
-მერე გნახავთ, ბიჭებო, - თქვა და ტავერნიდან საჩქაროდ გავიდა.
-ხომ მშვიდობს აქვს ნეტავ, სად გავარდა, - წამით ყველა გაოცებული შევსცქეროდით ტავერნის ცარიელ კარებს, მერე კი სმა გავაგრძელეთ, ისიც, პასკალიც და მისი უეკლო ვარდიც კი მიგვავიწყდა.
   სტუმარი ოთახიდან მხოლოდ დილით გამოვიდა. ისევ ისეთივე ჩაცმული და აღკაზმული, როგორიც თავიდან გამოგვეცხადა, უბრალოდ ხელში მხოლოდ ერთი ჩემოდანი ეჭირა, ის ძველმანი, შიგ უჭკნობი ვარდი რომ ედო.
-სასეირნოდ მივდივარ, შუადღისას დავბრუნდებიო, - გამოგვიცხადა და ქალაქში გავიდა.
    პასკალი არც შუადღისას დაბრუნდა, არც მზის ჩასვლისას, გემს რომ გაჰყოლოდა, თითქოს მიწამ ჩაყლაპაო. ქალაქში აქამდე სტუმარი არასდროს დაგვკარგოდა, ყველა ფეხზე დადგა. ქალაქის თავი პირველი გავარდა საძებნელად.
-სირცხვილია, სტუმარი როგორ დაგვეკარგა, სირცხვილი და თავის მოჭრა! - იკურთხებოდა ხმამაღლა და სამძებრო რაზმებს მითითებებს აძლევდა. ქალაქს აღმოსავლეთიდან პატარა ტყე ესაზღვრებოდა. იქ თუ დაიკარგებოდაო, იყო მოსაზრება. ქალაქის თავთან ერთად მეც იქ დავეძებდი ჩემს სტუმარს. რა ვიცოდი, მართლა თუ არ დაბრუნდებოდა შუადღისას, პატარა ქალაქი იყო, აქ არავინ არ იკარგებოდა ხოლმე, პასკალი პირველი შემთხვევა იყო.
   სამი საათის შემდეგ ვიპოვეთ... ტყეში, ძალიან ღრმად... თავისი ინგლისური ნაცრისფერი კოსტიუმი ტალახისა და შემხმარი სისხლისგან სულ მთლად მოსვროდა. ალაგ-ალაგ გახეულიც იყო, დანისგან მიყენებული ნაჭრილობებიდან წვეთ-წვეთად ისევ ჟონავდა სისხლი. სულ მთლად გათეთრებული იყო, თვალები ღია ჰქონდა, მუდამ სიცოცხლით აღსავსე თვალებიდან ახლა მხოლოდ შიში იკითხებოდა, შიში ჩამდგარიყო და შეყინვოდა სიკვდილის წინ გაშეშებულ მზერას. პირველი მოკლული სტუმარი იყო ჩვენს ქალაქში. არავინ იცოდა რა ეთქვა, რა გაეკეთებინა, ყველა გაქვავებულიყო. ბოლოს ისევ ქალაქის თავი მივიდა და პასკალს თვალები დაუხუჭა, პირჯვარი გადასწერა. ახლოს მივედი, სულიერად შეძრული და შეძრწუნებული. პასკალის გვერდით მისი ჩემოდანი ეგდო, გახსნილი, იქიდან კი დამჭკნარი და საოცრად გამხმარი ვარდი იმზირებოდა, თითქოს ორმოცდაათი წლის წინ გამხმარიყო ის ვარდი. ავიღე და მივხვდი, ეკლები მასაც არ ჰქონდა, იგივე ვარდი იყო, პასკალის უჭკნობი ვარდი.
   პანაშვიდი გადავუხადეთ და ქალაქის სასაფლაოზე დავასაფლავეთ. არ ვიცოდით საიდან იყო და საერთოდ ოჯახი თუ ჰყავდა, ეს არც ფრანკომ არ იცოდა და არც მისი გვარისა და წარმომავლობის შესახებ სმენოდა რაიმე, უბრალოდ კაპიტანი ერთ ქალაქში გაუცნია და უთხოვია, ფულს გადაგიხდი და თან წამიყვანეო, თურმე სულ თავის კაიუტაში ყოფილა გამოკეტილი და მხოლოდ დილაობით თუ გამოდიოდა გემბანზე, ისიც უხმოდ და უაზროდ შესცქეროდა ზღვას და შიგადაშიგ მეზღვაურებს რამდენიმე ხუმრობას თუ ეტყოდა და გულიანად, გულწრფელად გაუღიმებდა თავისი ფართო ღიმილით. პასკალი ყველას ძალიან უყვარდა, უცნაური იყო, ცოტათი გიჟიც, ან იყო კი მართლა შეშლილი? ესეც საკითხავია, მაგრამ მაინც შეეყვარებინა ჩვენთვის თავი რამდენიმე საათში, დიდი დანაკლისი იყო, ჩემთვის მითუმეტეს. მე ხომ მას ყველაზე კარგად ვიცნობდი.
   ქალაქის თავმა დამნაშავის პოვნა და შეპყრობა ბრძანა. მანამდე ფრანკოსა და მეზღვაურებს ნავსადგურის დატოვება აუკრძალეს. ოთხი დღე და ღამე ეძებდნენ დამნაშავეს, ყველას იმედი გადაეწურა, რომ იპოვნიდნენ, მაგრამ ბოლოს ნასკვი მაინც გაიხსნა. ის იყო, იმ მეცნიერის ძმისწული, მან მოკლა პასკალი, გამოსაკითხად რომ დაიბარეს, მაშინ აღიარა. მისი უცნაური ქცევის გამო მთავარი ეჭვმიტანილი იყო და მალევე გამოტეხეს. უჭკნობი ვარდის წართმევა სდომებია, პასკალმა არ დაუთმო და შეეწინააღმდეგა, მას კი დანა ამოუღია და საბრალო კაცი მოუკლავს, ჩემოდანი აუღია და გაუხსნია, შიგნით მართლაც იდო ულამაზესი ვარდი, მაგრამ როგორც კი ხელი შეახო და პასკალმაც საბოლოოდ შეწყვიტა სუნთქვა, ვარდი უეცრად დამჭკნარიყო და ისე გამხმარიყო, თითქოს ორმოცდაათი წლის წინათ დაიწყო ჭკნობაო. ის უბედური ქალაქიდან გააძევეს, რაც ეცვა იმის გარდა ყველაფერი ჩამოართვეს, ერთი პურიც კი არ გაუტანებიათ თან. ირონია ის იყო, რომ არა კაცის მკვლელობისთვის, არამედ ტრადიციის დარღვევისთვის დასაჯეს, რომ სტუმარ-მასპინძლობის მრავალსაუკოვანი ინსტიტუტი შეურაცხყო და შებღალა, რომ წესებსა და ადათებს უღალატა და სტუმრის მიმართ უპატივცემულობა  გამოიჩინა. პასკალის ვარდი მის საფლავზე დავდეთ, ახლაც იქ დევს, გამხმარი და დამჭკნარი, მაგრამ ვერც წვიმა აკლებს ვერაფერს და ვერც ქარი, მართლაც რომ მარად უჭკნობი დამჭკნარი ვარდი შეიქნა.

გიორგი ჩაჩხიანი

No comments:

Post a Comment