ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე
ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

Wednesday, August 1, 2018

პუტინგრადი



   რუსეთში პირველად ჩასულს, სად უნდა დამედგა ფეხი, თუ არა პუტინგრადში. ეჰ, არადა რამდენი უღირსი სახელი ერქვა ამ დიდებულ ქალაქს, სანამ ახლანდელ წოდებას არ მიიღებდა. ჯერ იყო და იმ დასაწვავმა პიოტრმა სანქტ-პეტერბურგი დაარქვა. გერმანულად იშიფრება, როგორც წმინდა პეტრეს ქალაქი. მე თუ მკითხავთ, ეს ძალიან უაზრო სახელია, გაიგე ახლა თავად ჩვენს „ფანჯრის გამჭრელზეა“ საუბარი თუ პეტრე დიდის ზეციურ მფარველ წმინდა პეტრეზე. სასაუბრო მეტყველებაში ქალაქს პიტერსაც ხომ უწოდებდნენ, ესეც მეტისმეტად დამამცირებელია ამხელა ქალაქისათვის. დალოცვილი თანამედროვენი, ახლა პუტინგრადს პუტერი რომ დაუძახო რუსეთის ციხეების ხეხვა არ აგცდება. მერე იყო და 1914 წლის 18 აგვისტოს ისევ შეუცვალეს სახელი და პეტროგრადი დაარქვეს, აქაოდა, გერმანია ჩვენი მტერია და გერმანული სახელწოდება ჩვენს წმინდა ქალაქთან რა მოსატანიაო, თუმცა პიოტრ-პიტერი ახლებურ ბრუნვაში მაინც დატოვეს.
   შემდეგ რევოლუცია, სახელმწიფო გადატრიალება, პეტროგრადის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭო და ბოლოს აი ნანატრი 1924 წლის 26 იანვარი, როცა, როგორც იქნა, დაუფასეს ერის მამას თავისი ღვაწლი და ქალაქს ჩემი და თქვენი წინაპრების მამა-მარჩენლის საპატივცემულოდ ლენინგრადი დაარქვეს. რაღა დროს მეფეებისა და იმპერატორების ხანაა, ბინძური წარსულის დარჩენილი ნაშთიც უნდა მოვშთოთ და ამ წმინდა ქალაქს ჩვენი მამის - პროლეტარი ლენინის - სახელი ვუწოდოთო. ასეც ერქვა 1991 წლის 6 სექტემბრამდე. პუტინგრადს არაოფიციალურად თეთრი ღამეების ქალაქსაც უწოდებენ, მართლაც, რა დააძინებს უბედურს, ვინც კი ხელისუფლებაში მოდის, ყველა თავის სახელს არქმევს(კიდევ კარგი, იოსებმა მაინც დაინდო ეს სვებნელი და თავისი სახელი, სანქტ-პეტერბურგის ნაცვლად, მაშინდელ ცარიცინს(თანამედროვე ვოლგოგრადს) დაარქვა) და მოსვენებაც როდისღა უნდა ეღირსოს?!
  პუტინგრადის იდეა ჯერ კიდევ მანამ ჩაისახა, როცა ამ ქალაქის მკვიდრნი თავს სანქტ-პეტერბურგელებს უწოდებდნენ(მეორე,ლენინის შემდგომ, სანქტ-პეტერბურგზე მაქვს საუბარი), შეიძლება ეს ბრწყინვალე აზრი, სავსებით დამსახურებულად, ბარნაულის დეპუტატ- მარინა ჩაუზოვას - მივაწეროთ.როგორც რადიოსადგურ „Говорит Москва-ში“ გამოაცხადა, კარგი იქნებოდა თუ ბარნაულს სახელი გადაერქმეოდა და მას „პუტინგრადი“ ეწოდებოდა. დეპუტატი ამას ქალაქის შემდგომი განვითარების პერსპექტივით ხსნიდა და ამბობდა, რომ მაგალითებად სანქტ-პეტერბურგი და ეკატერინებურგი გამოდგებოდა. მაშასადამე, თავიდან სწორედ ბარნაულს უნდა დარქმეოდა პუტინგრადი, თუმცა ეს იდეა იმთავითვე განწირული იყო, რატომ? თუნდაც იმიტომ,რომ ციმბირის ფედერალური ოკრუგის შემადგენელ ალთაის მხარეს, რომლის დედაქალაქიცაა ბარნაული, ამ უაღრესად მნიშვნელოვან და საკვანძო ქალაქს ვერ დაერქმეოდა ისეთი უბრალო კაცის სახელი,როგორიც პუტინია. მეორე მიზეზი კი ის იყო, რომ ოდითგანვე ერთ სახელს ჩვეულ მოსახლეობას ახალი ცვლილების მიღება და მასთან შეგუება გაუჭირდებოდა, ამიტომაც, მართალია, თავიდან პუტინმა ამ შემოთავაზებაზე გაიცინა, რას ბრძანებთ, როგორ გეკადრებათ ამისთანა რამ გავაკეთოო, მაგრამ შემდეგ ბევრი იფიქრა და, როგორც იტყვიან, ეს იდეა ჭკუაში დაუჯდა. მალე შესაფერისი ქალაქიც იპოვეს და ეს ერთი უბრალო, მიყრუებული, უმნიშვნელო დასახლება - სანქტ-პეტერბურგი - აღმოჩნდა. ქალაქის უმნიშვნელობასა და მოკრძალებულობასთან ერთად კიდევ იყო სხვა ფაქტორებიც, რომლებმაც აწ უკვე ექს-პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა. კერძოდ, პეტროგრადი-პუტინგრადი ერთმანეთთან საკმაოდ ახლოა და ვინ იცის, არყით გალოშილი რუსი შეიძლება ვერც მიმხვდარიყო მათ შორის განსხვავებას; და მეორე, ქალაქს მანამდეც იმდენჯერ ჰქონდა სახელი შეცვლილი, პაპა რომ პეტროგრადში იბადებოდა, მამა - ლენინგრადში და შვილი ისევ - სანქტ-პეტერბურგში, მაცხოვრებლებს სულაც არ გაუკვირდებოდათ ეს ცვლილება. ასევე ვლადიმერი ხომ თავის დროზე სწორედ ლენინგრადში მოევლინა სამყაროს, შესაბამისად, სრულიად ლოგიკური იყო სწორედ ამ ქალაქს დარქმოდა მისი სახელიც.
   თუმცა სანქტ-პეტერბურგისთვის პუტინგრადის დარქმევა ცოტათი გაიწელა.
მიუხედავად იმისა, რომ ეს იდეა 21-ე საუკუნის პირველ ორ დეკადაში (წელიწადობით რომ ვიანგარიშოთ) მომწიფებულიყო, ის მხოლოდ 2020 წლის შემდეგ განხორციელდა. რაც არ უნდა იყოს, ჩვენი ვლადიმერი მართლაც რომ თავმდაბალი და მოკრძალებული კაცი იყო, თავადვე ხომ არ დაარქმევდა საკუთარ სახელს ამხელა ქალაქს?! ეს გამორიცხულია, ასეთ რამეს ის გონებაშიც კი არ გაივლებდა. რაც არ უნდა საკვირველი იყოს, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის მე-3 პრეზიდენტმა - დიმიტრი მედვედევმა - ამჯერად ხელმეორედ გაიმარჯვა. სწორედ მან ჩააბარა მორიდებულად, თავდახრით მდგარ პუტინს ქალაქის უზარმაზარი გასაღები, რომლის მოსარგები კლიტეც, ალბათ, ამ პლანეტაზე არც მოიძენება და მანვე უწოდა სანქტ-პეტერბურგს პუტინგრადი. მოკლედ რომ ვთქვათ, საბრალო ვლადიმერს მდ. ნევას ნაპირებზე გაშენებული ეს უზარმაზარი ქალაქი უბრალოდ „ჩაუდეს“, ან „შეტენეს“.
    თანამედროვე პუტინგრადი ძველი სანქტ-პეტერბურგისგან თითქმის არაფრით არ განსხვავდება. ერთადერთი, რაც თვალშისაცემია, ეს აეროპორტში მდგარი უზარმაზარი ჰოლოგრამაა. კბილებდაკრეჭილი, გაბადრული მასპინძელი, თანამედროვე რუსეთის მამა-მარჩენალი,ზემოდან დაჰყურებს თითოეულ მგზარს და წინასწარ ჩაწერილი ხმით ეუბნება: - Добро пожаловать в мой город.




No comments:

Post a Comment