ამას მე საზოგადოდ ვწერ და
არა ერთი ერის გადმოსახედიდან, რადგან როგორც ერია მრავალი, ისე სამშობლოც
მრავალია. შესაძლოა, ჩემი და თქვენი სამშობლო, ძვირფასო მკითხველო, იდენტური იყოს,
მაგრამ მსოფლიოს დანარჩენი მილიარდობით მოსახლეობისათვის ეს სამშობლო
განსხვავებულია და თუ ქართველი მას მთა-გორებსა და მათ შორის მორაკრაკე
ნაკადულებში აღიქვამს, ვიღაცისთვის სამშობლო უკიდეგანო სტეპეპი და ქვიშიანი
უდაბნოებია. სამშობლო მხოლოდ მიწა არ არის, თუმცაღა პირდაპირი გაგებით ის სწორედ
ამას ნიშნავს და საერთაშორისო ენაზეც ითარგმნება, როგორც:homeland, birthplace,
motherland, native land. ამავე გაგებით, სამშობლო ის ადგილია, სადაც ადამიანი
დაიბადება, ამიტომაა ჩვენი სამშობლო საქართველო, ხოლო სხვისი კი კოლუმბია, ნეპალი,
ერიტრია თუ სხვ. თუ ამ ხაზს გავყვებით, სრულიად ლოგიკურადაც, სამშობლო შეიძლება
ვუწოდოთ ქვეყანასაც. საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, ქვეყანაა და ამავედროს ის
ჩვენი სამშობლოცაა. ტერმინი-ქვეყანა-ხომ ასევე ერის (ერთგვაროვანი კულტურული
გაერთიანების) მნიშვნელობითაც გამოიყენება. თუ სამშობლოს უფრო სიღრმისეულად
გავიაზრებთ, ეს არის ერთგვარი კვანძი ყველაფერი იმისა, რაც მშობლიურია: ქვეყანა,
მიწა, ერი, ხალხი, კულტურა, ტრადიციები, ადათები, კერძები, ენა, დამწერლობა,
ისტორია, რელიგიაც კი. ეს ყველაფერი კი განსხვავებულია; გაერთიანებული ერების
ორგანიზაციაში 193 სახელმწიფო შედის, რაც გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ სულ
მცირე 193 ერი არსებობს თავიანთი ადათებით, წესებით, ჩვეულებებით, კულტურით,
მუსიკით, კერძებითა და თავიანთივე სამშობლოთი. საქართველო კი ერთ-ერთი მათგანია,
რომელიც თავისი უნიკალური კულტურითა და ისტორიით მათ შორის ადგილს საკმაოდ ღირსეულად იკავებს. ჩვენი სამშობლო,
საზოგადო გაგებით, არის არა ერთადერთი, არამედ ერთ-ერთი ღირსეული და პატივსაცემი.
ინდივიდისათვის კი ის შესაძლებელია გახდეს ერთადერთიც, თუმცა ადამიანი მოქმედი
პირია, სუბიექტი; სუბიექტი კი როდი შეიძლება იყოს ობიექტური?! „ყმაწვილი იმ თავიდანვე მჭიდრო კავშირს იმათთან
ჰგრძნობდა, ვინც იმას ესაუბრება, ვინც გარშემო ახვევია, - ვისგანაც პირველ
შთაბეჭდილებას ღებულობს. ამიტომ უყვარს ის ენა, რომელიც იმას სიყრმის დროს ესმოდა,
და ის ადამიანები მიაჩნია თავისიანებად, რომელნიც ამ ენაზე ლაპარაკობენ თუ მღერიან“,-
ამბობს ვაჟა-ფშაველა. შესაბამისად, სამშობლო ის ადგილია, სადაც ამქვეყანას
მოევლინე, სამშობლო ის ხალხია, რომელთა შორისაც აღიზარდე. ასეთი ადგილები და ასეთი
ხალხები ბევრია, დედამიწა საკმაოდ ვრცელია და მას უამრავი სამშობლოს დატევა
შეუძლია. თუმცა ინდივიდისათვის სამშობლო მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთადერთ და
შეუცვლელ ცნებად რჩება და აღიქმება. ყველა თავის სამშობლოს მიიჩნევს ჭეშმარიტად და
კურთხეულად, რა გასაკვირია, ყველა ჩიტს ხომ
თავისი ბუდე ჰგონია მშვენიერი. სწორედ
ეს „ჰგონია“ იწვევს ადამიანში პატრიოტიზმის ჩასახვას. პატრიოტიზმი ხომ, თუ
ირლანდიელ დრამატურგსა და ნობელის პრემიის ლაურეატს - ჯორჯ ბერნანრდ შოუს -
დავუჯერებთ, „იმის რწმენაა, რომ შენი ქვეყანა ყველა სხვას სჯობია, რადგანაც შენ
დაიბადე აქ“. საქმე ისევ სუბიექტთან გვაქვს.
სამშობლოს ერთადერთობისა და შეუცვლელობის განცდა კარგად ჩანს რაფიელ
ერისთავის პოეზიაში:
„სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ და
მისროლია ისარი,
სად მამა-პაპა მეგულვის, იმათი კუბოს
ფიცარი,
სადაც სიყრმითვე ვჩვეულვარ, - ჩემი
სამშობლო ის არი“,- აშკარაა, რომ პოეტისთვისაც სამშობლო იმავე გაგებით აღიქმება, რაზეც ზემოთ ვისაუბრე, ადგილი, სადაც ის დაიბადა და გაიზარდა. მისთვის
მიუღებელია ამ ადგილს მოსწყდეს, რადგან სამშობლო ერთია და თითქოს ადამიანმა
ბოლომდე იქ უნდა იღვაწოს, სადაც დაბადება „მიესაჯა“. ყველას ასე რომ ეფიქრა, განა
მსოფლიო კულტურა იქნებოდა ისეთი, როგორიც დღესაა?! საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ უდიდესმა შემოქმედმა
ლეონარდო და ვინჩიმ სიცოცხლის
უკანაკნელი წლები უცხო მიწაზე, საფრანგეთში, გაატარა, სადაც კვლავაც განაგრძობდა
მოღვაწეობას და იქვე, კლო-ლიუსიის ციხესიმაგრეში, გარდაიცვალა კიდეც. ასეთი
მაგალითები უამრავია, რაფიელ ერისთავის ეს სიტყვები მართლაც სამშობლოს სიყვარულით
გულანთებული კაცის სიტყვებია, თუმცა,რაციონალური თვალსაზრისით, ასეა კი?!
„როგორც უფალი, სამშობლოც ერთია
ქვეყანაზედა...
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა
ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა
ქვეყნის სამოთხეზედა!..“
აღმოსავლური კულტურისა და ლირიკის მოტრფიალე ნიზამი განჯევის მაგალითს
მომიყვანდა, რომლისთვისაც სამშობლო შეუფასებელი რამ იყო. ის ამბობდა: „უმჯობესია საცოდავ გლახაკად იცხოვრო შენს
სამშობლოში, ვიდრე იმეფო სხვის ქვეყანაში“. არ ვიცი მსაჯული გონისათვის რამდენად
მართებულად შეიძლება ჟღერდეს ეს სიტყვები. ალბერტ აინშტაინმა უამრავი ქვეყანა
გამოიცვალა, სანამ იპოვიდა ადგლის, სადაც ცვლილებების მოხდენასა და სამყაროს
შეცვლას შეძლებდა. შეეძლო, დარჩენილიყო მშობლიურ გერმანიაში, დასახმარებლად გამოეწოდა
ხელი და ქცეულიყო უბრალო გლახაკად, ან წასულიყო იქ, სადაც შესაბამის ცოდნას
მიიღებდა, შესაძლებლობები გაუჩნდებოდა და თავის საქმეში, თავის სფეროში ნამდვილი „მეფე“
გახდებოდა. საინტერესოა, აინშტაინსაც სამშობლოს ასეთი აღქმა რომ ჰქონოდა, როგორი იქნებოდა ჩვენი დღევანდელი რეალობა? ან კი, ქუჩაში ხელგამოწვდილს ვინმე დაეხმარებოდა?!
ეს საეჭვოა. ამბობ, გიყვარს სამშობლო და სამშობლო ამავედროს არის შენი ერი, შენი
ხალხი, შენი საზოგადოება და არ ეხმარები ქუჩაში ობლად დარჩენილ, ხელგამოწვდილ
მათხოვარს, განა ისიც შენი სამშობლოს ნაწილი არ არის? თუ სამშობლოს ყოვლისმომცველ
სიყვარულს გავყვებით, ეს სიყვარული მოიცავს მოყვასის, მოძმის, შენი თანამემამულის
ურთიერთსიყვარულსაც. გიყვარდეს სამშობლო ეს არის გიყვარდეს შენი ერი და მისი
შემადგენელი ინდივიდები, ადამიანები და ადამიანი, რომელსაც ჰქვია ქართველი.
უამრავი ადამიანისთვის და მათ შორის ჩემთვისაც, სამშობლოს აღქმა დაბადების
ადგილსა და გარშემო მცხოვრებ ადამიანებთან არ წყდება. სამშობლო არის სახლი, სახლი
კი მხოლოდ როდია ის ფუძე, რომელზედაც ცხოვრობ. სახლის განსაზღვრება უფრო
აბსტრაქტულია. ადამიანმა შეიძლება ის სულაც ქუჩაში, ბაღში სკამზე მჯდომმა
იპოვოს, სხვა ადამიანთან ჩაუტებისა თუ კოცნის დროს იგრძნოს ის სითბო, რომელსაც
მხოლოდ სახლში, ბუხრის წინ მჯდომი შეიგრძნობს ხოლმე. შესაძლოა, ზოგ შემთხვევაში,
ერთი კონკრეტული ადამიანი გახდეს შენი სახლი. იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე რომ ძალზედ
მგრძნობიარე შემოქმედი იყო, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, „ახალგაზრდა ვერტერის
ვნებანი“ ერთ-ერთი ყველაზე სულისშემძვრელი და რწფელი გრძნობებით გაჯერებული ნაწარმოებია,
რომელიც ოდესმე დაწერილა. არსებობს ეჭვი
იმაზე, რომ რომანის გარკვეული ნაწილები მწერლის ავტობიოგრაფიაცაა. გოეთეს
სამშობლოს უფრო სიღრმისეული აღქმა ჰქონდა. მისთვის ეს ცნება იმაზე მეტი იყო, ვიდრე მიწა, რომელზეც დაიბადა და
გარემო, რომელშიც აღიზარდა. გოეთე ამბობდა: „ადამიანები, რომლებთანაც ჩვენ ურთიერთსასიამოვნო
ურთიერთობაში შევდივართ, არის ის, რასაც მე სამშობლოს ვუწოდებ“,-ო. შესაძლოა,
დაიბადო სხვაგან, სხვა გარემოში, მაგრამ სახლი, სადაც თავს იგრძნობ კომფორტულად
იპოვო სრულიად სხვაგან, სხვა ადამიანებთან სხვა კონტინენტზე. ამერიკის შეერთებული
შტატების ერთ-ერთი დამფუძნებელი მამა და დამოუკიდებლობის დეკლარაციის ავტორი,
ტომას ჯეფერსონი, წერდა: „ჩემი სამშობლო იქ არის, სადაც თავისუფლებაა“.
ვიღაცისთვის სამშობლო მართლაც ერთი და შეუცვლელია, ვიღაცისთვის კი ის გაცილებით
მეტია, ვიდრე ქვეყანა, სადაც დაიბადე და მიწა, რომელზედაც ფეხი აიდგი. გიყვარს
სამშობლო? გააჩნია რას მოიაზრებ სამშობლოში, მაგრამ, ალბათ, სამშობლო, ნებისმიერი
გაგებით, არის იმ ძირითადი ღირებულებების მატარებელი რამ, რაც ადამიანისთვის,
ინდივიდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარია.
გიორგი ჩაჩხიანი