ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე
ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

Saturday, December 28, 2019

კაცი, რომელიც მთაზე ზის


-გზას ხომ ვერ მიმასწავლით?
-სად მიდიხარ, ახალგაზრდავ?
-აი, მთაზე რომ კაცი ზის, იმასთან.
-ვინა? ყველაფერი რომ იცის, იმასთან?
-დიახ, მაგრამ მგონი გზა ამებნა...
-აბა მე რა გასწავლო, ჭაბუკო, ეგ კაცი შენით უნდა იპოვო! - მკვეხად მომახალა და გზა გააგრძელა, ვინ იცის, ამ ბერიკაცს ჩემამდეც და ჩემ მერეც რამდენი გზააბნეულისთვის მიუგია ასე უკმეხად ეს სიტყვები და თავისი გზა გაუგრძელებია. ალბათ, ბევრისთვის, ან კი ბევრი შეიძლება არც დაეძებდა იმ კაცს, მთაზე რომ იჯდა და ყველა კითხვაზე ჰქონდა პასუხი, რადგან ბევრს ხომ ჰგონია, რომ ყველაფერი თავადვე იცის და თავის ამ ნაყალბევ ცოდნასაც კარგად დაგაჯერებს ხოლმე.
  ხუთი თვე და ცოტა მეტი დავეძებდი იმ კაცს, მთაზე რომ იჯდა. მაისი ილეოდა მის საძებნელად რომ გავეშურე, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ახლაც ვერ ვხვდები, რატომ და რამ მაიძულა თითქმის ნახევარწლიანი ვოიაჟი ამ კაცის საპოვნელად. თავიდან ისე დავიარებოდი უკაცრიელ უდაბნოში, რომ არათუ მთა, არამედ ერთი პაწაწინა ოაზისიც კი არ მხვდებოდა, სრული სიცარიელე გაწოლილიყო ჰორიზონტს მიღმა, უმისამართო, უგზო-უკვლო, ერთი ნიშანიც კი არ ჩანდა იმისა, რომ იქ სადღაც, კილომეტრებით შორს, აზიდული მწვერვალი და მასზე მჯდომი კაცი მელოდა, არა, უბრალოდ ვიცოდი,რომ ის იქ იქნებოდა, უბრალოდ მჯეროდა ამის და მჯეროდა იმისიც, რომ მე ამ კაცს ვიპოვიდი. მასზე ბევრს საუბრობდნენ, ბევრიც მის ნახვასა და მასთან შეხვედრას იჩემებდა, ზოგი იმასაც ამბობდა, ღვინოც შეგვისვამს ერთადო, კიდევ იმაზეც საუბრობდნენ,რომ ამ კაცს მთაზე წითელყელიანი ბულბულები ჰყავდა, რომლებიც იმ მთიდან არცთუ ისე შორს დაფრინავდნენ, ის კაცი რომ იჯდა. თითქმის ორთვიანი უგზო-უკვლო ხეტიალის შემდეგ, ივლისის თვეში პირველად დავინახე ასეთი ბულბული, ქვიშიან სტეპებს შორის მიმავალს უეცრად თავზე რომ გადამიფრინა, უხმოდ, მაგრამ მაინც. მაშინ კი, მაშინ ვიწამე ჩემი გეზისა და მთელი ამ წამოწყების არააბსურდულობისაც დავიჯერე. ის კაცი იქ იჯდა, იმ მთაზე და მე მელოდა.
 აგვისტოში პირველად გავიგე წითელყელიანი ბულბულის გალობის ხმა და ამ ხმაზე უფრო მშვენიერი რამ ცხოვრებაში არ მომესმინა. უკაცრიელ უდაბნოში მოხეტიალეს შვებასავით მესმა მისი ხმატკბილი გალობა და სწორედ ამ ბგერების მოსმენისას დავრწმუნდი იმაში, რომ მე იმ კაცს ნამდვილად ვიპოვიდი, მთაზე რომ იჯდა.
  იცით, ცხოვრების ერთგვარი პარადოქსი რა არის? როდესაც სასურველს უახლოვდები, სწორედ მაშინ იქცევა უდაბნოს ჩვეული პასატები ნამდვილ ქარიშხლებად, ზუსტად ისეთებად, რომლებსაც შენი წაღებაც კი შეუძლიათ და არათუ მთასთან მისვლაში დაგეხმარებიან, არამედ პირიქით, შესაძლოა, რომ სამუდამოდ დაგაშორონ მისგან და მთელი გზა-კვალი წამებში აგირიონ. რაც უფრო ვუახლოვდებოდი მთაზე მჯდომ კაცს, ასეთი ქარიშხლები უფრო ხშირი და უფრო ძლიერი იყო. ყოფილა ისეც, ვფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი უშედეგო იყო და მე იმ მთამდე ვერასდროს მივაღწევდი, ყოფილა ქარიშხლებიც, რომლებსაც მეგონა,რომ ვერ გადავურჩებოდი და ყოფილა ისეც, რომ მიუხედავად მებრძოლი ჟინისა, მაინც დავნებებულვარ ამ ქარიშხალს, მაგრამ არა ისე, რომ ჩემი სათქმელი არ მეთქვა მისთვის, ის, რის გამოც ამდენი ხანი მოვდიოდი ამ მთისკენ, ის, რისთვისაც მინდოდა მისი პოვნა და ისიც, თუ რატომაც უნდა მეპოვნა ის კაცი, მთაზე რომ იჯდა. ხმის ჩახლეჩამდე ვუყვიროდი ქარბუქით გარშემორტყმული, მაგრამ ბოლოს იმედიც კი მოკვდა. ბოლოს მედგარი წინააღმდეგობაც კი გატყდა და მუხლები მომეკვეთა, მივხვდი, რომ ამ მთის პოვნისა და იმ კაცთან შეხვედრის სურვილით ისე ვიყავი შეპყრობილი,რომ სულ ამაზე მეფიქრებოდა და იმის გააზრება, რომ შეიძლებოდა, შეიძლებოდა არა, რომ მთაზე მჯდომ კაცს ვერ ვიპოვიდი, სრულიად მანადგურებდა და მტანჯავდა, ნაწილ-ნაწილ მწოვდა ხალისს, სილაღეს, ბედნიერებას, იმედს და ერთადერთი, რასთან ერთადაც მტოვებდა ეს აუტანელი წუხილი, ტანჯვა და ამოუვსებელი სიცარიელე იყო.სწორედ ამ დროს გავიაზრე, რომ ამ ქარიშხალმა გამტეხა და მთელი ეს ვოიაჟი ნამდვილ გოლგოთად მიქცია. გოლგოთად, რომელსაც ვერ გავუმკლავდებოდი, გოლგოთად, რომელზეც ვერ ავიდოდი, რადგან თუკი ამ გზას გავუყვებოდი, ბოლოში ჯვარცმის მეტი არაფერი მომელოდა, ხავსის ერთადერთ ნაგლეჯს ვებღაუჭებოდი და ეს აქამდე გამოვლილი გზის გახსენება იყო, ეს იმ წითელყელიანი ბულბულის დანახვა და მისი ხმატკბილი გალობის მოსმენა იყო, ამის გამო არაფერს ვნანობდი და ამის გამო ყოველთვის დიდი სიამოვნებითა და სევდანარევი, მაგრამ მაინც გულწრფელი ღიმილით გავიხსენებდი მთელ ამ ვოიაჟს.
  შემდეგ კი... შემდეგ მოხდა ის, რასაც არ ველოდი, რისი იმედიც უკვე აღარ მქონდა, მე მთა დავინახე, სექტემბრის შუა რიცხვებში იმ მთის კალთები გამოჩნდა, კაცი რომ იჯდა, რომელსაც ყველა კითხვაზე ჰქონდა პასუხი. ბედისწერის ნაწილს თავადვე ვქმნით, მეორე ნაწილი კი წინასწარაა განგების მიერ განსაზღვრული, ალბათ, სწორედ ეს უკანასკნელი შემთხვევა იყო ამ მთის კალთების პოვნაც. არ ვიცოდი რა მელოდა ზემოთ, არ ვიცოდი რას მეტყოდა ის კაცი, წამით დავფიქრდი და შემეშინდა მისი პასუხების მოსმენისა, რადგან იყო საშიშროება საკუთარი თავი დამეკარგა მასთან საუბრისას და წამით შემეპარა ეჭვი იმაში, თუ რამდენად მინდოდა მასთან შეხვედრა და მის პირისპირ აღმოჩენა, მაგრამ მივხვდი,რომ მის გამო ღირდა ამ რისკის გაწევა, რადგან მთაზე მჯდომ კაცთან შეხვედრა, როგორ ცუდადაც არ უნდა დამთავრებულიყო ის, მაინც იქნებოდა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი და დასამახსოვრებელი ეპიზოდი.
  სექტემბრის შუა რიცხვებში მთის კალთებს ავუყევი, მაგრამ მთის მწვერვალი ოქტომრის პირველ რიცხვებში გამოჩნდა. ვიგრძენი, როგორ ამიძგერდა გული მისი დანახვისას და ერთგვარი ბედნიერებისა და აღმაფრენის უზადო განცდებით აღვივსე, თითოეული ნაბიჯის გადადგმისას და მასთან მიახლოებისას ვგრძნობდი, რომ ეს განცდებზე მეტი, გაცილებით მეტი იყო. გამიღიმა და ეს ყველაზე მშვენიერი და გულწრფელი ღიმილი იყო, რომელიც ოდესმე მენახა.
-მე ყველაფერი ვიცი, - დაიწყო და ხელით მთაზე დაჯდომისკენ მანიშნა, თვითონაც პირისპირ ფერხთით დამიჯდა.
-აქაც სწორედ ამისთვის ვარ.
-ეგ არ მიგულისხმია, - მომაცქერდა და თბილად გამიღიმა, - ვიცი, რომ გეგმავდი აქ ამოსვლას, მაგრამ არა იმ გზის გამოვლას, რომელიც გამოიარე.
-აქამდე მოსასვლელი გზა ხომ ერთია, არა?
-არა, ყველას თავისი გზა აქვს ჩემამდე მოსასვლელად. ზოგის გზა ძალიან მშვენიერია, ზოგის კი პირიქით, ძალიან რთული და მრავალგვარი წინააღმდეგობითა და ტანჯვით აღსავსე, მითხარი, შენი გზა როგორი იყო?
-პრაგმატული, - თითქმის დაუფიქრებლად ვუპასუხე.
-პრაგმატული? - გამომცდელად შემომაცქერდა.
-დიახ, მოხდა ყველაფერი ის და მოხდა ყველაფერი ისე, როგორც უნდა მომხდარიყო. როგორი იყო ეს გზა? მარტივიო, ვერ ვიტყოდი, ბევრი სირთულით, ტკივილით, იმედგაცრუებით, ბევრიც სიხარულითა და აღმაფრენით, ბევრი გაცინებითა და ბევრიც დარდითა და ღელვით აღსავსე. ბევრი დარიც გამოვიარე და ბევრი ქარიშხალიც გადავლახე.
-ნანობ?
-არა, სრულებითაც არა.
-არ გეშინია, რომ ინანებ?
-არასდროს ვინანებ აქ ამოსვლასა და თქვენთან შეხვედრას.
-დარწმუნებული ხარ?
-არ ვიცი რას წავიღებ აქედან და რა მოხდება ჩვენი საუბრის ბოლოს, მაგრამ თუნდაც თავით რომ გადავეშვა ამ მწვერვალიდან, მაინც არ ვინანებ.
-ამდენად გიღირს ეს ყველაფერი?
-დიახ, ასე მგონია.
-ერთი კითხვა...
-გისმენთ, - გაეღიმა და თავი გააქნია:
-არა, ეს მე გისმენ, ერთი კითხვა, რომელზე პასუხიც გაინტერესებს. გირჩევ, კითხვა კარგად შეარჩიო.
-ყველაზე დიდი სისულელე რა უკითხავთ თქვენთვის?
-იცი, რამდენს ვგონივარ მინდორში ამოსული გვირილა?
-უკაცრავად?!
-მოდიან აქ, ამხელა გზაზე და მეკითხებიან, „ვუყვარვარ?“, „არ ვუყვარვარ“? თითქოს ეს იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა.
-და არ არის?
-ვიღაცას უყვარხარ, თუ არა? არ არის, რადგან შეიძლება ახლა უყვარდე, გავიდეს დრო და გადაუყვარდე, მერე რა გრჩება? არაფერი, გარდა შენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი, არაფრის გამო გაფლანგული კითხვისა.
-ანუ თქვენ ამბობთ, რომ სიყვარულის შესახებ დასმული კითხვა არაფრის გამო, ფუჭად გაფლანგული კითხვაა?
-მე ეს არ მითქვამს.
-მაშინ კითხვის ფორმულირებაა არასწორი.
-ანუ?
-ისინი გეკითხებიან ერთ კონკრეტულ ადამიანზე და ამიტომაა მათი კითხვა უაზრო, მაგრამ თუკი ისინი შეგეკითხებიან თავად კონცეფციაზე, მაშინ არა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არამედ ყოველ ცალკეულ შემთხვევაში თავადვე მიხვდებიან თავიანთ ამ კონკრეტულ კითხვაზე პასუხს.
-საინტერესო მოსაზრებაა.
-და მართლებულიც, ასე არაა?
-ანუ ესაა შენი კითხვა, არის თუ არა ეს მოსაზრება მართებული? - ეშმაკურად შემომაცქერდა.
-არა, - გამეცინა და მოწონების ნიშნად თავი დავუქნიე, - არა, რა თქმა უნდა, ამაში ეჭვი თითქმის არც მეპარება. იცით რა, სწორედ ამაზე იქნება ჩემი კითხვაც, რადგანაც ამას სისულელედ მიიჩნევთ, მე კი ვფიქრობ, რომ ყველაფრის საფუძველი და მთავარი საყრდენი სიყვარულია, ამიტომ ჩემი კითხვის არსიც ეს იქნება, რა არის და რაში მდგომარეობს სიყვარული? - ერთხანს ჩაფიქრდა და ხანმოკლე დუმილის შემდეგ მითხრა:
-სიყვარული ეს ჩვენი პოზიტიური და აღმატებული დამოკიდებულებაა ვინმეს, ან რაიმის მიმართ.
-სულ ეს იყო? - ცოტაოდენი გაკვირვებითა და ამავე დროს ერთგვარი დანაკლისისა და შეურაცხყოფის განცდით აღსავსემ მივუგე.
-შენ მე არსი მკითხე, ყმაწვილო.
-არა, არა, ასე მარტივად ვერ გამოძვრებით, თანაც, დიდი ბოდიშის მოხდით, თქვენი ეგ პასუხი არ არის მართებული.
-ბატონო?!
-პოზიტიური და აღმატებული დამოკიდებულება? შეიძლება ადამიანს ვერ იტანდე, თუნდაც იმის გამო, რაც არცთუ ისე შორეულ წარსულში გაგიკეთა, ამის გამო ის მენტალურად გძულდეს კიდეც, მაგრამ მაინც გიყვარდეს. ეს არ არის პოზიტიური დამოკიდებულება, შესაძლოა გიყვარდეს ის, ვის მიმართაც ნეგატიური დამოკიდებულება გაგაჩნია. ყველაფრისდა მიუხედავად, ყველაფრის მერე მაინც გიყვარდეს ის, მიუხედავად იმისა, რომ ამას ვერც ახსნი და ვერც გამართლებას მოუძებნი.
-საყვარელმა ადამიანმა რომ გიღალატოს, ის მაინც გეყვარება?
-არ ვიცი, შეიძლება რაღაც გარკვეული დროის განმავლობაში მაინც გიყვარდეს, არ იყო მასთან, დაშორდე, ხელი ჰკრა შენი ცხოვრებიდან, მაგრამ მომდევნო დღეებისა თუ კვირების განმავლობაში მაინც გიყვარდეს. თუკი მართლა გიყვარს, ეს ხომ არაა ისე, რომ გუშინ სიგიჟემდე გიყვარდა,დღეს რაღაც გააკეთა და ამის გამო ხვალ აღარ გეყვარება. არა, რა თქმა უნდა, სიბრაზისა და გულისტკენის ხარისხი იქნება მომეტებული და ეს ნაწილობრივ ამ სიყვარულსაც გადაფარავს, მაგრამ იმისათვის, რომ ბოლომდე გადაიყვარო, გარკვეული დროა საჭირო.
-მაშინ რა არის სიყვარული?
-მე მეკითხებით? - გამეცინა, - მგონი თავად ჩემი კითხვა იყო ეს.
-მითხარი, ვინმე შეგხვდა აქამდე მომავალს?
-ერთი ბერიკაცი.
-რამე გითხრა?
-თქვენთან მოსასვლელი გზა ვკითხე, მიპასუხა, აბა მე რა გასწავლო, ეგ შენით უნდა იპოვოო.
-მერე? - ჩემი პასუხის მოლოდინში გარინდულიყო. წამიერად გონება გამინათდა.
-რამდენი სიყვარული არსებობს? - ვკითხე მე.
-ბევრი, ძალიან ბევრი.
-ზუსტად იმდენი, რამდენი ადამიანიც, ხომ ასეა? - ჩემი პასუხით ნასიამოვნებმა გამიღიმა და თავი დამიქნია.
-აბა, როგორია შენი სიყვარული?
-არ ვიცი.
-მაშინ, როგორი გინდა რომ იყოს ის? ახლა არ მითხრა, პრაგმატულიო.
-მართლაც ყველაფერი იცით, არა? - გამეცინა, - სწორედ ამის თქმას ვაპირებდი.
-რა თქმა უნდა, ამ მთაზე ტყუილად კი არ ვზივარ.
-მაშინ ის, რაც პრაგმატულობას უპირისპირდება.
-გიჟური?
-არა, არა, წვიმაში ხელიხელჩაკიდებული სირბილი, ლიანდაგებზე წოლა და არაფრის გამო უაზროდ სიცილი არ მხიბლავს, არც ის, მის გარდა სრულიად არავინ და არაფერი რომ არ გახსოვს და მთელი შენი ცხოვრება ამ ადამიანზე რომაა დამოკიდებული.
-აბა?
-არაადეკვატური.
-რას გულისხმობ?
-ცალ-ცალკე ორივე დალაგებულები რომ ხართ და ერთად კი ვერ ხართ, აი რაღაც ასეთს.
-ეგ როგორ გავიგოთ?
-საათები ერთმანეთზე ჩახუტებულებს გაუნძრევლად დგომა, ერთმანეთის გულისცემის მოსმენა, ერთმანეთის სურნელით დათრობა, მისი მთელი სახის, უმშვენიერესი ყვრიმალების, ლოყების, შუბლისა და საფეთქლების დაკოცნა, მთელი ამ საათების განმავლობაში მისი უმშვენიერესი ყელიდან ჩამოშლილი თმის გადაწევა და ნაზი ამბორი, მასში თავის ჩარგვა და მისი კანის სურნელის შესუნთქვა, რომელიც უზადო ნეტარებისგან, ბედნიერებისა და აღმაფრენისგან თავბრუს გახვევს და ერთადერთი, რაზეც იმ კონკრეტულ მომენტში გაფიქრებს მხოლოდ ისაა, ერთადერთი, რასაც იმ კონკრეტულ მომენტში განდომებს, მისი ძლიერად ჩახუტება და მასთან ყოფნა, მისი ალერსი და მისი უმშვენიერესი გულისცემისა და საამო სუნთქვის მოსმენა, მისი მოციმციმე და მომაჯადოვებელი თვალების ცქერაა და ყველაზე არაადეკვატური რამ მთელ ამ ამბავში ისაა, რომ ვერცერთი ვერ გრძნობთ მთელი ამ საათების გასვლასა და ერთმანეთთან ყოფნა და ჩახუტება არა და არ გყოფნით. სახლში დაბრუნებული ისევ მასზე ფიქრობ, ამდენხნიანი მასთან გატარებული დროის შემდეგაც ისევ გენატრება და ისევ გინდება მისი შეხება და მისი მოფერება, მისი გულში ჩაკვრა, ნაზი ალერსი და იმის თქმა, რომ შენთვის ის ყველაზე მშვენიერი გოგოა მთელ პლანეტაზე, თუნდაც იყოს ეს სუბიექტური აღქმა, ეს ხომ შენი სამყაროა და შენს სამყაროში ყველაფერი რეალურია, რაც სუბიექტურია. ყოველ ღამით მისი სურათების ყურება და ამ დროს, საწოლში მოკალათებულს, სიბნელეში მყოფს, უაზროდ რომ გეღიმება ხოლმე და წესიერად, წესიერად კი არა, სრულებითაც არ იცი, რატომ. როცა ძილისწინ მასზე გეფიქრება და ხვალინდელი დღის დადგომა ყველაზე მეტად იმიტომ გინდება, რომ ისევ ნახო და ისევ ისევე ძლიერ ჩაიკრა გულში და დიდხანს, ძალიან დიდხანს ჩაბურჯღნო. როცა მისი ღიმილი, მისი გახარება და მისი ბედნიერება თავად შენც გაბედნიერებს, როცა მასთან ერთად ჩახუტებულზე სიცილი ყველაზე სასიამოვნო და ჟრუანტელისმომგვრელი განცდაა, რომელიც კი ოდესმე შეგიგრძვნია. როცა ის, თუ როგორ დაგცინის შენს აძგერებულ გულზე და ნაირნაირ წამალს გთავაზობს მაშინაც კი, როცა იცის,რომ ამ გულისცემას ეს წამლებიც ვერაფერს უშველის. როცა, განსაკუთრებით საყვარლად წარმოთქვამს გარკვეულ ფრაზებს და ძალიან ცუდი რამეც რომ გითხრას, ისე გესაყვარლება, რომ მაინც ვერანაირად ვერ გაუბრაზდები. თუ არა ეს, მაშინ რა არის სიყვარული?
-მართლა ფიქრობ, რომ სიყვარული ყოველთვის ასეთი კარგია?
-არა, რა თქმა უნდა, როცა გიყვარს, იმ ადამიანს იმ იარაღს აძლევ, რომლითაც შენი დაზიანება ყველაზე მარტივია. როცა მისი წყენა ან გაბრაზება თავადაც ცუდად გხდის და შენგან ყოველგვარ სილაღესა და ხალისს სადღაც აქრობს და ეს იქამდე გრძელდება, სანამ ისევ არ ნახავ და გულში არ ჩაიკრავ.ეს ყველაზე ცუდი მომენტია, მომენტი,როცა თავს ცუდად გრძნობ იმიტომ,რომ ვიღაცაც არ გრძნობს თავს დალხენილად, არ ვიცი, თითქოს მისი განწყობა სუგესტიის ეფექტის წყალობით შენზეც გადმოდის და შენც ისევე ხარ, როგორც ის, ან უფრო უარესად, თუკი თავად მისი ეს მდგომარეობა შენივე ბრალითაა გამოწვეული. როცა რაიმე ხდება მის თავს და ეს შენს გაბრაზებას იწვევს, მაშინ, როდესაც ეს შენ სრულებითაც არ გეხება, მაგრამ მაინც იმაზე უფრო ახლოს მიგაქვს, ვიდრე საკუთარი რამ. ეს არ მომწონს, არ მომწონს, როცა ასე განიცდი, მაგრამ...
-მაგრამ რა?
-მაგრამ უბრალოდ განიცდი და მორჩა, მის ყოველ სიტყვას განსაკუთრებული სიმძაფრით აღიქვამ, კარგსაც და ცუდსაც. შეიძლება იმაზე, რაც სხვას რომ ეთქვა და ყურადღება საერთოდ არ მიგექცია, მთელი დღე იფიქრო, თუკი ეს მან გითხრა, ყველაზე საშინელი კი ის მომენტია, როცა ეს რაღაც უარყოფით კონტექსტშია ნათქვამი. კარგი უფრო სწონის, თუ ცუდი? არ ვიცი, მაგრამ როცა კარგია, ეს თავისთავად ხომ ერთი დიდი არაადეკვატური მშვენიერებაა, ხოლო როცა კი ცუდია, ის კარგი გახსენდება და მასზე იწყებ ფიქრს, ამიტომაც იქნება ისე, რომ ამ ყველაფერს მაინც არ ნანობ.
-და მაშინაც კი გენატრება?
-ალბათ, მაშინ ყველაზე მეტად, ყველაზე მეტად გენატრება და ყველაზე მეტად გინდება მასთან ყოფნა. ეს თავად აუტანელი და არაადეკვატური მონატრების განცდაა, რომელსაც ებრძვი და მაინც ვერ ერევი, შემდეგ კი ეს ყველაფერი ასახვას შენს ფიქრებში ჰპოვებს და გამუდმებით მასზე და მასთან ჩახუტებაზე ფიქრობ.
-აბა, გავეცი შენს კითხვას პასუხი?
-ხუმრობთ? იმ არაზუსტი ცნების გარდა არაფერი გითქვამთ.
-მითხარი, ვინმე შეგხვდა აქამდე მომავალს? - ისევ ეს კითხვა გამიმეორა და ისევ ეშმაკურად შემომაცქერდა.
-რა გამოდის, რომ ამ მთაზე ტყუილად ამოვედი?
-არა, პირიქით, ამ მთაზე რომ არ ამოსულიყავი, ამ ყველაფერს ვერ გაიგებდი.
-და რა გავიგე?
-ხომ გითხარი, მინდორში ამოსულ გვირილას მამსგავსებენ-მეთქი.
-მე ეგ არ მიკითხავს.
-შენი კითხვა მოიცავს ამას, „რა გაიგე“? ამაზე თავად უნდა უპასუხო, თავად გვირილას რომელი ფურცელი ხარ, ის რომელსაც კი, თუ ის, რომელსაც არა.
-მაშინ ამაზე მაინც მიპასუხეთ, გვირილას რომელი ფურცელი ვარ? - გამიღიმა და არ ვიცი საიდან, თითქოს ესეც კი წინასწარ იცოდა და მომზადებული ჰქონდაო, საიდანღაც გვირილა გამოაძვრინა და მომაწოდა.
-თავად ნახე, - ეჭვისთვალით შევაცქერდი, მაგრამ ყვავილი მაინც გამოვართვი და ფურცლების მოწყვეტა დავიწყე.
-მიყვარს... არ მიყვარს... მიყვარს...არ მიყვარს...მიყვარს... არ მიყვარს...
მთელი საღამო ვითვლიდი გვირილას ფურცლებს, სანამ უკანასკნელი მათგანიც არ ჩამოვარდა, შემდეგ კი იმ კაცს ამოვხედე, მთაზე რომ იჯდა და ყველაფერი რომ იცოდა, ერთგვარად ნასიამოვნები და კმაყოფილი ჩანდა.
-ასეც ვიცოდი, - მომიგო გაბადრულმა და ჩვეული ინტონაციით მითხრა:- ახლა კი, მე დაგისვამ ერთ კითხვას.
-გისმენთ.
-აქ რა ჯანდაბას აკეთებ?
-უკაცრავად?!
-ადექი და მოშორდი აქედან, მიდი, მასთან წადი, - მაშინვე წამოვხტი და მთის კალთებზე სირბილით დავეშვი, გზიდან ერთი კი ამოვხედე, მთის წვერზე იდგა და მზერით მაცილებდა, ხელი ამიწია, მეც დავუქნიე და უფრო სწრაფად გავიქეცი.


გიორგი ჩაჩხიანი


(...მელანქოლია შემოჭრილა და სულს აბორგებს)

მელანქოლია შემოჭრილა
და სულს აბორგებს,
როგორც ზღვა ებრძვის
ოკეანის ულმობელ შტორმებს.

სადღაც გამქრალა მშვიდი ღამის
პეიზაჟები
და აჩრდილები რომ დაძრწიან,
მათ ვემალები.

მომენატრება მთვარიანი
უღრუბლო ზეცა,
თითქოს შეგრძნება ანგელოსთა
დასი დამეცა.

უკუნ ღამეში დაბორგავენ
აჩრდილთა სულნი,
გზააბნეული, დაკარგული,
მუდამ ეულნი.

და სიჩუმეში მოლანდება
შენი თვალების
გარდუვალია, როგორც ფიქრი
შენი ზმანების.

აჩრდილთა შორის მეზმანება
შენი სახება,
გამორჩეული სილამაზის
გასხივოსნება.

მთვარიან ღამეს ისევ ვეძებ,
თუნდაც სიზმრებში,
მაგრამ სულ არ ჩანს ცისარტყელას
ფერთა გამებში.

ღამე უკუნი ზუსტად ისე
გადაგებულა,
ოდესღაც ანდროგინონიც რომ
დავიწყებულა.

გიორგი ჩაჩხიანი

(...ჩამოეკიდა სინანულის ცრემლები თვალებს)

ჩამოეკიდა სინანულის
ცრემლები თვალებს,
როგორც სანთელი დაეღვენთა
უძველეს შანდლებს.

გაკრთა ღიმილი მონატრების
უჩუმარ ბაგეს,
სევდანარევი და მწუხარი
ბებერს მამსგავსებს.

რა დააბრუნებს სიხალისეს
სიჭაბუკისას,
ღიმილს მშვენიერს და მთრთოლვარეს
შენი ნატვრისას.

შენ...პასუხია უჩუმარი
გულის სიღრმეში...
და გულისძგერა მაინც ისმის
ამ სიჩუმეში.

გიორგი ჩაჩხიანი

Sunday, September 22, 2019

ბერი კენედუს მანუსკრიპტი


  ძველად მონასტრებს სწორედ რომ მიყრუებულ ადგილებში აგებდნენ ხოლმე, თითქოს იქ, სადაც ადამიანის ხელს არ წაებილწა ღვთისაგან შექმნილი. შუა საუკუნეების ჟამს ედოსში მრავალი ასეთი სავანე მოიძებნებოდა, ღვთისმსახურებასთან ერთად სწორედ იქ სუფევდა კულტურულ-საგანმანათლებლო კერაც. პატარა ბიჭები ბავშვობიდანვე ეუფლებოდნენ ანტიკურ ენებს, სწავლობდნენ წერა-კითხვასა და მარტივ მათემატიკას, ღვთისმსახურებასა და ასკეტურ ცხოვრებასაც ეჩვეოდნენ ხოლმე. მონასტერში, სადაც ეს ყველაფერი დაიწყო, თორმეტი ბერი მსახურობდა. არცერთ რუკაზე არ დაეტანათ ღვთისაგან კურთხეული ეს ულამაზესი სავანე, რომლამდეც მისასვლელი გზა ერთობ სირთულეებით იყო აღსავსე, მთების შუაგულში, მრავალი მდინარის გადალახვის შემდეგ ბაზილიკური ტიპის სამონასტრო კომპლექსი აგებულიყო, ზუსტად არავინ იცოდა, როდის დაარსდა იგი, რადგან მრავალი წლის წინათ მონასტერში გაჩენილ ხანძარს მთელი არქივი გაენადგურებინა, თავად მონასტრის ჩანაწერებთან ერთად ის უამრავი ხელნაწერი და მანუსკრიპტიც მისცემოდა ცეცხლს, ბერები წლების განმავლობაში რომ წერდნენ და ამრავლებდნენ ხოლმე, რადგან სწორედ ამ კულტურულ კერაში ხდებოდა გამოჩენილი და ცნობილი მოაზროვნეების, ანტიკური ხანის ფილოსოფოსების, საღვთო სიტყვისა და შეგონებების, ევანგელეს გადაწერა და ისტორიისთვის ამ უძვირფასესი და უმნიშვნელოვანესი ტექსტების შემონახვა. შემდეგ, მეფის შეწევნითა და დახმარებით, გადამწვარი კომპლექსი აღუდგენიათ და ახალი კელიებიც დაუმატებიათ. რესტავრირებული კომპლექსი უკვე ოთხმოც წლამდე ემსახურებოდა თავის კულტურულ საქმიანობას. მისი არქივი უძვირფასესი იყო, იქ ინახებოდა მრავალი მოაზროვნისა და შემოქმედის დიდებული ნაშრომები, იწერებოდა ორ ეგზემპლარად, ერთი სასახლეში იგზავნებოდა ხოლმე, მეორე კი აქ რჩებოდა, მონასტრის არქივებში. სწორედ ამ ბერების დამსახურება იყო ის, რომ, ერთი მხრივ, საზოგადოებას საშუალება  ჰქონდა ანტიკური დროისა თუ მაშინდელ ფილოსოფოსთა სიტყვა მოესმინა, მეორე მხრივ კი, თავად ამ ხელნაწერთა ავტორები სწორედ ამ ბერების გამო მოიხვეჭდნენ და გაითქვამდნენ სახელსაც ხოლმე. არადა, თავად ბედის ირონია იყო ის, რომ მიუხედევად საზოგადოების წერა-კითხვის უციდინარობისა, მაინც ესმოდათ და მაინც სწვდებოდნენ ამ ნაშრომთა აზრთა სიღრმეს, ხოლო ზოგნი კი, რომელთაც არათუ იცოდნენ წერა-კითხვა, არამედ თავადაც გადაეწერათ ასეთი მანუსკრიპტები, სრულებითაც ვერ იგებდნენ რას ღაღადებდა ესა თუ ის ფილოსოფოსი და რატომ იყვნენ ასეთი სახელგანთქმულნი და პოპულარულნი საზოგადოებაში.
   როგორც მემატიანე იუწყება, ბერობისკენ მიმავალ გზას ყმაწვილები ღრმა სიჭაბუკიდან ადგებოდნენ ხოლმე. ზოგიერთი მათგანი კეთილშობილური სისხლის ოჯახიდანაც კი იყო, ზოგიერთი კი პირიქით, გაჭირვებული და გაუბედურებული. პირველ შემთხვევაში თუ ბერობა ერთგავ ღირსებასა და პატივსაც ნიშნავდა, მეორე შემთხვევაში ეს გადარჩენისა და სიცოცხლის ერთადერთი საშუალება გამხდარიყო. ყოველ ღამით ლოცვის შემდეგ სანთელს რომ ჩააქრობდა და ჩალადაყრილ ქვის იატაკზე მიწვებოდა ხოლმე, სიბნელეში გარინდულს ახლაც, ორმოციოდე წლის შემდეგაც, ისევ ცხადად ახსენდებოდა როგორ მიიყვანა მამამ მონასტერში და ბერებს პატარა ბიჭის აყვანა შეავედრა. ვინ იცის ახლა სად იქნებოდა, ასე რომ არ მომხდარიყო და მონასტრის კარი მისთვის ზურგს უკან რომ მოეხურათ, სულ რაღაც 5-6 წლის იქნებოდა მაშინ, გაჭირვებისგან გაძვალტყავებული, შეშინებული დიდრონი  თვალებით. ოჯახს უჭირდა მისი შენახვა, ისედაც არასასურველი ბავშვი იყო, მაგრამ ღვთის შიშით დედამისმა მუცლის მოშლა ვერ გაბედა, მთელი ხუთი წელი მოახერხეს მისი რჩენა, ოთხი და-ძმა ჰყავდა, ბერი კენედუ ნაბოლარა იყო, როცა საქმე არჩევანზე მიდგა, სწორედ იმიტომ,რომ ის იყო ყველაზე პატარა და მალე არათუ ოჯახში შემომტანი გახდებოდა, არამედ რამდენიმე წელი თავად მასზე მოუწევდათ ზრუნვა, ადგნენ და მონასტერში გაამწესეს. ახლაც თვალწინ ედგა დედამისის აცრემლებული თვალები, ხოლო უფროსი ძმების ღიმილითა და ბედნიერებით აღსავსე მზერა, რადგან პატარა ძმის წასვლის შემდეგ მათ უფრო მეტი საკვები დარჩებოდათ ხოლმე და ძველებურად სანახევროდ შიმშილი აღარ მოუწევდათ. მონასტერში მამამ მიიყვანა, ხუთი დღე და ღამე მოდიოდნენ გაუჩერებლად. ბერებთან შვილის დატოვების შემდეგ უკან ისე გამობრუნდა, თავისი ვაჟისთვის ერთხელაც კი არ მოუხედავს, არც გულში ჩაუკრავს, არც რაიმე უთქვამს, შემდეგ კი ერთხელაც არ მოუკითხავს ის არავის, არც თავის მშობლებს, არც თავის ძმებს, მალევე დაივიწყეს და შეიძლება ითქვას, რომ გაწირეს და მოიშორეს კიდეც. ბერი კენედუ გონებაგახსნილი და ნიჭიერი მოწაფე არასდროს ყოფილა. სემინარიაში სწავლის დროსაც ყველას ჩამორჩებოდა და მარტივ არითმეტიკულ განტოლებასაც ყველაზე გვიან ხსნიდა, ხშირად არასწორადაც კიდეც. წერა-კითხვაც ყველაზე გვიან დიდი ძალისხმევით ფასად ისწავლა. მისი ერთადერთი ნიჭი ის იყო, რომ დანარჩენებისგან განსხვავებით, საკმაოდ მოხერხებული ბავშვი იყო. თუკი ბერების რაიმე დავალების შესრულებას სხვები მთელ ენერგიასა და გულისყურს უთმობდნენ, ის ყველაფერს უფრო იოლად, ნაკლები გარჯისა და ძალისხმევის გარეშე ახერხებდა ხოლმე. თავიდან ძალიან ჩაკეტილი ბავშვი იყო, ოჯახი და დედის სითბო ენატრებოდა, ბერებსაც არ ელაპარაკებოდა, ღამღამობით თავის კელიაში კედელზე მიყრდნობილს ხელები მუხლებზე შემოეხვია და ჩუმად, გულისამაჩუყებლად ტიროდა ხოლმე, მაგრამ ამას ისე მალავდა, რომ მისი ტირილი არავის გაეგონა. უბრალოდ ერთადერთი ის იყო, რომ ყველაფერს ბოლომდე მიირთმევდა, რასაც სთავაზობდნენ და თეფშზე უდებდნენ, ზოგჯერ თანატოლებსაც კი რომ რჩებოდათ რაიმე, იმასაც კენედუს აძლევდნენ და მათ ულუფასაც მადიანად შეექცეოდა ხოლმე. ამის შემდეგ სახეზე ფერიც დაეტყო და ჩავარდნილი ლოყებიც ცოტათი ამოევსო და გამოებერა, დროის გასვლასთან ერთად გაიხსნა და ზოგიერთ თანატოლთან მეგობრობაც კი დაიწყო, თუმცა ყველა მათგანი ბოლომდე როდი დარჩა ბერი, ზოგიერთმა მოწიფულ ასაკს რომ მიაღწია მონასტერი დატოვა, ზოგი სხვა მონასტერში გამწესდა, კენედუ კი არა, ის იმ სავანეში დარჩა, რომელმაც კარი გაუღო და სახლიდან გამოგდებული შეშინებული ბიჭი შეიფარა. აქტიურად ეწეოდა ღვთისმსახურებას, დღეში უძველესი ხელნაწერების გადაწერას დაახლოებით ექვს საათს მაინც უთმობდა ხოლმე, მაგრამ ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ასოსა და სიტყვას სცნობდა, ხშირად მაინც არ ესმოდა და ვერ იგებდა იმას, თუ რას წერდა. თითქოსდა უბრალოდ უშინაარსო სიტყვებს წერდა, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდებოდა,რომ როდესაც ამ გადაწერილ მანუსკრიპტს სასახლეში გააგზავნიდა, რამდენიმე დღის შემდეგ ხელმწიფე მასთან შიკრიკს აფრენდა და პირვანდელი ავტორის მოსაძებნად დახმარებასა და ცნობების შეგროვებას სთხოვდა, ისიც დაეხმარებოდა, ეტყოდა საიდან ჩაუვარდათ მანუსკრიპტი და ვინ მოიტანა ის გადასაწერად, შემდეგ ეს პიროვნება ხელმწიფის კარზე ცხადდებოდა და დიდძალი აღიარება და აპლოდისმენტებიც ხვდებოდა წილად, სახელი უვარდებოდა, ყველა მას აქებდა და თანამედროვეობის უდიდეს მოაზროვნედ ასახელებდნენ, ბერ კენედუს კი არ ესმოდა ეს ყოველივე, ვერ ხვდებოდა რა დაეწერა იმ კაცს ასეთი, საზოგადოება უეცრად ასე რომ გააღმერთებდა ხოლმე, არადა მისი ხელნაწერი ხომ თავად წაეკითხა პირველს. ესმოდა სიტყვები და წინადადებები, მაგრამ აზრს კი ვერ სწვდებოდა და მთელი გულით შურდა იმათი, ვინც ამას ახერხებდა, არადა არც მონასტერში მიღებული განათლება აკლდა და არც უწიგნური ეთქმოდა.
   ბერები შიგადაშიგ მისიონერულ საქმიანობასაც ეწეოდნენ, დადიოდნენ სოფელ-სოფელ და ღვთის სიტყვას ღაღადებდნენ, ხალხს რწმენისაკენ მოუწოდებდნენ. ძირითადად წყვილ-წყვილად მოგზაურობდნენ, მაგრამ ზოგჯერ, თუკი მონასტერში ბევრი საქმე იყო, რომელიმე ბერს მარტოც უწევდა მისიონერული საქმიანობის შესრულება. გაზაფხული იყო აღნიშნული მისიით ბერი კენედუ ერთ-ერთ ძველ დასახლებას რომ ეწვია. ბერებს ყოველთვის დიდი პატივისცემითა და ხელგაშლილობით იღებდნენ, მონასტრისთვის ათასგვარ ძღვენსა და სურსათ-სანოვაგესაც ატანდნენ ხოლმე, ოჯახებში შეიპატიჟებდნენ და გვარიანადაც უმასპინძლდებოდნენ. ერთ-ერთ ოჯახში ყოფნის დროს ფუძის მამასახლისმა კენედუს სკივრიდან ამოღებული დამტვერილი ხელნაწერი გადასცა.
-ჩვენს ოჯახში დიდი ხანია ინახება, ჩემი დიდი პაპის პაპა მეფის კარზე მოღვაწეობდა, შიკრიკი იყო. კითხვა არც მან არ იცოდა და არც მე არ ვიცი, მაგრამ მეფესთან წერილები და ხელნაწერები დაჰქონდა. ერთი მანუსკრიპტი კი სახლში მოუტანია და სკივრში შეუნახავს, რა წერია არ ვიცით, მაგრამ რადგანაც ასე საგულდაგულოდ უფრთხილდებოდა მნიშვნელოვანი რამ უნდა იყოს, რაღაც ნაშრომს ჰგავს, არც დეპეშა და არც წერილი არაა, თავად შეატყობდით, ასობით გვერდს შეიცავს. თქვენ წაიღეთ და თუკი რამე მნიშვნელოვანია, ხალხში გაავრცელეთ, ცოდოა ამისთანა ნაშრომი სკივრში დასალპობად, - კენედუმაც დიდი ინტერესით გამოართვა ნაშრომი და თავის ძველისძველ აბგაში ჩადო. ცოტა ხნით კიდევ დარჩა იმ ოჯახში, მერე მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და უკან გამობრუნდა. ამ საქმიანობას სამი კვირა მოანდომა, მერე კი მონასტერში დაბრუნდა. მეორე დღესვე დაიწყო მანუსკრიპტის შესწავლა, ერთი შეხედვით საკმაოდ ძველი ჩანდა, ავტორად ვინმე ანასთიმე იყო მითითებული. მთელი საღამო კითხულობდა, სანთლისა და მთვარის შუქზე ყოველ სიტყვასა და ყოველ წინადადებას გულდასმით უკირკიტებდა, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე არაერთი მოაზროვნისა და ფილოსოფოსის ნაშრომი წაეკითხა, ასეთი რთული ტექსტი არასდროს ენახა, ნახევარი არც ესმოდა, რას კითხულობდა. შემდეგ არქივებში ჩავიდა და ანასთიმეზე სცადა რაიმე ცნობების მოძიება, მაგრამ უშედეგოდ, თითქოს ეს კაცი არც არსებულა, მასზე არანაირი ცნობა არ მოიპოვებოდა, როგორც ჩანდა, მის არცერთ ნაშრომს არ ეხილა დღის სინათლე. კენედუ მაშინვე მაგიდას მიუჯდა, პერგამენტის ქაღალდი აიღო და მანუსკრიპტის გადაწერას შეუდგა, არავისთვის გაუმხელია ასეთი ძვირფასი ნაშრომი რომ აღმოაჩინა, გადაწერისას ბევრი სიტყვა შეცვალა, ბევრი რამ აურ-დაურია, შეიძლება ითქვას, რომ ნახევარი ტექსტი არეულ-დარეულად გადაწერა, მაგრამ ძირითადი ნაწილი მაინც უცვლელი დატოვა. როცა მორჩა, ნაწერს დიდხანს უკირკიტებდა, ბოლოს კი თავფურცელზე ავტორად ხელის აუკანკალებლად მიაწერა ბერი კენედუ. ორიგინალი მანუსკრიპტი ცეცხლში შეაგდო და ისე უყურებდა ძალიან მნიშვნელოვანი და შეიძლება ითქვას, ეპოქალური ნაშრომის ფერფლად ქცევას, რომ თვალიც არ დაუხამხამებია. მეორე დღესვე თავისი ხელნაწერი ხელმწიფის კარზე გააგზავნა, თანაც მეფისთვის წერილი დაურთო: „თქვენო ბრწყინვალებავ, ჩემი სამონასტრო საქმიანობიდან გამომდინარე, საკმაოდ ბევრი მიფიქრია რაობაზე ამა ყოფისა, ეს ნაფიქრალი კი ქაღალდზე გადმოვიტანე, თქვენი გულმხირვალე დამოკიდებულების შესახებ ამგვარი საქმიანობის მიმართ ყველას კარგად მოეხსენება, ამიტომ თავს ნება მივეცი თქვენთვისაც მეჩვენებინა და გამეზიარებინა ჩემი ნააზრევი, თუკი რაიმე ღირებულს დაინახავთ მასში, უაღრესად ბედნიერი ვიქნები, ღმერთმა დიდხანს გვიმყოფოს თქვენი თავი, ბერი კენედუ“.
  ამ ამბიდან ორი კვირა გასულიყო, როცა მონასტერში ხელმწიფის შიკრიკები გამოჩნდნენ. ბერს წერილი გადასცეს და მათთან ერთად სასახლეში გაყოლა სთხოვეს. კენედუც უყოყმანოდ დასთანხმდა. მონასტრის ბერები ამ ამბავმა ერთობ გააკვირვა და ზოგიერთი საგონებელშიც კი ჩააგდო. ხელმწიფის კარზე მოაზროვნე დიდი ზარზეიმით მიიღეს, მეფემ მისი ნაშრომის ხალხში გავრცელება ბრძანა და ერთობ აღტაცებულმა ბერს სასახლის კარზე მსახურებაც შესთავაზა, რაც უბრალო ოჯახში დაბადებული ღატაკი ბიჭისთვის ერთობ მოულოდნელი და ნამდვილად სასწაულებრივიც კი იყო. ისიც სიხარულით დასთანხმდა და საცხოვრებლად სამეფო სასახლეში გადავიდა. ბერის ანაფორა სიცოცხლის ბოლომდე არ გაუხდია, ახლა ყველაზე მეტად სწამდა ღმერთის, ვიდრე ოდესმე. სამეფო კარზე წირვას ატარებდა ხოლმე და მეფისთვის წერილებს წერდა, ვინ იცის იმის შემდეგ რამდენი ავტორის ნაშრომიდან ამოუკრებია განსხვავებული სიტყვები და წინადადებები, რის გამოც მისი ტექსტები ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებდა ხოლმე. ბერი კენედუ მთელ ედოსში ყველაზე ცნობილი ბერი გახდა, მისი ნაშრომი კი - ბერი კენედუს მანუსკრიპტი, რომელმაც მას ასეთი აღიარება მოუტანა, დღემდე ამშვენებს მრავალი ოჯახის თაროებს.


 გიორგი ჩაჩხიანი


Tuesday, August 27, 2019

ცამეტი სიყვარულის ამბავი


   გაგიგონიათ, კაცს რომ ცამეტი ცოლი ჰყოლოდეს? ზოგისთვის შეიძლება ეს გმირობაც კია, მაგრამ მე თუ მკითხავთ, ეს ერთი დიდი იდიოტიზმია და მეტი არაფერი. რა შეიძლება იყოს ამაზე უარესი? ალბათ, ის, რომ ეს ცამეტივე ცოლი ერთ ოთახში, ერთ ჭერქვეშ შეიყაროს, დამიჯერეთ, ეს გაცილებით, გაცილებით უარესია.
  ჯუზეპეს ცამეტი ცოლი ჰყავდა, არა ერთად, არამედ სანამ მეცამეტეს მოიყვანდა, მანამ თორმეტჯერ განქორწინებულიყო, ქორწინებისა და განქორწინების აქტებს ისე აწერდა ხელს, როგორც ბანკის სტანდარტულ პირობებს სამომხმარებლო სესხის აღებისას. ეს ყველაფერი მისი ჰობი იყო? არა, უბრალოდ ძალიან მალე უყვარდებოდა ხოლმე, აი ასე, შეუყვარდებოდა ვიღაც მთელი გულით და იფიქრებდა, ესაა ის ერთიო და რამდენიმე დღის, თვისა თუ წლის შემდეგ მიხვდებოდა, რომ საბედისწერო მეშვიდე, მერვე ან მეცხრე შეცდომა დაუშვა, შეცდომების რაოდენობა ყოველ ქორწინება-განქორწინებასთან ერთად იზრდებოდა და მაინც, ჯუზეპე ყველაზე ბედნიერი კაცი იყო ამქვეყნად, ზოგი იტყვის, ცამეტჯერ თუ შეუყვარდა, ანუ ერთხელაც არ ჰყვარებია ნამდვილად და ამ კაცს სიყვარული არ ცოდნიაო, მაგრამ არა, ჯუზეპეს მართლა უყვარდებოდა და ამას ყოველი ქორწილის დროს საკურთხეველთან სიხარულისა და ბედნიერების ცრემლებით გაბრწყინებული თვალები ადასტურებდა. ის სიყვარულის კლეპტომანიით იყო შეპყრობილი; მაგრამ განა ყველა ცოლი ერთნაირად უყვარდა? არა, ეს რომ გეკითხათ, დაფიქრდებოდა, თვალებს მოჭუტავდა და ჩუმად ჩაიღიმებდა ხოლმე, გეტყოდათ, - არაო, გაიხსენებდა რომელიმე ორი ან სამი ცოლის სახელს და იტყოდა, - ისინი ყველაზე მეტად მიყვარდნენო. თუმცა ჯუზეპემ თავადაც არ იცოდა წესიერად, თუ რატომ განქორწინდა თორმეტჯერ, თითქოს არც ის არ შორდებოდა და არც მას არ შორდებოდნენ, უბრალოდ სულ ასე ხდებოდა და ყველაფერი ყოველგვარი ჩხუბისა და აყალმაყალის გარეშე განქორწინების საბუთებზე ხელმოწერით სრულდებოდა.
   ალბათ მკითხავთ, ბოლოს და ბოლოს იპოვა ჯუზეპემ მარადიული ბედნიერება, თუ რა გახდა იმის მიზეზი, რომ მეცამეტე განქორწინება არ გიხსენებიათო, საქმე ისაა, რომ ჯუზეპემ პირველად მიატოვა თავისი მეუღლე, მიატოვა ყოველგვარი ახსნა-განმარტების, ცრემლებისა და ემოციების გარეშე, თავის სამოცდამეშვიდე დაბადების დღემდე ერთი კვირით ადრე ჯუზეპე გარდაიცვალა. საყოველთაო პანაშვიდი გადაუხადეს, საყოველთაოო - ვამბობ იმიტომ,რომ მის დაკრძალვას ცამეტივე ცოლი დაესწრო. ცამეტივე ისხდა საჭირისუფლო სკამზე და ცამეტივემ გადმოაგდო თავისი წილი კურცხალი, თუმცა მათ შორის იყვნენ ისეთებიც, ვინც საბრალო ჯუზეპე გულიანად დაიტირეს. იმ დღეს, ალბათ, მისი სული ნამდვილად ზეიმობდა, თავისი ცხოვრების ცამეტივე სიყვარული ახლა მისი კუბოს გარშემო იდგა და აწ განსვენებულ მეუღლეს ზემოდან ისე დასცქეროდნენ, როგორც ცხოვრებისეული ანგელოზები. ეს მისი ბოლო სურვილი იყო, ჯუზეპეს უნდოდა,რომ უკანასკნელ გზაზე მის ყოველ სიყვარულს გაეცილებინა.
-როგორ გგონიათ, ნანობდა, რომ ამდენჯერ იქორწინა? - იკითხა ერთ-ერთმა. ზოგმა სევდიანად ჩაიღიმა, ზოგს გაეცინა, ზოგმა თავი გადააქნია.
-მას კარგად ვიცნობდი, ყველანი, ჩვენ ხომ მისი ცოლები ვიყავით, ზუსტად ვიცი, რომ ის არასდროს ინანებდა თითოეულ ჩვენგანთან გატარებულ თითოეულ წამს, არც განქორწინების საბუთებზე ხელის მოწერისას განვლილ წუთებს.
-რატომ ფიქრობ ასე?
-იმიტომ,რომ მისთვის არ არსებობდა შავი გვირაბი. ამბობდა,რომ ანუ განგებას სურდა ასე და ყველაფერს თავისი იდიოტური მიზეზით ხსნიდა, - გაახსენდათ ჯუზეპეს უცნაური მსოფლმხედველობა და ყველას გაეცინა.
-განქორწინებისას მითხრა, - საუბარში სხვაც ჩაერთო, - რომ ეს კარგიც კი იყო, რადგან არ ვიყავით საკმარისად ბედნიერები და შემდეგ გავიდოდა დრო და ორივე ბედნიერებას ვიპოვიდით, გავიხსენებდით ამ წამს და მივხვდებოდით, რომ ეს სულაც არ ყოფილა კატასტროფა, არამედ საჭირო და აუცილებელიც კი იყო იმ ახალი ბედნიერების მოსასვლელად და დასაფასებლად.
-მე კი მახსოვს, განქორწინებისას გაბრაზებულზე ვუთხარი, რომ ნამდვილი სულელი და იდიოტი იყო, როგორ შეიძლებოდა ადამიანს ცხრაჯერ შეჰყვარებოდა, მაშინ ჯერ კიდეც ცხრა ცოლი ჰყავდა.
-და რა გიპასუხა?
-მიპასუხა,რომ უკვე საკმაოდ გამოცდილი იყო და მომავალში იმ შეცდომებს ღარ დაუშვებდა და ისე უაზროდ აღარ შეუყვარდებოდა, როგორც უწინ.
-როგორც ჩანს, ამან არ გაამრთლა.
-არა, გაამართლა, - შეეწინააღმდეგა სხვა, - მეათე და ყოველი შემდგომი ქორწინება გაცილებით ხანგრძლივი იყო, ვიდრე წინები, მეცამეტე ცოლს ხომ არც გასცილებია.
  თითოეულ მათგანს რაღაც აერთიანებდა, თუნდაც ჯუზეპესადმი წარსულის სიყვარული, თანაგრძნობა, პატივისცემა და უჩვეულოც კი იყო, რომ ცამეტი ცოლის ერთ ჭერქვეშ შეყრას არც ჩხუბი, აყალმაყი და არც დავიდარება არ გამოუწვევია, რაც, ალბათ, მოცემულ სიტუაციაში ყველაზე მეტად იყო მოსალოდნელი.
  მზის ჩასვლისას ჯუზეპეს სკივრი გახსნეს, ესეც მისი დანაბარები იყო. პატარა სკივრი იყო, გამორჩეულად საყვარელი, ძვირფასი და მოსაგონარი ნივთები ეწყო შიგნით, ყოველი სუვენირი ყოველი ქორწინებიდან. ამათ გარდა, სკივრში ცამეტი კონვერტი იდო, ცამეტი კონვერტი - ცამეტი ცოლისთვის. თითოეულ მათგანს თითოეული მეუღლის სახელი ეწერა, ჯუზეპეს ხელწერით იყო შესრულებული.
   როცა შენთვის თუნდაც ოდესღაც ძვირფასი ადამიანის მიერ დაწერილ გულწრფელ სიტყვებს კითხულობ, ძნელია, ამას უემოციოდ შეხვდე, ძნელია, ამან არ აგაღელვოს და გული წამით მაინც არ შეგიტოკოს, ყველაზე რთული, ალბათ, იმის გაცნობიერებაა, რომ ყველაფერი მორჩა და მორჩა ისე, რომ ამ ყველაფერს ვეღარ გამოასწორებ და ამ ადამიანს ვეღარასდროს დაიბრუნებ, ვეღარასდროს ჩახედავ თვალებში და ვეღარასდროს ჰკითხავ თუნდაც ისეთ ბანალურ ფრაზას, როგორიცაა - როგორ ხარ?“ ჯუზეპეს აღარაფერი ჰქონდა დასამალი და აღარც დასაკარგი გააჩნდა რაიმე, იცოდა, ერთ დღესაც გაიხურავდა ამქვეყნიური სავანის კარს და ეს წერილები სწორედ ამისთვის დაეწერა. თითოეულ ამ ქალს მის ცხოვრებაში წარუშლელი კვალი დაეტოვებინა, ჯუზეპეს ცხოვრებისეულ წიგნში ახალი თავი და ახალი ფურცელი დაეწერა, წამით მაინც ბედნიერი გაეხადა და მისთვის ულევი სიხარულისა და აღმაფრენის განცდა მიენიჭებინა, თავი ცოცხლად ეგრძნობინებინა და სიცოცხლე წამიერად მაინც შეეყვარებინა. ჯუზეპე იმ ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ამ ყველაფერს რომ ხედავდა და აფასებდა, ამ ყველაფრის გამო, როგორც არ უნდა განვითარებულიყო მოვლენები და რაც არ უნდა მომხდარიყო, თავისი ყოფილი მეუღლეების მიმართ მაინც მადლიერი იყო, მათ ხომ ერთ დროს სწორედ ის აირჩიეს და ის შეიყვარეს.
  ყოველმა მათგანმა თავისი კონვერტი აიღო. ცამეტმა ქალმა სრულიად სამარისებურ სიჩუმეში გახსნა ყოფილი ქმრის დანატოვარი წერილი და ერთადერთი, რისი ხმაც ისმოდა, ეს აღელვებული სუნთქვისა და ხელის ცახცახისგან გამოწვეული ქაღალდის შრიალის ხმა იყო. ზოგს ცრემლებიც კი წასკდა, ზოგისთვის ეს სიტყვები არაფრის მომცემი იყო, ზოგისთვის პირიქით, ძალიან ძვირფასი და ღირებული, ზოგისთვის კი ძალიან, ძალიან  მტკივნეული. უკანასკნელმა ცოლმა ბოლომდე ვერც შეძლო მისი წაკითხვა, მთელი ქაღალდი ცრემლებმა დაუსველა, ჯერ ჩუმად, შემდეგ კი, შემდეგ ნიაღვარივით იხეთქა ყველაფერმა - მონატრებამ, სიყვარულმა, ტკივილმა, სევდამ, დარდმა და საყვარელი მეუღლის ჯერ კიდევ შეუცნობელმა დანაკლისმა.
-ჯუზეპე, - ამოილუღლუღა და ქმარი ისე დაიტირა, როგორც დედა დაიტირებდა ნაადრევად წასულ ახალგაზრდა შვილს. ქმრის კუბოს გადაემხო, ეფერებოდა გაციებულ სახეზე, ხელებზე, თავზე და თავს ვერ ერეოდა, მისი სიყვარული ხომ სხვებისგან განსხვავებით არც არსად გამქრალიყო და არც განელებულიყო, ორი წლისა და ოთხი თვის შემდეგ ისევ ისე ძლიერ უყვარდა თავისი ჯუზეპე, როგორც მაშინ, საკურთხეველთან მისგან საქორწინო ბეჭედი რომ მოირგო თითზე. ქალს მოეხვივნენ, თანაგრძნობა სცადეს, ალბათ, მხოლოდ მათ თუ შეეძლოთ ეს, რადგან ზოგიერთი მათგანი თითქმის იმავეს განიცდიდა, რასაც ის. ჯუზეპე ხომ მათ ერთად გატარებულ ყოველ ბედნიერ და დასამახსოვრებელ მომენტზე ესაუბრებოდა, მათთან განცდილსა და გამოვლილზე უყვებოდა, ახსენებდა, აგრძნობინებდა, წარსულში აბრუნებდა, იმ წარსულში, რომელიც ახლა, ამდენი წლის შემდეგ ცოტათი სიზმარსაც კი წააგავდა, მაგრამ არა, ეს ყველაფერი ცხადი და ისეთივე რეალური იყო, როგორც ოთახის შუაგულში დასვენებული ყოფილი ქმრის უსულო სხეული, თუმცა ასე იყო კი, მართლაც უსულო იყო ჯუზეპე? ის ხომ ახლა იმაზე უფრო ცოცხალი იყო, ვიდრე ოდესმე, ის ახლა ცამეტი უმშვენიერესი ქალის მოგონებებში ცხოვრობდა, იცინოდა, ცეკვავდა, ხუმრობდა, მღეროდა, წყნარი ოკეანის სანაპიროებს ეფიცხებოდა და მის ტალღებში გრილდებოდა, შამპანურს სვამდა,მოგზაურობდა, მუზეუმებს ათვალიერებდა და თეატრებში წარმოდგენებს ესწრებოდა, ჯუზეპე ახლა ერთდროულად ყველგან იყო ზუსტად ისევე, როგორც ერთდროულად ცოცხლობდა ცამეტი ქალის მოგონებებში. ზოგთან ჯუზეპე ახალგაზრდა იყო,ზოგთან ზრდასრული და დაღვინებული, ზოგთან თმა შეღერებული, მაგრამ ყველა მათგანის გონებაში ჯუზეპე უზომოდ იყო შეყვარებული, უზომოდ, უკიდეგანოდ, შეყვარებული ცხოვრებაზე, სიცოცხლეზე და უპირველესად მათზე, თავისი ცხოვრების ცამეტ უმშვენიერეს ქალზე. შეუძლებელიც კი იყო ახლა ამ ცამეტი ქალისთვის შეგეხედა და გეთქვა, რომ ის, რაც მათ ახსენდებოდათ და ის, რასაც ამ მოგონებებში გრძნობდნენ, სიყვარული არ იყო.
-დამშვიდდი, დანიელა, ყველაფერი კარგადაა, ნუ ტირი, - ცდილობდნენ მისი უკანასკნელი ცოლის დამშვიდებას.
-ყველაფერი კარგადაა? ის აღარ არის, ჩემი ქმარი აღარ არის, - სასოწარკვეთილი თავს აქნევდა, მოეხვივნენ და გულში ჩაიკრეს. ჯუზეპეს წერილს თავიდან ვერ იგდებდა. სამოცდაორი წლის ასაკში ქორწინება, ეს ხომ სრული სიგიჟე იყო, მაგრამ ამ კაცმა, მასზე რამდენიმე წლით უფროსმა, მოახერხა და თავი ისევ პატარა გოგოსავით აგრძნობინა, სიბერე დაავიწყა, არა მხოლოდ დაავიწყა, არამედ გაულამაზა კიდეც ის და დანიელასთვის ეს უკვე სიბერე აღარ იყო, არამედ ეს ყველაფერი ერთი დიდი, გიჟური და ამაღელვებელი სიყვარული გამხდარიყო, დიახ, სიყვარული იყო ის ძვლების ტკივილიც და უეცარი დაღლილობაც, რასაც ხანში შესული ადამიანები განიცდიან, მისთვის ეს ყველაფერი რაღაც სხვა, უფრო ძლიერ და მნიშვნელოვან, უფრო ამაღელვებელ რამეს გადაეფარა და ეს ჯუზეპეს სიყვარული იყო. ამით ის სიბერესაც კი გაექცა, მაგრამ ჯუზეპე აღარ იყო და ეს ყველაფერი ერთიანად მთელი სიმძიმით დაატყდა თავს. უეცარი დაღლილობაც იგრძნო და მუხლებმაც უმტყუნა. ხელი შეაშველეს და სკამზე დასვეს.
-..არ მინდოდა...
-რა არ გინდოდა, დანიელა?
-დაქორწინება, ჯუზეპესთან დაქორწინება არ მინდოდა,-ახსენდებოდა და ყოველი ცხოვრებისეული ეპიზოდის გახსენებისას წარსულის მონატრებისგან გამოწვეული სევდით გაჯერებული კურცხალი ჩამოეღვრებოდა მას ათრთოლებულ ღაწვებზე, - ვიცოდი, ვიცოდი, რომ თორმეტი ცოლი გამოეცვალა, კაცი რომ თორმეტ ცოლს გაუშვებს...
-შენ ერთადერთი ხარ, რომელიც მას არ გაუშვია, დანიელა, - დამშვიდება სცადეს და უთხრეს სევდანარევი ღიმილით.
-ვიცი, - თქვა და გაეცინა, თავი დააქნია, -ვიცი, მითხრა, რომ ყოველი შემთხვევისთვის ინდივიდუალურად უნდა შემეხედა და პრეცედენტებით არ მეცხოვრა, რომ მე სრულიად სხვა და ახალი ადამიანი ვიყავი და ის,რაც წინა თორმეტ შემთხვევაში მოხდა, ახლა არ მოხდებოდა და განშორებებით აღსავსე სცენარი არ გამეორდებოდა. მითხრა, რომ ის არ ცხოვრობდა წარსულით და წარსულით არც მე არ უნდა მეცხოვრა, თორემ ისე ბედნიერებას ვერ მოვიპოვებდი, ნამდვილ სიყვარულს ვერ შევიგრძნობდი და შესაბამისად ვერც საკუთარ თავს ვიპოვიდი. მითხრა,რომ წინა თორმეტ შემთხვევაში არაფერი გამოვიდა, რადგან არც უნდა გამოსულიყო, რადგან მერე... - გაეღიმა, გაეღიმა და თვალწინ თავისი ჯუზეპე წარმოუდგა, ცოცხალი, ჟინითა და სიყვარულით აღსავსე, მოციმციმე და გაბრწყინებული თვალებით, აქ იყო, მის წინ, ცოცხალი და მას ელაპარაკებოდა, უღიმოდა, ეუბნებოდა: - მერე ხომ შენ ვერ გაგიცნობდი, დანი, თანაც, როგორც ამბობენ, ცამეტი თარსი რიცხვიაო, პირიქით, სწორედ ამიტომ გაამართლებს და ჩვენ ეს გამოგვივა, ქორწინება განქორწინების გარეშე.
-მერე ნანობ? - ჰკითხეს და აცრემლებულმა თავი გაიქნია.
-ვნანობ თუ არა იმას, რომ თორმეტჯერ განქორწინებულ კაცს გავყევი ცოლად? არა, არცერთი წამით ამას არ ვნანობ. მან მე ბედნიერება შემაცნო და ბედნიერება განმაცდევინა, მაჩვენა და მაგრძნობინა ის, თუ რას ნიშნავს უყვარდე და სამოცდაორი წლის ასაკში საკუთარი თავი მაპოვნინა, იქამდე კი არც ის ვიცოდი რა მინდოდა, ჯუზეპემ ეს შეძლო, ის დამეხმარა, რომ გამეგო რა მინდოდა ამ ცხოვრებაში და ამან მე ბედნიერება მომიტანა. მიზანი დამისახა, ცხოვრებისა და სიცოცხლის აზრი მაჩვენა და იმედი ჩამისახა. მან პირობა შეასრულა, ყველაფერი გამოვიდა.
-ალბათ, ყველას ამის გამო გვიყვარდა ჯუზეპე, ხშირად ვკამათობდით, ბევრ რამეზე ვერ ვთანხმდებოდით ხოლმე, ალბათ, მე და ის ამიტომაც გავეყარეთ, ორივეს რთული ხასიათი გვქონდა და ხშირად ერთმანეთს ნერვებს ვაწყვეტდით ხოლმე, - გაეცინათ, რადგან ერთხელ მაინც ყოველ მათგანს გამოეცადა ეს ჯუზეპესთან, ასეთი რაღაცები ხომ ბუნებრივიცაა ორი ადამიანის ურთიერთობისას.
-უთანხმოებაც იყო მაგრამ, ამის გარეშე ცოლქმრობა ხომ წარმოუდგენელია... და ეს ცუდი მომენტები გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე კარგი და ეს ცუდი მომენტები ნამდვილად ღირდა კარგის ფასად. ალბათ, იქნებიან ისეთებიც, ვინც ამ ყველაფერს ნანობს, მაგრამ მეც... მეც არ ვნანობ იმას,რომ ჯუზეპე ავირჩიე და მიუხედავად მთელი ამ ქორწინება-განქორწინების პარადოქსისა, მასთან მართლაც დაუვიწყარი წამები განვიცადე, ღირდა მთელი ეს გაუგებრობა ამ ყველაფრის ფასად? მაშინ გეტყოდით,რომ არა და ეს ერთი დიდი სისულელე იყო, მაგრამ ახლა, ახლა გეტყვით, რომ კი, ეს ყველაფერი ამად ღირდა, ჯუზეპე ამად ღირდა, - ჯუზეპეს გახსენებამ ახლა მის მეშვიდე ცოლს აუშალა მოგონებები.
  ისევ ცხოვრებისეული ანგელოზებივით დააცქერდნენ ზემოდან გარდაცვლილ მეუღლეს. მოიგონეს მასთან გატარებული ყოველი ძვირფასი, შეუცვლელი და დაუვიწყარი წამი, მეორე დღეს კი ჯუზეპე მიწას მიაბარეს.იმ დღეს მისი საფლავი და გარდაცვლილის გულმკერდი ცამეტმა ალისფერმა ვარდმა დაამშვენა, თუმცა ჯუზეპე ყოფილი ცოლების მოგონებებსა და გულებში ისევ ძველებურად ცოცხლობდა და მათ ცხოვრებას, თუნდაც გარდასული დროისა და წარსულის მშვენიერების გახსენებით, ულამაზებდა.


გიორგი ჩაჩხიანი