ამასწინათ ყაზბეგს ვსტუმრობდი, კერძოდ კი,
წანარეთის ხევს, თუმცაღა ახლა ამ ადგილს ასე მხოლოდ ადგილობრივები თუ ეძახიან და
მიუხედავად იმისა, რომ მათაც მოხევეებს უწოდებენ, თავს მაინც წანარებად მიიჩნევენ.
ისტორიოგრაფიაში მიჩნეულია, რომ წანარები სვანებთან ახლოს მდგომი ერთობა იყო,
წანარეთი გარკვეულწილად მართლაც ჰგავს სვანეთს, ერთი ეგაა, რომ აქ კოშკებს ვერსად
წააწყდები, სამაგიეროდ ულამაზესი ჭაუხები იპყრობს დამთვალიერებლის ყურადღებას და
ხევში პირველად მყოფიც მაშინვე განცვიფრებული და სუნთქვაშეკრული შესცქერის მართლაც
არნახულ და ენითაუწერელ პეიზაჟს.
ყაზბეგში
დაკრძალვაზე ვიყავი და იქ, მეგობრის ბებიისა და ბაბუის სახლში, ერთი ღამე გავთიე. ახლა
უკვე იმ ფუძეზე მხოლოდ მისი ბებია ცხოვრობს, ბაბუა კარგა ხნის წინ დაეღუპა და
ცოლმაც არაფრის დიდებით არ მიატოვა მშობლიური კუთხე და თანა-მეუღლის საფლავი.
მიუხედავად მისი ხანშიშესულობისა, უკვე თითქმის 93 წელსაც მიუკაკუნა, ხევს არა და
არ ტოვებს და ქალაქის ხსენებას ყურადაც კი არ იღებს. ჩემი მეგობარი, მთელი დღის
ნამგზავრ-დაქანცული, დასაძინებლად მალევე დაწვა, მე კი, თბილისის ქალაქური ქაოსის
შემხედვარე, ყაზბეგის სუფთა ჰაერსა, რომელიც თითქოსდა ჩასუნთქვისთანავე გიყინავს
ფილტვებს, და გარშემო გამეფებულ სიმშვიდეს ვერ შეველიე.
მიუხედავად ჩემი კატეგორიული უარისა, ქალბატონმა სანათამ, ჩემი მეგობრის
ბებიამ, ცხელი ჩაი მომიდუღა და შვილიშვილისთვის საგანგებოდ გამოცხობილ ღვეზელზეც
დამიწვია. მოხევურ დიალექტზე საუბრობდა, თუმცაღა კი სიტყვებს, ჩემდა გასაკვირად,
გამართული ქართულით წარმოთქვამდა. უთუოდ ნაკითხი და განათლებული ქალი იყო, რაც,
სიმართლე რომ ვთქვათ, ხევისთვის ცოტა უცხოა, თუმცაღა კი უნდა ითქვას, რომ პირველი,
რაც ყველაზე მეტად მომხვდა თვალში, სასტუმრო ოთახში წიგნებით სავსე უზარმაზარი
კარადა იყო. აღტაცება ვერც დავმალე, სანათა ბებიამ თავისთვის ჩაიქირქილა და მითხრა
- „აბა, ბებია, აქ თქვენსავით კომპიუტერები და ეს ახლებური ტელეფონები არ გვაქვს
და რამით ხომ უნდა შევიქციო თავი“,-ო. მასთან საუბარი ერთი დიდი სიამოვნება იყო, იმ
დღეს ისედაც საკმაოდ გვიან ვაპირებდი დაწოლას, მაგრამ საუბარში გართულებს,როგორც
ჩანს, სრულიად მარტო მცხოვრებს, კარგი მოსაუბრე თავადაც მონატრებოდა, ისე
ჩამოგვაღამდა და თითქმის დაგვათენდა კიდეც, ვერც გავიგეთ.
-რაო,ბებია, სად ვსწავლობო, რა მითხარი? - მკითხა
სანათამ.
-ჯავახიშვილში, საერთაშორისო სამართალზე.
-ეს ახლა მოიგონეს ათასი უცხოური ტერმინი, სულ
ამერიკიდან შემოიტანეს ყველაფერი, საერთაშორისო და როგორ ამბობენ, პროდასავლური,
არა? - თავი დავუქნიე, - პროდასავლური გახადეს. შენ ის მითხარი, ბებია, ჩვენი რაღა
დარჩა, ჩვენი რაღაა?
-სამშობლო, - უცბად, დაუფიქრებლად მივუგე.
-სამშობლო... სამშობლო იყიდება, ბებია, ნიკო თუ
წაგიკითხავს, ნიკო?
-ლორთქიფანიძე? - ვკითხე მე და სახე გაებადრა,
გაუხარდა, რომ ვიცოდი.
-ახლა აღარავინ კითხულობს, მწერლობაც საერთაშორისო
და პროდასავლური გახდა, არადა ჩვენზე და ჩვენს უდღეურობაზე ხომ მხოლოდ ისევ ჩვენ
ვწერთ, ისიც გეცოდინება, ზუსტი სახელი აღარ მახსოვს, საქართველოს გაყიდვაზე რომ
წერდა.
-დიახ, ვიცი, მინიატურა „იყიდება საქართველო“.
-ჰო, ეგ, აი ახლა უარესი ხდება. ერთი მთაში არ
ამოდიან, შვილო, ეშინიათ, აქაურ მიწასაც არავინ გაატანს და ვერც ბუნებას
შეურიგდებიან.
-დიახ, ძალიან ცივა.
-შენ ზამთარში უნდა ნახო, მიწაც არ გვივარგა,
მაგრამ ჩვენი მიწაა, ეს ისტორიული ხევია, ბებია.
-ზამთარში მაინც რატომ არ მოდიხართ თბილისში, აქ
მარტო ყოფნა არ გიჭირთ?
-შეჩვეული ვარ. აგერ უკვე, თითქმის 93 წელი
გავატარე ხევში. ამდენი ამიტომ ვიცოცხლე, სუფთა ჰაერი და რაცაა, ნატურალური
პროდუქტია. თბილისში ვერ გავძლებ, თუ ასაკი არ მომკლავს, გული მომკლავს, ბებია,
მთელი ქვეყანა წახდა, ტელევიზორს იშვიათად ვუყურებ, სულ ორი არხი აჩვენებს, მაგრამ
რასაც ვხედავ, საშინელებაა. საქართველოს პატრონი აღარ ჰყავს, ერთი თქვენ თუ
უშველით, მე უკვე, ალბათ, აღარ მოვესწრები, მაგრამ კარგიც კია, მანამდე წავიდე,
სანამ ყველაფერი მოისპობა და საბოლოოდ წახდება.
-რას გულისხმობთ? - დაახლოებით ვხვდებოდი ზოგად
ასპექტს, თუმცაღა უფრო კონკრეტული პასუხის მოსმენა მსურდა.
-რას უნდა ვგულისხმობდე,შვილო,კაცი კაცს აღარ ჰგავს
და ქალი - ქალს, გადაგვარდა ქვეყანა. სულ დაკარგეს ნამუსი, აღარც აღარავის რიდი
აქვთ და აღარც შიში, ან რა აცვიათ, ან როგორ გამოიყურებიან, როგორ შეიძლება კაცმა
საყურე გაიკეთოს და თმები ვარდისფრად შეიღებოს. ავადმყოფები არიან და უხარიათ,
პარადებს მართავენ, ეს ჩემი საქართველო და ჩემი სამშობლო არ არის, ბებია. აბა
მთაში ამოვიდნენ და იგივე გაბედონ, ერთადერთხელ... ერთადერთხელ იყო მსგავსი
შემთხვევა, ძალიან დიდი ხნის წინათ, მე არ მოვსწრებივარ, ჩემი დიდი პაპის დროს
იყო, ჯერ კიდევ მეფის დროს,თუმცა ეს ამბავი თაობებმა იცოდნენ. მსგავსი ლაფის დასხმა
და თავის მოჭრა ხევს არ ახსოვს. ბერდია ღუდუშაურის ოჯახს გადახდა. შიოლა
ღუდუშაურის შთამომავალნი იყვნენ.
-შიოლა ღუდუშაურზე მსმენია, თუმცაღა მას მოღალატედ
უფრო იცნობდნენ.
-ასეც იყო, მაგრამ შიოლა ვაჟკაცი კაცი იყო, ამას
ვერ დავუკარგავთ, აზნაურობაც ტყუილად არ მიუღია, რაც არ უნდა ითქვას, ვაჟკაცობა
მის გვარს სისხლში ჰქონდა. ბერდიაც სახელგანთქმული და კარგი კაცი იყო, ხევში
ძალიან უყვარდათ და მისი სიტყვაც ძვირად ფასობდა. როცა რამე მოხდებოდა, საბჭოში
მასაც ეთქმოდა სიტყვა. ხევისბერიც ხშირად ითვალისწინებდა მის რჩევას. ბერდიას ერთი
ვაჟი და ერთი ქალი ჰყავდა. როგორც ვიცი, ანგელოზივით ლამაზი ყოფილა მისი გოგო,
ყველა ითხოვდა მის ხელს და ღირსეულ ოჯახსაც ჩააბარეს. ვაჟი შედარებით უმცროსი იყო.
აქ ადრეულ ასაკში ოჯახდებიან, ის ბიჭიც 17 წლისა დააქორწინეს, მაგრამ შვილი არ
ჰყავდა, ბებია, რატომ? არავინ იცოდა, მთელი ხევი წუხდა, რომ ღუდუშაურთა გვარს
მემკვიდრე არ დარჩებოდა. იმ ბიჭს შარუმა ერქვა, იმის შემდეგ, ვინც კი ეს ამბავი
იცოდა, არცერთი ბავშვისთვის არ დაურქმევიათ ეს სახელი.
-რა მოხდა? - ვკითხე გულწრფელი ინტერესით.
-ზუსტად არ მახსოვს მაშინ რამდენის იყო, ცხრამეტი,
ან ოცი უსრულდებოდა, ღამე იყო. თურმე ყოველ ღამე სახლიდან იპარებოდა და
გამთენიისას ბრუნდებოდა ხოლმე. არავინ იცოდა, ეს როდემდე გრძელდებოდა, იმ
ავადსახსენებელ ღამეს მონადირეებს ტყეში რომ არ დაღამებოდათ, მთელი ხევისთვის
თავზე ლაფის დასხმა ვინ იცის რამდენ ხანს გასტანდა, ეს მთელი თემის სირცხვილი და
თავის მოჭრა იყო, - სანათა გაჩუმდა, ემძიმებოდა იმისი თქმა, რასაც აპირებდა, -
კაცთან შეუსწრეს,ბებია, ტყეში, ღამით. სახლში დაბრუნებისას, მონადირეები დაადგნენ
თავზე. თვალებს არ დაუჯერეს, ერთ-ერთი მაშინ სულ მთლად 9 წლის ბავშვი ყოფილა.
წარმოგიდგენია, ბებია?! საწყალი ბავშვი...
-მერე რა მოხდა?
-ადგილზევე უნდოდათ მათი ჩაკვლა, მაგრამ ხევის
კანონი არაა ასეთი, უნდა გაესამართლებინათ. შეპყრობა განეზრახათ. ის მეორე გაიქცა,
ესროლეს, მაგრამ სიბნელეში ააცილეს, როგორც თქვეს, ჯუოლა ოჩიაური ყოფილა.
დედამისიც უწესო ქალი იყო და ჯუოლაც არავის ეხატებოდა დიდად გულზე, ერთადერთი
შინაბერა კაცი იყო მთელ ხევში, ასაკით ორმოცს მიტანებული. იქაურობა კარგად იცოდა,
ისე მიიმალა, თითქოს მიწამ ჩაყლაპა, მთელი ხევი გადაატრიალეს და მაინც ვერ იპოვეს,
არასდროს გამოჩენილა, იცოდა, თუ დაბრუნდებოდა, რაც ელოდა.
-და შარუმას რა მოუვიდა?
-ხელ-ფეხი შეუკრეს და სოფელში წამოათრიეს. მთელმა
სოფელმა გაიღვიძა, უკუნითი ღამე ჩირაღდნებით გაჩახჩახდა. უხმეს ხევისბერსაც.
რამდენიმემ ღუდუშაურთა სახლ-კარს კვერცხებიც კი დაუშინა, მაგრამ ბერდიასი
შეეშინდათ და მაშინვე მიიმალნენ. მთელი თემი გუგუნებდა, ასეთი გაუგონარი რამ,
მანამდე არც ესმინათ, ასეთი გაუკუღმართებული ქცევა მთელ თემში არ ენახათ. ბღაოდნენ
ქალები, მეზობლები ამ არაკაცის დედისა და ცოლის დამშვიდებასაც ვერ ბედავდნენ. მათ
არავინ ეკარებოდა. ეს მთელი ოჯახის სირცხვილი და ჩამოუშორებელი ლაქა იყო. მან არა
მარტო თავისი თავი, არამედ თავისი ოჯახი, გვარი და მთლიანი თემი წაბილწა. სოფლის
შუაგულში ბეჭებშეკრული დააგდეს, ვაჟკაცურადაც არ შეჰხვედრია განსასჯელს, ქალივით
ბღაოდა, - სანათას სახე დაემანჭა, - მისი ბღავილი ბევრს ახსოვდა, პაპაჩემიც იქ ყოფილა,
მაგრამ თურმე ამაზე არასდროს საუბრობდა, ღუდუშაურთა გვარის ხსენებაზე ზიზღი
ერეოდა. როგორც ვიცი, ბერდიაც იქ იყო, უკან იდგა და მთელი სახე დაღრეჯოდა. სადღაც
ტყეში, მგლები ყურისწამღებად ყმუოდნენ, მაგრამ მათი ყმუილიც არაფერი იყო შარუმას
ბღავილთან შედარებით.
-მაპატიეთ, მაპატიეთ, - გულისწამღებად მოთქვამდა და
აცრემლებული ხან ერთს მიაჩერდებოდა, ხანდა მეორეს, მის შემყურეს ყველას ზიზღი იპყრობდა,
წინა რიგში მდგარმა ბავშვებმა რამდენჯერმეც შეაფურთხეს და კენჭებიც ესროლეს. ის კი
არა და არ ცხრებოდა და მალე გოდება სლუკუნსა და ქვითინში გადაეზარდა. ამასობაში
ხევისბერიც მოვიდა, შეიკრიბნენ უხუცესები, ითათბირეს და ბოლოს კრებაზე ბერდიასაც
უხმეს. მონადირეებმა თავისი თქვეს, რაც ნახეს და რაც გაიგონეს. მთელი სოფელი
განაჩენის მომლოდინე გაირინდა.
-ძალიან ვწუხვარ,ბერდია, შენ ამას ყველაზე ნაკლებად
იმსახურებდი, იცი, როგორ დიდ პატივსაც გცემთ, მაგრამ ის, რაც შენმა ვაჟმა ჩაიდინა,
უპატიებელია, მან მთელ თემს გაუტეხა სახელი, შეგვარცხვინა, უპირველესად კი შენ,
ღირსეული და პატივსაცემი ბერდია ღუდუშაური, მთელ გვარს მოსცხო ჩირქი და ამის გამო
სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს! - თქვა ხევისბერმა, მთელმა საბჭომ და, მათ შორის,
ბერდიამაც თავი დაუქნია.
-ჩაქოლეთ, ჩაქოლეთ! - დაიგრიალა ხევმა და
ხევისბერმაც მაშინვე ხელი აღმართა.
-სუ! - დაიგუგუნა მან და ყველა გააჩუმა.
-საბედნიეროდ, ასეთი შემთხვევა მანამდე არ გვქონია.
საერო და სჯულის განჩინება მამათმავლობისთვის ტანჯვით წამებით მოკვდინებას
ითვალისწინებს, მაგრამ... რადგანაც ძალის გამოყენებას ადგილი არ ჰქონია და
დაზარალებულიც არავინაა, სამართალი რომ აღასრულოს, თუკი დამეთანხმებით, მზად ვარ,
უფრო ჰუმანური სასჯელი გამოვუტანო, - უხუცესები ხევისბერის მოლოდინში გაირინდნენ
და მანაც, იმით კმაყოფილმა, რომ მის ამ სიტყვებს ჯერჯერობით მოწინააღმდეგე არ
ჰყოლია, მშვიდად განაგრძო: - ეს მამათმავლობა „სუბუქ“ მამათმავლობას მიეკუთვნება,
მაგრამ სახეზე გვაქვს ცოლის ღალატი და გვარის შერცხვენა. შარუმა ღუდუშაური თემიდან
უეჭველად უნდა განიკვეთოს და თუკი აქ ოდესმე დაბრუნდება, მომაკვდინებელი განაჩენიც
მერე დადგება, მაგრამ განკვეთა არ არის საკმარისი სასჯელი იმ დანაშაულისთვის, რაც მან ჩაიდინა, - სოფელმა ხევისბერს თავი
დაუქნია, - ეს სირცხვილი სისხლით უნდა ჩამოირეცხოს, - ხევისბერმა ბერდიას შეხედა
და საქამრედან პატარა, დანისებრი ხანჯალი ამოიღო, ღუდუშაურს გაუწოდა და მანაც,
ხანმოკლე ყოყმანის შემდეგ, გამოართვა. ხელი უკანკალებდა, რის გამოც ხევისბერმა
მკაცრად ჩახედა თვალებში, ნაბიჯი მისკენ გადადგა და პირსახე გაუსწორა, - მან შენს
გვარსა და შენს ოჯახს მოსცხო ჩირქი, შენ შეგარცხვინა, ოჯახმა ეს სირცხვილი უნდა
გამოისყიდოს, ერთადერთი მამაკაცი შენღა დარჩი და თურმე, მთელი ამ დროის
განმავლობაშიც, მხოლოდ შენ ყოფილხარ, ჩემო ბერდია.
-რ..რა
გგ..ავაკეთო? - ამოილუღლუღა ბერდიამ. ხევისბერი გამომცდელად შეაცქერდა, თვალი
თვალში გაუყარა. ბერდიას მუხლებიც აუკანკალდა, თითქოს ის-ის იყო მიწა უნდა
გამოსცლოდა და ადგილზევე ჩაკეცილიყო
-თავადაც კარგად
იცი, - უთხრა ხევისბერმა.
-ღუდუშაურთა
გვარს შელახული ღირსება უნდა აღუდგინო! - ბერდიას მიმართა ერთ-ერთმა უხუცესმა.
-ხევის
შერცხვენისთვის პასუხი უნდა აგოს! - შენიშნა ვიღაცამ.
ხევისბერი ბერდიას კიდეც უფრო მიუახლოვდა,
თითქმის მკერდზე აეკრა. მარჯვენა კისერში ჩასჭიდა და თავისკენ მოიზიდა, შუბლებით
ერთმანეთს მიებჯინენ. ბერდიას კანკალმა გაუარა, გარეგანად მაინც. ხევისბერმა
ახალგაზრდა წანარებს ანიშნა და ისინიც მაშინვე მივარდნენ მიწაზე გათხლაშულ
შარუმას, წამოაგდეს და მხრებით დაიჭირეს. ძალიან კი გაუძალიანდა, ფართხალებდა და
გულისწამყებად მოთქვამდა. ბერდია ვაჟს მიუახლოვდა. აცრემლებული თვალებისა და
დაბინდული მზერის მიუხედავად, ახალგაზრდა ღუდუშაურმა მაინც გაარჩია მამამისი და
მისკენ გაიწია, მაგრამ მხარბეჭიან, დაკუნთულ მოხევეებს ვერ დაუძვრა.
-მამა, მამა, არ
ქნა, არ მომკლა, შენი შვილი ვარ, მეც ღუდუშაური ვარ, გთხოვ, აგიხსნი, ყველაფერს
აგიხსნი...
-რას ამიხსნი?! -
იღრიალა ბერდიამ, - ოჯახი შეარცხვინე, მე შემარცხვინე, როგორ ბედავ და ჩემს გვარს
როგორ ახსენებ, ნამუსი სულ დაკარგე... - მის ამ სიტყვებსა და ინტონაციაში უდიდესი
იმედგაცრუება გამოსჭვიოდა, - კაცი მეგონე, კაცად გზრდიდი და... შენ კი... -
სიბრაზით ნესტოები დაებერა.
-მამ...-წარმოთქვა
და სიტყვის დამთავრება აღარ აცადა, ბერდიამ გაშმაგებით სილა გააწნა.
-არ გაბედო ამ
სიტყვის ხსენება!.. მამას ნუ მეძახი! შენ...შენ... - მთელი სოფელი გარინდულიყო,
უეცრად ჰაერი ახალგაზრდა ქალის სასოწარკვეთილმა ხმამ გაჰკვეთა,
-საკმარისია,
ბოლო მოუღე! - ხმაში აშკარა ზიზღი გამოსჭვიოდა, ყველამ იქით მიიხედა, შარუმას ცოლი
ბრაზისგან ცახცახებდა, მთელი სახე დასჭიმოდა და
მის მზერაშიც ზიზღი და მრისხანება იკვეთებოდა.
-ქალი მართალია!
- თქვა ხევისბერმა. შეკრებილთა რიგებს ქერა, მხარბეჭიანი წანარი გამოეყო, ერთ-ერთი
იყო იმ მონადირეთაგანი. შარუმასთან მივიდა და საზარდულის ადგილზე შარვალი
შემოახია, მერე კი თავის ადგილს დაუბრუნდა. ბერდიამ თვალები დახუჭა, სამარისებურ
სიჩუმეს სადღაც შორს მგლების ყმუილი და შარუმას ხმადაბალი, აწ უკვე მინავლებული
სლუკუნი არღვევდა. ღუდუშაურმა ღრმად ჩაისუნთქა და
ხანჯალმომარჯვებული ვაჟისკენ დაიძრა. შარუმას გულმა ბაგაბუგი დაუწყო,
ყურებში საშინელი წუილი ჩაუდგა, მზერა დაებინდა, მაგრამ ჯერ ისევ ფხიზლად იყო,
უნდოდა გონება მანამ დაეკარგა, სანამ რაიმე მოხდებოდა, რამეს იგრძნობდა, მაგრამ
ასე არ მოხდა... ცივი მეტალის შეხება საზარდულზე მაინც იგრძნო, ჰაერი მისმა
ყურისწამღებმა ყვირილმა გაჰკვეთა, მერე კი სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა. წანარებმა
როგორც კი იგრძნეს, რომ ახალგაზრდა ღუდუშაურის სხეული მოეშვა, ხელი მაშინვე გაუშვეს
და ისიც მოწყვეტით დავარდა მიწაზე. შარუმას დედას ტირილი წასკდა, თავი ვეღარ
შეიკავა და გონდაკარგულ ვაჟს მივარდა. მის მეუღლეს კი თვალი არ ახამხამებია,
გაბრუნდა და ნაჩქარევად სახლისკენ გასწია.
-წყალი, - ითხოვა
შარუმაზე დამხობილმა დედამ, მაგრამ არავინ განძრეულა, ზოგის მზერაში შეცოდება
იკითხებოდა, ზოგისაში სიბრალული, ზოგისაშიც კი დაუფარავი ზიზღი.მალე ყველა
შებრუნდა და თავიანთი სახლებისკენ გასწიეს. რამდენიმე საათში გათენდებოდა. ბერდია
მოშორებით მდგარი მამაკაცებისკენ დაიძრა. სისხლიანი ხანჯალი ხევისბერს ფეხებთან
დაუგდო. რამდენიმე მოხევემ ვადანზე იტაცა ხელი, თუმცა ხევისბერმა შეჩერების ნიშნად
ხელი ასწია.
-ხვალ დილით
ხევიდან წავალ, - უთხრა ბერდიამ.
-ამას არავინ
გთხოვს, ბერდია, სირცხვილი უკვე ჩამორეცხილია, ღირსებაც აღდგენილია.
-გატეხილ სახელს
ვეღარაფერი გაამთელებს, გვარის ღირსებასა და ჩამოქცეულ რეპუტაციას ვეღარაფერი
უშველის, ვერ ვიცხოვრებ ისე, რომ მთელი ცხოვრება ჩემსკენ თითი გამოიშვირონ, აქ
ჩემი ადგილი აღარ არის, ხვალ დილით ხევიდან წავალ, - თქვა და პასუხს აღარ დაელოდა,
გვერდი აუქცია და სახლისკენ გასწია.
-მასთან ერთად
მიდიხარ?! - სიტყვა დაადევნა ხევისბერმა.
-ის ჩემი შვილი
აღარ არის, - შემოუბრუნებლად უთხრა ღუდუშაურმა და გზა გააგრძელა.
ქალი ჭიდან საჩქაროდ ეზიდებოდა წყალს, ხელში
დასველებული ნაჭერიც ჩაებღუჯა. სოფლის ცენტრი დაცარიელებულიყო, სიბნელეში ჩანდა
ხევისბერი და სხვა უხუცესები როგორ ასხდებოდნენ თავიანთ ცხენებს სახლებში
დასაბრუნებლად. დედამ ვაჟს საფენები დაადო, სისხლის შეჩერება სცადა.
-ხვალ აქ აღარ
იყოს, თორემ მოკლავენ, - მოესმა გვერდით ჩამვლელის ხმა. ქალმა თავი ვეღარ შეიკავა
და მწარედ აქვითინდა.
გაზაფხული იწურებოდა, ქართლში, ძამის
ხეობაში, ქოზიფას მამათა მონასტერში მოსალოცად ორი მამაკაცი რომ მივიდა.
ჩაცმულობაზე ეტყობოდათ, რომ მთიდან მოდიოდნენ, დიალექტიც მოხევური ჰქონდათ.
მოილოცეს და შესაწირიც გვარიანად შესწირეს. მონასტერში ერთი ნაადრევად
გაჭაღარავებული ბერი დახვდათ, ამ ბერს უკითხავს: „საიდან მოდიხართ“,-ო.
-ხევიდან, -
უპასუხეს მომლოცელებმა.
-რა ამბებია
ხევში? - ჰკითხა ბერმა.
-უფლის წყალობით
მშვიდობაა, მაგრამ სატანამ ჩვენამდეც კი ამოაღწია...
-რას გულისხმობთ?
-ხევში საშინელი
რამ მომხდარა, საბედნიეროდ ჩვენს სოფელში არა, მაგრამ რამ გაყო, მამათმავლობას
გაუდგამს ფესვები. ღუდუშაურთა დიდებული გვარი წაბილწულა.
-მერე რა მოხდა?
- ჰკითხა ბერმა.
-ასო მოჰკვეთეს
და ხევიდან განდევნეს. დედა გაჰყოლია იმ არაკაცს, ქალის ბუნება სუსტია, დედაკაცი
გულჩვილი არსებაა. ცოლი ჰყოლია, ულამაზესი, მალევე გათხოვილა თურმე. როგორც
ამბობენ, მამამისი დიდებული კაცი იყო, მაგრამ იმ ღამის მერე აღარავის უნახავს,
წარმოგიდგენიათ?.. ასე რატომ გვსჯის ღმერთი,მამაო, ასეთი რა დავუშავეთ?
-არ ვიცი, -
დამწუხრებით გააქნია თავი ბერმა, - ნეტავ ვიცოდე, მაგრამ არ ვიცი...
მოხევეები დაემშვიდობნენ და ქოზიფას მონასტერი
დატოვეს. ბინდდებოდა. ბერი თავის კელიაში დაბრუნდა. მუხლებზე დაემხო, ხელში
კრიალოსანი აიღო და ლოცვა დაიწყო, მწუხრი წარმოსთქვა და კედელზე გაკრულ ჯვარცმას
შეევედრა:
-გთხოვ, უფალო
ჩემო, მაპატიო, რამეთუ შემიცოდავს და მამად ვერ მივარგნია, რამეთუ მოგიცია ვაჟი და
მე კაცად ვერ გამიზრდია...
-ბერდია იყო? -
პასუხი თავადაც ვიცოდი, მაგრამ სანათას მაინც ვკითხე. თავი დამიქნია. მძიმედ
ამოვისუნთქე, - მძიმე ისტორიაა.
-და ეს ახლა
ჩვეულებრივი ამბავია, ქალაქში ასეთების მეტი რა ხდება, - თავი გააქნია,- ეს
არასწორია.
საათს გავხედე. დილის ოთხი ხდებოდა. ჩემი
მზერა დაიჭირა და მითხრა:
-დაწექი, ბებია,
ხვალ მთელი დღე უნდა იმგზავროთ, ცოტა გამოიძინე, - მადლობა გადავუხადე და
დასაძინებლად წავედი, თუმცა თვალი ვეღარ მოვხუჭე. დილის 8 სთ-ზე მანქანაში
ჩავსხედით და ხევი დავტოვეთ.
გიორგი ჩაჩხიანი
No comments:
Post a Comment