ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე
ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

Wednesday, July 24, 2019

კვალი წარუშლელი

შორეთს გავყურებ და ზღვის სანაპიროზე
ისევ მელანდები უკვე რა ხანია,
ისევ ისეთივე სპეტაკი და ნაზი,
დროს კი ვერაფერი შენთვის დაუკლია.

შენი ნაკვალევი ნაპირს ისევ რჩება
და ეს ნაბიჯები ისევ მენატრება,
მე კი ფეხშიშველი ქვიშას შევსცქერი და
მთელი ისტორია ისევ მაგონდება.

შენი გაღიმება, შენი ჩუმი სუნთქვა,
როგორ მეძახოდი, როგორ მოდიოდი
ჩემთან, ჩემს მკლავებში მუდამ მოღიმარი
და მეც სიყვარულით მთვრალი დავდიოდი.

ჩვენი ნაკვალევი ქვიშას სულ რჩებოდა
ახლაც ნოსტალგიით იგი მაგონდება,
მერე ბევრი იყო შტორმი იმ სეზონზე,
წყალმაც შენი კვალი სულ მთლად გადარეცხა.

მაგრამ როცა ისევ ძლიერ მენატრები,
შენც და შენი კვალიც ისევ მაგონდება,
წარუშლელი რომ გაქვს ჩემთან ნატერფული
და ზღვის მლაშე წყლითაც ვერა დააკლდება.

შორეთს გავყურებ და ზღვის სანაპიროზე
ისევ მელანდები უკვე რა ხანია,
ისევ ყურში მესმის შენი დაძახება,
შენი ილუზიაც არსად გამქარალია.

გიორგი ჩაჩხიანი

Saturday, July 20, 2019

მესაფლავე

  საფლავების თხრის ხმა ჩესმოდა ისევ ყურებში. ნიჩბების განუწყვეტელი ჩხარუნი და მიწაზე ყრუდ დასობა ისევ წივილისავით ესმოდა და ეს წივილი იმ ასობით მიცვალებულის წივილი იყო, წლების განმავლობაში მას რომ დაემარხა. რაც თავი ახსოვდა, სულ საფლავებს თხრიდა, ბავშვობიდან, რათა პურის ფული ეშოვა. ახსოვდა, როგორი მძიმე იყო ეს თავიდან, მიცვალებულების დანახვაზე როგორ უმძიმდებოდა გული, მაგრამ მერე შეეჩვია... შეეჩვია ისე, თითქოს უამისოდ მისი აღარცერთი დღე აღარ არსებობდა და თავად ეს - საფლავების თხა და გვამების მარხვა - იყო მისი მთელი ცხოვრება. ის იყო უკანასკნელი, ვის ხელშიც იმქვეყნად მიმავალნი გაივლიდნენ უკანასკნელად და ვინც მათ ხორციელ არსებობას სამუდამოდ დაასამარებდა და დამარხავდა მატლებით სავსე მიწაში. განა კი მხოლოდ ერთ სოფელში თხრიდა საფლავებს? არა, უკვე თვლაც კი აერია რამდენ თემში გათხარა საფლავი, თავიდან ითვლიდა, მაგრამ მერე ამანაც კი დაკარგა მნიშვნელობა, მიდიოდა ყველგან, სადაც სიკვდილი ელოდა დასამარხად, მიდიოდა ყველგან, საიდანაც უდროოდ მოკრეფილი თავთავები უხმობდნენ დასაბინავებლად. არავინ ჰყავდა და გუშინწინ თავისი ორმოცდამეათე დაბადების დღეც საფლავების თხრაში გაატარა, სადაც მიდიოდა, არავინ ეკარებოდა და თითქოს ერთგვარად სიკვდილს დაატარებდა თავისთან, ანდა კი ვინ მიეკარებოდა, როცა როგორც არ უნდა აეყარა მთელი დღის მიწის თხრისგან გამოწვეული ჭუჭყი და ოფლი, როგორ მაგრადაც არ უნდა გაეხეხა კანი და რამდენ ხანსაც არ უნდა მდგარიყო ცხელი წყლის ჭავლის ქვეშ, მაინც ასდიოდა ხრწნადი გვამებისა და თავად სიკვდილის აყროლებული სუნი. დახეულ, ძველ ხელთათმანებს მუდამ ატარებდა, მაგრამ ხელები მაინც სულ გადატყაული და გაშავებული ჰქონდა. ხანდახან, ძალიან იშვიათად, ღამით, როცა სასაფლაოზე მიცვალებულების მბორგავი სულების გარდა არავინ დათარეშობდა, ჩამოჯდებოდა თავის გათხრილ საფლავებს შორის და ფიქრობდა წარსულზე, როცა პორველად მოკიდა ნიჩაბს ხელი და პირველად გათხარა საფლავი სულ რაღაც ცამეტი წლის ასაკში. ახლაც ცივი ოფლი ასხამდა იმ კოშმარების გახსენებისას, მთელი სამი წელი რომ სტანჯავდა და მშვიდად დაძინების საშუალებას არ აძლევდა, თითქოს საფლავების თხრისას კუბოებიდან ამძორებული გვამები წამოხტებოდნენ და ყველანი ერთად მას ეხვეოდნენ, გუდავდნენ, ახრჩობდნენ და თავად სწოვდნენ სულს, რათა თვითონ როგორმე მაინც ეარსებათ და ეცოცხლათ, თითოეული მიცვალებულის სიცოცხლის ყოველი წამი მისი სულის მოკვდინების ყოველი წამი იყო და ერთხელაც,უბრალოდ ყველაფერი შეწყდა, ყოველი კოშმარი, ყოველი მოკვდინება, ღამეული ცივი ოფლის ყოველი წვეთი, რადგან თავად აღარ დარჩა აღარაფერი მოსაკვდინებლად, მისი სულის ყოველი ამოსუნთქვა, ყოველი წამი სიცოცხლისა დასამარებას მიეცა, ამძორებულმა გვამებმა მთლიანად შთანთქეს, მოგუდეს და სიცოცხლით აღსავსე სული გამოსწოვეს, წვეთ-წვეთად, ნელ-ნელა, ტანჯვითა და წამებით, მთელი სამი წლის განმავლობაში უსულგულოდ სწოვდნენ სიცოცხლეს, სანამ მისი თაფლისფერი თვალები სრულებით არ განაცისფრდა, სანამ ყოველი გათხრილი საფლავი და ყოველი დამარხული მიცვალებული მისთვის სულერთი არ გახდა. უკვე აღარც იმას კითხულობდა, ვის მარხავდა. უბრალოდ თხრიდა მიწას და არ აინტერესებდა ვინ იწვა კუბოში - მცირეწლოვანი ბავშვი, რომელსაც ნაადრევად, როცა ჯერ კიდევ კბილები არ ამოსვლოდა, მაშინ დაელია სული; ექვსი წლის სიცოცხლით აღსავსე ბიჭუნა, რომელსაც ჭლექმა მოუღო ბოლო; ახალგაზრდა დედა, რომელიც მშობიარობასა და ახალი სიცოცხლის დაბადებას გადაჰყვა, თუ კარგა ხნის მხცოვანი მოხუცი, მისთვის უკვე აღარ ჰქონდა ამ ყველაფერს მნიშვნელობა, რადგან გული იმ ნიჩაბივით უხეში და მაგარი გახდომოდა, რომლითაც ყოველი ამათგანის საფლავი გაეთხარა.
  ყოველთვის როდი მთავრდებოდა სამუშაო დღე ერთი გათხრილი საფლავით, იყო დღეები, როცა დღეში სამი და ოთხი საფლავიც კი გაუთხრია, იყო დღეები, როცა ერთი და იმავე საფლავის გათხრა რამდენჯერმე დასჭირვებია და იყო დღეები, როცა ისიც კი არ იცოდა, თუ ვისი საფლავი უნდა გაეთხარა. ახსოვდა ზამთრის ის საშინელი და ავადსახსენებელი ღამე. დიდი თოვლი მოსულიყო სოფელში, სიცივეს ყოველთვის ახლდა ხოლმე სიკვდილის გამოჩენაც და ისე არ გადაივლიდა ზამთარი სოფლიდან ორი-სამი კაცი მაინც რომ არ წარეტაცა თან, ძირითადად, ასაკოვნები ვერ უძლებდნენ იმ ყინვას, ძვალ-რბილში რომ ატანდა ხოლმე. იმ დღეს ორი საფლავი გათხარა. ორივეს ძალიან კარგად იცნობდა და მართალია წლები იყო უკვე აღარც არსად ეძახდნენ და აღარც არყის ჭიქას უჭახუნებდა აღარავინ, მაგრამ ახსოვდა ის დრო, წლების წინ მათთან ერთად უფლის სადიდებელიც რომ შეუსვია. ორივე თავისი ხელით მიაბარა მიწას, ორივეს კუბოს მან დააყარა მიწა და ალბათ, წლების წინ რომ დაემარხა, ნიჩაბს დაყრდნობილი საცხონებელსაც იტყოდა კიდეც, მაგრამ მაშინ, მათი საფლავები რომ გათხარა, აღარც ცხონების სჯეროდა და აღარც უფლისა. ბევრი ენახა და ბევრს უსამართლობადაც მიიჩნევდა, ალბათ, ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ თუ თავისი თანასოფლელი არ მოკვდებოდა, სხვა სოფლებში არც კითხულობდა თუ ვის სამარეს თხრიდა და ვინ იწვა კუბოში. აბა, სადმე სამართალი რომ ყოფილიყო რატომ უნდა დაღუპულიყო ის თოთო ბავშვი, რომელსაც ჯერ პირველი სიტყვა, დედა, ან მამაც კი არ წარმოეთქვა თავისი მშვენიერი ბაგეებით და არც თავისი თოთო თითები მოეჭირა მშობლის ათრთოლებულ თითებზე. ასეთი პატარა კუბო ცხოვრებაში არ ენახა. არათუ ოთხი, არამედ ერთი ადამიანიც თავისუფლად დაიტევდა ხელებში და მიწას ისე მიაბარებდა, ამიტომ აღარ სჯეროდა აღარაფრის და აღარც შესანდობარის თქმით იწუხებდა ხოლმე თავს. თავიდან, სანამ საფლავების თხრას შეუდგებოდა, რამდენიმე ჭიქა სპირტგარეულ არაყს გადაჰკრავდა კიდეც, უმისოდ უჭირდა საფლავების თხა და საკუთარ თავში საამისო ძალის გამონახვა, მაგრამ მერე, მერე ესეც კი აღარ დასჭირდა და ყველაფერმა დაკარგა თავისი მნიშვნელობა, უბრალოდ გათხრიდა საფლავს და საამისოდ პურის ფულს იშოვიდა, ეს იყო მისი მარტივი და ერთადერთი ჭეშმარიტება.
  იმ ზამთარს, იმ საბედისწერო დღეს ორი თანასოფლელი მიაბარა სამარეს. ახლად გათხრილ საფლავებსაც უკვე მალევე დასდებოდა თოვლი. ღამე, სანამ შინ, თავის ძველისძველ, თითქმის ჩამონგრეულ ქოხმახში წავიდოდა, ერთხელ კიდევ გადაწყვიტა საფლავების შემოვლა. ზამთრობით მგლები იცოდა სოფელში, როცა ტყეებში აღარანაირი საჭმელი აღარ ეგულებოდათ, დამშეულები სოფელს შემოესეოდნენ ხოლმე, ყოველი ღამე მგლების ყმუილსა და ძაღლების ყეფაში გადიოდა, სოფლის ნაგაზები მათ ტოლს არ უდებდნენ, მგლებს ეშინოდათ სოფელში შემოსვლა და მის გარდი-გარდმო დაძრწოდნენ ხოლმე. ზამთარში, განსაკუთრებით ღამით, ყველას სანადირო თოფი აეკიდა მხარბეჭზე, უმისოდ და ძაღლების გარეშე გავლა საშიში იყო, მესაფლავესაც ჰქონდა თავისი პაპისდროინდელი იარაღი, ყოველღამ საგულდაგულოდ რომ წმენდდა ხოლმე. ღამის თერთმეტი იქნებოდა საფლავების შემოვლა რომ დაიწყო. ამ ღამით უჩვეულო სიჩუმე იყო და ყმუილიც არსაიდან ისმოდა. თითქოს ყველაფერი რიგზე იყო და ის იყო უნდა გაბრუნებულიყო, რომ შორიდან ფაჩუნის ხმა გაიგონა, ფარანი შემართა და ხმისკენ მიამართა, სიბნელეში რაღაც სილუეტი გაარჩია, გამხდარი, გაძვალტყავებული ოთხზე იდგა.
-ჰაიიიტ! - დაიყვირა და მაშინვე იარაღს სტაცა ხელი. ფარნის შუქზე ნათლად გაკრთა რუხი მგლის გასისხლული ეშვები. მხეცი უკანა თათებს დაეყრდნო და თავდასხმისთვის მოემზადა. მესაფლავემ ჩახმახი შეაყენა და გაისროლა. გაისმა ყმუილნარევი ღრენის ხმა. ისევ ისროლა, მეორე ტყვია ფერდში გაარტყა და მგელმაც მაშინვე მოკურცხლა, თეთრ თოვლზე ნაფეხურების კვალად დაჭრილი ფერდიდან გადმოჟონილ ალისფერ სისხლს მიათრევდა. მესაფლავე აღარ დასდევნებია. ნელი ნაბიჯით გაემართა იქითკენ, სადაც მგელი შენიშნა და თოვლზე დაგდებული, გაჯიჯგნული ადამიანის მტევანი დაინახა. მაშინვე მიხვდა, ახალგათხრილი საფლავიდან ამოეთხარა იგი. მტევანი, უფრო სწორად ის, რაც მისგან დარჩენილიყო, აიღო და საფლავების მოსანახულებლად გაეშურა. ისე თოვდა, რომ ორივე საფლავს უკვე გვარიანად დასდებოდა თეთრი საფარი. ვერ გაარჩია, რომლის მტევანი იყო. ნიჩაბი მოიტანა და იქვე ახლოს, დიდი ძალისხმევის ფასად პატარა ორმო ამოთხარა და მტევანი შიგ ჩაფლა. თოვა რომ შეწყდებოდა დანარჩენს მერე მიხედავდა.  არ უყვარდა თოვის დროს საფლავების თხა, ყველაზე მეტად ეს ეზიზღებოდა და რა გასაკვირია, რომ თავისი ცხოვრების ყველაზე დიდი უსიამოვნება და ზიზღიც სწორედ რომ საფლავების თხრას უკავშირდებოდა.
  მესაფლავეს მხოლოდ ერთი უგებდა ამქვეყნად და ეს ისევ თავისი თვისტომი იყო. სწორედ მის ლოდინში ჩამომჯდარიყო ახლა საფლავებს შორის და თავის განვლილ ცხოვრებაზე ფიქრობდა. ის თოვლიანი საბედისწერო ღამე ახსენდებოდა, პირველად იყო, თავად რომ ესროლა რაიმეს და სულიერი არსების, როგორი მხეციც არ უნდა ყოფილიყო ის, შესაძლო მკვლელი გამხდარიყო. არ იცოდა, გადარჩა თუ არა მხეცი, მაგრამ ვერც მას ვერ ამტყუვნებდა, საკვები და თავის გადარჩენა უნდოდა, სიცოცხლე სწყუროდა და სხვა არა გზა ჰქონდა სასაფლაოზე სტუმრობის გარდა, თუკი მესაფლავე იმისთვის თხრიდა საფლავებს, რომ პურის ფული ეშოვა, მგელი თავად ამ პურის გამო თხრიდა. ორივეს ერთი მოტივი ამოძრავებდა და ეს გადარჩენა და თავიანთი უბადრუკი, დაჩაჩანაკებული და მათივე სხეულებივით გაჩხიკული და გალეული ცხოვრების გახანგრძლივება და სურვილი იყო. განა მგელს ეხალისებოდა თოვლში საფლავების გათხრა? მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა, ეს იყო მისი გადარჩენის ერთადერთი გზა და მესაფლავისავით იმას აკეთებდა, რითიც სარჩოს იშოვიდა. ამაზე ფიქრში მოესმა ნაბიჯების ხმა. თავი ასწია და თვისი თვისტომი დაინახა.ის არც მისი ნათესავი იყო და არც ახლობელი, მაგრამ გაცილებით მეტი აკავშირებდა მასთან, ვიდრე ნებისმიერ სხვასთან და გაცილებით მეტი ესმოდა მისი, ვიდრე ნებისმიერი სხვისი. მათ ხომ ერთი გოლგოთის ჯვარი ჰქონდათ საზიდებელი, მათ ხომ, ორივეს, ძალიან მძიმე ხვედრი არგუნა ცხოვრებამ, ორივეს სიკვდილის ტვირთი ჰქონდა სატარებელი. მოძმის დანახვაზე წამოდგა და გულთბილად გადაეხვია.
-რა დრო გასულა, ბორია, - უთხრა მეგობარს და მხარზეც დაჰკრა ხელი.
-დიდი, ჩემო მეგობარო, გულწრფელად მითხარი, ბოლოს რომ გნახე, იმის მერე რამდენი საფლავი გათხარე? - მესაფლავე ჩაფიქრდა.
-თექვსმეტი, შვიდი ამ სოფელში და ცხრაც გვერდით სოფლებში, შენ რამდენი კუბო მიაბარე მიწას?
-ოცდაერთი, ჩვენთან უფრო მალე კვდება ხალხი, ახალგაზრდობა აღარ დარჩა სოფლად და ძველებს კი სიცოცხლეც აღარ დარჩენიათ. ჩვენც რომ მოვკვდებით, მერე რაღა ეშველება სოფელს.
-მოვა ვინმე და აიღებს ხელში ნიჩაბს, ის გათხრის საფლავებს.
-ამ ტვირთს მტერსაც კი არ ვუსურვებდი. მითხარი, როგორ ხარ, როგორ უძლებ?
-ყველაფერი შეჩვევაა, ჩემო ბორია, შენ არ გათხრი, სხვა გათხრის, ასე პურის ფულს მაინც შოულობს კაცი, შიმშილით სული არ ამოგხდება, - ბორიამ თავი დაუქნია და სასაფლაოს მოავლო მზერა.
-კარგად გაქვს მოვლილი.
-ჩემი საქმეც ხომ ესაა, შენზე რას იტყვი?
-მოვიდა სიბერე, უკვე მიჭირს მიწის თხრა, ის ჯან-ღონე აღარა მაქვს, რაც უწინ მქონდა. რაც უფრო მეტად ვბერდები, უფრო და უფრო ვფიქრობ სიკვდილზე, ნეტავ, ვინ გათხრის ჩემს საფლავს, როცა მე აღარ ვიქნები.
-თუკი ჩემზე ადრე წახვედი, მე ამოვალ და სათანადო სამარეს გაგითხრი, - უთხრა ხუმრობით და ორივეს გულიანად გაეცინა.
-აქედან ჩემამდე შორია, ხომ იცი, მაგრამ ამ მხარეში მეტი მესაფლავეც არ მეგულება.
-შენ მაგაზე არ იდარდო, ძამია, ერთ გოჯს ვერ დაუწუნებ, ისეთი საფლავი იქნება.
-ნეტავ, ჩვენს საფლავებზე თუ მოვა ვინმე, - მესაფლავეს სახეზე ენით აუწერელი სევდა აღებეჭდა.
-საფლავის გათხრაზე მარტივი რა არის, აი, ამ გათხრილ საფლავზე დამფასებლის მოსვლა, ოო, აი ეგაა მთავარი, ჩემო ბორია, მაგდენი უკვე აღარ ვიცი. იმედია, ვინმე მაინც დაგვიდებს გულზე ერთ ცალ ყვავილს, ბოლო-ბოლო ამდენი საფლავი გაგვითხრია მათი ოჯახებისთვის.
-საქმეც ეგაა, მაგის გამო არა მგონია ვინმემ ყვავილი დაგვიდოს, ისევ ღირსეული და პატიოსანი მესაფლავე თუ მოგვიპუტავს გულზე ამოსულ ბალახს, მაგრამ სიმართლე რომ გითხრა, მაგისიც არა მჯერა, ეგ რომ ქნა, უნდა გიყვარდეს შენი საქმე და მე ამქვეყნად ერთი მესაფლავეც კი არ მეგულება, ეს ხელობა რომ მოსწონდეს.
-რთულია, ძალიან რთულია.
-ერთი კვირის წინ, - ღრმად ჩაისუნთქა და მძიმედ დაიწყო ბორიამ, - ერთი გოგო დავასაფლავე, მხოლოდ ჩვიდმეტი წლის იყო.
-რა მოუვიდა?
-თავი მოიკლა, ერთმა ბიჭმა შეაცდინა, დაბადების დღე აღუნიშნავთ, დაულევიათ და მერე მთვრალი შეუცდენია, თავი მოიკლა, დიდი ტრაგედიაა.
-ამ ზამთარს მგელს გაუთხრია შუადღით დამარხული საფლავი, მოგლეჯილი მტევანი ვიპოვე თოვლზე, მგელი წასდგომოდა და პირში ღრღნიდა.
-მერე?
-ვესროლე, პირველი ავაცილე.
-მეორე?
-ფერდში გავარტყი, გაიქცა, აღარ დავედევნე. რისთვის მომეკლა, იმისთვის, რომ თავის გადარჩენასა და საკვების შოვნას ცდილობდა? შეიძლება მაინც მომკვდარიყო, არ ვიცი, ბლომად სისხლი დაღვარა.
-მგლები ჩვენთანაც მრავლად არიან, დიდი პრობლემაა. ნაგაზი ჩამოვიყვანე თუშეთიდან, ახლა ის სდარაჯობს სასაფლაოს.
-ვინმემ არ მოგპაროს მერე.
-არა, ვის მოაპარინებს თავს, ადამიანი ხომ არაა.
-ეგეც მართალია. წავიდეთ, დაღამდა უკვე, ცოტა დავლიოთ და ლოგინსაც გაგიშლი. ხვალ დილით ადრე უნდა ავდგე, ერთი საფლავი მაქვს გასათხრელი.
-მეც მოგეხმარები, მაინც ჩამოსული ვარ.
-არ მინდა ჩემი ტვირთი გადმოგზიდო, ახალგაზრდა ბიჭია, ფილტვების ანთებით დაიღუპა, მძიმე ტვირთია.
-უკვე ისედაც მძიმეა ჩემი ჯვარი, მეტი მას ვეღარ დაამძიმებ, ხვალ ერთად გავთხით საფლავს, - მესაფლავემ თავი დაუქნია და სიბნელეში სასაფლაოს ჭიშკარს მიღმა გაუჩინარდნენ.

გიორგი ჩაჩხიანი

Wednesday, July 3, 2019

შენ თუ სვეტიცხოველი...

   


   გასაოცრად ელვარებდა სვეტიცხოვლის გუმბათი და მზის დაცემულ სხივებს ისე ირეკლავდა, თითქოს სინათლის დისპერსიის მოწმე გამხდარიყო ყოველი ადამიანი, რომელიც საქართველოს დედა-ტაძრის მაღალ გუმბათს შესცქეროდა და თვალხილული სილამაზის აღქმით ტკბებოდა. მაგრამ, განა, სვეტიცხოველი იყო ჩემთვის ყველაზე ლამაზი ქმნილება, რომელსაც ამ წამს შევსცქეროდი? შეფასებითი მსჯელობა ხომ სუბიექტურია და მისი ობიექტურად დასაბუთება შეუძლებელია თავისი შეფარდებითი ბუნების გათვალისწინებით. სწორედ ამიტომ, მაგრამ მხოლოდ ესეც კი არ იყო მიზეზი, სვეტიცხოველი და მისი მოკაშკაშე გუმბათი არ ყოფილა ჩემთვის ყველაზე მშვენიერი ქმნილება მიუხედავად იმისა,რომ ახლა სწორედ მის წინ ვიდექი; მაგრამ მე არ ვიყავი მარტო... თუმცა ამ ყოველივეს შემყურე მაინც ჩემს სიმარტოვესთან დარჩენილი, საკუთარ ფიქრებსა და ოცნებებში ჩაკარგული, მაინც ვგრძნობდი უცხო სხეულის შეხებას ჩემსაზე. მაგრამ განა კი მართლა უცხო იყო? ის ხომ იმაზე უფრო მეტად ნაცნობი იყო, ვიდრე საკუთარი? მისი ხელი, რომელიც ნაზად განისვენებდა ჩემსაში, ხომ უფრო თბილი, ნაცნობი და სათაყვანებელი იყო, ვიდრე ჩემივე. სვეტიცხოვლის გუმბათს არეკლილი ფერების წიაღში ჩაძირვა კაცს ნირვანას მოაგონებდა, მაგრამ მე ხომ უკვე ვიყავი ძალიან, ძალიან დიდ ნირვანაში ჩაძირული და ამის მიზეზი ხომ სვეტიცხოველი არ ყოფილა.
-რაზე ფიქრობ? თვალები გაგიშტერდა, - და აი ისიც, ჩემთვის უძვირფასესი ბაგეები წამიერად შეირხა, ამოძრავდა და იმის მაგიერ,რომ ამ ნირვანიდან გამოვეყვანე, კიდევ უფრო ღრმად ჩამძირა მასში, შიგნით. ეს სულ ასე ხდებოდა, ყოველთვის, დაუსრულებლად, მაგრამ ნირვანა იმით განსხვავდება თუნდაც მომძლავრებულ განცდათა უკიდეგანო ზვირთებისგან,რომ ის მუდამ მშვენიერია და როგორ ღრმადაც არ უნდა ჩაიძირო მასში,ბოლომდე მაინც არ წაგლეკს და დახრჩობა მაინც არ გემუქრება. უბრალოდ გამეღიმა, მისთვის, მასზე, - რა იყო? - მკითხა ეშმაკურად. არ მიპასუხია, რადგან ხშირად სიტყვები უბრალოდ ზედმეტია და ყველაფერს აფუჭებს ხოლმე. უბრალოდ მის ხელს სულ ოდნავ უფრო ძლიერ მოვუჭირე. სათქმელს მიმიხვდა, აი სწორედ ეს მომწონდა მასში, თუმცა მე მასში კიდევ ბევრი რამ მომწონდა, არა, მიყვარდა, მიყვარდა სიგიჟემდე, იქამდე, სადაც თავად უკიდეგანობაც კი მთავრდება და თავად ის მიყვარდა სიგიჟის უკანასკნელ ზღვრამდე. ჩამეხუტა, ყოველგვარი სიტყვებისა და ჟესტების გარეშე, მგონი, ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა, ისწავლა ჩემგან,რომ სიტყვები ხშირად ზედმეტია და უბრალოდ ყველაფერს აფუჭებს ხოლმე და აი, სვეტიცხოვლის წინ ორი მონათესავე სული და ერთმანეთის უზომო სიყვარულით აღსავსე აძგერებული გული ერთმანეთის მკლავებში გარინდული, უხმოდ უსმენდა ერთამანეთის სუნთქვასა და გულისცემას.
-კარგი ვქენით რომ წამოვედით, - თავი ისევ ჩემს მკერდზე ედო და თმაზე ნაზად ვეფერებოდი.
-ჰო, - ვუპასუხე, - მართლაც ძალიან კარგი ვქენით,რომ წამოვედით.
-და ვისი იდეა იყო? - მკითხა ეშმაკურად.
-შენი, ყველაზე საოცარი გოგოს მთელ სამყაროში, - თავი აწია და შემომხედა, თავისი მშვენიერი, გაბრწყინებული თვალები შემომანათა. ახლა მისი გაბადრული სახე და თავად ის იყო ჩემთვის ყველაზე მშვენიერი ქმნილება.  
-წამოდი, შიგნით შევიდეთ, - ხელი ჩამკიდა და ტაძარში შემიძღვა. სარკმლებიდან შემოჭრილი ათინათი სვეტიცხოვლის კედლებზე მოუსვენრად დათამაშებდა და ტაძრის დასავლეთ მკლავის დასავლეთ კედელზე, სარკმლის სამხრეთით ქრისტესა და სამარიტელი ქალის სახარებისეულ სცენას, რომელიც მე-11 საუკუნის მხატვრობის შემორჩენილ მცირეოდენ ფრაგმენტს წარმოადგენს, ერთგვარ შუქჩრდილების ეფექტს სძენდა. მე-11 საუკუნის მხატვრობას XVI, XVII და შესაძლოა XVIII საუკუნეების ფერწერა ერწყმოდა. სვეტიცხოველი მართლაც რომ უზადო იყო და ყოველ მომლოცველსა, თუ უბრალო დამთვალიერებელს არნახული სილამაზით ტკბობის საშუალებას აძლევდა, ყოველი აღტაცებაში მოჰყავდა, ყოველს გულში რწმენას უსახავდა, სვეტიცხოველი ეს თავად იყო ყოველივე ღვთიურის გამოვლინება. სანთლები დავანთეთ. მაცხოვრის ფრესკის ქვემოთ, მისმა შემყურემ ლოცვა წარმოვთქვი და ჩემი ეს ლოცვაც მას ეძღვნებოდა, მისთვის იყო. მაშინ,როცა ადამიანი ღმერთს საკუთარ ხსნასა და დღეგრძელობას სთხოვს, მე მისი შევსთხოვე, რადგან უმისოდ არც ჩემი იქნებოდა და მე ეს კარგად, ძალიან კარგად ვიცოდი. ჩუმად გავაპარე მისკენ მზერა, ღვთისმშობლის ხატის წინ მოკრძალებულად იდგა, ხელში ანთებული სანთელი ეჭირა, ნეტავ ის რას ფიქრობდა? ნეტავ ის რაზე ლოცულობდა და რას შესთხოვდა ქალწულ მარიამს? კედლებიდან მომზირალი ულამაზესი მოხატულობის ფონზეც კი ის იყო ჩემთვის უზენაესი მშვენიერების მპყრობელი. პირჯვარი გადაიწერა და სანთელი დაანთო. ჩემთან მოვიდა, ხელი მკლავზე ნაზად შემახო და ასევე უხმოდ ორივემ სვეტიცხოვლის გუმბათისკენ ავიხედეთ, რომლის სარკმლებიდანაც შემოჭრილი ათინათი კვლავაც მოუსვენრად დათამაშებდა ტაძრის კედლებზე.
-„დაუჩოქა სამგზის სანატრელმა, სთხოვა დიდოსტატს სული... მაგრამ ვერც საყვარელს მისცა მან სული, რადგან სვეტიცხოველისთვის შეეწირა იგი“, - უეცრად ეს ციტატა გამახსენდა და ჩუმად დავიჩურჩულე. შემომხედა:
-და შენ?
-მე?
-ჰო, შენ რას იზამდი არსაკიძის ადგილას?
-„ერთ სასწორზე ორი უძვირფასესი ქმნილება დაჰკიდესეს საღამო გამოარკვევდა რომელი მათგანი გადასწონიდასვეტიცხოველი თუ შორენაორივენი ერთსა და იმავეს მოითხოვდნენ მისგან: სიცოცხლეს“. - პასუხმა არ დააკმაყოფილა, თვალმოუშორებლივ მიყურებდა და ჩემს პასუხს ელოდა. რა მეთქვა? მე ხომ არც დიდოსტატი და არც სვეტიცხოვლის ამგები ხუროთმოძღვარი ვიყავი, უბრალოდ ერთი, მასზე სიგიჟემდე შეყვარებული ჭაბუკი გახლდით, - ჩემი სიცოცხლე ისედაც შენ გეკუთვნის, უშენოდ მას არ აქვს ფასი, უშენოდ იგი უაზრო და ერთფეროვანი იქნებოდა, თუ რამ მშვენიერია ჩემს ცხოვრებაში, ეს შენ გამოა ასე, - გამიღიმა და ეს იყო ძალიან ნამდვილი, სიყვარულითა და მზრუნველობით აღსავსე გულწრფელი ღიმილი. მკლავზე ხელი ჩამჭიდა და თავი ნაზად მომადო. წამით ასე ვიდექით სვეტიცხოვლის გუმბათის ქვეშ, შემდეგ კი გარეთ გამოვედით. შემოვბრუნდით და ტაძარს მივაპყრეთ მზერა. გვინდოდა ბოლომდე შეგვეგრძნო და აღგვექვა მისი სიდიადე, არ გვინდოდა სვეტიცხოველთან გამომშვიდობება.
-ალბათ, როგორი რთული იქნებოდა.
-რა?- ვკითხე მე.
-შორენასთვის, ნებისმიერ ქალზე ეჭვიანობაზე უარესია სვეტიცხოველზე ეჭვიანობა, რადგან დროსთან ერთად ნებისმიერი ქალის სილამაზე მიდის, დროსთან ერთად ნებისმიერი ქალი ჭკნება და იღუპება, სვეტიცხოველი კი არა... ის მუდამ ასეთივე ლამაზი, მშვენიერი, დიდებული და გრაციოზულია. მას დრო ვერაფერს დააკლებს და ამ გაუთავებელ ორთაბრძოლაში მრავალი ადამიანის სულს შეიწირავს; და ალბათ, ასეც უნდა იყოს, - ისევ შემომაცქერდა, ცოტათი სევდიანად, - შენ მართლა მე ამირჩევდი? - წამით დავფიქრდი და თავი დავუქნიე.
-თუნდაც ძალიან დიდი მკრეხელობა ყოფილიყო ეს ჩემი მხრიდან, - ისე სევდიანად მიყურებდა, მეგონა წამიც და მის მშვენიერ თვალებს ცრემლები დაეკიდებოდა. გაიღიმა, მისი ყოველი ღიმილი, როგორი ხალისიანი თუ სევდიანიც არ უნდა ყოფილიყო, ჩემი სიხარულისა და ულევი ბედნიერების დასაბამს წარმოადგენდა. ხელი ჩამკიდა და ძველი დედაქალაქისკენ გამიძღვა. ქვაფენილით მოავარაყებულ ქუჩებში ხელჩაკიდებულები და უზომოდ ბედნიერები დავხეტიალობდით. ჩვენ ირგვლივ უძველესი და ულამაზესი ქალაქი გადაჭიმულიყო, რომლის უმშვენიერეს ნაგებობათა თუნუქის სახურავები წითლად ელვარებდა, მაგრამ არაფერი მაინტერესებდა, სრულიად არაფერი. მე უზომოდ ბედნიერი ვიყავი არა იმიტომ,რომ მცხეთის არაჩვეულებრივი ხედებით დატკბობის საშუალება მქონდა, არამედ იმიტომ, რომ ამ ყველაფერს მასთან ერთად ვაკეთებდი და თავად მისი ცქერით და მასთან ყოფნით ტკბობა შემეძლო. ვუყურებდი და ვიცოდი,რომ ეს გაბრწყინებული თვალები ჩემი იყო, მისი უმშვენიერესი და გულწრფელი ღიმილი მე მეკუთვნოდა და ჩემკენ იყო მომართული. სწორედ ამ წამს მინდოდა, ძალიან მინდოდა,რომ ხელები გამეშალა და მთელ ხმაზე მეყვირა, რომ ის მიყვარდა და მასთან მინდოდა მთელი ცხოვრების გატარება. წამით შევდექი და უბრალოდ მას შევაცქერდი, მან კი გზა განაგრძო, მაგრამ როცა მიხვდა,რომ გვერდით აღარ მივყვებოდი, შემობრუნდა და გაკვირვებული მზერით მკითხა:
-რა მოხდა? - მე კი, მისი მშვენიერებით მოხიბლული ისე ვიყავი განცვიფრებული და აღტაცებული,რომ ნაბიჯის გადადგმაც კი არ შემეძლო. აი, ისევ ჩამაგდო თავდაუღწეველ ნირვანაში. გაეცინა, - ჩემს გამასხრებას აპირებ? ისე დგახარ, თითქოს გორგონასთვის შეგეხედოს და ადგილზევე გაქვავებულიყო, - მითხრა სიცილით.
-მედუზას არა, მე შენ შემოგაცქერდი.
-და მერე? - ცბიერად მომიახლოვდა.
-არ მინდა გულისამაჩუყებელ რომანტიკოსს დავემსგავსო.
-მაგისთვის უკვე გვიანია.
-მართლა?
-ჰო, კარგა ხანია, შენ უკვე ჩემი გულისამაჩუყებელი რომანტიკოსი ხარ.
-და შენ? შენ არ ხარ ჩემი გულისამაჩუყებელი რომანტიკოსი? - გაიცინა და თავი გააქნია, - არა? დარწმუნებული ხარ? - ხელები კისერზე შემომაჭდო და თვალებში ჩამხედა.
-არა, დარწმუნებული არ ვარ, - ჩვენი მზერა ერთმანეთისაში ჩაიკარგა, მისკენ დავიხარე და წამიერად ჩვენი ბაგეები ერთმანეთისას შეერწყა.
-მიყვარხარ, - ყურში ნაზად ჩავჩურჩულე და ასეთივე პასუხი მივიღე:
-მეც მიყვარხარ, - ერთმანეთის მკერდზე მიხუტებულები ერთმანეთის გულისცემას ვუსმენდით, ბედნიერი, ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან ყურს ვუგდებდი ამქვეყნად ყველაზე მშვენიერი გულისძგერას და ვიცოდი,რომ ეს გული ჩემთვის ძგერდა.